გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№3/5281-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - გ----------–--–--ე
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - ს-----------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 24 მაისის M---------------- გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გ----------–--–--ის სახელზე გაცემული დ--------------- წარჩინების დიპლომი (სარეგისტრაციო №9-----) გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან;
1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც შპს „პ----------------------------------------–-----------–--------------–----------------------------------ს“ მიერ 1995 წელს გ----------–--–--ის სახელზე გაცემული დ--------------- წარჩინების დიპლომი (სარეგისტრაციო №9-----) მაგისტრის ხარისხთან გათანაბრდება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. შპს ,,პ----------------------------------------–-----------–--------------–---------------------------------მა”, 1995 წელს, გ----------–--–--ის სახელზე დ--------------- დიპლომის გაცემით დაადასტურა, რომ გ----------–--–--ე 1991 წელს შევიდა შპს ,,პ----------------------------------------–-----------–--------------–---------------------------------ში“ და 1995 წელს დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტის სრული კურსი, სამართალმცოდნისა და ეკონომისტის სპეციალობით. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1995 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით, გ----------–--–--ეს მიენიჭა იურისტის, ეკონომისტის კვალიფიკაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სანოტარო წესით დამოწმებული დიპლომი დ--------------- (სარეგისტრაციო №9-----) (ს.ფ. 123-126).
3.2. გ----------–--–--ემ 2019 წლის 30 აპრილის განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს ,,პ----------------------------------------–-----------–--------------–----------------------------------ს” მიერ მასზე გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის დ--------------- ნამდვილობის დადასტურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ----------–--–--ის 2019 წლის 30 აპრილის განცხადება (ს.ფ. 119-120);
- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 118).
3.3. საქართველოს განათლების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1991 წლის 21 ოქტომბერს გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0------------ ლიცენზია. ლიცენზიის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სასწავლო გეგმები და პროგრამები, პროფესორ-მასწავლებელთა კადრები აკმაყოფილებდა ფასიანი სასწავლებლის გახსნისათვის საჭირო მოთხოვნებს, რის საფუძველზეც საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ ნება დართო საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების კონფერენციას და საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმს რეგისტრაციაში გაეტარებინათ აღნიშნული ინსტიტუტი, როგორც ფასიანი უმაღლესი სასწავლებელი.
ქ. თბილისის კრწანისის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 29 აგვისტოს დადგენილებით (სარეგისტრაციო №0-------) რეგისტრაციაში გატარდა შპს „ს--------–---------------------------------ი“.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით აღნიშნულ იურიდიულ პირს ეწოდა შპს ,,პ----------------------------------------–-----------–--------------–----------------------------------“.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით აღნიშნულ იურიდიულ პირს ეწოდა შპს „ს--------–----------–---–-------–------------------------------------ი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 8 მაისის M---------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 139-140);
- საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს 1991 წლის 21 ოქტომბრის №0------------ ლიცენზია (ს.ფ. 78).
3.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2013 წლის 05 მაისის №1----- ცნობის თანახმად, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1991 წლის 21 ოქტომბერს შპს ,,პ----------------------------------------–-----------–--------------–---------------------------------ზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0------------ ლიცენზია.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის შპს პ--------------------------------–---------------–---------------------------------ის მიერ გაცემული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 102 პუნქტის თანახმად, შპს ,,პ----------------------------------------–-----------–--------------–----------------------------------ს“ მიერ ოთხწლიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დიპლომის საფუძველზე, კურსდამთავრებული უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე - დოქტორანტურაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2013 წლის 05 მაისის №1----- ცნობა (ს.ფ. 79).
3.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 24 მაისის M---------------- გადაწყვეტილებით დადასტურდა გ----------–--–--ის სახელზე შპს ,,პ----------------------------------------–-----------–--------------–----------------------------------ს” მიერ გაცემული დ--------------- წარჩინების დიპლომის ნამდვილობა. ამავე გადაწყვეტილებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით, გ----------–--–--ის მიერ მიღებული განათლება გათანაბრდა ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან.
მითითებული გადაწყვეტილების თანახმად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, უმაღლესი განათლების დ--------------- წარჩინების დიპლომის მფლობელ პირს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლა გააგრძელოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე - მაგისტრატურაში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, დაუშვებელია სპეციალობის შეცვლის მიზნით სწავლის გაგრძელება სხვა რეგულირებად სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.
ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 102 პუნქტის შესაბამისად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს პირს, რომელმაც დაასრულა ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და რომელიც ამ პროგრამის განხორციელების დროს უფლებამოსილი იყო სწავლა გაეგრძელებინა ასპირანტურაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, უმაღლესი განათლების დ--------------- წარჩინების დიპლომის საფუძველზე, გ----------–--–--ეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე - დოქტორანტურაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 24 მაისის M---------------- გადაწყვეტილება (დადასტურება) (ს.ფ. 71-72).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ----------–--–--ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის პირველი დამატებითი ოქმი; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”; საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 14 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკაში ფასიანი სასწავლებლების შესახებ დებულება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 24 მაისის M---------------- გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლომ დავის განხილვისას უნდა შეამოწმოს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან და რომლითაც შპს „პ----------------------------------------–-----------–--------------–----------------------------------ს“ მიერ გ----------–--–--ის სახელზე გაცემული დ--------------- წარჩინების დიპლომი მაგისტრის ხარისხთან გათანაბრდება.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.
სასამართლო მიუთითებს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის“ პირველი დამატებით ოქმზე, რომლის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციის შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას - უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამათუიმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის, მათ შორის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.
6.3. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი). მე-5 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მიხედვით კი, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ამავე კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლითაც რეგულირდება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესუსრცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე, საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
ამრიგად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხი გადაწყვიტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.
6.3. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 14 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკაში ფასიანი სასწავლებლების შესახებ დებულების პირველი პუნქტით ნებადართულად განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკაში ფასიანი სასწავლებლების დაარსება, სახელმწიფოს მიერ აღიარებული სათანადო კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის (დიპლომი, ატესტატი) გაცემის უფლებით. ამავე დებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, ფასიანი სასწავლებელი რეგისტრაციაში ტარდებოდა არსებული კანონმდებლობისა და განათლების სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე. ამავე დებულების მე-4 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მიღებისათვის აუცილებელი იყო, რომ ფასიანი სასწავლებლის სასწავლო გეგმას, პროგრამას, პედაგოგიურ პერსონალს და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას დაეკმაყოფილებინა სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნები. მე-5 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ფასიან სასწავლებელს უფლება ჰქონდა საგამოცდო კომისიის წარმატებით გავლის შემთხვევაში სასწავლებლის კურსდამთავრებულისთვის მიენიჭებინა სათანადო კვალიფიკაცია და გაეცა შესაბამისი მოწმობა.
დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1991 წლის 21 ოქტომბერს შპს ,,პ----------------------------------------–---------------–---------------------------------ზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0------------ ლიცენზია. აღნიშნული ლიცენზიის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სასწავლო გეგმები და პროგრამები, პროფესორ-მასწავლებელთა კადრები აკმაყოფილებდა ფასიანი სასწავლებლის გახსნისათვის საჭირო მოთხოვნებს, რის საფუძველზეც საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ ნება დართო საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების კონფერენციას და საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმს რეგისტრაციაში გაეტარებინათ აღნიშნული ინსტიტუტი, როგორც ფასიანი უმაღლესი სასწავლებელი.
ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელე 1991 წელს შევიდა შპს ,,პ----------------------------------------–-----------–--------------–---------------------------------ში“ და 1995 წელს დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტის სრული კურსი, სამართალმცოდნისა და ეკონომისტის სპეციალობით.
ამდენად, ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ მოსარჩელის მიერ სადავო პერიოდში უმაღლესი განათლების მიღება განხორციელდა ისეთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომლის სასწავლო გეგმა, პროგრამა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შესაბამისობაში იყო იმ პერიოდში სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან. როგორც საქმეში არსებული მასალებით დგინდება, სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1995 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით, გ----------–--–--ეს მიენიჭა იურისტის, ეკონომისტის კვალიფიკაცია. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით გასცა ინსტიტუტმა 1995 წლის 31 ივლისის დ--------------- წარჩინების დიპლომი.
სასამართლო განმარტავს, რომ 2004 წელს მიღებული იქნა ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს. აღსანიშნავია, რომ მითითებულმა კანონმა მანამდე არსებული საგანმანათლებლო სისტემისაგან განსხვავებულად დაარეგულირა უმაღლესი განათლების საფეხურთა კლასიფიკაცია. კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურებია: ა) პირველი საფეხური - ბაკალავრიატი, ბ) მეორე საფეხური - მაგისტრატურა და გ) მესამე საფეხური - დოქტორანტურა. უფრო მეტიც, მითითებული კანონის ამოქმედებით დღის წესრიგში დადგა ახალ სისტემაზე გადასვლამდე მიღებული განათლების გათანაბრების საკითხის დადგენა, რაც წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს.
სასამართლო საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ გ----------–--–--ემ 2019 წლის 30 აპრილის განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს ,,პ----------------------------------------–-----------–--------------–----------------------------------ს” მიერ მასზე გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის დ--------------- ნამდვილობის დადასტურება.
ასევე, დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 24 მაისის M---------------- გადაწყვეტილებით დადასტურდა გ----------–--–--ის სახელზე ,,პ----------------------------------------–-----------–--------------–----------------------------------ს” მიერ გაცემული დ--------------- (სარეგისტრაციო №9-----) დიპლომის ნამდვილობა. ამასთან, მის მიერ მიღებული განათლება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით, გათანაბრდა ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან.
სასამართლო მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან.
სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირებას მითითებულ ნორმაზე და განმარტავს, რომ განსახილველ ურთიერთობაზე მითითებული ნორმის გავრცელებით ადგილი ექნება კანონის უკუძალას. აღსანიშნავია, რომ ზოგადი წესის მიხედვით, კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. კანონს არ აქვს უკუძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამონაკლისი გათვალისწინებულია თვითონ კანონში. ამასთან, კანონის უკუძალის აკრძალვა კანონთა დროში მოქმედების ერთ-ერთი განმსაზღვრელი გარემოებაა და ამით პირი დაცულია სამართლის ნეგატიური ზემოქმედებისგან. კანონის დროში ასეთი წესით მოქმედების პრინციპის მთავარი მიზანი გამომდინარეობს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპიდან, რამდენადაც პირს უნდა შეეძლოს კანონის განჭვრეტა, იმისათვის რომ შეძლოს თავიდან აიცილოს მისი უარყოფითი სამართლებრივი შედეგი. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკუძალის აკრძალვის პრინციპის დაუცველობის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მარტო ცალკეული ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, არამედ ღირებულებათა წესრიგი, სამართლებრივი უსაფრთხოება.
ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ მოპასუხის პოზიციის გაზიარებისა და უკვე დასრულებულ ურთიერთობაზე ამჟამად მოქმედი კანონის გავრცელებით მოხდება მოსარჩელის მდგომარეობის გაუარესდება, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, დაუშვებელია.
სასამართლო ასევე მიუთითებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 102 პუნქტზე, რომლის თანახმადაც დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს პირს, რომელმაც დაასრულა ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და რომელიც ამ პროგრამის განხორციელების დროს უფლებამოსილი იყო სწავლა გაეგრძელებინა ასპირანტურაში. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, კერძოდ 1995-1996 წლიდან 2005 წლამდე, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა ესწავლა ასპირანტურაში, შესაბამისად, მის მიერ ამ პერიოდში მიღებული განათლება უთანაბრდება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია გ----------–--–--ის მიერ მიღებული განათლების არა მაგისტრატურის, არამედ ბაკალავრიატის საფეხურთან გათანაბრებასთან დაკავშირებით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მას აღნიშნული დიპლომისა და მასში მითითებული კვალიფიკაციის მიმართ ჰქონდა კანონიერი ნდობა, ვინაიდან დიპლომი გაცემული იყო სახელმწიფო ლიცენზიის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, იმ დროს მოქმედი მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სასამართლოს განმარტავს, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლო კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
სასამართლო, აქვე, მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა.
სახეზე არ არის, აგრეთვე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა შპს „პ----------------------------------------–-----------–--------------–----------------------------------ს“ მიერ მის სახელზე გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ზღუდავს მოპასუხეს, მითითებულ ინსტიტუტში მიღებული განათლება გაუთანაბროს ბაკალავრის ხარისხს. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და გამოიყენა ეს ნდობა - პროფესიული კარიერა დაგეგმა სწორედ ამ კუთხით.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 24 მაისის M---------------- გადაწყვეტილება სადავო ნაწილში და მოპასუხეს უნდა დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „პ----------------------------------------–-----------–--------------–----------------------------------ს“ მიერ გ----------–--–--ის სახელზე გაცემული დიპლომის მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულად დადასტურების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ----------–--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 24 მაისის M---------------- გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გ----------–--–--ის სახელზე გაცემული დ--------------- წარჩინების დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან;
3. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც შპს „პ----------------------------------------–-----------–--------------–----------------------------------ს“ მიერ 1995 წელს გ----------–--–--ის სახელზე გაცემული დ--------------- წარჩინების დიპლომი მაგისტრის ხარისხთან გათანაბრდება;
4. დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, მოსარჩელის - გ----------–--–--ის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან, 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე