განაჩენი

სისხლის სამართლის 28.10.2019
საქმის ნომერი
020100118002552061
დავის ტიპი
177 3 გ , 177 2 ა , 177 2 ა
თარიღი
28.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002552061 (1/376-18)

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

28.10.2019 წელი ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

ბრალდების მხარე: პროკურორი ან---------ა

დაცვის მხარე:

1. ბრალდებული: ბა-----------ა, დაბ. 17.10.1998 წ, პ/ნ 1---------4, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები ქ. ზუ---------------------------, ნასამართლობის არ მქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტი - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით

ადვოკატი იო---------–-ა, იზ--–----ა

 

2. ბრალდებული: გი---------------, დაბ. 22.04.1999 წ, პ/ნ 19--------6, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები ზუგდ-----------–----–--------------------ში, ნასამართლობის არ მქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტი - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით

ადვოკატი იო---------–-ა, იზ--–----ა

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.წარდგენილი ბრალდების არსი.

 

1.1. ბა-----------ას მიმართ წარდგენილი ბრალდების ფორულირება: არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბა-----------ამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში: 04.06.2018 წ საღამოს საათებში ქ. ზუ------–----------------------–ში მდებარე გი-----–------ას საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია ბა-----------ამ გი---------------სთან ერთად, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ 245 ლარად ღირებულ ელექტროპერფერატორს ყუთით და 6 ცალი მეტალის კონსტრუქციის ბურღით, რითაც დაზარალებულ გი-----–------ას მიადგა 245 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი

 

1.2.გი--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფორულირება: არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გი---------------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში: 04.06.2018 წ საღამოს საათებში ქ. ზუ------–----------------------–ში მდებარე გი-----–------ას საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია გი---------------მ ბა-----------ასთან ერთად, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ 245 ლარად ღირებულ ელექტროპერფერატორს ყუთით და 6 ცალი მეტალის კონსტრუქციის ბურღით, რითაც დაზარალებულ გი-----–------ას მიადგა 245 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

2.1. ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა გი--------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა.

 

გი--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე გამოძიების ეტაპზე მიუთითებდა თვითონ გი--------------ის, მეორე ბრალდებულის ბა-----------ას და მოწმე პოლიციელების/გამომძიებლების ჩვენებები, რომ ბრალდებულებმა აღიარეს – ერთად, ბა-----------ას მეზობლის სახლიდან პერფერატორის ქურდობა, რაც არ დადასტურდა საქმის განხილვის შედეგებით.

 

სასამართლო სხდომაზე (16.10.2019 წ სხდომის ოქმი) დაკითხვისას ბრალდებულმა გი---------------მ აჩვენა, რომ მას პერფერატორის ქურდობაში მონაწილეობა არ მიუღია და მეგობარს ეხმარებოდა მხოლოდ ბაზარში პერფერატორის ჩაბარებაში, რომ აეღოთ გარკვეული თანხა. ის იმიტომ ამბობდა მეგობართან ერთად მოვიპარეო, რომ უნდოდა მისთვის შეემსუბუქებინა მდგომარეობა.

 

ბრალდებულმა ბა-----------ამ (16.10.2019 წ სხდომის ოქმი) სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მარტო შევიდა მეზობლის მფლობელობაში, გასაღებით ჩაკეტილ რკინის კარზე არსებული მინის ჩასასმელი ადგილიდან, სადაც მინა არ იყო ჩასმული და უკანონოდ დაეუფლა პერფერატორს. უნდოდა თანხის მიღება, რომ მეგობარ გი---------------სთან ერთად აღენიშნა მეგობრის სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულება. განმარტა, რომ გამოძიებაში ჩვენების მიცემისას მას ესმოდა გი--------------ის მიერ მიცემული ჩვენების შინაარსი და ამიტომ აფიქსირებდა, რომ პერფერატორი ერთად მოიპარეს. გი--------------- ეხმარებოდა პერფერატორის მხოლოდ ჩაბარებაში (გაყიდვაში), რომ სანაცვლოდ მიეღოთ გარკვეული თანხა, აღენიშნათ გი--------------ის სამხედრო სამსახურიდან დაბრუნება და მისთვის არ უთქვამს, რომ ეს ნივთი ნაქურდალი იყო.

 

ბრალდებულების ამგვარი ჩვენების პირობებში, გი--------------ის მიმართ ქურდობის ჩადენის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულებითი ღირებულება არ შეიძლება ჰქონდეს მოწმე პოლიციელების (დამკავებელი პირების ან/და გამომძიებლების) – იბ--------------ის (20.11.2018 წ სხდომის ოქმი), ჯო----–----------იას (25.10.2018 წ. სხდომის ოქმი), და--------------ას (20.11.2018 წ სხდომის ოქმი), ნიკა სოხაძის (20.11.2018 წ სხდომის ოქმი), ჯი-------------იას (28.10.2019 წ სხდომის ოქმი), ბაჩ-----------ას (16.10.2019 წ სხდომის ოქმი) მიერ მიცემულ ირიბ ჩვენებებს იმის შესახებ, რომ გი--------------ისგან და ბა-----------ასგან ან სხვა გზით გაიგეს, რომ ბრალდებულებმა ერთად მოიპარეს პერფერატორი, პლასტმასის ყუთში 6 ბურღთან ერთად და უნდოდათ მისი გაყიდვა (ჩაბარება), რომ სანაცვლოდ მიეღოთ გარკვეული თანხა.

 

საქმეზე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები გე------------–--–---–ი (28.10.2019 წ. სხდომის ოქმი), კო---------ა (28.10.2019 წ. სხდომის ოქმი), გე-------------ე (28.10.2019 წ. სხდომის ოქმი) რომლებმაც სასამართლო სხდომაზე განმარტეს რომ 04.06.2018 წელს საღამოს საზეიმოდ აღნიშნეს გი--------------ის სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ჩამოსვლა. მათთან ერთად იყო გი---------------ც. შეხვედრის დასრულების ზუსტი დრო მათი ჩვენებების მიხედვით არ შეიძლება დადგინდეს, თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ გამოძიებით არ არის დადგენილი პერფერატორის დაუფლების კონკრეტული დრო (საათებში), რის გამოც დასახელებული მოწმეების ჩვენებები მხოლოდ ბრალდებულ გი--------------ის პოზიციის სასარგებლოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანამხად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში, ირკვევა, რომ თავად ირიბი მოწმეების მიერ მითითებულმა ინფრომაციის წყაროებმა სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურეს ირიბ ჩვენებებში აღწერილი ფაქტები. ამასთან, აღნიშნული ირიბი მოწმეების მიერ მიცემული ჩვენება რაიმე პირდაპირი მტკიცებულებით არ დასტურდება, ამდენად მოწმეების ჩვენება ვერ იქნება გაზიარებული. მით უფრო, რომ გამოძიებლები, რომლებმაც სასამართლოს უთხრეს, თუ რა უამბეს მათ გამოკითხვისას მოწმეებმა, არიან საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირები და დაინტერესებულნი არიან მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორის დადასტურებით და გარკვეულწილად საქმის შედეგებით დანაშაულის დადასტურების თვალსაზრისით. შესაბამისად, მათ მიერ გადმოცემული მოწმეების მონაყოლი ვერ მიიჩნევა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად,ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ”საქართველოს მოქალაქე ზუ----------ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

იმავე საკითხზე მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვევა მხოლოდ მაშინ, თუ ირიბი ჩვენება გამოყენებულ იქნება მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო ინფორმაციის პირველწყაროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას და ამასთან, თუ ირიბი ჩვენება არ იქნება განაჩენის არსებითი ან ერთადერთი საფუძველი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom; ასევე გადაწყვეტილება საქმეზე Horncastle and others v. The United Kingdom). ამდენად, ირიბი ჩვენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე ირიბი მოწმის ჩვენება არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას, რასაც შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას. აღნიშნული მტკიცებულებების მხედველობაში მიღების გარეშე კი, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი სხვა რელევანტური მტკიცებულებები უშუალოდ ქმედების, მისი სუბიექტის შესახებ, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა შეუძლებელია.

 

ამდენად სასამართლოზე არ ყოფილა წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც მიანიშნებდა ბრალად წარდგენილი ქმედების ბრალდებულის მიერ ჩადენას.

 

მხოლოდ ის ფაქტი, რომ გი--------------- დაკავებულია ბა-----------ასთან ერთად შემთხვევის მეორე დღეს ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე და მისი პირადი ჩხრეკისას არის ამოღებული (მას ეჭირა) პლასტმასის ყუთი მასში მოთავსებული პერფერატორით და 6 ბურღით ( იხ. გი--------------ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი ს.ფ. 3, ტ.1) უტყუარად ვერ დაადასტურებს ამ ნივთების ქურდობაში გი--------------ის მონაწილეობას.

 

2.2. ბა-----------ამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით,ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ა) ქურდობა ე.ი. სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

 

ბრალდებულ ბა-----------ას (16.10.2019 წ სხდომის ოქმი), მოწმეების – იბ--------------ის (20.11.2018 წ სხდომის ოქმი), ჯო----–----------იას (25.10.2018 წ. სხდომის ოქმი), და--------------ას (20.11.2018 წ სხდომის ოქმი), ნიკა სოხაძის (20.11.2018 წ სხდომის ოქმი), ჯი-------------იას (28.10.2019 წ სხდომის ოქმი), ბაჩ-----------ას (16.10.2019 წ სხდომის ოქმი), დაზარალებულ გი-----–------ას (20.11.2019 წ სხდომის ოქმი), ამოღებული ნივთმტკიცებით (20.11.2019 წ. სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით, პრეიუდიციულ მტკიცებულებადაა მიჩნეული), ჩვენებებით დადგენილია, რომ 04.06.2018 წ საღამოს საათებში ქ. ზუ------–----------------------–ში მდებარე გი-----–------ას მფლობელობაში უკანონოდ შეაღწია ბა-----------ამ, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ელექტროპერფერატორს ყუთით და ექვსი ცალი მეტალის კონსტრუქციის ბურღით, რითაც დაზარალებულ გი-----–------ას მიადგა ქონებრივი ზიანი.

 

ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 პუნქტის მიხედვით კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით.

 

ამოღებული ნივთების ღირებულება ბრალდების მხარემ განსაზღვრა დაზარალებულის მითითებით და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით. დაზარალებულმა გი-----–------ამ (სხდომის ოქმი 20.11.2018 წ) თავის ჩვენებაში განმარტა, რომ პერფერატორი ჭირდებოდა და შეიძინა. პერფერატორში 245 ლარი გადაიხადა. ზედნადები გამომძიებელს გადასცა, 2 ნივთი შეიძინა იმ დღეს, რაშიც სულ 750 ლარი გადაიხადა, როგორც ახსოვს პერფერატორი 245 ლარი ღირდა. საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა #1005855818 (ს.ფ. 147, ტ.1), რომლის მიხედვით ექსპერტიზაზე წარდგენილი ელ. პნევმატური ბურღი ,,crown”–ის (ბურღებით) საბაზრო ღირებულება 04.06.2018 წ. მდგომარეობით შეადგენს 250 ლარს.

 

აღნიშნული ფაქტი საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლით გათვალისწინებული პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტია რის გამოც ამ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი მტკიცება საჭირო არ არის.

 

გ) ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით

 

ქ. ზუ------–----------------------–ში მდებარე გი-----–------ას მფლობელობა არ წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას და მიჩნეულ უნდა იქნეს საცავად.

 

სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის საცხოვრებელი სახლის ან საცავის ლეგალურ დეფინიციას სისხლის სამართლის კოდექსი არ იძლევა, რის გამოც კონკრეტული მფლობელობის (საკუთრების) ბინად ან საცავად მიჩნევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად ყოველ კონკრეტულ საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბინაში უკანონო შეღწევა ასევე საცავში თუ სადგომში უკანონო შეღწევა ყველა შემთხვევაში ხელყოფს პირის კონსტიტუციურ უფლებას საკუთრებას, და ყველა მათგანში ქურდობა დასჯადია, თუმცა ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობისთვის დაწესებულია უფრო მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რადგან ივარაუდება, რომ ბინა თავის თავში მოიაზრებს არა მხოლოდ დასრულებულ მშენებლობას, რომელიც საცხოვრებლად არის გამიზნული და შეიძლება ასეთად იქნეს გამოყენებული, არამედ კონკრეტული პირის ან პირების საცხოვრებელს, სადაც შექმნილია აუცილებელი პრივატული და საცხოვრებელი გარემო, რომელიც გულისხმობს ბინაში გარკვეული პირის ან პირების, ასევე აუცილებელი საყოფაცხოვრებო და საოჯახო მეურნეობის ნივთების არსებობას, რომელთა უკანონო დაუფლება იწვევს საცხოვრებლის ხელშეუხებლობის დარღვევას და იქ არსებული ნივთის ან ნივთების უკანონო დაუფლებით მასში მცხოვრები პირის ან პირების ყოველდღიური ყოფითი პირობების გაუარესებას, რაც რა თქმა უნდა მომეტებული საფრთხის და საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია. ამ განსხვავების გარეშე, კანონმდებელი ერთნაირ სასჯელს დააწესებდა საკუთრების (დაცულ სივრცეში არსებული ნებისმიერი მფლობელობიდან) ქურდობისთვის.

 

საქმეზე დაკითხულმა დაზარალებულმა გი-----–------ამ (სხდომის ოქმი 20.11.2018 წ) სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ სახლი არ არის დასრულებული და საცხოვრებლად გამართული, თეთრი კარკასია. იგი ოჯახთან ერთად სხვაგან ცხოვრობს. თვითონ ასრულებს სამუშაოებს და იქვე ინახავს სამუშაო იარაღებს. შენობა ჩაკეტილი იყო რკინის კარით, თუმცა კარის კონსტრუქცია ისეთია, რომ შიგნით მოხვედრა პატარა ტანის ადამიანს შეეძლო კარის გაღების ან დაზიანების გარეშე, რადგან კარების შესაბამის ჭრილებში არ არის ჩასმული ორმაგი მინა-პაკეტი 22 სმ-ია არკებს შორის დაშორება. იგივე დაადასტურა მოწმე (გამომძიებელი) ჯი-------------იამ (28.10.2019 წ სხდომის ოქმი), რომელმაც დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. დაზარალებულის განმარტებით, პნევმატური ჩაქუჩი პერფერატორი იყიდა გორგიაში, იყო კროვნის ფირმის, შავ ყუთში წითელი საკეტებით და ბურღით, პოლიციელებმა შეატყობინეს, რომ ეს ნივთი მოპარულია და შემდეგ ამოიცნო. ჩატარებულია ნივთის ამოცნობა და შედგენილია ნივთის ამოცნობის ოქმი (ს.ფ. 38,39, ტ. 1). ადვოკატის შეკითხვაზე დაზარალებულმა დააზუსტა, რომ მფლობელობა დაცული არ იყო, პირობითად კეტავდა კარს თორემ არ ჰქონდა განცდა, რომ რეალურად დაცული იყო, დაკეტვა უფრო ფსიქოლოგიური მომენტი იყო.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ს.ფ.43, ტ.1.) და თანდართული ფოტომასალით ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი რომ გი-----–------ას მფლობელობა მშენებარეა და მასში არ არის ელემენტარული საცხოვრებელი პირობები და საყოფაცხოვრებო თუ საოჯახო მეურნეობის ნივთები. ფოტომასალიდან ჩანს, რომ იქ მხოლოდ ინახება მცირე რაოდენობით სამშენებლო მასალა და სამუშაო იარაღები, რაც დაზარალებულმაც დაადასტურა თავის ჩვენებაში (სხდომის ოქმი 20.11.2018 წ).

 

ამგვარი მფლობელობის საცხოვრებელ ბინად მიჩნევა და ბრალდებულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დამძიმება სასამართლოს აზრით დაუშვებელია და არ შეესაბამება სისხლის სამართლის პროცესის მიზნებს.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. გი--------------ის ქმედების სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულ გი--------------ის მიერ ქურდობის შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

3.2. ბა-----------ას ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტს წარმოადგენს საკუთრებითი ურთიერთობები. დანაშაულის საგანს წარმოადგენს კროვნის ფირმის პნევმატური ჩაქუჩი ე.წ. პერფერატორი, რომელიც დაზარალებულის მფლობელობაში ინახებოდა.

 

ქმედების ობიექტური მხარე მოქმედებაში გამოიხატა. ბა-----------ა საკეტით დაკეტილი რკინის კარის ღია ნაწილიდან (მინის ჩასასმელი ადგილიდან) შევიდა დაზარალებულის მფლობელობაში აიღო და გამოიტანა დანაშაულის საგანი.

 

დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი. ბა-----------ას გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება ნივთს, ითვალისწინებს რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს ნივთის მესაკუთრეს და სურს ამ ზიანის დადგომა.

 

ბრალდებულს ამოძრავებდა დანაშაულის საგნის მისაკუთრების მიზანი. იგი ცდილობდა დაუფლებული ნივთის გაყიდვას, ამ გზით თანხის მიღებას და მიღებული თანხით მეგობართან ერთად ქეიფს.

 

ბა-----------ას მიერ დანაშაულის საგნის დაუფლება-მისაკუთრება მოხდა უკანონოდ. ბა-----------ას არც კანონით და არც ნივთის მესაკუთრისგან არ ჰქონდა მისი დაუფლების, მით უფრო მისაკუთრების უფლება.

 

ბა-----------ას მიერ ქურდობა ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში.

 

ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, აღემატება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულ ოდენობას - დანაშაულის საგნის ღირებულება 150 ლარს ზემოთაა და არ აღემატება 10000 ლარს.

 

ქმედება ჩადენილია საცავში უკანონო შეღწევით. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული მფლობელობა აკმაყოფილებს მხოლოდ საცავისთვის განკუთვნილ კრიტერიუმებს, რადგან დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის წარმოადგენს მატერიალური ფასეულობების დროებით შესანახად განკუთვნილ ადგილს, რომელიც ჩაკეტილია რკინის კარით.

 

4. სასჯელის დანიშვნის დასაბუთება

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მოცემული შემთხვევისთვის დადგენილია, რომ ბა-----------ა არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად დანაშაულის ჩადენის შემდეგ რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქცევაში შემჩნეული არ არის, 2018 წლის გაზაფხულზე პროფესიული ტესტირების შედეგად ჩარიცხულია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ,,კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორის" პროფესიული (მოდულური) საგანმანათლებლო პროგრამის მე-5 საფეხურზე და სტუდენტია. იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს. სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვაში განმარტავს, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ არ ყოფილა არცერთი დღე, რომ მომხდარზე არ ეფიქროს და გულწრფელად განიცდის მომხდარს. დაზარალებულთან შერიგებულია. თვითონ დაზარალებული თავის ჩვენებაში მიუთითებს, რომ რაიმე პრეტენზია ბრალდებულის მიმართ არ აქვს და ამგვარი ქცევის მიზეზი გარდატეხის ასაკია.

 

ამ გარემოებების გათვალისწინებით ბა-----------ას სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 64-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. გამოსაცდელი ვადა თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-4 ნაწილით მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე, ზომა და სასჯელის მოხდის ვადის დაწყება. პირის დაკავების, პატიმრობისა და ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადა ითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადაში.

 

5. ნივთმტკიცების ბედი, სხვა საკითხები.

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ნივთმტკიცება: ა) ამოღებული შავი ფერის ყუთი, პერფერატორი და 6 ბურღი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს, ხოლო ბ) სუნის ნიმუშები უნდა განადგურდეს.

 

5.2. ბრალდებულების გი--------------ის და ბა-----------ას მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 07.06.2018 წ განჩინებით (ს.ფ.97, ტ.1) გამოყენებულია გირაო თითოეულის მიმართ 15000 ლარის ოდენობით, ხოლო იმავე სასამართლოს 08.06.2018 წ განჩინებით (ს.ფ. 122, ტ.1) გი--------------ის და ბა-----------ას მიმართ აღკვეთის ღონისძიებისსახით თითოეულისათვის სეფარდებული 15000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო აბესალომ ჩხეტიას (პ/ნ 19001090481) საკუთრებაში არსებულ ქ. ზუგდიდში, ქორთუას ქ. #24–ში მდებარე უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი 43.31.73.185), 30000 ლარის ღირებულების წილს.

 

ბა-----------ა დაკავებულია 05.06.2019 წ. ის პატიმრობიდან გათავისუფლდა 09.06.2019 წ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე და 279-ე მუხლებით

 

დაადგინა:

 

1. გი--------------- საქართველოს სსკ-ის ,177-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გამართლებულს განემარტოს ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

2. ბა-----------ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით და იგი დამნაშავედ იქნეს ცნობილი, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

სასჯელის ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენის გამოცხადებიდან.

 

სასჯელის ვადაში ჩაითვალოს დაკავების და პატიმრობის დრო 05.06.2019 წ-დან 09.06.2019 წ. ჩათვლით.

 

პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3.გი--------------ის და ბა-----------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა გი--------------ის და ბა-----------ას სასარგებლოდ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეტანილ უძრავ ქონებას (აბესალომ ჩხეტიას (პ/ნ 19001090481) საკუთრებაში არსებულ ქ. ზუგდიდში, ქორთუას ქ. #24–ში მდებარე უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი 43.31.73.185), 30000 ლარის ღირებულების წილს).

 

4. ნივთმტკიცება: ა) ამოღებული შავი ფერის ყუთი, პერფერატორი და 6 ბურღი დაუბრუნდეს დაზარალებულს, ბ) სუნის ნიმუშები განადგურდეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ირაკლი აბშილავა