გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160310019003135878
№ 3/126-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი ელენე თაგაური
მოსარჩელე: თე-----------------ვი;
წარმომადგენლები: ვა-------------ძე, რუ--------–---–-აძე;
მოპასუხე: მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენლები: კა-----------–აძე, ჯემ--–---------იძე
დავის საგანი: სახელფასო ანაზღაურების დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.1. მოპასუხეს დაეკისროს სახელფასო დავალიანების 32 800 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება.
სარჩელის თანახმად, 2017 წლიდან 2019 წლის 14 თებერვლამდე მოსარჩელე თე-----------------ვი არჩეული იყო მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე. 2018 წლის 14 ივნისს N031110618001 სისხლის სამართლის საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 18 ივნისს N03/6040 წერილით მიმართა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას და მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდება თე-----------------ვის მერის სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაჩერებლად. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ 2018 წლის 18 ივნისის წერილით მა-------–ის მუნიციპალიტეტს გაუგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განჩინება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე, რის საფუძველზეც თე-----------------ვს შეუჩერდა მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით თე-----------------ვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეეცვალა გირაოს გამოყენებით, რის შედეგადაც თე-----------------ვი გათავისუფლდა პატიმრობიდან. მან მა-------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა არაერთი წერილით რადგან მოეხდინათ მისთვის უფლებამოსილების აღდგენა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-6 ნაწილს თანახმად. მა-------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულომ არ მოახდინა კანონით დადგენილი ქმედების განხორციელება.
2019 წლის 12 თებერვალს თე-----------------ვმა მიმართა მა-------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოითხოვა მის მიმართ გამოყენებული უფლებამოსილების შეჩერების მოხსნის საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და იმავე დროს იხსნიდა პირადი განცხადებით უფლებამოსილებას. მა-------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 თებერვლის N4 სხდომის ოქმით თე-----------------ვს მა-------–ის მერიის უფლებამოსილება შეუწყდა 2019 წლის 13 თებერვლიდან.
2019 წლის 14 მარტს, თე-----------------ვმა კვლავ მიმართა მა-------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ემსჯელა მისი მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დარჩენილი სახელფასო ანაზღაურების გაცემის შესახებ, რომელიც საშემოსავლო გადასახადის დარიცხვით შეადგენდა 32 800 ლარს. მა-------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აღნიშნული მოთხოვნა განსახილველად გადასცა მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიას. მოპასუხის 2019 წლის 1 აპრილის წერილით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე თე-----------------ვი ითხოვს მოპასუხეს მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს სახელფასო დავალიანების 32 800 ლარის მის სასარგებლოდ ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელე თე-----------------ვს უფლებამოსილება შეუჩერდა კანონით დადგენილი წესით 2018 წლის 13 ივნისიდან. მერის უფლებამოსილება კი პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა 2019 წლის 13 თებერვლიდან ისე, რომ 2018 წლის 13 ივნისიდან - უფლებამოსილების შეწყვეტამდე პერიოდში მისი თანამდებობაზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 56-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ პუნქტის შესაბამისად, მერისათვის შეფარდებული პატიმრობის გაუქმებისას, მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების აღდგენის შემთხვევაში ხორციელდება განაცდური ხელფასის გაცემა, ხოლო ამავე მუხლის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებულია მდგომარეობა, როდესაც მერის მთლიანი უფლებამოსილების ვადა არის გასული და მხოლოდ აღნიშნულ შემთხვევაში მისი უფლებამოსილების აღდგენის გარეშე მიეცემა შესაბამისი განაცდური, რა მოცულობაც განსახილველ შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების დღის მდგომარეობით სახეზე არ იყო.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განცხადების ავტორს ეცნობა, რომ მა-------–ის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის თე-----------------ვის განცხადება მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების საფუძველზე ვერ იქნებოდა დაკმაყოფილებული. ვინაიდან აღნიშნული საკითხის მარეგულირებელი ნორმების დეფინიციით იმპერატიულადაა დადგენილი გარემოებები აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის სახის გაუქმებისას, რა პირობების დადგომის შემთხვევაში უნდა მიეცეს განაცდური ხელფასი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელე 2017 წლიდან 2019 წლის 14 თებერვლამდე ახორციელებდა მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილებას. თე-----------------ვს 2018 წლის 14 ივნისს N031110618001 სისხლის სამართლის საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე (ს.ფ.14-23 )
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 7.10.2019 სასამართლო სხდომის ოქმი ს.ფ.73-79 )
3.2. 2018 წლის 13 დეკემბრის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით თე-----------------ვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეიცვალა გირაოს გამოყენებით, რის შედეგადაც თე-----------------ვი გათავისუფლდა პატიმრობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 13 დეკემბრის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინება (ს.ფ.26-30 )
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 7.10.2019 სასამართლო სხდომის ოქმი ს.ფ.73-79)
3.3. პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ თე-----------------ვმა მიმართა მა-------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერის უფლებამოსილების აღდგენის მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 28 იანვრის თეიმურაზ ზბაზოვის განცხადება (ს.ფ.31-32)
3.4. 2019 წლის 12 თებერვალს თე-----------------ვმა განცხადებით მიმართა მა-------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ითხოვა მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების მოხსნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 12 თებერვლის განცხადება (ს.ფ.33 )
- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ. 7.10.2019 სასამართლო სხდომის ოქმი ს.ფ.73-79)
3.5. 2019 წლის 14 თებერვალს, მა-------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის N4 ოქმის თანახმად, თე-----------------ვს მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილება შეუწყდა 2019 წლის 13 თებერვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 14 თებერვლის მა-------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის N4 ოქმი; (ს.ფ.35-36 )
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 7.10.2019 სასამართლო სხდომის ოქმი ს.ფ.73-79)
3.6. 2019 წლის 14 მარტს, თე-----------------ვმა განცხადებით მიმართა მა-------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ვინაიდან მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცალა გირაოს გამოყენებით, მოითხოვა მისი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში განაცდური ხელფასის ანაზღაურება. 2019 წლის 1 აპრილის წერილით მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 1 აპრილის წერილი (ს.ფ.37-38 )
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 7.10.2019 სასამართლო სხდომის ოქმი ს.ფ.73-79)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თე-----------------ვის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
6.2. ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ი“ პუნქტის თანახმად, პოლიტიკური თანამდებობის პირი არის - სახელმწიფო რწმუნებული, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილე;
,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირსა და პოლიტიკური თანამდებობის პირზე;
საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე თე-----------------ვი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ასრულებდა მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილებას და ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის გათვალისწინებით, ის წარმოადგენს პოლიტიკური თანამდებობის პირს, შესაბამისად მის მიმართ ვერ გავრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონი და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, მერის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია: სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მერის უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება შესაბამისად პატიმრობის ვადით ან ადმინისტრაციული პატიმრობის მოქმედების ვადით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადით, შვებულების ვადითა და დროებითი შრომისუუნარობის ვადით, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საარჩევნო კომისიის მიერ კანდიდატად რეგისტრაციიდან შესაბამისი არჩევნების შედეგების შეჯამებამდე ვადით.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ფაქტების შესახებ ინფორმაციას, გარდა მე-2 პუნქტის „ზ“–„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მუნიციპალიტეტის საკრებულო ცნობად იღებს და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით. მერს უფლებამოსილება უჩერდება/უწყდება შესაბამისი ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. მერი პირადი განცხადებით უფლებამოსილებას იხსნის საკრებულოს წინაშე. ასეთ შემთხვევაში მერს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან. თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხზე გადაწყვეტილებას საკრებულო იღებს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ივნისის რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით თე-----------------ვს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, ხოლო 2018 წლის 13 ივნისიდან შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ პუნქტის თანახმად, მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში: მერს აღუდგება მერის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის მისი უფლებამოსილების ვადა და მიეცემა განაცდური ხელფასი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დადგენილია, რომ 2018 წლის 13 დეკემბრის რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით თე-----------------ვის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის N10/ა-161-18 განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეიცვალა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი.
თე-----------------ვმა განცხადებით მიმართა მა-------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეჩერების გაუქმების თაობაზე. აღნიშნულის შემდეგ 2019 წლის 12 თებერვალს თე-----------------ვმა მიმართა მა-------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირადი განცხადებით უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე. 2019 წლის 14 თებერვალს, მა-------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, თე-----------------ვს მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილება შეუწყდა 2019 წლის 13 თებერვალს.
6.5. ადმინისტრაციული ორგანოს, მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოქმედების განუხორციელებლობა (მერის უფლებამოსილების აღდგენაზე უარი და მოსარჩელის განაცდური ხელფასის ანაზღაურება) პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას სარჩელის დასაშვებობასთან მიმართებით.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ მის მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გირაოს სახით შეცვლის შემდეგ, მიმართა მა-------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერის უფლებამოსილების აღდგენის მოთხოვნით. მა-------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის მერის უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე. შესაბამისად მოსარჩელეს მოპასუხის (ადმინისტრაციული ორგანოს) მიერ ქმედების განუხორციელებლობის გამო მიადგა ზიანი.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ პუნქტის თანახმად, მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში: მერს აღუდგება მერის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის მისი უფლებამოსილების ვადა და მიეცემა განაცდური ხელფასი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დადგენილია, რომ მოსარჩელე თე-----------------ვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 2018 წლის 13 დეკემბერს შეიცვალა გირაოს გამოყენებით. აღნიშნული პერიოდისათვის თე-----------------ვის მერის უფლებამოსილების ვადა გასული არ იყო, მან მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე, რომელმაც აღნიშნულთან დაკავშირებით არ განახორციელა ქმედება. ვინაიდან ზემოთდასახელებული კანონის ნორმა იმპერატიულად ადგენს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში მერის უფლებამოსილების აღდგენას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განუხორციელებლობით მოსარჩელეს მიადგა ზიანი, მიუღებელი სახელფასო ანაზღაურების სახით. მხარეებს შორის სადავოდ არ ყოფილა გამხდარი მერის უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში განაცდური ხელფასის ოდენობა (32 800 ლარი).
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე - მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს მოსარჩელე თე-----------------ვის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის (უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში) ანაზღაურება 32 800 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ხოლო მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 24-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თე-----------------ვის სარჩელი მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. მა-------–ის მუნიციპალიტეტის მერიას თე-----------------ვის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების 32 800 ლარის ანაზღაურება.
3. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
4. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის №7ა) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ბოლნისი, სულხან-საბას №113) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: პაატა ფხალაძე