გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/24539-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
15 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი“
წარმომადგენელი - მ------- ს--------
მოპასუხე - ვ-–- პ---------, დ----- კ----–-–---–ი
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ვ-–- პ---------სა და დ----- კ----–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ 14.11.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7 791,91 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4 888,81 ლარი, სარგებელი - 1359,34 ლარი, პირგასამტეხლო - 1543,76 ლარი.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2016 წლის 14 ნოემბერს სს „ს----------–--------სა“ და ვ-–- პ---------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მას გადაეცა 5 000 ლარი 24 თვის ვადით, წლიური 39% სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება დ----- კ----–-–---–თან. თავდების პასუხისმგებლობის ზღვარი განისაზღვრა 10 000 ლარით. გადახდის შეთანხმებული გრაფიკი მსესხებელმა პირველად დაარღვია 2016 წლის 20 დეკემბერს და ამ დროიდან ერიხება პირგასამტეხლო. შემდგომში პერიოდულად ირღვეოდა გადახდის შეთანხმებული პირობა. 2019 წლის 29 ივნისს მსესხებლის ანგარიშიდან ჩამოიჭრა 5.61 ლარი, რის შმედეგაც გადახდა აღარ განხორციელებულა. მოპასუხეებს ერიცხებათ დავალიანება 7 791,91 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4 888,81 ლარი, სარგებელი - 1359,34 ლარი, პირგასამტეხლო - 1543,76 ლარი. მოსარჩელემ აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეიტანა განაცხადი გამარტივებული საქმის წარმოების დაწყების თაობაზე, თუმცა მოპასუხემ არ ცნო დავალიანება და მოთხოვნაზე წარადგინა პროტესტი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის - 4888,81 ლარის ნაწილში, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდას კი არ დაეთანხმნენ.
მოპასუხე ვ-–- პ---------მ განმარტა, რომ უმუშევარია და უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია, ასევე აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო ძალიან მაღალია.
მოპასუხეები ასევე არ ეთანხმებიან თავდების პასუხისმგებლობის 10 000 ლარით განსაზღვრას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 14 ნოემბერს სს „ს----------–--------სა“ (კრედიტორი, მოსარჩელე) და ვ-–- პ---------ს (მოვალე, პირველი მოპასუხე) შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მას გადაეცა 5 000 ლარი 24 თვის ვადით, წლიური 39% სარგებლის დარიცხვით.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს გადახდა ათვისებული კრედიტის ან/და მასზე დირცხული საპროცენტო განაკვეთის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი უნდა დაბრუნებულიყო ნაწილ-ნაწილ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 14.11.16 წლის ხელშეკრულება და ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 18- 22);
3.1.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები უზრუნველყოფილი იყო დ----- კ----–-–---–ის (თავდები, მეორე მოპასუხე) სოლიდარული თავდებობით. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრა 10 000 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- განაცხადი სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 23);
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 24-28).
3.1.3. მოვალემ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია 20.12.2016 წელს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გადახდების ისტორია.
3.1.4. 06.06.2017 წლის წერილებით კრედიტორმა მოვალეს და თავდებს ვალდებულების შესასრულებლად განუსაზღვრა დამატებითი, 14-დღიანი ვადა.
გაფრთხილების წერილები ორივე მოპასუხეს ჩაბარდა 06.09.2017 წელს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 30, 34-35);
- უკუგზავნილები (ს.ფ. 31, 36).
3.1.5. მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი ვადა უშედეგოდ გავიდა, კრედიტრს ხელშეკრულება ვადამდე არ შეუწყვეტია.
მოვალის დავალიანება ხელშეკრულების ფარგლებში შეადგენს 7 791,91 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4 888,81 ლარი, სარგებელი - 1359,34 ლარი, პირგასამტეხლო - 1543,76 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 38).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 361-ე, 868-ე, 872-ე, 873-ე, 394-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 867-ე მუხლის თანახმად კი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.
კრედიტორსა და მოვალეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტის სასარგებლოდ გაეცა სესხი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო თავის მხრივ, მსესხებელმა იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა სესხი და მასზე დარიცხული პროცენტი ნაწილ-ნაწილ ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადებში და წესით (იხ. 3.1.1 პუნქტი).
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად კი თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო მეორე მოპასუხის სოლიდარული თავდებობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ითვალისწინებდა წლიური 39% სარგებლის დარიცხვას.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ითვალისწინებდა შეთანხმებას პირგასამტეხლოს შესახებ (იხ. 3.1.1 პუნქტი).
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის გადახდის ვალდებულება არსებობს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო; ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1) მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; 2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; 3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე (იხ. სუსგ Nას-1701-1685-2011). ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ სარგებლის გადახდის ვალდებულება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ამის თაობაზე შეთანხმებული არიან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო 873-ე მუხლის თანახმად კი კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია კომერციული ბანკის უფლება, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს თანხის ერთიანად დაბრუნება. სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 51-ე მუხლების საფუძველზე, ხელშეკრულების შეწყვეტა არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც ხელშეკრულების მეორე მხარეს უნდა მიუვიდეს.
სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლის თანახმად თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება.
განსახილველ შემთხვევაში, მოვალემ ზედიზედ ორჯერ დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვადა. მიუხედავად დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოს გასვლისა, კრედიტორმა ხელშეკრულება ვადამდე არ შეწყვიტა და სესხს ვადის ამოწურვამდე ერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა მტკიცებას, რომ პროცენტი შეუსაბამოს მაღალი იყო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე დაეთანხმა მოსარჩელის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულების პირობებს, მათ შორის სარგებლის განაკვეთს და მიიღო სესხი მხარეთა შორის განსაზღვრული სახელშეკრულებო პირობებით.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (14.11.2016 წლის რედაქციით) მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში.
მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი არ აღემატება მოქმედი კანონმდებლობით დასაშვებად მიჩნეულ ზღვარს, ამდენად, სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოპასუხის მითითებას, რომ სარგებელი ძალიან მაღალია და მისი გადახდა არ უნდა დაეკისროს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ Nას-1560-1463-2012).
სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხის ძირითად თანხასთან მიმართებით, დარიცხული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და ის უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, კერძოდ კი, 750 ლარამდე.
6.4 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
თავდებობის ხელშეკრულების 11.2 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნებოდა მიქცეული, ვალდებულება კი სოლიდარულია, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ამ მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი - 146,66 ლარი, ხოლო მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 63,93 ლარის გადახდა, სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც დაკმაყოფილდა, დარჩენილი თანხა კი, რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე, 268-ე, 270-ე, 414-ე, 416-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი ვ-–- პ---------ს და დ----- კ----–-–---–ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. ვ-–- პ---------ს და დ----- კ----–-–---–ს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 7020,03 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4888.81 ლარი, სარგებელი - 1359.34 ლარი, პირგასამტეხლო - 750 ლარი.
3. დანარჩენ ნაწილში სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. ვ-–- პ---------ს და დ----- კ----–-–---–ს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 63.93 ლარის ანაზღაურება.
5. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს‘’ (ს/კ 204378869) დაუბრუნდეს, სს ,,ს----------–--------ის‘’ მეშვეობით (ტრანზაქცია განხორციელებული 20/09/2019 წელს, საგადასახადო დავალება #29823) სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 146.66 ლარი (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, რეფერენსი 190920226).
6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.
7. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებად მიქცევის საკითხზე შესაძლებელი კერძო საჩივრის შეტანა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს (თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით. კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, N64) მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია