გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.07.2019
საქმის ნომერი
330210019002930545
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
18.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/7429-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე

მოსარჩელე - სს,,ლ-------------ი“

წარმომადგენელი - თ--------------–---–-

მოპასუხე - ი----- ყ-----–---–ი

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი----- ყ-----–---–ს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 12 348.92 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 8890 ლარი, პროცენტი 2471.22 ლარი, პირგასამტეხლო 987.7 ლარი.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

სს "ლ-------------სა" და ლ--–- კ----–--–---–ს 2013 წლის 29 ნოემბერს, გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად განისაზღვრა მსესხებელზე გასაცემი კრედიტი 9250 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებელი 20 %.

ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ლ-------------ს“ და ი----- ყ-----–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებმა პირმა იკისრა სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 31905 ლარის ოდენობით.

ბანკმა შეასრულა გენერალური და მისი შემადგენელი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოიხატა იმაში, რომ გასცა კრედიტი 9250 ლარის ოდენობით, მაგრამ მსესხებელმა 30/12/2013 წლიდან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის საფუძველზეც მსესხებლის დავალიანება ბანკის წინაშე 2015 წლის 08 მაისის მდგომარეობით შეადგენს 12 348.92 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 8890 ლარი, დარიცხული პროცენტი 2471.22 ლარი, პირგასამტეხლო 987.7 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ი----- ყ-----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას ბანკისგან არ აუღია სესხი, შესაბამისად, ის არ არის პასუხისმგებელი სს ,,ლ-------------ის“ მიმართ და მას არ უნდა დაეკისროს ვალდებულების შესრულება. მხარისათვის მითითებით მისთვის უცნობი იყო ახდენდა თუ არა მსესხებელი გადახდა და თავად, როგორც თავდეს აღნიშნული ხელშეკრულებით მიღებული თანხით არ უსარგებლია. საკრედიტო დაწესებულებას მართებდა მემკვიდრეებისათვის მიემართა პირველ რიგში, რაც მან არ განახორციელა და პირდაპირ ითხოვს თავდებისაგან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს "ლ-------------სა" და ლ--–- კ----–--–---–ს 2013 წლის 29 ნოემბერს, გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად განისაზღვრა მსესხებელზე გასაცემი კრედიტი 9250 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებელი 20 %. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულება დაიდო 28.11.2019 წლამდე ვადით.

ხელშეკრულების 10.4 პუნქტის თანახმად, ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნებოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 13-17);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 18-19);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ლ-------------ს“ და ი----- ყ-----–---–ს შორის 2013 წლის 29 ნოემბერს, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებმა პირმა იკისრა სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 31905 ლარის ოდენობით.

თავდებობის ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნებოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 29 ნოემბრის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 20);

- 2013 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 21);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. მსესხებელმა ლ--–- კ----–--–---–მა დაარღვია კრედიტის დაფარვის გრაფიკი 30/12/2013 წელს, რის შედეგადაც სასესხო დავალიანებამ 2015 წლის 08 მაისის მდგომარეობით შეადგინა 12 348.92 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 8890 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი 2471.22 ლარი, პირგასამტეხლო 987.7 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 08 მაისის დავალიანების ცნობა (ს.ფ. 24);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 18 მაისის გარდაცვალების აქტის ჩანაწერის თანახმად, მსესხებელი ლ--–- კ----–--–---–ი გარდაიცვალა 2015 წლის 15 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 18 მაისის გარდაცვალების აქტის ჩანაწერი (ს.ფ. 73);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. 2019 წლის 04 აპრილის საოქმო განჩინების თანახმად, სს ,,ლ-------------ის“ სარჩელი ლ--–- კ----–--–---–ის და ი----- ყ-----–---–ის მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, ლ--–- კ----–--–---–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში, მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის საფუძველზე, დარჩა განუხილველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 04 აპრილის საოქმო განჩინება (ს.ფ. 158-165);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლ-------------ის“ სარჩელი ი----- ყ-----–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ლ-------------ს” და მოპასუხე ლ--–- კ----–--–---–ს შორის არსებობდა საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დასტურდება, რომ სს ,,ლ-------------ს“ და მსესხებელ ლ--–- კ----–--–---–ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შესასრულებელი ვალდებულების ფარგლებში, არსებული დავალიანება შედგება 12 348.92 ლარისგან, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 8890 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი 2471.22 ლარი, პირგასამტეხლო 987.7 ლარი.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

მოცემულ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ლ-------------ს“ და ი----- ყ-----–---–ს შორის 2013 წლის 29 ნოემბერს, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებმა პირმა იკისრა სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 31905 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა სწორედ ის გარემოება, რომ სს ,,ლ-------------ის“ მიერ არ ყოფილა ინფორმირებული მსესხებელ ლ--–- კ----–--–---–ის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების თაობაზე, შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს ბანკის წინაშე პასუხისმგებელ პირს. სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე სს ,,ლ-------------მა“ ვერ შეძლო, მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის თაობაზე, თავდები პირის სათანადო წესით ინფორმირების ფაქტის დადასტურება, რაც მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის მიხედვით მხოლოდ სარჩელის წარმოდგენამდე განხორცილდა თავდების ინფორმირებულობა და არსებული გზავნილის მოპასუხე მხარის მითითებით მისი ოჯახის წევრს არ ჩაბარებია და აღნიშნულის შესახებ მისთვის უცნობია.

 

ყოველივ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს გააჩნია უფლება სოლიდარული თავდებობის გათვალისწინებით უშუალოდ თავდები პირისაგან მოითხოვოს ფულადი ვალდებულების შესრულება, ხოლო მოთხოვნის ოდენობა თავად საკრედიტო დაწესებულების მხრიდან თავდების არაინფორმირებულობის გათვალისწინებით ვერ გავრცელდება სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გადაცილებული და დაგროვილი საპროცენტო სარგებლისა(ვინაიდან მისი დარიცხვა ხორციელდება ვადაგადაცილებული ძირითადი თანხაზე საპროცენტო სარგებლის გამოთვლის გზით და მოსარჩელე მხარე არ ახდენს აღნიშნული ოდენობის გამიჯვნას) და პირგასამტეხლოს თანხაზე. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ თავდებ პირის პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე იზღუდება და შემოიფარგლება მხოლოდ ვალდებულების ძირითადი თანხის ოდენობით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,ლ-------------ის“ მოთხოვნა ი----- ყ-----–---–ის მიმართ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს ბანკის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის 8890 ლარის გადახდა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2013 წლის 29 ნოემბრის თავდებობის ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, სს ,,ლ-------------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ი----- ყ-----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 266.70 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ი----- ყ-----–---–ს სს,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 29 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 8890 ლარის გადახდა.

 

3. სს ,,ლ-------------ის“ მოთხოვნა 2013 წლის 29 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის 2471.22 ლარის და პირგასამტეხლოს სახით - 987.70 ლარის მოპასუხე ი----- ყ-----–---–ისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმყოფილდეს.

 

4. ი----- ყ-----–---–ს სს,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 266.70 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე