გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.11.2019
საქმის ნომერი
340210019002979801
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
13.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210019002979801

საქმე #2/324-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

13.11.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელე - გი-------------ე

წარმომადგენელი - ნი----------ა

მოპასუხე - მე-----------–---–ი, ავ--------–--------–---–ი, ზუ-------------–---–ი

წარმომადგენელი - მა----–----------–---–-------–--ე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 9 053 ლარის გადახდა.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: მოსარჩელეს მოპასუხეებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 2003 წელს მათ შორის ზეპირი ფორმის ნასყიდობის ხელშეკრულება დადო, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეებისგან გურჯაანის რაიონის სოფე-–------–--ში მდებარე 3772 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი შეიძინა. სანაცვლოდ მოპასუხეებს 650 ლარი გადაუხადა. შეტანხმდნენ, რომ ხელშეკრულებას ერთ თვეში გააფორმებდნენ, ოღონდ ჯერ მიწის ნაკვეთი მოპასუხეების სახელზე უნდა დარეგისტირებულიყო. მოპასუხეებმა მისი ნდობა ბოროტად გამოიყენეს, ატყუებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მიწას ჯერ თავის სახელზე გაიფორმებდნენ და შემდგომ გადაუფორმებდნენ. როგორც აღმოჩნდა, მოპასუხეებს მიწა 2000 წელს უკვე ჰქონდათ რეესტრში გაფორმებული და ნებისმიერ დროს შეეძლოთ მისთვის გადაფორმება, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს. მოსარჩელე 2003 წლიდან 2016 წლამდე ფლობდა მიწის ნაკვეთს. შეძენის დროს ნაკვეთზე გაშენებული ვენახი უვარგის მდგომარეობაში იყო. მის აღსადგენად მუშები დაიქირავა და 2000 ლარის ხარჯი გასწია. კეთილსინდისიერად უვლიდა ვენახს და 13 წლის განმავლობაში მიღებულ მოსავალს ყიდიდა. მიწის ნაკვეთი, რომელშიც მოსარჩელემ 2003 წელს 650 ლარი გადაიხადა, 2017 წელს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 9053 ლარი ღირს. 2003 წელს მოპასუხეებისათვის გადაცემული თანხის სანაცვლოდ მას სხვა მიწის შეძენა შეეძლო და ამიტომ მან ქონებრივი ზიანი განიცადა, რომლის გადახდაც მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ.

2. მოპასუხე მხარის პოზიცია:

2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ 2003 წელს მოსარჩელეს მიწის ნაკვეთი დროებით სარგებლობაში გადაეცა, რისთვისაც მას 900 ლარი უნდა გადაეხადა, მან მხოლოდ 650 ლარი გადაიხადა. მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი ფლობდა ვენახს და მოსავალსაც თვითონ იღებდა. ამიტომ გაურკვეველია რა ქონებრივ ზიანზე საუბრობს მხარე, როდესაც იგი ვენახიდან წლების განმავლობაში იღებდა მოსავალს. თუ რაიმე ზიანი შეიძლება არსებობდეს, ვენახიდან მიღებული მოსავლით იგი უკვე კომპენსირებულია.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. გურჯაანის რაიონის სოფე-–------–--ში მდებარე 3772 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით №5-----------, წარმოადგენს მოპასუხეების მე-----------–---–ის, ავ--------–--------–---–ის და ზურაბ ბადუაშვილის თანასაკუთრებას. მოპასუხეების საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში 05.06.2000 წლიდან არის აღრიცხული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 45-46).

3.1.2. მოსარჩელე 2003 წლიდან ფლობდა მიწის ნაკვეთს. მოსარჩელის მფლობელობა მიწის ნაკვეთზე მას შემდეგ შეწყდა, რაც გურჯაანის რაიონული სასამართლოს 23.03.2017 წლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მე-----------–---–ის, ავ--------–--------–---–ის და ზურაბ ბადუაშვილის სარჩელი გურჯაანის რაიონის სოფე-–------–--ში მდებარე, №5----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის გი-------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნასთან დაკავშირებით. 2017 წლიდან უძრავი ნივთი მოპასუხეების მფლობელობაშია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 31-39);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ, სასამართლოს 13.11.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ანაწერი).

3.1.3. მოსარჩელე, მიწის ნაკვეთზე გაშენებული ვენახიდან 2003 წლიდან 2016 წლის ჩათვლით იღებდა მოსავალს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 2-16; 55-64);

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 31-39);

- ცნობა, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, მიღება-ჩაბარების აქტი, შესყიდვის აქტი (ს.ფ. 21-28).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ ყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სასამართლომ გაანალიზა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილებით კანონმდებელმა სამოქალაქო სამართალწარმოებაში შეჯიბრებითობის პრინციპი დაამკვიდრა. შეჯიბრებითობის პრინციპით მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტების (ფაქტობრივი გარემოების) მითითების და მტკიცების ტვირთი აკისრია. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ 1) მხარემ უნდა მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნის განმაპირობებელ მნიშვნელოვან ფაქტებზე (ფაქტობრივ გარემოებაზე) და 2) მიუთითოს მტკიცებულებებზე, რომლის საფუძველზე უნდა დადასტურდეს მოთხოვნის დასაბუთების მიზნით სარჩელში მითითებული ფაქტები (ფაქტობრივი გარემოებები). თავის მხრივ მოპასუხეს ეკისრება სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების (ფაქტობრივი გარემოებების) უარყოფის ან გაქარწყლების ვალდებულება.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის საფუძვლად ორ გარემოებაზე მიუთითა. წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2003 წელს 650 ლარად შეძენილ მიწის ნაკვეთზე მხარემ 2 000 ლარის ხარჯი გასწია, რომლის შედეგად მიწის ნაკვეთის ღირებულება გაიზარდა და მისი დაბრუნების მომენტისთვის 9 053 ლარი შეადგინა. მანვე მიუთითა, მეორე გარემოებაზეც - რომ არა მოპასუხეების არამართლზომიერი მოქმედება 2003 წელს იგი სხვა ნაკვეთს შეიძენდა და იქნებოდა 9 053 ლარის ღირებულების მქონე უძრავი ქონების მესაკუთრე. ზიანი კი გამოიხატა იმაში, რომ მოპასუხეების არამართლზომიერი ქმედების შედეგად 9053 ლარის ღირებულების ქონება დაკარგა, რომლიდანაც იგი შემოსავალს იღებდა. (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:04:41-15:09:20 სთ)

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით მხარემ განმარტა, რომ მფლობელობის დროს ნივთზე გაწეული ხარჯით მისი ღირებულება გაიზარდა და ნივთის დაბრუნება მოპასუხეების არამართლზომიერი ქმედების შედეგია. ამასთან, ზიანის ოდენობა თავად ნივთის ღირებულებით განსაზღვრა.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეს მხოლოდ ფაქტობრივი გარემოების მითითების ვალდებულება აკისრია, ხოლო სასამართლო აფასებს მათ სამართლებრივად და გამოაქვს დასკვნა იმის შესახებ - მიესადაგება თუ არა მითითებული ფაქტი სამართლის ნორმას, ანუ იძლევა თუ არა იგი ნორმის აბსტრაქტულ შემადგენლობას. სწორედ ამ პრინციპით სასამართლომ შეაფასა რა სამართლებრივად მხარის მიერ სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მიაჩნია, რომ სახეზე არ არის სარჩელის დაკმაყოფილების რაიმე წინაპირობა შემდეგ გარემოებათა გამო:

მფლობელობის დროს ნივთზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის მიხედვით, კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით მიუღებელი ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ გაუმჯობესებებზე, რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა.

სასამართლო განმარტავს, რომ მფლობელობა პირის ფაქტობრივი ნებითი ბატონობაა ნივთზე და იგი ნივთის ფლობის პროცესთან არის დაკავშირებული. სამოქალაქო კოდექსი მფლობელობის სხვადასხვა სახეს იცნობს, მათ შორისაა კეთილსინდისიერი მფლობელობა, როდესაც პირი ნივთს მართლზომიერად ფლობს ან როდესაც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. მართლზომიერი მფლობელო ყოველთვის ითვლება კეთილსინდისიერ მფლობელად, ვინაიდან იგი, ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს. მართლზომიერი ფლობისთვის აუცილებელია, რომ მფლობელობა მესაკუთრის ნებიდან მომდინარეობდეს. დეფინიციის მეორე ალტერნატივის მიხედვით მფლობელის კეთილსინდისიერება საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე განისაზღვრება. შემოწმების შედეგად უნდა დადგინდეს თუ კონკრეტულად რა გარემოება უდევს საფუძვლად მფლობელობას. ამ ალტერნატივის მიხედვით არამართლზომიერი მფლობელიც შეიძლება იყოს კეთილსინდისიერი მფლობელი.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ 2003 წელს საკუთარი ნებით დაუთმო მოსარჩელეს ნივთი და გადასცა მფლობელობაში. მართალია მოსარჩელის მიერ მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი ვერ დადასტურდა, რადგან გარიგების დადების დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ნამდვილობისთვის საჭირო იყო სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ხელშეკრულება, მაგრამ თავად მოპასუხის განმარტება ნივთის მფლობელობაში გადაცემის, ხოლო შემდგომ, თითქმის 13 წლის განმავლობაში, ნივთის ფლობაზე შედავების ფაქტის არარსებობა, მიუთითებს იმაზე, რომ გი-------------ე მიწის ნაკვეთს 2016 წლამდე მესაკუთრის ნების საფუძველზე ფლობდა. ეს გარემოება დადასტურებულია გურჯაანის რაიონული სასამართლოს 23.03.2017 წლის გადაწყვეტილებითაც, რომლის მიხედვით მიწის ნაკვეთს გი-------------ე 2003 წლიდან ფლობდა და მიწის მესაკუთრეებმა მისი დაბრუნება 2016 წელს მოსთხოვეს. ამდენად, გი-------------ე 2003-2016 წლებში ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელია. ამ პერიოდში ნივთზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებისთვის კი შემდეგი წინაპირობები უნდა იყოს სახეზე, ესენია - 1) გაუმჯობესების შედეგად ნივთის ღირებულება გაიზარდა; 2) გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისთვის არსებობს; და 3) ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული შემოსავლით (ნაყოფით) კომპენსირება არ მომხდარა.

მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე ნივთზე გაწეული ხარჯის დადასტურების მიზნით მოწმის სახით ბიძინა არჯენიშვილის და ბადრი მაჭავარიანის დაკითხვა მოითხოვა. სასამართლო სხდომაზე დასახელებულმა მოწმეებმა უძრავ ნივთზე ხარჯის გაწევის ფაქტი დაადასტურეს, თუმცა მათი განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ის სამუშაოები, რომლის ჩატარების მიზნითაც მოსარჩელემ ხარჯი გასწია, წარმოადგენს მიმდინარე სამუშაოებს და ვერ ჩაითვლება ნივთის გასაუმჯობესებლად გაწეულ ხარჯში, რადგან ვენახს სავეგეტაციო პერიოდში ყოველწლიურად სჭირდება მოხვნა, გასხვლა, გაფურჩვნა, საყრდენი სისტემის გარკვეული ნაწილის განახლება, დაზიანებული ვაზის შეცვლა ახლით ან გადაწვენით და ა. შ.. ამავდროულად, მოსარჩელის მხრიდან 2000 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის დადასტურების შემთხვევაშიც ეს გარემოება ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან სსსკ-ის 163-ე მუხლის მეორე ნაწილით ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ხარჯი და გაუმჯობესება, რომელიც ნივთის ფლობის შედეგად კომპენსირებული არ არის. განსახილველ შემთხვევაში კი დადასტურებულია, რომ მოსარჩელე 13 წლის განმავლობაში სარგებლობდა ვენახიდან მიღებული მოსავლით. მოსარჩელის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ გაწეული ხარჯი წლების განმავლობაში მიღებული მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებული სარგებლით კომპენსირებულია. (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:04:41-15:07:40 სთ) ამავდროულად, სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო გაწეული ხარჯის შედეგად ნივთის ღირებულების გაზრდის ფაქტის დადასტურება. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ნივთის საბაზრო ღირებულება 9053 ლარს შეადგენს. თუმცა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ უძრავი ნივთის ღირებულება მასზე გაწეული ხარჯის შედეგია, წარმოდგენილი არ არის.

6.1.2. მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ ზიანი მოპასუხეების არამართლზომიერ ქმედებით მიადგა. მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე მოატყუეს და რომ არა მოპასუხეების ქმედება, იგი 2003 წელს სხვა მიწის ნაკვეთს შეიძენდა.

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილე მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. როგორც სახელშეკრულებო, ისე დელიქტიდან ან სხვა კანონით გათვალისწინებული საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

სასამართლომ მოსარჩელე მხარისგან ვერ მოისმინა რელევანტური განმარტება იმისა, თუ რაში გამოიხატა მოპასუხეების არამართლზომიერი ქმედება. სასამართლო წესით უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა არ წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. პირიქით იგი მართლზომიერი ქმედებაა და სასამართლოსთვის მიმართვის და დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების სასამართლო წესით დაცვა, საქართველოს კონსტიტუციით და არაერთი სამართლებრივი ნორმით გარანტირებული უფლებაა. ამავდროულად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე 13 წლის განმავლობაში ფლობდა ნივთს და იღებდა შემოსავალს. აგრეთვე, დასტურდება, რომ მოპასუხეებმა 2016 წელს ნივთის დაბრუნება მოსთხოვეს, რაც არ შესრულდა და შედეგად დავის გადაწყვეტა სასამართლო წესით მოხდა. საქმეში წარმოდგენილია გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით გი-------------ის მხრიდან სადავო მიწის ნაკვეთის უკანონო ფლობის და მესაკუთრეებისთვის უკანონო ხელშეშლის ფაქტი დადგინდა.

გამომდინარე აქედან სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების მხრიდან რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. აგრეთვე, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურდებოდა. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

წარმოდგენილი სარჩელით დავის საგნის ღირებულება 9053 ლარით განისაზღვრა. მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 272 ლარის ოდენობით. სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

შეგებებულ სარჩელზე დავის საგნის ფასი 10 150 ლარით განისაზღვრა. მოსარჩელეები რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულები არიან ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს 150 ლარის გადახდა დაეკისრა. მოპასუხემ ამ ნაწილში სარჩელი მოსამზადებელ ეტაპზე ცნო. შესაბამისად, არ არსებობს დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების დაკისრების საფუძველი.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-54-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 251-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოსარჩელე გი-------------ის სარჩელი მოპასუხეების ავ--------–--------–---–ის, ზუ-------------–---–ის და მე-----------–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

2. სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე