გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
150210019003139282
N 2/189-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე _ არარატ ესოიან
სხდომის მდივანი _ არმენ ქოსიან
მოსარჩელე: ი/მ ა------- კ----------- (პ/ნ 0----------),წარმომადგენელი - ე---------- ა--–---,მოპასუხე: ა(ა)იპ ს-----–--------------–------------------------------------------ (ს/ნ 4--------),წარმომადგენლები - ე-–-------------–---, მ----------–-–---–-,დავის საგანი: სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენა და ურთიერთობის გაგრძელება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ა(ა)იპ ს-----–---------------------------------------------------ს პროექტების/პროგრამის მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის სხდომის 2019 წლის 21 იანვრის N1 ოქმის გაუქმება ა------- კ-----------ის ნაწილში, სესხის ხელშეკრულების N3-------------- აღდგენა და ურთიერთობის გაგრძელება.
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ 2016 წლის 13 დეკემბერს მას და ა(ა)იპ ს-----–---------------------------------------------------ს (ს/კ 4--------) შორის გაფორმდა მიზნობრივი თანადაფინანსების შეთანხმება, სააგენტოს ბანკსა და მსესხებელს შორის. მიზნობრივი თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების თანახმად სს „თ----- ბანკიდან“ მასზე სესხის სახით გაიცა 270000 ლარის ოდენობით და სესხის ვადად განისაზღვრა 60 თვე, საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 13% და მათ მიერ მასზე გაცემული სესხის თანხით უნდა შეეძინა (სესხის მიზნობრიობა მდგომარეობდა) ძირითადი საშუალების - 110 ერთეული მაღალკალორიული ავსტრიული ჯიშის მაკე უშობელი ფურების შესყიდვა.
2016 წლის 13 დეკემბერზე სს „თ----- ბანკის“ მიერ მასზე სესხის სახით გაცემული თანხა 270000 ლარი დატოვებული იქნა ანგარიშზე, ავსტრიული ჯიშის მსხვილფეხა საქონელი მოძიებამდე, თუმცა მისი მხრიდან ხდებოდა ნაკისრი ვალდებულების შესრულება და სესხის სახით მიღებულ თანხაზე იხდიდა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხებს, რაც დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით.
2019 წლის 21 იანვარს მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის ოქმი N1 -ით სააგენტომ შეწყვიტა მათ შორის არსებული ურთიერთობა, რომელიც ეცნობა მოგვიანებით და აღნიშნულიდან გამომდინარე მიმართა განცხადებით რათა მოეხდინათ საკითხის ხელახლა განხილვა რაზეც მათი მხრიდან ეთქვა უარი.
2019 წლის 21 იანვარს სააგენტოს პროგრამების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის მიერ არ მომხდარა იმის გათვალისწინება და დადგენა, რომ მის მიერ შემოყვანილი მსხვილფეხა საქონლის გამოსაკვებად ერთ სულ საქონლისათვის დღიურ ნორმას წარმოადგენს 13 კგ. ((შვრია, იონჯა, ჩალა), 25 კგ. სილოსი. 05 კგ დაფქული (ქერი, ხორბალი და სიმინდი) ასევე ერთ სულ საქონლისათვის საჭიროა მიკრო და მაკრო ელემენტებით გაჯერებული ვიტამინები და სხვა, რისთვისაც მის მიერ შეძენილ იქნა ფიზიკური პირებისაგან მსხვილფეხა საქონლისათვის თივა, სენაჟი და ასევე ანაზღაურებული იქნა ვეტ.ექიმზე მისი მომსახურება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს, მოპასუხესა და სესხის გამცემ ბანკს შორის მართლაც გაფორმდა მიზნობრივი თანადაფინანსების შეთანხმება.
მოსარჩელეს „შეღავათიანის აგროკრედიტის პროექტის “ ფარგლებში აღებული სესხის ანგარიშზე ჰქონდა განთავსებული, თუ რა ფორმით ახდენდა მის განკარგვას არავითარი შემხებლობაში არ არის წინამდებარე სამოქალაქო საქმესთან. გაუგებარია ვის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას გულისხმობს მოსარჩელე წინამდებარე ფაქტობრივ გარემოებაში. მოპასუხე ცდილობს ახსნას, რომ მოსარჩელის მიერ სესხის გამცემ ბანკთან ვალდებულებების შესრულება არ ათავისუფლებს მას მოპასუხესთან ნაკისრი ვალდებულებებისაგან, თუმცა როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან ირკვევა , აღნიშნული მცდელობა უშედეგოა.
მოსარჩელეს მართლაც შეუწყდა სადავოდ ქცეულ სესხზე თანადაფინანსება 2019 წლის 21 იანვრის N1 კომისიის სხდომის ოქმით, თუმცა რაც გულისხმობს „მოგვიანებით გაცნობაში“ მოსარჩელე, გაუგებარია და ვერ ახდენს აღნიშნული გარემოების დადასტურებას შესაბამისი მტკიცებულებით. ასევე გაუგებარია, რის დამტკიცებას ცდილობს მოსარჩელე იმ ფაქტით, რომ უარი ეთქვა საკითხის განმეორებით განხილვაზე, რადგან არ არსებობდა საკითხის ხელახალი განხილვის საფუძველი, რადგან მოსარჩელის მიერ სახეზეა შეთანხმების არსებითი პირობის-მიზნობრიობის დარღვევა (ასევე სხვა გარემოებებით რაც მითითებულია მოპასუხის მიერ აღძრულ დამოუკიდებელ სარჩელში), რომელიც დასტურდება როგორც მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, ასევე თავად მოპასუხის მიერ წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე არსებული მტკიცებულებებით. მოსარჩელე დამატებით ადასტურებს, რომ მას ძირითადი საშუალების ფარგლებში გაცემული სესხით შესყიდული აქვს საბრუნავი საშუალებები, რაც შეთანხმების არსებითი პირობების დარღვევაა. ამასთან , წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე არსებული დოკუმენტაციით დიდი ნაწილი წარმოდგენილი არ არის ქართულ ენაზე, შესაბამისად მათი განხილვა არ მოხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად.
მოპასუხის მიერ აღძრული სამოქალაქო სარჩელი ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში (ზუსტი სასამართლოსა და ზუსტი კოლეგიის შერჩევით), რაზეც მიმდინარეობს დავა მხარეთა შორის. აღნიშნულ სარჩელში მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივი საფუძველი, რაც გახდა ა------- კ-----------ისათვის სესხზე თანადაფინანსების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. შესაბამისად, ყველა დამატებითი ფაქტობრივი (და ასევე სამართლებრივი გარემოება) წარმოდგენილია სარჩელში, კერძოდ მოსარჩელის მიერ განხორციელდა:
ა)სესხის ნაწილის- 70000 ლარის დაბრუნება სესხის გამცემ ბანკში (სესხის ძირითადი თანხის გადაფარვა) ისე რომ არ შესრულდა შეთანხმებული გათვალისწინებული მიზნობრიობა , შესაბამისად მოპასუხე იხდიდა სესხზე პროცენტს, თუმცა აღნიშნული სესხი არ მოხმარდა პროექტით განსაზღვრულ მიზნებს;
ბ) სესხის ნაწილი მოხმარდა საბრუნავი საშუალებების შესყიდვა;
გ) სესხის ნაწილზე - 7 261.57 ლარზე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სესხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაწილი შეიცავს სხვადასხვა ხასიათის ხარვეზებს (არ არის ნათარგმნი, დოკუმენტაციაში არ არის მითითებული თარიღები და სხვა აუცილებელი რეკვიზიტები). აღნიშნული ფაქტები დასტურდება სარჩელში მითითებული მტკიცებულებებით.
შესყიდვის აქტები, რომლებიც ადასტურებენ მოსარჩელის მიერ შეთანხმების არსებითი პირობის - მიზნობრიობის დარღვევას, კერძოდ სესხი გაცემულია პროექტის ძირითადი საშუალების ფარგლებში, ხოლო მის მიერ მოხდა საბრუნავი საშუალებების შესყიდვა. წინამდებარე დოკუმენტაციის მითითება ასევე ემსახურება იმ მიზანს, რომ არ მოხდეს მოწმეების დაკითხვა, რადგან მოწმეებმა რაც უნდა განაცხადონ მათ მიერ უკვე დადასტურებულია და არავინ არ ხდის სადავოდ აღნიშნულ ფაქტებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ა(ა)იპ ს-----–--------------------------------------------------- და ა(ა)იპ ს-----–--------------–------------------------------------------ არიან ერთი და იგივე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც აქვს ერთი და იგივე საიდენტიფიკაციო ნომერი - 4-------- .
რეორგანიზაცია მოხდა 2012 წლის 24 დეკემბრის N2051 საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
მტკიცებულება:
- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი 2 ს.ფ. – 72-73, 81-86);
3.1.2. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის “ ფარგლებში მოსარჩელეს, მოპასუხესა და სესხის გამცემ ბანკს შორის გაფორმდა მიზნობრივი თანადაფინანსების შეთანხმება - სესხის შეთანხმება/ხელშეკრულება N3--------------. (სარჩელში ხელშეკრულების ნომერი შეცდომით მითითებულია 3--------------).
მიზნობრივი თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების თანახმად სს „თ----- ბანკიდან“ მასზე სესხის სახით გაიცა თანხა 270000 ლარის ოდენობით და სესხის ვადად განისაზღვრა 60 თვე, საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 13% და მათ მიერ მასზე გაცემული სესხის თანხით უნდა შეეძინა (სესხის მიზნობრიობა მდგომარეობდა) ძირითადი საშუალების - 110 ერთეული მაღალკალორიული ავსტრიული ჯიშის მაკე უშობელი ფურების შესყიდვა.
მტკიცებულება:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- შეთანხმება/ხელშეკრულება N3-------------- (ტომი 2 ს.ფ. – 19 -20).
3.1.3. 2019 წლის 21 იანვარს მოპასუხის მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის ოქმი N1 -ის საფუძველზე, სააგენტომ (მოპასუხემ) შეწყვიტა მათ შორის არსებული ურთიერთობა, ანუ ხელშეკრულებიდან გავიდა.
ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ეცნობა მოსარჩელეს 2019 წლის 29 თებერვლის N 1/307 წერილით.
მტკიცებულება:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- აღნიშნული ოქმი N1 (ტომი 1 ს.ფ. – 131-133);
- აღნიშნული წერილი (ტომი 1 ს.ფ. – 119 -120).
3.1.4. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს წინასწარი შეტყობინების გარეშე განახორციელოს ბანკის მიერ გაცემული სესხის მიზნობრიობისა და წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების მონიტორინგი და მოითხოვოს სესხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ მონიტორინგის შედეგად სააგენტო დაადგენს ბენეფიციარის (მიმღების) მიერ მიზნობრიობის დარღვევას (რაც ასევე მოიცავს ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობას) ან/და წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას, სააგენტო შეუწყვეტს მას თანადაფინანსებას და მეორად უზრუნველყოფას და აღნიშნულის შესახებ აცნობებს ბანკს. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია ბენეფიციარს დააკისროს პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა შეადგენს სააგენტოს მიერ სესხზე გადახდილ თანადაფინანსების სრულ თანხას.
მტკიცებულება:
- შეთანხმება/ხელშეკრულება N3-------------- (ტომი 2 ს.ფ. – 19 -20);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2019 წლის 21 იანვარს სააგენტოს პროგრამების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის მიერ არ მომხდარა იმის გათვალისწინება და დადგენა, რომ მის მიერ შემოყვანილი მსხვილფეხა საქონლის გამოსაკვებად ერთ სულ საქონლისათვის დღიურ ნორმას წარმოადგენს 13 კგ. ((შვრია, იონჯა, ჩალა), 25 კგ. სილოსი. 05 კგ დაფქული (ქერი, ხორბალი და სიმინდი) ასევე ერთ სულ საქონლისათვის საჭიროა მიკრო და მაკრო ელემენტებით გაჯერებული ვიტამინები და სხვა, რისთვისაც მის მიერ შეძენილ იქნა ფიზიკური პირებისაგან მსხვილფეხა საქონლისათვის თივა, სენაჟი და ასევე ანაზღაურებული იქნა ვეტ. ექიმზე მისი მომსახურება.
მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ სახეზეა შეთანხმების არსებითი პირობის-მიზნობრიობის დარღვევა (ასევე სხვა გარემოებებით რაც მითითებულია მოპასუხის მიერ აღძრულ დამოუკიდებელ სარჩელში), რომელიც დასტურდება როგორც მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, ასევე თავად მოპასუხის მიერ წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე არსებული მტკიცებულებებით. მოსარჩელე დამატებით ადასტურებს, რომ მას ძირითადი საშუალების ფარგლებში გაცემული სესხით შესყიდული აქვს საბრუნავი საშუალებები, რაც შეთანხმების არსებითი პირობების დარღვევაა. ამასთან, წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე არსებული დოკუმენტაციით დიდი ნაწილი წარმოდგენილი არ არის ქართულ ენაზე, შესაბამისად მათი განხილვა არ მოხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად.
მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელდა: ა)სესხის ნაწილის- 70000 ლარის დაბრუნება სესხის გამცემ ბანკში (სესხის ძირითადი თანხის გადაფარვა) ისე რომ არ შესრულდა შეთანხმებული გათვალისწინებული მიზნობრიობა, შესაბამისად მოპასუხე იხდიდა სესხზე პროცენტს, თუმცა აღნიშნული სესხი არ მოხმარდა პროექტით განსაზღვრულ მიზნებს; ბ) სესხის ნაწილი მოხმარდა საბრუნავი საშუალებების შესყიდვას; გ) სესხის ნაწილზე - 7 261.57 ლარზე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სესხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; დ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაწილი შეიცავს სხვადასხვა ხასიათის ხარვეზებს (არ არის ნათარგმნი, დოკუმენტაციაში არ არის მითითებული თარიღები და სხვა აუცილებელი რეკვიზიტები). მოპასუხის მიერ ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში აღძრულია სამოქალაქო სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, რაზეც მიმდინარეობს დავა მხარეთა შორის სხვა სამოქალაქო საქმეზე.
მოსარჩელემ აღიარა, რომ ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს დავა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. ასევე ვერ უარყო აღნიშნული დარღვევები, აღიარა რომ 70000 ლარი დაუბრუნა სესხის გამცემ ბანკს და გამოიყენა მხოლოდ 200000 ლარი, აღიარა საბრუნავი საშუალებების შესყიდვის ფაქტი, ამასთან ვერ განმარტა, თუ რატომ არ იყო ნათარგმნი წარმოდგენილი (მათ შორის სასამართლოში) რიგი დოკუმენტები და დოკუმენტებში არსებული ხარვეზები; საბოლოოდ აღიარა, რომ შეძენილია 32 სული მაღალპროდუქტიული მეწველი საქონელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 358-ე მუხლის თანახმსდ, დაუშვებელია ხელშეკრულებიდან გასვლა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თუ მოვალეს შეეძლო გაქვითვის გზით შეესრულებინა ვალდებულება და გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ განაცხადებს ვალდებულების გაქვითვის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405 მუხლის თანახმად:
1. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
2. არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ:
ა. აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება;
ბ. ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას;
გ. განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.
3. ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ:
ა. ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა;
ბ. დარღვეულია 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები და, ამის მიუხედავად, კრედიტორს შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება;
გ. ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი;
დ. მოთხოვნას უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც მოვალემ უკვე წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ.
4. კრედიტორი უფლებამოსილია შესრულების ვადის დადგომამდე უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ აშკარაა, რომ დადგება ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლები.
5. მოვალე უფლებამოსილია განუსაზღვროს კრედიტორს ხელშეკრულებაზე უარის თქმის გონივრული ვადა.
ანუ კანონი განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის დაუშვებლობის წესს (358-ე მუხლი) და დამატებითი ვადის დაწესებას ვალდებულების დარღვევისას (405-ე მუხლი).
დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაფინანსება დასრულებულია, მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე რაიმე ვალდებულება არ გააჩნია, მხარეთა შორის შეთანხმების ფარგლებში დარჩა მხოლოდ დავა აღნიშნული პირგასამტეხლოს თაობაზე. რაც მნიშვნელოვანია აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე საწინააღმდეგო მოსარჩელემ არ წარმოადგინა.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებიდან გასვლისას მოპასუხის მიერ არ არის დარღვეული სამოქალაქო კოდექსის 358-ე და 405-ე მუხლების ნორმები. შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას.
სასამართლო განმარტავს, რომ არ იმსჯელა საკითხზე, თუ რამდენად ახდენს ზეგავლენას მოცემულ საქმეზე დადგენილი გარემოებები პირგასამტეხლოს დაკისრებაზე, არამედ სასამართლომ იმსჯელა ხელშეკრულებიდან გასვლის დაუშვებლობის საკითხზე და დამატებითი ვადის თაობაზე.
მტკიცებულება:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალა არაქართულ ენაზე (ტომი 1 ს.ფ. – 32-48, 52-62, 87-118).
- პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სარჩელის ასლი (ტომი 2 ს.ფ. – 21 და 37).
- შეთანხმება/ხელშეკრულება N3-------------- (ტომი 2 ს.ფ. – 19 -20).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 319-ე, 352-ე, 358-ე, 405-ე, 394-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
შესაბამისად ნების გამოვლენის შემთხვევაში პირს გარიგების დადების და ხელშეკრულების (შეთანხმების) გაფორმების უფლება აქვს. ანუ ჩვენს შემთხვევაში მხარეებს N3-------------- ხელშეკრულების (შეთანხმების) დადების სურვილი (ნება) ჰქონდათ, რომელიც განსაზღვრავდა მათ შორის სამართლებრივ ურთიერთობას, კერძოდ „შეღავათიანის აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, მოპასუხე არის კრედიტორი ხოლო მოსარჩელე ბენეფიციარია - გაცემული თანხის მიმღები, ამასთან განსაზღვრულია შესაბამისი პირობები.
ხელშეკრულების (შეთანხმების) ფარგლებში, ფაქტობრივად მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე ვალდებულება არ გააჩნია, მან გადასცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთელი თანხა, მოსარჩელე კი - დაკავშირებულია გარკვეული პირობებით, რომელიც ვალდებული იყო შეესრულებინა ან არ უნდა გაეკეთებინა. ამასთან მოპასუხეს გააჩნია გრანტის მიზნობრივი განხორციელების კონტროლის/მონიტორინგის უფლება (იხ. 3.1.4.). ფაქტობრივად მოპასუხემ, 2019 წლის 21 იანვარს მოპასუხის მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის N1 ოქმის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, ანუ შეწყვიტა ურთიერთობა კონკრეტული გარიგების ფარგლებში, გარიგების პირობების დარღვევის (ვალდებულების შეუსრულებლობის) გამო, ამასთან წარმოადგინა მოსარჩელეს პრეტენზიები (პირგასამტეხლო), რომელიც (მოპასუხის სარჩელი) განიხილება სასამართლოში ცალკე, სხვა სამოქალაქო საქმის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს ურთიერთობის აღდგენას და ხელშეკრულების გაგრძელებას იმ მოტივით, რომ გარიგების პირობები არ დაურღვევია.
კანონი განისაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის დაუშვებლობის წესს (საქ. სკ-ის 358-ე მუხლი) და დამატებითი ვადის დაწესებას ვალდებულების დარღვევისას (საქ. სკ-ის 405-ე მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებიდან გასვლისას მოპასუხის მიერ არ არის დარღვეული სამოქალაქო კოდექსის 358-ე და 405-ე მუხლების ნორმები (იხ.3.2.1.).
დანარჩენ შემთხვევებში კანონი არ აწესებს მსგავსი კერძო სამართლებრივი ურთიერთობების აღდგენას, არამედ განსაზღვრავს ზიანის ანაზღაურების წესს ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში (საქ. სკ-ის 352-ე მუხლი) და ვალდებულების დარღვევისას მოთხოვნების წესს (საქ. სკ-ის 394-ე მუხლი).
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის ნების გამოვლენა არის გარიგებიდან გასვლა (ხელშეკრულების გაგრძელების სურვილი (ნება) არა აქვს), ამასთან მოსარჩელის წინაშე რაიმე ვალდებულება არ გააჩნია, ამიტომ მოპასუხის ნების საწინააღმდეგოდ არ შეიძლება მისი დავალდებულება გააგრძელოს ურთიერთობა. შესაბამისად ხელშეკრულების აღდგენის და ურთიერთობის გაგრძელების სამართლებრივი საფუძველი არა არის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივად მოცემულ დავაზე მოსარჩელის ინტერესი გამოიხატება პირგასამტეხლოს გადახდის თავიდან აცილებაზე, რაც არის სხვა სამოქალაქო საქმის დავის საგანი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამიტომ მოპასუხის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ახალქალაქი, მ.მაშტოცის ქ. 110), მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე არარატ ესოიან