განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2019
საქმის ნომერი
080100119003009232
დავის ტიპი
284 1 , 177 2 ა
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003009232

საქმე №1/416-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

27.11.2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი: გი------------–----ე;

 

დაცვის მხარე

ადვოკატი: ირ---–--–-----–-ა;

 

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე

№1-----------

 

ბრალდებული: გი-----ი ბუ-------ე

მამის სახელი: თა----ი

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: მქონე

მცხოვრები: ახ--––---ს რაიონი, სოფელი სა-------ი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. ავ--------ს ის-–----რ რესპუბლიკაში, ბა-----ის საავიაციო ბაზაზე, სამშვიდობო მისიაში მყოფი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების მ--------------------------- ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე გი-----ი ბუ-------ესათვის, ცნობილი გახდა იმავე დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეთა ბე-----–----–--ის სახელფასო ბარათის და ასევე სამხედრო მოსამსახურე გი-----ი ტე-----ის დემოგრაფიული მონაცემები, რის შემდეგაც ბე-----–----–--ის სახელფასო თანხის დაუფლების მიზნით, თავისივე სახელითა და გვარით და გი-----ი ტე-----ის პირადი ნომრით დარეგისტრირდა ინტერნეტ ტოტალიზატორ ,,C-------------”-ზე. 2018 წლის თებერვლის დასაწყისში, გი-----ი ბუ-------ემ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევით, ბე-----–----–--ის სახელფასო ანგარიშიდან 1001 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა 2499 ლარი გადარიცხა დასახელებულ, მის მიერ კონტროლირებად ანგარიშზე და მიისაკუთრა, რითაც ბე-----–----–--ეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2.1. 2019 წლის 06 ივნისს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გი-----ი ბუ-------ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა გი-----ი ბუ-------ემ თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გი-----ი ბუ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გი-----ი ბუ-------ის ბრალეულობას, კერძოდ: მოწმეების და----------–--ის, გრ-----–----------ის, ჯა----------ის, კა---------------ის, გი-----ი არ---–-–---–ის, რა-----–-------ის, ხვ---------ის, გი-----ი ტე-----ის, დაზარალებულ ბე-----–----–--ის და საკუთრივ გი-----ი ბუ-------ის გამოკითხვებით, შპს ,,G-------------” მიღებული მონაცემებით, სს ,,თი---------ი“ მიღებული ინფორმაციებით, დათვალიერების ოქმით, სამხედრო ნაწილიდან მიღებული მასალებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამავე კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, გამოვლენილი არ ყოფილა.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გი-----ი ბუ-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გი-----ი ბუ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.

 

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება გი-----ი ბუ-------ეს არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გი-----ი ბუ-------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება - შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე; საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები. სასჯელის შემსუბუქების კუთხით სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებას და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობას. რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენილი დანაშაულის სიმრავლის, ჩადენის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 177-ე მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით. ასევე, გი-----ი ბუ-------ეს საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაენიშნოს მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გი-----ი ბუ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქმის მასალებში არის ახ--––---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი, რომლის თანახმად, 2018 წლის 22 დეკემბრის ფაქტზე, გი-----ი ბუ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02 წელი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სასჯელის დანიშვნის წესს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის წესით დაინიშნება სასჯელი თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ გი-----ი ბუ-------ის მიმართ, პირველი განაჩენი დადგენილი იქნა 2018 წლის 24 დეკემბერს (2018 წლის 22 დეკემბრის ეპიზოდი) და ამ დროისათვის, მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვოდა სხვა დანაშაულის ჩადენაში (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი). აღნიშნულიდან გამომდინარე, გი-----ი ბუ-------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 მე-2 ნაწილების საფუძველზე და 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ საბოლოო სასჯელში ჩაითვლება ახ--––---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი მთლიანად.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 63-ე, 64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-21-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გი-----ი ბუ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

1.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

1.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გი-----ი ბუ-------ეს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი;

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ახ--––---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

 

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 მე-2 ნაწილის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ საბოლოო სასჯელში ჩაითვალოს ახ--––---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი მთლიანად და საბოლოოდ გი-----ი ბუ-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი;

 

5. გი-----ი ბუ-------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის გაწევა დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

7. მსჯავრდებულ გი-----ი ბუ-------ეს დაევალოს პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი;

 

8. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.

 

9. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

9.1. ტოტალიზატორ ,,Crystalbet.com’’-დან მიღებული CD დისკი - რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

10. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

11. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჯოხაძე