გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 421210019003157532
N2/166-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07.11.2019 წ. ქ. ყვარელი
შესავალი ნაწილი
ყვარლის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი
მოსარჩელე - გი------ ზუ----–--ლი-;
მოპასუხე - 1. ნოტარიუსი - ნუ--- ფრ-–---–--ლი;
2. ნა--- ზუ----–--ლი;
დავის საგანი:სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოსარჩელე ითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი ნოტარიუს ნუ--- ფრ-–---–--ლის მიერ 2018 წლის 16 ივლისს გაცემული N1-------- სამკვიდრო მოწმობა ნა--- ზუ----–--ლის მიმართ.
მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხე ნა--- ზუ----–--ლი არის მისი და. მამკვიდრებელი იყო მათი მამა უშ---- ზუ----–--ლი, რომელიც გარდაიცვალა 2017 წლის 21 დეკემბერს და ამ დროიდან გაიხსნა სამკვიდრო, მაგრამ ვინაიდან მოპასუხე ნა--- ზუ----–--ლმა 2017 წლის 13 ივნისს ნოტარიალურად დამოწმებული ხელწერილით უარი თქვა მამის ქონებაზე, ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში, ამიტომ მან დაკარგა სამკვიდრო ქონებაზე უფლება და შესაბამისად ნოტარიუს ნუ--- ფრ-–---–--ლის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა ნა--- ზუ----–--ლის სახელზე N1--------, როგორც უშ---- ზუ----–--ლის მემკვიდრეზე არის ბათილი და ითხოვს ნოტარიუს ნუ--- ფრ-–---–--ლის მიერ 2918 წლის 16 ივლისს გაცემული N1-------- სამკვიდრო მოწმობის ნა--- ზუ----–--ლის მიმართ, ბათილობას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნოტაქრიუსმა ნუ--- ფრ-–---–--ლმა სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მოპასუხე ნა--- ზუ----–--ლის ხელწერილი, რომლითაც იგი ადასტურებს, რომ პრეტენზია არ ექნება მშობლების ქონებაზე, არ წარმოადგენს უარს სამკვიდროზე, იგი არის კერძო პირის ხელწერილი და მან როგორც ნოტარიუსმა დაამოწმა მხოლოდ ხელმოწერა, აღნიშნული ხელწერილი არ არის სამკვიდრო რეესტრში შეტანილი და ვერც იქნება, რადგან პირის სიცოცხლეში მის სამკვიდროზე რაიმე სახის ხელწერილი და ხელშეკრულება არის ბათილი გარიგება და არავითარ სამართლებრივ შედეგ არ წარმოშობს. მოპასუხემ მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2.2. მოპაუხე ნა--- ზუ----–--ლმა სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე არის მისი ძმა, მამკვიდრებელი იყო მამა. მას უარი არ უთქვამს მამის სამკვიდროზე, რადგან კანონის მიხედვით სამკვიდროზე უარის თქმა მამკვიდრებლის სიცოცხლეში დაუშვებელია და სამართლებრივ შედეგს ვერ იქონიებს, თანაც მან მოსარჩელის მხრიდან ზეწოლით დადო ხელწერილი და არა ხელშეკრულება, როგორც ამას სამოქალაქო კოდექსის 322-ე მუხლი მოითხოვს. მოპასუხემ მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე და მოპასუხე არიან და-ძმა.
3.1.2.მოსარჩელის და მოპასუხის მამა უშ---- ზუ----–--ლი გარდაიცვალა 2017 წლის 21 დეკემბერს.
3.1.3.მოსარჩელე და მოპასუხე ნა--- ზუ----–--ლი არის მამკვიდრებლის უშ---- ზუ----–--ლის შვილები;
მტკიცებულებები, რომელსაც სასამართლო ეყრდნობა: მხარეთა ახსნა-განმარტება; 2. უშ---- ზუ----–--ლის გარდაცვალების მოწმობა;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით მოსარჩელე ნა--- ზუ----–--ლმა 2017 წლის 13 ივნისს, სანოტარო წესით გამოხატა ნება და განაცხადა, რომ მშობლების ქონებაზე არ ექნება პრეტენზია.
3.2.2. ნოტარიუს ნუ--- ფრ-–---–--ლის მიერ 2018 წლის 16 ივლისს გაცემული იქნა N1-------- სამკვიდრო მოწმობა ნა--- ზუ----–--ლის მიმართ, მამკვიდრებლის უშ---- ზუ----–--ლის დანაშთი ქონების 1/2 ნაწილზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
საქმის მასალებიდან ნათლად იკვეთება, რომ მოპასუხე ნა--- ზუ----–--ლმა მამის დანაშთი ქონების 1/2 წილი მიიღო კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით.
საქმის მასალებით რაიმე გარემოება, რომელიც ხელს უშლიდა მოპასუხე ნა--- ზუ----–--ლს სამკვიდროს მიღებაში წარმოდგენილი მოსარჩელის მხრიდან არ ყოფილა. ასევე მოპასუხე ნოტარიუს ნუ--- ფრ-–---–--ლს სამკვიდრო მოწმობა გაცემული აქვს დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით. მოსარჩელის მხრიდან რაიმე გარემოება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების შესახებ წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის, დადგენილია საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით. ნორმის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე გი------ ზუ----–--ლის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 322-ე, 1446-ე,1451-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 322-ე მუხლის 1-ლი და 2-ე ნაწილების თანახმად: პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროს თაობაზე სხვა პირების მიერ დადებული ხელშეკრულება ბათილია. იგივე წესი გამოიყენება პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროდან გამომდინარე სავალდებულო წილის ან/და საანდერძო დანაკისრის შესახებ ხელშეკრულებათა მიმართ.
ამ მუხლის პირველი ნაწილის წესი არ გამოიყენება იმ ხელშეკრულების მიმართ, რომელიც იდება მომავალ კანონით მემკვიდრეებს შორის ერთ-ერთი მათგანის კანონით სამემკვიდრეო წილისა და სავალდებულო წილის თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება და მხარეებიც არ უარყოფენ მოსარჩელე და მოპასუხე არიან და-ძმა და შესაბამისად მამკვიდრებლის უშ---- ზუ----–--ლის პირველი რიგის, კანონისმიერი მემკვიდრეები. ასევე დადასტურდა, რომ მოსარჩელე ნა--- ზუ----–--ლმა 2017 წლის 13 ივნისს სანოტარო წესით გამოხატა ნება და განაცხადა, რომ პრტენზია არ ექნებოდა მშობლების ქონებაზე. ასევე დადასტურებულია, რომ მოპასუხე ნა--- ზუ----–--ლმა 2018 წლის 17 ივლისის N1-------- სანოტარო აქტის საფუძველზე მიიღო მამის 2017 წლის 21 დეკემბერს გარდაცვლილი უშ---- ზუ----–--ლის დანაშთი ქონების 1/2 ნაწილი, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ.
6.2. სასამართლო 322-ე მუხლის 2-ე ნაწილს განმარტავს შემდეგი სახით: მომავალ კანონით მემკვიდრეებს შეუძლიათ დადონ ხელშეკრულება ერთმანეთთან ერთ-ერთი მთგანის სამემკვიდრეო წილისა და სავალდებულო წილის თაობაზე, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება დაიდო, მაგალითად, მომავალ ქონებაზე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, მაგრამ ეს ხელშეკრულება დამოკიდებულია სამკვიდროს გახსნასა და ქონების მიღებაზე, ანუ სამკვიდრო ქონება უნდა არსებობდეს სამკვიდროს გახსნისას და იგი უნდა იქნას მიღებული მემკვიდრის მიერ. სამკვიდრო ქონებაზე უარი, როდესაც მამკვიდრებელი ცოცხალია, თუნდაც მამკვიდრებელმა ამ ხელშეკრულებაზე თანხმობა განაცხადოს, ბათილია და სამართლებრივ საფუძვლებს ვერ წარმოშობს.
აქდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მოპასუხე ნა--- ზუ----–--ლმა უარი განაცხადა მამის სამკვიდრო ქონებაზე, რადგან ასეთი არ დასტურდება საქმის მასალებით. უფრო მეტიც, ნა--- ზუ----–--ლის მიერ სამოტარო წესით დადებულია ხელწერილი და არა ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე ეს ხელწერილი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სამკვიდრო ქონებაზე უარის თქმად, იმის გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებლის სიცოცხლეში მის სამკვიდროზე ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც ეხება სამკვიდროს მიღებას ბათილი გარიგებაა.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1451-ე მუხლის თამახმად - სამკვიდროს მიღების ან მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები დადგება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.
სამკვიდროს გახსნა მოხდა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 2017 წლის 21 დეკემბერს და ამ მომენტიდან სადაო ქონებაზე მოპასუხე ნა--- ზუ----–--ლს უარი სამკვიდროზე არ გაუცხადებია, პირიქით მან მიიღო თავისი წილი ქონება.
6.4. სასამართლო იზიარებს მოპასუხე ნოტარიუს ნუ--- ფრ-–---–--ლის მოსაზრებას, რომ მოპასუხე ნა--- ზუ----–--ლზე სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე სამკვიდრო მოწმობა გაცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადების თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, რომელიც უნდა დარჩეს ხაზინაში, რადგან მას უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფა არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 243-ე, 244-ე, 248-59249-ე, 257-ე, 259-ე, 2591 -ე264-ე, 365-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე გი------ ზუ----–--ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ყვარლის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე