გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/15564-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - სს „თე-–--ი“
წარმომადგენელი - ვლ---------------–---–ი
მოპასუხე - შპს „ლო---ა“
წარმომადგენელი - ან--–----–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ლო---ას“ მოსარჩელე სს „თე-–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის დარჩენილი საფასურის - 35 500 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
შპს „ლო---ა“ არის სს „თე-–--ის“ ელექტროენერგიის მომხმარებელი და იმყოფება მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. მოპასუხე, იჯარის ხელშეკრულებისა და უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე რეგისტრირებულია, როგორც სს „თე-–--ის“ აბონენტი N6------, სააბონენტო მისამართზე - ქ. თბ--–-----–----------------–--–-----.
სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს „ლო---ას“ დაეკისრა მ---------–-- სასარგებლოდ 20 994.46 ლარი, რომელიც წარმოადგენდა მოპასუხის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს.
აღნიშნულის გარდა მოპასუხეს გააჩნია ქსელზე მიერთებისთვის გათვალისწინებული საფასურის დავალიანება, კერძოდ 71000 ლარიდან მეორე ნაწილის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება - 35 500 ლარი.
სა---------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–----------ს 2008 წლის 18 სექტემბრის მე-20 დადგენილების თანახმად, მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასური მოცემულ შემთხვევაში შეადგენდა 71000 ლარს, რომლის ნახევარიც შპს „ლო---ამ“ გადაიხადა ქსელზე მიერთების განცხადების წარდგენამდე, ხოლო დარჩენილი ნაწილი გადაუხდელობის გამო გადატანილი იქნა მიმდინარე ვალში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: შპს „ლო---ამ“ ე.წ. კრიპტოვალუტის გამოშვებისა და კოლოკაციის ცენტრის შექმნისთვის 2018 წლის 15 ივნისს ინვესტორთან შპს “DE-----------M“-თან გააფორმა საინვესტიციო ხელშეკრულება, რომლის განსახორციელებლად აუცილებელი იყო 1000 კილოვატი ელექტროენერგია და სხვა. მისი საფასურის გადახდის ვალდებულება ინვესტორმა აიღო და შპს „ლო---ას“ 2018 წლის 19 ივნისს გადასცა თანხის ნაწილი 35500 ლარი.
შპს „ლო---ამ“ 2018 წლის 20 ივნისს განცხადებით მომართა სს „თე-–--ს“ მის ობიექტზე არსებული ძაბვის 1000 კვტ-მდე გაზრდის მოთხოვნით და მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, რომ სიმძლავრის გაზრდას უზრუნველყოფდა 90 სამუშაო დღის ვადაში, სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილების შესაბამისად. მომსახურებისთვის გადასახდელი თანხა განისაზღვრა 71000 ლარით, რომლის ნახევარი შპს „ლო---ამ“ გადაიხადა განაცხადის შეტანის დღეს, ხოლო მეორე ნახევარი უნდა გადაეხადა მოთხოვნილი გაძლიერებული ელ. ენერგიის მიწოდების შემდეგ 10 დღის განმავლობაში. სს „თე-–--ის“ მიერ მომზადებული პროექტის საფუძველზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის მიღების მიზნით მოსარჩელემ მიმართა ქ. თბ--–----------–----–------ის სსიპ ქო------------------------ოს, რომელმაც დაადგინა, რომ პროექტი იყო არასრულყოფილი და სს „თე-–--ს“ სააგენტომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრა 20 დღის ვადა. ხარვეზის გამოსწორებისა და სრულყოფილი ალტერნატიული პროექტის წარდგენის შემდეგომ ქო------------------------ომ 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით თანხმობა განაცხადა შეცვლილი პროექტის შესაბამისად საჭირო სამუშაოების წარმოებაზე.
2018 წლის 8 ოქტომბერს მოსარჩელემ წერილით მიმართა სემეკს და მოითხოვა ელ. ენერგიის გაზრდილი სიმძლავრის მიწოდებისთვის დადგენილი 90 დღიანი ვადის გაზრდა 2018 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით, რაც კომისიის 2018 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. აღნიშნული დაგვიანების შესახებ მოპასუხემ შეატყობინა ინვესტორს და დაითანხმა ვადის გაგრძელებაზე, რათა მას არ გადაეფიქრებინა ინვესტირების გაგრძელება და არ მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა. სს „თე-–--მა“ არც ამ ვადაში შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და სამუშაოები მხოლოდ 2019 წლის 13 თებერვალს დაასრულა.
ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო, 2019 წლის 4 თებერვალს ინვესტორმა შეწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვა ინვესტირებული თანხის დაბრუნება, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მოპასუხეს. შპს „ლო---ასთვის“ მნიშვნელოვანი იყო გაზრდილი ელექტრო ენერგიის დადგენილ 90 დღიან ვადაში მიღება, რომელიც მ---------–-- არაჯეროვანი ქმედებების გამო ვერ მოხდა, ვერც დადგენილ ვადაში და ვერც დამატებით განსაზღვრულ 65 დღის ვადაში. მას არ აქვს საპატიო მიზეზი, თუ რატომ ვერ მოახერხა ვალდებულების დროულად შესრულება. ამდენად, მოპასუხე არ ეთანხმება სს „თე-–--ის“ მოთხოვნას და ამ საფუძვლით 2019 წლის 15 მარტს წერილობით მიმართა მოსარჩელეს, ვალდებულების დარღვევის გამო გადახდილი 35 000 ლარის უკან დაბრუნებისა და დარჩენილი გადასახდელი თანხისგან გათავისუფლების მოთხოვნით, რაზეც პასუხი არ მიუღია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ლო---ა“ თბ--–--–---–----------------–--–------ში მდებარე მისამართზე ფლობს სამეურნეო დანიშნულების ფართს. იჯარის ობიექტი გამოიყენება კომპიუტერული სერვისების განთავსების დანიშნულებით, მათ შორის ე.წ. კრიპტოვალუტის გამომუშავებისა და კოლოკაციის ცენტრის შექმნის მიზნებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება.
3.1.2. შპს „ლო---ა“ 2018 წლის 14 თებერვლიდან არის სს „თე-–--ის“ აბონენტი, აბონენტის ნომრით 6------, მისამართზე: თბ--–-----–----------------–--–----. სს „თე-–--ი“ მოპასუხეს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აწვდის ელექტროენერგიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ;
- აბონენტის ბრუნვის ისტორია.
3.1.3. სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შპს „ლო---ამ“ 2018 წლის 24 აპრილს მიმართა სს „თე-–--ს“ ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 24.04.2018 წლის განაცხადი;
- საგადახდო დავალება N15;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. შპს „ლო---ამ“ 2018 წლის 20 ივნისს კვლავ მიმართა სს „თე-–--ს“ და მოითხოვა ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდა 1000 კვტ-მდე, რაც სა---------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–----------ს (სემეკის) 18.09.2008 წლის N20 დადგენილების თანახმად სს „თე-–--ს“ 90 სამუშაო დღეში უნდა განეხორციელებინა. თავის მხრივ, შპს „ლო---ას“ ვალდებულებას წარმოადგენდა გაზრდილი სიმძლავრის შესაბამისი ტრანსფორმატორით უზრუნველყოფა.
სიმძლავრის გაზრდის საფასური განისაზღვრა 71000 ლარით, რომლის ნახევარი - 35500 ლარი შპს „ლო---ამ“ გადაიხადა განაცხადის შეტანის დღეს. მე-2 ნახევრის გადახდის ვადად განისაზღვრა გაძლიერებული ელექტროენერგიის მიწოდებიდან 10 დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20.06.2018 წლის განაცხადი;
- საგადახდო დავალება N2;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდის მიზნით სს „თე-–--ის“ მიერ მომზადდა პროექტი, რაც „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბ--–----------–----–------ის საკრებულოს 22.12.2014 წლის N19-75 დადგენილების თანახმად საჭიროებდა ამავე უწყების სსიპ ქო------------------------ოს თანხმობას. სააგენტოს გადაწყვეტილებით მოთხოვნილ იქნა ალტერნატიული პროექტი, რაც სააგენტოს მოგვიანებით წარედგინა თანხმობის მისაღებად.
შეცვლილი პროექტის შესაბამისად ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობა სსიპ ქო------------------------ომ 2018 წლის 19 სექტემბერს გასცა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „თე-–--ის“ 04.10.218 წლის წერილი;
- სსიპ ქო------------------------ოს 06.08.2018 წლის გადაწყვეტილება;
- სსიპ ქო------------------------ოს 31.08.2018 წლის გადაწყვეტილება;
- სსიპ ქო------------------------ოს 19.09..2018 წლის გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. სა---------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–----------ს 2018 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „თე-–--ის“ მოთხოვნა შპს „ლო---ას“ ობიექტის სიმძლავრის გაზრდის ვადის გაზრდის თაობაზე და სიმძლავრის გაზრდის უზრუნველყოფის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 10 დეკემბერი.
მოპასუხე ადასტურებს, რომ სემეკის 2018 წლის 2 ნოემბრის სხდომას მათი წარმომადგენელიც ესწრებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „თე-–--ის“ 04.10.2018 წლის წერილი ვადის გაგრძელების თაობაზე;
- სეწმეკის 02.11.2018 წლის N89/7 გადაწყვეტილება;
- კომისიის სხდომის აუდიო ჩანაწერი (CD დისკი);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. სს „თე-–--ის“ მიერ შედგენილ მიერთების საფასურის აღრიცხვის ფორმაში ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის სამუშაოების ფაქტიურად შესრულების თარიღად მიეთითა 2018 წლის 13 თებერვალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მიერთების საფასურის აღრიცხვის ფორმა.
3.1.8. სიმძლავრის გაზრდის დარჩენილი საფასური - 355 00 ლარი შპს „ლო---ას“ მ---------–-- სასარგებლოდ არ აუნაზღაურებია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბრუნვის ისტორია;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სიმძლავრის გაზრდის ვადის გაზრდის თაობაზე მარეგულირებელ კომისიაში საკითხის განხილვის დროისთვის შპს „ლო---ას“ საქმიანობის სფერო შეცვლილი ჰქონდა. შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას მასზედ, რომ ამ დროს კრიპტოვალუტის წარმოების მიზნით, მათი მხრიდან კვლავაც იყო გაზრდილი სიმძრავრისადმი ინტერესი.
სს „თე-–--ის „აბონენტად რეგისტრაციის დროისთვის შპს „ლო---ას“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა კრიპტოვალუტის გამოშვებისა და კოლოკაციის ცენტრის შექმნა და საქმიანობის გაფართოების მიზნით, მოპასუხემ მიმართა კიდეც სს „თე-–--ს“ სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნით.
უდავოა, რომ სემეკის 02.11.2018 წლის სხდომას, სადაც განხილულ იქნა სს „თე-–--ის“ განცხადება ვადის გაზრდის თაობაზე, შპს „ლო---ას“ წარმომადგენელიც ესწრებოდა. აღნიშნულ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მათ საქმიანობის პროფილი უკვე შეიცვალეს და იმ დროისთვის ახდენდნენ საავადმყოფოებისა და სხვა ობიექტების ქსელის დაცვის უზრუნველყოფას (სერვისების კოლოკაციის მომსახურება). მიუხედავად ამ ცვლილებისა და დროის გაზრდისა, მათ სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნის მიმართ ინტერესი არ დაუკარგავთ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- კომისიის სხდომის აუდიო ჩანაწერი (CD დისკი);
3.2.2. შპს „ლო---ას“ 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 13 თებერვლამდე, არც მანამდე პერიოდისთვის არ უცნობებია სს „თე-–--ისთვის“ ინტერესის არარსებობის საფუძვლით ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ.
აღნიშნული მსჯელობის საფუძველს იძლევა სემეკის 2018 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე შპს „ლო---ას“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განმარტება, ასევე შპს „ლო---ას“ 2019 წლის 18 თებერვალს სს „თე-–--ისადმი“ გაგზავნილი N1----9 წერილი, რომლის თანახმად ვინაიდან მაღალი ძაბვის ელ.ენერგიის მიწოდება სს „თე-–--მა“ დიდი ხნის დაგვიანებით განახორციელა, უცხოელმა ინვესტორმა, რომელიც ახორციელებდა მატერიალურ უზრუნველყოფას, შეწყვიტა ურთიერთობა. ამის მიუხედავად სადავო ობიექტზე გაძლიერებული სიმძლავრის ელ. ენერგიის მოხმარება-არ მოხმარების საკითხი გადაწყდებოდა მას შემდეგ, რაც იმავე მხარეთა შორის თბილისის საქალქო სასამართლოში მიმდინარე დავა დასრულდებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის ფაქტები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს, მაშასადამე მან არამარტო უნდა გამოთქვას საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ მტკიცებულებასა და ფაქტთან დაკავშირებით, არამედ უნდა დაასაბუთოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
ზოგადად ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. მთავარია, ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო. თუ ვალდებულება ჯერ კიდევ არ არის შესასრულებელი, მხარე ვერ გავა ხელშეკრულებიდან, რადგან მას არ ექნება ამის უფლება, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეს შეუძლია შესრულების ვადის დადგომამდე განაცხადოს უარი ხელშეკრულებაზე.
ხელშეკრულებიდან გასვლისას დაცული უნდა იყოს გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობები (სსკ-ის 405-ე მუხლი): ა) ხელშეკრულების ნამდვილობა; ბ) მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი); გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი და ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება - ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მოცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი - ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა - გაფრთხილება.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულებიდან გასვლის იმ წინაპირობაზე რაც უკავშირდება მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების არსებით დარღვევას, როცა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი, ვინაიდან მოპასუხე სწორედ უკვე შესრულებულისადმი ინტერესის არარსებობაზე ამყარებს თავის შესაგებელს.
მოპასუხე თავის შედავებას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მას ხელშეკრულების შესრულების ინტერესი გააჩნდა, რაც უკავშირდებოდა მის შესრულების ვადას. მისი განმარტებით, ვინაიდან მისი საქმიანობა დამოკიდებული იყო ინვესტორის დაფინანსებაზე, ინვესტორმა დაფინანსება კონკრეტულ ვადას - ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის თარიღს (10.12.2018 წელს) დაუკავშირა, ხოლო სს „თე-–--ის“ მხრიდან ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო ინვესტორმა დაფინანსება შეუწყვიტა. სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაძლოა მართლაც ჰქონდა მოპასუხეს ამ ინვესტორის დაფინანსების მიმართ მოლოდინი, თუმცა ფაქტია და ამას მოპასუხეც არ უარყოფს, რომ ჯერ კიდევ 2 ნოემბრისთვის, სემეკის სხდომაზე გაკეთებული განმარტებით ირკვევა, რომ მას პროფილი (საქმიანობის სფერო) უკვე შეცვლილი ჰქონდა და არ იყო დამოკიდებული კრიპტოვალუტის გამოშვებისა და კოლოკაციის ცენტრის სერვისზე. სხდომაზე მოპასუხე აღნიშნავს, რომ ამ სფეროში აღარ საქმიანობენ და პროფილის შემქნის შემდგომ ახდენენ საავადმყოფოებისა და სხვა ობიექტების ქსელის დაცვის უზრუნველყოფას (სერვისების კოლოკაციის მომსახურება), რაც სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია. უფრო მეტიც, ამავე სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მას აქვს შესრულებისადმი ინტერესი, არ არის ვადის გაგრძელების წინააღმდეგი, მხოლოდ აქვს დარჩენილი თანხის ანაზღაურების პრობლემა, ითხოვს მის განაწილვადებას სამუშაოების დასრულების შემდგომ თვეებზე და სს „თე-–--ის“ არც ის შემოთავაზებაა მიუღებელი, რომ მ---------–-- მხრიდან შესრულება უფრო გვიან დასრულდეს, თუკი ანაზღაურების დრო გადაიწევს.
შპს „ლო---ამ“ მის მიერ 2019 წლის 15 მარტს გაგზავნილი წერილით აცნობა სს „თე-–--ს“, რომ ამ უკანასკნელთა მხრიდან აღარ სურდათ მომსახურების მიღება, რადგან დაგვიანების გამო, ინვესტორმა შეწყვიტა მათთან თანამშრომლობა, მის გარეშე კი მათი მხრიდან აზრი ეკარგებოდა გაძლიერებული ელ.ენერგიის მიღებას, აღნიშნული საფუძვლით შპს „ლო---ა“ წყვეტდა სს „თე-–--თან“ ხელშეკრულებას და უარს აცხადებდა მომსახურების მიღებაზე. ეს მაშინ როდესაც სასამართლომ დაადგინა, რომ ინვესტორთან ურთიერთობის გაწყვეტა და საქმიანობის სფეროს შეცვლა მოპასუხემ ჯერ კიდევ სემეკის სხდომაზე დაადასტურა და მანვე განმარტა, რომ აღნიშნულის მიუხედავად მათთვის საჭირო იყო გაზრდილი სიმძლავრე.
ამდენად, თუკი შპს „ლო---ას“ ხელშეკრულებისადმი ინტერესი არსებითად უკავშირდებოდა მის ვადაში შესრულებას, მას 2018 წლის 10 დეკემბრის შემდგომ უნდა მიემართა წერილით მ---------–--თვის, რომ დაფინანსების შეწყვეტის გამო (ასეთის რეალურად არსებობის შემთხვევაში, რაც ცალკე მტკიცებას საჭიროებს) დარჩენილმა შესრულებამ ინტერესი დაკარგა და სარგებლობდა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებით. ასეთ შემთხვევაში დაცული იქნებოდა სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის პირობაც (ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისთვის შეტყობინებით). შესაბამისად, 2019 წლის 13 თებერვლის შემდგომ მიმართული წერილებით სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ შპს „ლო---ას“ ინტერესი მანამდე უკვე დაკარგული ჰქონდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კომისიის სხდომის აუდიო ჩანაწერი (CD დისკი);
- შპს „ლო---ის“ 18.02.2019 წლისა და 15.03.2019 წლის წერილები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სს ,,თე-–--ი“-ს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 352-ე, 355-ე, 405-ე, 629-ე, 649-ე მუხლები.
''ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ'' სა---------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–----------ს 2008 წლის 18 სექტემბრის დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირელი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო მიუთითებს, რომ მენარდე ვალდებულია თავისი ვალდებულება შეასრულოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სტანდარტით (ჯეროვნად). იმ შემთხვევაში, თუ მენარდე არღვევს თავის ვალდებულებას, შემკვეთი უფლებამოსილია მოშალოს ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 644-ე მუხლებიდან გამომდინარე, რა შემთხვევაშიც მხარეები ვალდებული არიან მიღებული შესრულება და სარგებელი დაუბრუნონ ერთმანეთს (სსკ-ის 352-ე მუხლის პირველი ნაწილი - თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება)).
6.2. სა---------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–----------ს 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებულია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და მეორეს მხრივ, მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
აღნიშნული დადგენილების 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ განცხადების განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 26-ე და 261-ე მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომხმარებელი ვალდებულია, ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ განცხადების წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.
აღნიშნული დადგენილების 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერთების შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიანტი კისრულობს ვალდებულებას, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება და უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით (სრული ტექნოლოგიური ციკლით) ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) იღებს ვალდებულებას გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები.
ამავე მუხლის მე-7 და მე-71 ნაწილის თანახმად, (მე-7 ნაწილი) 0,4 კვ (380/220ვ) და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს განაწილების ლიცენზიატის მიერ „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) ელექტროენერგიით მომარაგების (განაცხადითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) დაწყების პერიოდს. ამასთან, აღნიშნული პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების/ ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის შესახებ განაწილების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილება/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება იწვევს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებას გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდით. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება გამოწვეულია განაწილების ლიცენზიატის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.
(მე-71 ნაწილი) განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიმართოს კომისიას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის განაწილების ლიცენზიატს ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში. განაწილების ლიცენზიატის მოთხოვნა მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის თაობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ დაცულია ამ პუნქტში მოცემული პირობები და პროცედურები.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ლო---ამ“ 2018 წლის 20 ივნისის განცხადებით სს „თე-–--ს“, როგორც განაწილების ლიცენზიატს, მოსთხოვა ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდა 1000 კვტ-მდე (ძაბვის საფეხური 6/10), რომლის საფასური დადგენილების თანახმად, განისაზღვრა 71000 ლარით. სემეკის დადგენილების საფუძველზე, შპს „ლო---ას“ მომსახურების საფასურის ნახევარი განცხადების წარდგენისთანავე უნდა გადაეხადა (რაც ჯეროვნად შეასრულა), ხოლო დარჩენილი საფასური, მხარეთა შეთანხმებისამებრ უნდა გადაეხადა გაძლიერებული ელექტროენერგიის მიწოდებიდან 10 დღის შემდეგ. თავის მხრივ სს „თე-–--ს“ სამუშაოები 90 კალენდარული დღის ვადაში უნდა განეხორციელებინა. მოპასუხის მიერ განცხადებით მიმართვის საფუძველზე მხარეებს შორის წარმოიშვა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, სადაც მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური.
განაცხადის მიღებისთანავე სს „თე-–--მა“ მოახდინა პროექტისა და ტექნიკური პირობების მომზადება, დასამტკიცებლად წარედგინა ქ. თბ--–----------–----–------ის სსიპ ქო------------------------ოს, რომლის შენიშვნების გათვალისწინებით წარადგინა ალტერნატიული სრულყოფილი პროექტი, ხოლო სააგენტოს მხრიდან მისი დამტკიცების შემდგომ, ვინაიდან ვერ მოხერხდებოდა 90 კალენდარული დღის ვადაში სამუშაოების შესრულება, სს „თე-–--მა“ ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიმართა სემეკს, რომლის 2018 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ლო---ას“ კუთვნილი ობიექტის სიმძლავრის გაზრდის უზრუნველყოფის ვადად განისაზღვრა დრო 2018 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. საგულისხმოა, რომ სს „თე-–--ის“ მიერ შედგენილ მიერთების საფასურის აღრიცხვის ფორმაში ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის სამუშაოების ფაქტიურად შესრულების თარიღად მიეთითა 2018 წლის 13 თებერვალი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დამკვეთს გასვლისთვის გათვალისწინებულ ვადაში არ გამოუყენებია კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, მენარდემ შეასრულა ვალდებულება - ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის მიზნით განახორციელა შესაბამისი სამუშაოები, რომლის ღირებულება შპს „ლო---ას“ სრულად არ აუნაზღაურებია. ამდენად, საფუძვლიანია სს „თე-–--ის“ მოთხოვნა დარჩენილი საფასურის დაკისრების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მ---------–-- მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1065 ლარი. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შპს „ლო---ას“ სს ,,თე-–--ი”-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1065 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს ,,თე-–--ი”-ს სარჩელი მოპასუხე შპს „ლო---ის“ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „ლო---ას“ მოსარჩელე სს ,,თე-–--ი”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 35500 ლარის გადახდა.
3. შპს „ლო---ას“ მოსარჩელე სს ,,თე-–--ი”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1065 ლარის გადახდა მ---------–-- მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე