გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310017001886314
საქმე № 3/460-2017წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
მოსარჩელე - შპს ,,მ------ი’’;
წარმომადგენლები - ტ------–-------–---------–----------;
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი - მ----------–---;
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო;
წარმომადგენელი - გ-----------------ე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2015 წლის N038-19 საგადასახადო მოთხოვნა მიწის გადასახადის ნაწილში.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 15.03.2016 წლის N6548 ბრძანება მიწის გადასახადის ნაწილში.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.03.2017 წლის გადაწყვეტილება მიწის გადასახადის ნაწილში.
მოსარჩელე დაზუსტებული მოთხოვნის ფარგლებში განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ლიცენზიით გამოყოფილი 1 ჰა მიწა იბეგრება 3 ლარით. მას გამოყოფილი აქვს 1 656 ჰა ტყე, თუმცა შემოსავლების სამსახურმა არასწორად დააკისრა თანხა გადასახდელად, რადგან ლიცენზიით გამოყოფილ მიწის ფართობს ეკონომიკურ საქმიანობაში იყენებს ლიცენზიის მოქმედების მთლიან პერიოდზე წინასწარ დამტკიცებული რიგითობით და ოდენობით და არა სრულად. ვინაიდან კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში უფლება აქვს საქმიანობა აწარმოოს მხოლოდ იმ მომენტისათვის გამოყოფილ ფართობზე, შესაბამისად უსამართლოდ მიიჩნევს გადასახადის დარიცხვას მთლიან ფართობზე, სადაც არავითარი საქმიანობის განხორციელება არ შეუძლიათ. საზოგადოებას აღნიშნული მიწის მასივიდან წლების განმავლობაში მუშაობის უფლება ეძლეოდა შემდეგი ოდენობით 2012 - 45 ჰა, 2013 - 45ჰა, 2014 - 59 ჰა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გადასახადი გადახდილი უნდა იქნეს ყოველწლიურად გამოყოფილ ასათვისებელი ტერიტორიების მიხედვით და არა ლიცენზიით გამოყოფილ მთლიან ფართზე, რომლის გამოყენების უფლებასაც გარემოს დაცვის სამინისტრო კრძალავს.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2012 წლის 4 ივლისს შპს ,,მ------ზე’’ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 4 ივლისის N13/124 ბრძანების საფუძველზე გაცემულია ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია N1000024.
ლიცენზიით გათვალისწინებულია ტერიტორიის მდებარეობა და ფართობი: ბაღდათის სატყეო უბნის ხანის სატყეოს N45,47,56,59,61,72,73,75,76,77,79 კვარტლები (საერთო ფართობი - 1 656 ჰა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია N1000024 (იხ. ს.ფ. 297-298);
3.1.2. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 2 აპრილის Nმ-10641 ბრძანების, 2015 წლის 4 მაისის Nმ-14764, 2015 წლის 29 ივნისის Nმ-23094, 2015 წლის 27 აგვისტოს Nმ-32567, 2015 წლის 28 ოქტომბრის Nმ-40317 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,მ------ის’’ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2011 წლის 3 ივნისიდან 2014 წლის 1 აპრილამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადასახადო შემოწმების აქტი ( ს.ფ. 31-96);
3.1.3. საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 9 დეკემბერის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2015 წლის 10 დეკემბრის №47186 ბრძანება და 2015 წლის 10 დეკემბრის №038-19 საგადასახადო მოთხოვნა.
2015 წლის 10 დეკემბრის №47186 ბრძანებით, შპს ,,მ------ს’’ საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 18507,33 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი: 8553,78 ლარი, ჯარიმა - 9953,55 ლარი. შპს ,,მ------ს’’ დაერიცხა მიმდინარე გადასახდელი 4469 ლარი, შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელი 7181 ლარი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის №038-19 საგადასახადო მოთხოვნით საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, N47186 ბრძანებით შპს ,,მ------ს’’ გადასახდელად დაერიცხა: ძირითადი გადასახადი თანხა სულ - 5841,78 (დღგ - 1461,14; მოგების გადასახადი - -9857,36; საშემოსავლო გადასახადი - 12; მიწის გადასახადი (სასოფლო) – 14076; ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებელი - 150; მიწა არასასოფლო - 0); ჯარიმა - სულ 9953,55 ((დღგ - 1238,55; მოგების გადასახადი - -9; საშემოსავლო გადასახადი - 6; მიწის გადასახადი (სასოფლო) – 7038; ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებელი - 1662; მიწა არასასოფლო-0); საურავი 1901,61 (დღგ - 115,1; მოგების გადასახადი - 0; საშემოსავლო გადასახადი -0, მიწის გადასახადი (სასოფლო) – 1737,94; ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებელი - 42,84; მიწა არასასოფლო-5,73) ; სულ: მოგების გადასახადი - 2814,79; საშემოსავლო გადასახადი -18; მიწის გადასახადი (სასოფლო) – 22851,94; ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებელი - 1854,84; მიწა არასასოფლო - 5,73; სულ - 17696,94.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადასახადო შემოწმების აქტი ( ს.ფ. 31-96);
2015 წლის 10 დეკემბრის №47186 ბრძანება (ს.ფ. 28-30);
2015 წლის 10 დეკემბრის №038-19 საგადასახადო მოთხოვნა (იხ. ს.ფ. 20);
3.1.4. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის N038-19 საგადასახადო მოთხოვნა მოსარჩელემ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში. საჩივარში გამოყოფილია შემდეგი სადავო საკითხები: 1. შეშა ვარჯის ღირებულების შემოსავალში ასახვა, 2. გაუქმებული ზედნადების შემოსავლებში ასახვა, 3. მიწის გადასახადი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 15 მარტის N6548 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს დგინდება თუ არა შეშა-ვარჯის რეალიზაციის ფაქტები, შესაძლებელია თუ არა შეშა-ვარჯის რეალიზაციისას არსებული ფაქტობრივი ფასის განსაზღვრა და თუ არ ხდება ასეთი ფასის განსაზღვრა, წარმოადგენს თუ არა შეშა-ვარჯი რეალიზებად პროდუქტს. ასევე, კომპეტენტური ორგანოდან გამოითხოვოს ინფორმაცია დაჯარიმების თაობაზე. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჩივარი (ს.ფ. 219-222);
- 2016 წლის 15 მარტის N6548 ბრძანება (ს.ფ.14-19);
3.1.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 15 მარტის N6548 ბრძანება მოსარჩელემ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით საჩივარი მიწის გადასახადის გაანგარიშების მართლზომიერებისა და დარიცხული ჯარიმა/საურავის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჩივარი (ს.ფ. 294-296);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ. 22-27);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ტყის კოდექსი“;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს.
სასამართლო ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2015წლის N038-19 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 15.03.2016 წლის N6548 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.03.2017 წლის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
6.2. (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, ხე-ტყის მოპოვების ლიცენზიის საფუძველზე საზოგადოებას მიღებული აქვს - 2011 წელს 1380 ჰა და 2012 და შემდეგ წლებში 1656 ჰა ტყის მასივები, რომლებსაც იყენებენ საშეშე და სამასალე მერქნის მოპოვების მიზნით. შპს ,,მ------ს” ზემოაღნიშნულ მიწაზე არ აქვს დარიცხული და გადახდილი მიწის გადასახადი. აღნიშნულიდან გამომდინარე შემმოწმებელმა მიიჩნია, რომ სსკ-ის 203-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით: სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის №038-19 საგადასახადო მოთხოვნით, საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, N47186 ბრძანებით შპს ,,მ------ს’’ გადასახდელად დაერიცხა: ძირითადი გადასახადი თანხა სულ - 5841,78 (დღგ - 1461,14; მოგების გადასახადი - -9857,36; საშემოსავლო გადასახადი -12; მიწის გადასახადი (სასოფლო) – 14076; ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებელი - 150; მიწა არასასოფლო-0); ჯარიმა - სულ 9953,55 ((დღგ - 1238,55; მოგების გადასახადი - -9; საშემოსავლო გადასახადი - 6; მიწის გადასახადი (სასოფლო) – 7038; ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებელი - 1662; მიწა არასასოფლო-0); საურავი 1901,61 (დღგ - 115,1; მოგების გადასახადი - 0; საშემოსავლო გადასახადი -0, მიწის გადასახადი (სასოფლო) – 1737,94; ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებელი - 42,84; მიწა არასასოფლო-5,73) ; სულ: მოგების გადასახადი - 2814,79; საშემოსავლო გადასახადი -18; მიწის გადასახადი (სასოფლო) – 22851,94; ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებელი - 1854,84; მიწა არასასოფლო - 5,73; სულ- 17696,94.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონის ,,საქართველოს ტყის კოდექსის“ მე-5 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ტყე არის გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით ტყისთვის მიკუთვნებული ხეების, მათი გავრცელების არეალში მოქცეული მიწის, აგრეთვე ბუჩქების, ბალახების, ცხოველებისა და სხვათა ერთობლიობას, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და გავლენას ახდენენ ერთმანეთსა და გარემოზე.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად კი, სატყეო ურთიერთობების ობიექტებია საქართველოს ტყის ფონდი და მისი რესურსები.
მოცემული ნორმების შესაბამისად, საქართველოს ტყის რესურსები სატყეო ურთიერთობის დამოუკიდებელი ობიექტია. ტყის ფონდი მოიცავს მისთვის კანონმდებლობით მიკუთვნებული მიწებისა და მისი რესურსების ერთობლიობას, რაც გამორიცხავს ტყის მიწებისა და მისი რესურსების ერთ ობიექტად განხილვის შესაძლებლობას, რომ ტყის მიწა მოიცავს ტყის რესურსს და პირიქით.
საქართველოს კანონის ,,საქართველოს ტყის კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე შეიძლება განხორციელდეს ტყითსარგებლობის შემდეგი სახეები: ა) ხე-ტყის დამზადება; ბ) სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოება; გ) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების (თესლის, ნაყოფის, ძირკვის, ლაფნის, ფიჩხის, ნეკერის და სხვა) დამზადება; დ) ტყის არამერქნული რესურსებით (სოკოებით, სამკურნალო და ტექნიკური ნედლეულით, სხვა ბალახეული, ბუჩქოვანი მცენარეებითა და მათი პროდუქტებით) სარგებლობა; ე) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა; ვ) სპეციალური და მიჩენის მიზნით სარგებლობა; ზ) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით სარგებლობა; თ) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობა. ი) სამონადირეო მეურნეობის მოწყობა; კ) თევზის მეურნეობის მოწყობა; ლ) ნადირობა; მ) სახელმწიფო ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა; ნ) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა; ო) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობა; პ) „ტყითსარგებლობის წესით“ განსაზღვრული სხვა საქმიანობა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის განსაზღვრული ტყითსარგებლობის სახეები „ტყითსარგებლობის წესის“ შესაბამისად შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე ა) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით; ბ) ხე-ტყის დამზადების ბილეთით; გ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთით.
ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ტყის ფონდი მოიცავს მისთვის მიკუთვნებულ მიწებს და, ასევე, ტყის ფონდის რესურსს. კანონმდებლობით ტყის ფონდის მიწების და ტყის რესურსის გამოყენებისთვის რეგულაცია განსხვავებულია, იმის გათვალისწინებით, თუ ტყის ფონდის რომელი ნაწილის გამოყენებაზე უნდა მოხდეს ნებართვის/ლიცენზიის გაცემა, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ხელმძღვანელობს შესაბამისი ნორმებით. ტყის ფონდის მიწებზე უფლების გადაცემა დარეგულირებულია ცალკე მუხლებით და ამისათვის კანონმდებლობაში გაწერილია სპეციალური ნორმები, ხოლო ტყის ფონდის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემა სამართლებრივად სხვა სახის რეგულაციას გულისხმობს.
დადგენილია, რომ მოსარჩელეს ლიცენზიით მინიჭებული აქვს ლიცენზიით გამოყოფილ ფართზე კონკრეტული საქმიანობის ტყითსარგებლობის მიზნით ხე-ტყის დამზადების უფლება. კერძოდ, 2012 წლის 4 ივლისს შპს ,,მ------ზე’’ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 4 ივლისის N13/124 ბრძანების საფუძველზე გაცემულია ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია N1000024. ლიცენზიით გათვალისწინებულია ტერიტორიის მდებარეობა და ფართობი, კერძოდ: ბაღდათის სატყეო უბნის ხანის სატყეოს N45,47,56,59,61,72,73,75,76,77,79 კვარტლები (საერთო ფართობი - 1 656 ჰა).
საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის შესაბამისად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით: სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.
ამდენად, საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის ნორმა ცალსახად ადგენს, რომ გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნებისმიერი მიწა. ხოლო 204-ე მუხლი განსაზღვრავს მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნენ ისინი ცნობილი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამრიგად, ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა და შესაბამისად, ლიცენზიის პირობების თანახმად, მოსარჩელის ფაქტობრივ სარგებლობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას, მაგრამ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ შპს ,,მ------ის“ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც მისთვის გადაცემულია ლიცენზიის საფუძველზე, დაბეგრილია ლიცენზიაში მითითებული ფართობის გათვალისწინებით, თუმცა არ არის დადგენილი ის გარემოება - ლიცენზიით გადაცემული მიწის ნაკვეთის რომელი კონკრეტული მონაკვეთი არის ამ ფართობიდან მოსარჩელის ფაქტობრივ სარგებლობაში, დაბეგვრის მიზნებისათვის. საქმის მასალების თანახმად, 2012 წლის 4 ივლისს შპს ,,მ------ზე’’ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 4 ივლისის N13/124 ბრძანების საფუძველზე გაცემულია ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია N1000024. ლიცენზიით გათვალისწინებულია ტერიტორიის მდებარეობა და ფართობი: ბაღდათის სატყეო უბნის ხანის სატყეოს N45,47,56,59,61,72,73,75,76,77,79 კვარტლები (საერთო ფართობი - 1 656 ჰა). ამდენად, მართალია მოსარჩელეს ლიცენზიით გადაცემული აქვს საერთო ფართი 1 656 ჰა-ს ოდენობით, მაგრამ შპს ,,მ------ის“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ აღნიშნულ ტყის ფართს ლიცენზიის პირობების შესაბამისად მოსარჩელე იყენებს არა ერთიანად, არამედ ნაწილ-ნაწილ, კერძოდ, გარკვეული პერიოდულობით მას ტყის ამ საერთო ფართიდან გამოეყოფა მხოლოდ გარკვეული ნაწილი, რომელზეც ხე-ტყის დამზადების უფლება ეძლევა შესაბამის პერიოდში. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს გადასახადი უნდა დაეკისროს არა მთლიანად გადაცემული 1 656 ჰა-ს ფართის შესაბამისად, არამედ მხოლოდ იმ კონკრეტული მიწის ნაკვეთის ფართის შესაბამისად, რომელსაც იგი კონკრეტულად სადავო დასაბეგრ პერიოდში ფაქტობრივად ფლობდა და იყენებდა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა მსჯელობას მასზედ, რომ ლიცენზიის ვადის დასრულებამდე მოსარჩელე მაინც წარმოადგენს 1 656 ჰა სახელმწიფო ტყის ფონდის მფლობელს და მოსარგებლეს, შესაბამისად მას ეკისრებოდა ვალდებულება გადაეხადა ქონების გადასახადი ლიცენზიით აღებული ტყის მთლიან ტერიტორიაზე.
სასამართლოს მოსაზრებით, ასეთი მსჯელობა არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე იგულისხმება, რომ გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს ქონების გადასახადი მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც შესაბამის საგადასახადო პერიოდში ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს და არა იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ჯერ არ უსარგებლია და მხოლოდ მომავალში გამოიყენებს ლიცენზიის პირობების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის დროს გაარკვიოს, თუ რა მოცულობის მიწის ნაკვეთს ფლობდა მოსარჩელე ფაქტობრივად სადავო საგადასახადო პერიოდში და გადასახადის გამოანგარიშება განახორიელოს მხოლოდ ამ მიწის ნაკვეთის მოცულობის და არა მთლიანი 1 656 ჰა-ს ფართის შესაბამისად.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2015 წლის N038-19 საგადასახადო მოთხოვნა მიწის გადასახადის ნაწილში, სსიპ შემოსავლების სამსახურის 15.03.2016 წლის N6548 ბრძანება მიწის გადასახადის ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.03.2017 წლის გადაწყვეტილება მიწის გადასახადის ნაწილში და სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და კანონით დადგენილი წესით, იმავე საკითხზე გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100+586 ლარის ოდენობით. ამასთან, შპს ,,მ------ის’’ მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეებს - სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, მოსარჩელე - შპს ,,მ------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროთ 686 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,მ------ის’’ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2015წლის N038-19 საგადასახადო მოთხოვნა მიწის გადასახადის ნაწილში, სსიპ შემოსავლების სამსახურის 15.03.2016 წლის N6548 ბრძანება მიწის გადასახადის ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.03.2017 წლის გადაწყვეტილება მიწის გადასახადის ნაწილში და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და კანონით დადგენილი წესით, იმავე საკითხზე გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. მოპასუხეებს - სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, მოსარჩელე - შპს ,,მ------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროთ 686 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი