გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/17322-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 ოქტომბერი 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი შორენა აბჟანდაძე
მოსარჩელე - სს „თ----------ი“
წარმომადგენელი - ნ--------------
მოპასუხე - გ-------– ფ------–---–ი
წარმომადგენელი - მ-------------–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ-------– ფ------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, 2017 წლის 05 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 5577.5 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2999.68 ლარი, პროცენტი 1010.53 ლარი და პირგასამტეხლო 1000 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხე გ-------– ფ------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 15 ივლისიდან) 2017 წლის 05 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2999.68 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 33 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 82.49 ლარს.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სს „თ----------სა“ და გ-------– ფ------–---–ს შორის 2017 წლის 05 დეკემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 3000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 33%-ით კრედიტის სს ,,თ----------ის“ ბანკომატით. ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 1 ლარი და დავალიანების 1%. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 04 რიცხვი. ამასთან, 2017 წლის 05 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 65.2. ქვეპუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში. ხოლო, ამავე ხელშეკრულების 6.5.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე w------------- განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითიც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.
გ-------– ფ------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2018 წლის ივნისის თვეში და აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2019 წლის 15 ივლისის მდგომარეობით. მოპასუხეს 2017 წლის 25 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 5604.62 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2999.68 ლარი, პროცენტი - 1010.53 ლარი და ჯარიმა - 1594.41 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ-------– ფ------–---–მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის 2999.68 ლარის და საპროცენტო სარგებლის 1010.53 ლარის ნაწილში ცნო. მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა იქნეს შემცირებული სასამართლოს მიერ გონივრულ ოდენობამდე. მოპასუხის განმარტებით, ასევე შეუსაბამოდ მაღალია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საპროცენტო სარგებლის პროცენტული მაჩვენებელიც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „თ----------სა“ და გ-------– ფ------–---–ს შორის 2017 წლის 05 დეკემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 3000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 33%-ით კრედიტის სს ,,თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში.
ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 1 ლარი და დავალიანების 1%. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 04 რიცხვი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 05 დეკემბრის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 17-18);
- 2017 წლის 05 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 19-22);
- საკრედიტო ბარათი - ერთგული (ს.ფ. 23-25);
- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ს.ფ. 26-42);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. გ-------– ფ------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2018 წლის ივნისის თვეში და აღარ მომხდარა გადახდა.
სადავოს არ წარმოადგენს, რომ 2019 წლის 15 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხეს 2017 წლის 25 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 5604.62 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2999.68 ლარი, პროცენტი - 1010.53 ლარი და ჯარიმა - 1594.41 ლარი (სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში მოსარჩელე მხარის მიერ შემცირებულია1000 ლარამდე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 51);
- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 43-50);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. მოსარჩელე სს ,,თ----------მა“ მოპასუხე გ-------– ფ------–---–ი წერილობით გააფრთხილა, ვადაგადაცილებული დავალიანების გადახდის თაობაზე, თუმცა მოპასუხემ 2017 წლის 05 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება არსებული მდომარეობით შესრულებული არ აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ოფიციალური გაფრთხილება (ს.ფ. 52-53);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხართა შორის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ----------ის“ სარჩელი გ-------– ფ------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე გ-------– ფ------–---–მა მითითებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო დავალიანების ძირი თანხის და საპროცენტო სარგებლის ნაწილში, რამაც მთლიანობაში შეადგინა 4010.21 ლარი. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,თ----------ს” და მოპასუხე გ-------– ფ------–---–ს შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე მალხაზ ერაძეს ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
წარმოდგენილ შემთხვევაში სასესხო დავალიანების ძირი თანხის ოდენობა, 2017 წლის 05 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებაზე შეადგენს 2999.68 ლარს, პირგასამტეხლო 1000 ლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, უნდა იქნეს შემცირებული გონივრულ ოდენობამდე. კერძოდ, 2017 წლის 05 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს თანხა 500 ლარის ოდენობით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
მითითებულ ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
წარმოდგენილ შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემულ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საბანკო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი), რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგლებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. თუმცა ასევე საგულისხმოა, რომ მიუღებელი შემოსავლის დადგენისა და მისი მოვალისათვის დაკისრებისას გასათვალისწინებელია სრულად ყველა ფაქტობრივი ასპექტი და მისი ოდენობის დადგენა და მხარისათვის დაკისრება არ უნდა იწვევდეს არც ერთი მხარის უფლებების უგულვებელყოფას ან/და კრედიტორის გაუმართლებლად უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე მხარემ არ დაფარა არსებული დავალიანება. სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება არ უნდა იწვევდეს გაუმართლებელი ტვირთის მხარისათვის დაკისრებას და თავის მხრივ არ უნდა აყენებდეს კრედიტორს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში უსაფუძვლოდ გამდიდრებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. საბანკო დაწესებულება, მისი საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა. მოთხოვნის არსიდან გამომდინარე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს 2017 წლის 05 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2019 წლის 15 ივლისიდან დავალიანების ძირ თანხაზე 2999.68 ლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური 33%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 82.49 ლარს.
სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, სს ,,თ----------ის“ აღნიშნული მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხე გ-------– ფ------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2017 წლის 05 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2999.68 ლარის წლიური 18%-ის გადახდა, 2019 წლის 15 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც წარმოადგენს მხარეთა მიერ 2017 წლის 05 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეთა მიერ შეთანხმებულ საპროცენტო სარგებლის ოდენობას. აღნიშნული საპროცენტო სარგებელი მხარეთა შეთანბხმების გარდა, წარმოადგენს იმ გონივრულ და საშუალო სარგებელს, რომელიც არსებული მდგომარეობით არის საჯაროდ შეთავაზებული მოსარჩელე მხარის მიერ. მხოლოდ ის გარემოება, რომ საკრედიტო ბარათიდან განაღდებული თანხის წილზე ხდებოდა 33% სარგებლის სახით დარიცხვა ვერ იქნება აღნიშნული მოთხოვნის დასასაბუთებლად გამოყენებული. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ პირგასამტეხლოს ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 1000 ლარამდე, ამასთან, მოპასუხე გ-------– ფ------–---–მა სარჩელი ცნო დავალიანების ძირი თანხის 2999.68 ლარის და საპროცენტო სარგებლის 1010.53 ლარის ნაწილში, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 286.41 ლარის ნაწილი - 165.31 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის (რა ნაწილშიც არ ცნო მოპასუხემ სარჩელი) პროპორციული სახელმწიფო ბაჟის 113.59 გადახდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს მოპასუხე გ-------– ფ------–---–ისთვის, საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 381.88 ლარის ანაზღაურებას. სასამართლო მიუთითებს, რომ არსებულ სამოქალაქო საქმეზე გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოპასუხე გ-------– ფ------–---–ისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის თაობაზე. რაც შეეხება ადვოკატის ხარჯს, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა 09/07/2019 წლის საგადახდო დავალება, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ მოსარჩელეს ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი აქვს 381.88 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 381.88 ლარის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, მოპასუხე გ-------– ფ------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯის (დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის 4%-მდე ოდენობით) 240 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის ხარჯის 20 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოპასუხე გ-------– ფ------–---–ს (პირადი ნომრით 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ტ-–-----ის ქ N 25, ბ N 23, ფართი 35.00 კვ. მ. ს/კ: 0---------------------- -ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს „თ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე გ-------– ფ------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 05 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4510.21 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 2999.68 ლარი, საპროცენტო სარგებელი 1010.53 ლარი, პირგასამტეხლო 500 ლარი.
3. მოპასუხე გ-------– ფ------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 05 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2999.68 ლარის წლიური 18%-ის გადახდა, 2019 წლის 15 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4. მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით 500 ლარის მოპასუხე გ-------– ფ------–---–ისთვის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
5. მოპასუხე გ-------– ფ------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, აკრძალვის რეგისტრაციის ხარჯის 20 ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 240 ლარის ანაზღაურება.
6. მოპასუხე გ-------– ფ------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 113.59 ლარის ანაზღაურება.
7. მოსარჩელე სს ,,თ----------ს“ დაუბრუნდეს, მის მიერ 09/07/2019 წლის №24 საგადახდო დავალებით სს ,,თ----------ი“-ს მეშვეობით სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 286.41 ლარის ნაწილი - 165.31 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე