გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.10.2019
საქმის ნომერი
080210016001291027
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/505-16წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 ოქტომბერი , 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მ--–--------------

სხდომის მდივანი - ნ--------------ე

მოსარჩელე - მ--------------–--ე

წარმომადგენელი - ნ-------------

მოპასუხე - მზია მ-------–--ე

წარმომადგენელი - ი-------–-------

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა. ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. მოპასუხე მზია მ-------–--ის მიერ, აწ. გარდაცვლილი ი-----–--ა მ-------–--ის ქონებაზე, მდებარე ტ------–-ს რაიონი სოფ ო------ში აღდგენილი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მ--------------–--ეზე, როგორც ანდერძისმიერ მეკვიდრეზე, უძრავი ქონების, მდებარე ტ------–-ს რაიონი სოფ. ო------ში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების 176-301,71 კვ.მ; 238-1900,8 კვ.მ; ეზო რომელშიც დგას სახლი ნაკვეთით 669-500 კვ.მ საცხოვრებელი სახლის ფართით 135,44 კვ.მ გადაცემა.

 

1.1. დავის არსი:

 

გარდაცვლილი ი-----–--ა მ-------–--ე, რომელიც ცხოვრობდა მარტო, იყო მ--------------–--ის ნათესავი, მას მატერიალურად და ფიზიკურად ფაქტიურ მზრუნველობას უწევდა მ--------------–--ე. ავადმყოფობის პერიოდში მას უტარებდა გამოკვლევებს და აწვდიდა მედიკამენტებს. მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, რის გამოც, ი-----–--ა მ-------–--ემ მისივე სიცოცხლეშივე გადაწყვიტა, რომ თავისი ქონება ემართა მ--------------–--ეს, რის გამოც მისცა რწმუნებულება, ხოლო როდესაც მძიმე ავადმყოფი გახდა და შეიგრძნო, რომ უკურნებელი სენით იყო დაავადებული, შეადგინა ანდერძი და მისი უძრავ-მოძრავი ქონება დაუტოვა მ--------------–--ეს, რადგან სხვა მზრუნველი მას არ ჰყოლია. 2014 წლის 21 აპრილს იგი გარდაიცვალა, რომლის დაკრძალვის და საფლავის მოწყობის ხარჯები გაიღო მ--------------–--ემ.

 

მ--------------–--ემ როდესაც გადაწყვიტა ანდერძისმიერი მემკვიდრეობის აღდგენა და აღნიშნულის დარეგისტრირება საჯარო რეესტრში, აღმოჩნდა, რომ აწ. გარდაცვილი ი-----–--ა მ-------–--ის სამკვიდრო მიუღია და საკუთრებაში დაურეგისტრირებია მზია მ-------–--ეს, ი-----–--ა მ-------–--ის ძმის შვილს, რომელიც საერთოდ არ იჩენდა მზრუნველობას მამიდის მიმართ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ შსაგებელით სარჩელი არ ცნო.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აწ. გარდაცვლილი ი-----–--ა მ-------–--ე იყო მზია მ-------–--ის მამიდა, იგი არ იყო დაქორწინებული და რადგან მათ მამა ადრე გარდაეცვალათ, ფაქტიურად მამის ოჯახში, ბებია-ბაბუასთან და მამიდასთან გაიზარდნენ. შეიძლება ითქვას, რომ მამიდამ ისინი შვილივით გაზარდა. ოჯახში ამბობდნენ რომ ყველაფერი ობოლი ბავშვების იყო. მამიდა პედაგოგი იყო და სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა. ამიტომ არავის მოვლა და დახმარება არ სჭირდებოდა. გარდაცვალებამდე დაახლოებით ექვსი თვით ადრე აღმოაჩნდა სიმსივნე, გაიკეთა ოპერაცია და მხოლოდ ბოლოს რამოდენიმე კვირა იყო მოსავლელი. ამ დროს მამიდას უვლიდა მოპასუხე მზია მ-------–--ე თავის დასთან ერთად.

 

მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, რომ ის წარმოადგენდა გარდაცვლილის კანონისმიერ მემკვიდრეს და სიცოცხლეში ზრუნავდა და უვლიდა ი-----–--ა მ-------–--ეს. გარდაცვალების შემდეგ კანონით დადგენილ ვადებში მიმართა ნოტარიუსს, რომელმაც გარდაცვლილის მთელ ქონებაზე აღიდგინა მემკვიდრეობა კანონის შესაბამისად. არავითარი ანდერძი ი-----–--ა მ-------–--ის მიერ შედგენილი არ ყოფილა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1.დადგენილია, რომ ი-----–--ა მ-------–--ე 1977 /10/11 წლიდან მუშაობდა სსიპ ტ------–-ს მუნიციპალტეტის სოფელ ო------ის საჯარო სკოლაში მათემატიკის პედაგოგად. შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2014 წლის 28/04 გარდაცვალების გამო.

მტკიცებულება: სსიპ ტ------–-ს მუნიციპალტეტის სოფელ ო------ის საჯარო სკოლის დირექტორის წერილი. (ტ.1.ს.ფ.101).

 

3.1.2.დადგენილია, რომ 1997-2006 წლებში, ტ------–-ს მუნიციპალტეტის სოფელ ო------ში მდებარე კომლის ერთადერთი წევრია მ-------–--ე ი-----–--ა ივანეს ასული.

მტკიცებულება: საარქივო ცნობა (ტ.1.ს.ფ.103).

 

3.1.3. დადგენილია, რომ ი-----–--ა მ-------–--ე გარდაიცვალა 2014 წლის 21 აპრილს.

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება; სამკვიდრო მოწმობა; (ტ.1.ს.ფ.16-17).

 

3.1.4. დადგენილია, რომ ი-----–--ა მ-------–--ე მკურნალობდა ქუთაისის ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში.

მტკიცებულება: ცნობა; პაციენტის სამედიცინო ბარათი (ტ.1.ს.ფ.66-77).

 

3.1.5. საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 16 აპრილის N 140375965 მინდობილობით, დადგენილია, რომ ი-----–--ა მ-------–--ემ ქონების მის სახელზე რეგისტრაციის უფლება მიანიჭა მ--------------–--ეს. იმავე მინდობილობით, ქონების ი-----–--ა მ-------–--ის სახელზე რეგისტრაციის შემდეგ, მანანა მერკვიკლაძეს უფლება მიენიჭა იგივე ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაიფორმოს თავის სახელზე.

მტკიცებულება: 2014 წლის 16 აპრილის N 140375965 მინდობილობა. (ტ.1.ს.ფ.20).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. შინაურული ანდერძით დადგენილია, რომ ი-----–--ა მ-------–--ემ მისი ქონება ანდერძით გადასცა ბიძაშვილს, მ--------------–--ეს.

მტკიცებულება: ანდერძი (ტ.1.ს.ფ.15).

 

3.2.2. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 ივნისის N50039475518 დასკვნით დადგენილია, რომ - შინაურული ანდერძის ხელნაწერი ტექსტი და ხელმოწერა ტექსტის სახით (ი.მ-------–--ე) 21.04.14 წლის თარიღით, სავარაუდოა, რომ შესრულებულია ი-----–--ა მ-------–--ის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა, წარმოდგენილი ხელნაწერის ნიმუშების ვარიაციულობის, გამოსაკვლელვი ხელმოწერის მარტივი აგებულების და ხელმოწერის ნიმუშების სიმცირის გამო (შედარებითი კვლევისათვის წარმოდგენილი იყო ი-----–--ა მ-------–--ის ხელმოწერის მხოლოდ ერთი ნიმუში).

მტკიცებულება: ექსპერტის დასკვნა (ტ.1.ს.ფ.120-128).

 

3.2.3. დადგენილია, რომ ი-----–--ა მ-------–--ე 2014 წლის 21 აპრილს 11.35 საათზე შეყვანილი იქნა ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რომელიც გარდაიცვალა იმავე დღის 16.58 საათზე.

ანდერძი საავადმყოფოში არ შედგენილა.

მტკიცებულება: ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალის დირექტორის პასუხი (ტ.1.ს.ფ.95).

 

3.2.4. დადგენილია, რომ ი-----–--ა მ-------–--ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეობა აღიდგინა მისმა ძმის შვილმა, მოპასუხე - მზია მ-------–--ემ.

მტკიცებულება: სამკვიდრო მოწმობა (ტ.1.ს.ფ.16-17).

 

3.2.5. მოწმედ დაკითხულმა ნუნუ მ-------–--ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ტ------–-ს რაიონის სოფელ ო------ში და იცნობს მოდავე მხარეებს. კარგად იცნობდა ი-----–--ა მ-------–--ეს, რომელიც იყო პედაგოგი, ბავშვებს ამეცადინებდა მათემატიკაში. მ--------------–--ის მეუღლე არის ი-----–--ა მ-------–--ის ბიძაშვილი. ი-----–--ა ყველაფერს ეუბნებოდა, განაწყენებული იყო ძმისშვილებზე. სურდა ქონების სხვა პირისათვის ნათლულისათვის დატოვება. ი-----–--ამ გარდაცვალების დღეს დაურეკა ტელეფონზე და თხოვა მასთან მისვლა, იქ იმყოფებოდა მზია მ-------–--ე, რომლის შესახებ ი-----–--ამ უთხრა წავიდეს სახლშიო. ი-----–--ას ანდერძის შესახებ არ უთქვამს იმ დღეს. უთხრა, რომ ოქროს ნივთები ჩაებარებინა მ--------------–--ისთვის, რაც შესარულა, ხოლო თანხა გადასცა მზია მ-------–--ეს. იმავე დღეს ი-----–--ასთან მივიდა მ--------------–--ის და, მადონა ვაშაკიძე.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

3.2.6. მოწმედ დაკითხუულმა შორენა ბერეჩიკიძემ განმარტა, რომ ცხოვრობს ტ------–-ს რაიონის სოფელ ო------ში და იცნობს მოდავე მხარეებს. ი-----–--ა მ-------–--ეს ეხმარებოდა საოჯახო საქმეებში, უვლიდა პირუტყვს და ყოველთვიურად 150 ლარს აძლევდა მ--------------–--ე.

მზია მ-------–--ე ნამდვილად დადიოდა ი-----–--ასთან. ზოგჯერ კამათობდნენ.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.7. მოწმედ დაკითხულმა მადონა ვაშაკიძემ განმარტა, რომ არის პედაგოგი და ცხოვრობს ქ. ქუთაისში, მისი და არის მოსარჩელე მ--------------–--ე. მათ ქუთაისში სტუმრობდათ ი-----–--ა მ-------–--ე, რომელიც იყო მათი ნათესავი. 2014 წლის 21 აპრილს დაურეკა ი-----–--ამ და თხოვა ტ------–-ს რაიონის სოფ. ო------ში ჩასვლა. იყო აღელვებული. ჩასვლისას გადასცა მ--------------–--ის სახელზე შედგენილი ანდერძი, რომელსაც თვითონაც მოაწერა ხელი.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

3.2.8. მოწმედ დაკითხულმა იამზე მორჩაძემ განმარტა, რომ 1984 წლიდან ცხოვრობს იმავე ქუჩაზე ტ------–-ს რაიონის სოფ. ო------ში, სადაც ცხოვრობდა ი-----–--ა მ-------–--ე. მას იქ არ უნახავს მ--------------–--ე. ი-----–--ა მ-------–--ის ოპერაციის დროს მზია მ-------–--ე იყო მის ოჯახში. გარდაცვალების დღის წინა ღამეს, მზიამ ღამე უთია ი-----–--ა მ-------–--ეს. დილით წავიდა, ხოლო ი-----–--ა მ-------–--ე საავადმყოფოში გარდაიცვალა მეორე დღით - 21 აპრილს.

იცოდა, რომ ი-----–--ა მ-------–--ის მემკვიდრე იყო მზია მ-------–--ე და ქონებაც მას უნდა დარჩენოდა.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.9. მოწმედ დაკითხულმა თეიმურაზ მორჩაძემ განმარტა, რომ ცხოვრობს ტ------–-ს რაიონის სოფელ ო------ში. იცნობს მზია მ-------–--ეს, რომელიც ზრუნავდა ი-----–--ა მ-------–--ეზე. თავის მხრივ, ი-----–--ა უხდიდა საოჯახო საქმეებში დახმარებისათვის თანხას შორენა ბერეჩიკიძეს.

მოწმის განმარტებით, ფსიქიატრიული აშლილობის გამო, ი-----–--ა მ-------–--ე ხანდახან აგრესიული იყო ბიძაშვილების მიმართ. ი-----–--ა მ-------–--ის სასაფლაო გააკეთა მ--------------–--ემ. მოწმის განმარტებით, ანდერძის შესახებ არ იცის.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

3.2.10. სასამართლო აღნიშნავს - საქართველოს კონსტიტუციის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, მე-4 მუხლის, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას.

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

შესაბამისად, დავის მონაწილე მხარეთა მიზანს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება, რომლებზეც ისინი თავის პოზიციას აფუძნებენ, ვინაიდან სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.

 

,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--------------–--ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

5.1. საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე,1336-ე, 1319-ე, 1320-ე, 1421-ე, 1424-ე, 1452-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-103, 105-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებელის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. იმავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;

 

- ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1344-ე მუხლის მიხედვით, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მამკვიდრებელს აქვს მემკვიდრის თავისუფლად არჩევის უფლება. მას შეუძლია გარდაცვალების შემთხვევისათვის თავისი ქონება დაუტოვოს არა მხოლოდ მემკვიდრეთა წრიდან რომელიმეს, არამედ გარეშე პირებსაც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1357-ე მუხლის თანახმად, ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე.

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1362-ე მუხლის მიხედვით, ანდერძის მოწმეები არ შეიძლება იყვნენ: არასრულწლოვანები, ქმედუუნაროდ აღიარებული პირები, ანდერძით მემკვიდრე და მისი ნათესავები დამავალი და აღმავალი ხაზით, დები, ძმები, მეუღლე და საანდერძო დანაკისრის მიმღები (ლეგატარი).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1364-ე მუხლის მიხედვით, მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას.

6... სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება – ეს არის ნებითი მოქმედება, რომლითაც მემკვიდრე გამოხატავს თანხმობას, მიიღოს მამკვიდრებელის კუთვნილი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და თავისი ბუნებით წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მემკვიდრის თანხმობის გარეშე და მისი ნების საწინააღმდეგოდ იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამკვიდროს მიმღებ პირად. იმისათვის, რომ სამკვიდროს მიღება იყოს ნამდვილი და წარმოშობდეს მემკვიდრეთა უფლებებს სამკვიდროზე, იგი, როგორც ყველა სხვა გარიგება, უნდა პასუხობდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. იმავე კოდექსის 1424-ე მუხლი კი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას, რომლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

6.8. წინამდებარე შემთხვევაში, სარჩელის საფუძველია ე.წ. შინაურული ანდერძი. საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 ივნისის N50039475518 დასკვნით დადგენილია, რომ შინაურული ანდერძის ხელნაწერი ტექსტი და ხელმოწერა ტექსტის სახით (ი.მ-------–--ე) 21.04.14 წლის თარიღით, სავარაუდოა, რომ შესრულებულია ი-----–--ა მ-------–--ის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა, წარმოდგენილი ხელნაწერის ნიმუშების ვარიაციულობის, გამოსაკვლელვი ხელმოწერის მარტივი აგებულების და ხელმოწერის ნიმუშების სიმცირის გამო (შედარებითი კვლევისათვის წარმოდგენილი იყო ი-----–--ა მ-------–--ის ხელმოწერის მხოლოდ ერთი ნიმუში) (ტ.1.ს.ფ.120-128).

 

ამდენად, ძირითადი მტკიცებულება, რასაც ემყარება სარჩელი, წარმოადგენს სავარაუდო მტკიცებულებას. ექსპერტის განმარტება არ არის დამაჯერებელი და სარწმუნო, რაც ვერ გახდება კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საქმეში, არსებული ე.წ. შინაურული ანდერძის კვლევა-შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ 2014 წლის 16 აპრილის N 140375965 მინდობილობის ჩანაწერს, რომელიც გამოხატავს მარწმუნებლის ნებას. კერძოდ, 2014 წლის 16 აპრილის N 140375965 მინდობილობით დადგენილია, რომ ი-----–--ა მ-------–--ემ ქონების მის სახელზე რეგისტრაციის უფლება მიანიჭა მ--------------–--ეს. იმავე მინდობილობით, ქონების ი-----–--ა მ-------–--ის სახელზე რეგისტრაციის შემდეგ, მ--------------–--ეს უფლება მიენიჭა იგივე ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაიფორმოს თავის სახელზე (ტ.1.ს.ფ.20). მითითებული მტკიცებულების სამართლებრივი ანალიზით სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–--ა მ-------–--ეს სურდა მის სახელზე რეგისტრირებული ქონების გაყიდვა და არ გამოუთქვამს ნოტარიული წესით ანდერძის შედგენის სურვილი, თუმც მისთვის ცნობილი იყო ნოტარიულად დადასტურებული გარიგების (ნების გამოხატვის) მნიშვნელობა.

 

-სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოება ცხადია არ გამორიცხავს პირის მიერ შინაურული ანდერძის შედგენას. სსკ-ის 1345-ე მუხლით, მოანდერძე შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება, 1346-ე მუხლით, ანდერძი უნდა შეადგინოს პირადად მოანდერძემ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ანდერძი, რომელიც თავისი ხელით დაწერა მოანდერძემ და ხელი მოაწერა, სრული იურიდიული ძალის მქონეა მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიუსის მიერ დადასტურებული არ არის. სსკ-ის 1365-ე მუხლის თანახმად, შინაურული ანდერძი, როგორც წესი, ინახება მოანდერძესთან და მისი სამართლებრივი შედეგების დადგომა უკავშირდება მის გარდაცვალებას. მოანდერძეს შეუძლია და არ არის ვალდებული, რომ ანდერძი შესანახად გადასცეს ნოტარიუსს, რომლის მიზანია იმ საფრთხეების თავიდან აცილება, რაც უკავშირდება ანდერძის დაკარგვას, დოკუმენტის გაფუჭებას და ა.შ.

შინაურული ანდერძის ნამდვილობის სადავოობისას სასამართლოს კვლევის საგანს ანდერძის მამკვიდრებლის მიერ შედგენა, მის მიერ ანდერძზე ხელმოწერა და დათარიღება წარმოადგენს.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ექსპერტის დასკვნა არ არის კატეგორიული და იგი სავარაუდო ძალის მქონე მტკიცებულებაა. გარდა ამისა, წარმოდგენილ სადავო ანდერძს ასევე ხელს აწერს (ნამდვილობას ადასტურებს) მადონა ვაშაკიძე, რომელიც არის მოსარჩელე მ--------------–--ის და, რომელიც ცახადია არის საქმის შედეგით დაინტერესებული პირი (შინაურულ ანდერძზე დამსწრე პირის ხელმოწერა სავალდებულო არაა). ასევე, მოსარჩელის ინიციატივით, მოწმის სახით დაკითხულმა ნუნუ მ-------–--ემ, რომელიც მეგობრობდა აწ. განსვენებულ ი-----–--ა მ-------–--ესთან ვერ გაიხსენა ი. მ-------–--ის მიერ მ--------------–--ის სახელზე ანდერძის შედგენის სურვილი. ანდერძი არ დაწრილა არც ი-----–--ა მ-------–--ის სიცოცხლის ბოლო საათებში საავადმყოფოში ყოფნისას. გარდა ამისა, სადავო ანდერძში ასახული არ არის სამკვიდრო ქონების ნაირსახეობა.

ასევე, უძრავ ქონებასთან მიმართებაში მოსარჩელის სასარგებლოდ მოანდერძე ი-----–--ა მ-------–--ის ნების გამოვლენა ცალსახად არ დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მტკიცებულებათა ინდივიდუალურად და ერთობლივად გამოკვლევის შედეგად ვერ დაადგინა მოანდერძე ი-----–--ა მ-------–--ის ნების უტყუარობა. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების - საკუთარი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით აწ. გარდაცვლილის ნების დადგენა - წარმოადგენს მოცემული დავის მთავარ გამოსაკვლევ ფაქტს, რადგან ანდერძი არის წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადგენს მოანდერძის ნებას.

6.9. სსს კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად - სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომელთა შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით. ანუ, სასამართლომ უნდა დაადგინოს ნორმაში მოყვანილი აბსტარქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი შემადგენლობის არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში თუ სარჩელის საფუძველი იქნება კანონით მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება, სახეზე გვყავს თანაბარი რიგის კანონით მემკვიდრეები.

 

როგორც არინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. იმავე კოდექსის 1424-ე მუხლი კი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას, რომლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეები ვალდებული არიან დაამტკიცონ გარემოებები, რომელზეც ისინი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნას და შესაგებელს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების თანახმად, დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებით დაძლევა ვერ შეძლო და სასამართლოს ვერ შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის მართლაც მამკვიდრებლის ერთადერთი ანდერძისმიერი მემკვიდრეა.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად - 1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით - სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მ--------------–--ის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 120 ლარი, ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხი:

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე 257-258-ე; 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. არ დაკმაყოფილდეს მ--------------–--ის სარჩელი დაუსაბუთებლობის გამო.

 

2. მ--------------–--ის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავს წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

ამ პირებმა გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მ--–--------------