გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.02.2019
საქმის ნომერი
340310018002615512
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340310018002615512

საქმე #3/106-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

ნაწილი I (შესავალი)

 

25 თებერვალი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დევი დევიძე

სხდომის მდივანი თეონა ნატროშვილი

მოსარჩელე - ზი------------–--ლი;

წარმომადგენელი - ნა------------–--ლი;

მოპასუხე - ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენლები - ქე--------------–--ლი და და--------–------ძე;

მესამე პირი - ნა----–----------–--ლი;

წარმომადგენელი - თა-----------–--ლი;

მესამე პირი - კა--------–--ლი;

წარმომადგენელი - ზი------------–--ლი;

დავის საგანი - საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და აუქციონში გამარჯვების დამადსტრურებელი ოქმის ბათილად ცნობა;

ნაწილი II (აღწერილობითი)

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოსარჩელემ 2018 წლის 03 სექტემბერს მომართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ;

1.2. მოსარჩელემ, კერძოდ, მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 03 ივლისის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი #3 და მის საფუძველზე 2017 წლის 12 ივლისს გამოცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა #10;

1.3. მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ თავის მოთხოვნებს დაამატა კიდევ ერთი: ბათილად იქნეს ცნობილი ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 24 მაისის ბრძანება #373 „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით საჯარო აუქციონის გამოცხადების შესახებ“, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ 57.05.53.153) ნაწილში (ამ ბრძანების დანართ #1-ში მე-15 მითითებული ქონება);

2. მოპასუხისა და მესამე პირების პოზიცია

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ სცნო (შესაგებლის მე-2 გვერდზე მონიშნა შესაბამისი ფანჯარა), თუმცა სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრვი გარემოებას დაეთანხმა;

2.2. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ ოქმისა და მოწმობის შედგენისას მოპასუხეს კანონი არ დაურღვევია;

2.3. ნა----–----------–--ლმა სარჩელი არ სცნო და აღნიშნა, რომ მას სადავო ქონება შეძენილი აქვს კანონიერად;

2.4. კა--------–--ლს შესაგებელი არ წარმოუდგენია, მაგრამ სხდომაზე თავის წარმომადგენლის მეშვეობით სარჩელი ცნო და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება;

3. საქმის ფაქტობრივი გარემოებები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი...;

„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81);

3.1. მხარეთა ახსნა-განმარტებითა და სხვა მტკიცებულებებით დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მოსარჩელე თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად 2012 წლის დეკემბრის თვიდან დღემდე ცხოვრობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს ყოფილი ფოსტის შენობაში. მის ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. აღნიშნული ფაქტი იმთავითვე ცნობილი იყო მოპასუხისათვის (ქონების ს/კოდია 57.05.53.153), რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის მაშინდელი მესვეურების დახმარებით მოხდა მისი და მისი ოჯახის ამ შენობაში შესახლება;

É საქმეში წარმოდგენილია მერიის წერილი (19.07.2016წ., #06/3182) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსადმი, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ ფოსტის შენობაში ცხოვრობს სოციალურად დაუცველი ოჯახი (მოპასუხემ დაადასტურა, რომ „სოციალურად დაუცველ ოჯახში“ სწორედ მოსარჩელეს და მის შვილს გულისხმობდნენ). სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 2018 წლის 31 აგვისტოს ამონაწერის თანახმად, ოჯახს მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა „1000“, ის იღებს 120 ლარიან სოციალურ დახმარებას;

É საქმეში წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეს ჰყავს 1999 წლის 17 ივნისს დაბადებული შვილი (მესამე პირი) კახი ნანოშვილი, რის გამოც მას მიენიჭა მარტოხელა დედის სტატუსი (მოსარჩელის შვილი დღეისათვის უკვე სრულწლოვანია);

3.1.2. შენობა წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ამ შენობის პრივატიზება. იმის გამო, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა ფინანსური სახსრები რამდენჯერმე მოხდა პრივატიზების პროცესის გაგრძელება;

É საქმეში წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 აპრილის #9/24118 და 2016 წლის 16 ივნისის #9/30366 გადაწყვეტილებები მოსარჩელის განცხადებების განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე;

É მერიაში მოსარჩელეს უთხრეს, რომ დაეწერა განცხადება ყოფილი ფოსტის შენობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, რის საფუძველზეც მერიამ მიმართა სააგენტოს;

3.1.3. ნა----–----------–--ლი და მისი მრავალსულიანი ოჯახი 1970-იან წლებში შესახლებულ იქნა შენობაში, რომელიც ფოსტის შენობის გვერდით დგას (არა ის შენობა, რომელშიც დღეისათვის ცხოვრობს მოსარჩელე). აღნიშნული შენობა მან საკუთრებაში მიიღო 2016 წელს აუქციონის მეშვეობით;

É საქმეში წარმოდგენილია მერიის მიერ 2016 წლის 30 მარტს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა #138, რითაც დასტურდება, რომ მესამე პირს საკუთრებაში გადაეცა სოფელ სანავარდოში მდებარე მიწის ნაკვეთი ფართობით: 810.7 კვ.მ. ასევე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, რომელზეც დატანილია შენობაც. მესამე პირის განმარტებით მას საკუთრების უფლება რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში;

3.1.4. ნა----–----------–--ლი ერთ ოთახს ასევე ფლობს ყოფილი ფოსტის შენობაში, - იმ მოტივით, რომ 3.1.2 პუნქტში მითითებულ შენობაში არ იყო მხარავსულიანი ოჯახის ნორმალური ცხოვრების პირობები, მან მეუღლესთან და შვილიშვილებთან ერთად გადაინაცვლა ყოფილი ფოსტის შენობის ერთ ოთახში;

3.1.5. ყოფილი ფოსტის შენობა ირიცხებოდა სახელმწიფო საკუთრებაში, რომელიც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 09 დეკემბრის #1/1-3950 ბრძანების საფუძველზე დამატებითი ქონების სახით გადაეცა ყვარლის მუნიციპალიტეტს;

É საქმეში წარმოდგენილია მერიის 2016 წლის 19 ივლისის #06/3182 წერილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსადმი. ამ წერილით მერია სააგენტოს სთხოვს, რომ სოფელ სანავარდოში მდებარე ყოფილი ფოსტის შენობა გადაეცეს ყვარლის მუნიციპალიტეტს დამატებითი ქონების სახით, ვინაიდან ამ შენობაში ცხოვრობს მოსარჩელეს ოჯახი, რომელსაც ამ ეტაპზე არ გააჩნია შენობის გამოსყიდვის შესაძლებლობა და არსებობს შენობის აუქციონზე გასხვისების შესაძლებლობა, რის გამოც ოჯახი დარჩება ღია ცის ქვეშ;

É საქმეში წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითებული ბრძანება, რომლითაც დასტურდება, რომ სააგენტომ გაიზიარა მერიის მოტივაცია და დამატებითი ქონების სახით გადასცა სოფელ სანავარდოში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართით 200 კვ.მ. და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა #1 - საერთო ფართით 172 კვ.მ. (მიწის ნაკვეთის ს/კოდია 57.05.53.153);

3.1.6. მერიამ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე ქონების პრივატიზების მიზნით გამოცხადა უპირობო საჯარო აუქციონი. აუქციონმა მოიცვა, მათ შორის, სოფელ სანავარდოში არსებული სადავო ქონება; არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი;

É სასამართლომ მერიიდან გამოითხოვა 2017 წლის 24 მაისის #373 ბრძანება და საქმის წარმოების მასალები, რომელთა მიხედვითაც ქონების მახასაითებლებია: (ფართობი: 200 კვ.მ., შენობის ფართობი: 172 კვ.მ., ს/კ 57.05.53.153, საწყისი ფასი: 4600,00 ლარი, „ბე“: 920,00 ლარი, ვაჭრობის ბიჯი: 230,00 ლარი, მონაწილის ბილეთი: 50,00 ლარი);

É აუქციონი ტარდებოდა 2017 წლის 29 ივნისს 15:00 სთ-ზე, ხოლო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადის მიღება მიმდინარეობს 2017 წლის 31 მაისიდან, 29 ივნისის ჩათვლით 12:00 სთ-მდე, სამუშაო დღეებში;

É 2017 წლის 25 მაისს ყვარლის მუნიციპალიტეტის „მედია ცენტრის“ გაზეთში „ყვარელი“, მე-10 ნომერში გამოქვეყნდა ბრძანება თავაისი დანართით;

É ამდენად, აუქციონი ჩატარდა მისი გამოცხადებიდან 33 დღეს (თუ ათვლის წერტილად მივიჩნევთ გაზეთში ინფორმაციის გამოქვეყნების დღეს, ანუ 25 მაისს);

3.1.7. აუქციონში მონაწილოების მიღების სურვილი დააფიქსირა მხოლოდ მესამე პირმა ნა----–----------–--ლმა;

É 2017 წლის 12 ივნისს მან მერიაში წარადგინა შესაბამისი განცხადება. განცხადებაში მან მიუთითა, რომ 2017 წლის 25 მაისის ყვარლის გაზეთიდან მიიღო ინფორმაცია აუქციონის შესახებ, რომელიც დარეგისტრირდა შესაბამის ჟურნალში;

3.1.8. 2017 წლის 29 ივნისს 15:00 სთ-ზე შედგა საპრივატიზაციო-სააუქციონო კომისის სხდომა;

É ოქმის თანახმად, იმის გამო, რომ მითითებულ ქონებაზე შტანილი იყო მხოლოდ ერთი განცხადება, გამარჯვებულად გამოცხადდა მესამე პირი ნა----–----------–--ლი, რომელსაც უნდა გადაეხადა 4830,00 ლარი;

3.1.9. ნა----–----------–--ლმა 2017 წლის 12 ივნისს გადაიხადა „ბე“ – 920,00 ლარის ოდენობით, იმავე წლის 05 ივლისს - 1160,00 ლარი, ხოლო 10 ივლისს - 2750,00 ლარი, ჯამში 4830,00 ლარი;

É საქმეში წარმოდგენილია გადახდის ქვითრები #13454533, #13658757 და #5131577276;

3.1.10. 2017 წლის 05 ივლისს მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის თავმჯდომარემ და მესამე პირმა ნა----–----------–--ლმა გააფორმეს „აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი“ ოქმი #3, ხოლო იმავე წლის 12 ივლისს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ხელმოწერით მესამე პირის სასარგებლოდ გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა #10, რომლის საფუძველზეც მესამე პირს წარმოეშვა საკუთრების უფლება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე;

3.1.11. იმისათვის, რომ მოსარჩელეს ჰქონოდა შესაძლებლობა ყოფილი ფოსტის შენობის შეძენისა, მერიამ მას აცნობა, რომ ქონება უნდა გასულიყო აუქციონზე შეღავათიან ფასად. აუქციონის დღეს კი აცნობებდნენ ტელეფონით;

É მერიამ მოსარჩელეს აუქციონის გამართვამდე 15 წუთით ადრე შეატყობინა, კერძოდ, აცნობა, რომ თუ სურდა ქონების შეძენა უნდა გადაეხადა გარკვეული თანხა, თუმცა მას განცხადება მონაწილეობის მიღების სურვილის დაფიქსირებით მერიაში არ ჰქონია წარდგენილი;

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმის სადავო ფაქტობრივი გარემოებები სარჩელის განხილვის დროს არ გამოვლენილა;

ნაწილი III (სამოტივაციო)

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

· საქართველოს კონსტიტუცია (შემდეგ - „კონსტიტუცია“);

· 1966 წლის 16 დეკემბრის გაეროს პაქტი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ (შემდეგ - „გაეროს პაქტი“);

· საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ (შემდეგ - „თვითმმართველობის კოდექსი”);

· საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (შემდეგ - „“სზაკ“);

· საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (შემდეგ - „სასკ);

· საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (შემდეგ - „სსსკ“);

· საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის #669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზაციო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასური, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები“ (შემდეგ - „მთავრობის დადგენილება“);

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.

É კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, ხოლო იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით;

É გაეროს პაქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი, კვების, ტანისამოსის და ბინის ჩათვლით; აგრეთვე უფლებას, განუწყვეტილივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ამ უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად მიიღებენ შესაბამის ზომებს, აღიარებენ რა, ამ მხრივ, თვისუფალ თანხმობაზე დაფუძნეული საერთაშორისო თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას;

É ადგილობრივი თვითმმართელობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებაა უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და რეგისტრაცია;

„[...] სათანადო საცხოვრებლის უფლების შესახებ გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტმა (შემდგომში კომიტეტი) 1991 წელს გამოსცა მე-4 ზოგადი კომენტარი, სადაც განმარტებულია, თუ როგორ უნდა იქნეს გაგებული პაქტის 11(1) მუხლით დაცული საცხოვრებლის უფლება.

ზოგად კომენტარში კომიტეტმა ზღვარი გაავლო - „საცხოვრებელსა“ და „სათანადო საცხოვრებელს“ შორის და აღნიშნა, რომ: [...] საცხოვრებლის უფლება არ უნდა იქნეს განხილული ვიწრო ან შეზღუდული გაგებით, რაც მას, მაგალითად, თავშესაფრით უზრუნველყოფასთან გაათანაბრებდა [...] და [...] იგი განხილულ უნდა იქნეს, როგორც ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლება [...]. კომიტეტმა აღნიშნა, რომ ტერმინი „საცხოვრებელი“ - ითვალისწინებდეს სხვა შინაარსსაც, კერძოდ ამ უფლების უზრუნველყოფას ყველა ადამიანისათვის, მისი შემოსავლისა თუ ეკონომიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის მიუხედავად. ამასთან, იგი გაგებულ უნდა იქნეს არა მხოლოდ საცხოვრებლის, არამედ სათანადო საცხოვრებლის კონტექსტში. [...] სათანადო საცხოვრებელი ნიშნავს... ცალკე ბინას, ცხოვრებისათვის სათანადო ფართობს, სათანადო უსაფრთხოებას, სათანადო განათებასა და ვენტილაციას, სათანადო ძირითად ინფრასტრუქტურას და სათანადო ადგილმდებარეობას შრომისა და ძირითადი მომსახურებების თვალსაზრისით [...].

რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს „სათანადო“ საცხოვრებლად, ეს შესაძლოა დამოკიდებული იყოს სხვადასხვა ფაქტორზე, თუმცა, კომიტეტმა მიიჩნია, რომ მაინც შესაძლებელია იმ ზოგადი ასპექტების გამოკვეთა, რომლებიც კონკრეტულ კონტექსტში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. ზოგადი კომენტარის შესაბამისად, სათანადო საცხოვრებელი გულისხმობს:

· შესაბამის სამართლებრივ გარანტიებს - ფართის ფლობის ფორმის მიუხედავად, ყველა ადამიანი უნდა იყოს უზრუნველყოფილი გარკვეული სახის პირობებით, რაც მას დაიცავს იძულებითი გამოსახლების, დევნისა და სხვა საშიშროებებისგან;

· მომსახურების, მასალების, საშუალებების და ინფრასტრუქტურის არსებობას - უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გარკვეული პირობები, რომლებსაც ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, კომფორტისა და კვებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს;

· სახსრებზე ხელმისაწვდომობას - ნებისმიერი პირისა ან ოჯახური მეურნეობისათვის საცხოვრებელი ხარჯები ისეთ ფარგლებში უნდა იყოს, რომ საფრთხის წინაშე არ დადგეს და ხელი არ შეეშალოს ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებას;

· საცხოვრებლად ვარგისიანობას - საცხოვრებელი ვარგისი უნდა იყოს, ანუ პირს უნდა ჰქონდეს სათანადო ფართი და დაცული უნდა იყოს სიცივისაგან, ნესტისაგან, სიცხისაგან, წვიმისაგან, ქარისა ან ჯანმრთელობისათვის მავნე სხვა საშიშროებებისგან;

· ხელმისაწვდომობას - სათანადო საცხოვრებელი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის, ვისაც ამის უფლება აქვს;

· ადგილმდებარეობას - სათანადო საცხოვრებლის ადგილმდებარეობა ხელმისაწვდომობის საშუალებას უნდა იძლეოდეს დასაქმებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, სკოლებზე, ბავშვთა ზრუნვის ცენტრებსა და სხვა სოციალურ მომსახურებებ- ზე;

· შესაფერისობას კულტურის თვალსაზრისით - შენობათა არქიტექტურა, გამოყენებული მასალები და მათი გათვალისწინების პოლიტიკა შესაბამისად უნდა ასახავდეს საზოგადოების კულტურულ თვითმყოფადობას და მრავალფეროვნებას.“;

(ნაწყვეტი ნაშრომიდან „დევნილთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე - სამართლებრივი ანალიზი, სასამართლო პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები“, საია, 2013 წელი)

Ì მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „სოციალური სახელმწიფოს“ იდეა, რომლის დეკლარირებასაც ახდებს სახელმწიფო უზენაესი კანონი გულისხმობს მინიმალური საარსებო პირობების უზრუნველყოფას იმისათვის, რათა ხელი შეეწყოს თითოეული მოქალაქის ღირსეულ არსებობას საზოგადოების სხვა წევრებთან თანაბარ პირობებში. ეს იდეა ასევე თანხვედრაშია საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, განსაკუთრებით ეს ეხება გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციას და მისსავე ზემოაღნიშნულ პაქტს;

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანია, რამდენად იყო დაცული მოსარჩელის მიმართ ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის მინიმალური გარანტიები (აღნიშნული გარანტიები, სულ მცირე, იმ პირობების შექმნას გულისხმობს, რაც მოცემულია გაეროს კომიტეტის ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში). სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს გარანტიები კუმულაციურია, - ერთ-ერთის არარსებობა მიუთითებს, რომ ინდივიდის მიმართ დაირღვა ღირსეული (სათანადო) საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება;

Ì ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, თუ როგორ არის დაცული სახელმწიფოში ღირსეული საცხოვრებლის უფლება, კერძოდ, რამდენად მიღწევადი მინიმალრი გარანტიები, არის სახელმწიფოს დამოკიდებულება უსახლკაროთა პრობლემის მიმართ. ღიერსეული საცხოვრებელი გარემოსა და პირობების შექნმა ხომ, პირველ ყოვლისა, ამ კატეგორიის პირთა მიმართ არის ძალზედ აქტუალური. სახელმწიფომ უსახლკარო პირთათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის ვალდებულება დააკისრა ადგილობრივ თვითმმართველობებს - მუნიციპალიტეტებს;

6.2. სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: (ბ) დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება; (კ) ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით;

- იმავე კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი; იმავე მუხლის

- იმავე კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ;

- ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის წესებს, ქონების პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე ანგარიშსწორების წესებს ამ კანონის შესაბამისად ადგენს საქართველოს მთავრობა;

- იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით;

- იმავე კოდექსის 119-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზანია საკუთრების/სარგებლობის უფლების მინიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირისთვის, რომელიც ვაჭრობის პროცესში მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი პირობებით გამოცხადდება – საკუთრების/სარგებლობის უფლების მინიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირისთვის, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს; იმავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აუქციონში მონაწილეობის მსურველი აუქციონატორს წარუდგენს განაცხადს. განაცხადის წარდგენით განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია;

- იმავე კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება; მე-2 ნაწილის თანახმად, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ამ ოქმის საფუძველზე ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების ან/და აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ ქონების შემძენს ეძლევა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა;

- სსკ-ის 122-ე მუხლის თანახმად, თუ ვადის დასაწყისად აღებულია ესა თუ ის მოვლენა ან დღის რომელიმე მონაკვეთი, მაშინ ვადის გამოთვლისას არ მიეთვლება ის დღე, რომელშიც დგება ეს მოვლენა ან დღის ზემოაღნიშნული დრო;

- იმავე კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად;

- იმავე კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო ანდა სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებულ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე;

- მთავრობის დადგენილების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ მიიღება; იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო აუქციონის გამოცხადებიდან ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან დასვენების დღეს, განაცხადების მიღება გრძელდება და წყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე; მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეუნქტის თანახმად, მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ: დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან/და მე-4 პუნქტის მოთხოვნები;

- იმავე დადგენილების მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს;

É სსკ-ის მე-8 (3) და 115-ე მუხლები განამტკიცებს უფლებათა „კეთილსინიდისერი“ და „მართლზომიერი“ გამოყენების პრინციპს. ამ პრინციპმა ადმინისტრაციულ სამართალში ასახვა ჰპოვა, როგორც „უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორცელების“ (კანონიერების) პრინციპმა (სზაკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი გადაუხვიოს კანონის მოთხოვნას. ასეთი ქმდება უბრალოდ იქნება ბათილი, მიზნის მიღწევისათვის უვარგისი ინსტრუმენტი. ამასთან, კანონიერების პრინციპი არ აუქმებს კეთილსინდისიერების პრინციპს, მეტიც, იგი მოიცავს მას, როცა კანონი ამბობს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, მისი თანამდებობის პირები უნდა მოქმედებდნენ ჯეროვნად, მათ არ უნდა გადაამეტონ კანონით განსაზღვრულ სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მათი საქმიანობით ზიანი არ უნდა მიადგეს მოქალაქეთა კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს (ასე რომ, ეს სხვა არაფერია თუ არა კეთილსინდისიერების, ანუ კეთილი განზრახვის, კეთილგონიერების, გულისხმიერების პრინციპი ადმინისტრაციულ სამართალში);

É მოცემულ შემთხვევაში ინფორმაცია აუქციონის შესახებ საჯაროდ გამოცხადდა 2017 წლის 25 მაისს, ხოლო აუქციონი გაიმართა იმავე წლის 29 ივნისს 15:00 საათზე, ანუ გამოცხადებიდან 33-ე დღეს (ვადის ათვლის წერტილია 26 მაისი - მეორე დღე, ხოლო 30-ე დღე არის 24 მაისი, მაგრამ რადგანაც ეს დღე იყო შაბათი, 26 მაისი, როგორც ორშაბათი და პირველი სამუშაო დღე არის ბოლო - 30 დღე). ნაცვლად ამისა, აუქციონი გაიმართა 35-ე კალენდარულ დღეს; აღნიშნული გარემოება კი არის უქციონში მონაწილის დისკვალიფიკაციის წინაპირობა;

ვინაიდან აუქციონს აცხადებს აუქციონატორი, ანუ ადმინისტრაციული ორგანო და აუქციონის გამართვის ვადის დარღვევაში ობიექტურად არ შეიძლება მონაწილეს მიუძღოდეს რამე ბრალი, ეს გარემოება უნდა იყოს უქციონის ჩაშლის და არა მონაწილის დისკვალიფიკაციის საფუძველი

É აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ მოქმედი კანონის თანახმად, აუქციონის გამარჯებულის გამოვლენის შემდეგ დგება ოქმი (აუქციონში გამარჯვების თაობაზე), ხოლო შემდეგ ფორმდება ხელშეკრულება და ბოლოს გაიცემა საკუთრების მოწმობა. მოცემულ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც მესამე პირმა გაიმარჯვა აუქციონში, შედგა ოქმი, რომელსაც აქვს მხარეთა ხელმოწერები (გამოდის, რომ ორი დოკუმენტის ნაცვლად შედგა ერთი: ოქმმა მოიცვა ხელშეკრულებაც);

É მოსარჩელე, როგორც დაინტერესებული პირი უფლებამოსილი იყო მიწვეული ყოფილიყო (თუნდაც მას არ ჰქონოდა ინტერესი აუქციონში მონაწილეობის მიღებისა) ადმინისტრაციულ წარმოებაში და ვიდრე მერია შეადგენდა ოქმს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას, ვალდებული იყო მიეცა მოსარჩელისათვის მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა; მერია ადასტურებს (არ უარყოფს რა ამ გარემოებას), რომ მოსარჩელეს ჰქონდა აუქციონში მონაწილოების მიღების ინტერესი, - უფრო მეტიც, მერიას სურდა, რომ პირველ რიგში სწორედ მოსარჩელის საცხოვრებლის პრობლემის გადაჭრა მომხადრიყო, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოხდა მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესების უგულებელყოფა;

მერიამ სასამართლოშიც ვერ შეძლო რამე მწყობრი ხედვის წარმოდგენა, თუ როგორ აპირებს პოტენციურად უსახლკაროდ დარჩენილი პირის (მოსარჩელე) ინტერესის დაკმაყოფილებას

É საქმის მასალებში იკვეთება, რომ მერიამ არ შეასრულა სზაკ-ის 85-ე მუხლით დაკისრებული მოვალეობა და არ დაეხმარა მოსარჩელეს მისი უფლებების რეალიზებაში, კერძოდ, არ მოისმინა მისი აზრი იმის თაობაზე, რომ ქონება გავიდოდა აუქციონზე სავაჭროდ და ხომ არ ჰქონდა მას ალტერნატიული ხედვა (სხვა ფორმით განკარგვასთან დაკავშირებით), რომ აუქციონის პრინციპიდან გამომდინარე, ვაჭრობის პროცესში შესაძლოა ჩართული ყოფილიყო ერთზე მეტი მონაწილე, რომელთაგან ვინც გადაიხდიდა ყველაზე მეტ თანხას, საკუთრების უფლებაც მას გადაეცემოდა, არ აცნობა, თუ როდის და რა პროცედურით უნდა მიეღო მონაწილოება აუქციონში, რომ შეეძლო მოეთხოვა უსასყიდლო ან სასყიდლიანი ფორმით ამ ქონების გადაცემა;

6.3. სზაკ-ის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს;

- კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუქნტის თანახმად, ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება;

- იმავე მუხლის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე; მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გასცეს დაპირება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე მხოლოდ დაინტერესებული მხარეების მიერ საკუთარი მოსაზრებების წარდგენისა და იმ ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის შემდეგ, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელია დაპირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად; მე-4 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დაპირების მიმართ გამოიყენება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესები;

- სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება;

- იმავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა;

- იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას;

- იმავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ;

- მთავრობის დადგენილების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით: (ა) აღნაგობა; (ბ) უზუფრუქტი; (გ) ქირავნობა; (დ) იჯარა; (ე) თხოვება; (ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით;

É საქმის მასალებით დგინდება, რომ მერიას სურდა, ფოსტის ყოფილი შენობა გადაეცა მოსარჩელისათვის, თუმცა იმის გამო, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო შესაბამისი სახსრების მობილიზება, ეს პროცესი არაერთხელ გადაიდო. ამდენად, მერიისათვის ცნობილი იყო, რომ მოსარჩელისათვის ფინანსურად რთული იყო აუქციონის ფორმით ქონების შეძენა. მერიას არ განუხილავს ქონების განკარგვის სხვა ვარიანტები, როგორიცაა დროებით სარგებლობა, სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი, რითაც მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ამით მოპასუხემ უგულებელყო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი რეგულაციები, არ გამოიკვლია საქმისათვის რელევანტური მნიშვნელობის გარემოებები (მოსარჩელის ქონებრივი მდგომარეობა და ამის მიუხედავად რეალიზაციის გაგრძელება, მისი უსახლკაროდ დატოვების პერსპექტივა);

É ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. შესაბამისად, მისი შეზღუდვა უნდა ეფუძნებოდეს კონსტიტუციას და უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან. მოქმედი კანონმდებლობა არათუ არ უშვებს ასეთ შეზღუდვას, არამედ პირდაპირ დირექტივას უდგენს მუნიციპალიტეტის ორგანოებს, რომ იზრუნონ უსახლკაროთა პრობლემებზე. შესაბამისად, მერიას არ ჰქონდა უფლება, რომ თავშესაფარი ჩამოერთმია მოსარჩელისათვის და პოტენციურად ექცია კვლავ უსახლკაროდ. ამდენად, კანონმდებლობა ადგილობირივი თვითმართველობის ორგანოების საქმიანობას ამ სფეროში განსაზღვრავს, როგორც მაღალი (კონსტიტუციური რანგის) ლეგიტიმაციის საჯარო მიზანს;

É მართალია, საქმეში არ ყოფილა დადგენილი მესამე პირის მხრიდან კანონიერი ნდობის დარღვევის ფაქტი, თუმცა მერიის ქმედება არღვევს როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოებრივ და სხვა პირის - მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესებს. თუმცაღა, უნდა აღინიშნოს, რომ მესამე პირის საკუთრების უფლება და ამ უფლების საფუძვლად არსებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არსებობა ვერ გახდება დაბრკოლება მოსარჩელის მხრიდან თავისი უფლებების რეალიზაციისათვის. კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;

É ამდენად, საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია საჯარო ინტერესებისათვის და კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე გვაქვს ორივე ნიშანი: პირველი, „საჯარო ინტერესი“, რომელიც მდგომარეობს სახელმწიფოს საერთაშორისო და შიდა ვალდებულებაში, რომ უზრუნველყოს უსახლკარო პირები ღირსეული/სათანადო საცხოვრებლით (რაც პირდაპირ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლის უფლებას) და მეორე, სზაკ-ის 601 მუხლი უშვებს აღმჭურველი უფლების შეზღუდვას, თუ ის ეწინააღმდეგება სახელმწიფო, საზოგადოებრივ და სხვა პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. მოცემული კონტექსტის გათვალისწინებით (როცა ადმინისტრაციულ ორგანოს განზრახული ჰქონდა უსახლკარო, სოციალურად დაუცველი პირისათვის/ოჯახისათვის ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა, მისთვის დაკავებული შენობის საკუთრებაში გადაცემით, ხოლო მან (ამ პირმა) ობიექტური მიზეზების გამო, კერძოდ, უსახსრობისა და იმის გამო, რომ არც კი იცოდა აუქციონის თაობაზე, რაც იმთავითვე ცნობილი იყო (უნდა ყოფილიყო) ადმინისტრაციული ორგანოსათვის, დადგა გამოსახლების, ანუ მისი უფლებებისა და ინტერესების შელახვის წინაშე. ამით კი დაირღვა, როგორც სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესები, ისე მოსარჩელის უფლებები და ინტერესები) სახეზეა მესამე პირის საკუთრების უფლების შეზღუდვის საჯარო ინტერესი, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით;

ამიტომ, მესამე პირის კანონიერი ნდობის მიუხედავად ასეთი ქმედება ბათილია (სზაკ-ის მე-5 (2) მუხლი). ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. საქმე უნდა დაუბრუნდეს მოპასუხეს აუქციონის მიზანშეწონილობის საკითხის გასარკვევად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სასკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე;

7.2. სსსკ-ის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო;

7.3. როგორც ვხედავთ, ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება სოციალური კატეგორიის უფლებაა, რომელიც არის სახელმწიფო ზრუნვის ერთ-ერთ ღირებული ობიექტი. მოცემული დავა, თავის არსით, გამომდინარეობს იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც მჭიდრო კავშირშია ამ უფლებასთან. შესაბამისად, სარჩელი აღძრულია „სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხიდან დაკავშირებული“ დავის ფარგლებში და ამიტომაც მისი განხილვა არ იბეგრება სახელმწიფო ბაჟით;

7.4. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის არა აქვს გადახდილი, სოცილაურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოტივით, თუმცა ის მისი გადახდისაგან გათავისუფლებული იყო ზემოაღნიშნული საფუძვლიღთ. სასკ-ის მე-9 მულის პირველი ნაწილის შინაარსი სახლემწიფო ბაჟის გადახდისაგან ასევე ატავისუფლებს მოპასუხეს, რომელმაც „წააგო“ საქმე. ამიტომ, მოქმედებს სსსკ-ის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი, როცა სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ხარჯზე;

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

8.1. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, შეაჩერა სააღსრულებო წარმოება #A18133006 საარსრულებო საქმეზე (კრედიტორი - ნა----–----------–--ლი, მოვალე - ზიანიდა ნანოშვილი), #3/106-18 ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მირებამდე;

8.2. სააღსრულებო წარმოება გულისხმობდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ზი------------–--ლის უკანონო მფლობელობიდან ყვარლის რაიონის, სოფელ სანავარდოში (ს/კ 57.05.53.153) მდებარე უძრავი ქონების გამოთხოვას და მისი ნა----–----------–--ლისათვის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას;

8.3. სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან;

8.4. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილება არ წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების წინაპირობას. ამიტომ, ის უნდა შენარჩუნდეს;

ნაწილი IV (სარეზოლუციო)

სასამართლომ იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული კანონებით, ასევე სასკ-ის პირველი, მე-9, მე-12, 25-ე მუხლებით, სსსკ-ის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზი------------–--ლი სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ბათილად იქნეს ცნობილი ყვარლის მუნიციპლიტეტის გამგეობის 2017 წლის 05 ივლისის აუქციონზე გამაჯვების დამადასტურებელი ოქმი #3;

3. ბათილად იქნეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 12 ივლისის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა #10;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 24 მაისის ბრძანება #373 „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით საჯარო აუქციონის გამოცხადების შესახებ“, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ 57.05.53.153) ნაწილში (ამ ბრძანების დანართ #1-ში მე-15 მითითებული ქონება) და დაევალოს მოპასუხე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიას, წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

5. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა. გასაჩივრების ვადა შეადგენს 14 დღეს, რომლის ათვლაც დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან მეორე დღეს. სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (მის.: გურჯაანის, სანაპიროს ქ. #24), რომელიც საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. #7ა);

 

მოსამართლე: /დევი დევიძე/