გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.10.2019
საქმის ნომერი
160210019003004161
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
24.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 160210019003004161

№2/398-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი: მა-------–--–-–--ლი

მოპასუხე: სა---–----------ი

წარმომადგენელი: მუ-----------–--ნი

დავის საგანი: ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე სა---–----------ს მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდა ჯამში 6564.25 ლარის ოდენობით, საიდანაც საიჯარო ქირის თანხაა 4526.85 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 2037.40 ლარი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სა---–----------ს შორის 2015 წლის 6 აგვისტოს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სა---–----------ს სარგებლობაში გადაეცა მარ-----–ში, სოფელ მეორე ქე---–--ში მდებარე 11189 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 83.06.16.3--. ზემოაღნიშნული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი სარგებლობის უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებდა გადაცემული მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის ყოველწლიური საიჯარო ქირის 4183 ლარის, ყოველი წლის 31 დეკემბრამდე, გადახდის ვალდებულებას, ხოლო მისი გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი საიჯარო ქირისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების, მათ შორის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, არ შესრულებულა. სა---–----------ს არაერთხელ გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილი ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, თუმცა უშედეგოდ.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 სექტემბრის N1/6-490 ბრძანებით შეწყდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სა---–----------ს შორის 2015 წლის 06 აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება. შესაბამისად, გაუქმდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოპასუხის სარგებლობის უფლება დასახელებულ მიწის ნაკვეთზე.

 

იჯარის ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით გათვალისწინებული იქნა მოიჯარის ვალდებულება გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისათვის წარედგინა ინფორმაცია ხელშეკრულების დანართი N2-ის შესაბამისად. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს აღნიშნული ვალდებულება 2015-2016 წლებში არ შეუსრულებია, რის გამოც მას ეკისრება ამავე ხელშეკრულების 6.3 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 1000 ლარის ოდენობით (500+500).

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 სექტემბრის N1/6-490 ბრძანებით განისაზღვრა სა---–----------ის მიერ გადასახდელი საიჯარო ქორისა და პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც შეადგენს 4526.85 ლარს, შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება საიჯარო ქირის დავალიანებისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება შემდეგი ოდენობით: 1) საიჯარო ქირა - 4526.85 ლარის ოდენობით. 2) პირგასამტეხლო 1037.40 და 1000 ლარის ოდენობით, სულ ჯამში 6564.25 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. პირველ ფაქტობრივ გარემოებას დაეთანხმა და განმარტა, რომ 2015 წლის 6 აგვისტოს აუქციონზე გამარჯვების შედეგად მას გადაეცა მარ-----–ში, სოფელ მეორე ქე---–--ში მდებარე 11189 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 83.06.16.3--, რომელიც მოსარჩელის განმარტებით იყო უნაკლო. მეორე ფაქტობრივ გარემოებას ნაწილობრივ დაეთანხმა და მიუთითა, რომ მას ქონება უნდა გადასცემოდა თავისუფალ და უნაკლო მდგომარეობაში, რის შემდეგაც წარმოეშობოდა გადახდის ვალდებულება. მოპასუხის მითითებით, მან 2015 წლის ნოემბრის თვეში აღმოაჩინა, რომ იჯარით აღებული უძრავი ქონების დიდი ნაწილი მითვისებული ჰქონდათ სხვადასხვა პირებს, კერძოდ: ბა---------------ვს 3000 კვ.მ. , ნა--------------ვს 2000 კვ.მ. , ნა------–---ს - 3000 კვ.მ და ნა--------–--ვს 1100 კვ.მ, რის გამოც მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას დანიშნულებისამებრ ესარგებლა თავისი მიწის ნაკვეთით. მოპასუხის განმარტებით, მან ერთი წლის საიჯარო ქირა გადაიხადა წინასწარ, ასევე მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ნაკლის გამოსწორების მოთხოვნით და იმედოვნებდა, რომ მისი მხრიდან აღმოფხვრილი იქნებოდა აღნიშნული და მომდევნო წელს შეძლებდა მიწის ნაკვეთით სრულყოფილად სარგებლობას. მოსარჩელის მხრიდან ნაკლი არ იქნა გამოსწორებული და ამ პერიოდში ზემოაღნიშნულმა ფიზიკურმა პირებმა დაიწყეს ღობეებისა და სახლის აშენება. მოპასუხის განმარტებით, მან მიმართა ფინანსურ პოლიციას, სადაც მიმდინარეობს ძიება, ასევე მიმართა იმ პირებს, თუმცა აღნიშნულ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ მოსარჩელემ თვითონ დაარღვია საიჯარო ხელშეკრულების პირობები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სა---–----------ს შორის 2015 წლის 6 აგვისტოს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სა---–----------ს სარგებლობაში გადაეცა მარ-----–ში, სოფელ მეორე ქე---–--ში მდებარე 11189 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 83.06.16.3--. იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი სარგებლობის უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 06.08.2015 წლის იჯარის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 14-21);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1,ს.ფ. 25-26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

3.1.2. 2015 წლის 6 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულება ითვალისწინებდა გადაცემული მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის ყოველწლიური საიჯარო ქირის 4183 ლარის, ყოველი წლის 31 დეკემბრამდე, გადახდის ვალდებულებას, ხოლო მისი გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 06.08.2015 წლის იჯარის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 14-21);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

3.1.3. სა---–----------ს არ აქვს გადახდილი 2016-2017 წლის საიჯარო ქირა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 04.09.2017 წლის N10/44992 წერილი, 14.03.2018 წლის N10/14529 წერილი (ტ.1, ს.ფ. 27-30);

-მარეთა ახსნა-განმარტებები (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

3.1.4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 სექტემბრის N1/6-490 ბრძანებით შეწყდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სა---–----------ს შორის 2015 წლის 06 აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება. შესაბამისად, გაუქმდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოპასუხის სარგებლობის უფლება მიწის ნაკვეთზე, ს/კ 83.06.16.3--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 04.09.2017 წლის N1/6-490 ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 31-32);

 

3.1.5. 2015 წლის 9 ნოემბერს 93020/05 განცხადებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართა სა---–----------მა ს/კ 83.06.16.3-- მიწის ნაკვეთზე განხორციელებული უკანონო მშენებლობის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 09.12.2015 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 14);

-მხარეთა ახსნა-განმარტებები (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს ხელშეკრულების საფუძველზე სა---–----------ს გადაეცა თუ არა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი. მოპასუხე უთითებს, რომ მას მოსარჩელისაგან გადაეცა ნაკლიანი ნივთი, ვინაიდან მიწის ნაკვეთს უკანონოდ ფლობდნენ სხვა პირები. მოსარჩელე საპასუხოდ უთითებს, რომ მან მოიჯარეს ქონება გადასცა უნაკლო მდგომარეობაში და თუ შემდეგში ნივთზე განხორციელდა არაკეთილსინდისიერი მფლობელობა, მოპასუხეს შეეძლო კანონით დადგენილი წესით მოეთხოვა ქონების გამოთხოვა უკანონო მფლობელობიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის თანახმად, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი თანაბრად ნაწილდება, მოსარჩელეს ევალება სარჩელში მითითებული გარემოებების დასაბუთება, მოთხოვნის არსებობის ფაქტის დადასტურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს სარჩელის საწინააღმდეგო ფაქტები, ისეთი გარემოებების არსებობა, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით აღნიშნა, რომ მას მოსარჩელისაგან გადაეცა ნაკლიანი ნივთი.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება დაიდო 2015 წლის 6 აგვისტოს. მოპასუხის მითითებით, მან ნოემბრის თვეში შეიტყო, რომ იჯარის ხელშეკრულების საგანს უნებართვოდ ფლობდნენ სხვა პირები. მოპასუხემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოპასუხემ 2015 წლის 9 ნოემბერს მიმართა მოსარჩელე ორგანიზაციას- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საიჯარო ქონებაზე უკანონო მშენებლობის შესახებ. სასამართლოში წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 მარტის წერილი სა---–----------ის მიმართ, რომელშიც მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სა---–----------ის 2015 წლის 11 ნოემბრის N 93200/ფ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მომსახურების ცენტრის მიერ ჩატარდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მარ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2015 წლის 14 აგვისტოს მოქალაქე ფა----------------ვი დაჯარიმებულია სახლის უნებართვო მშენებლობისათვის.

 

მოპასუხე სა---–----------ის განმარტებით, ფა----------------ვს უნებართვოდ აქვს დაკავებული საიჯარო ქონებიდან 3000 კვმ. აღნიშნულ გარემოებას სადავოდ არ ხდის მოსარჩელე მხარე, მაგრამ აღნიშნავს, რომ ფა----------------ვმა საიჯარო ქონების ნაწილი დაიკავა ქონების სა---–----------ისათის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე იყო ვალდებული დაეცვა ქონება ნებისმიერი სხვა პირის უკანონო მოქმედებებისაგან.

 

მოპასუხის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რომ იჯარის ხელშეკრულების დადების დროისათვის მოიჯარის მხრიდან არსებობდა რაიმე პრეტენზია, რაც დაადასტურებდა ნივთის ნაკლს, შესაბამისად დაადასტურებდა მოიჯარისათვის ნაკლიანი ნივთის გადაცემის ფაქტს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მხარეების სამართლებრივი მოსაზრებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 159-ე, 161-ე, 581-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 533-ე, 535-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება. შესაბამისად აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 533-ე მუხლის თანახმად, გამქირავებელმა უნდა გადასცეს დამქირავებელს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 535-ე მუხლის თანახმად, გაქირავებული ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ მას აქვს დათქმული თვისებები. თუ ეს თვისებები არ არის დათქმული, მაშინ გაქირავებული ნივთი მიიჩნევა უნაკლოდ, თუ იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 6 აგვისტოს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სა---–----------ს სარგებლობაში გადაეცა 11189 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 83.06.16.3--. აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებდა გადაცემული მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის ყოველწლიური საიჯარო ქირის 4183 ლარის, ყოველი წლის 31 დეკემბრამდე, გადახდის ვალდებულებას, ხოლო მისი გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სა---–----------ს მეიჯარის მიერ გადაეცა ნაკლიანი ნივთი. თავად სა---–----------ი განმარტავს, რომ მან 2015 წლის ნოემბერში აღმოაჩინა, რომ იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთის ნაწილი დაკავებული ჰქონდა სხვა პირებს. მას ხელშეკრულების დადებისას მეიჯარისათის პრეტენზია არ განუცხადებია, რომელიც დაადასტურებდა გადაცემული ქონების ნაკლს. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუ საიჯარო ქონებას ჰქონდა ნაკლი ხელშეკრულების დადებისას, მოიჯარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა აღმოეჩინა აღნიშნული ნაკლი და განეცხადებინა პრეტენზია მეიჯარისათვის, რაც მისი მხრიდან არ მომხდარა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს ნაკლიანი ნივთის გადაცემის მტკიცება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სა---–----------ი წარმოადგენდა უძრავი ქონების ს/კ 83.06.16.3-- კეთილსინდისიერ მფლობელს.

 

სა---–----------ის განმარტებით, მან 2015 წლის ნოემბერში, იჯარის ხელშეკრულების დადებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ გაიგო რომ მიწის ნაკვეთს არამართლზომიერად ფლობდნენ სხვა პირები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ მოიჯარეს მეიჯარის მიერ გადაეცა ნაკლიანი საიჯარო ქონება. დადგენილია, რომ მოიჯარეს გადახდილი არ აქვს საიჯარო ქირა 4526.85 ლარის ოდენობით. ამდენად, სა---–----------ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საიჯარო ქირის 4526.85 ლარის გადახდა.

 

6.3. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათის პირგასამტეხლოს სახით 2037.40 ლარის დაკისრებას.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმებილი იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

დადგენილია, რომ იჯარის ხელშეკრულება მოქმედებდა 2015 წლის 6 აგვისტოდან 2017 წლის 4 სექტემბრამდე. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეს არ აქვს გადახდილი საიჯარო ქირის თანხა 4526.85 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არის შეთანხმება, რომლის საგანია მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ვალდებულების კისრება.

 

პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით აიძულოს ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალიწინებით კონკრეტული საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინება საქმე №ას-318-301-2017), პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება, რადგან შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა". საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016)

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებების, გადაუხდელი საიჯარო ქირის მოცულობის, ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 500 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე სა---–----------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150. 80 ლარის ოდენობით, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე სა---–----------ს მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ქირის დავალიანების 4526.87 ლარის და პირგასამტეხლოს 500 ლარის გადახდა;

 

3. მოპასუხე სა---–----------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 150.80 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე