გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210019002908181
#2/624-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.10.2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - სს „ლ-------------ი“
წარმომადგენელი - ლ--–---------ა;
მოპასუხე - გ-----–-----ა;
წარმომადგენელი - გ-------–----------ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე გ-----–-----ას მოსარჩელე - სს „ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8087.30 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 6361.46 ლარი, პროცენტი 1004.06 ლარი, ხოლო პირგასამხტეხლო 77.78 ლარი, ხარჯი 644 ლარი.
1.2. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოხდეს 2018 წლის 26 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გირავნობით დატვირთული ავტომობილის რეალიზაცია, რომლის მახასიათებლებია: მოდელი - AUDI A6, ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი Y-----, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, გირავნობის საგნის სარეგისტრაციო ნომერი A--------.
1.3. თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოპასუხე გ-----–-----ას საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
1.4. თუ გირავნობის საგანი რეალიზაციის მიზნით ვერ იქნა მოძიებული, გირავნობის საგანი, კრედიტორს მიეცეს უფლება აღსრულება გააგრძელოს მოვალის სხვა ქონებაზე.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2018 წლის 26 იანვარს სს „ლ-------------სა“ და გ-----–-----ას შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, #21559274, კრედიტის თანხა განსაზღვრა 6850 ლარით, საპროცენტო სარგებელი 48%-ით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ვადაგადაცილების დღიური პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს კრედიტის ძირითადი თანხის 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, (სრულზე ან არასრულზე), ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 26 იანვარი.
საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 26 იანვარს ბანკსა და გ-----–-----ას შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება #21559274, რომლის საფუძველზეც ბანკის სასარგებლოდ დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება - მოდელი - AUDI A6, ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი Y-----, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, გირავნობის საგნის სარეგისტრაციო ნომერი A--------. ბანკმა გაფრთხილების წერილებით აცნობა მოპასუხეს, რომ 14 კალენდარული დღის განმავლობაში ნებაყოფილობით უზრუნველეყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხების და დარიცხული ჯარიმის გადახდა. აღნიშნულ წერილებს მხარისაგან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. გ-----–-----ას მიერ არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ იქნა დაბრუნებული საკრედიტო თანხები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და ამასთან ბანკის მიერ მხარე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული არსებული დავალების ნებაყოფლობით დაფარვასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნულმა შედეგი არ გამოიღო.
მოპასუხის დავალიანება ბანკის მიმართ #21559274 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 8087.3 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 6361.46 ლარი, საპროცენტო სარგებელი 1004.06 ლარი, ვადაგაცილების პირგასამტეხლო 77.78 ლარი, აღნიშნულ საქმეზე ბანკის მხრიდან ასევე გაღებულ იქნა ხარჯი 644 ლარის ოდენობით, მითითებულ თანხა მოიცავს გირავნობის მოწმობის გაცემის, ევაკუატორის მომსახურების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მომზადებისა და გირავნობის მოწმობის საფასურებს, რომელიც ჯამში შეადგენს 644 ლარს. მოპასუხის დავალება დაანგარიშებულია ვადაგაცილებიდან 2018 წლის 26 ივლისიდან 2019 წლის 11 იანვრამდე. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გ-----–-----ამ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ სესხის ძირი თანხის 6361.46 ლარის და პირგასამტეხლოს 77,78 ლარის მოთხოვნის ნაწილში და განმარტა, რომ 2018 წლის 26 იანვარს სს „ლ-------------სა“ და გ-----–-----ას შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური სარგებელი 48 %. მართალია გ-----–-----ა თავად დაეთანხმა ბანკის მიერ შეთავაზებულ საპროცენტო განაკვეთს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სს „ლ-------------ი“ მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად, კერძოდ მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები. მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო უფლება. სესხის წლიური სარგებლის ოდენობა 48% საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგოა. მოპასუხე ასევე განმარტავს, რომ დალომბარდებული ავტომანქანა ორგანიზაციის ავტოსადგომზე გადაყვანილ იქნა 2018 წლის სექტემბრის თვეში, ე.ი. მოსარჩელე 2018 წლის 26 იანვრის ხელშეკრულებიდან გავიდა სექტემბრის თვეში. ხელშეკრულების ვადა სრულდებოდა 2021 წლის 26 იანვარს. აქედან გამომდინარე პროცენტისა და საურავის დარიცხვა უნდა განხორციელდეს 2018 წლის სექტემბრის თვემდე. (იხ. შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 26 იანვარს სს „ლ-------------ს„ და გ-----–-----ას შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #21559274, კრედიტის თანხად განისაზღვრა 6850 ლარი, საპროცენტო სარგებელი 48%, ასევე გათვალისწინებულ იქნა ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს კრედიტის ძირითადი თანხის 0.41 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 26 იანვრის # 21559274 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
3.1.2. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 26 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა #21559274 გირავნობის ხელშეკრულება და გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა - AUDI A6, ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი Y-----, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, გირავნობის საგნის სარეგისტრაციო ნომერი A--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 26 იანვრის # 21559274 გირავნობის ხელშეკრულება;
3.1.3. 2018 წლის 26 ივლისიდან, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ამასთან, მიუხედავად გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის მიცემისა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ლ-------------ის წერილი;
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.1.4. გირავნობის საგანზე, სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის მოწმობის გაცემის, ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის და ევაკუატორის მომსახურეობის მიზნით, მოსარჩელე მხარემ გაიღო ხარჯი 644 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ლ-------------ის ამონაწერი ანგარიშიდან;
3.1.5. მოპასუხე გ-----–-----ას დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 8087.30 ლარს საიდანაც სესხის ძირი თანხაა 6361.46 ლარი, პროცენტი 1004.06 ლარი, პირგასამტეხლო 77.78, მოსარჩელის მიერ გაწეული აღსრულების ხარჯი 644 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-11.01.2019წ სს ლ-------------ის მიერ გაცემული ცნობა;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სარგებლის და მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობას, რაც მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით სარგებლობისათვის შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირ თანხის და სარგებლის მოთხოვნის უფლებას.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს –8087.30 ლარს საიდანაც სესხის ძირი თანხაა 6361.46 ლარი, პროცენტი 1004.06 ლარი, პირგასამხელო 77.78. მოსარჩელის მიერ გაწეული აღსრულების ხარჯი 644 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს “ლ-------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი სახის გარემოებების გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208- მუხლები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 54-ე, 400, 417-ე, 418-ე, 408-ე, 412-ე, 870-ე, 254-ე, 276-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 26.01.2018 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2018 წლის 26 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე. სადავო არ არის ასევე ის გარემოება, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის თანხა განსაზღვრა 6850 ლარით, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი კი შეადგენდა 48%.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსეხებელს გ-----–-----ას კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია. მის მიერ არ იქნა გადახდილი სესხზე რიცხული სარგებელი და არ განხორციელდა სესხის ძირი თანხის დაბრუნება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სესხის ძირითადი თანხის 6361.46 ლარის და პირგასამტეხლოს 77,78 ლარის ნაწილში, წარმოადგენს მოთხოვნის ამ მოცულობით სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ 2018 წლის 26 იანვარს მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე გ-----–-----აზე გაიცა სესხი 6850 ლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულების 2.2.4. პუნქტით განისაზღვრა სესხის საპროცენტო განაკვეთი, რაც შეადგენს 48% წლის განმავლობაში.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას რომ, საპროცენტო სარგებელის ოდენობა ეწინააღმდეგება არსებულ კანონომდებლობას, ზნეობრივ ნორმებს. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. დადგენილია, რომ სესხით სარგებლობაზე მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა საპროცენტო განაკვეთი 48%-ით წლის განმავლობაში. მხარეთა შორის 2018 წლის 26 იანვრის ხელშეკრულების ეს დებულება დადებული იქნა მათივე შეთანხმებით. მხარეთა შორის საბანკო კრედიტის პროცენტზე შეთანხმება მოხდა ხელშეკრულების საფუძველზე. ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს კრედიტორის წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია ჯეროვნად, სრულად და ერიცხება დავალიანება. სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით წლიური საპროცენტო განაკვეთი 48% გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია.
სასამართლო ასევე არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება 2018 წლის სექტემბრის თვიდან იმყოფება მოსარჩელესთან, ამ პერიოდიდან შეწყდა მხარეთა შორის ხელშეკრულება, სარგებელი მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2018 წლის სექტემბრამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 26 იანვრის საბაკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების 3.3. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ პროცენტის დარიცხვის წესსზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, პროცენტის დარიცხვა გაგრძელდება/შენარჩუნდება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და მსესხებელი ვალდებული იქნება სხვა გადასახდელებთან ერთად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნებაყოფლობით ან/და იძულებით აღსრულების წესით სრულად დაფარვის დროს, ბანკის წინაშე ასევე დაფაროს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგომ დარიცხული პროცენტის თანხა. ხოლო ხელშეკრულების 3.4. პუნქტით მხარეებმა განსაზღვრეს, რომ თუ ხელშეკრულების შეწყვეტამდე უზრუნველყოფის საგანი გადაეცემა ბანკს, უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციამდე პროცენტის დარიცხვა გაგრძლედება დავალიანების სრულ დაფარვამდე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ მოპასუხის დავალიანება დაანგარიშებულია 2019 წლის 11 იანვრამდე.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვილსა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.
მხარეებს შორის 2018 წლის 26 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 2.6. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა იქნეს თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით.
დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და კრედიტორს არ გადაუხადა გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხა.
ამდენად, პროცენტზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, საფუძვლიანია და ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
მოპასუხე, გ-----–-----ას მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ (2018 წლის 26 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება).
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
განსახილველ შემთხვევაში სესხზე რიცხული პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, საფუძვლიანია და ამ ნაწილში სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
6.5. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ დავალიანების გადახდევინების მიზნით - სატრანსპოტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მომზადების, გირავნობის მოწმობის გაცემისა და ავტომანქანის სადგომზე გადაყვანისათვის გადაიხადა 644 ლარი, (იხ. ამონაწერები ანგარიშიდან) რის დაკისრებასაც მოითხოვს მოპასუხეზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა გაეღო დამატებითი ხარჯები, რომლის გაღების საჭიროება არ დაუდგებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ დროში შესრულების შემთხვევაში. მოპასუხე ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ინფორმირებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ყველა მოსალოდნელ შედეგზე, შესაბამისად, სახეზეა სკ-ის 408-ე და 412-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, სატრანსპორო საშულების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის საფასურის- 20 ლარის, გირავნობის მოწმობს გაცემის -200 ლარის, საჯარიმო ავტოსადგომის მომსახურების - 149 ლარი და ევაკუატორის მომსახურების -275 ლარის, მოპასუხისათვის დასაკისრებლად.
ამდენად სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე გ-----–-----ამ თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარმოუდგინა. შესაბამისად სარჩელი საფუძვლის მქონეა და მოპასუხე გ-----–-----ას უნდა დაეკისროს ვალდებულების შესრულება.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 870-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კრედიტის გაცემისას შეთანხმებულია სანივთო ან პიროვნული უზრუნველყოფა, მაშინ კრედიტის გამცემს სესხის არასრულად დაფარვისას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254.1. მუხლის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276.1. მუხლის მიხედვით, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 278-ე შესაბამისად გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276.2. მუხლის თანახმად, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2018 წლის 26 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება და გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის სატრანსპორტო საშუალება; 2018 წლის 26 იანვრის საბანკო კრედიტის შესახებ, ხელშეკრულების 3.7 პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზებით მიღებული თანხა სრულად ვერ დაფარავდა მოგირავნის მოთხოვნას, კრედიტორი უფლებამოსილი იყო აღსრულება მიექცია მსესხებლის სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე მხარეთა შორის გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულების 7.3 პუნქტს, რომლის მიხედვით თუ ბანკის მიერ გირავნობის საგნის რეალიზაციის/საკუთრებაში მიღების მომენტისათვის გირავნობის საგნის ღირებულება იქნება უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე ნაკლები, ბანკი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს დამგირავებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.
2018 წლის 26 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 3.8. პუნქტით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ თუ ბანკის მიერ მოთხოვნის წარდგენის/აღსრულების ეტაპისათვის ვერ ხდება უზრუნველყოფის საგნის მოძიება, მიუხედავად მოუძიებლობის მიზეზისა (ქონების გადამალვა, განადგურება, ქონების ჩამორთმევა, ნებისმიერ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ქონების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთა ა.შ. მსესხებელი აცხადებს თანხმობას ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე, ბანკმა საკუთარი არჩევანით მოითხოვოს: (ა)მსესხებლისაგან სხვა შესაბამისი ღირებულების მქონე უზრუნვეყოფის საგნის წარმოდგენა ან (ბ) ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა და ვალდებულების სრულად დაფარვა მსესხებლის ნებისმიერი ქონებიდან.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ ვალდებულების დასაფარავად გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დარჩენილი ნაშთის დაფარვის წესზე, რის გამოც სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.
შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს გირავნობით დატვირთული სატრანსპორტო საშულება: მოდელი - AUDI A6, ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი Y-----, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, გირავნობის საგნის სარეგისტრაციო ნომერი A--------, ხოლო თუ სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება ვალდებულების დასაფარად, აღსრულება დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით უნდა მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ფულის თანხის გადახდევინების შესახებ სარჩელზე _ გადასახდელი თანხით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 242,61 ლარი და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. შესაბამისად მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან 193,17 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 49,44 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ლ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გ-----–-----ას- სს ლ-------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 8087,30 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6361,46 ლარი, პროცენტი- 1004,06 ლარი, პირგასამტეხლო 77,78 ლარი, სხვა ხარჯი 644 ლარი.
3. გ-----–-----აზე დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს გირავნობით დატვირთული სატრანსპორტო საშულების: მოდელი - AUDI A6, ტრანსპორტის სახ. ნომერი Y-----, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, სარეგისტრაციო ნომერი A--------, რეალიზაციის გზით.
4. თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი, თანხის გადახდევინება მიექცეს გ-----–-----ას საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
5. თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის მიზნით ვერ იქნება მოძიებული გირავნობის საგანი, აღსრულება გაგრძელდეს გ-----–-----ას საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.
6. გ-----–-----ას- სს ლ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 49,44 ლარის ანაზღაურება.
7. სს ლ-------------ს (ს/ნ 2--------) დაუბრუნდეს 2019 წლის 06 თებერვალს სს 'ლ-------------ში' სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 193,17 ლარი (საგადახდო დავალება №5---------), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე