გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2019
საქმის ნომერი
240210118002728076
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240210118002728076 (№2/1000)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.10.2019 წელი ქ.სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია

მოსარჩელე - ი------------–---–ი

წარმომადგენლები - მ----------–----–---, გ----------------–---–ი

მოპასუხე - ა-----–--------–-------ა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოხმობა, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა და თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1.ა-----–--------–-------ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას ი------------–---–ის საკუთრებაში არსებული, სენაკის რაიონის სოფელ გ------ში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 14-01.00 მ2 მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 4-.14.2-.0--) და მასზე განთავსებული დამხმარე ნაგებობებით და ი------------–---–ს გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში;

1.2. დაეკისროს ა-----–--------–-------ას ი------------–---–ის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის 3940 ლარის და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 394 ლარის ანაზღაურება;

1.3. დაეკისროს ა-----–--------–-------ას ი------------–---–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ხარჯების (ექსპერტიზის-200 ლარი, საკუთრების ცნობის-20 ლარი,სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების-50 ლარი, სახელმწიფო ბაჟის 119 ლარის)-389 ლარის ანაზღაურება.

1.4.სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიექცეს აღსასრულებლად.

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი:

ი------------–---–ი სენაკის რაიონის სოფელ გ------ში საკუთრების უფლებით ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს 14-01.00 მ2 ოდენობით საკადასტრო კოდი 4-.14.2-.0--, რომელზეც მოწყობილია თევზის სატბორე მეურნეობა. 2018 წლის იანვრის ბოლო რიცხვებიდან აღნიშნული ქონება, სადაც მოწყობილია დამხმარე ნაგებობები, ყოველგვარი უფლების გარეშე დაკავებული, მითვისებული აქვს მოპასუხეს და მას იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის. მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, მოპასუხე არ ათავისუფლებს მოსარჩელის საკუთრებას და დღემდე განაგრძობს მის ფლობას და სამეწარმეო მიზნებისათვის გამოყენებას. მოსარჩელე ვერ იღებს საკუთრებაში არსებულ ქონებას და დანიშნულებისამებრ, სამეწარმეო საქმიანობისათვის ვერ იყენებს მას, რის გამოც მას ადგება მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი. აღნიშნული საფუძვლით ითხოვს მისი საკუთრების გამოთავისუფლებას და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ნაკვეთი მართალია, მოსარჩელის სახელზეა გაფორმებული, თუმცა იგი მისი (მოპასუხის) საკუთრებაა, ვინაიდან სადავო ნაკვეთი მოსარჩელის სახელზე აღრიცხულია გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე, თაღლითური გზით,3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.ი------------–---–ის საკუთრებაში საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია სენაკის რაიონის სოფელ გ------ში მდებარე უძრავი ქონება- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 14-01.00 მ2 მიწის ფართობი, რომლის საკადასტრო კოდია- 4-.14.2-.0--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

3.2.2. აღნიშნულ ნაკვეთზე მოწყობილია თევზის სატბორე მეურნეობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა განმარტებები;

--ადგილზე დათვალიერების ოქმი;

-მოწმეების ჩვენებები;

 

3.2.3. ი------------–---–ის საკუთრებაში არსებულ სენაკის რაიონის სოფელ გ------ში მდებარე უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე ა-----–--------–-------ა, რაზეც სასამართლო იმსჯელებს წინამდებარე გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთების გრაფაში.

 

სასამართლო, მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასებისას, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესი მხარეებს ავალდებულებს თავად წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება კი თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ეს ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სამართლიანი გადანაწილების პრინციპზე დაყრდნობით, მოცემული დავის სპეციფიკისა და მხარეთა პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის უნდა გადანაწილდეს შემდეგი ფორმით: მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები უძრავი ქონების საკუთრების უფლებით ფლობისა და საკუთრების უფლების რეალიზებისას მოპასუხის მხრიდან განხორციელებული ხელშეშლის თაობაზე. მოპასუხემ კი, უნდა ამტკიცოს სამართლებრივი საფუძვლით უძრავი ქონების ფლობის ფაქტი.

 

მოსარჩელემ, მითითებული საპროცესო ვალდებულების ფარგლებში, სასამართლოს წარმოუდგინა მტკიცებულება - საჯარო რეესტრიდან ამონაწერის სახით, რომლითაც დასტურდება უძრავი ქონების მიმართ მისი საკუთრების უფლება. სადაოა სწორედ ის გარემოება, რომ უძრავ ქონებას ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე, რის გამოც მესაკუთრეს (მოსარჩელეს) არ ეძლევა საკუთრებით თავისუფლად სარგებლობის უფლება. რაც შეეხება მოპასუხეს, მას, თავისი საპროცესო ვალდებულების ფარგლებში, სათანადო მტკიცებულება, რაც სასამართლოს შეუქმნიდა მოპასუხის მხრიდან უძრავი ქონების სამართლებრივი საფუძვლით ფლობის თაობაზე რწმენას, არ წარმოუდგენია. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კი, მოპასუხის რაიმე უფლება იმავე ქონებაზე რეგისტრირებული არ არის.

 

შესაბამისად, მოპასუხემ ვერ დაადასტურა მისი მხრიდან უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტი. სასამართლო განმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. სასამართლოს აზრით, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება და ვერ დაადასტურა სადავო ქონების მფლობელობის გამამართლებელ გარემოებათა არსებობა.

 

ამდენად, სასამართლო წარმოდგენილი მასალებისა და მხარეთა მიერ მითითებული არგუმენტების ანალიზის შედეგად, დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ.

 

3.2.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ი------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის 14-01.00 მ2 ოდენობით, საკადასტრო კოდი 4-.14.2-.0--, რომელზეც მოწყობილია თევზის სატბორე მეურნეობა, ერთი თვის იჯარის ქირა შეადგენს 394 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. (1-ლი ნაწილი); ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. (მე-2 ნაწილი); საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (მე-3 ნაწილი);

 

მოსარჩელე მხარემ მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში სასამართლოს წარმოუდგინა 30.10.2018 წლის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმად, სენაკის რაიონის სოფელ გ------ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი 4-.14.2-.0--, ერთი თვის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 394 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლომ სსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული წესით შეაფასა რა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, მხედველობაში მიიღო ის გარემოება რომ ექსპერტის მიერ კვლევა ნაწარმოებია ქონებაზე საკუთრების უფლებების, ფინანსური და ბაზრის პირობების, ადგილმდებარეობის, ფიზიკური და ეკონომიკური მახასიათებლების, გამოყენების და სხვ. მეთოდების გამოყენებით. მითითებული გარემოებების ურთიერთ შეჯერებით სასამართლო იზიარებს დასკვნით გათვალისწინებულ შეფასებას და დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ ამ ქონების დანიშნულებისამებრ, სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენების შემთხვევაში ის შეძლებდა მიეღო შემოსავალი, თვის მანძილზე 394 ლარის ოდენობით.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას, როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიხედვით ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს პირის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება).

 

როგორც ზემოთ აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით იმპერატიულადაა რეგლამენტირებული, რომ „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება". საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. დასახელებული ნორმატიული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას კი, სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეთა კანონიერ ინტერესებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ამტკიცებს, რომ საკუთრებაში ერიცხება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 14-01.00 მ2, საკადასტრო კოდი 4-.14.2-.0--, მდებარე - სენაკის რაიონის სოფელ გ------ი, რომელსაც მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მოპასუხე. შესაბამისად, მოსარჩელე მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა, უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება, ასევე მოხდეს უძრავი ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენებაში ხელშეშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ სასამართლოსათვის მომართვის გზით მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის გზით და ზიანის ანაზღაურების მიზნით შემდეგი სამართლებრივი საფუძვლით:

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება ითვლება ნამდვილად მანამ, სანამ არ დადგინდება მისი უზუსტობა. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება საქმის განხილვის მომენტისათვის რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად და საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და საქართველოს კონსტიტუცია არა მარტო აღიარებს მის ხელშეუხებლობას, არამედ ქმნის მისი დაცვის გარანტიებსაც. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საკუთრების უფლება მოიცავს სამ ელემენტს - მფლობელობას, სარგებლობას და განკარგვას. მფლობელობა ეს არის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, რომელიც მოიპოვება მფლობელის ნებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. სარგებლობა ნიშნავს მესაკუთრის უფლებას ისარგებლოს ქონებით. სამოქალაქო კოდექსის 170.3 მუხლის მიხედვით, მესაკუთრე თავად წყვეტს ისარგებლოს თუ არა თავისი საკუთრებით, ანუ სარგებლობის უფლება ამ მხრივ თავისუფალია. რაც შეეხება განკარგვას, იგი გულისხმობს, როგორც ქონების გასხვისებას, ასევე მის უფლებრივ დატვირთვასაც. მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. არავის არ აქვს უფლება კანონიერი საფუძველის გარეშე ფლობდეს ან სარგებლობდეს სხვისი საკუთრებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისგან გამოთხოვის თაობაზე, ემყარება საქართველოს სკ-ის 172-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგენილი იქნას საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო არ უნდა შეეზღუდოს საკუთრებაში არსებული ნივთით თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. ამგვარი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, იარსებებს საკუთრების უფლების რეალიზებაში ხელშეშლა. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენის უფლება გააჩნია მხოლოდ მესაკუთრეს. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაცია). ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ქონება - საკადასტრო კოდით 4-.14.2-.0--, წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას და მისი უფლება შეზღუდული არის მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის სამართლებრივი საფუძვლით ფლობით - მოპასუხე არ არის ქონების მართლზომიერი მფლობელი, მიუხედავად ამისა, მოპასუხე დღემდე ახორციელებს უძრავი ქონების ფაქტობრივ მფლობელობას, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მოსარჩელის (მესაკუთრის) ნების საწინააღმდეგოდ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს აქვს სრული უფლება მოითხოვოს კუთვნილ ნივთზე მოპასუხის ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი. სასამართლო, ბუნებრივია, პატივისცემით ეკიდება მხარეების და მათ შორის მოპასუხე მხარის ინტერესებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მესაკუთრეს არამესაკუთრესთან შედარებით უძრავი ქონების მართვის უპირატესი უფლება აქვს და მისი საკუთრების უფლება უნდა იქნას დაცული ნებისმიერი სამართლებრივ საფუძველს მოკლებული ხელყოფისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა წარმოადგენს მესაკუთრის ი------------–---–ის საკუთრების ხელყოფილი უფლების აღდგენის წინაპირობას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაადასტურა მისი მხრიდან უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტი. სასამართლო განმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. სასამართლოს აზრით, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება და ვერ დაადასტურა სადავო ქონების მფლობელობის გამამართლებელ გარემოებათა არსებობა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ა-----–--------–-------ას მხრიდან უკანონო მფლობელობის გამო, მას მოესპო ამ ქონებით დანიშნულებისამებრ, სამეწარმეო საქმიანობისათვის სარგებლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

 

მითითებული ნორმის მიხედვით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება უშუალოდ უკავშირდება პირის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას, რაც შესაძლოა გამოიხატოს ამავე პირის თანხმობის გარეშე სიკეთით სარგებლობაში.

 

შესაბამისად, სარჩელის ბედის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს ქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას მოპასუხის მხრიდან, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, მისი თანხმობის გარეშე ფლობითა და სარგებლობით. ხოლო დადებით შემთხვევაში, მნიშვნელოვანია განისაზღვროს ის პერიოდი, რომლის მანძილზე მოპასუხე მოსარჩელე მხარის ნების საწინააღმდეგოდ, მისი თანხმობის გარეშე სარგებლობდა მოსარჩელის სამართლებრივი სიკეთით, რითაც მას უზღუდავდა შესაძლებლობას მიეღო სარგებელი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი ნორმით (982-ე მ) გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ განსახილველ ნორმას მოიცავს უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.(იხ. სუსგ #1202-1131-2012; #881-843- 2014; #472-4-8-2013);

 

აქედან გამომდინარე, ამ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო, ამ უკანასკნელმა დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, ის უფლებამოსილია ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.

 

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გათანაბრების ოდენობის განსაზღვრის საკითხი. ამ მხრივ კი საყურადღებოა შესრულების კონდიქციის რეგულირების მექანიზმი, რაც განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვით, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ,,შესრულების დაბრუნება’’ შეუძლებელია, ზემოთ მითითებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირმა (მოსარჩელე მხარემ, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრემ) შეიძლება, გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც განსახილველ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს უძრავი ქონების იჯარის (ქირავნობის) თანხის ოდენობით, ანუ მიუღებელი ქირა წარმოადგენს მოთხოვნის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მოსარჩელე მხარე ეყრდნობა 30.10.2018 წლის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნას, რომლის თანახმად, სენაკის რაიონის სოფელ გ------ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი 4-.14.2-.0--, ერთი თვის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს 394 ლარს. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარეს ამ გარემოების საწინააღმდეგოდ მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს მოსარჩელე მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ ა-----–--------–-------ას უკანონო მფლობელობიდან გამომდინარე, მის საკუთრებაში არსებული ქონების დანიშნულებისამებრ გამოუყენებლობის შეუძლებლობის გამო მოსარჩელემ დაკარგა თვიურად 394 ლარის ოდენობით შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნის დასაბუთებულობასთან მიმართებით, მნიშვნელოვანია შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, რომლის მიხედვით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება უშუალოდ უკავშირდება პირის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას, რაც შესაძლოა გამოიხატოს ამავე პირის თანხმობის გარეშე სიკეთით სარგებლობაში.

 

შესაბამისად, სარჩელის ბედის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს ქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას მოპასუხის მხრიდან, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, მისი თანხმობის გარეშე ფლობითა და სარგებლობით. ხოლო დადებით შემთხვევაში, მნიშვნელოვანია განისაზღვროს ის პერიოდი, რომლის მანძილზე მოპასუხე მოსარჩელე მხარის ნების საწინააღმდეგოდ, მისი თანხმობის გარეშე სარგებლობდა მოსარჩელის სამართლებრივი სიკეთით, რითაც მას უზღუდავდა შესაძლებლობას მიეღო სარგებელი.

 

აქვე გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, უძრავი ქონების სარგებლობის შესაძლებლობის შემთხვევაში მოსარჩელე მხარე შესძლებდა თვიურად 394 ლარის ოდენობით სარგებლის მიღებას, რაც 10 თვეზე გაანგარიშებით შეადგენს 3940 ლარს.

 

სასამართლო, წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების უკანონო ხელყოფის გამო, უძრავი ქონების 10 თვის მანძილზე სარგებლობის შეუძლებლობით, მოსარჩელე მხარემ მიიღო ზიანი 3940 ლარის ოდენობით. მოპასუხეზე ასევე უნდა მოხდეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 394 ლარის გადახდის დაკისრება, რაც მოპასუხის ქმედებით მოსარჩელეს ადგება ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრის შემდეგაც, ვინაიდან მოპასუხის მიერ არ არის გამოთავისუფლებული სადავო უძრავი ქონება.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფლობითა და სარგებლობით მოსარჩელე მხარემ ზიანი მიიღო არა ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის სახით, არამედ ქონების სარგებლობით შემოსავლის მიღების შეუძლებლობით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც (თანხის დაკისრება) საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სამოქალაქო-სამართლებრივი, აღსასრულებელი მოთხოვნების იძულებითი აღსრულება იწყება კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლისა და სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ბიუროში წარდგენით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება (ამ პუნქტის მოქმედება შეჩერებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე/საკონსტიტუციო სასამართლოს 2.11.2015 N1/6/675 საოქმო ჩანაწერი). იმავე მუხლის 11-ე ნაწილის გათვალისწინებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

ამ ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ისეთი ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში, რომელთა დადგომამ შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახადოს ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანი მიაყენოს. ნორმის იმპერატიული ხასიათი კი გათვალისწინებულია მხოლოდ 11-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი და დასახელებული შემთხვევის გამოყენება, კანონმდებელმა დაუკავშირა სასამართლოს უფლებამოსილებას და არ შეზღუდა მისი იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების ავტომატურ რეჟიმში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა დაუშვებელია და სასამართლოს ამ უფლებამოსილების გამოყენება ხდება ყოველ კონკრეტულ, ინდივიდუალურ შემთხვევებში, როცა მის აუცილებლობას შუამდგომლობის ავტორი დასაბუთებულად წარმოაჩენს, შეძლებს იმგვარი გარემოებების დადასტურებას, რომელიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მართებულობას და აუცილებლობას უპირობოდ წარმოაჩენს. მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ასაბუთებდეს და ადასტურებდეს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების აუცილებლობას, მისთვის სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მოცემულ ეტაპზე დაუყოვნებლივ დადგომის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამაზე მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის ნორმატიული დანაწესიც, რომლის მიხედვით, შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ის გარემოება, რომ კანონი დასაშვებად მიიჩნევს გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და მისი გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც სასამართლო მხარის მიერ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მივა დასკვნამდე, რომ გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ სხვაგვარი მსჯელობის დაშვება, ნორმის სხვაგვარი განმარტება და მხარის მიერ მხოლოდ პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძველზე მითითება, ავტომატურად რეჟიმში გამოიწვევს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას, რომელიც შეავიწროებს სასამართლოს ,,უფლებამოსილების - შესაძლებლობის'' ფარგლებს და დაადგენს ნორმის იმპერატიულ ხასიათს. ამგვარი მიდგომა, გარკვეულწილად, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მოსპობს პირის ინსტანციური (აპელაცია/კასაცია) დავის ინტერესს და უფლებას.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობის პირობებში არ არის წარმოჩენილი მესაკუთრისათვის სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის მოცემულ ეტაპზე განხორციელების განსაკუთრებული მნიშვნელობა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,კ” პუნქტით თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა მაშინ დავის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში აღძრულ სარჩელზე დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის თანხა შეადგენს 169 ლარს, რომელიც მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილია დოკუმენტები ჩატარებული ექსპერტიზის საფასურის 200 ლარის და ცნობის საზღაურის 20 ლარის გადახდის შესახებ. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა -169 ლარი, ექსპერტიზის საფასური - 200 ლარი და საკუთრების ცნობის საზღაური- 20 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

დადგენილია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 19.11.2018 წლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ა-----–--------–-------ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს დაუზუსტებელი ფართი 10000 მ2 მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო N4--------, მის: სენაკის რაიონი სოფელი გ------ი.

 

ვინაიდან, სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ არსებობს სენაკის რაიონული სასამართლოს 19.11.2018 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-24--ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1.ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ი------------–---–ის სარჩელი მოპასუხის ა-----–--------–-------ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის, თანხის დაკისრებისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნით.

 

1.1. ა-----–--------–-------ას (პ/ნ 3----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას ი------------–---–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული, სენაკის რაიონის სოფელ გ------ში მდებარე უძრავი ქონება - საკადასტრო კოდით 4-.14.2-.0-- და ი------------–---–ს გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

1.2. მოპასუხე ა-----–--------–-------ას (პ/ნ 3----------) მოსარჩელე ი------------–---–ის (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 3940 (სამი ათას ცხრაას ორმოცი) ლარის ოდენობით.

1.3. მოპასუხე ა-----–--------–-------ას (პ/ნ 3----------) მოსარჩელე ი------------–---–ის (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისროს ყოველთვიურად 394 (სამას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა.

1.4. მოსარჩელე ი------------–---–ს პ/ნ 3---------- უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.

1.5. უცვლელად დარჩეს სენაკის რაიონული სასამართლოს 19.11.2018 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

2. მოპასუხეს ა-----–--------–-------ას მოსარჩელე ი------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა- 169 (ას სამოცდაცხრა) ლარის ოდენობით.

2.1 ა-----–--------–-------ას მოსარჩელე ი------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯი: სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის საფასურის 200 ლარის და საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში გადახდილი საკუთრების შესახებ ცნობის საზღაურის - 20 ლარის ანაზღაურება.

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო პალატაში სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლევან ნუცუბიძე