გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/784-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
7.11.2019 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე ნ----- ბ--------ე
წარმომადგენელი ეკატერინე მიშველიძე
მოპასუხე მ--- რ-----ე
დავის საგანი სესხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მ--- რ-----ისათვის ნ----- ბ--------ის სასარგებლოდ 1500 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელის გარემოებები
2014 წლის 29 ივნისს მ--- რ-----ემ ნ----- ბ--------ისაგან ერთი წლის ვადით ისესხა 1 500 აშშ დოლარი. მოპასუხის განმარტებით, მას და მის მეუღლეს რეზო ბარათელს, იჯარით ჰქონდა აღებული მე-18 სკოლის ბუფეტი და ნასესხები თანხა სჭირდებოდა მის ასამუშავებლად. მ--- რ-----ის მიერ ნ----- ბ--------ისაგან ფულის სესხების ფაქტი დადასტურებულია ხელწერილით. 2015 წლის 31 მაისს ნ----- ბ--------ეს 1700 აშშ დოლარი და 350 ევრო გამოართვა მ--- რ-----ის მეუღლემ რეზო ბარათელმა, რომელმაც ასევე ხელწერილით დაადასტურა სესხის აღების ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ არაერთხელ მოითხოვა მ--- რ-----ისაგან და რეზო ბარათელისაგან კუთვნილი თანხის დაბრუნება მათ დღემდე არ დაუბრუნებიათ ნასესხები თანხა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი გარემოებები:
2014 წლის ივნისში თანხა ნ----- ბ--------ისაგან ისესხა რეზო ბარათელმა, თუმცა ხელწერილი მან დაწერა. სესხი გაიცა პროცენტით, რომელსაც იხდიდა რეზო ბარათელი, თუმცა სრულად გადახდა ვერ შეძლო, რის გამოც 2015 წელს შედგენილი ხელწერილით აღიარა ვალის არსებობა და აიღო ახალი სესხიც 350 ევრო. რეზო ბარათელის ხელწერილში მითითებული 1700 აშშ დოლარი არის ის დავალიანება, რაც დაგროვილი იყო 2014 წელს შედგენილ ხელწერილში მითითებული თანხის გადაუხდელობის გამო. ამდენად, რეზო ბარათელს და მ--- რ-----ეს დამოუკიდებლად სესხის თანხა არ მიუღიათ. 2015 წელს ხელწერილით რეზო ბარათელმა ვალის არსებობა აღიარა, რის გამოც თანხის გადახდა მას უნდა დაეკისროს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 29 მ--- რ-----ის მიერ შედგენილი და ხელმოწერილია შემდეგი შინაარსის ხელწერილი „მე, მ--- რ-----ემ ქალბატონ ნ----- ბ--------ისაგან ვისესხე 1500 (ათასხუთასი) აშშ დოლარი ერთი წლის ვადით“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ხელწერილის ასლი (ს.ფ.15. ტომი 1 )
3.1.2. 2015 წლის 31 მაისს რეზო ბარათელის მიერ შედგენილია შემდეგი შინაარსის ხელწერილი „ მე რეზო ბარათელმა ვისესხე ნ----- ბ--------ისაგან 1700 აშშ დოლარი (ათასშვიდასი დოლარი) და სამასორმოცდაათი ევრო, რაზედაც ვაწერ ხელს“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ხელწერილის ასლი (ს.ფ.16, ტომი 1 )
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მ--- რ-----ეს არა აქვს შესრულებული სესხის დაბრუნების ვალდებულება. მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ნ----- ბარბაძესა და მ--- რ-----ეს შორის არ წარმოშობილა სასესხო ურთიერთობა.
მოპასუხის განმარტებით, მას ხელწერილში მითითებული თანხა მოსარჩელისაგან სესხად არ მიუღია და თანხა სინამდვილეში ისესხა რეზო ბარათელმა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, რომლითაც დეკლარირებულია მხარის შესაძლებლობა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მხარე თავად განსაზღვრავს რა ფაქტებს მიუთითებს სასამართლოში მისი პოზიციის მართებულობის წარმოსაჩენად და რა მტკიცებულებებს წარმოადგენს ამ ფაქტების დასადასტურებლად.
შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეს არა მარტო უფლებას ანიჭებს, არამედ ავალდებულებს სასამართლოში დავის განხილვის დროს მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მიერ მითითებული ფაქტები. სასამართლო განმარტავს, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ეს ფაქტები მიუთითა. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის თანახმად, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი თანაბრად ნაწილდება, მოსარჩელეს ევალება სარჩელში მითითებული გარემოებების დასაბუთება, მოთხოვნის არსებობის ფაქტის დადასტურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს სარჩელის საწინააღმდეგო ფაქტები, ისეთი გარემოებების არსებობა, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოპასუხე მ--- რ-----ის მიმართ სასამართლოში წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველია წერილობით გაფორმებული ხელწერილი, რომლის ნამდვილობა მოპასუხეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია, დაადასტურა, რომ ხელწერილი მან შეადგინა და ხელი მოაწერა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების დადებისათვის მნიშვნელოვანია ნების გამოვლება. ნების გამოხატვა დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილი იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამ ნორმის თანახმად, ხელშეკრულება არის ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმება, ხოლო ნების გამოვლენა ნამდვილია თუ იგი გარიგების დადების გადაწყვეტილება მიღებულია მხარის თავისუფალი განსჯის პირობებში. სამართლებრივ შედეგს იწვევს ისეთი ნების გამოვლენა, რომელიც მხარის სურვილის და მიზნის გამომხატველია, მიღებულია თავისუფალი განსჯის შედეგად, რაიმე არამართლზომიერი ზეგავლენის გარეშე, მხარისათვის განსაზღვრულია და აღქმადია ნების გამოვლენის შედეგად სამართლებრივი შედეგის წარმოშობა, გაცნობიერებული აქვს ნების გამოვლენის შედეგები და რისკები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნების გამოვლენა არის კერძო სამართალში ერთერთი მნიშვნელოვანი ქმედება, რადგან ნების გამოვლენა იწვევს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. ამდენად, ნების გამოვლენის შედეგად მყარდება ყოველი სამართლებრივი ურთიერთობა. ნების გამოვლენა სახელშეკრულებო თავისუფლების რეალიზაციის ძირითადი სამართლებრივი საშუალება.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით დადგენილი გარიგების დეფინიციიდან გამომდინარე ნების გამოვლენა გარიგების აუცილებელი ელემენტია. ამით სამოქალაქო კოდექსი გარიგების რეგულირებისას ნების თეორიას ეყრდნობა. ნების გამოვლენა არის სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილის გარეგნული გამოხატვა კანონით დადგენილი ფორმით. ნების გამოვლენით გარიგების მონაწილე აფიქსირებს იმ მიზანს, რომლის მიღწევაც სურს მისი შინაგანი ნების საფუძველზე.
სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც გულისხმობს ნების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ნამდვილია ნების გამოვლენა, თუ დაცულია მისი გამოხატვის სამართლებრივი წინაპირობები - მატერიალური თუ ფორმალური. მატერიალურ წინაპირობებს განეკუთვნება ნების გამომვლენი პირის გონებრივი შესაძლებლობები (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო ფორმალურს - ნების გამოვლენის კანონით დადგენილი ფორმის დაცვა (ნების გამოვლენა წერილობით, ზეპირად, ნოტარიუსის მონაწილეობით, კანონის შესაბამისად და ა.შ.).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითებული, რომ გარიგების დადებისას არსებობს იმის პრეზუმფცია, რომ გარიგების მხარეთა ნამდვილ ნებას გამოხატავს მხარეების მიერ დადებული ხელშეკრულება. შესაბამისად, საწინააღმდეგო გარემოებები უნდა დაადასტუროს იმ პირმა, ვინც გარიგების შეცილებას ახორციელებს, არ მიიჩნევს გარიგების ნამდვილ ხელშეკრულებად.
მოპასუხის განმარტებით, თანხა მოსარჩელისაგან მხოლოდ რეზო ბარათელმა ისესხა, ხოლო ხელწერილი შეადგინეს ფორმალურად, რადგან თანხის წამოსაღებად მოსარჩელესთან იგი იყო მისული. ამდენად, მოსარჩელის განმარტებიდან გამომდინარე იგი შეცდომით გარიგების დადებაზე მიუთითებს, ასევე გარიგებას მოჩვენებით დადებულად მიიჩნევს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არსებით შეცდომად ითვლება, როცა: ა. პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა; ბ. პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა; გ. არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად. სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, შეცდომა უფლებაში არსებითი მნიშვნელობისაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი გარიგების დადებისას ერთადერთი და მთავარი საფუძველი იყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). 2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს, აცნობიერებს ამ ხელშეკრულების სამართლებრივ შედეგებს და სურს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომა. მართალია, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარი ვარაუდის გაქარწყლების შემთხვევებს, როგორიცაა თუნდაც გარიგების დადება იძულებით, მოტყუებით თუ შეცდომით, ასევე მოჩვენებით გაიგების დადება, თუმცა გარიგებსი ბათილობის წარმომშობი ფაქტები უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხისათვის ცნობილი არ იყო ხელწერილი პირობები და იგი მისი გაფორმების დადებისას მოატყუეს ან შეცდომაში შეიყვანეს. ასევე რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მხოლოდ რეზო ბარათელის ნასესხებ თანხას შეეხება საქმეში წარმოდგენილი ორივე ხელწერილი.
სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენა სამართლებრივ ურთიერთობას წარმოშობს, შესაბამისად ნების გამოვლენა წარმოშობს მხარის უფლება-მოვალეობებს, ხელშეკრულება შესაძლოა აკისრებდეს ნების გამომვლენს გარკვეულ ვალდებულებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობით ბოჭვისას, ხელშეკრულების დადების დროს მხარე ვალდებულია გაეცნოს ხელშეკრულებას და მასზე თანხმობა ხელმოწერით ამის შემდგომ დაადასტუროს.
ხელწერილი ხელმოწერილის მოპასუხის მიერ, რის გამოც იგი აცნობიერებდა მის შედეგებს, ეთანხმებოდა, რომ ხელწერილის საფუძველზე წარმოეშობოდა სესხის დაბრუნების ვალდებულება.
სასამართლო მოპასუხის განმარტებასთან დაკავშირებით მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებს: „გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განჩინება საქმეზე № ას-620-592-2016 ; 2018 წლის 23 მარტის განჩინება საქმე №ას-272-272-2018; 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაში საქმეზე №ა-932-872-2017 .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ხელწერილის ასლი დედანი (ს.ფ. 13- 14. ტომი 1)
- მოპასუხის განმარტებები (7.11.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოპასუხეს სესხის დაბრუნების ვალდებულება შესრულებული არა აქვს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-ე, 624-ე, 317-ე, 328-ე, 68-ე, 69-ე, 361-ე, 316-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ურთიერთობა წარმოშობილია სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად დავა სახელშეკრულებოა. 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ სადაო გახადა მოთხოვნის წარმოშობა, ანუ სარჩელში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის შესახებ. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, რადგან სრულად უარყო მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მიხედვით, 1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით; 2. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამ ნორმის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება და უფლება-მოვალეობების წარმოშობს თუ შეთანხმება მიღწეულია ყველა არსებით პირობაზე და შეთანხმება დადებულია კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ფორმის დაცვით ან მხარეთა შეთანხმებული ფორმით. ამდენად, ხელშეკრულების წარმოშობის მნიშვნელოვანი მატერიალური წინაპირობაა შესაბამისი ფორმის დაცვა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დადებულია წერილობითი ფორმის დაცვით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის თანახმად, 1. თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. 2. თუ მხარეები შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზე, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის შედგენით; ფორმის უზრუნველსაყოფად ასევე საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელეასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. ამავე კოდექსის 69-ე მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით; გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა.
მოპასუხემ მართალია უარყო მოსარჩელისგან თანხის სესხად მიღება, მაგრამ ამავდროულად მან დაადასტურა სესხის ხელწერილის შედგენის და ხელმოწერის ფაქტი. წერილობით შედგენილი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული პირობები არ არის უარყოფილი საქმეში წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებით. იმის გამო, რომ ივარაუდება წერილობით გაფორმებული გარიგების ნამდვილობა, მისი ნამდვილობის გაქარწყლება სანდო მტკიცებულებების საფუძველზე უნდა მოხდეს. წერილობით გაფორმებული ხელშეკრულება მხარეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს და მისი ნამდვილობის უარყოფა საქმეში წარმოდგენილ სანდო მტკიცებულებებს უნდა დაეფუძნოს. მოპასუხეს მისი ახსნა-განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია იმის დასტურად, რომ მხოლოდ რეზო ბარათელის სასესხო ურთიერთობას შეეხება ორივე სესხის ხელწერილი. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ხელწერილი შეცდომით ან მოჩვენებით დადებული გარიგებაა და მსესხებელი მოპასუხის ნაცვლად არის რეზო ბარათელი.
ამდენად, 2014 წლის 29 ივნისის ხელწერილის საფუძველზე მ--- რ-----ესა და რეზო ბარათელს შორის წარმოიშვა სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზე მ--- რ-----ემ იკისრა სესხის თანხის 1500 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, 1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. 2. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. მოპასუხეს არა აქვს დაბრუნებული სესხის თანხა, მისი დავალიანებაა 1500 აშშ დოლარი, რომლის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელისათვის სარჩელზე გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურების წინაპირობაა სარჩელის დაკმაყოფილება. სარჩელის დაკმაყოფილების გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელწმიფო ბაჟის ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია ორი მოპასუხის მიმართ, ხოლო სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 264 ლარი. მოსარჩელის მოთხოვნის სარჩელის ფასია 8823 ლარი, საიდანაც მ--- რ-----ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის სარჩელის ფასია 3660 ლარი, ხოლო რეზო ბარათელის მიმართ მოთხოვნის ფასია 5163 ლარი. ამდენად, მოპასუხე მ--- რ-----ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის 109 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მ--- რ-----ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნაზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს ნ----- ბ--------ის სარჩელი;
1.1. მ--- რ-----ეს დაეკისროს ნ----- ბ--------ისათვის 1500 აშშ დოლარის გადახდა;
2. მ--- რ-----ეს დაეკისროს ნ----- ბ--------ისათვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 109 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხრისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი