განაჩენი

სისხლის სამართლის 24.12.2019
საქმის ნომერი
010100119003182578
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151 , 118
თარიღი
24.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100119003182578

საქმეN1-858/19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18.12.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი: ან---------–--ლი

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ნო-----------ძე

მამის სახელი: მა------

დაბადებული: 0-.0--1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრაციის მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი მა----–-----ი

 

ბრალდებულის ადვოკატი - ირ---–---------–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1-----------

 

1.აღწერილობითი სამოტივაციო ნაწილი

 

1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნო-----------ძეს ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, კერძოდ ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელსაც არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან; ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

1.2. ბრალდების არსი:

 

2019 წლის 20 ივნისს, საღამოს საათებში, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზედა შა---------ში, მათ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს ნო-----------ძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ია---–----ეს, კერძოდ, ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელის არეში და შეეცადა ია---–----ის დახრჩობას, ხოლო შემდგომ მარჯვენა ხელის მუშტი ძლიერად დაარტყა მარცხენა მხარეს, ნეკნების არეში, რის შედეგადაც ია---–----ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

2019 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ბათუმში, ფა--------------ს ქუჩა N---ში მდებარე რესტორან ,,ბ--------ში“ ყოფნის დროს ია---–----ეს თავის მფლობელობაში არსებულ მობილურ ნომერზე დაუკავშირდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირი-ნო-----------ძე თავის მფლობელობაში არსებულ მობილურ ნომრიდან და დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით.

ნო-----------ძის ქმედების შედეგად, ია---–----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის ივნისის თვის ჩათვლით ნო-----------ძე თავის თანაცხოვრების ბოლო ერთი წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ია---–----ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მას, კერძოდ აგინებდა და ლანძღავდა, უწოდებდა უწმაწურ სიტყვებს, ანალოგიური ქმედებები ნო-----------ძემ ია---–----ის მიმართ განახორციელა ასევე 2019 წლის 20 ივნისს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზედა შა---------ში, მათ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს. აღნიშნულმა ქმედებებმა ია---–----ის ტანჯვა გამოიწვია.

 

1.3. სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, ნო-----------ძეს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; სსკ-ის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება,მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ნო-----------ძე საქართველოს სსკ-ის 111 -118-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.1.დაზარალებულმა ია---–----ემ რომელიც არის ბრალდებულ ნო-----------ძის მეუღლე, სასამართლო სხდომაზე ჩვენება არ მისცა და გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება. (იხ.ოქმი 09.12.2019წ)

 

2.2. მოწმის სახით დაკითხვისას შა-–--------------ემ - დაზარალებულის ია---–----ის მამამ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო შვილის გადმოცემით, რომ ნო-----------ძე მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგრამ ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო არც მისი თანდასწრებით მიუყენებია როდისმე; სიტყვიერი შეურაცხყოფა მისი თანდასწრებით ერთი შემთხვევა ახსენდება; მაგრამ იცის მათი ურთიერთობის შესახებ, არ სურს რომ დაისაჯოს; საჯაროდ გამოქვეყნებულ ჩვენებას ეთანხმება იმ ნაწილში, რომ ნო-----------ძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არ ადასტურებს რომ ის ხშირად მეორდებოდა; (იხ სასამართლოს ხდომის ოქმი 13.11.2019წ);

 

2.3. მოწმე გო---–-------------ემ სასამართლოს განუცხადა, რომ ია---–----ე არის მისი შვილი და ბრალდებული სიძე, ია---–----ის გადმოცემით იცის, რომ ნო-----------ძე მას სიტყვიერ შურაცხყოფას აყენებდა; ზოგჯერ უბრაზდებოდა მისი ქმედებებიდან გამომდინარე; მისი შვილიდან შეიტყო, რომ მისთვის დაურტყამს და დაზიანებული ჰქონდა ნეკნი; (იხ ოქმი 13.11.2019წ)

 

2.4. თავის მხრივ, ბრალდებულმა ნო-----------ძემ თავი არც ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მან მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს ია---–----ეს არც ძალადობას და არც მუქარას ოჯახის წევრების მიმართ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია; არის მძიმე ავადმყოფი და თავად საჭიროებს მოვლას, ამის შესაძლებლობაც არ აქვს; ის ეპილეფსიით დაავადებულია და იღებდა მედიკამენტს დიაზეპამს, რომელიც იწვევდა მის გათიშვას და ხშირად უკავშირდებოდნენ, რომ იყო შეწუხებული ქუჩაში, ძირს ეცემოდა და ნეკნიც იმ დროს დაიზიანა; თავად საქმიანობდა და დღის განმავლობაში სახლში არ იყო, თხოვდა, რომ არ გასულიყო გარეთ, როცა ამ მედიკამენტს მიიღებდა , ან მიეღო საღამოს, თუმცა არ უჯერებდა და ეს იყო მიზეზი,რომ ხან ერთ ადგილზე ხან მეორე ადგილზე იყო დაცემული და, როცა შეატყობინებდნენ მიდიოდა და მიყავდა სახლში; სიტყვიერი შეურაცხყოფა , ანუ გინებას მისი მხრიდან ჰქონია ადგილი ზოგჯერ, არ უარყოფს, რომ არ უჯერებდა, უბრაზდებოდა, მაგრამ თავად იყო მისი მომვლელი და პატრონობდა , მას ფიზიკურ შეუარცხყოფას არც მიაყენებდა, ის არის ავადმყოფი; თან იმ დღეს ისინი ერთად იყვნენ ბათუმში, რაც უდასტურდება ბანკომატიდან თანხის გამოტანის ქვითრით, რომელიც შენახული ჰქონდა და ფიზიკურადაც ვერ იქნებოდა იქ რა ადგილიც არის მითითებული საქმის მასალებში; (იხ ოქმი 18.12.2019წ);

 

2.5. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N 0--------, 11/09/2019 დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით ია---–----ეს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა. გამომძიებლის მიერ წარმოდგენილი რენტგენოგრამა (გადაღებულია 06/08/2019) შესწავლილი იქნა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მოწვეული ექიმ სპეციალისტის თსსუ რადიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ირ---–--------–--ლის მიერ, რომლის მიხედვით: წარმოდგენილ რენტგენოგრამაზე აღინიშნება მეექვსე ნეკნის მოტეხილობა იღლიის წინა ხაზზე არასრული კონსოლიდაციის ფაზაში, რენტგენოგრამაზე ასახული ცვლილებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება მომართვაში მითითებულ დაზიანების მიღების თარიღს 20.06.19წ, დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.(იხ დასკვნა) ;

 

2.6. საქმის განხილვისას ექსპერტმა მა----------------–მა განაცხადა, რომ მოწვეული სპეციალისტის ირ---–--------–--ლის მიერ შესწავლილი იქნა რენტგენოგრამა, რომელიც გადაღებულია 2019 წლის 06 აგვისტოს; სურათის შესწავლით და დათვალიერებით შეინიშნებოდა მეექვსე ნეკნის მოტეხილობა; ის ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დაზარალებულის მიერ განმარტებაში მითითებულ დროს, ანუ შესაძლებელია, რომ მას ეს დაზიანება მიეღო 2019 წლის 20 ივნისს; დაზიანება გამოწვეულია მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით; ( იხ ოქმი 18.12.2019წ) ;

 

2.7. დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები სრული მოცულობით უდავოდ ცნო;

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები:

 

2.8. საქმეში არსებული გამოძიები დაწყების აღრიცხვის ბარათით და შეტყობინებით დადგენილია, რომ 2019 წლის 28 ივლისს ია----–----ემ შეატყობინა 112-ს სამსახურს, რომ მეუღლე ემუქრება და აწუხებს, ასევე სამსახურიდან გასვლის შემდეგ უთვალთვალებს მას( იხ ს.ფ. 2) ;

 

2.9.ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ნო-----------ძე დაკავებულია 2019 წლის 29 ივლისს დაკავების ზუსტი დრო: 0-:22სთ; დაკავების ადგილი: ქ. ბათუმში, მა----------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა: დაკავებულს ვიზუალური დათვალიერებით სხეულზე რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნება; (იხ დაკავების ოქმი, ს .ფ.14-18);

 

2.10. ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების გამომძიებლების მიერ შედგენილი შემაკავებელი ორდერით (N0-----, 29.0--2019 წელი) დადგენილია, რომ 2019 წლის 28 ივლისს ია---–----ეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი ნო-----------ძე. (იხ ს.ფ.9-12);

 

2.11. მოწმეების ჯო---–--–----ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ის ავთანდილ ზაქარიაძესთან ერთად ისინი შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა რესტორან „ბ--------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნახეს ია---–----ე, ის იყო აღელვებული, მათ უთხრა, რომ მეუღლე დაემუქრა და ის წარსულშიც აყენებდა ხშირად შეურაცხყოფას, ამის შემდეგ გავიდნენ ია---–----ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ , ბათუმში მაიაკოვსკის ქ #2-თან და იქ შენიშნეს ნო-----------ძე და ის დააკავეს; დაკავებისას ის გამოხატავდა აგრესიას, არც დაკავების ოქმს მოაწერა ხელი; (იხ გამოკითხვის ოქმი ს.ფ.20-21);

 

2.12. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით # 0-------- დადგენილია, რომ მეუღლის ნო-----------ძის ქმედებებიდან გამომდინარე ია---–----ე განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს, დამცირებას, რომელმაც გამოიწვია მისი ტანჯვა; მან მიიღო ფსიქოლოგიური ტრამვა (იხ დასკვნა 25.10.2019წ) ;

 

2.13. ზემოთაღნიშნული წარმოადგენს იმ მტკიცებულებების ბაზას, რომელთა შეფასების შედეგად უნდა მიიღოს სასამართლომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

2.14 საქმის განხილვით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ნო-----------ძის მხრიდან ძალადობისა და მუქარის ჩადენის ფაქტს და რაც შესაძლებელს გახდიდა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას;

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.2. საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით კრიმინალიზირებულია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც მისი ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია;

სუბიექტური მხარე გამოიხატება განზრახი ბრალით; ობიექტური მხარე დანაშაულისა გამოიხატება სუბიექტის განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებით ; ობიექტური მხარე მოიცავს ქმედებას, შედეგს და მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;

 

3.3. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით კრიმინალიზირებულია ოჯახში ძალადობა, რაც იწვევს ფიზიკურ ტკივილს და ასევე 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ოჯახში ძალადობის კვალიფიკაციისათვის ისევე როგორც მუქარისათვის მნიშვნელოვანია დაზარალებულის განცდა, როგორც სულიერი ისე ფიზიკური; აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დანაშაულების კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას (ამასთან დაკავშირებით იხ.: უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება N251აპ-18 საქმეზე; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება N276აპ-17 საქმეზე).

 

3.4. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ედავება ნო-----------ძეს ოჯახის წევრის მიმართ (მეუღლე) განხორციელებული ძალადობისა და მუქარისათვის, ასევე ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ისინი ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად.

 

3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ რომელიმე კატეგორიის საქმეზე (მაგ.: ოჯახში ძალადობაზე ან თუ დაზარალებული არასრულწლოვანია) გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.

 

მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

3.6. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.

 

3.7. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.8. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ნო-----------ძემ განმარტა, რომ თავს არ სცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, მას არც ძალადობა და არც მუქარა არ განუხორციელებია მისი ოჯახის წევრების მიმართ, სიტყვიერი შეურაცხყოფის სახით სახით შელაპარაკებას არ უარყოფს, რომ ჰქონდა ადგილი; ასევე ის უარყოფს რაიმე სახით ია---–----ეზე ფიზიკური შეურაცხყოფის ჩადენას, მასზე დაზიანების მიყენებას, ის ყველა შემთხვევაში მისთვის ცნობილი იქნებოდა და იმ დროს, როცა მითითებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი შა---------ი, იმ დღეს არც საღამოს და არც დღისით, - არც ია---–----ე და არც თვითონ არ იმყოფებოდა სოფელში, ისინი იმ დღეს იყვნენ ერთად ბათუში, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ საღამოს მათ მიერ ბათუმში სანაპიროზე მოხსნილი იქნა ბანკომატიდან თანხა მისი კუთვნილი ანგარიშიდან; აქედან გამომდინარეც მცდარია მითითება, რომ იმ დღეს სოფელ შა---------ში მან მიაყენა შეურაცხყოფა ია---–----ეს, რის შედეგადაც მას გაუტყდა ნეკნი; ამასთან ბრალდებულის განმარტებით, როგორც დადგენილებით პირის ბრალდებითაა მითითებული და მას ბრალად აქვს წარდგენილი, რომ თითქოს 2019 წლის 20 ივნისს იძალადა მასზე, როცა ის რამდენიმე დღეში - როგორც ახსოვს - ორი დღის შემდეგ, შეწუხდა და მოხვდა საავადმყოფოში, იქ მიაკითხა, ბუნებრივია თუკი მას ეს დაზიანება ექნებოდა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გამოვლენა მოხდებოდა; საავადმყოფოში აუცილებლად იქნება ჩანაწერების მისი ვიზიტის ამსახველი და თუ რა სახის მომსახურება გაეწია; აღნიშნულის გათვალისწინებითაც არასწორია ბრალდება მის მიმართ ამ ნაწილში და ია---–----ე თავიდანვე ტყუილს ამბობდა; (იხ სხდომის ოქმი, განმარტება, დასკვნითი სიტყვა 18.12.2019წ)

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სადაც დასკვნის სახით მითითებულია, რომ ია---–----ე ნო-----------ძის ქმედებებიდან გამომდინარე განიცდიდა ტანჯვას;

 

3.9. სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარის სადავო მტკიცებულებებიდან ; დაზარალებულმა ია---–----ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

3.10. სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი ყველა სადავო და უდავო მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ნო-----------ძის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში უკვე არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. დაზარალებულმა ია---–----ემ მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა, ასევე არ დაადასტურა მის მიმართ განხორციელებული მუქარა, ასევე არ დაადასტურა სისტემატიური შეურაცხყოფის მიყენება; (გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ). გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მოწმეები კი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები (თვითმხილველები) და მათ მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდება პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები. უდავოდ ცნობილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ეყრდნობა ია---–----ის განმარტებას, რომელმაც სასამართლოს უკვე არ მიაწოდა რაიმე სახით ინფორმაცია და ასევე დასკვნა ეყრდნობა მოწმეების შა-–--------------ის და გო---–-------------ის ჩვენებებს, რომლებისთვისაც გადმოცემითაა ცნობილი ნო-----------ძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები, მათ ამის შესახებ უყვებოდა მათი შვილი ია---–----ე; (იხ დასკვნა) შესაბამისად დასკვნა არ წარმოდგენს საკმარისს პირდაპირ მტკიცებულებას ამ მოცემულობის ფონზე;

 

საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის № 1\1\548 გადაწყვეტილება, სადაც განიმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული მოწმეების ჩვენებები ვერ აკმაყოფილებენ ირიბი მტკიცებულების სტანდარტსაც კი ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. კანონში არსებული მითითება ინფორმაციის წყაროს და პირის იდენტიფიცირების არსებობის შესახებ არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფორმალური ხასიათის ჩანაწერი, რადგან აუცილებელია, რომ სწორედ ინფორმაციის მატარებელმა პირმა დაადასტუროს, რომ ნამდვილად მის მიერ გაცემულ ინფორმაციას უთითებენ თავიანთ ჩვენებებში ირიბი მოწმეები. ამ შემთხვევაში კი, დაზარალებულმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად, საერთოდ შეუძლებელია იმ პირის ვინაობის დადგენა, თუ ვის მიერ გაცემულ ინფორმაციას ყვებიან გამოძიებაში მოწმეები (სავარაუდოდ ეს პირი შესაძლოა იყოს დაზარალებული). რაც შეეხება ასევე უდავოდ მიჩნეულ სხვა მტკიცებულებებს, როგორც ზემოთ აღნიშნა, არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ნო-----------ძის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს.

 

3.11. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და ექსპერტის ჩვენებას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ექსპერტის დასკვნაში მითითებულ ჩანაწერს , სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დასკვნით დადგენილია: ია---–----ეს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა. გამომძიებლის მიერ წარმოდგენილი რენტგენოგრამა (გადაღებულია 06/08/2019) შესწავლილი იქნა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მოწვეული ექიმ სპეციალისტის თსსუ რადიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ირ---–--------–--ლის მიერ, რომლის მიხედვით: წარმოდგენილ რენტგენოგრამაზე აღინიშნება მეექვსე ნეკნის მოტეხილობა იღლიის წინა ხაზზე არასრული კონსოლიდაციის ფაზაში, რენტგენოგრამაზე ასახული ცვლილებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება მომართვაში მითითებულ დაზიანების მიღების თარიღს 20.06.19წ, დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით;

 

დასკვნაში მითითებული თარიღი - 2019 წლის 20 ივნისი ასახულია დაზარალებულის ია---–----ის განმარტებით, კერძოდ აღნიშნულია, რომ შესამოწმებელი პირის გადმოცემით 2019 წლის 20 ივნისს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ შა---------ში ნო-----------ძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა , სწვდა კისერში ხელებით და ძლიერ მოუჭირა, რის შემდეგ ხელი დაარტყა გულმკერდის არეში;

 

ია---–----ე მას შემდეგ, რაც ატყობინებს პოლიციის განყოფილებას ნო-----------ძის მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული მუქარის შესახებ, გადის სამედიცინო შემოწმებას, - 2019 წლის 06 აგვისტოს დაახლოებით ერთთვენახევრის შემდეგ; ეს თარიღი ერთადერთი მტკიცებულებაა დაზარალებულის გადმოცემით, რომლესაც ის უკვე უარყოფს, იქედან გამომდინარე, რომ სასამართლოს არ მისცა ჩვენება; თავად ექსპერტი - მა----------------–ი სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენებს, რომ დაზიანება შესაძლებელია იყოს განვითარებული ამ დროს დაზიანების შესწავლით, თუმცა მოცემულით სასამართლო არ გამორიცხავს სხვა დროსაც; ანუ სავარაუდოა, რომ დაზიანება იყო იმ თარიღით მომხდარი, რაც თავდაპირველად აჩვენა ია---–----ემ; შესაბამისად ვარაუდი, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ მტკიცდება დადგენილი სტანდარტით, პირის მსჯავრდეა დაუშვებელია;

 

3.12. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეთა: ჯო---–--–----ის, გო---–-------------ის, შა-–--------------ის, (უდავო) , ირიბი ჩვენების საფუძველზე, ექსპერტის მიერ დადგენილი დაზიანების მიყენების სავარაუდო თარიღზე (ისიც შესამოწმებელი პირის გადმოცემით) დაყრდნობით დაადგინოს ის ფაქტი, რომ ია---–----ის მიმართ ნო-----------ძემ განახორციელა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც არ არის სახიფათო სიცოცხლისთვის და არ გამოუწვევია სსსკ-ის 117-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი, ასევე ნო-----------ძემ ია---–----ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტი და ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა.

 

3.13. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

3.14. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სრულად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის პრევენცია, ქმედითად დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და დასაჯოს მოძალადეები, ანუ სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, თუმცა, მიუხედავად ამ საქმეთა უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის ვერ გაამართლებს ბრალდებულის მსჯავრდებას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე – სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას. მხოლოდ იმის გამო, რომ პირს ბრალად ედება სენსიტიური დანაშაულის ჩადენა, მისთვის სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. Mutatis mutandis, აღნიშნული თავად ევროპულმა სასამართლომ განაცხადა საქმეში მატოჩა იტალიის წინააღმდეგ (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება). კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირსაც, რომელსაც ბრალად ედება ფსიქიკური პრობლემების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობა, უნარჩუნდება სამართლიანი სასამართლო განხილვის გარანტიები, რომელთა უგულებელყოფასაც მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები არ ამართლებს (პუნქტი 71). სასამართლომ მსგავსი მიდგომა რომ აირჩიოს, ის დაარღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რომლის განუყოფელ ნაწილსაც შეადგენს პირის უფლება დასაბუთებულ მსჯავრდებაზე (ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი no. 19997/0-, 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტები 28-35). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ეროვნული სასამართლოები სათანადოდ ვერ ასაბუთებენ პირის მსჯავრდებას, პირი ვერ სარგებლობს სამართლიანი სამართალწარმოებით, რაც არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს (ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ (Tchankotadze v. Georgia, განაცხადი no. 15256/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტები 108-109).

 

3.15. ამდენად, პირდაპირი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ნო-----------ძის მიერ ია---–----ის მიმართ ძალადობის ფაქტს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და განხორციელებული მუქარის ფაქტს, რამაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ნო-----------ძე უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111-118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-ე, 276-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ნო-----------ძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ბრალდებული ნო-----------ძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ბრალდებული ნო-----------ძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

გამართლებულს ნო-----------ძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

ნო-----------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე