გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1691-2016წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე მ------ დ--------ა
წარმომადგენლები კანონიერი წარმომადგენელი ნ----- ჯ------–---–ი
ადვოკატი იასონ ბესელია
მოპასუხე მ------ დ-------ა
წარმომადგენელი ბელა ბერაძე
მესამე პირი ლ---- დ--------ა
დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე
არასრულწლოვანის წარმომადგენელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო მომსახურების ცენტრი
წარმომადგენლები პაატა ცნობილაძე, ლაშა პარასტაშვილი
დავის საგანი უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება ქონების რეალიზაციის გზით
II აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. უძრავ ქონებაზე მდებარე რუსთავი, 2----------------------------- (კოდი 0------------------) საზიარო უფლების გაუქმება მისი რეალიზაციით.
სარჩელის გარემოებები:
მ------ დ--------ასა და მ------ დ-------ას თანასაკუთრებაშია საცხოვრებელი ბინა მდებარე რუსთავი, 2-----------------------------. მოპასუხე არის მარიან დ--------ას ბებია, მამის ლ---- დ--------ას დედა. ბინა მდებარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე. მისი ნატურით გაყოფა შეუძლებელია. მ------ დ--------ა დედასთან ნ----- ჯ------–---–თან ერთად ცხოვრობს ბელგიაში. მშობლები განქორწინდნენ 2013 წლის 3 ოქტომბერს, რის შემდეგ რამდენიმე წელია ცხოვრობენ ბელგიაში. მ------ დ--------ას განმარტებით, იგი სკოლაში ბელგიაში სწავლობს, ნ----- ჯ------–---–ი დასაქმებულია ერთერთ სამედიცინო კომპანიაში, ოჯახი სახელმწიფოსაგან იღებს დახმარებას, ცხოვრობენ დაქირავებულ ბინაში. ბავშვის სურვილია საქართველოში ჰქონდეს საკუთარი ბინა, სადაც ჩამოსვლის შემთხვევაში დედასთან მშვიდად იცხოვრებს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მ------ დ-------ამ წერილობითი შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო შემდეგი გარემოებების გამო: ბინა სრულად მის საკუთრებაში იყო და ბინის ½ წილი შვილიშვილს აჩუქა იმ მიზნით, რომ ბავშვს საქართველოში უძრავი ქონება ჰქონოდა, სადაც ჩამოსვლის შემთხვევაში იცხოვრებდა. მას სხვა შვილიშვილებიც ჰყავს, მაგრამ ბინის ნახევარი მ------ს აჩუქა, რათა მას საქართველოსთან და მამის ნათესავებთან ამ გზით კავშირი შეენარჩუნებინა. ქონებიდან წილის ღირებულების ანაზღაურების შემთხვევაში ბავშვი ქონებაზე საკუთრების უფლებას დაკარგავს, მას საქართველოში სხვა ქონება არა აქვს. მ------ დ-------ას განმარტებით, იგი ბინაში არ ცხოვრობს და ბავშვს შეუძლია საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში იცხოვრობს ამ ბინაში დედასთან ერთად ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე.
მესამე პირების პოზიცია
ლ---- დ--------ა არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ ნ----- ჯ------–---–მა ბავშვი მოტყუებით წაიყვანა უცხოეთში და იქიდან აღარ დააბრუნა. ბავშვის დედის უცხოეთში წასვლის შემდეგ ბავშვი რამდენიმე თვე მასთან ცხოვრობდა. დედამ მოტყუებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო მოითხოვა ბავშვის ნახვა, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა. ბინის გაყიდვის ან წილის ღირებულების ანაზღაურების შემთხვევაში ბავშვი უძრავ ქონებას დაკარგავს, რომლის აუცილებლობა არ არსებობს.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს არ შეესაბამება მოსარჩელის მოთხოვნა. ბინის რეალიზაციით მიღებული თანხის ნახევრის ანაზღაურებით ბავშვი საქართველოში უძრავ ქონებაზე საკუთრებას დაკარგავს. საქმეში დასაბუთებული არ არის ამის საპირისპიროდ ბავშვის საჭიროებისათვის თანხის გამოყენების აუცილებლობა, რის გამოც აუცილებელია ბავშვს შეუნარჩუნდეს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება.
(19.09.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი.)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.1.1. უძრავ ქონებაზე მდებარე რუსთავი, 2----------------------------- (კოდი 0------------------) რეგისტრირებულია მარიან დ-------ას და მარიან დ--------ას თანასაკუთრების უფლება. თითოეულის წილი არის ½. ბინა მდებარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე, მისი ფართია 70.17 კვ.მ. თანამესაკუთრეების საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2013 წლის 18 სექტემბერს და 2014 წლის 23 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე. ქონების ½ წილი მ------ დ--------აზე გაასხვისა მოპასუხე მ------ დ-------ამ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 17. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები (სარჩელი ს.ფ. 2-3, შესაგებელი ს.ფ. 41-42. ტომი 1)
3.1.2. მ------ დ--------ა არის არასრულწლოვანი, იგი დაბადებულია 2007 წლის 29 ოქტომბერს. მისი მშობლები არიან - დედა ნ----- ჯ------–---–ი, მამა ლ---- დ--------ა. მ------ დ--------ას მშობლებს შორის ქორწინება შეწყვეტილია 2013 წლის 3 ოქტომბრიდან. მოპასუხე მ------ დ-------ა არის ბავშვის ბებია, მამის ლ---- დ--------ას დედა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- დაბადების და გაქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 15-16. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები (სარჩელი ს.ფ. 2-3, შესაგებელი ს.ფ. 41-42. ტომი 1)
3.1.3. მ------ დ--------ა დედასთან ნ----- ჯ------–---–თან ერთად რამდენიმე წელია ცხოვრობს ბელგიაში, ქალაქში ტურნჰოტი (Turnhout) , რომელიც მდებარეობს ანტვერპენის პროვინციაში. ბავშვი სწავლობს სკოლაში, სადაც სწავლის საფასური გადასახდელი არ არის. დედა დასაქმებულია ფარმაცევტულ კომპანიაში, ცხოვრობენ დაქირავებულ ბინაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- დაბადების და გაქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 16.35. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები (ს.ფ. 07.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.1.4. რუსთავი, 2----------------------------- (კოდი 0------------------) არის მ------ დ--------ას მამის ლ---- დ--------ას მფლობელობაში, ბინაში პერიოდულად ცხოვრობენ ლ---- დ--------ას ნათესავები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა განმარტებები (ს.ფ. 07.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.1.5. უძრავ ქონების მდებარე რუსთავი, 2----------------------------- ნატურით გაყოფა შეუძლებელია მისი საინჟინრო თავისებურების გამო. ბინა მდებარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე, რის გამოც მისი გაყოფა ორ ინდივიდუალურ საცხოვრებელ ბინად შესაძლებელი არ არის, რადგან შეუძლებელია გაყოფის შემთხვევაში დამოუკიდებელი შესასვლელების, სანიტარიულ-ჰიგიენური კვანძების გამოცალკევება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა განმარტებები
- აუდიტის დასკვნაზე თანდართული ფოტოსურათები (ს.ფ. 170. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ბავშვების საუკეთესო ინტერესებს არ ეწინააღმდეგება უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება ქონების ღირებულების გაყოფით.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს კონსტიტუციის მე-19, 30-ე მუხლები
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე, 963-ე, 964-ე, 1199-ე, 1197-ე, 1198-ე, 170-ე, 955-ე მუხლები
- გაეროს „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენცია
6. სამართლებრივი შეფასება
განსახილველ საქმეში დავის საგანია უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება, ხოლო მოსარჩელე არის არასრულწლოვანი. შესაბამისად, დავა შეეხება არასრულწლოვანის ქონებრივ უფლებებს, რის გამოც საკუთრებით სარგებლობის და საზიარო უფლების გაუქმების მომწესრიგებელი სამართლის ნორმების გარდა დავა უნდა გადაწყდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესის შეფასების საფუძველზე. უნდა დადგინდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპს შეესაბამება თუ არა ბავშვის მიერ აღძრული მოთხოვნა.
საზიარო უფლების მომწესრიგებელი ნორმები მოცემულია 953-968-ე მუხლებში. სამოქალაქო კოდექსი 953-ე მუხლის მიხედვით, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. სადაო უძრავი ქონება მხარეთა თანასაკუთრებაშია 2015 წლის 23 სექტემბრიდან, მას შემდეგ რაც მ------ დ-------ამ შვილიშვილს მოსარჩელე მ------ დ--------ას გადასცა საკუთრებაში ბინის ½ წილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის მიხედვით, 1. თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. 2. თუ შეთანხმებით გაუქმების მოთხოვნის უფლება გამორიცხულია სამუდამოდ ან განსაზღვრული ვადით, მაშინ პატივსადები მიზეზის არსებობისას გაუქმება მაინც შეიძლება იქნეს მოთხოვნილი. 3. ბათილია შეთანხმება, რომლითაც გაუქმების მოთხოვნის უფლება გამოირიცხება ან იზღუდება ამ წესების საწინააღმდეგოდ.
კოდექსის 963- მუხლის მიხედვით, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით. 964-ე მუხლის მიხედვით, 1. თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის. 2. თუ საგანი არ გაიყიდება, მაშინ თითოეულ მოწილეს შეუძლია მოითხოვოს განმეორებითი აუქციონი; ამასთან, მან უნდა გაიღოს ხარჯები, თუ განმეორებითი ცდა უშედეგოდ დამთავრდა.
ამდენად, 963-ე მუხლის საფუძველზე ნივთზე საზიარო უფლების გაუქმების გაუქმების ძირითადი საშუალებაა ნატურით გაყოფა თანამესაკუთრეთა წილის პროპორციულად იმგვარად, რომ თითოეულისათვის გამოყოფილი წილი უზრუნველყოფდეს დამოუკიდებლად სათანადო დანიშნულებით სარგებლობით შესაძლებლობას. საზიარო უფლების გაუქმება ქონების ღირებულების გაყოფით შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ნივთის ნატურით გაყოფა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში სადაო არ არის, რომ საცხოვრებელი ბინის ნატურით გაყოფა შეუძლებელია, რადგან საინჟინრო თავისებურების გათვალისწინებით მისი ორ დამოუკიდებელ უფლების ობიექტად, ორ დამოუკიდებელ ბინად გაყოფა შეუძლებელია. ამდენად, სახეზეა 964-ე მუხლით გათვალისწინებული ნივთის რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების საფუძველი.
ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმების ინიციატორი, მოსარჩელე არის ბავშვი, რომელსაც პროცესში წარმოადგენს კანონიერი წარმომადგენელი დედა. ბავშვის მამა სარჩელს არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მისი შვილის ქონებრივ ინტერესებს ზიანი მიადგება სარჩელის დაკმაყოფილებით.
იმის გამო, რომ ქონების თანამესაკუთრე არასრულწლოვანია, დავა უნდა გადაწყდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესის პრინციპის საფუძველზე. ბავშვსა და მშობლებს შორის ურთიერთობის მთავარი პრინციპი დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლით, რომლის თანახმად მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის მიხედვით, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. 1198-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. მე-5 ნაწილის მიხედვით, მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.
ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
კონვენციის მე-9 მუხლის მიხედვით, 1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი განხილვის დროს ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები. 3. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად. 2. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა მოსმენილი იქნეს ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით. კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი.
განსახილველი დავა შეეხება ბავშვის საკუთრების უფლების საკითხს, რის გამოც დავა ექცევა ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მოქმედების სფეროში. კონვენციის ამ ნორმის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.
სასამართლო ბავშვის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ დავაში ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების კონტექსტში მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის გადაწყევტილებაში ასახულ განმარტებას საქმეზე CASE OF S.L. AND J.L. v. CROATIA, განაცხადი N13712/11, რომელიც განსახილველი დავის მსგავს დავას შეეხებოდა, კერძოდ, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაცვლის შეთანხების დადებას. სასამართლო განმარტებით, „60. იმის შესაფასებლად, სახელმწიფოს ქმედება აკმაყოფილებს თუ არა დამატებითი N1 ოქმის 1-ლი მუხლის მოთხოვნებს, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტი: კონვენციის მიზანია იმ უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, რომლებიც პრაქტიკული და ქმედითია. სასამართლო უნდა გასცდეს ზედაპირულ სურათს და სიღრმისეულად განიხილოს, ჩაიხედოს ვითარების რეალობაში, ეს კი მოითხოვს საქმესთან დაკავშირებული განსხვავებული ინტერესების ყოვლისმომცველ შესწავლას; ამან შეიძლება მოითხოვოს მხარეთა ქცევის გაანალიზება სამართალწარმოებისას, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა (იხ. ბეიელერი იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N33202/96 , §114, ECHR 2000-I; 2005 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება ნოვოსელეცკი უკრაინის წინააღმდეგ N47148/99 § 102); 62. სასამართლო ასევე ადგენს, რომ თუ საქმეში ჩართულნი არიან ბავშვები, აუცილებლად გასათვალისწინებელია მათი საუკეთესო ინტერესები (იხ. იქსი ლატვიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N27853/09 , §96, ECHR 2013). ამ კონკრეტულ საკითხზე სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს: არსებობს საყოველთაო კონსენსუსი, მათ შორის, საერთაშორისო სამართალში, იმ იდეის მხარდასაჭერად, რომ ბავშვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათ საუკეთესო ინტერესებს. რამდენადაც თვითონ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, მათ ინტერესებს, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი წონა უნდა მიენიჭოს (იხ. ჯეუნესი ნიდერლანდების წინააღმდეგ [დიდი პალატა], N12738/10 , §109, 2014 წლის 3 ოქტომბერი). ბავშვის უფლებათა კონვენცია აძლევს ბავშვს უფლებას, რომ მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და როგორც უპირველესი არგუმენტი გათვალისწინებული იქნეს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედებისა თუ გადაწყვეტილების მიღებისას, იქნება ეს საჯარო, თუ პირადი სფერო, ეს არის კონვენციის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულება. 63. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი აჩვენებს, რომ ეს მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის საკუთრების ინტერესების დაცვის სფეროშიც, რაც კონვენციის დამატებითი დამატებითი N1 ოქმის 1-ლი მუხლის მოქმედების ფარგლებში ექცევა. ამგვარად, სასამართლომ უნდა შეაფასოს, როგორ მოქმედებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები ბავშვის საკუთრების ინტერესების დაცვისას, სხვათა მხრიდან მათ მიმართ გამოვლენილი ნებისმიერი არაკეთილმოსურნე და უგულისყურო ქმედების წინააღმდეგ, მათ შორის, იურიდიული წარმომადგენლის ან ბიოლოგიური მშობლების მხრიდან (იხ. ლაზარევი და ლაზარევი რუსეთის წინააღმდეგ (განჩინება), N16153/03 , 2005 წლის 24 ნოემბერი).
საკუთრების უფლების შესახებ დავების განხილვისას ბავშვის საუკეთესო ინტერესის პრინციპის უპირატეს მნიშვნელობაზე ხაზგასმულია ასევე საქმეში “ლაზარევი და ლაზარევი რუსეთის წინააღმდეგ (Lazarev and Lazarev v. Russia). (საჩივარი- 16153/03 ) გადაწყვეტილება, 24 ნოემბერი 2015 წელი. ეს დავა ასევე არასრულწლოვანის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის საკითხს შეეხებოდა. კერძოდ, სადაო იყო მეურვეობის ორგანოს უარი არასრულწლოვანის ქონების გასხვისების საკითხზე. სასამართლომ განმარტა, რომ „ სტრასბურგის სასამართლო ვერ დაეთანხმება მომჩივნის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მეურვეობის და მზრუნველობის ორგანომ მას თანხმობა იმ საფუძვლით არ მისცა, რომ მის არაკეთილსინდისიერებაში შეიტანა ეჭვი. საქმეში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა მომჩივნის უნარი, ემოქმედა ბავშვების საუკეთესო ინტერესებით და განეკარგა ოჯახის ბიუჯეტი მისი მოსაზრებით ყველაზე ხელსაყრელი ფორმით. ხელისუფლების ორგანოების უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენდა მისი პატარა შვილის საკუთრების მაქსიმალურად დაცვა, სანამ ის იმ ასაკის გახდებოდა, როდესაც შეძლებდა საკუთრების თავად განკარგვას“. გადაწყვეტილებაში ასევე განმარტებულია, რომ „ნებისმიერ შემთხვევაში, გასაკვირი იყო, რომ პირველმა მომჩივანმა ეროვნული სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ მიუთითა რაიმე ზომის მიღებაზე, რომელიც დაიცავდა მეორე მომჩივნის ინტერესებს, ბინის მისი წილის გაყიდვის შემდეგ. ასეთი ზომა შეიძლება ყოფილიყო, მაგალითად, გაყიდული ბინიდან მიღებული შემოსავლის ნაწილის საბანკო ანგარიშზე შენახვა მეორე მომჩივნის სახელზე“.
სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვისას ბავშვის ინტერესი არის უპირატესი. ბავშვის საუკეთესო ინტერესის პრინციპიდან გამომდინარე არ არსებობს ბავშვის ინტერესზე აღმატებული და ღირებული ინტერესი. მშობლის ან სხვა მოდავე მხარის ინტერესი ხშირად შეიძლება არ ემთხვეოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესს. საქართველოს კონსტიტუციის, სამოქალაქო კოდექსის და ბავშვის უფლებების კონვენციის საფუძველზე სახელმწიფოს აქვს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის ვალდებულება ბავშვთან დაკავშირებულ ყოველ საკითხში. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს ბავშვის ინტერესის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო 1198-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. მე-5 ნაწილის მიხედვით, მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში. ბავშვის საუკეთესო ინტერესის პრინციპის საფუძველზე უნდა შეფასდეს, საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის აღძვრა და ამ პროცესში მშობლის წარმომადგენლობის განხორცილების დროს დაცულია თუ არა ბავშვის ქონებრივი ინტერესები.
საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათაგან ერთერთი მნიშვნელოვანი უფლებაა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, 1.საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
საკუთრება წარმოადგენს ადამიანის პირადი დამოუკიდებლობის, პიროვნული განვითარების ერთ-ერთ წყაროს. საკუთრების უფლების ობიექტებიდან უძრავი ქონება ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქონებაა, რომელის განსაკუთრებული მნიშვნელობა მხოლოდ მის ფულადი ღირებულებით არ განისაზღვრება. მას გააჩნია ე.წ. სოციალური დანიშნულება. საცხოვრებელი სახლის დანიშნულებაა მისი სარგებლობა, მისი ფლობა საცხოვრებლად ან მისი გაქირავებით შემოსავლის მიღება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „უნივერსალური ხასიათის ადამიანის უფლებებს ახასიათებს ამ უფლებათა თანაბარი გავრცელება ყველაზე და მათი განუყოფელი ხასიათი. უფლებათა განუყოფელი ხასიათი გულისხმობს იმას, რომ ეს უფლებები წარმოადგენენ თანდაყოლილ უფლებებს, რომლებიც ადამიანს თავისთავად უკავშირდებიან. ადამიანის უფლებათა კონცეფცია ემსახურება უმთავრესი იმპერატივის, ადამიანის ღირსების დაცვას, რომელიც აისახება კიდეც აღნიშნულ უფლებებში და რომელთან დაკავშირებითაც სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებს შორის ფართო კონსენსუსი არსებობს (იხ. დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება). ამავე გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ „ იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 955-ე მუხლის მიხედვით, 1. თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თავისი წილის თანაზომიერი ნაყოფის ნაწილი. 2. თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას.
საკუთრების უფლება არის ელემენტარული ძირითადი უფლება, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის პიროვნულ თავისუფლებასთან. მისი დანიშნულებაა, თითოეულ ინდივიდს შეუქმნას თავისუფალი სივრცე ქონებრივი ურთიერთობების მოწესრიგებისა, რაც მას საშუალებას მისცემს, საკუთარი პასუხისმგებლობით მოაწყოს პირადი ცხოვრება. საკუთრების უფლებისა და პიროვნული თავისუფლების უფლების ურთიერთკავშირი შინაგანია და ამ კავშირში საკუთრების უფლება ასრულებს პიროვნული თავისუფლების უზრუნველმყოფი ფაქტორის ფუნქციას. სხვა მხრივ, საკუთრების უფლების შეზღუდვა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს პიროვნული თავისუფლების შეზღუდვას. პირიქით, მისი მიზანია ურთულეს საზოგადოებრივ ურთიერთობებში ისეთი ოპტიმალური საკუთრებითი რეჟიმის უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლებელს გახდის პიროვნების უნარისა და შესაძლებლობების ფართოდ განვითარებას. (სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის კომენტარი . )
სასამართლოს მიაჩნია, რომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია განიმარტოს თავად საზიარო უფლების გაუქმების ინსტიტუტის შინაარსი და მნიშვნელობა. საზიარო უფლების გაუქმების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ნივთზე თანასაკუთრების უფლება უქმდება. ნატურით გაყოფის გზით ნივთის შესაბამისი ნაწილი თითოეულ თანამესაკუთრეს ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცემა. ნატურით გაყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში თანამესაკუთრეები გაიყოფენ ნივთის ღირებულებას თავიანთი წილის შესაბამისად. საზიარო უფლების გაუქმება ნივთზე საკუთრების უფლების განკარგვის მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან თანამესაკუთრე მის წილს განკარგავს იმგვარად, რომ ინდივიდუალურ საკუთრებად გარდაქმნის მას ნატურით გაყოფის შემთხვევაში. ნივთზე საზიარო უფლების გაუქმების უპირველესი მიზანია მისი ნატურით გაყოფა, მაშასადამე ნივთზე ბატონობის შენარჩუნება, ნივთით სარგებლობის უფლება რეალიზება. სასამართლო აღნიშნავს, რომ პრაქტიკაში უმეტეს შემთხვევაში საზიარო უფლების გაუქმების ინიციატივის წარმოქმნას იწვევს თანამესაკუთრეებს შორის შეუთანხმებლობა საზიარო საგნის მფლობელობის და სარგებლობის საკითხებზე, რაც თანამესაკუთრეს უჩენს სურვილს, გამოაცალკევოს ნივთიდან მისი წილი და ინდივიდუალურად განაგრძოს ნივთით სარგებლობა. თუკი ნივთის ნატურით გაყოფა შესაძლებელი არ არის, თანამესაკუთრეებს შორის ხდება მისი ღირებულების გაყოფა. საზიარო უფლების გაუქმება თანამესაკუთრის იმდენად მნიშვნელოვანი და არსებითი უფლებაა, რომ მასზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება (სამოქალაქო კოდექსის 968-ე მუხლი).
ამ შემთხვევაში მხარეთა თანასაკუთრების უფლების ობიექტია საცხოვრებელი ბინა, უძრავი ქონება. უძრავ ქონებას მნიშვნელოვანი ფულადი ღირებულების გარდა, უპირველესად გააჩნია მისი საცხოვრებლად გამოყენების შესაძლებლობა. ამდენად, საცხოვრებელ ბინას მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქცია აქვს. მოპასუხე საზიარო უფლების გაუქმების საწინააღმდეგო არგუმენტად იმას მიუთითებს, რომ ბინის რეალიზაციის და ღირებულების გაყოფის შედეგად ბავშვს საქართველოში უძრავი ქონება აღარ ექნება და სადაო ბინით სარგებლობას ვერ შეძლებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის მნიშვნელოვანი უფლება არის ოჯახურ გარემოში აღზრდა. ბავშვის უფლებათა კონვენციის პრეამბულაში მითითებულია, რომ ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი და მისი წევრების, განსაკუთრებით კი ბავშვების, ზრდისა და კეთილდღეობის ბუნებრივი გარემო, აუცილებლად უნდა იყოს დაცული და მას აუცილებლად უნდა გაეწიოს თანადგომა, რათა მან თავის თავზე სრულად აიღოს საზოგადოებრივი ვალდებულებანი. ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში, კონვენციის მე-9 მუხლის მიხედვით, მე-3 პუნქტის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხილეთ, ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის, ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ (No.1), 24 მარტი, 1988წ., § 59, სერიები A No.130, დამონორი რუმინეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ, No. 71099/01, § 70, 5 აპრილი, 2005წ.). ნ.წ. საქართველოს წინააღმდეგ. 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება)
ამდენად, ბავშვის აღზრდისათვის საუკეთესო და ჰარმონიული გარემოა ოჯახი, რაც გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელი არ არის. თუმცა, უმნიშვნელოვანესია მშობლების განქორწინების შემდეგაც ბავშვს ჰქონდეს მშობლებთან პირადი ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობა, სახელმწიფომ კი უნდა იზრუნოს ასეთი ურთიერთობის ხელშეწყობისათვის.
მ------ დ--------ა დედასთან ერთად რამდენიმე წელია ცხოვრობს უცხოეთში, მას მამასთან და მამის ნათესავებთან არა აქვს პირადი ახლო ურთიერთობა. სასამართლო სხდომაზე ბავშვის მოსმენის დროს ბავშვმა წუხილი გამოთქვა იმის გამო რომ მამა მას უშვიათად უკავშირდება და მამასთან არა აქვს ხშირი ურთიერთობა. საქმეში არსებული გარემოებები, მათ შორის ბავშვის განმარტებები არ მიუთითებს იმაზე, რომ მ------ დ--------ას დედა ბავშვს ხელს უშლის მამასთან და მამის ნათესავებთან ურთიერთობაში.
მხარეთა განმარტებებით დგინდება, რომ სადაო ბინა მუდმივად ბავშვის მამის ლ---- დ--------ას და მოპასუხე მ------ დ-------ას მფლობელობაში არ არის. ბინით სარგებლობენ მათი ნათესავები, რომლებთანაც ბავშვს ურთიერთობა არა აქვს.
მოპასუხის განმარტებით, იგი მზადაა ბავშვის საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში უზრუნველყოს, რომ ბავშვმა არდადეგებზე სადაო ბინაში იცხოვროს დედასთან ერთად. სასამართლოს მიაჩნია, რომ საზიარო უფლების გაუქმების საწინააღმდეგო ეს არგუმენტი დასაბუთებულ შედავებად ვერ შეფასდება, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს, რომ ეს რეალურად შესაძლებელი იქნება. ბავშვსა და მამასა და მამის ნათესავებს შორის ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ბინის ამგვარად სარგებლობის შესაძლებლობა არ გამომდინარეობს.
ამდენად, ბავშვის თანასაკუთრების შენარჩუნების პირობებში ვერ იქნება უზრუნველყოფილი ბინით სარგებლობის ან სხვაგვარად სარგებლის მიღების შესაძლებლობა.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-12 მუხლის საფუძველზე ბავშვთან დაკავშირებულ დავაში უმნიშვნელოვანესია თავად ბავშვის მოსაზრებები, მისი შეხედულებები სადაო საკითხის შესახებ და მოდავე მხარეებთან მისი დამოუკიდებულება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (N.TS. AND OTHERS v. GEORGIA ), სასამართლომ განმარტა, ევროპის საბჭოს მინისტრების კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებების საფუძველზე ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის შინაარსი და ბავშვის უფლება, მოუსმინონ, რაში მდგომარეობს.
ბავშვის უფლებების კომიტეტის 2009 წლის 20 ივლისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციაში (CRC/C/GC/12) მითითებულია, რომ ყველა ბავშვის უფლება, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. ბავშვის უფლებების კომიტეტმა (შემდგომში კომიტეტი) მუხლი 12 განსაზღვრა, როგორც კონვენციის ოთხი ძირითადი პრინციპის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, ამასთან, დანარჩენი ძირითადი პრინციპებია - არა-დისკრიმინაციის პრინციპი, სიცოცხლისა და განვითარების უფლება, და ბავშვის ინტერესების უკეთ უზრუნველყოფისთვის უპირველესი ყურადღების დათმობა, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოცემული მუხლი არა მხოლოდ აყალიბებს უფლებას როგორც ასეთს, არამედ გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა სხვა უფლების ინტერპრეტაციისა და განხორციელებისას...
კონვენციის დებულება “საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბების უნარის მქონე“ განმარტებულია შემდეგნაირად: „კონვენციის ხელმომწერმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ყველა „საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბების უნარის მქონე“ ბავშვის უფლება, მოუსმინონ. ეს ფრაზა უნდა იქნას გაგებული არა როგორც შეზღუდვა, არამედ როგორც სახელმწიფოს ვალდებულება, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად შეაფასოს ბავშვის უნარი, ჩამოაყალიბოს ავტონომიური შეხედულება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო მხარეს არ შეუძლია ქმედება დაიწყოს იმ დაშვებით, რომ ბავშვს არ გააჩნია უნარი, გამოხატოს მისი შეხედულებები. ამის საპირისპიროდ, სახელმწიფო მხარემ უნდა ივარაუდოს, რომ ბავშვს გააჩნია უნარი, ჩამოაყალიბოს მისი შეხედულებები და უნდა აღიაროს, რომ ბავშვს გააჩნია ამ შეხედულებების გამოხატვის უფლება; ბავშვს არ უნდა სჭირდებოდეს მისი უნარის დამტკიცება“.
დებულება “შეხედულებებს სათანადო მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად“ განმარტებულია, რომ ეს დებულება ეხება ბავშვის უნარს, რომელიც უნდა შეფასდეს, რათა მის შეხედულებებს სათანადო მნიშვნელობა მიენიჭოს, ან ბავშვისთვის მოხდეს იმის კომუნიკაცია, თუ რა გავლენას ახდენს ასეთი შეხედულებები პროცესის შედეგებზე. მუხლი 12 აწესებს, რომ ბავშვის მხოლოდ მოსმენა არ არის საკმარისი; ბავშვის შეხედულებები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული, თუ ბავშვს აქვს თავისი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარი“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებაში განმარტებულია ბავშვთან დაკავშირებულ დავაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადასაწყვეტი საკვანძო საკითხები. კერძოდ, “სამართალწარმოებაში, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვზე, სასამართლო ხელისუფლებამ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა:
a. განსაზღვროს, გააჩნია თუ არა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ, მშობლის პასუხისმგებლობის მტვირთველი პირებისაგან;
b. იმ შემთხვევაში, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით მიჩნეულია, რომ ბავშვს გააჩნია საკმარისი შემეცნების უნარი, სასამართლო ხელისუფლებამ უნდა:
– უზრუნველყოს ბავშვის მიერ ყველა შესაბამისი ინფორმაციის მიღება;
– შესაბამის შემთხვევებში უზრუნველყოს ბავშვისთვის პირადი კონსულტაციების მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში, ამგვარი კონსულტაციები ბავშვთან სხვებისგან განცალკევებით უნდა განხორცილდეს უშუალოდ სასამართლო ხელისუფლების მიერ ან სხვა პირების ან ორგანოების მეშვეობით, ბავშვის გაგების უნარის შესაბამისი წესით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს;
– უზრუნველყოფილი უნდა იქნას ბავშვისთვის მისი შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობა;
c. სასამართლო ხელისუფლებამ შესაბამისი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ბავშვის მიერ გამოხატულ შეხედულებებს.”
მ------ დ--------ა არის 12 წლის ასაკის, მან 2018 წლის 7 მარტის სხდომაზე სასამართლოსთვის განმარტების მიცემისას მკაფიოდ, გარკვევით, თანმიმდევრულად და არაორაზროვნად გამოხატა საკუთარი მოსაზრებები სადაო საკითხზე, მშობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობის თემაზე. იგი ინფორმირებულია დავის და მისი შედეგების შესახებ. მან გამოხატა პოზიცია იმის შესახებ, რომ ბინის რეალიზაციის შემდეგ მიღებული თანხით შესაძლებელია სხვა ბინა შეიძინონ, სადაც შესაძლებელი იქნება დედასთან ერთად იცხოვროს საქართველოში ყოფნის დროს ან საბანკო ანგარიშზე განთვსდეს თანხა. ბავშვის ასაკის გათვალისწინებით მისი შემეცნების უნარი განვითარებულია იმგვარად, რომ ბავშვი საკმარისად მკაფიოდ, თავისუფლად და თანმიმდევრულად აყალიბებს საკუთარ შეხედულებას. მასთან საუბარი შედგა დისტანციურად დედის თანდასწრებით, თუმცა ამის მიუხედავად მან მკაფიოდ გამოთქვა საკუთარი წუხილი მამასთან ურთიერთობის ნაკლებ ინტენსიურობაზე და გამოხატა მასთან ხშირად ურთიერთობის სურვილი. ამასთან, მან სარჩელს მხარი დაუჭირა და არ მიიჩნია შესაძლებლად, რომ ბინით სარგებლობას შეძლებდა მოპასუხეებთან ერთად. ამდენად, ბავშვმა თავისუფლად ჩამოაყალიბა სურვილი, რომ სურს ბინაზე საზიარო უფლების გაუქმება.
ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის რეალიზაციის თვალსაზრისით ბავშვის სურვილის და შეხედულების გაზიარება ასევე დამოუკიდებულია იმ საკითხის შეფასებაზე, სახეზე ხომ არ არის ბავშვის დედის მხრიდან მშობლის უფლების ბოროტად გამოყენება და ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ საკუთარი ფინანსური სარგებლის მიღების სურვილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვი დედასთან ერთად რამდენიმე წელია ცხოვრობს ბელგიაში, ქალაქში ტურნჰოტი (Turnhout) , რომელიც მდებარეობს ანტვერპენის პროვინციაში. ბავშვი დადის სკოლაში. მიუხედავად უცხოეთში მრავალწლიანი ცხოვრებისა, იგი კარგად ფლობს ქართულ ენას. ამდენად, სათანადოდაა უზრუნველყოფილი ბავშვის მიერ განათლების მიღების უფლება და მისი აღზრდის დროს გათვალისწინებულია ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების მნიშვნელობა, რაც ბავშვის უფლებების კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, როგორც ბავშვის ერთერთი უფლებათაგანი. დედა დასაქმებულია, ცხოვრობენ დაქირავებულ ბინაში, არ განიცდიან სოციალურ გაჭირვებას. შესაბამისად, დედა სათანადოდ ზრუნავს ბავშვის აღზრდაზე, იგი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვზე მეორე მშობლის ინტერესების უგულებელყოფის მიზნით.
საქმიდან არ ირკვევა ისეთი გარემოება, რაც მიუთითებს, რომ ნ----- ჯ------–---–ი არაკეთილსინდისიერად იყენებს მშობლის უფლებას და მისი მიზანია ბავშვის ქონებრივი ინტერესების ხარჯზე ფინანსური სარგებლის მიღება და არსებობს იმის უპირატესი ინტერესი, რომ შენარჩუნდეს ბავშვის თანასაკუთრების უფლება საქართველოში მდებარე უძრავ ქონებაზე.
საზიარო უფლების გაუქმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ბავშვის საკუთრების უფლება შენარჩუნდება, თუმცა საკუთრების უფლების რეალური შინაარსით და უფლებამოსილებების რეალურად გამოყენების შესაძლებლობა ბავშვს ამით არ მიეცემა. სტრასბურგის სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლება ქმედითი უფლებაა და უფლების მხოლოდ რეგისტრაცია ამ კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს. საზიარო უფლების შენარჩუნების შემთხვევაში ბავშვი კვლავ ქონების თანამესაკუთრე იქნება ამ ქონების რეალურად გამოყენების შესაძლებლობის გარეშე.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი წევრი ქვეყნებისათვის სამი განსხვავებული სახის ვალდებულებას ადგენს:
(ა) თუ გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს სხვადასხვა ინტერესები უპირისპირდება, ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა, რომ გარანტირებულად და უპირატესად მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და გათვალისწინებულ იქნეს;
(ბ) თუ სამართლებრივ ნორმას ერთზე მეტი განმარტება შეიძლება მიეცეს, არჩეულ უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე ეფექტურად ემსახურება. (განმარტების ფარგლებს გვთავაზობს ის უფლებები, რომლებიც კონვენციაში და დამატებით ოქმებშია მოცემული);
(გ) ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეფასდეს ბავშვის ინტერესებზე ამ გადაწყვეტილების შესაძლო ზეგავლენის შედეგები (დადებითი თუ უარყოფითი) და გადაწყვეტილებაში პირდაპირ უნდა აისახოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები უპირატესად შეფასდა და მხედველობაში იქნა მიღებული [3 General comment No. 14 (CRC/C/GC/14, 29 May 2013)].
„ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ კონცეფცია მიზნად ისახავს კონვენციის მიერ აღიარებული ყველა უფლებით სრულ და ეფექტურ სარგებლობას და ბავშვის კომპლექსურ განვითარებას. ზრდასრულების განსჯა „ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა“, კონვენციით გათვალისწინებული ბავშვის ყველა უფლების პატივისცემას ვერ უკუაგდებს. არ არსებობს კონვენციაში გათვალისწინებული უფლებების იერარქია. ყველა უფლება ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედის და არცერთი უფლების უარყოფა არ შეიძლება „ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ ნეგატიური განმარტებით [4 Case of S.L. and J.L. vs. Croatia, 07.05.2015 Judgment].
სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის ინდივიდუალობის ერთერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მჭიდრო, უშუალო და პირადი ოჯახური ურთიერთობის, ნათესაური კავშირების არსებობა. მოპასუხე ბინის რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმებას არ ეთანხმება იმ მოტივით, რომ თანასაკუთრების უფლების შენარჩუნებით ბავშვი საქართველოში ბინის სარგებლობის უფლებას შეინარჩუნებს და ამით ექნება მამის ოჯახთან უფრო ახლო ურთიერთობის შესაძლებლობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პატივსაცემია ბავშვის ბებიის და მამის სურვილი, რომ ბავშვმა ისარგებლოს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, იცხოვროს ბინაში. თუმცა, საქმის გარემოებების, ბავშვთან მათი ურთიერთობის ხასიათის გამო ამის რეალურად განხორციელება დასაბუთებული არ არის. ბავშვი რამდენიმე წელია ცხოვრობს უცხოეთში, მისი ბებია და მამა ბავშვის ოჯახური ცხოვრების მონაწილეები არ არიან, მათ ბავშვთან სატელეკომუნიკაციო საშუალებით ინტენსიური ურთიერთობაც არა აქვთ.
ნივთის რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების არსი მდგომარეობს იმაში, რომ თანამესაკუთრეებს მიეცემათ რეალიზაციით მიღებული თანხიდან თანასაკუთრების წილის შესაბამისი თანხა. ამდენად, თანასაკუთრების წილი ანაზღაურდება ფულადი სახით. ბინის რეალიზაციის, იძულებით აღსრულების დროს მოსარჩელე არასრულწლოვანი წარმოადგენს კრედიტორს, რომლის საკუთრება გახდება აღსრულების შედეგად მიღებული თანხა.
საქმეში (Lazarev and Lazarev v. Russia). N16153/03 , . სტარსბურგის სასამართლომ განმარტა, რომ ხელისუფლების ორგანოების უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენდა მისი (მომჩივნის) პატარა შვილის საკუთრების მაქსიმალურად დაცვა, სანამ ის იმ ასაკის გახდებოდა, როდესაც შეძლებდა საკუთრების თავად განკარგვას; გარდა ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში, გასაკვირი იყო, რომ პირველმა მომჩივანმა ეროვნული სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ მიუთითა რაიმე ზომის მიღებაზე, რომელიც დაიცავდა მეორე მომჩივნის ინტერესებს, ბინის მისი წილის გაყიდვის შემდეგ. ასეთი ზომა შეიძლება ყოფილიყო, მაგალითად, გაყიდული ბინიდან მიღებული შემოსავლის ნაწილის საბანკო ანგარიშზე შენახვა მეორე მომჩივნის სახელზე.
ნივთის რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების შედეგად თითოეულ თანამესაკუთრეს საკუთრებაში გადაეცემა მისი წილის ღირებულება, ფულადი თანხა. ამ შემთხვევაში ბავშვის და არა მისი რომელიმე მშობლის საკუთრება გახდება თანხა, რომლის განკარგვის უფლება ბავშვს სრულწლოვანებამდე არ გააჩნია, ხოლო მშობლები 1198-ე მუხლით შეზღუდულნი არიან მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესის უზრუნველსაყოფად განკარგონ ეს თანხა.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან. ეკონომიკურ ექსპლუატაციაში იგულისხმება ბავშვის შრომითი რესურსის ბოროტად გამოყენება, ასევე მისი ქონებით არამიზნობრივად, ბავშვის ინტერესების საზიანოდ სარგებლობა, ბავშვის ქონების ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ განკარგვა. ბავშვის ქონებით არამიზნობრივი სარგებლობა სახეზეა, როდესაც მცირდება ბავშვის ქონება ან მასზე ბავშვის საკუთრების უფლება სრულად ისპობა მისი განკარგვის შედეგად და ამასთან, ამგვარი სარგებლობის/განკარგვის მიზანს ბავშვის ინტერესი არ ამართლებს.
ბავშვის ქონება უნდა განიკარგოს მხოლოდ ბავშვის ინტერესებში. ქონების განკარგვა, მათ შორის, ქონების გასხვისება, ბავშვის პირდაპირ ინტერესს შეესაბამება, თუ ბავშვის ქონების განკარგვა ბავშვის ისეთ მაღალ ინტერესს შეესატყვისება, როგორიცაა, მისი ჯანმრთელობა, განათლება, უსაფრთხოება და ა. შ. ამდენად, ბავშვის ქონების განკარგვა ბავშვის ინტერესებს შეესაბამება, თუ ქონების განკარგვის შედეგად მიღებული სარგებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ხმარდება, ბავშვის სათანადო განათლებას, მის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას უზრუნველყოფს, ბავშვის ნორმალურ განვითარებას ემსახურება და ა. შ. 3 General comment No. 14 (CRC/C/GC/14, 29 May 2013) 4 Case of S.L. and J.L. vs. Croatia, 07.05.2015 Judgment - 19 -
1198-ე მუხლის მიხედვით, მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უშუალოდ და პირდაპირ არ ევალება მშობლების მიერ არასრულწლოვანის ქონების განკარგვისას კონტროლის განხორციელება, თანხმობის მიცემა ამგვარ გარიგების დადებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მშობლებს ბავშვების ქონებასთან მიმართებით შეზღუდულ უფლებას უწესებს და მხოლოდ აღნიშნული ქონების მართვისა და გამოყენების უფლებას ანიჭებს. ქონების მართვა და გამოყენება, არც სიტყვასიტყვითი და არც ლოგიკური და შინაარსობრივი ახსნა-განმარტების შედეგად, განკარგვის უფლებამოსილებას არ გულისხმობს. თუმცა ამავე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში მშობელი უფლებამოსილია დადოს ბავშვის საუკეთესო ინტერესის განხორციელებისათვის აუცილებელი გარიგება. აღსრულების შედეგად ბავშვისათვის მიკუთვნებული თანხის არამართლზომიერი განკარგვისაგან დაცვის ღონისძიებას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლით გათვალისწინებული მხარეთა უფლებამოსილება მოითხოვონ გადაწყვეტილების აღსრულების წესის და საშუალების შეცვლა და ამ ფარგლებში შესაძლებელია დადგინდეს აღსრულების წესი იმგვარად, რომ აღსრულების შედეგად ბავშვისათვის მიკუთვნებული თანხა განთავსდეს ბავშვის საბანკო ანგარიშზე მის სრულწლოვანებამდე ან თანხის გამოყენება მოხდეს მის საკუთრებად უძრავი ქონების შეძენის მიზნით.
7. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით ბანკში გადახდილი მომსახურების საკომისიოს ჯამურად 101 ლარის ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
IV სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს მ------ დ--------ას სარჩელი;
1.1. გაუქმდეს უძრავ ქონებაზე მდებარე რუსთავი, 2----------------------------- (კოდი 02.03.02.072.01.035) მ------ დ--------ას და მ------ დ-------ას საზიარო უფლება მისი რეალიზაციით.
2. მ------ დ-------ას დაეკისროს მ------ დ--------ასათვის 101 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი