გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2019
საქმის ნომერი
330210018002697778
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/31468-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე შპს „ე-----------------------“

წარმომადგენელი და------–-------- ალ--------------------

მოპასუხე შპს „B-------------“

წარმომადგენელი აპ---–----------–--

დავის საგანი ხელშეკრულებიდან გასვლის გამო

გადახდილი თანხის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „B-------------“-სათვის მოსარჩელე შპს „ე-----------------------ს“ სასარგებლოდ 58 801.5 ლარის გადახდის დაკისრება. 2016 წლის 29 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალება A-------- სახელმწიფო ნომრით B-------, ვინ კოდი: Z----------------. ნასყიდობის საგანი მოსარჩელეს გადაეცა მფლობელობაში 2016 წლის 05 იანვარს. სატრანსპორტო საშუალების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია მოხდებოდა ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. ხელშეკრულების მე-3 მუხლის მიხედვით, ქონების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 32 000 აშშ დოლარს, რომლის გადახდა მყიდველს შპს „ე-----------------------ს“ უნდა განეხორციელებინა ყოველთვიურად, 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში, გადახდის დღეს სებ-ის ოფიციალური გადაცვლითი კურსის მიხედვით. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის 2.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, გამყიდველი ვალდებული იყო გადმოეცა მყიდველისათვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი, რაც უხეშად დაირღვა მის მიერ, კერძოდ, როგორც მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის წარდგენილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ნ---------------- 2017 წლის 18 თებერვლის ცნობიდან დგინდება, მოსარჩელის მიერ შეძენილი ხელშეკრულების საგანი დატვირთულია გირავნობის უფლებით, მოპასუხესა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ნ--------------ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით მოპასუხის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის 22 მარტის მდგომარეობით უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადაურიცხა ნასყიდობის საფასურიდან 21 909.82 აშშ დოლარი. მოსარჩელე მზად იყო გადაეხადა გამყიდველის მიერ შპს „ნ----------------“ წინაშე გადასახდელი დავალიანება, რომლის გადახდასაც გამყიდველი მოპასუხე კომპანია არ ახორციელებდა, რათა აღნიშნულის შედეგად ნასყიდობის საგანზე რეგისტრირებული გირავნობის უფლება შეწყვეტილიყო. შესაბამისად, 2017 წლის 22 მარტს მოპასუხისათვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით მოსარჩელემ მას შესთავაზა, მოეხდინა ნასყიდობის საგნის მყიდველის - შპს „ე-----------------------ს“ საკუთრებაში გადაცემა, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია, რათა მოსარჩელეს განეხორციელებინა მოგირავნის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ნ----------------“ წინაშე არსებული დავალიანების 11 036.37 აშშ დოლარის დაფარვა და ნასყიდობის საგანზე რეგისტრირებული გირავნობის შეწყვეტა. თუმცა აღნიშნულ წერილობით მიმართვას მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. 2018 წლის 15 სექტემბერს მოგირავნე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ნ----------------“ მოთხოვნის საფუძველზე, გამყიდველის მიერ მოგირავნის მიმართ არსებული დავალიანების გამო განხორციელდა მოსარჩელისათვის ნასყიდობის საგნის ჩამორთმევა და ნასყიდობის საგნის გადაყვანა კ-------ს პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე. შედეგად, შპს „B-------------“ ამჟამად, აღარ არის მხარეებს შორის 2016 წლის 29 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი და შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას საკუთრებაში გადასცეს მოსარჩელეს აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებრივად უნაკლო ნასყიდობის საგანი. 2018 წლის 17 სექტემბერს მოსარჩელე შპს „ე-----------------------მ“ მოპასუხეს გაუგზავნა შეტყობინება, რომლითაც მოახდინა ხელშეკრულებიდან გასვლა და გადახდილი თანხის დაბრუნება. ამ წერილობით მიმართვას მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. სარჩელის შეტანის დროისათვის ნასყიდობის ფასის 21 909.82 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში შეადგენს 58 801.5 ლარს.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს „B-------------“-ს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. (ს.ფ. 75-80). მოსარჩელეს ნასყიდობის საგანი მფლობელობაში გადაეცა 2016 წლის 01 ნოემბერს. მოსარჩელის დირექტორმა გ------------მ ხელშეკრულების დადებისთანავე იცოდა, რომ ნასყიდობის საგანი გირავნობის უფლებით იყო დატვირთული. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლებრივ ნაკლთან დაკავშირებით შედავება ვერ იქნება. 2017 წლის 22 მარტის თარიღით შედგენილი წერილი, მოპასუხეს არ მიუღია მოსარჩელისაგან. თავად მოსარჩელის მიერ ირღვეოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება. 2018 წლის 15 სექტემბრის შემდეგ, დღემდე პოლიციაში ავტომანქანა მოსარჩელის დაუდევრობის გამო. მოსარჩელე შპს ნ--------------ს დაპირდა, თავად გადაიხდიდა მოპასუხის ვალს, თუმცა არ შეასრულა ეს დაპირება. მოსარჩელეს ავტომანაქანა მფლობელობაში ჰყავდა 665 დღე, სულ მცირე დღეში სატრანსპორტო საშუალების გაქირავების შედეგად, მოსარჩელე მიიღებდა დღეში 250 ლარს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 29 ოქტომბერს შპს „B-------------“-სა და შპს „ე-----------------------ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანია სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალება A--------, სახელმწიფო ნომრით B------vin კოდი: Z----------------.

 

ნასყიდობის ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.3. პუნქტის მიხედვით. ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაფორმება მოხდება ღირებულების სრულად დაფარვის შემთხვევაში.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება (ს.ფ. 6, 76).

ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-20).

 

3.1.2. ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის 2.1.1. ქვეპუნქტის მიხედვით, გამყიდველი ვალდებულია ქონება გადასცეს მყიდველს, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 6).

ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-20).

 

3.1.3. ნასყიდობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის მიხედვით, ქონების ფასი შეადგენს 32 000 აშშ დოლარს სებ-ის კურსით. მყიდველი უხდის გამყიდველს 3000 აშშ დოლარს ყოველი თვის 10 რიცხვში ეროვნული კურსით ეკვივალენტი ლარში. ქონების საფასურის გადახდა ხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 6).

ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 19).

 

3.1.4. მყიდველს შპს „ე-----------------------ს“ ნასყიდობის საფასურიდან 2017 წლის 22 მარტის მდგომარეობით გადახდილი აქვს 21 909.82 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 6).

საგადახდო დავალებები (ს.ფ. 27-28).

ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები (ს.ფ. 22, 30).

ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 26).

 

3.1.5. მყიდველს შპს „ე-----------------------ს“ მფლობელობაში გადაეცა ნასყიდობის საგანი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება (ს.ფ. 6, 76).

2016 წლის 05 დეკემბრის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 46).

საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს.ფ. 47).

 

3.1.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 25 სექტემბრის ცნობის თანახმად, შპს „ბ------------------ სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე, ASTRA C 84.4-, სახელმწიფო ნომრით B------ vin კოდი: Z----------------- 2015 წლის 19 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია გირავნობა N101594610 შედგენილი 16.10.2015 წელს. დამგირავებელი - შპს „B-------------”, მოგირავნე - შპს „ნ---------------“.

 

11.05.2017 წლიდან რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვა კერძო აღმასრულებელ ნ-------–--–-–---–ის NA--------------- დოკუმენტით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მომსახურების სააგენტოს ცნობა (ს.ფ. 48-49).

 

3.1.7. კერძო აღმასრულებლის ნ-------–--–-–---–ის 2018 წლის 02 მაისის წერილის თანახმად, მის წარმოებაშია სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს 08.05. 2017 წელს გაცემული 014195 გირავნობის მოწმობა, სადაც მოგირავნეა შპს „ნ---------------“, ხოლო მოვალეა შპს „ბ-----------------, გირავნობის საგანია ავტოსატრანსპორტო საშუალება ASTRA C 84.4-, ტიპი სპეციალური, წელი 2003, ფერი თეთრი, სახ. ნომერი B------.

 

აღნიშნული გირავნობის მოწმობა მიღებულ იქნა აღმასრულებლის წარმოებაში 2017 წლის 11 მაისს და მიმდინარეობს წარმოება, შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალება დასმულია ძებნა-დაკავებაზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

კერძო აღმასრულებლის წერილი(ს.ფ. 83).

 

3.1.8. 2018 წლის 15 სექტემბერს შპს „ე-----------------------ს“ ჩამოერთვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მის მფლობელობაში გადაცემული ავტომანქანა და გადაყვანილ იქნა კ-------ს პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 7).

2018 წლის 15 სექტემბრის რეაგირების ოქმი (ს.ფ. 32).

 

3.1.9. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 18 თებერვლის ცნობის თანახმად, ნასყიდობის საგანი - ავტომანქანა ივეკო ასტრა ბეტონმზიდი 2018 წლის 21 დეკემბრიდან, გირავნობის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში, რეგისტრირებულია ნ----------–--ს სახელზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მომსახურების სააგენტოს ცნობა (ს.ფ. 113-114).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 477-ე, 186-ე, 188-ე, 487-ე, 489-ე, 490-ე, 491-ე, 352-ე, 405-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადებისთანავე მხარეები ვალდებულები არიან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით - ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

 

ამავდროულად ისინი იმყოფებიან სახელშეკრულებო შებოჭვის მდგომარეობაში, თუმცა ეს შებოჭვა არ არის აბსოლუტური ძალის და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს ცალმხრივად თქვას უარი ხელშეკრულებაზე. ასეთი უფლების გამოყენების საფუძველი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მათ შორის ხელშეკრულების პირობის დარღვევა - ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობა.

 

მიუხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით ხდება ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა, მოქმედებს ერთიანი პრინციპი, რომლის მიხედვითაც მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში დაიშვება სახელშეკრულებო შებოჭვის პრინციპისადმი გადახვევა და ხელშეკრულებაზე ცალმხრივად უარის თქმა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ პირობებად უნდა ჩაითვალოს ხელშეკრულების საგანი, ნასყიდობის ფასი და მისი გადახდის პირობა, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ.

 

განსახილველ შემთხვევაში, შპს „ე-----------------------სა“ და შპს B--------------ს შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია წერილობით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, გამყიდველმა იკისრა ვალდებულება მყიდველისათვის საკუთრებაში გადაეცა ნასყიდობის საგანი, ხოლო მყიდველმა შპს „ე-----------------------მ“ იკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ნაწილ-ნაწილ ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემისათვის აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: ნამდვილი უფლება და ნივთის ფაქტობრივი გადაცემა. ფორმალურად, განსახილველ შემთხვევაში ორივე წინაპირობა არსებობს – მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და მოსარჩელემ ავტომანქანა, მფლობელობაში გადასცა მოპასუხეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ნივთის მხოლოდ ფაქტობრივი გადაცემა არ არის საკმარისი მასზე საკუთრების წარმოშობისათვის. სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნივთის გადაცემად ითვლება შენძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში. ამასთან, ნივთის ფაქტობრივი გადაცემა მიზნად უნდა ისახავდეს საკუთრებაში ამ ნივთის გადაცემას.

 

წინამდებარე საქმეზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ავტომანქანაზე საკუთრება წარმოეშობოდა მას შემდეგ, რაც იგი სრულად გადაიხდიდა ავტომანქანის ღირებულებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, შემძენისათვის გადაცემული ნივთი, მისი საფასურის სრულად გადახდამდე, გამსხვისებლის საკუთრებაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, შპს B-------------მ შპს „ე-----------------------ს“ საკუთრების უფლების გადასვლის პირობად დაუთქვა ავტომანქანის ღირებულების სრულად გადახდა. ამ პირობაზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.3. პუნქტით. წინამდებარე საქმეზე დადგენილია, რომ მყიდველს ნასყიდობის საფასური სრულად არა აქვს გადახდილი. შესაბამისად, მას საკუთრების უფლება ავტომანქანაზე არ წარმოშობია.

 

სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლი ითვალისწინებს გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 489-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უფლებრივი ნაკლი სახეზეა, როდესაც მესამე პირს რეალური ფაქტობრივად არსებული უფლება გააჩნია ნივთთან მიმართებით. მესამე პირებს, შესაძლებელია, ნივთთან დაკავშირებით ჰქონდეთ განსხვავებული შინაარსის მოთხოვნის წაყენების უფლება. ასეთი შეიძლება იყოს როგორც სანივთო, ასევე ვალდებულებით-სამართლებრივი თუ კანონის საფუძველზე წარმოშობილი სხვა უფლებები. მესამე პირებს ნივთთან დაკავშირებით შესაძლოა ჰქონდეთ უფლებები, როგორიცაა გირავნობა, იპოთეკა, სერვიტუტი.

 

მესამე პირის უფლება ნივთთან მიმართებით უნდა ჩაითვალოს უფლებრივ ნაკლად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის კანონმდებლობით შესაბამისი წესით რეგისტრაციას არ ექვემდებარება და მიჰყვება ნივთს განკარგვის შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსხვავებული სამართლებრივი შედეგი უნდა დადგეს იმის გათვალისწინებით, იცოდა შემძენმა აღნიშნული უფლების მქონე პირთა არსებობის შესახებ თუ არა. მყიდველის მიერ ასეთი უფლების არსებობის შესახებ ცოდნის შემთხვევაში, ცხადია, მყიდველს გამყიდველისადმი შედავების უფლება არ ექნება ნივთის ნაკლის გამო, ვინაიდან მან სწორედ ამ უფლების არსებობის გათვალისწინებით შეიძინა ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლით განმტკიცებულია მყიდველის უფლება, ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა, თუმცა, ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ამ უფლების რეალიზაციისათვის კანონითვეა დადგენილი მისი გამოყენების წინაპირობები, ნორმის თანახმად, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს – დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი.

 

ამ ქმედების განხორციელებით ხელშეკრულების მონაწილეთა შორის წარმოიშვა ახალი ვალდებულება: მიღებული შესრულებისა და სარგებლის ერთმანეთისათვის დაბრუნების შესახებ ე.წ. რესტიტუციის მოთხოვნის უფლება.

სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალიზით ირკვევა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების თანმდევი შედეგის - მხარეთა ორმხრივი რესტიტუციისათვის, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს ა) მოპასუხის მიერ ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევისა და ბ) ვალდებულების შესრულების თაობაზე კრედიტორს (მოსარჩელის) მიერ მოვალის გაფრთხილების ან მისთვის დამატებითი ვადის დაწესების ფაქტი (სკ 405.1 მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლი განსაზღვრავს რა ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივ შედეგს, მისი გამოყენება დაიშვება მხოლოდ ამავე კოდექსის 405-ე მუხლთან ერთობლიობაში, რომელიც ხელშეკრულებიდან გასვლის წესისა და სავალდებულო პირობების მარეგულირებელ დანაწესს წარმოადგენს.

 

სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს „გამოუსწორებელი ნაკლი ან მყიდველს უნდა ჰქონდეს ნაკლის გამოსწორების ნაცვლად ხელშეკრულებიდან გასვლის დასაბუთებული ინტერესი.“ აღნიშნული მსჯელობა იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ მყიდველმა, როგორც წესი, უპირველესად ნაკლის გამოსწორების მოთხოვნა უნდა დააყენოს 490-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, დამატებითი შესრულების მოთხოვნის აუცილებლობის შეფასებისას გასათვალისწინებელია 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი შესრულების მოთხოვნის გამომრიცხავ საფუძვლებს. ამ საფუძველთა არსებობისას მყიდველი უფლებამოსილია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე დამატებითი შესრულების მოთხოვნის წინაპირობის დაცვის გარეშე. კერძოდ, (ა) თუ აშკარაა, რომ ვადის განსაზღვრას შედეგი არ ექნება. კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების მიზნის მიღწევა აშკარაა, რომ ვერ მოხდება. ასეთი შესაძლებელია გამოირიცხოს როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზებისა გამო, მათ შორის მოვალის ბრალისაგან დამოუკიდებლად. თუ ვალდებულების შესრულება შეუძლებელია, დამატებითი შესრულების მოთხოვნა მხოლოდ ფორმალური იქნებოდა, ვინაიდან აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ მოჰყვება.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნასყიდობის საგანზე, 2016 წლის 29 ოქტომბრამდე, ხელშეკრულების გაფორმებამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებული იყო გირავნობის ხელშეკრულება N1--------- მოგირავნე შპს „ნ---------------“.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც მყიდველს ნასყიდობის საგანი- სპეცავტომანქანა ბეტონ მზიდი ამრევით სჭირდებოდა სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად, ამასთან გირავნობა რეგისტრირებული იყო შინაგან საქმეთა მომსახურების სააგენტოში, მყიდველის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ არ იცოდა ნასყიდობის საგანზე გირავნობის უფლების არსებობის თაობაზე უსაფუძვლოა და სასამართლო არ იზიარებს. სასამართლოს მოსაზრებით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მყიდველისათვის ნასყიდობის საგანზე მფლობელობის უფლების ჩამორთმევა და სამართლებრივი შეზღუდვის არსებობა, რაც გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოგირავნის უფლების რეალიზაციის მიზნით განხორციელდა, ასევე გამყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის მესამე პირისათვის საკუთრებაში გადაცემა, განიხილება უფლებრივ ნაკლად, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების მიზნიდან გამომდინარე, მყიდველისათვის არასასურველ შედეგს წარმოადგენს.

 

ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, იმის თაობაზე, რომ მყიდველს ჩამოერთვა ნასყიდობის საგანზე მფლობელობის უფლება, მოგირავნის (შპს „ნ----------------“) სასარგებლოდ შპს B--------------ს მიმართ, გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მოპასუხის მიერ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, ნასყიდობის საგანი გირავნობის უფლებისაგან გათავისუფლების მიუხედავად მყიდველს მფლობელობაში არ დაბრუნებია და უფრო მეტიც მესამე პირის საკუთრებაშია, სასამართლოს მოსაზრებით, წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი შესრულების მოთხოვნის გამომრიცხავ საფუძველს, რადგან ასეთ ვითარებაში ხელშეკრულების მიზნის მიღწევა - ნასყიდობის საგნის მყიდველის საკუთრებაში გადაცემა შეუძლებელია.

 

ამდენად, წინამდებარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მყიდველის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო, გამყიდველს წარმოეშვა მყიდველისათვის გადახდილი თანხის დაბრუნების ვალდებულება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელეს წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 1765 ლარი (ს.ფ. 50).

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულება. ასევე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 50 ლარის გადახდა. (ს.ფ. 63).

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში. (ს.ფ. 64-67).

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე, 53-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ე-----------------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „B-------------“-ს მოსარჩელე შპს „ე-----------------------“ სასარგებლოდ 21 909.82 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში 58 801.5 ლარის გადახდა.

 

2. დაეკისროს მოპასუხე შპს „B-------------“-ს მოსარჩელე შპს „ე-----------------------“ სასარგებლოდ 1764.04 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია