გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/21787-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 ნოემბერი, 2019 წ. ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი შორენა აბჟანდაძე
მოსარჩელე - ა---------–---–--წ---–-----ი
წარმომადგენელი - მ-------–--–-------
მოპასუხე - შპს „ი--------ი“
წარმომადგენელი - ნ------–-–---
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ა---------–---–--წ---–-----ი ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, მ---------ის ქუჩა #8 (ყოფ. ო–---ს ქუჩა), მე-7 სართული, ბინა #61, ფართი 82.62 კვ.მ., საკადასტრო კოდი #0------------------------- მესაკუთრედ.
მოსარჩელე მხარის მითითებით, თავდაპირველად მოპასუხისგან ბინა მდებარე: ქ. თბილისი, მ---------ის ქ, #8 (ყოფ. ო–---ს ქუჩა), მე-7 სართული, ბინა #61, ფართი 82.62 კვ.მ., საკადასტრო კოდი #0------------------------- შეიძინა ზ------ ჭ----------მ, ხოლო მოსარჩელემ აღნიშნული ბინა 2015 წლის 27 მაისს შეიძინა ზ------ ჭ----------სგან და შესაბამისად გახდა ბინის მომავალი მესაკუთრე ზურაბ ჭ----------ს ნაცვლად. მხარეებს შორის ბინის ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარად, ხოლო ნასყიდობის ფასის მიღების შემდეგ ზ------ ჭ----------მ მოსარჩელეს დაუთმო მომავალი მესაკუთრის სტატუსიც. აღნიშნული შეთანხმების შესახებ ინფორმირებული იყო მოპასუხეც, რაზეც ბუნებრივია არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია და უპრობლემოდ, სადავო ბინის მომავალ მესაკუთრედ ჯერ კიდევ 2015 წელს აღირიცხა მოსარჩელე. 2018 წლამდე შპს ,,ი--------ის“ არანაირი პრობლემა და არანაირი ვალდებულებები თუ შეზღუდვები არ გააჩნდა, არც მოვალეთა რეესტრში არ იყო რეგისტრირებული, მაგრამ მოპასუხემ მოსარჩელეს ბინა მაინც არ გადაუფორმა მის სახელზე. მოპასუხე სულ ჰპირდებოდა მოსარჩელეს, რომ მალე მესაკუთრედ აღრიცხავდა, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. გაურკვეველია, თუ რატომ არ შეასრულა მოპასუხემ თავისი ვალდებულება. სარჩელზე დართული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს სრულად აქვს შესრულებული თავისი წილი სახელშეკრულებო ვალდებულებები, ხელშეკრულებით დადგენილი წესით და ვადაში. მოსარჩელე მრავალი წელია ცხოვრობს შეძენილ ბინაში. თვეების წინ მან კვლავ ითხოვა, რომ დარეგისტრირებულიყო ბინის მესაკუთრედ, მაგრამ მოპასუხე კომპანიამ განუმარტა, რომ აღმოჩნდა მოვალეთა რეესტრში და მიუხედავად თანხმობისა მოპასუხეს არ შეუძლია სადავო ფართის მოსარჩელისთვის საკუთრებაში გადაცემა. მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს იმის გასარკვევად კონკრეტულად მის ფართზე ხომ არ არის პრეტენზია მესამე პირების მხრიდან, თუმცა მისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს ,,ი--------ია“ მოვალეთა რეესტრში და სწორედ შპს ,,ი--------ის“ გააჩნია მესამე პირების მიმართ შეუსრულებელი ვალდებულებები, ხოლო კონკრეტულ ბინასთან მიმართებაში სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,ი--------ი’’ წარმოდგენილი შესაგებლით დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას და ცნო სასარჩელო მოთხოვნა. მოპასუხის განმარტებით, სადავო არ არის მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ფაქტი, თუმცა ვერ განხორციელდა მისი მესაკუთრედ რეგისტრაცია იმის გამო, რომ შპს ,,ი--------ი’’ არსებული საგადახადო დავალიანების გამო, რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 27 მაისს, ზ------ ჭ----------ს და ა---------–---–--წ---–-----ს შორის დაიდო ხელშეკრულება მომავალი საკუთრების უფლების ნასყიდობის შესახებ, რომლის საფუძველზეც ზ------ ჭ----------მ ა---------–---–--წ---–-----ს მიყიდა მისი მომავალი საკუთრების უფლება, კერძოდ, შპს ,,ი--------ის“ მიერ მშენებარე შენობაში, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, მ---------ის ქ. #8, ფართზე (მშენებარე), მე-7 სართული, ბინა #61, 82.62 კვ.მ.-ზე, საკადასტრო კოდი #0-------------------------.
ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულება მხარეთა მიერ განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით, რომლის გადახდა განხორციელდა ამ დოკუმენტზე ხელმოწერების სანოტარო წესით დამოწმების შემდეგ, ნაღდი ანგარიშსწორების წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მომავალი საკუთრების უფლების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ.16-17);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.23-24)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. ა---------–---–--წ---–-----ის მიერ სრულად არის გადახდილი 2015 წლის 27 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საფასური.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. სადავო უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, მ---------ის ქ. #8, ფართი (მშენებარე), სართული 7, ბინა #61, ფართი 82.62 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0------------------------- საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, აღრიცხულია შპს ,,ი--------ის“ სახელზე საკუთრების უფლებით.
აღნიშნულ უძრავ ქონებაზე აღრიცხულია მომავალი მესაკუთრის ა---------–---–--წ---–-----ის სამომავლო საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 05/02/2016 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.23-24);
3.1.4. მოპასუხე შპს ,,ი--------ი’’-მ ვერ უზრუნველყო მოსარჩელე ა---------–---–--წ---–-----ისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, მ---------ის ქ. #8, ფართი (მშენებარე), სართული 7, ბინა #61, ფართი 82.62 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0------------------------- საკუთრების უფლების გადაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 26-29).
3.1.5. მოსარჩელე ა---------–---–--წ---–-----ი ფაქტობრივად დაუფლებულია სადავო უძრავ ქონებას მდებარე მისამართზე თბილისი, მ---------ის ქ. #8, ფართი (მშენებარე), სართული 7, ბინა #61, ფართი 82.62 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0-------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,თელასის“ ქვითარი (ს.ფ. 18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.6. შპს ,,ი--------ი’’-ს გააჩნია შესასრულებელი ვალდებულებები მესამე პირების მიმართ, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია საჯარო სამართლებრივი შეზღუდვები, მათ შორის უძრავ ქონებაზე, რომელიც წარმოადგენს დავის საგანს. 2017 წლის 07 ივლისიდან მოპასუხე ასევე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.34-36);
- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 16.09.2019 წლის წერილი (ს.ფ.86-87);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 323-ე, 361-ე, 477-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო 327-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.
ამავე კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად კი მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 27 მაისს, ზ------ ჭ----------ს და ა---------–---–--წ---–-----ს შორის დაიდო ხელშეკრულება მომავალი საკუთრების უფლების ნასყიდობის შესახებ, რომლის საფუძველზეც ზ------ ჭ----------მ ა---------–---–--წ---–-----ს მიყიდა მისი მომავალი საკუთრების უფლება, კერძოდ, შპს ,,ი--------ის“ მიერ მშენებარე შენობაში, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, მ---------ის ქ. #8, ფართზე (მშენებარე), მე-7 სართული, ბინა #61, 82.62 კვ.მ.-ზე, საკადასტრო კოდი #0-------------------------. ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულება მხარეთა მიერ განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით, რომლის გადახდა განხორციელდა ამ დოკუმენტზე ხელმოწერების სანოტარო წესით დამოწმების შემდეგ, ნაღდი ანგარიშსწორების წესით.
აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ა---------–---–--წ---–-----ზე გადავიდა სრულად ის უფლებები, რაც გააჩნდა ზ------ ჭ----------ს ნასყიდობის საგანთან დაკავშირებით. ა---------–---–--წ---–-----ს გადახდილი აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების საფასური.
სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია წერილობითი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება, მოპასუხემ კი ვერ უზრუნველყო მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართის საკუთრებაში გადაცემა და მისი მესაკუთრედ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა.
6.2.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, სარჩელის ცნობამდე მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დავის საგანზე (ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) რეგისტრირებული არ არის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, და რომელიც შეიცავს სარჩელის ცნობის მომენტისათვის ძალაში მყოფ მონაცემებს.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე იზღუდება მოპასუხის უფლება, რომელიც დისპოზიციურობის პრინციპის ნაწილს წარმოადგენს - ცნოს სარჩელი, ისეთ პირობებში, როდესაც დავის საგანზე რეგისტრირებულია საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა. კანონმდებლის ეს დათქმა იმ მიზანს ემსახურება, რომ არ შეილახოს იმ დაინტერესებული პირის ინტერესები, რომლის სასარგებლოდაც გამოყენებულია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 193 მუხლის დანაწესით, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, გარდა ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
დადგენილია, რომ მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გამო მოპასუხეს შეზღუდული აქვს რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური სიკეთის განკარგვის უფლება. შესაბამისად მართალია მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო სრულად, თუმცა ვინაიდან დავის საგანზე რეგისტრირებულია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, დავა არსებითად განიხილა და მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება არა მხოლოდ მოპასუხის აღიარებით, არამედ წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ გარიგების რეგისტრაცია არ არის გარიგების ფორმა, არამედ იგი ადასტურებს უძრავ ნივთზე გარიგებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობას/გადაცემას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს გააჩნია მოპასუხის მიმართ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება, რასაც არც მოპასუხე უარყოფს, მოსარჩელე რეგისტრირებულია მომავალ მესაკუთრედ, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირისათვის არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა ჯამში 3000 ლარი სრულად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 38-ე, 39-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 248, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ა---------–---–- - წ---–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე ა---------–---–- - წ---–-----ი ცნობილ იქნას უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, მ---------ის ქუჩა N8, სართული N7, ბინა N 61, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-------------------------, ფართი: 82.62 კვ.მ. მესაკუთრედ.
3. გადაწყვეტილება საფუძველია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შესაბამისი ცვლილების განხორციელებისათვის.
4. დაუბრუნდეს ა---------–---–- - წ---–-----ს მის მიერ 2019 წლის 04 სექტემბერს სს "თიბისი ბანკში" # 0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3000.00 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე