გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2019
საქმის ნომერი
190210019002961725
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/662-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.12.2019 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე და სალომე არევაძე

მოსარჩელე შპს ”რ-----–------------”

წარმომადგენელი თამაზ ახპატელი

მოპასუხეები სსიპ რ------------------------ სკოლა

ააიპ კ-------–---–---------------------–------ი

წარმომადგენელი აბელ გეგია

დავის საგანი ნარდობის საფასურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სსიპ რ------------------------ სკოლისათვის 6208.71 ლარის დაკისრება

1.2. ააიპ კ-------–---–---------------------–------ისათვის 9 334.85 ლარის დაკისრება

 

სარჩელის გარემოებები:

 

2015 წლის 17 აგვისტოს შპს ”რ-----–-------------სა” და მოპასუხეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ. რ------------------------ სკოლის სანკვანძების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას, ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა 27 999.97 ლარი, საიდანაც 63.99% უნდა გადაეხადა ააიპ კ-------–---–---------------------–------ს, ხოლო 36.01%+დღგ უნდა გადაეხადა სკოლას. 2015 წლის 21 ოქტომბერს სკოლის ინიციატივით ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება. შპს „ოპტიმალ გრუპი+“-ის მიერ შედგენილი ინსპექტირების ანგარიშის მიხედვით, სკოლაში ფაქტობრივად შესრულებულია 14 587.99 ლარის სამუშაოები დღგ-ს გარეშე. მოპასუხეების მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება ანაზღაურებული არ არის. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებს არ აუნაზღაურებიათ არც მის მიერ ნაყიდი სამშენებლო მასალების ღირებულება, ეს მასალები კი სამუშაოების დასრულების დროს გამოიყენეს მოპასუხეებმა.

 

2. მოპასუხების პოზიცია

 

მოპასუხეებმა წერილობით შესაგებლებში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს შემდეგი საფუძვლების გამო:

 

მოსარჩელემ შეიძინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო მასალების ნაწილი და სამუშაოების ნაწილი შეასრულა, რაც უხარისხოდ შესრულდა. სამუშაოების ნაკლოვანება დასტურდება შპს “ტექ+”-ის დასკვნით. სამუშაოების ხარვეზების გამოსასწორებლად საჭირო გახდა ახალი ტენდერის გამოცხადება, რის შედეგად ხელშეკრულება დაიდო შპს ნიაღვართან. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოები და ვადა, რის შედეგად მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ნაკლი გამოსწორდა. მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებას სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიან 10 დღეში, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები კი უხარისხობის გამო მიღებული არ არის და მათი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებაც არ გააჩნიათ, მასალებიდან კი სანტექნიკური დანადგარები მოსარჩელემ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ წაიღო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 17 აგვისტოს ერთის მხრივ შპს ”რ-----–-------------სა” (მენარდე) და მეორეს მხრივ მოპასუხეებს (შემკვეთი) სსიპ რ------------------------ სკოლასა და ააიპ კ-------–---–---------------------–------ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მოსარჩელის მიერ ქ. რ------------------------ სკოლის სანკვანძების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას, ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა 27 999.97 ლარი, საიდანაც 63.99% უნდა გადაეხადა ააიპ კ-------–---–---------------------–------ს, ხოლო 36.01%+დღგ უნდა გადაეხადა სკოლას. სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღე. სამუშაოების შესრულების ინსპექტირებას ახდენს შპს „ტეხ+“. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისათვის ანაზღაურების გადახდა გათვალისწინებულია სამუშაოების შესახებ ფორმა N2-ის და ანგარიშფაქტურის წარდგენის შემდეგ. შპს „რ-----–-------------მა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეასრულა სამუშაოების ნაწილი და შეიძინა სამშენებლო-სარემონტო მასალების ნაწილი. სსიპ ქალაქ რ------------------------ სკოლის ინიციატივით მხარეებს შორის ხელშეკრულება შეწყდა სამუშაოების ნაწილობრივ და უხარისხოდ შესრულების გამო 2016 წლის 21 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 17-22. ტომი 1)

- ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილი (ს.ფ. 57)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „რ-----–-------------მა“ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დემონტაჟის სამუშაოები, შეიძინა სამშენებლო და სარემონტო მასალების ნაწილი. ასევე შეასრულა გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა სამუშაოები შეასრულა უხარისხოდ. შესრულებული სამუშაოების ნაკლის გამოსასწორებლად და სამუშაოების დასასრულებლად მოპასუხეებმა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმეს შპს „ნიაღვართან“. საბოლოოდ სამუშაოების დასრულების მიზნით განხორციელდა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების დემონტაჟი და ისინი თავიდან შესრულდა. ამასთან, სამუშაოების დასასრულებლად გამოყენებული იქნა მოსარჩელის მიერ შეძენილი სამშენებლო მასალების ნაწილი.

 

მოსარჩელე მოითხოვს შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაკისრებას, ხოლო მოპასუხეებს წარმოდგენილი აქვთ სარჩელის საწინააღმდეგო კვალიფიციური შესაგებელი. ისინი სარჩელს არ ეთანხმებიან იმ საფუძველით, რომ სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, რის გამოც ხელშეკრულება შეწყვიტეს და ნაკლის გამოსასწორებლად მესამე პირთან დადეს ხელშეკრულება.

 

მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესახებ წარმოდგენილი აქვს შპს „ოპტიმალ გრუპის“ 2016 წლის 4 ნოემბრის დასკვნა, ხოლო შესრულებული სამუშაოების ხარისხის შესახებ მოპასუხეებს წარმოდგენილი აქვთ შპს „ტექ+“-ის დასკვნა.

 

შემკვეთმა ნარდობის ხელშეკრულება შეწყვიტა სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო, შესაბამისად, სამუშაოების ღირებულებასთან ერთად საქმეზე უნდა დადგინდეს მათი ხარისხი, რის გამოც უპირველესად უნდა დადგინდეს ხელშეკრულებით რა სამუშაოების შესრულებაა გათვალისწინებული და ფაქტობრივად ამ სამუშაოების რა ნაწილი შესრულდა ტექნიკური მოთხოვნების დავით.

 

მოსარჩელესთან დადებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, სადემონტაჟო სამუშაოების, ელსამონტაჟო სამუშაოების, წყლის და კანალიზაციის გაყვანილობის მონტაჟი, სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ასევე სამშენებლო მასალების შეძენა. გათვალისწინებულია ელსადენების გაყვანა, სანტენიკური ხელსაწყოების მონტაჟი, კანალიზაციის და წყლის მილგაყვანილობის მონტაჟი, ტიხრების მოწყობა, კედლების შელესვა, იატაკის მოჭიმვა, კედლების და იატაკის მოპირკეთება კერამიკული ფილებით, შეკიდული ჭერის მოწყობა. ასევე გათვალისწინებულია მილების, ელექტროსადენების, კერამიკული ფილების, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის, ცემენტის, სამშენებლო ბლოკის, წებო/ცემენტის, ქვიშის შეძენა. ცალკეა განსაზღვრულია მასალების ღირებულება, და სამუშაოების თითოეული ეტაპის ფასი.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „ოპტიმალ გრუპ+ის“ დასკვნის მიხედვით მენარდეს შესრულებული აქვს 14 587.99 ლარის სამუშაოები. დასკვნაში ნაცრისფრად აღნიშნულია ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოები. დასკვნის მიხედვით, სრულად შესრულდა სადემონტაჟო სამუშაოებიდან კარის ბლოკის დემონტაჟი, ტიხრების დემონტაჟი, ხელსაბანის ნიჟარის დემონტაჟი, უნიტაზის დემონტაჟი, წყლის მილგაყვანილობის დემონტაჟი.

ელსამონტაჟო სამუშაოებიდან ნაწილობრივ შესრულდა ელსადენების გაყვანის სამუშაოები - 90 მეტრი. არ შესრულდა ელარმატურის მონტაჟის სამუშაოები.

წყლის და კანალიზაციის მონტაჟიდან სრულად შესრულდა 10 ერთეული სანტექნიკური ხელსაწყოების მონტაჟი (250 ლარი) და ტრაპის 3 ერთეულის მონტაჟი (75 ლარი). შესრულდა წყლის მილგაყვანილობის მონტაჟი ფასონური დეტალებით 50მ (50 ლარი) და კანალიზაციის მილგაყვანილობის მონტაჟი - 62მ (93 ლარი).

სამშენებლო სამუშაოებიდან შესრულდა ნაწილობრივ ბლოკით ტიხრების მოწყობა (47კვ.მ 47 ლარი), კედლების შელესვა 148 კვ,მ 444 ლარი, ცემენტით ჭიმის მოწყობა – 20 კვ.მ. 60 ლარი; მეტალოპლასტმასის კარის მოწყობა 19 კვ.მ. 47.50 ლარი; კედლების ფილებით მოპირკეთება – 226 კვ.მ 1582 ლარი; იატაკის მოპირკეთება ფილებით -49 კვ.მ 343 ლარი; გრუნტის დამუშავება კანალიზაციის მოსაწყობად -40 კუბ.მ 16 ლარი; სრულად შესრულებულია ქვიშის ბალიშის მოწყობა 1.10 კუბ.მ 44 ლარი. საერთოდ არ შესრულდა შეკიდული ჭერის მოწყობა და კანალიზაციის ჭის თავსახურის მოწყობა.

 

მასალებიდან შეძენილია სრულად შემდეგი მასალები: ელსადენების გასატარებელი გოფრირებული მილი – 90მ, 27 ლარი; წყლის ვენტილი 12 ცალი -48 ლარი; აზიური უნიტაზი 7 ცალი 525 ლარი; ხელსაბანი ნიჟარა 1 ცალი -93.22 ლარი; 1 ცალი ონკანი 20 ლარი; კანალიზაციის მილი 100მმ დიამეტრი – 18მ 144 ლარი; ნიკელის ტრაპი 2 ცალი 10 ლარი. ფუგა/ცემენტი ჯამურად 33.72+7.56 კგ. 67.44+14.52 ლარი. შავი წვრილმარცვლოვანი ქვიშა 1.23 კუბ.მ 40.64 ლარი.

 

ნაწილობრივ არის შეძენილი შემდეგი მასალები: სადენი -100 მ 80 ლარი; გამანაწილებელი კოლოფი 9 ცალი 9 ლარი, წყლის მილი 50მ 100 ლარი; ფასონური დეტალები 50მ 20 ლარი; კანალიზაციის მილი დიამეტრი 150მმ - 9მ 126 ლარი; წვრილი სატიხრე ბლოკი – 600 ცალი 600 ლარი; ცემენტის ხსნარი მ-75; მეტალოპლასტმასის კარის ბლოკი 19 კვ.მ 2247.70 ლარი; პლასტმასის კარნიზი -80მ 71.20 ლარი; კედლების კერამიკული ფილა 226 კვ.მ 2298.42 ლარი; წებო/ცემენტი 1565 კგ 469.50 ლარი; იატაკის კერამიკული ფილა 49 კვ.მ 588 ლარი;

 

შპს „ოპტიმალ გრუპის“ დასკვნით შეფასებულია მხოლოდ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება და არ არის შეფასებული ამ სამუშაოების შესრულების ხარისხი.

 

მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი შპს „ტეხ+“ დასკვნით დასტურდება, რომ მოსარჩელემ პროექტის შეუსაბამოდ შეასრულა საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის სამუშაოები, კედლების კაფელით მოპირკეთება შესრულებულია ხარვეზებით. ამ მტკიცებულების საპირისპირო მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. შპს „ტეხ+“-ის დასკვნის უარყოფისათვის საკმარისი გარემოება არ არის ის რომ მას არ გააჩნია პროდუქტის უსაფრთოხების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზია. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულია, რომ სწორედ შპს «ტეხ+სს„ ევალებოდა სამუშაოების შესრულების მიმდინარეობის ინსპექტირება, რის გამოც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირის მიერ არის შეფასებული შესრულებული სამუშაოების ხარისხი. მოსარჩელეს საერთოდ არ წარმოუდგენია სამუშაოების ხარისხის შეფასების შესახებ მტკიცებულება, რის გამოც ვერ დაადასტურა სამუშაოების ნაკლის გარეშე შესრულების ფაქტი.

 

ამ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სანტექნიკური კვანძის რეაბილიტაცია, რაც მოიცავდა არსებული კვანძის დემონტაჟს, სამშენებლო მასალების შეძენას და ახალი გაყვანილობის და მოწყობილობების მონტაჟს. ხელშეკრულებით თითოეული ამ კომპონენტისათვის ცალკე ხარჯების გადახდაა გათვალისწინებული. ამასთან, სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მასალები უნდა შეეძინა მენარდეს, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ანაზღაურების გადახდა სამუშაოების დასრულების შემდეგ სამუშაოების მიღების შემდეგ.

 

შპს „ტეხ+“-ის დასკვნით დასტურდება სამუშაოების ნაწილის შესრულება და მასალების ნაწილის შეძენა. ამ დასკვნაში მითითებული მასალების რაოდენობა არ განსხვავდება შპს ოპტიმალ გრუპ+ის დასკვნაში მითითებულ მონაცემებს, ასევე დასტურდება სამუშაოების იმავე სახეობის და მოცულობით შესრულება, რაც მოსარჩელემ მიუთითა.

 

2016 წლის 17 ნოემბერს მოპასუხეებსა და შპს ნიაღვარს შორის დადებულია ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საგანია ქ. რ------------------------ სკოლის სანკვანძის სარებილიტაციო სამუშაოების შესრულება. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების დემონტაჟი. კერძოდ, კედლებიდან ნალესის (50 კვ.მ) და კაფელით მოპირკეთების მოხსნა (225კვ.მ), მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მოხსნა და შემდეგ კვლავ მონტაჟი, ხელსაბანის (1 ცალი) და უნიტაზის დემონტაჟი (7 ცალი). წყლის და კანალიზაციის მილგაყვანილობის დემონტაჟი, ფასადის კედლის და გადახურვის ფილაში ხვრელის მოწყობა, იატაკის ჭიმის დემონტაჟი კონსტრუქციამდე, იატაკის კერამიკული ფილის დემონტაჟი. ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სამშენებლო მასალების შეძენა: 84 ცალი სამშენებლო ბლოკი, ცემენტის, არმატურის კედლების კერამიკული ფილის, წებო/ცემენტის, იატაკის კერამიკული ფილების, ქვიშის, ლითონის პროფილების, რკინაბეტონის ფილის შეძენა. 8 კომპლექტი აზიური უნიტაზის, 12 კომპლექტი ფეხიანი ხელსაბანის, 1 ცალი შშმ პირთა ფეხიანი ხელსაბანის, 1 ცალი შშმ პირთა უნიტაზის, 13 ცალი ონკანის, 23 ცალი ვენტილის, ასევე კანალიზაციის და წყალგაყვანილობის მილების და სხვა დეტალების შეძენა. შპს ნიაღვართან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მიღებულია შემკვეთის მიერ. ხელშეკრულებით და სამუშაოების მიღების აქტით დასტურდება, რომ შოს ნიღვარმა მოახდინა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ძირითადი ნაწილის დემონტაჟი, რის შემდეგ თავიდან გაილესა კედლები, გაკეთდა იატაკის ჭიმი, გაიყვანეს წყლის და კანალიზაციის მილგაყვანილობა, კედლებზე გააკრეს კერამიკური ფილა, იატაკზე დაიგო კერამიკული ფილა და ა.შ.

 

საქმეში ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობით მტკიცებულებების და მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ შეძენილი მასალებიდან ხარისხიანი იყო 600 ცალი სამშენებლო ბლოკი და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა. მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 700 ცალი ბლოკის შეძენა, ხოლო შპს ნიაღვართან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 85 ცალი ბლოკის შეძენა. შესაბამისად, სამუშაოებისათვის საჭირო ბლოკიდან მოსარჩელის მიერ შეძენილი 600 ცალი ბლოკის ხელახლა შეძენა გათვალისწინებული არ არის, ასევე არ არის გათვალისწინებული ბლოკით შესრულებული სამუშაოების, კედლის ნაწილის დემონტაჟი, რის გამოც ეს მასალა ხარისხიანი იყო და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნისათვის გამოიყენეს. ნიაღვართან დადებული ხელშეკრულებით ასევე არ არის გათვალისწინებული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის შეძენა, მოპასუხეებმაც სხდომაზე დაადასტურეს, რომ ეს მასალა იქნა გამოყენებული სამუშაოების დასასრულებლად, რაც მის ხარისხიანობას ადასტურებს.

 

მოსარჩელემ ასევე შეიძინა 1 ცალი ფეხიანი ხელსაბანი ნიჟარა (ფასი - 93,22 ლარი) და 7 კომპლექტი აზიური უნიტაზი (ჯამური ფასი 525 ლარი), რომელიც მისი განმარტებით ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ არ დაბრუნებია, ხოლო მოპასუხეების განმარტებით, მოსარჩელემ ეს ნივთები სკოლის ტერიტორიიდან წაიღო.

 

აღსანიშნავია, რომ შპს „ნიაღვართან“ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 8 ცალი აზიური უნიტაზის, 12 ცალი ფეხიანი ხელსაბანი ნიჟარის, 1 ცალი შშმ პირთა ხელსაბანი ნიჟარის და 1 ცალი შშმ პირთა უნიტაზის შეძენა, ხოლო მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 7 ცალი აზიური უნიტაზის, 11 ცალი ფეხიანი ხელსაბანი ნიჟარის, 1 ცალი შშმ პირთათვის განკუთვნილი ხელსაბანი ნიჟარის შეძენა. აქედან მოსარჩელემ შეიძინა 1 ცალი ფეხიანი ხელსაბანი ნიჟარა (ფასი - 93,22 ლარი) და 7 კომპლექტი აზიური უნიტაზი (ჯამური ფასი 525 ლარი). თავდაპირველად საერთოდ არ იყო გათვალისწინებული შშმ პირთათვის განკუთვნილი უნიტაზის შეძენა. ამასთან, „ნიაღვართან“ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია და ფაქტობრივადაც შეძენილია იმაზე მეტი რაოდენობის უნიტაზი და ხელსაბანი ნიჟარები, ვიდრე თავდაპირველად მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. აღნიშნული გარემოებების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ნიაღვართან დადებული ხელშეკრულება ამ ნაწილში მხოლოდ ნაკლის გამოსწორებას არ ისახავდა მიზნად, რადგან გაიზარდა დასამონტაჟებელი სანტექნიკური დანადგარების რაოდენობა, რითიც გაიზარდა შესასრულებელი სამუშაოების ოდენობაც.

 

შპს ნიაღვართან დადებული ხელშეკრულებით განხორციელდა მოსარჩელის მიერ შეძენილი სანტექნიკური დანადგარების დემონტაჟი, რაც მოპასუხეების განმარტებით, მოსარჩელემ სკოლის ტერიტორიიდან წაიღო. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ამ გარემოების მტკიცების ვალდებულება მოპასუხეებს აქვთ, რადგან 352-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეებმა მიღებული შესრულება და სარგებელი ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ. მოპასუხეების განმარტებით, ეს მასალა მათ დააბრუნეს, თუმცა ამ ნივთების დაბრუნების შესახებ მოპასუხეებს მათივე ახსნა განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარის ახსნა-განმარტება არის მტკიცებულების ერთერთი სახე, თუმცა გარემოების სადაობის შემთხვევაში მხარე ვალდებულია სხვა მტკიცებულებებით დაადასტუროს მის მიერ მითითებული გარემოება, რაც მოპასუხეებმა ვერ შეასრულეს.

 

შპს ნიაღვართან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ნაწილის დემონტაჟი, კერძოდ კედლებიდან ნალესის და კაფელით მოპირკეთების მოხსნა, მეტალოპლასტმასის კარფანჯრის მოხსნა და შემდეგ კვლავ მონტაჟი, ხელსაბანის და უნიტაზის დემონტაჟი. წყლის და კანალიზაციის მილგაყვანილობის დემონტაჟი, ფასადის კედლის და გადახურვის ფილაში ხვრელის მოწყობა. ამდენად, დემონტაჟს დაექვემდებარა ხელსაბანი და უნიტაზები, ხოლო მოსარჩელეს შეძენილი ჰქონდა 7 ცალი უნიტაზი (ჯამური ფასი 525 ლარი) და 1 ცალი ხელსაბანი (ფასი 93,22 ლარი). მათი ჯამური ფასია 618,22 ლარი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული ძირითადი სამშენებლო სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, რადგან აუცილებელი გახდა მათი დემონტაჟი. დემონტაჟი ჩაუტარდა მოსარჩელის მიერ დაყენებულ სანტექნიკურ დანადგარებს, მილგაყვანილობას და ელექტროგაყვანილობას. მენარდემ ახალი სანტექნიკური დანადგარები შეიძინა და მათი მონტაჟით შესრულდა სამუშაოები. ნალესის, კერამიკული ფილების მოპირკეთების, იატაკის ჭიმის დემონტაჟის გამო ასევე საჭირო გახდა ახალი მილების, ელექტროსადენების შეძენა, აუცილებელი იყო ხელმეორედ ცემენტის, კერამიკული ფილების დაგებისთვის წებო/ცემენტის და სხვა დეტალების შეძენა.

 

სასამრთლოს მიაჩნია, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღურების შესახებ დავაში უნდა განისაზღვროს რომელი მხარის მტკიცების საგანში შედის სამუშაოების ხარისხიანად შესრულების ფაქტის დადასტურება და საქმეში რა მტკიცებულებაა წარმოდგენილი ამ გარემოების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ეს ნორმა ადგენს სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპს, რომლის მიხედვით, მხარეს ევალება იმ მტკიცებულების წარმოდგენა, რაც მისთვის ობიექტურად ხელმისაწვდომია. ამასთან, მხარეს ევალება დაამტკიცოს ის გარემოება, რაც მისთვის ხელსაყრელია, მის პოზიციას ასაბუთებს. ამ პრინციპის საფუძველზე მოსარჩელეს ევალება მოთხოვნის საფუძვლად არსებული გარემოებების დადასტურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულება დაასაბუთოს სარჩელის საწინააღმდეგო, ვალდებულების გამომრიცხავი გარემოებები. ამ შემთხვევაში დავა ვალდებულებით-სამართლებრივია, შეეხება ხელშეკრულების შესრულებას, რის გამოც მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადების, ვალდებულების შესრულების ვადის დადგომის და ვალდებულების დარღვევის ფაქტები. მოპასუხემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან ისეთი გარემოებები, რაც გამორიცხავს ვალდებულების შესრულების დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს წარმოადგენს თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ეს ნორმა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა რომელიმე გარემოების მტკიცების სპეციალური წესი დადგენილია კანონით ან სადაო ურთიერთობის შინაარსიდან ან ამ გარემოების თავისებურებიდან გამომდინარეობს, რომ ეს ფაქტი უნდა დადასტურდეს კონკრეტული სახის მტკიცებულებით

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს იმ გარემოების დამტკიცება, რომ მან სამუშაოების შეასრულა ხარისიანად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, რადგან მოსარჩელეს ევალება დაასაბუთოს, რომ მას წარმოეშვა საფასურის მოთხოვნის უფლება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში შესრულებული სამუშაოების ხარისხი შეფასებული არ არის, რის გამოც მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სამუშაოების ხარისხიანად შესრულების გარემოება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებიდან სადემონტაჟო სამუშაოების ნაწილი ხელშეკრულების პირობების დაცვით შეასრულა, კერძოდ, მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში მითითებულია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობით შესრულდა კარის ბლოკის დემონტაჟი - 25,20 ლარი, ტიხრების დემონტაჟი - 1,30 ლარი, ხელსაბანის დემონტაჟი, უნიტაზის დემონტაჟი, მილგაყვანილობის დემონტაჟი -50 ლარი, კანალიზაციის დემონტაჟი - 70 ლარი, შეკიდული ჭერის დემონტაჟი - 63 ლარი.

 

სადემონტაჟო სამუშაოების შემდეგომ მოსარჩელემ შეასრულა სანკვანძის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი, საიდანაც შემდგომში უხარისხობის გამო თავიდან შესრულდა წყლის და კანალიზაციის მილგაყვანილობის მონტაჟი, ელექტროგაყვანილობის მონტაჟი, მოსარჩელემ საერთოდ არ შეასრულა შეკიდული ჭერის მონტაჟის სამუშაოები. ეს სამუშაოები საბოლოოდ მესამე პირმა შეასრულა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებაში მითითებული სადემონტაჟო სამუშაოების მიზანი იყო სარეაბილიტაციო სამუშოებისათვის შენობის მომზადება, რის გამოც ამ სამუშაოებს ინდივიდუალური მნიშვნელობა შემკვეთისათვის არ ჰქონდა, თუკი შემდგომში ძირითადი სამუშაოების სათანადოდ არ შესრულდებოდა. შესაბამისად, შემკვეთის ინტერესების შესაბამისად შესრულებულად უნდა ჩაითვალოს ის სადემონტაჟო სამუშაოები, რომლის შემდეგ ძირითადი სამუშაოები ხარისხიანად შესრულდა. საბოლოოდ სანკვანძის სამუშაოების დასრულების დროს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოებიდან დემონტაჟს და შეცვლას არ დაექვემდებარა ბლოკით ტიხრების ამოშენების სამუშაოები, ხოლო ხელახლა და ახალი მასალით შესრულდა წყალგაყვანილობის, კანალიზაციის მილგაყვანილობის და ელექტროგაყვანილობის სამუშაოები, რის გამოც შემკვეთის ინტერესების შესაბამისად შესრულებულად ვერ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ შესრულებული ძველი წყლის და კანალიზაციის მილგაყვანილობის დემონტაჟის სამუშაოები, ასევე შეკიდული ჭერის დემონტაჟი, რადგან ამის შემდეგ მოსარჩელემ ეს უკანასკნელი სამუშაო საერთოდ არ შეასრულა. ამდენად, სადემონტაჟო სამუშაოებიდან შემკვეთის ინტერესების შესაბამისად შესრულდა კარის ბლოკის დემონტაჟი 25,20 ლარი, ტიხრების დემონტაჟი 1,30 ლარი. ასევე ხელშეკრულების მიხედვით შესრულებულად უნდა ჩაითვალოს ხელსაბანის დემონტაჟის (20 ლარი) და უნიტაზის დემონტაჟის (70 ლარი) სამუშაოები, რადგან მესამე პირთან დადებული ხელშეკრულებით გაზრდილია დასამონტაჟებელი სანტექნიკური დანადგარების რაოდენობა. ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბოლოო მიზნის შესაბამისად შესრულებულია სულ 116,5 ლარის სადემონტაჟო სამუშაოები.

 

სამშენებლო სამუშაოებიდან მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის შესაბამისად შეასრულა ტიხრების მოწყობა სამშენებლო ბლოკით, ეს სამუშაოები სრულად არ შეასრულა - 66,20 კვ.მ-დან შეასრულა 47 კვ.ვ მოცულობის სამუშაოები (47 ლარი), მაგრამ ტიხრების ხელახლა მოწყობა ამ მოცულობით მესამე პირს აღარ განუხორციელებია, რადგან შპს ნიაღვარმა შეასრულა ტიხრების მოწყობის სამუშაო 11 კვ.მ მოცულობით.

 

ამდენად, შესრულებული სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოებიდან ხელშეკრულების შესაბამისად შესრულდა სულ 163,5 ლარის სამუშაოები.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას

- შპს ტეხ+ დასკვნის ასლი (ს.ფ. 60-63. ტომი 1)

- შპს ოპტიმალ გრუპ+ ინსტექტირების ანგარიში (ს.ფ. 29-37. ტომი 1)

- შპს ნიაღვართან ხელშეკრულების ასლი და მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.64-66, 72-79. ტომი 1)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელისათვის შეძენილი სამშენებლო მასალების ღირებულება და იმ სამუშაოების ღირებულება, რომლის ხელახლა შესრულება აუცილებელი არ გახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 639-ე, 641-ე, 405-ე, 352-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულებით, რომლის საგანია შპს „რ-----–-------------ის“ მიერ სკოლის სარემონტო სამუშაოების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით, 1. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. 2. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.

 

მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება არის ორმხრივი ხელშეკრულება, რადგან ნარდობის ხელშეკრულების არსია ერთის მხრივ მომსახურების გაწევა ან დამზადებული ნაკეთობის გადაცემის ვალდებულება, ხოლო მეორეს მხრივ საზღაურის გადახდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-? ?????? ????????, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 641-ე ?????? ????????, 1. ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. 2. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას.

 

ამ ნორმების საფუძველზე მენარდის ვალდებულებაა ნივთობრივად უნაკლო ნივთის დამზადება ან სამუშაოების ხარისხიანად შესრულება. ნაკეთობა ან სამუშაოები ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

 

მხარეებს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების საგანია სკოლის შენობაში სანკვანძის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელეს ევალებოდა უკვე არსებული სანკვანძის დეტალების დემონტაჟი და ამის შემდგომ ახალი წყლის, კანალიზაციის და ელექტროგაყვანილობის სისტემის და დანადგარების მონტაჟი. ამასთან, სამუშაოები მენარდეს უნდა შეესრულებინა თავისი მასალით, რადგან ხელშეკრულება არ ითვალისწინებს შემკვეთის მიერ მასალების მიწოდებას. 646-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ მენარდე სამუშაოს ასრულებს თავისი მასალით, იგი პასუხს აგებს უხარისხო მასალისათვის. მოსარჩელემ (შემსრულებელი) სამუშაოების წარმოების მიზნით შეიძინა სამშენებლო მასალები, რომლის ნაწილი გამოყენებული იქნა შემდგომში მენარდესა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით სამუშოების შესრულებისას. კერძოდ, მოსარჩელის მიერ შეძენილი მასალებიდან გამოყენებულია 600 ცალი სამშენებლო ბლოკი და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები. შპს ნიაღვართან დადებული ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის შესყიდვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის დემონტაჟი და ხელახლა მონტაჟი, რის გამოც სამუშაოების ეს ნაწილი შესრულდა მოსარჩელის მიერ შეძენილი მასალით.

 

მოსარჩელის მიერ შეძენილი 600 ცალი ბლოკი გამოყენებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანიშნულებით. ბლოკით აშენებული კედლების დემონტაჟი შპს ნიაღვართან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის, გათვალისწინებულია ნალესის და კაფელით მოპირკეთების დემონტაჟი. შესაბამისად ამ მასალის და მისი მეშვეობით შესრულებული სამუშაოს ხარისხის შესახებ პრეტენზია შემკვეთებს არ გააჩნიათ.

 

მოსარჩელემ ასევე შეიძინა 1 ცალი ფეხიანი ხელსაბანი ნიჟარა (ფასი - 93,22 ლარი) და 7 კომპლექტი აზიური უნიტაზი, რომელთა შეძენის ხარჯების ანაზღაურების საკითხის შეფასებისას უნდა დადგინდეს შპს ნიაღვართან დადებული ხელშეკრულება ამ ნაწილში ემსახურებოდა თუ არა ნაკლის გამოსწორებას და სამუშაოების დასრულებას. მესამე პირთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმაზე მეტი სანტექნიკური დანადგარების შეძენა და მონტაჟი, ვიდრე გათვალისწინებული იყო მოსარჩელესთან დადებული ნარდობის ხელშეკრულებით. ამდენად, შემკვეთმა შეცვალა შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და რაოდენობა, რის გამოც სანტექნიკური დანადგარების დემონტაჟის და ახალი მასალების შეძენის მიზანი ნაკლის გამოსწორება, ამ მასალების უხარისხობა არ იყო. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად შემკვეთს მენარდისთვის უნდა დაებრუნებინა იმ მასალები რაც საბოლოოდ არ გამოიყენა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ეს მასალები დაუბრუნდა მოსარჩელეს, რის გამოც უნდა დაეკისროს მათი ფულადი ანაზღაურება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სამუშაოების ნაკლი მოსარჩელის მიერ შეძენილი მასალების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლის მიხედვით, ნაკეთობის ნაკლის გამო, შემკვეთს შეუძლია, 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამ ნორმის საფუძველზე შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო შეწყვიტოს ნარდობის ხელშეკრულება, ხოლო მენარდის მიერ ასანაზღაურებელ ხარჯებში იგულისხმება ნაკლის გამოსწორებისათვის საჭირო ხარჯები. განსახილველ საქმეში შემკვეთებს (მოპასუხეებს) არ მოუთხოვიათ ნაკლის გამოსასწორებლად საჭირო ხარჯების დაკისრება, ასევე არ მოუთხოვიათ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება. მათ შეგებებული სარჩელი არ აღუძრავთ.

 

ამრიგად, შემკვეთს შეუძლია ნაკლის გამო 405-ე მუხლით დადგენილი წესით უარი თქვას ხელშეკრულებაზე, 405-ე მუხლი ითვალისწინებს ნაკლის გამოსასწორებლად ვადის განსაზღვრის საფუძვლებს და ამის შემდგომ ხელშეკრულებაზე უარის თქმას, ხოლო ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლები და შედეგები მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, 1. თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). 2. ნატურით დაბრუნების ნაცვლად მოვალეს ეკისრება ფულადი ანაზღაურება, თუ: ა) შეძენილის ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხულია მისი დაბრუნება; ბ) მიღებულ საგანს მხარე გამოიყენებს, გაასხვისებს, უფლებრივად დატვირთავს, გადაამუშავებს ან გადააკეთებს.

 

352-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგია ორმხრივი რესტიტუცია, რადგან მხარეებმა მიღებული შესრულება და სარგებელი ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ ნატურით. ამ ნორმის მე-2 ნაწილი ადგენს გამონაკლის შემთხვევებს, როცა ნატურით დაბრუნების ნაცვლად ხელშეკრულების მხარეს ეკისრება ფულადი ანაზღაურება. ერთერთი ასეთი საფუძველია მიღებული საგნის გამოყენება, რის შედეგად მისი ნატურით დაბრუნება შეუძლებელია. სასამართლოს მიაჩნია, რომ სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო მოპასუხეებმა კანონიერად განაცხადეს უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მენარდემ სამუშაოების შესრულების გარდა ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა სამშენებლო მასალები, რაც ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ უნდა დაებრუნებინა შემკვეთს მენარდისათვის. შეძენილი მასალებიდან სამშენებლო ბლოკის და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ნაკლის შესახებ შემკვეთებს არ მიუთითებიათ. ნაკლის გამოსწორების მიზნით მესამე პირთან დადებული ხელშეკრულებით სამშენებლო ბლოკის ხელახლა შეძენა ან ამ ბლოკით შესრულებული სამუშაოების დემონტაჟი და ხელახლა შესრულება არ არის გათვალისწინებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ შეძენილი სამშენებლო ბლოკი გამოსაყენებლად ვარგისი იყო. ასევე სამუშაოები დასრულდა მოსარჩელის მიერ შეძენილი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრით. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს სამშენებლო ბლოკის და მეტალოპლასტმასის ღირებულების ანაზღაურება. ამ მასალების ნატურით დაბრუნება შეუძლებელია, რადგან იგი გამოყენებულია სამუშაოების შესასრულებლად, გადამუშავების და გადაკეთების შედეგად სხვა ნივთის შემადგენელ ნაწილად იქცა, რის გამოც 352-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მათი ფულადი ღირებულების გადახდა. 352-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია საგამონკალისო გარემოებები, რომელთა გამო ფულადი ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, კერძოდ, ეს გარემოებებია: ა) საგნის ის ნაკლი, რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას იძლევა, ამ საგნის გადამუშავების ან გარდაქმნის დროს აღმოჩნდა; ბ) საგნის გაფუჭება ან დაღუპვა კრედიტორის ბრალით მოხდა; გ ) საგანი გაფუჭდა ან დაიღუპა უფლებამოსილ პირთან, მიუხედავად იმისა, რომ იგი ისეთივე მზრუნველობით ექცეოდა მას, როგორც საკუთარ ნივთს; ხოლო ის, რაც დარჩა, უკან უნდა დაბრუნდეს. ეს საგამონაკლისო გარემოებები სახეზე არ არის, რადგან მასალები გამოყენებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს ასევე მოსარჩელის მოთხოვნა სანტექნიკური დანადგარების ღირებულების ანაზღაურების შესახებ. ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო 352-ე მუხლის საფუძველზე მენარდეს უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ შეძენილი იმ მასალების ღირებულება, რაც ნაკლიანი არ იყო, შემკვეთმა სამუშაოებისათვის გამოიყენა ან გამოუყენებელი მასალების ფასი, რომლებიც არ დაბრუნებია მენარდეს. მესამე პირთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია უნიტაზის და ხელსაბანების დემონტაჟი, თუმცა ეს მხოლოდ ნაკლის გამოსწორებას არ ისახავდა მიზნად, რადგან შემკვეთმა შესასრულებლად გაითვალისწინა იმაზე მეტი სანტექნიკური დანადგარების მონტაჟი, რაც თავდაპირველი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ამდენად, სანტექნიკური მოწყობილობების შეცვლის მიზანი მათი უხარისხობა არ იყო. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რომ ეს დანადგარები მოსარჩელემ დაიბრუნა.

 

მოსარჩელეს ასევე უნდა აუნაზღაურდეს შესრულებული სამუშაოს იმ ნაწილის ღირებულება, რომლის ხარისხი სადაო არ არის, მისი გამოსწორება და განმეორებით შესრულება აუცილებელი არ გახდა. კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია არსებული სამუშაოების დემონტაჟი, რომლის ნაწილი ხელშეკრულების შესაბამისად შესრულდა. ხელშეკრულებით ცალკეა გათვალისწინებულია ამ სამუშაოების ღირებულება, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მათი ანაზღაურება, რადგან შპს ნიაღვართან დადებული ხელშეკრულებით ამ სამუშაოების ხელახლა შესრულება გათვალისწინებული არ არის. ეს სამუშაოებია სადემონტაჟო სამუშაოების ნაწილი და სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან ბლოკით ტიხტრების ამოშენების სამუშაოები, სულ 163,5 ლარი.

 

სასამართლო მსგავს საკითხზე მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.

 

საქმეზე Nას-889-1175-09 2010 წლის 1 მარტის განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: „ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულებამდე მხარეთა შორის ურთიერთობა შეწყდა შემკვეთის ინიციატივით იმ მოტივით, რომ შესრულებული სამუშაო ნივთობრივი ნაკლის მქონე იყო. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტისას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ხარვეზებით შესრულების ფაქტის არსებობა. სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლი უფლებას აძლევს შემკვეთს, 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულების მოშლის შედეგად კი, ამავე კოდექსის 352-ე მუხლი ითვალისწინებს ორმხრივ რესტიტუციას, ანუ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. მოცემულ შემთხვევაში უდავოა ის გარემოებაც, რომ მენარდემ სამუშაოების ნაწილი შეასრულა, რაც მას აძლევს უფლებას, მოითხოვოს გასამრჯელოს ნაწილი, რომელიც შეესაბამება მის ადრინდელ მომსახურებას (სამოქალაქო კოდექსის 638-ე მუხლი). ამავდროულად, მენარდე ვალდებულია, აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულების მოშლის შედეგად გამოწვეული ხარჯები, რაშიც უპირველესად იგულისხმება მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ნაკლის გამო გაწეული ხარჯები“.

 

2015 წლის 28 ივლისის განჩინებაში(საქმე №020211415807808, №ას-273-261-2015) საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლის მიხედვით, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შემკვეთს უფლება ჰქონდა უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე ნაკეთობის ნაკლის გამო. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კასატორს დასაბუთებული საკასაციო პარეტენზია არ წარმოუდგენია იმ ფაქტობრივი გარემოების მიმართ, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამზადებული ნივთის ხასიათიდან გამომდინარე გამორიცხული იყო მისი დაბრუნება. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, ნატურით დაბრუნების ნაცვლად, მართებულად დააკისრა მოპასუხეს ფულადი ანაზღაურება, რაც გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა)“ ქვეპუნქტის შინაარსიდან.

 

ამდენად, შესრულებული სამუშაოების ნაკლის მიუხედავად მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ შეძენილი მასალების და იმ სამუშაოების ღირებულება, რომლის გამოსწორება საჭირო არ გახდა.

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სხვა სამუშაოების და მასალების ხარჯებს რაც შეეხება, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ სამუშაოები ხარისხიანად შეასრულა და ამის გამო წარმოეშვა ნარდობის საფასურის მიღების უფლება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ უხარისხოდ შესრულდა სამუშაოების ძირითადი ნაწილი - ელექტროგაყვანილობის, წყლის და კანალიზაციის კომუნიკაციების გაყვანის სამუშაოები, კედლების და იატაკზე კერამიკული ფილების გაკვრის სამუშაოები. მოსარჩელის მიერ შეძენილია ამ სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მასალები – მილები, კაფელი, მეტლახი, მათი დაგებისათვის აუცილებელი ცემენტი და წებო, ელექტროკაბელები, თუმცა უხარისხო სამუშაოების გამო შემკვეთს დასჭირდა ამ მასალებით შესრულებული სამუშაოების დემონტაჟი და ხელახლა მათი შესრულება, შესაბამისად ახალი მასალების შეძენაც. ამდენად, მოსარჩელემ სამუშაოების ხარისხიანად შესრულების ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ამ სამუშაოების და შეძენილი მასალების ღირებულების გადახდის ვალდებულება მოპასუხეებს არ გააჩნიათ.

 

მოსარჩელესთან დადებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ ქ. რ------------------------ სკოლას ეკისრება შესრულებული სამუშაოებისათვის დღგ-ს გადახდა, ხოლო დღგ-ს გადახდისგან ააიპ კ-------–---–--------------------–------ი გათავისუფლებულია. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით ხარჯები შეფასებულია დღგ-ს გარეშე, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს ნარდობის საფასურის და დღგ-ს ერთობლივად გადახდა. მხარეებს შორის ნარდობის საფასურის გადახდა გათვალისწინებულია შემდეგი პროცენტული პროპორციით - სკოლას ეკისრება ხელშეკრულების ღირებულების 36,01%, ხოლო ააიპ კ-------–---–--------------------–------ს - 63,99%-ის ანაზღაურება. სკოლას დღგ-ს გადახდა ეკისრება ხელშეკრულების საერთო ღირებულების მის მიერ გადასახდელი ნაწილიდან და არა მთელი სახელშეკრულებო ღირებულებიდან. ამ შემთხვევაში მოპასუხეების მიერ ჯამურად გადასახდელი თანხაა 3629,42 ლარი, რომლის 36,01%-ის 1306,95 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს სკოლას, ხოლო 63,99%-ის - 2322,48 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს ააიპ კ-------–---–---------------------–------ს. სკოლას უნდა დაეკისროს ასევე დღგ-ს გადახდა, რომლის განაკვეთია 18% და ამ შემთხვევაში შეადგენს 235,25 ლარს. შესაბამისად, სკოლას უნდა დაეკისროს ჯამურად 1542,2 ლარის გადახდა.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელისთვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.

 

მოსარჩელის მოთხოვნაა 15 543,56 ლარის დაკისრება, ხოლო მოპასუხეებს დაეკისრათ 3864,68 (3629,43+დღგ 235,25) ლარი, რაც არის მოთხოვნის 24%. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 467 ლარი, რომლის 24% არის 112,08 ლარი, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს. სკოლას უნდა დაეკისროს ამ თანხის 36,01% - 40,36 ლარის, ხოლო ააიპ კ-------–---–--------------------–------ს 63,99%-ის 71,72 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს ”რ-----–-------------ის სარჩელი;

 

2. მოპასუხეებს დაეკისროთ შპს ”რ-----–-------------ისათვის 3810,42 ლარის გადახდა, საიდანაც სსიპ ქ. რ------------------------ სკოლას დაეკისროს 1372,13 ლარის, ხოლო ააიპ კ-------–---–--------------------–------ს 2438,29 ლარის გადახდა;

 

3. სსიპ ქ. რ------------------------ სკოლას დაეკისროს შპს ”რ-----–------------“ -სათვის სახელმწიფო ბაჟის 40,36 ლარის ლარის გადახდა;

 

4. ააიპ კ-------–---–--------------------–------ს დაეკისროს შპს ”რ-----–------------“ -სათვის სახელმწიფო ბაჟის 71,72 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი