გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.01.2020
საქმის ნომერი
351210019002823894
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
17.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

# 351210019002823894

საქმე №2-32-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი:

24 დეკემბერი, 2019 წელი ქ. გარდაბანი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე

მოსარჩელე - რა----ი თე--------–---–ი

წარმომადგენლები: ბ--–--------ე, ლ-----–-------–---–ი

მოპასუხე - თი-----ნ ფუ-------–---–ი

წარმომადგენელი (ორდერით) - ს--–-------------ა

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ½ ნაწილის გაუქმება, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა ½ ნაწილში

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელე - რა----ი თე--------–---–ი ცნობილ იქნეს მოპასუხე - თი-----ნ ფუ-------–---–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ს/კ 5-----------, მისამართი: ყვარლის რაიონი, სოფელი შილდა) ½ წილის თანამესაკუთრედ;

 

1.2. ქ. გარდაბანში, ლ----–---- ქუჩა №1-----ში მდებარე ქონებაზე (ს/კ 8------------------) 21.06.2011 წლის ჩუქების ხელშეკრულების ½ ნაწილის ბათილად ცნობა (უმადური დამოკიდებულობის გამო) და გაბათილებულ ნაწილზე მოსარჩელე - რა----ი თე--------–---–ის საკუთრების უფლების აღდგენა.

 

სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე - რა----ი თე--------–---–ი 1980 წლიდან 2015 წლის 25 დეკემბრამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე - თი-----ნ ფუ-------–---–თან (თე--------–---–თან). ქორწინების პერიოდში, მეუღლეებმა ერთობლივად შეიძინეს საკმაოდ სოლიდური ქონება, ქალაქსა და სოფელში. რატომღაც ყველა ქონება რეგისტრირდებოდა შეძენისთანავე მოპასუხის სახელზე. მოსარჩელეს ეს არ მიაჩნდა პრობლემად და თვლიდა, რომ ოჯახის ქონება იყო და ვის სახელზე იქნებოდა დარეგისტრირებული, მნიშვნელობას არ ანიჭებდა. სამწუხაროდ, მოსარჩელე - რა----ი თე--------–---–ის მიერ ოჯახისა და მეუღლის მიმართ გამოჩენილი პატივისცემა და ნდობა, მას საწინააღმდეგოდ შემოუბრუნდა და დღეს ის აბსოლუტურად უსახლკაროდ, მშობლისეული სახლის გარეშეც კი დარჩა, რადგან მამაპაპისეული სახლიც მეუღლის სახელზე გადააფორმა. 35 წლიანი თანაცხოვრება, საერთო სრულწლოვანი შვილები და ასაკი ბოლოს და ბოლოს ნამდვილად არის ქმრის მხრიდან ცოლისადმი დიდი ნდობის წარმოშობის საფუძველი. მეუღლეები ცხოვრობდნენ ქ. გარდაბანში, ლ----–---- ქუჩა №4-----ში. ეს ქონება თავის დროზე მათ ერთობლივად მიიღეს სახელმწიფოსგან, ორდერი გაიცა ორივე მათგანზე. 1998 წელს პრივატიზაცია და შემდგომ, 2006 წელს საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განხორციელდა მხოლოდ რა----ი თე--------–---–ის სახელზე. მოგვიანებით, 21.06.2011 წელს მოსარჩელემ ეს ქონება, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გადასცა მოპასუხეს. ამ ქონების გარდა, მეუღლეებმა 2013 წლის 15 აგვისტოს ერთობლივად შეიძინეს მიწის ნაკვეთი სოფელ შილდაში. მოგვიანებით, მოსარჩელისგან გაუგებარი მიზეზებით, მოპასუხის დამოკიდებულება ოჯახის და მეუღლის მიმართ შეიცვალა და ბოლოს ურთიერთობა გახდა იმდენად შეუძლებელი, რომ ისინი განქორწინდნენ.

 

განქორწინების შემდეგ, რა----ი თე--------–---–ი მშვიდად მივიდა მეუღლესთან და სთხოვა ერთად შეძენილი და მიღებული ქონება, მიუხედავად იმისა, ვის სახელზე რომელი იყო გაფორმებული, გაეყოთ ერთმანეთში მშვიდობიანი გზით, ანუ გადანაწილებულიყო ურთიერთშეთანხმებით, რომ ორივეს ცალ-ცალკე ნორმალურად ეცხოვრათ. მოლაპარაკების ნაცვლად, მოპასუხე თი-----ნ ფუ-------–---–მა მოსარჩელე რა----ი თე--------–---–ი გამოაგდო სახლიდან, მის გასაღიზიანებლად, ყვირილით გამოიტანა ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლითაც აღმოჩნდა, რომ ქონების ნაწილი მას ქონდა გაყიდული ისე, რომ არ შეუთანხმებია მეუღლესთან. რატომ თვლიდა მოსარჩელე, რომ მას ეკუთვნოდა ყველაფერი, მოპასუხისთვის გაუგებარია. 26.10.2018 წლის საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით აღმოჩნდა გაუყიდავი მხოლოდ ორი ქონება: ქ. გარდაბანში, ლ----–---- ქუჩა #1-----ში მდებარე ბინა, ს/კოდით 8------------------ და ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე მიწის საკარმიდამო ნაკვეთი, ს/კოდით 5-----------. გამოთხოვილი ინფორმაციით, მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ გაყიდულ ქონებაში იმდენად ცოტა იყო მითითებული ნასყიდობის ფასი, რომ დავის ფასი ნული იყო, ამიტომ მოსარჩელე შეჯერდა გაუყიდავ ქონებაზე.

 

მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ მოსთხოვა მოპასუხეს ქონების მშვიდობიანი გზით გაყოფა, მოპასუხემ ყველა ნივთი, რომელიც ეკუთვნოდა მოსარჩელეს და ინახებოდა ქ. გარდაბნის ბინაში, სახლიდან ქუჩაში გადმოყარა, საბოლოოდ ეს ნივთები გაფუჭდა. მხარეთა საერთო შვილი - ვაჟი, რომელმაც მამის მხარდაჭერა გამოხატა, მოპასუხემ სახლიდან გამოაგდო. მოპასუხე არ ელაპარაკება უმცროს ქალიშვილსაც. მოპასუხე უმადურად ექცევა როგორც მოსარჩელეს, ასევე მის შვილებსაც. მოპასუხე შვილებზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს და ცდილობს მამის წინააღმდეგ განაწყოს. მხარეებს ჰყავთ 4 საერთო შვილი: ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი.

 

ქ. გარდაბანში მდებარე ბინა, 21.06.2011 წელს მხარეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, აღრიცხულია საკუთრების უფლებით მოპასუხის სახელზე. აღნიშნული ბინა მხარეებს მიღებული ჰქონდათ სახელმწიფოსგან თანაცხოვრების პერიოდში, ორდერში იყო მოხსენიებული ორივე მხარე, თუმცა პრივატიზაცია გაკეთდა 22.06.1998 წელს მხოლოდ მოსარჩელე - რა----ი თე--------–---–ის სახელზე. შესაბამისად, მართალია მოსარჩელემ 2011 წელს ჩუქების ხელშეკრულებით მოპასუხეს გადაუფორმა ქონება, მაგრამ თავის დროზე ესეც ერთობლივი ქონება იყო და თავის მხრივ ამ ქონების ½ - ½ წილის მესაკუთრეებად მოიაზრებოდა ორივე მათგანი.

 

მოსარჩელე ითხოვს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას, მაგრამ რადგან მოპასუხე აუცილებლად წარადგენს დოკუმენტაციას ამ კონკრეტული ქონების მიღება-გაფორმების თარიღთან დაკავშირებით, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მხოლოდ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა ½ ნაწილში, რადგან დანარჩენი ნაწილი, ისედაც ეკუთვნოდა მოპასუხეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - თი-----ნ ფუ-------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაგებლის თანახმად, მხარეთა შორის ქორწინება შეწყვეტილია 15.12.2015 წელს, ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელი აღძრულია 28.01.2019 წელს, შესაბამისად, სარჩელი სასამართლოში წარდგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

შესაგებელს მხარი დაუჭირა მოპასუხე მხარემ საქმის ზეპირ მოსმენაზე და დამატებით განმარტა, რომ თავდაპირველად მოსარჩელე - რა----ი თე--------–---–მა 03.12.2018 წელს მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რაც არ იქნა მიღებული განსახილველად. ამის შემდეგ, 28.12.2018 წელს იმავე შუამდგომლობით მოსარჩელე - რა----ი თე--------–---–მა მიმართა გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს.

 

ვინაიდან, მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა 15.12.2015 წელს, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ½ წილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 15.12.2018 წელს, რის გამოც სარჩელი ხანდაზმულია და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხემ სასამართლოს მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.01.2016 წლის №ას-493-467-2015 გადაწყვეტილებაზე.

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, რომელიც შეეხება ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობას, არც აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული, რადგან მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ მოპასუხემ გამოიჩინა უმადურობა მოსარჩელის მიმართ, ვერ უთითებს როდის გამოიჩინა უმადური დამოკიდებულება მოპასუხის მიმართ და რაში გამოიხატა ის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე - რა----ი თე--------–---–ი და მოპასუხე - თი-----ნ ფუ-------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 24.01.1980 წლიდან 15.12.2015 წლამდე. განქორწინების შემდეგ, 2018 წლის აგვისტოს თვემდე მხარეები ცხოვრობდნენ ერთად.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ქორწინების და განქორწინების მოწმობები (ს. ფ. 61, 62);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (25.11.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3.1.2. დადგენილია, რომ 03.12.2018 წელს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას რა----ი თე--------–---–მა მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. 04.12.2018 წლის განჩინებით, განცხადება არ იქნა მიღებული განსახილველად.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 04.12.2018 წლის განჩინება საქმეზე №12ა-62-18 (ს. ფ. 5-6).

 

3.1.3. დადგენილია, რომ 28.12.2018 წელს რა----ი თე--------–---–მა, იგივე განცხადებით, რომლის მიღებაზეც უარი ეთქვა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, მომართა ამავე სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რაც დაკმაყოფილდა 17.01.2019 წლის განჩინებით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- რა----ი თე--------–---–ის განცხადება (ს. ფ. 2-3);

- 17.01.2019 წლის განჩინება (ს. ფ. 36-40).

 

3.1.4. დადგენილია, რომ რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში მხარეებმა შეიძინეს და მიიღეს სხვადასხვა უძრავი ქონებები, მათ შორის: ქ. გარდაბანში, ლ----–---- ქუჩა #1-----ში მდებარე ბინა (ს/კოდით 8------------------) და ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე მიწის საკარმიდამო ნაკვეთი (ს/კოდით 5-----------). ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე მიწის საკარმიდამო ნაკვეთი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით 05.05.2014 წელს დარეგისტრირდა მოპასუხე - თი-----ნ ფუ-------–---–ის სახელზე.

 

ქ. გარდაბანში, ლ----–---- ქუჩა #1-----ში მდებარე ბინა ორდერის საფუძველზე მიიღეს მეუღლეებმა, პრივატიზაცია 22.06.1998 წელს განხორციელდა მოსარჩელე - რა----ი თე--------–---–ის სახელზე და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა საკუთრების უფლებით. ამის შემდეგ, 21.06.2011 წელს მოსარჩელე - რა----ი თე--------–---–მა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლება გადასცა მოპასუხე - თი-----ნ ფუ-------–---–ს, რაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა 07.07.2011 წელს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 57-58);

- მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებები.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში; მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტურებს მის მოთხოვნას, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ გამოიჩინა უმადურობა მოსარჩელის (ნივთის გამჩუქებლის) მიმართ ან მიაყენა მძიმე შეურაცხყოფა ამ უკანასკნელს, ვერ იქნა დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. მხარეთა ზეპირი ასხმა-განმარტებების მოსმენისა და მათ მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რა----ი თე--------–---–ის მოთხოვნა მოპასუხე - თი-----ნ ფუ-------–---–ის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული უძრავი ქონების (მდებარე: ყვარლის რაიონი, სოფელი შილდა, საკადასტრო კოდი: 5-----------) ½ წილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

4.2. მხარეთა ზეპირი ასხმა-განმარტებების მოსმენისა და მათ მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რა----ი თე--------–---–ის მოთხოვნა მოპასუხე - თი-----ნ ფუ-------–---–ის მიმართ, მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ გამოვლენილი უმადურობის გამო, 21.06.2011 წლის ჩუქების ხელშეკრულების ½ ნაწილის გაუქმებისა და გაუქმებულ ნაწილში, მოსარჩელე - რა----ი თე--------–---–ის საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე, 529-ე, 1158-ე, 1164-ე, 1165-ე, 1168-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თანსაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. ამავე კოდექსის 1165-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა ხდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ხოლო, თუ ასეთი შეთანხმება არ არის მიღწეული, მაშინ – სასამართლოს მიერ. სასამართლო განსაზღვრავს, თუ რომელი ნივთი რომელ მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანხმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 24.01.1980 წლიდან 15.12.2015 წლამდე, ერთად ცხოვრობდნენ 2018 წლის ზაფხულის ჩათვლით. ასევე დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომელიც შედგება სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) 2458 მ2 მიწის ფართობისგან და რომელიც მდებარეობს მისამართზე: ყვარლის რაიონი, სოფელი შილდა (ქონების ს/კ 5-----------), 06.03.2014 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხე - თი-----ნ ფუ-------–---–ის (პ/ნ 1----------) სახელზე.

 

შესაბამისად დგინდება, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება შეძენილია მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში, მაშინ როდესაც ისინი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რაც წარმოადგენს სარჩელის (მოთხოვნის ამ ნაწილში) დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

 

6.2. რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელი ამ ნაწილში ხანდაზმულია, რადგან განქორწინებიდან სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ მხარემ მიმართა გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს და მიაჩნია, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული.

 

სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა არის ათი წელი, რომელიც დადგენილია ყველა იმ ურთიერთობისათვის, რომლისთვისაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას. სპეციალური ხანდაზმულობის ვადების დადგენა კი შესაძლებელია კანონით. ამასთან, ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ მხარის მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1171-ე მუხლის თანახმად, განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

 

ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანია დადგინდეს, საიდან უნდა დაიწყოს თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნისათვის დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

ამავე კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2015 წლის 15 დეკემბერს. ასევე დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებით რა----ი თე--------–---–მა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა 2018 წლის 03 დეკემბერს, თუმცა 2018 წლის 04 დეკემბერის განჩინებით, სასამართლომ უარი უთხრა რა----ი თე--------–---–ს განცხადების განსახილველად მიღებაზე, რადგან დავის საგნიდან გამომდინარე, საქმე წარმოადგენდა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადს, ვინაიდან წარმოსადგენი სარჩელის ფასი არ აღემატებოდა 5000 ლარს. დადგენილია, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს რა----ი თე--------–---–მა მომართა ამავე სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ რადგან რა----ი თე--------–---–მა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართა განცხადებით სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ 03.12.2018 წელს, ამ დროს შეწყდა სამოქალაქო კოდექსის 1171-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დინება. ამასთან უფლებამოსილმა პირმა - რა----ი თე--------–---–მა 6 თვის ვადაში წარადგინა ახალი განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ (28.12.2018 წელს), ხოლო სარჩელი აღძრა 29.01.2019 წელს სასამართლოში. შესაბამისად, მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. აღსანიშნავია, რომ ჩუქების ხელშეკრულება განკარგვითი ხასიათისაა და შედეგად, შემძენისათვის საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529 -ე მუხლით დადგენილია ის სავალდებულო ორი პირობა, რომლიდანაც ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება ჩუქება გაუქმდეს, ესენია: თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ამასთან დადგენილია ვადა, რომლის მიხედვით, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529 -ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა ნაჩუქრობის შინაარსის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მჩუქებლის უფლება, უკან დაიბრუნოს გაჩუქებული ქონება, ჩუქების ურთიერთობის მაღალი ზნეობრივი ხასიათითაა განპირობებული. ნაჩუქრობა ისტორიულად ჩამოყალიბდა, როგორც ზნეობრივ საძირკველზე დაფუძნებული ურთიერთობა. „სამართალში და განსაკუთრებით სამოქალაქო სამართალში ყოველთვის აუცილებელია სამართალსა და ზნეობას შორის ფუნდამენტური ურთიერთობის გათვალისწინება. აუცილებელია იმ მსგავსებისა და განსხვავების გათვალისწინება, რომელიც არსებობს სამართლებრივ შეფასებასა და ზნეობრივ შეფასებას, სამართლებრივ ღირებულებასა და ზნეობრივ ღირებულებას შორის“ (იხ. ბ. ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბ., 2007, 29). ნაჩუქრობა არის სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირის გამოვლინება. ამიტომაცაა, რომ მჩუქებლის მიერ ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ გაცემა პირდაპირ უკავშირდება დასაჩუქრებულის მხრიდან, მართალია, არა სამაგიერო, მაგრამ ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. სწორედ ასეთი ვალდებულება უნდა დაუპირისპირდეს მჩუქებლის მიერ გაღებულ ქონებრივ სიკეთეს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/155, 01 აპრილი, 2003).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე - რა----ი თე--------–---–მა მოპასუხე - თი-----ნ ფუ-------–---–ს აჩუქა ქ. გარდაბანში, ლ----–---- ქუჩა #-------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომელიც საკუთრების უფლებით 07.07.2011 წელს აღირიცხა მოპასუხის სახელზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ჩუქების გაუქმებისათვის, მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს მოპასუხის მიერ მძიმე შეურაცხყოფის ან დიდი უმადურობის გამოჩენის ფაქტის დადასტურება, მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, რაც მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, ობიექტურად შეიძლება თუ არა უმადურობად ან შეურაცხყოფად იქნეს მიჩნეული.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია როგორც მჩუქებლის, ისე მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოჩენილი დიდი უმადურობა ან მძიმე შეურაცხყოფა. ამ დანაწესის მიხედვით, გამჩუქებლის მიმართ დასაჩუქრებულის უმადური დამოკიდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევს ჩუქების გაუქმებას, თუკი ასეთი მჩუქებლის მიერ იქნება მოთხოვნილი, ანუ მჩუქებელი დასაჩუქრებულის ზნეობრივად გასაკიცხ ქმედებას იმდენად უნდა ითავისებდეს, რომ თვითონვე უნდა ხდიდეს სადავოდ მასსა და დასაჩუქრებულს შორის არსებულ სამართალურთიერთობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ განმარტავს, თუ რა იგულისხმება მძიმე შეურაცხყოფის მიყენებაში ან დიდი უმადურობის გამოჩენაში. დიდი უმადურობა და მძიმე შეურაცხოფა შეფასებითი კატეგორიისაა. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შეფასებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც მჩუქებლის მიერ გარემოებების აღქმა, ე.წ. სუბიექტური თვალსაწიერი, ასევე, მოსამართლის მიერ იმის შეფასება, თუ როგორ აღიქვამდა ამ გარემოებებს იმავე პირობებში მყოფი სხვა ადამიანი.

 

სასამართლო პრაქტიკაში მიღებულია, რომ მჩუქებლის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს ის უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის.

 

სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით, უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (სუს გ. №ას-1235-1176-2014, 24.02.2015 წ.).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლოს მიუთითა შემდეგი: 2018 წლის ზაფხულში, მოპასუხემ სახლიდან გამოაგდო მოსარჩელე და ამ დროიდან დაწყებული დღემდე გრძელდება მოპასუხის მხრიდან უმადური დამოკიდებულება მოსარჩელის მიმართ. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ განქორწინების შემდეგ, მოსარჩელე - რა----ი თე--------–---–ი მშვიდად მივიდა მოპასუხე - თი-----ნ ფუ-------–---–თან და სთხოვა ერთად შეძენილი და მიღებული ქონება გაეყოთ, თუმცა მოლაპარაკების ნაცვლად, მოპასუხემ მოსარჩელე გამოაგდო სახლიდან; მის გასაღიზიანებლად, ყვირილით გამოიტანა ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლითაც აღმოჩნდა, რომ ქონების ნაწილი მოპასუხეს ჰქონდა გაყიდული ისე, რომ არ შეუთანხმებია მეუღლესთან.

 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით, მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება და ვერ წარუდგინა სასამართლოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამდენად, არ არსებობს ჩუქების გაუქმების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს სარჩელზე დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო ,,ე“ პუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე, რა----ი თე--------–---–ს გადახდილი აქვს 100 (ასი) ლარი (ს.ფ. 20-21), ხოლო სარჩელზე - ასევე 100 (ასი) ლარი (ს.ფ. 70-71).

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, რომელშიც შედის სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის გადახდილი ბაჟის ნაწილი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს ზედმეტად აქვს გადახდილი სარჩელზე 50 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე 50 ლარი, რის გამოც აღნიშნული თანხა მას უნდა დაუბრუნდეს უკან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, რომ მოპასუხეს დაეკისროს 1000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, როგორც იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი. საქმეში წარმოდგენილია რა----ი თე--------–---–სა და ბ--–--------ეს შორის 12.12.2018 წელს დადებული ხელშეკრულება #33 იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე, რომლის მიხედვით, იურიდიული მომსახურების საფასური შეადგენს 1000 (ათას) ლარს (ს.ფ. 67-69).

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ზემოაღნიშნული ხარჯის ანაზღაურება ნაწილობრივ, კერძოდ 57 (ორმოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით, რომელიც გამოანგარიშებული იქნა შემდეგნაირად: სარჩელის ფასის - 2850 ლარის 4 % შეადგენს 114 ლარს, რომლის ნახევარია - 57 ლარი.

 

7.3. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას, დაეკისროს მოპასუხეს 40 ლარის გადახდა, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადახდილი რეგისტრაციის საფასურს, აღნიშნული არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს 17.01.2019 წლის განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ 2 უძრავ ქონებაზე, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი სასამართლოსთვის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მან დაარეგისტრირა სასამართლოს განჩინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და ამონაწერის განახლებისთვის, გაიღო ხარჯი 40 ლარის ოდენობით. შესაბამისად, შუამდგომლობა არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებით.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გარდაბნის მაგისტრატი მოსამართლის 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის შუამდგომლობა და თი-----ნ ფუ-------–---–ს (პ/ნ 1----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების: 1. საკადასტრო კოდი: 5-----------, მისამართი: ყვარლის რაიონი, სოფელი შილდა; 2. საკადასტრო კოდი: 8------------------, მისამართი: ქ. გარდაბანი, ლ----–---- ქუჩა #-----------), ნებისმიერი ფორმით გასხვისება და სანივთო-სამართლებრივი უფლებებით დატვირთვა (ს.ფ. 36-40).

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად: ა) უნდა გაუქმდეს გარდაბნის მაგისტრატი მოსამართლის 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც თი-----ნ ფუ-------–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული და ქ. გარდაბანში, ლ----–---- ქუჩა #------------ში მდებარე (საკადასტრო კოდი: 8------------------) უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით გასხვისება და სანივთო-სამართლებრივი უფლებებით დატვირთვა. ბ) უცვლელად უნდა დარჩეს გარდაბნის მაგისტრატი მოსამართლის 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც თი-----ნ ფუ-------–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული და ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით გასხვისება და სანივთო-სამართლებრივი უფლებებით დატვირთვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 37-ე, 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. რა----ი თე--------–---–ის სარჩელი მოპასუხე - თი-----ნ ფუ-------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოსარჩელე - რა----ი თე--------–---–ი ცნობილ იქნეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოპასუხე - თი-----ნ ფუ-------–---–ის (თე--------–---–ის) (პ/ნ 1----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. გარდაბანი, ლ----–---- ქუჩა #------------, საკადასტრო კოდი: 8------------------) ½ წილის მესაკუთრედ;

 

3. არ დაკმაყოფილდეს რა----ი თე--------–---–ის სარჩელი მოპასუხე - თი-----ნ ფუ-------–---–ის მიმართ, 21.06.2011 წლის ჩუქების ხელშეკრულების ½ ნაწილის გაუქმებისა და გაუქმებულ ნაწილში რა----ი თე--------–---–ის საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ;

 

4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე - რა----ი თე--------–---–ის შუამდგომლობა მოპასუხისთვის 40 (ორმოცი) ლარის დაკისრების თაობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;

 

5. მოპასუხე - თი-----ნ ფუ-------–---–ს დაეკისროს მოსარჩელე - რა----ი თე--------–---–ის სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, საიდანაც 25 ლარი არის სარჩელზე გადახდილი ბაჟი და 25 ლარი არის სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი ბაჟი;

 

6. მოსარჩელე - რა----ი თე--------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 100 (ასი) ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი ბაჟი (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახაზინო კოდზე: 300113150 გადაიხადეს 28.12.2018 წელს დ--------------–-ძემ და 28.01.2019 წელს თ------------ძემ);

 

7. მოპასუხე - თი-----ნ ფუ-------–---–ს დაეკისროს მოსარჩელე - რა----ი თე--------–---–ის სასარგებლოდ 57 (ორმოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდა, იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად;

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა), გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილი