გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.09.2019
საქმის ნომერი
330210119002828919
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
26.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1641-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

26 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - შორენა აბჟანდაძე

 

მოსარჩელე - მ----- ჩ--------ე

წარმომადგენელი - ქ------–--- ჯ------

 

მოპასუხე - ი----- დ-–----ი

წარმომადგენელი - მ-----------–-----ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაქმება,უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს მ----- ჩ--------ეს და ი----- დ-–----ს შორის 2008 წლის 29 თებერვალს დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, დავით ა----–-----–-----------ი #6--, ლიტ ,,ბ“, ფართი 50.00 კვ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0---------------------- საკუთრების უფლებით აღრიცხოს მოსარჩელე მ----- ჩ--------ის სახელზე.

1.2. მოპასუხე ი----- დ-–----ს მოსარჩელე მ----- ჩ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 7050 ლარის ოდენობით.

1.3. მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მ----- ჩ--------ეს და ი----- დ-–----ს შორის 29.02.2008 წელს დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. მ----- ჩ--------ე ცხოვრობს ქ.თბილისში დ. ა----–-----–-----------ი 6----ში. ი----- დ-–----ი მ----- ჩ--------ის სამეზობლოში ცხოვრობდა დაგირავებულ სახლში. ი----- დ-–----მა ე.წ. მეზობლურ-ურთიერთობითი ზემოქმედებით შეძლო მ.ჩ--------ესთან სამისდღეშიო ხელშეკრულების გაფორმება. 29.02.2008 წლის სამისდღეშიო ხელშეკრულების თანახმად ი----- დ-–----მა აიღო ვალდებულება მ----- ჩ--------ე ერჩინა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად კი რჩენას უნდა ჰქონოდა ყოველდღიური (უწყვეტი) ხასიათი. ი----- დ-–----ი ხელშეკრულების დადებიდან 3-4 თვეში ქ.თბილისიდან გადავიდა საცხოვრებლად ქ. ქუთაისში, ხოლო სარჩენი კი დატოვა მარტო ქ.თბილისში უპატრონოდ, (რაც გრძელდება დღემდე) და არა ხშირი პერიოდულობით ზოგჯერ ვიღაც პიროვნებების ხელით აწვდიდა ხანდახან სამოწყალოდ დაახლოებით 100 ლარამდე თანხას. მოსარჩელე უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (აწუხებს მენჯ-ბარძაყთა კოკსართროზი, მხედველობის დაქვეითება, მოძრაობის პრობლემები და სხვა ურთულესი დაავადებები) იძულებული იყო დამორჩილებოდა ასეთ კაბალურ ვითარებას, რომელიც გრძელდება დღემდე.

 

დღეის მდგომარეობით მარჩენალი სარჩენს ურიცხავს თვეში 300 ლარს, საიდანაც 200 ლარი შეადგენს სარჩენის მომვლელისათვის გ---–--------------ისთვის მისაცემ თანხას, ხოლო 100 ლარი კი რჩება სარჩენის მოვლის, კვებისა და სხვა საჭიროებებისათვის. 2008 წლიდან დღემდე 100 ლარის ყოველთვე ჩარიცხვა სარჩენისადმი წარმოადგენს სერიოზულ საფუძველს, რათა სარჩენს მოეთხოვა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა. ამიტომაც სარჩენმა შესთავაზა მარჩენალს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა შეცვლილი გარემოებების გამო, თუმცა მარჩენალმა უარი უთხრა სარჩენს შეთავაზებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ი----- დ-–----ს არასდროს დაურღვევია ხელშეკრულების პირობები, იგი დღემდე კეთილსინდისიერად ასრულებს ნაკისრ მოვალეობას, უფრო მეტიც სისტემატურად აქვს კონტაქტი მ----- ჩ--------ის მომვლელთან, რომელსაც მისი მოთხოვნისა და მ----- ჩ--------ის საჭიროების შესაბამისად უსრულებს ყველა აუცილებელ პირობას სარჩენი პირის ყოფითი და საყოფაცხოვრებო პირობების შესაქმნელად, ურიცხავს მ----- ჩ--------ეს საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად თანხას 300 ლარის ოდენობით და ასევე ყიდულობს საოჯახო და პირადი მოხმარების ნივთებს სარჩენის საჭიროებისთვის და მოთხოვნის საფუძველზე. მ----- ჩ--------ე გარშემო მყოფი გარკვეული პირების მიერ წაქეზებულია, რომ გაწყვიტოს ი----- დ-–----თან ურთირთობა, ვინაიდან პირდებიან უკეთეს პირობებს და იმ ადამიანისგან ვინც ამდენი წელი, 2008 წლის 29 თებერვლიდან (უკვე 11 წელია) უსრულებს მ----- ჩ--------ეს ყველა აუცილებელ პირობას სარჩენად, შეუწყვიტოს ხელშეკრულება მიუხედავად იმისა, რომ მარჩენალი მუდამ კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას და ითმენს უსიტყვოდ დაუმსახურებელ ბრალდებებს მ----- ჩ--------ის ქონებით დაინტერესებული პირების მხრიდან, მათ შორის მ----- ჩ--------ის წარმომადგენლის ქ------–--- ჯ------ს მხრიდან, რომელსაც თავად აქვს ინტერესი ამ ქონებაზე.

 

მ----- ჩ--------ე არ საჭიროებს სესხების აღებას, ვინაიდან მას აქვს პენსია და დამატებით სტაბილურად, ყოველთვიურად ურიცხავს მარჩენალი თანხას 300 ლარის ოდენობით, ასევე ყიდულობს საოჯახო ნივთებს და საცხოვრებელში უქმნის საყოფაცხოვრებო პირობებს. 2018 წლის ივლისის თვეში შეუძინა სააბაზანო ოთახისათვის საჭირო ნივთები.

 

2018 წლის ზაფხულში ი----- დ-–----მა მიიღო წერილი ქ------–--- ჯ------სგან, რომელიც სთავაზობდა ხელშეკრულების შეწყვეტას ი----- დ-–----ს. შემდეგ კი მობილური ტელეფონის მეშვეობით მუდმივად უყენებდა ქ. ჯ------ ი.დ-–----ს ულტიმატუმებს, რის შემდეგაც, მოპასუხემ მას მოსთხოვა წარმოედგინა მ----- გიორგაძის ინტერესების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა ჰქონოდა მასთან ურთიერთობა, რაც არ იქნა მისი მხრიდან შესრულებული. იგი ცდილობს მხარეებს შორის დაძაბოს ურთიერთობა, რათა მიაღწიოს სავარაუდოდ მისთვის სასურველ მიზანს, კერძოდ დაეუფლოს მ----- ჩ--------ის კუთვნილ უძრავ ქონებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2008 წლის 29 თებერვალს, მ----- ჩ--------ეს და ი----- კ----–--ს (ამჟამად ი----- დ-–----ს) შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მარჩელმა - ი----- დ-–----მა იკისრა სარჩენის - მ----- ჩ--------ის რჩენის ვალდებულება, ხოლო მ----- ჩ--------ემ ი----- დ-–----ს საკუთრებაში გადასცა თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა მდებარე: ქ. თბილისი, დავით ა----–-----–-----------ი #6--, ლიტ ,,ბ“.

ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა, რომ სარჩო შესაძლოა ყოფილიყო როგორც ფულადი, ასევე ნატურალური სახის. მას შეიძლება ჰქონოდა ასევე მომსახურების სახე: კერძოდ, მარჩენალი ვალდებული იყო სარჩენი უზრუნველეყო სრულფასოვანი საკვებით, მკურნალობით, საცხოვრებელი პირობებით, ტანსაცმლით, მოვლითა და ყველა იმ საჭიროებით, რაც აუცილებელია ადამიანის ღირსების შესატყვისი ცხოვრებისათვის. რჩენას უნდა ჰქონოდა ყოველდღიური (უწყვეტი) ხასიათი.

ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი ბინა ამ ხელშეკრულების საჯარო რეესტრში წარდგენისა და რეგისტრაციის მომენტიდან გახდა მარჩენალის შეზღუდული საკუთრება. სარჩენი იცხოვრებდა ბინაში გარდაცვალებამდე. იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესის დაცვით ბინა გასხვისდებოდა, მარჩენალი ვალდებული იყო სარჩენი უზრუნველეყო ტოლფასი საცხოვრებელი პირობებით. სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს არ ჰქონდა უფლება სარჩენის სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობის გარეშე, იპოთეკით დაეტვირთა, გაექირავებინა ან სხვა ვალდებულებებით დაეტვირთა ბინა. არ დაიშვებოდა მარჩენალის ვალების გამო გადახდევინების მიქცევა ბინაზე.

ხელშეკრულების 5.2.5 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების შეწყვეტისას ბინა ,,მარჩენალის“ საკუთრებაში იქნებოდა, იგი უნდა დაბრუნებოდა სარჩენს, ხოლო მარჩენალს არ აუნაზღაურდებოდა რჩენის ხარჯები.

ხელშეკრულების 8.3 მუხლის თანახმად, მარჩენალს ეკისრებოდა უძრავი ქონების გადაცემისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2008 წლის 29 თებერვლის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-29);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2010 წლის 2 თებერვალს ი----- კ----–--მ (დაბ. 15.10.1976 წ) შეიცვალა გვარი და გახდა ი----- დ-–----ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2008 წლის 29 თებერვლის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-29);

- სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ. 175-185);

- სასამართლოს 2014 წლის 04 დეკემბრის განჩინება (ს.ფ. 186-200);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, მ----- ჩ--------ის სარჩელი ი----- დ-–----ის მიმართ 2008 წლის 29 თებერვლის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტისა და ქონების საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ. 175-185);

- სასამართლოს 2014 წლის 04 დეკემბრის განჩინება (ს.ფ. 186-200);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. სასამართლო დადგენილ გარემოებად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ი----- დ-–----ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობას. მეტიც, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დასტურდება, რომ მოპასუხე ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომელსაც ემყარება მათი სარჩელი თუ შესაგებელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა კონკრეტულად რაში გამოიხატა მოპასუხის მიერ სამისდღეშიო რჩენის სახელშეკრულებო მოვალეობათა შეუსრულებლობა, რის გამოც შეუძლებელია სადავო ხელშეკრულების გაგრძელება. ამავდროულად, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე არღვევდა ხელშეკრულების პირობებს, არ წარმოადგენს და ვერ გახდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების და შესწავლის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ არის დარღვეული. ხელშეკრულების მიხედვით, მხარეებს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება აქვთ, იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე არღვევს ამ ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს, რის გამოც მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა ან სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს, ან შეუძლებელს ხდის ხელშეკრულების გაგრძელებას. მითითებული გარემოებებს - მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა ან არსებობს სხვა არსებითი მიზეზები, რაც უკიდურესად აძნელებს, ან შეუძლებელს ხდის ხელშეკრულების გაგრძელებას - განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, რადგან აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე წარმოდგენილი მტიცებულებების ერთობლიობაში განხილვით არ დგინდება. ზემოთ აღნიშნული გარემოებები ასევე არ დადასტურდა მოსარჩელე მხარის მიერ მოწვეული მოწმეების მიერ. მოწმეები მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებოდნენ, რამდენადაც მათი ჩვენებით არ დგინდება მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი. კერძოდ, მოწმეების ხ--------–--------–ის, ლ----------–--ს და ი------------ის ჩვენებების საფუძველზე, დადგინდა, რომ მ----- ჩ--------ე იყო დაუძლურებული და არ შეეძლო საკუთარი თავის მოვლა, ი----- დ-–----ი მას ვერ უვლიდა, რადგან იმყოფებოდა ქუთაისში. მ----- ჩ--------ე ცხოვრობდა მარტო, მას არ შეეძლო თავის მოვლა. იგი საჭიროებდა მუდმივად მასთან მცხოვრებ მომვლელს. მ----- ჩ--------ეს უკვე უჭირს გადაადგილება და მეზობლებს თხოვს დახმარებას. აღნიშნული ჩვენებების საპირისპირო ჩვენებები მისცა მოწმე გ---–--------------ემ სასამართლოს. მოწმემ მიუთითა, რომ მოპასუხე ი----- დ-–----ი მოსარჩელე მ----- ჩ--------ეს ფინანსურად ეხმარებოდა, რასაც ჰქონდა უწყვეტი, ყოველთვიური ხასიათი. იგი საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში (დაახლოებით ერთ წელზე მეტი დროით) ცხოვრობდა და უვლიდა მოსარჩელე მ----- ჩ--------ეს მისივე საცხოვრებელ ბინაში. მოწმემ მის მიერ მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ მ----- ჩ--------ეს ჰქონდა საკმაოდ მძიმე ხასიათი და არ იყო ადვილად საურთიერთობო პიროვნება. მიუხედავად იმისა, რომ ი----- დ-–----ი მ----- ჩ--------ეს უზრუნველყოფდა ფინანსურად, რაშიც შედიოდა, როგორც კვების თანხა, ასევე მომვლელის ანაზღაურება, მ----- ჩ--------ეს არ ჰქონდა დადებითი დამოკიდებულება და ნდობა ი----- დ-–----ის მიმართ. სწორედ ამ უნდობლობიდან გამომდინარე, მ----- ჩ--------ეს არჩია მიეღო ფულადი დახმარება და არა საკვები პროდუქტები მარჩენალისგან. რაც შეეხება უშუალოდ მ----- ჩ--------ესა და მის მომვლელ გ---–--------------ეს შორის ურთიერთობას, მოწმემ აღნიშნა, რომ მ----- ჩ--------ესთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია და დიდ ნებისყოფას და მოთმინებას მოითხოვს, ამიტომ მან უარი თქვა მასთან მუშაობაზე და ისე წამოვიდა მისი სახლიდან, რომ საკუთარი ნივთებიც კი არ წამოუღია. საგულისმოა რომ სასამართლო განხილვისას მთავარი აქცენტი მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ გაკეთდა ფინანსურ სიდუხჭირესა და საცხოვრებელი პირობების არასათანადოობაზე. სასამართლო განხილვისას მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა კონკრეტულად მითითებული თუ რა საჭიროებების უგულებელყოფა ხდება მოპასუხე მხარის მიერ, რა სურს მოსარჩელე მ----- ჩ--------ეს და კონკრეტულად რა უნდა განახორციელოს მოპასუხე მხარემ, რასაც იგი მოსარჩელე მხარის მითითების მიუხედავად არ აკეთებს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარეს ხელშეკრულებაში სურს გაიწეროს ფულადი ვალდებულების ოდენობა და ამაზე მოწინააღმდეგე მხარე არ თანხმდება, ვერ იქნება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის განსაზღვრელი. წარმოდგენილი დავის განხილვისას, მხოლოდ მითითება, რომ 300 ლარის პირობებში არსებობა არსებული ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში შეუძლებელია, ვერ გახდება ხელშეკრულების გაუქმების წინაპირობა. სახელშეკრულებო დათქმა მოიცავს როგორც ფულადი ის ნატურალური სახით სარჩენის უზრუნველყოას. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს საერთოდ არ აქვს კომუნიკაცია მოპასუხესთან და მხოლოდ მოპასუხე მხარის ინიციატივით (მასთან მცხოვრები მომვლელისა, თუ სხვა პირებთან კომუნიკაციის გზით) ხდება მოსარჩელე მხარისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მესამე პირთა დახმარებით შესრულება. მეტიც, მხარეთა შორის რაიმე სახის დაძაბული ურთიერთობა ან/და რაიმე სახის კომფლიქტური ინციდენტის თაობაზეც კი არ იქნე მითითება გაკეთებული. მოწმი გ---–--------------ის მითითებით, მისი მხდიდან არც კი ხდებოდა მოსარჩელე მხარის ინფორმირება სრულად მოწოდებული პროდუქტების თაობაზე, ვიანიდან მოსარჩელს რთული და პრეტენზიული ხასიათიდან გამომდინარე, გაუჩნდებოდა პრეტენზიები და გაურკვეველი შიშები და არ მიიღებდა პროდუქტს. რაც შეეხება ხელშეკრულბის გაქმების თაობაზე მოსარჩელე მხარის მეორე არგუმენტს - მოპასუხე მხარის სხვა ქალაქში ცხოვრების ფაქტი სახელდება, რაც მხარის მიხედულებით გამორიცხავს მითითებული ხელშეკრულების სათანადო შესრულებას და შესაბამისად, უნდა იგი უნდა შეწყდეს. წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მითითებული ფაქტობრივი გარემოების შეფასება მოხდა და ცალსახად მიეთითა აღნიშნული არ წარმოადგენს აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს. მოცემულ შემთხევაში სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარემ თავად შეარჩია მზრუნველი, რომლიც ცხოვრობდა მასთან და უზრუნველყოფდა მისი ყოველდღიური საჭიროებებით. სასამართლოს შეფასებით იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომ ი----- დ-–----ი თავს არიდებდა მ----- ჩ--------ის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას (საკვები პროდუქტებით მომარაგება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, კომუნალური გადასახადების გადახდა) ეკისრება მოსარჩელე მხარეს. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს თავისი ახსნა-განმარტების გარდა, სხვა მტკიცებულება მითითებული გარემოების დასადასტურებლად არ წარმოუდგენია. მეტიც, მხოლოდ ზოგადი მითითებებითა და უკმაყოფილებების შემოიტარგლა და ცალსახად მიუთითა, რომ საჭირებების მიუხედავად კომუნიკაციას არ ახდენდა მოპასუხესთან ვიანიდან არ სურს მასთან გააჩნდეს რაიმე სახის სამართლებრივი კავშირი. აქვე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოწმეების ხ--------–--------–ის, ლ----------–--ს და ი------------ის ჩვენებებთან დაკავშირებით განმარტოს, რომ აღნიშნული პირები არიან მოსარჩელე მ----- ჩ--------ის მეზობლები და ობიექტურად მოკლებულნი არიან შესაძლებლობას ინტენსიურად, ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდნენ მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ მ----- ჩ--------ემ ვერ შეძლო მისი მტკიცების ფარგლებში შემავალი გარემოების, ი----- დ-–----ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი რჩენის ვალდებულების დარღვევის თაობაზე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - 2008 წლის 29 თებერვლის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-29); - სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ. 175-185); - სასამართლოს 2014 წლის 04 დეკემბრის განჩინება (ს.ფ. 186-200); - მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 394-ე, 408-ე, 941-ე, 949-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა, გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით).

 

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავდება სუბიექტური შემადგენლობის მიხედვით. ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები არიან მყიდველი და გამყიდველი, ხოლო სამისდღეშიო ხელშეკრულების მხარეები – მარჩენალი და სარჩენი. ასევე, მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაყიდ ნივთზე წარმოეშობა საკუთრების უფლება და შეუძლია, ნაყიდი ნივთი განკარგოს თავისი შეხედულებისამებრ, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით კი სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირავოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.

 

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ერთ-ერთი თავისებურება მდგომარეობს, აგრეთვე, იმაში, რომ იგი არის სასყიდლიანი და მიზნად ისახავს მომავალში სარჩენის ქონების გადასვლას მარჩენალის საკუთრებაში განსაზღვრული შემხვედრი ანაზღაურების გადახდის გზით, მაგრამ იგი არსებითად არ მოიცავს ისეთ პირობას, როგორიცაა ფასი და ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით არ ხასიათდება გადასაცემი ქონების ეკვივალენტურობით. სარჩოს ოდენობა, რომელსაც სარჩენი ღებულობს მარჩენალისაგან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, შეიძლება შეადგენდეს მარჩენალისათვის გადასაცემი ქონების ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება მნიშვნელოვნად გადააჭარბოს კიდევაც ქონების ღირებულებას (რაც აიხსენება იმით, რომ რჩენა განსაზღვრულია სარჩენის სიცოცხლის ვადით, თუმცა მხარეები შეიძლება განსაზღვრულ დროზეც შეთანხმდნენ).

 

მოცემულ შემთხვევაში, 2008 წლის 29 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეებს წარმოეშვათ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეები შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე. მოცემული ხელშეკრულება კუმულაციური ხასიათისაა და სარჩოს განსაზღვრავს, როგორც ფულადი ისე ნატურალური სახით, ანუ მარჩენალმა სარჩენის სასარგებლოდ შეიძლება განახორციელოს არაქონებრივი ხასიათის მოქმედებებიც, თუ რომელი სახით უნდა უზრუნველყოს მარჩენალმა სარჩენი პირის რჩენა, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმების საფუძველს.

 

როგორც აღინიშნა, 2008 წლის 29 თებერვალს, მ----- ჩ--------ესა და ი----- კ----–--ს (ამჟამად ი----- დ-–----ს) შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სამისდღემშიო რჩენის სანაცვლოდ მ----- ჩ--------ემ მარჩენალს საკუთრებაში გადასცა თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, ა----–-----–-----------ი 6--, ლიტ ,,ბ”, ფართი - 50 კვ.მ., ს/კოდი - 0----------------------. ამავე ხელშეკრულების თანახმად, სარჩო უნდა ყოფილიყო როგორც ფულადი, ისე ნატურალური სახის, ასევე შეიძლება ჰქონოდა მომსახურების სახე, კერძოდ, მარჩენალი ვალდებულებას იღებდა უზრუნველყო მ----- ჩ--------ე სრულფასოვანი საკვებით, მკურნალობით, საცხოვრებელი პირობებით, ტანსაცმლით, მოვლითა და ყველა იმ საჭიროებით, რაც აუცილებელია ადამიანის ღირსების შესატყვისი ცხოვრებისათვის. რჩენას ჰქონდა ყოველდღიური უწყვეტი ხასიათი. ამავე ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების გაუქმების საფუძველია თუ მეორე მხარე დაარღვევს ამ ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს, რის გამოც მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა ან სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს, ან შეუძლებელს ხდის ხელშეკრულების გაგრძელებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში არ მიუთითებია და შესაბამისად, არც იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მარჩენალმა შეურაცხყოფა მიაყენა ან უმადურობა გამოიჩინა სარჩენის მიმართ, რის გამოც მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა. სასამართლოს მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობის შესახებ ძირითადად ემყარება მხოლოდ იმ საფუძველს, რომ მარჩენალი გაემგზავრა ქუთაისში და ვეღარ აქცევს მას ყურადღებას და მის მიერ გადმორიცხული თანხა (ისიც გარკვეული თვეების ჩავარდენებით და არასრულად) არ არის საკმარისი ღირსეული პირობების შესანარჩუნებლად და ელემენტარული საჭირობების დასაკმაყოფილებლად.

 

სასამართლოს თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ხელშეკრულების მოშლის ერთადერთი მიზეზი მოცემულ დავაში არის მარჩენალის მხრიდან სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევა და მიაჩნია, რომ მოცემული საფუძვლით ხელშეკრულების მოშლისათვის კანონმდებელი აუცილებელ პირობად დებს ასევე შედეგს, კერძოდ, სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევა ისეთი უნდა იყოს, რომ მხარეთა შორის ურთიერთიობა აუტანელი გახდეს, ანდა უნდა არსებობდეს სხვა არსებითი მიზეზი, რომელიც უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის ხელშეკრულების გაგრძელებას. აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს მხარეებს ანუ მარჩენალს და სარჩენს, რომ დადგენილი საფუძვლების არსებობისას უარი განაცხადონ ცალმხრივად სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევა. მოვალეობის შეუსრულებლობად შეიძლება ჩაითვალოს მარჩენალის მიერ სარჩოს დროულად გადაუხდელობა. ამასთან, მხარეთა შორის სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევა ისეთი უნდა იყოს, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდეს. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს 2008 წლის 29 სექტემბერს სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. აღნიშნული ხელშეკრულებით გაწერილია რჩენის პირობები, ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები და შედეგები. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით არ იკვეთება მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა, კერძოდ, მოპასუხე მოსარჩელეს სარჩოს სახით უგზავნის ფულად თანხებს, უზრუნველყოფს საცხოვრებელი პირობებით და ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე.

 

სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, იგი თავს არ არიდებდა სარჩენის უზრუნველყოფას მკურნალობით, საცხოვრებელი პირობებით, მოვლით და ყველა საჭიროებით, რაც აუცილებელია ადამიანის ღირსების შესატყვი სიცხოვრებისათვის. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ შესძლო დაედასტურებინა, მოპასუხის მიერ რჩენის ვალდებულების შეუსრულებლობისა და მხარეთა შორის აუტანელი ურთიერთობის არსებობის ფაქტები. სასამართლომ გამოიყენა კოდექსის 941-ე მუხლი და 949-ე მუხლის პირველი ნაწილი, მიაჩნია, რომ მოპასუხეს სახელშეკრულებო ვალდებულებები არ დაურღვევია, რის გამოც მოთხოვნა სამისდღეშიო ხელშეკრულების გაუქმების და უძრავი ქონების მ----- ჩ--------ის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების მატერიალულ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.2. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოსარჩელე მ----- ჩ--------ის მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება მოპასუხე ი----- დ-–----ის მიერ მოსარჩელე მ----- ჩ--------ისთვის ზიანის ანაზღაურებას 7050 ლარის ოდენობით, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის; კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, ამასთან, ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც ვალდებულების დარღვევის შედეგად განიცადა კრედიტორმა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ წინაპირობებს, თუმცა, ზიანის იურიდიული შედეგი მოცემულია ამავე კოდექსის 408-ე მუხლის არსებულ ნაწილში, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, წინაპირობას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს მხარეთა მიერ შესასრულებელი ვალდებულებების ეკვივალენტური ღირებულებიდან.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი, ხოლო საქმეზე სადავოდ გამხდარი გარემოებები უნდა დადასტურდეს ამავე მუხლში ჩამოთვლილი შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადასტურებული იქნა, რომ მოპასუხე ი----- დ-–----ის მიერ არ ყოფილა დარღვეული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების პირობები და შესაბამისად, სასამართლომ არ გააუქმა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ხელშეკრულება.

აქვე, სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარის პოზიცია მითითებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით გაუგებარი და ბუნდოვანი იყო სასამართლო განხილვისას. მითითებული ზიანის გამოთვლის მეთოდი, პერიოდი ასახულია დეტალურად სარჩელიში და მისი ციფრი ემთხვევა მოპასუხე მხარის მიერ კონკრეტულ თვეებში 300 ლარის სრულად ან ნაწილობრივ გადმოურიცხაობის ფაქტს. მოსარჩელე მხარის მირ დაჯამდა სწორედ აღნიშნული ციფრები და განიმარტა, რომ ვინაიდან მხარემ არასრულად, არაჯეროვნად მოახდინა ფულადი თანხის (თვიურად 300 ლარის) გადმორიცხვის ვალდებულება, მისი მოთხოვნა სწორედ აღნიშნული ფულადი ვალდებულების შესრულებაა და მხარისათვის აღნიშნული წარმოადგენს ზიანს.

სასამართლოს მიუთითებს, რომ მოპასუხ მხარე გამორიცხავს კონკრეტული ოდენობის ფულადი ვალდებულების თაობაზე შეთანხმების ფაქტს და ადასტურებს, რომ აღნიშნული თანხები ცვალებადი იყო მოსარჩელის საჭიროებებისა და მომვლელის (გ---–--------------ის) ანაზრაურების პირობების გათვალისიწნებით. ხელშეკრულების დანაწესი ვალდებულების შესრულებასთან მიმართებით ცალსახად მიუთითებს, როგორც ფულადი სახით, ისე ნატურალური სახით უზრუვნელყოფას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხოლოდ საბანკო ამონაწერების არსებობა და თანხების გადარიცხვის ფაქტი კონკრეტული შეთანხმების არსებობას ვერ დაადასტურება და მითუფრო აღნიშნული, თავად მხარის განმარტების შესაბამისად არ წარმოდგენს ზიანის არსებობისა და მისი ოდენობის დადგენის ფაქტობრივ წინაპირობას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვიანიდან არ არსებობს ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე 2008 წლის 29 თებერვლის ხელშეკრულებისაგან განსხვავებული ან/და დამატებითი შეთანხმება, რომლის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა სასამართლოს მიერ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების ოდენობისათან მიმართებით მსჯელობა და შესაბამისად, აღნიშნული ვერ იქნება განხილული ზიანის ფარგლებში, მოსარჩელე მხარის მითითებული სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკამყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნატის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

წარმოდგენილ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენდა ასევე მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თუმცა ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა აღნიშნული შუამდგომლობის ნაწილში მსჯელობა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

დავის საგნის ოდენობის გათვალისწინებით, საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 1111.50 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლომ მოსარჩელე მ----- ჩ--------ეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, 01.02.2019 წლის განჩინებით გადაუვადა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 261.5 ლარის გადახდა სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

ვინაიდან, მ----- ჩ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის 261.5 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მ----- ჩ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 თებერვლის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე განჩინებით გამოყენებული საჩელი უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ი----- დ-–----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, გამზირი დ. ა----–------–ი N 6---, ფართი - 50 კვ.მ.; საკადასტრო კოდი - 0----------------------.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე მ----- ჩ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 თებერვლის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე განჩინებით გამოყენებული საჩელი უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ი----- დ-–----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, გამზირი დ. ა----–------–ი N 6---, ფართი - 50 კვ.მ.; საკადასტრო კოდი - 0----------------------.

 

3. მოსარჩელე მ----- ჩ--------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 261.50 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე