გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3862-13
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2017 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ მეშველიანი
სხდომის მდივანი ნათია ჯაფარიძე
მოსარჩელე ვ-----------------ა
მოპასუხეები: ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
მესამე პირი შპს ,,მ----–-“
დავის საგანი: მატერიალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული სარჩელი ტ. II, ს.ფ. 114-128).
მოპასუხეებს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს სოლიდარულად დაეკისროთ, ვ-----------------ას სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურება 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, კერძოდ, 8 ცალი ფილის დამსხვრევისთვის - 5 000 ლარის ოდენობით, ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობის შედეგად 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისთვის - 20 000 ლარის ოდენობით, საცხოვრებელი სახლის, მათ შორის, სახურავის დაზიანებისათვის - 45 000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის საოქმო განჩინებით, დაზუსტებულ სარჩელში მითითებული მოთხოვნები (სანიაღვრე არხის დაზიანებით მიყენებული ზიანის 7000 ლარის და ჯებირის გაკეთების დროს წაბლის ბოძების განადგურებით მიყენებული ზიანის 3000 ლარის ანაზღაურება) მიჩნეულ იქნა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდად და ვინაიდან არ არსებობდა მოპასუხეთა თანხმობა, მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდაზე.
მოსარჩელის მითითებით, უკანონო ქმედებები, რომლებმაც მას ზიანი მიაყენა, გამოიხატა შემდეგში: ცაგერის რაიონის სოფელ ო-----–ში მდინარე ლ---------იდან 15 მეტრის დაშორებით მდებარეობს მისი საკუთრება - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2410.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 8--0-.07.---) და მის შუაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 240.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 8--0-.--.---), რომელზეც განთავსებულია 117.76 მ2 საერთო ფართის შენობა-ნაგებობა. საცხოვრებელი სახლი გადახურული იყო ახალი სახურავით, სანაპიროს გასამაგრებლად შეძენილი ჰქონდა რკინა-ბეტონის 8 (რვა) ცალი ფილა. ,,ცაგერის რაიონის სოფელ ირბილში მდინარე ლ---------ზე ნაპირდამცავი ნაგებობის პროექტის“ ფარგლებში ნაპირდამცავითი ნაგებობის მშენებლობის მიზნით, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, მის საკუთრებაში შეიყვანეს ტექნიკა, რომელმაც დაამსხვრია სანაპიროს გასამაგრებლად შეძენილი 8 (რვა) ცალი ფილა, ნამსხვრევები კი 100 მეტრის სიგრძის ნაპირდამცავი ნაგებობის ,,გაბიონის“ ქვეშ მოექცა. ნაპირდამცავი ნაგებობა აშენდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რის შედეგადაც დაკარგა 1000 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი. ამასთან, ,,გაბიონზე’’ ჯებირის სიმაღლეზე, მიყრილია მიწა, რის გამოც ფაქტიურად ეზოში გადაადგილებას ვეღარ ახერხებს. სამუშაოების ჩატარების შემდეგ ადგილზეა დატოვებული ნარჩენი ქვის მასალა, რითაც მიწას დაეკარგა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება. აღნიშნული მდგომარეობის გამო, ნერვიულობისგან შეუძლოდ გახდა, რის გამოც ვერ შეძლო გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, დიდმა თოვლმა კი სახურავი ერთიანად გაანადგურა, რამაც დაანგრია საცხოვრებელი სახლი. სახლის დაშლას, ასევე, ხელი შეუწყო სანიაღვრე არხის მოშლამ, ჯებირის აგებამ და სახლზე მიწაყრილის მოწყობამ.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი. გამგეობამ მხოლოდ პრევენციული ღონისძიების გატარების მიზნით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ინიცირება გააკეთა გარკვეულ სამუშაოებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, მონაწილეობა აღარ მიუღია წარმოებაში. ხოლო იმ გარემოებას, რომ ნაპირსამაგრი ნაგებობების მესაკუთრეს წარმოადგენს მუნიციპალიტეტი, არ ქმნის ზიანის ანაზღაურების წინაპირობას. ამასთან, მოსარჩელეს დიდთოვლობით დაზიანებული სახურავის აღდგენის მოთხოვნით წერილობით არ მიუმართავს გამგეობისათვის.
2.2. მოპასუხე სსიპ გარემო ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ მოცემულ დავაში წარმოადგენს არასათანადო მხარეს. მისი განმარტებით, სამუშაოები განხორციელდა მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიცირების საფუძველზე. საპროექტო ტერიტორიაც მომზადდა მათთან შეთანხმებით. ამასთან, გაბიონის მოწყობის მიზანს წარმოადგენდა უფრო მეტი ზიანისაგან დაცვა და არა ვინმეს საკუთრების უფლების შელახვას ან სხვა სახის ზიანის მიყენება. გარდა ამისა, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება სააგენტოს მიერ იმ ზიანის მიყენების ფაქტები, რასაც მხარე ითხოვს.
2.3. მოპასუხე საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ სადავო სამუშაოები ჩატარდა გამგეობის ინიცირებით, შესაბამისად, ყველა სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია არა დეპარტამენტის, არამედ გამგეობის მიმართ. საკითხის ინიცირება არ ატარებს ფორმალურ ხასიათს და მასვე ეკისრება დასაბუთებაც. ამასთან, მართალია, სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველ პირს წარმოადგენდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, რომლის უფლებამოსილებებიც გადაეცა დეპარტამენტს, მაგრამ არა ზიანთან მიმართებაში.
2.4. მესამე პირის შპს ,,მ----–-ს“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები შეასრულა პროექტის შესაბამისად და საპროექტო ტერიტორიის საკუთრების შესახებ ინფორმაციის მოძიება მის ვალდებულებას არ წარმოადგენდა. ამასთან, უშუალოდ მათ მიერ მძიმე ტექნიკა არ ყოფილა გამოყენებული, სამუშაოები შესრულდა ხელით.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2009 წლის 26 იანვრის №-- წერილით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და მოითხოვა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წყალდიდობის საწინააღმდეგო სამუშაოების ჩატარების მიზნით, შესაბამისი სამუშაოების მოსაწყობად თანხების გამოყოფა. წერილის თანახმად, ცაგერის მუნიციპალიტეტი, თავის ბუნებრივ-რელიეფური პირობების გამო, მოქცეულია აქტიურად მეწყერ და წყალდიდობა საშიშ ზონაში. მონიტორინგისა და პროგნოზირების დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადებული პროექტის საფუძველზე, 2008 წელს გარკვეული სამუშაოები ჩატარდა მდ. ლ---------ზე და მდ. ც-----–---–ზე, სოფელ ჩ-------–ის მიმართულებით, თუმცა ჯერ კიდევ არსებობდა ძალზე საშიში უბნები, სადაც საჭირო იყო წყალდიდობის საწინააღმდეგო სამუშაოების ჩატარება - მდინარის კალაპოტების ამოწმენდა, ნაპირდამცავი ჯებირების და დამბების მშენებლობა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2009 წლის 1 აპრილის №2------------- წერილით ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას, მისი მიმართვის პასუხად, ეცნობა, რომ სააგენტოს გამიზნული ჰქონდა სოფელ ო-----–ში, მდინარის კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებთან ერთად, მდ. ლ---------ზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება. გარდა ამისა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამიზნული ჰქონდა სოფ. ლ--------ში მდ. ც-----–---–ზე დაზიანებული ხიდის აღდგენა და მისასვლელი გზის დამცავი ნაგებობის აგება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2009 წლის 26 იანვრის №-- წერილი (რეგ. №---, 03.02.2009წ.) (ტ. I. ს.ფ. 253-254);
- საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2009 წლის 1 აპრილის №2------------- წერილი (ტ. I, ს.ფ. 255);
3.2. სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2009 წლის 11 მაისის №--------3 წერილით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, საქართველოს მდინარეებზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განსახორციელებლად, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2009 წლის საბიუჯეტო ფინანსირების ფარგლებში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით დაფინანსების მიზნით. სააგენტოს განმარტებით, შექმნილ ვითარებაში (გაზაფხულის პერიოდი საქართველოს მდინარეებზე წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების ფორმით ქმნიდა არახელსაყრელ, ხშირ შემთხვევაში, საშიშ პირობებს მოსახლეობისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტებისათვის), ზიანისა და მსხვერპლის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, აუცილებლობას წარმოადგენდა ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა განხორციელებულიყო ოპერატიულად, დროის შეზღუდულ მონაკვეთში. ამასთან, სამუშაოების გარკვეული ნაწილის შესრულება აუცილებელი იყო წყალდიდობის პერიოდში. ვინაიდან ტენდერის წესით სამუშაოების შესყიდვა დაკავშირებული იყო ხანგრძლივ პროცედურებთან, რაც გამოიწვევდა სამშენებლო სამუშაოების პროცესის გაჭიანურებას და ამის შედეგად შეიძლებოდა საფრთხე შექმნოდა მოსახლეობას და კერძო ან საზოგადოებრივ საკუთრების ობიექტებს, საფრთხისა და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილების მიზნით, შესყიდვის პროცედურების ოპტიმალურ ვადებში განსახორციელებლად, არსებობდა სამუშაოების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის საჭიროება.
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 11 მაისის №--------3 წერილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შესყიდვის პროცედურების ოპტიმალურ ვადებში განსახორციელებლად და სამუშაოების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი. პროექტის წარმდგენი იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 11 მაისის №--------3 წერილი (ტ. I. ს.ფ. 251);
- „საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოთა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებათა შესყიდვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებითი ბარათი (ტ. I. ს.ფ. 249);
- „საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოთა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებათა შესყიდვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (ტ. I. ს.ფ. 250);
3.3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ 2009 წლის 11 მაისის №0------------ წერილით მიმართა საქართველოს მთავრობას და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარუდგინა „საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოთა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი. საკითხი განხილული იქნა საქართველოს მთავრობის სხდომაზე.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოთა ერთ პირთან მოლაპარაკებების საშუალებით შესყიდვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის №354 განკარგულების თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოთა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით სამუშაოთა და თანმდევი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განეხორციელებინა 2 000 000 ლარის ფარგლებში, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2009 წლის 11 მაისის №0------------ წერილი (ტ. I, ს.ფ. 252);
- ამონარიდი საქართველოს მთავრობის სხდომიდან (ტ. I. ს.ფ. 247-248);
- საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის №354 განკარგულება (ტ. I, ს.ფ. 245-246).
3.4. დადგენილია, რომ ,,ცაგერის რაიონის სოფელ ო-----–ში მდ. ლ---------ზე ნაპირდამცავი ნაგებობის პროექტი“ დამუშავებულია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის №354 განკარგულების საფუძველზე. პროექტი მიზნად ისახავდა ცაგერის რაიონის სოფელ ო-----–ში, მდინარე ლ---------ას მარჯვენა ნაპირზე განთავსებული საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო მიწების დაცვას. ავარიული უბნის სიგრძე შეადგენდა 100 მეტრს. დაგეგმილი საპროექტო ღონისძიებების თანახმად, სანაპიროს დაცვა უნდა მომხდარიყო გაბიონის კონსტრუქციით. გაბიონის უკან უნდა მოწყობილიყო ადგილობრივი მასალისაგან შემდგარი უკუყრილი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ო-----–ში მდინარე ლ---------ზე განხორციელებული ნაპირსამაგრი ნაგებობის პროექტი (ტ. I, ს.ფ. 227-243);
3.5. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 17 ოქტომბრის №1210 წერილის თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაფინანსებით, 2009 წელს, სოფელ ო-----–ში მდინარე ლ---------ის პირას მავთულ ბადის ჯებირების მოწყობის სამუშაოები შეასრულა შპს ,,მ----–მა“.
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს 2012 წლის 22 ოქტომბრის №3671 წერილის თანახმად, პროექტი სახელწოდებით - ,,ცაგერის რაიონის სოფელ ო-----–ში მდ. ლ---------ზე ნაპირდამცავი ნაგებობის პროექტი“ დამუშავდა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის №354 განკარგულების, გარემოს სააგენტოს მიერ განხორციელებული საძიებო-აზომვითი და კვლევის მასალის საფუძველზე. პროექტი მიზნად ისახავდა ცაგერის რაიონის სოფელ ო-----–ში 100 მეტრი სიგრძის გაბიონის კონსტრუქციით მდ.ლ---------ას მარცხენა ნაპირზე არსებული ავარიული უბნის გამაგრებას, მიმდებარე საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო მიწების დაცვის მიზნით. პროექტის შედგენაში მონაწილეობა მიიღეს სააგენტოს სპეციალისტებმა: ვ. გ--–-------- (პროექტის მთ. ინჟინერი), ბ. უ--–---მ (ჰიდროლოგიური გაანგარიშებები), დ. მჭედლიშვილმა (გრაფიკული ნაწილი), ე. ს---------ემ (ხარჯაღრიცხვა, მშენებლობის ორგანიზაცია), რ. ს---------მ (დაკაბადონება), ქ---------ემ და ბ. გ-----მ (აგეგმვის ჯუფი). გარდა აღნიშნული ნაგებობების მშენებლობისა, ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების ორგანიზებით მდ.ლ---------ას შესართავთან ჩატარდა სხვა ნაპირაღდგენითი ღონისძიებები, ხოლო შპს ,,მ----–-ს“ მიერ განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 17 ოქტომბრის №1210 წერილი (ტ. I, ს.ფ. 26);
- საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს 2012 წლის 22 ოქტომბრის №3671 წერილი (ტ. I, ს.ფ. 27);
3.6. 2002 წლის 30 დეკემბერს მომზადებული მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათით დგინდება, რომ ცაგერში, ო-----–ში მდებარე 0,241 ჰა დაზუსტებული ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (სარეგისტრაციო ნომერი 8--0-.07.---) და მასზე განთავსებული 117.76 მ2 საერთო ფართის შენობა-ნაგებობის, 91.95 მ2 სასარგებლო ფართის და 26.64 მ2 დამხმარე ფართის მესაკუთრეს, №--- საგადასახადო სიის საფუძველზე, წარმოადგენდა ვ-----------------ა. მითითებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ამავე თარიღში მომზადებულ საკადასტრო რუკაზე მიწის ნაკვეთი დაფიქსირდა თავისუფალი სახით, შენობა-ნაგებობის გარეშე.
2011 წლის 24 ივნისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ამონაწერით დგინდება, რომ ცაგერის რაიონის, სოფელ ო-----–ში მდებარე 2410.00 კვ.მ. დაუზუსტებული ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №8--0-.07.---) და მასზე განთავსებულ 117,76 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე, №--- საგადასახადო სიის საფუძველზე, რეგისტრირებულია ვ-----------------ას საკუთრება.
2014 წლის 20 იანვარს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ამონაწერის თანახმად, ცაგერის რაიონის, სოფელ ო-----–ში მდებარე №8--0-.07.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, 2410.00 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, №--- საგადასახადო სიის საფუძველზე, რეგისტრირებულია ვ-----------------ას საკუთრება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, მომზადების თარიღი: 30.12.2002წ. (ტ. I. ს.ფ. 15-16);
- საკადასტრო რუკა, მომზადების თარიღი: 30.12.2002წ. (ტ. I. ს.ფ. 17);
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტ. II. ს.ფ. 40-41);
3.7. 2003 წლის 29 მაისს მომზადებული მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, ცაგერში, ო-----–ში მდებარე 20- კვ.მ. დაზუსტებული ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (სარეგისტრაციო ნომერი 8--0-.07.001) და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობის, საერთო ფართით 117.76 მ2, სასარგებლო ფართის 91.52 მ2 და დამხმარე ფართის - 26.24 მ2 მესაკუთრედ ფიქსირდება ვ-----------------ა. ამავე თარიღში მომზადდა საკადასტრო რუკა, რომელზეც არ იქნა დატანილი შენობა-ნაგებობა მითითებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ამავე თარიღში მომზადებულ საკადასტრო რუკაზე მიწის ნაკვეთი დაფიქსირდა თავისუფალი სახით, შენობა-ნაგებობის გარეშე.
2016 წლის 10 აგვისტოს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ცაგერის რაიონის, სოფელ ო-----–ში მდებარე 240.00 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ №01/1 შენობა-ნაგებობაზე (ნახევრად-დაშლილი) (საკადასტრო კოდი №8--0-.--.---, ნაკვეთის წინა ნომერი 8--0-.07.----), ცაგერის რაიონის ო-----–ის საკრებულოს გამგეობის 2003 წლის 29 მაისის №--- ცნობის საფუძველზე, რეგისტრირებულია ვ-----------------ას საკუთრება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, მომზადების თარიღი: 29.05.2003წ. (ტ. I. ს.ფ. 19-20);
- საკადასტრო რუკა, მომზადების თარიღი: 29.05.2003წ. (ტ. I. ს.ფ. 21);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 10.08.2016წ. (ტ. II. ს.ფ. 130);
3.8. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და გურიის რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატამ 2013 წლის 3 ივნისს მოამზადა №140 ექსპერტიზის დასკვნა, მიწის ნაკვეთის ფაქტიური ზომის დადგენის მიზნით. დასკვნის თანახმად, ,,ცაგერის რაიონის სოფელ ო-----–ში მდ. ლ---------ზე ნაპირდამცავი ნაგებობის პროექტის“ ფარგლებში ნაპირდამცავი ნაგებობა - გაბიონი (ჯებირდამცავი ნაგებობა), ზომით (2,10X100მ)=210 მ2 განთავსებული იქნა ვ-----------------ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე. ჯებირდამცავ ნაგებობას ვ-----------------ას ეზოს მხრიდან, მდინარიდან ამოღებული ხრეშით მოწყობილი აქვს მიწაყრილი ჯებირის სიმაღლეზე, შენობიდან ეზოს ბოლომდე განით 10.5 გრ.მ. (10,50X35მ)=367,50მ2. მდინარიდან შენობამდე მიწის ნაკვეთის მანძილი შეადგენს 624 გრ.მ-ს. ამდენად, მდინარე ლ---------ის მარჯვენა სანაპიროზე ჯებირდამცავი ნაგებობა (გაბიონი) განთავსებულია და გაბიონზე მდინარიდან ამოღებული ხრეშით მიწაყრილი მოწყობილია (624+367,50მ2)=991,50მ2 ფართზე.
ცაგერის რაიონის სოფელ ო-----–ში, მდინარე ლ---------ის მარჯვენა სანაპიროზე ჯებირდამცავი ნაგებობის (გაბიონის) გაკეთებით და გაბიონზე მდინარიდან ამოღებული ხრეშით მიწაყრილის მოწყობით მესაკუთრე ვ------- გ-------- ძე გ--------ს შეეზღუდა მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 991,50 (624+367,50) კვ.მ-ით. მესაკუთრე ვ------- გ--------ს მის საკუთრებაში არსებული 2400 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან შემოწმების შედეგად განესაზღვრა 1408,50 (2400-991,50) კვ.მ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და გურიის რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატის 2013 წლის 3 ივნისის №140 ექსპერტიზის დასკვნა (ტ. I, ს.ფ. 28);
3.9. 2012 წლის 14 აგვისტოს, ო-----–ის თემის რწმუნებულმა გივი გოგებაშვილმა, ო-----–ის თემის სპეციალისტებმა: რ-----------------–--ემ და ა-----------------–---–მა, ტრაქტორ ,,კატეფილარის“ ზედამხედველმა შ----------–---მა, ტრაქტორისტებმა: მ--–---------------ემ და კ----–------------მა აქტზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ 2009 წლის მარტის თვეში მდინარე ლ---------ის ადიდების შედეგად დაიტბორა და წაილეკა ო-----–ის ცენტრიდან მიმდებარე ტერიტორიები. კერძოდ, მოსახლეობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. ო-----–ის საავტომობილო ხიდთან მარჯვენა მხარეზე სოფელ ო-----–ში მცხოვრებ ვ------- გ--------ს შეძენილი ჰქონდა ყოფილი აბანოს შენობა, ამ შენობასთან ერთ მხარეს, სადაც მდინარე ლ---------ი ესაზღვრებოდა, ზემოთ ნახსენებ პიროვნებას დაწყობილი ჰქონდა რკინა-ბეტონის ფილები. მდინარე ლ---------ის ადიდების შედეგად, აღნიშნული რკინა-ბეტონის ფილები მდინარემ გაიტაცა და გაანადგურა. მდინარის ადიდების შემდეგ მობილიზდა მძიმე ტექნიკა, კერძოდ, ტრაქტორი ,,კატეფილარი“. შენობასთან მისვლისას მათ რკინა-ბეტონის ფილები მდინარის მიერ წაღებული დახვდათ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2012 წლის 14 აგვისტოს აქტი (ტ.I, ს.ფ. 221);
3.10. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 8 აგვისტოს №1-------- წერილით ვ------- გ--------ს წარმომადგენელს ეცნობა, რომ 2009 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, დაამუშავა ცაგერის რაიონის სოფელ ო-----–ში მდ. ლ---------ზე ნაპირსამაგრი ნაგებობის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა საავტომობილო ხიდიდან მდინარის დინების ქვემოთ ეროზირებადი ნაპირის დაცვას. იმ პერიოდისათვის, როცა სააგენტო ახორციელებდა საკვლევი უბნის საძიებო-კვლევითი სამუშაოებს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მარჯვენა ტერიტორიის დასაცავად მოწყობილი იყო ნაყარი ბერმა, რომელიც შენობიდან 4 მ-დან 9 მ-მდე იყო დაშორებული (იმდენად ინტენსიური და აგრესიული იყო წარეცხვის შედეგად ნაპირის უკან გაწევის ტემპი). პროექტით გათვალისწინებული იყო გაბიონის 100 მ სიგრძის კედლის აგება, რომელიც იწყებოდა ხიდის მარჯვენა ბურჯიდან და მიჰყვებოდა იმ დროისათვის არსებული ნაპირის კლიფს. პროექტი მიზნად ისახავდა მხოლოდ არსებული ნაპირის შენარჩუნებას. დამცავი ნაგებობა გათვალისწინებული იყო 1% უზრუნველყოფის ხარჯზე, რომელიც გაანგარიშებით შეადგენდა 505მ3/წმ. ტერიტორიის დატბორვისაგან დასაცავად, რომელსაც 1.5 მ-ს შეადგენს მდინარის საშუალო დონიდან, საჭიროდ მიიჩნიეს 2მ სიმაღლის გაბიონის კედლის აგება. იმისთვის, რომ გაბიონის ყუთებიდან არ მომხდარიყო წყლის გაჟონვა და ტერიტორიის დატბორვა, საჭირო იყო უკუყრილის მოწყობა.
ამავე წერილის თანახმად, გაბიონის კედლის მშენებლობა არანაირად არ იყო დაკავშირებული ნაპირთან უშუალო სიახლოვეს მდებარე შენობის მდგრადობასთან, რადგან სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი ხორციელდებოდა მძიმე ტექნიკის გამოყენების გარეშე - ძირითადად ხელით. მუშაობის დროს (ვ------- გ--------ს ნახსენები) ბეტონის ფილები არ დაფიქსირებულა. თუ ის არსებობდა ჩაფლული იყო მიწაში. შესაბამისად, შენობის დაზიანება-ავარიულობა ცალსახად არ უკავშირდებოდა ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობას და სცილდებოდა სააგენტოს კომპეტენციას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 8 აგვისტოს №1-------- წერილი (ტ. I. ს.ფ. 29-30);
3.11. დადგენილია, რომ ვ------- გ--------ს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის 2009 წელს მოსული თოვლის შედეგად სახლის სახურავის დაზიანების, ასევე, ცაგერის რაიონის, სოფელ ო-----–ში მდინარე ლ---------ის ადიდებით მიყენებული ზიანის საკითხთან დაკავშირებით არ მიუმართავს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 20 დეკემბრის №4183 (რეგ. №1657198, 23.12.2016წ.) წერილი (ტ. II. ს.ფ. 234-235);
3.12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ვიქტორია გ--–-------- განმარტა, რომ სადავო პერიოდში სააგენტოს მიერ საქართველოს მასშტაბით ხორციელდებოდა ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება. ტერიტორიის მოძიება ხდებოდა მუნიციპალიტეტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. კერძოდ, მას შემდეგ, რაც კონკრეტული მუნიციპალიტეტი საპროექტო ადგილების სიას წარადგენდა სააგენტოში, სააგენტოს თანამშრომლები/სპეციალისტები ადგილზე გადიოდნენ და მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით ადგენდნენ საპროექტო ტერიტორიას. უშუალოდ მუნიციპალიტეტთან თანხმდებოდა ნაპირსამაგრი ნაგებობის განთავსების ადგილი. სოფელ ო-----–ში მდ. ლ---------ას ნაპირი წარმოადგენდა პრობლემურ ადგილს, რომელიც მუდმივად საჭიროებდა გაწმენდით სამუშაოებს, ვინაიდან წყლისგან დარტყმა პირდაპირ ხდებოდა. შესაბამისად, ამ ნაპირს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა. სადავო ნაგებობა განათავსდა უშუალოდ იმ ადგილას, სადაც კლიფი იყო, მდინარისა და ნაკვეთის საზღვარზე, იქ იყო ეროზირებული ზონა. გაბიონის მოწყობა განხორციელდა ბუნებრივად მოწყობილ ე.წ. დერეფანზე, სადაც ტექნიკურად ყველაზე მეტად ხელსაყრელი იყო. ამასთან, გამგეობის მიერ გამოყოფილი ტერიტორია შემოსაზღვრული არ იყო ,,ღობით“ და ასევე, საპროექტო ტერიტორიაზე არ ჩანდა რაიმე ფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აუცილებლად შეტანილი იქნებოდა პროექტში. სპეციალისტებს ადგილზე დახვდათ ადგილობრივი ორგანოს დაფინანსებით განხორციელებული მდინარის ნაპირისკენ თავმოყრილი 10 (ათი) მეტრიანი მიწაყრილი (ქვიშა, ხრეში), რომელიც სადავო ნაგებობის მშენებლობამდე იქნა მოსწორებული, სავარაუდოდ მძიმე ტექნიკის - ტრაქტორის ,,კატეფილარის“ გამოყენებით, გამგეობის მიერ, რომელსაც ეს ტექნიკა გააჩნდა. კონკრეტულად გაბიონის მოწყობა განხორციელდა ხელით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მოწმის ჩვენება, იხ. 27.02.2017წ. სასამართლო სხდომის ოქმი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-----------------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.
მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის სახეზე უნდა იყოს ზიანი, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ხოლო სახელმწიფო მოსამსახურის ქმედებით ზიანის მიყენების საკითხის განხილვისას, ასევე, უნდა დადგინდეს, რომ ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, გამომდინარეობდა მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის სახეზე უნდა იყოს მითითებული კომპონენტები ერთდროულად, რომელიმეს არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ყოველივე აღნიშნულის არსებობა კი, დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას წარმოადგენს.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13) 23.07.2013წ.) განმარტებაზე, რომლის მიხედვით, დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
მოსარჩელე მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად უთითებს საკუთრების უფლების ხელყოფას. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, ,,ცაგერის რაიონის სოფელ ორბელში მდინარე ლ---------ზე ნაპირდამცავი ნაგებობის პროექტის“ ფარგლებში ნაპირდამცავი ნაგებობა აშენდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რამაც გამოიწვია მიწის ნაკვეთის ფართის შემცირება 1000 კვ.მ-ით, ნაპირსამაგრი სამუსაოების წარმოების შედეგად განადგურდა სანაპიროს გასამაგრებლად შეძენილი 8 ცალი ფილა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და მისი სახურავი.
6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტზე და განმარტავს, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს რა საკუთრების უფლების შეზღუდვის კრიტერიუმებს, ადგენს, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
ამგვარად, კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას და ამავე დროს იმპერატიულად ადგენს, რომ შეზღუდვის საფუძველი პირდაპირ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული. ამასთან, დაცული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესი და რაც მთავარია, შეზღუდვით არ უნდა დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. სასამართლო ასევე მიუთითებს 21-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობას კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
საკუთრების უფლება აღიარებულია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით, რომლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს უფლება, მშვიდობიანად ისარგებლოს თავისი საკუთრებით. არ შეიძლება ვინმეს ჩამოერთვას თავისი საკუთრება, გარდა საჯარო ინტერესისათვის და კანონითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით. თუმცა, ზემოხსენებული დებულებები არანაირად არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას, განახორციელოს ისეთი კანონები, რომელთაც იგი საჭიროდ თვლის, რათა გააკონტროლოს საკუთრების გამოყენება საერთო ინტერესების შესაბამისად ან უზრუნველყოს გადასახადების, შენატანების ან ჯარიმების გადახდის მოკრება.
როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,იატრიდისი საბერძნეთის წინააღმდეგ’’ განმარტა, პირველი დამატებითი ოქმის უპირველეს და ყველაზე მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს, რომ ,,საჯარო ხელისუფლების ორგანოს მიერ განხორციელებული ქონებით მშვიდობიანი სარგებლობის ნებისმიერი ხელყოფა კანონიერი უნდა იყოს: პირველი ნაწილის მეორე წინადადება ნებას რთავს ქონების ჩამორთმევას მხოლოდ კანონით დადგენილი პირობების დაცვით და მეორე ნაწილი აღიარებს სახელმწიფოს უფლებას, განახორციელოს ქონებით სარგებლობის კონტროლი კანონის მიღებით. უფრო მეტიც, კანონის უზენაესობა, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი, გამომდინარეობს კონვენციის ყველა მუხლის ფორმულირებიდან’’. იმავე გადაწყვეტილებაში, სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საზოგადოების საერთო ინტერესსა და პირის ფუნდამენტური უფლებების დაცვის აუცილებლობას შორის სამართლიანი ბალანსის დადგენის საკითხი შეიძლება გახდეს განხილვის საგანი მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დადგინება, რომ გასაჩივრებული ხელყოფა პასუხობდა კანონიერების მოთხოვნას და არ იყო თვითნებური’’. საქმეში ,,ვინტერვერპი ნიდერლანდების წინააღმდეგ’’ სასამართლომ განმარტა, რომ ,,დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც იზიარებს კანონის უზენაესობის პრინციპს, არცერთი თვითნებურად მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად’’.
ამდენად, საკუთრების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და იგი საჯარო ხელისუფლების მიერ შეიძლება შეიზღუდოს, თუმცა, აღნიშნული შეზღუდვა უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული მუხლებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით. კერძოდ, შეზღუდვა მართლზომიერად რომ ჩაითვალოს უნდა იყოს კანონის შესაბამისი, ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამასთან, შეზღუდვის მართლზომიერად მიჩნევისთვის აღნიშნული პირობები უნდა არსებობდეს ერთობლივად, რომელიმეს არარსებობა საკუთრების უფლებაში ჩარევის უკანონოდ მიჩნევის საფუძველია. შესაბამისად, საკუთრების უფლებაში ჩარევის მართლზომიერების შეფასებისას პირველ ეტაპზე უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა ძირითად უფლებაში ჩარევის ფორმალური საფუძველი - შეზღუდვა გათვალისწინებულია თუ არა კანონით და აკმაყოფილებს თუ არა კანონიერების მოთხოვნას. ამასთან, თუ დადგინდა, რომ საკუთრების უფლებაში ჩარევა კანონის შესაბამისად არ განხორციელდა, შეზღუდვის მართლზომიერების შეფასებას სახელმწიფოს მიზნის ან პროპორციულობის საკითხის განხილვა აღარ სჭირდება. ასეთ შემთხვევაში ავტომატურად ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევას.
6.3. საქმის მასალების დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაშია ცაგერის რაიონში, სოფელ ო-----–ში მდებარე 2410.00 კვ.მ. დაუზუსტებული ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 8--0-.07.---), ასევე 240.00 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №01/1 შენობა-ნაგებობა (ნახევრად დაშლილი) (საკადასტრო კოდი 8--0-.--.---, ნაკვეთის წინა ნომერი 8--0-.07.----). საყურადღებოა ის გარემოება, რომ ტექბიუროში დაცული ინფორმაციით - სააღრიცხვო ბარათებით, მოსარჩელის საკუთრების უფლება 2410.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დგინდება ჯერ კიდევ 2002 წლის 30 დეკემბრიდან, ხოლო 240.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (საერთო ფართი 117.76 მ2, სასარგებლო ფართი - 91.95 მ2, დამხარე ფართი - 26.64 მ2,) _ 2003 წლის 29 მაისიდან. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ზემოანიშნული უძრავი ქონება განთავსებულია მდინარე ლ---------ის მარჯვენა სანაპიროზე.
დადგენილია, ასევე, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, გარკვეულ უბნებზე საშიში ბუნებრივი მოვლენებისგან დაცვის მიზნით, 2009 წლის 26 იანვარს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სთხოვა წყალდიდობის საწინააღმდეგო სამუშაოების ჩატარება და აღნიშნული სამუშაოების მოსაწყობად თანხების გამოყოფა. საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში ნაპირსამაგრ და წყალდიდობის პრევენციის განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის №354 განკარგულების საფუძველზე, დამუშავდა „ცაგერის რაიონის სოფელ ო-----–ში მდ. ლ---------ზე ნაპირდამცავი ნაგებობის პროექტი“. დადგენილია, რომ ცაგერის რაიონის სოფელ ო-----–ში 100 მეტრი სიგრძის გაბიონის კონსტრუქციის მოწყობა ემსახურებოდა, მდ. ლ---------ის მარჯვენა ნაპირზე არსებული ავარიული უბნის გამაგრების გზით, მიმდებარე საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო მიწების დაცვას.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მდინარე ლ---------იდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შენობამდე მიწის ნაკვეთის მანძილი შეადგენს 624მ2-ს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილია გაბიონი (ჯებირდამცავი ნაგებობა) ზომით 2,10X100მ=210 მ2. ჯებირდამცავ ნაგებობას ვ-----------------ას ეზოს მხრიდან, მდინარიდან ამოღებული ხრეშით მოწყობილი აქვს მიწაყრილი ჯებირის სიმაღლეზე, შენობიდან ეზოს ბოლომდე 367, 50 მ2 -ზე, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 367, 50 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დანიშნულების თვალსაზრისით, უსარგებლოა. ამდენად, ცაგერის რაიონის, სოფელ ო-----–ში, მდინარე ლ---------ის მარჯვენა სანაპიროზე ჯებირდამცავი ნაგებობის (გაბიონის) განთავსების და გაბიონზე მდინარიდან ამოღებული ხრეშით მიწაყრილის მოწყობის შედეგად, დაკავებულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 991,50მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
სასამართლო, ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული/მომზადებული პროექტის ფარგლებში განხორციელებული სადავო სამშენებლო სამუშაოების შედეგად მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ოდენობა, მასთან შეთანხმებისა და მით უმეტეს, შესაბამისი კომპენსაციის გადახდის გარეშე, შემცირდა 991,50 კვ.მ-ით. მითითებული გარემოებები ცალსახად ადასტურებს ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობით მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტს. კერძოდ, სახეზეა ქმედება - მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობა, შედეგი - კერძო საკუთრების ობიექტის საკუთრების უფლების ხელყოფა და მიზეზობრივი კავშირი მითითებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს მოწმის სტატუსით დაკითხული პირის, რომელიც პირადად მონაწილეობდა საპროექტო ღონისძიებებში, განმარტებაზე. მოწმის განმარტებით, საპროექტო ტერიტორიის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა ფაქტობრივად არსებული მდგომარეობა და ნაპირსამაგრი მოეწყო ბუნებრივად მოწყობილ ე.წ. დერეფანზე, მდინარის ნაპირსა და ნაკვეთს შორის საზღვარზე და მისი გადაწევა რომელიმე მხარეს შეუძლებელი იყო. სასამართლო აღნიშნავს, მართალია, ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელება ემსახურებოდა საერთო საზოგადოებრივი ინტერესს - ტერიტორიის წყალდიდობისგან დაცვას, ამასთან, შესაძლებელია, გაბიონის მოწყობა სხვა ადგილზე შეუძლებელი იყო, თუმცა აღნიშნული არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო განმარტავს, საჯარო ინტერესის უზრუნველყოფა არის არგუმენტი, რომელიც სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, დაასაბუთოს საკუთრების ხელყოფა, თუმცა იმავდროულად დაცული უნდა იყოს სამარლიანი ბალანსი საკუთრების უფლების დაცვასა და ზოგადი ინეტრესების მოთხოვნას შორის, სამართლიანი ბალანსი ვერ დამყარდება თუ მესაკუთრეს ,,ინდივიდუალური და გადაჭარბებული ტვირთი’’ დაეკისრება. ადამიანის უფელბათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ,,ჯეიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ’’ დაადგინა, რომ კომპენსაციის პირობებს გააჩნია არსებითი მნიშვნელობა იმის შეფასებისათვის, თუ რამდენად იცავს გასაჩივრებული კანონმდებლობა სამართლიან ბალანსს საქმეში არსებულ სხვადასხვა ინტერესს შორის, კერძოდ, აკისრებს თუ არა ის განმცხადებელს არაპროპორციულ ტივირთს. სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქმეს ,,შასანიუ საფრანგეთის წინააღმდეგ’’, რომელშიც ადამიანის უფელბათა ევროპულმა სასამართლომ დარღვევად მიიჩნია კომპენსაციის არარსებობა ქონების ისეთი ხელყოფისას, რომელიც მის ჩამორთმევას არ ითვალისწინებს.
სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 209-ე მუხლს და განმარტავს, თუკი სახელმწიფო საერთო საზოგადოებრივი ინეტერისის გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ზიანს აყენებს საზოგადოების ერთ ან რამდენიმე წევრს, სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი, ვინაიდან სახელმწიფო ვალდებულია თანასწორად მოეპყროს საზოგადოების ყველა წევრს და სართო საზოგადოებრივი ინეტრესით გამართლებული არათანაბარი მოპყრობის შემთხვევაში კისრულობს ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობას.
შესაბამისად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობა გამართლებული რომც იყოს საერთო საზოგადოებრივი ინტერესით, სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც აღნიშნული ინტერესის უზრუნველყოფისას მიაყენა მოსარჩელის კერძო ინტერეს, რათა დაიცვას სამართლიანი ბალანსი საჯარო და კერძო ინტერსს შორის. მოცემულ შემთხვევაში დადენილია, რომ კერძო საკუთრებაში განხორციელებული ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობით მოსარჩელეს შეეზღუდა საკუთრების უფლება, თუმცა მოსარჩელეს სახელმწიფოს მიერ მისი სკუთრების უფლების ხელყოფისთვის კომპენსაცი არ მიუღია. იმ პირობებში კი, როდესაც მოსარჩელეს მისი საკუთრების ხელყოფისთვის არ მიუღია კომპენსაცია, სახეზეა სამართლიანი ბალანსის დარღვევა საკუთრების უფლების დაცვასა და ზოგადი ინტერესების მოთხოვნას შორის, რაც წარმაოდგენს ხელყოფის არამართლზომიერად მიჩნევის საფუძველს.
რაც შეეხება კერძო საკუთრებაში განხორციელებული ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობით მოსარჩელისთვის ზიანის მიყენებაზე პასუხიმგებელ სუბიექტს, სასამართლო განმარტავს, ზიანის ანაზღაურებისას აუცილებელია, ზიანის მოთხოვნა მიმართული იყოს სწორედ იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება და რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია დამდგარი შედეგი. სასამართლოს შეფასებით, ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობის პროექტი დაამუშავდა და საპროექტო ტერიტორია განისაზღვრა გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე, საკუთრების უფლების უგულებელყოფით. კერძოდ, პროექტის დამუშავებასთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოების ფარგლებში არ იქნა მოძიებული თუ ვის საკუთრებას წარმოადგენდა საპროექტო ტერიტორია, იყო მუნიციპალიტეტის საკუთრება, თუ ეკუთვნოდა კერძო პირს და საჭიროებდა თუ არა კონკრეტული პირის თანხმობას. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარება გულისხმობს არა მხოლოდ ავარიული ადგილების გამოვლენას და ნაპირსამაგრი ნაგებობისათვის განსათავსებელი ადგილის მოძიებას, არამედ ყველა დაინტერესებული პირის ინტერესების დაცვას.
განსახილველ შემთხვევაში ცაგერის რაიონის სოფელ ო-----–ში, მდინარე ლ---------ის ნაპირსამაგარი სამუშაოების წარმოება საჭიროებდა კომპლექსურ სამუშაოების ჩატარებას, რომელიც უნდა განეხორციელებინა რამდენიმე სახელმწიფო ორგანოს ურთიერთშეთანხმებისა და ურთიერთკოორდინაციის საფუძველზე, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლოს მიერ უნდა დადგინდეს სამუშაოების წარმოებაში ჩართული რომელი ორგანოს კომპეტენციაში შედიოდა საპროექტო ტერიტორიის მესაკუთრის დადგენა.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მონიტორინგისა და პროგნოზირების დეპარტამენტის სპეციალისტებმა შეისწავლეს არსებული მდგომარეობა და გამოარკვიეს, რომ მდინარე ლ---------აზე საჭირო იყო წყალდიდობის საწინააღმდეგო სამუშაოების ჩატარება, მათ შორის, მდინარის კალაპოტების ამოწმენდა, ნაპირდამცავი ჯებირების და დამბების მშენებლობა, რისთვისაც შესაბამისი მოთხოვნით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს.
დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის №354 დადგენილების საფუძველზე, სსიპ გარემოს ეროვნულის სააგენტოს 2009 წლის საბიუჯეტო ფინანსირების ფარგლებში, ნაპირსამაგრი სამუშაოების მიზნობრივი პროგრამით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დამუშავდა ცაგერის რაიონის სოფელ ო-----–ში მდინარე ლ---------ზე ნაპირსამაგრი ნაგებობის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა საავტომობილო ხიდიდან მდინარის დინების ქვემოთ ეროზირებადი ნაპირის დაცვას. კერძოდ, არსებული ნაპირის შენარჩუნების მიზნით უნდა აგებულიყო გაბიონის 100 მეტრის სიგრძის, 2 მეტრი სიმაღლის კედელი, რომელიც იწყებოდა ხიდის მარჯვენა ბურჯიდან და მიჰყვებოდა იმ დროისთვის არსებული ნაპირის კლიფს. ამასთან, იმისთვის, რომ გაბიონის ყუთებიდან არ მომხდარიყო წყლის გაჟონვა და ტერიტორიის დატბორვა, საჭიროდ იქნა მიჩნეული უკუყრილის მოწყობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა მოწმემ განმარტა, რომ სადავო პერიოდში სააგენტოს მიერ საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობა ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება. ტერიტორიის მოძიება ხდებოდა მუნიციპალიტეტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. კერძოდ, მას შემდეგ, რაც კონკრეტული მუნიციპალიტეტი საპროექტო ადგილების სიას წარადგენდა სააგენტოში, სააგენტოს თანამშრომლები/სპეციალისტები ადგილზე გადიოდნენ და მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით ადგენდნენ საპროექტო ტერიტორიას. უშუალოდ მუნიციპალიტეტთან თანხმდებოდა ნაპირსამაგრი ნაგებობის განთავსების ადგილი.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათავლისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2009 წელს, ნაპირსამაგრი სამუშაოების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტო საძიებო-კვლევით სამუშაოებს ახორციელებდა მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მასთან შეთანხმებით დამუშავდა ცაგერის რაიონის სოფ. ო-----–ში მდ. ლ---------ზე ნაპირსამაგრი ნაგებობის პროექტი და მხოლოდ მის მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე მოხდა სამშენებლო სამუშაოების წარმოება. ამასთან, საკვლევი უბნის საძიებო-კვლევითი სამუშაოების წარმოების პროცესში, ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა მარჯვენა ტერიტორიის დასაცავად ნაყარი ბერმას მოწყობა, რომელიც შენობიდან 4 მ-დან 9 მ-მდე იყო დაშორებული. შესაბამისად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში, მიზანშეწონილად მიიჩნია მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობა, შესაბამისი ინიცირებით მიმართა უფლებამოსილ ორგანოს, რომელმაც, ასევე, მუნიციპალიტეტთან უშუალო შეთანხმებით განსაზღვრა საპროექტო ტერიტორია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ,,ცაგერის რაიონის სოფელ ო-----–ში მდ.ლ---------აზე ნაპირდამცავი ნაგებობის პროექტის“ ფარგლებში ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულება, რომელიც გულისხმობდა ავარიული ადგილების გამოვლენას და ნაპირსამაგრი ნაგებობისათვის განსათავსებელი ადგილის მოძიებას, სწორედ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ვალდებულებას წარმოადგენდა, ვინაიდან სამუშაოების მის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე წარმოებდა. ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო ნაგებობის განსათავსებელი ტერიტორიის გამოყოფის მომენტისათვის ხელთ უნდა ჰქონოდა მის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია, მათ შორის, დაზუსტებელი და დაუზუსტებელი რეგისტრაციის შესახებ. სწორედ მუნიციპალიტეტს ჰქონდა ვალდებულება, დაედგინა საპროექტო ტერიტორიის მესაკუთრე, რაც შესაძლებელი იყო არა მარტო საჯარო რეესტრის მეშვეობით, რომლის მონაცემები ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ კანონის 12.6 მუხლის, ,,ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის თანახმად, საჯარო და ხელმისაწვდომია, არამედ უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტების, მათ შორის, ტექ.ბიუროში დაცული სააღრიცხვო ბარათებიდან მიღებული ინფორმაციების შესწავლით.
ამდენად, კერძო საკუთრებაში განხორციელებული ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობით მოსარჩელისთვის ზიანის მიყენებაზე პასუხიმგებელ სუბიექტს წარმოადგენს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რაც გამორიცხავსს გარემოს ეროვნული სააგეტნოს ბრალეულობა მოსარჩელის მიმართა დამდგარ ზიანთან დაკავშირებით. აღნიშნული, უფლებამონაცვლეობის გათვალისწინებით, ასევე, გამორიცხავს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ზიანის ანაზღაურების თაობაზე ვალდებულ პირად მიჩნევას.
სასამართლო, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყოით მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება, ხოლო 411-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მატერიალური ზიანის ანაზღაურებისას მხედველობაში მიიღება ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი.
მოსარჩელის განმარტებით, ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობის შედეგად 1 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ჩამორთმევით მიყენებულმა ზიანის ოდენობამ შეადგენს 20 000 ლარი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და გურიის რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატის 2013 წლის 3 ივნისის №140 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ოდენობა შემცირდა არა 1000 კვ.მ-ით, არამედ 991,50 კვ.მ-ით. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც მიწის ნაკვეთის შემცირებით გამოწვეულ ზიანს ზუსტად შეაფასებდა და მის ასანაზღაურებლად კონკრეტულ თანხას განსაზღვრავდა. მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას ეყრდნობა მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებას.
სასამართლო მიიჩნევს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით მტკიცებულება არ წარმოუდგენია და შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით, ცაგერის რაიონში, სოფელ ო-----–ში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 991,50მ2 -ფართის მიწის ნაკვეთის ხელყოფისათვის ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს „ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის №6 დადგენილებით, რომელიც ადგენს ცაგერის მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთების ნორმატიულ ფასს. კერძოდ, მითითებული ნორმატიული აქტის თანახმად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ცაგერისათვის დადგენილი ფასის 50 %-ის ოდენობით და შეადგენს 1.26 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 1 249, 29 (991,5 X 1.26) ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა დაეკისროს ვ------- გ--------ს სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 1 249,29 ლარის გადახდა.
6.4. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ნაპირის გასამაგრებლად შეძენილი 8 ცალი ფილის განადგურებასა და საცხოვრებელი სახლის, მათ შორის, სახლის სახურავის, დაზიანების თაობაზე, სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-411-ე მუხლებზე დაყრდნობით, კიდევ ერთხელ, აღნიშნავს, რომ მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად აუცილებელია ზუსტად დგინდებოდეს ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი. აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმის სტატუსით გამოკითხული პირის განმარტებით არ დგინდება საპროექტო ტერიტორიაზე ფილების არსებობა, ასევე, მდინარის სანაპიროს მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობის უშუალოდ სადავო სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შედეგად დაზიანების ფაქტები. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც მომზადებულია მიწის ნაკვეთის ფაქტიური ზომის დადგენის მიზნით, დაფიქსირებულია მოსარჩელის კუთვნილი შენობა-ნაგებობის არსებული მდგომარეობა და არ იკვეთება ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები. უშუალოდ სამშენებლო პროცესში ჩართულმა პირებმა 2012 წლის 14 აგვისტოს აქტზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ვ-----------------ას მიერ მოწყობილი რკინა-ბეტონის ფილები მდინარე ლ---------მა ადიდების შედეგად, გაიტაცა და გაანადგურა. ადგილზე მისულებს რკინა-ბეტონის ფილები მდინარიდან წაღებული დახვდათ. მდინარის ადიდების შემდეგ მობილიზდა მძიმე ტექნიკა, კერძოდ, ტრაქტორი „კატეფილარი“. აღნიშნული დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმემ, რომელმაც განმარტა, რომ ადგილზე მისვლის დროს ფილები არ დახვედრიათ, ასეთის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად შეტანილი იქნებოდა პროექტში. მისივე განმარტებით, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის, მიწაყრილის მოსწორებისათვის სავარაუდოდ გამოყენებული იქნებოდა ტრაქტორი ,,კატეფილარი“, რომელიც გამგეობას ჰყავდა, ხოლო ნაპირსამაგრი ჯებირის ,,გაბიონის“ მოწყობა განხორციელდა ხელით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამდენად, მითითებული ნორმები ცხადყოფს, რომ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარემ ვერ უზრუნველყო ფილების განადგურებით, საცხოვრებელი სახლისა და სახურავის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მხრიდან ზიანის მიყენების დადასტურება სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით, რის გამოც, სარჩელი აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის, ასევე, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ1’’ და ,,უ’’ ქვეპუნქტების თანახმად, მოსარჩელე, ისევე როგორც მოპასუხე, განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ გადახდილ საექსპერტო და ადვოკატის მომსახურების ხარჯებს, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2013 წლის 20 მაისს ექსპერტიზის ჩატარებისთვის 200 (ორასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - ქვითარი (ტ. I, ს.ფ. 34). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 14 მარტის შემოსავლის ორდერით (ტ. I. ს.ფ. 35) დასტურდება, რომ ვ-----------------ამ სასამართლოში საქმის წარმოების მიზნით გადაიხადა 500 (ხუთასი) ლარი. შესაბამისად, მითითებული ხარჯების ანაზრაურება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, უნდა დაეკისროს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ-------ი გ--------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისროს ვ------- გ--------ს სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 1 249,29 (ათას ორას ორმოცდაცხრა ლარისა და ოცდაცხრა თეთრის) ლარის გადახდა;
3. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისროს ვ------- გ--------ს სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 500 (ხუთასი) ლარის და ექსპერტიზისათვის გაწეული ხარჯის 200 (ორასი) ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე თამარ მეშველიანი