განაჩენი

სისხლის სამართლის 18.09.2019
საქმის ნომერი
330100119003050681
თარიღი
18.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2735-19

(გამოძიების №------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი - ანნა ქოჩიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა-–---------–-–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი-----–--------–---–- (დაბადებული - 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის მისამართი: ქ. წყალტუბო, ი-–-----------------------; ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ი---–----------------)

 

ადვოკატი - დ-------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის განაჩენით ი-----–--------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

2019 წლის 1 მაისს, დღის საათებში, ქ. თბილისში, ი---–--------------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის კიბის ფლიგელიდან, ი-----–--------–---–- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ი--------------–---–-- კუთვნილ, 130 ლარად ღირებულ ,,ბოშის“ ფირმის პერფერატორს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ი-----–--------–---–-ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

ი-----–--------–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ი------------–---–-- გამოკითვის ოქმს, მოწმეების - ი-–-------------, ც---------–-----, ლ---------------, ს------------–---–-- და ნ----------–---–-- გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, დათვალიერების ოქმს, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის განაჩენს ი-----–--------–---–-ს მიმართ, ი-----–--------–---–-ს გამოკითხვის ოქმს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, №1/1/548, 22/01/2015, §41).

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, ჩადენილი არაერთგზის. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან.

 

კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება - ნივთის ფარული დაუფლება; 3) პირის მიერ განხორციელებული ქმედება უნდა ხელყოფდეს ნივთის მესაკუთრის უფლებას.

 

რაც შეეხება ი-----–--------–---–-ს ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, მას სასამართლო მიმოიხილავს დეტალურად:

 

საქართველოს სისხლის სამართლის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

განსახილველ შემთხვევაში, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 იანვრის განაჩენით, ი-----–--------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ი-----–--------–---–-ს მიმართ 2008 წლის 21 აგვისტოს ქობულეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ი-----–--------–---–- განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნული განაჩენი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განაჩენით უცვლელად იქნა დატოვებული და ი-----–--------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ი-----–--------–---–-ს მიმართ 2008 წლის 21 აგვისტოს ქობულეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ი-----–--------–---–- განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 მარტის განჩინებით ი-----–--------–---–-ს მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი და ი-----–--------–---–- გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 388-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან. ხოლო, უცვლელად იქნა დატოვებული დამატებითი სასჯელი ჯარიმა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 მაისის წერილის თანახმად, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 იანვრის განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი ი-----–--------–---–-ს მიმართ, ჯარიმის 4 000 (ოთხი ათასი) ლარის დაკისრების თაობაზე, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში რეგისტრირებული არ არის.

 

შესაბამისად, განაჩენში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ქურდობისათვის ნასამართლევმა ი-----–--------–---–-- კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება; შესაბამისად, სახეზეა ი-----–--------–---–-ს მიერ ქურდობის ჩადენა არაერთგზის.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ი-----–--------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, რისთვისაც ი-----–--------–---–- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი-----–--------–---–- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ოთხიდან შვიდ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ნასამართლევია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, რომელიც ,,ამნისტიის შესახენ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 19 მარტს. თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ გატარებულმა საშეღავათო ღონისძიებამ, ვერ იქონია მჯავრდებულის რესოციალიზაცია და მან კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევმა ი-----–--------–---–-- ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული თუმცა, მისი წარსული ნასამართლობა განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს ქმედების შემადგენლობის მაკვალიფიცირებელ ნიშანს; შესაბამისად, მას სასჯელი არ განესაზღვრება რეციდივის წესით; ამასთან, ი-----–--------–---–-ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი სხვა რაიმე გარემოება და სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაშიც იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მიზნები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ი-----–--------–---–- წინა განაჩენით დანიშნული აქვს ჯარიმა - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით ი-----–--------–---–-ს მიერ გადახდილი არ არის. სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–--------–---–-ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სრულად უნდა დაემატოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

,,ბოშის“ ფირმის პერფერატორი (რაც ინახება დაზარალებულთან) დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი-----–--------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით სრულად დაემატოს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, ი-----–--------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ი-----–--------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ი-----–--------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

,,ბოშის“ ფირმის პერფერატორი (რაც ინახება დაზარალებულთან) დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მსჯავრდებულ ი-----–--------–---–- უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი