გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/15025-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - სს „თი----------“
მოსარჩელის წარმომადგენელი - თა------------ე, ნო--------------ა
მოპასუხე - მა-----------–-–---–ი (ჯო-----------–-–---–ის უფლებამონაცვლე)
მოპასუხის წარმომადგენელი - ვლ---------------ე, გვ--–---------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ჯო-----------–-–---–ის უფლებამონაცვლეს მა-----------–-–---–ს სს "თი----------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 15 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 3 196.50 ლარის და პირგასამტეხლოს - 1 764.99 ლარის გადახდა;
1.2. ჯო-----------–-–---–ის უფლებამონაცვლეს მა-----------–-–---–ს სს "თი----------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 22 ივნისიდან (სამკვიდრო მოწმობის გაცემის თარიღიდან) დავალიანების ძირითად თანხაზე - 3196,50 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 47,94 ლარს.
(მოსარჩელემ მოთხოვნა დააზუსტა მთავარ სხდომაზე. იხ. 16.12.2019 წლის სხდომის ოქმი).
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
სს „თი----------ა“ და ჯო-----------–-–---–ს შორის 2017 წლის 15 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება და მსესხებლის სახელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 3200 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 33%-ით კრედიტის სს „თი----------ს“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა ფიქსირებულ პირგასამტეხლოს, ვადაგადაცილებაზე 20 ლარს და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ს.
საკრედიტო ბარათით სარგებლოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დარღვეულია.
მსესხებელი ჯო-----------–-–---–ი 2017 წლის 17 ოქტომბერს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მის საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე თბ--–-----------------------.
მსესხებლის სამკვიდრო ქონებაზე 2018 წლის 22 ივნისს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც მსესხებლის პირელი რიგის მემკვიდრემ, მეუღლემ მა-----------–-–---–მა მემკვიდრეობით მიიღო მამკვიდრებლის აქტივები. სამკვიდრო მოწმობა წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2018 წლის 28 დეკემბერს და მოპასუხე აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ.
მოსარჩელის წარმომადგენელმა, შესაგებელში აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით, დამატებით განმარტა, რომ მამკვიდრებლის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენისთვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი 6 თვიანი საპრეტენზიო ვადა მას გაშვებული არ აქვს, კერძოდ:
სს "თი---------მა" თავდაპირველად ჯო-----------–-–---–ის მიმართ აღძრა სარჩელი 2018 წლის 8 მაისს, თუმცა სარჩელის გაგზავნის დროს, ფოსტის უკუგზავნილით, ცნობილი გახდა, რომ ჯო-----------–-–---–ი არის გარდაცვლილი. ამდენად, ბანკმა ჯო-----------–-–---–ის გარდაცვალების ფაქტის შესახებ გაიგო ფოსტის უკუგზავნილით, 2018 წლის 11 ივნისს. ბანკმა 2018 წლის 10 ივლისს დაზუსტებული სარჩელი წარადგინა სასამართლოში და მოითხოვა გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ მა-----------–-–---–ის ცნობა, თუმცა სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განჩინებით უარი ეთქვა დაზუსტებული სარჩელის მიღებაზე, ხოლო 18 ივლისის განჩინებით - სარჩელი დარჩა განუხილველად. აღნიშნული განჩინებები გასაჩივრდა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით უარი ეთქვა კერძო საჩივრების დაკმაყოფილებაზე. განჩინება ბანკს 2019 წლის 3 ივნისს ჩაბარდა და ხელახალი სარჩელი მა-----------–-–---–ის მიმართ მოსარჩელემ 2019 წლის 25 ივნისს წარმოადგინა. ამდენად, კრედიტორს არ აქვს გაშვებული მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის ვადა, მემკვიდრის მიმართ მოთხოვნა მან მსესხებლის გარდაცვალების ფაქტის შეტყობიდან ერთი თვის ვადაში წარადგინა.
გარდა ამისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით (Nას-303-285-2014, 30.10.2015 წლის გადაწყვეტილება), მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლისთვის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სამკვიდრო გაიხსნა, საკმარისი არა, მამკვიდრებელის კრედიტორებმა უნდა იცოდნენ ასევე იმ მემკვიდრეთა ვინაობა, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს. შესაძლებელია, კრედიტორებმა იცოდნენ სამკვიდროს გახსნის თაობაზე მამკვიდრებელის გარდაცვალების დღესვე, მაგრამ სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა შესახებ ვერ შეიტყონ სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვს თვეში. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, სამკვიდროს მიღების თაობაზე კრედიტორისთვის ცნობილი ხდება სამკვიდრო მოწმობის აღების შემდეგ ან მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას. ასეთ დროს, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ გონივრულ ვადაში, იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე.
მა-----------–-–---–მა საჯარო რეესტრს მასზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა წარუდგინა 2018 წლის 28 დეკემბერს და საკუთრების აღრიცხვა მოპასუხის სახელზე 2019 წლის 8 იანვარს განხორციელდა. სწორედ ამ თარიღიდან გახდა შესაძლებელი მემკვიდრის ვინაობის თაობაზე დანამდვილებით შეეტყო კრედიტორს და არა, როგორც შესაგებელში მითითებული.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარდგენილი კვალიფიციური შესაგებლით გამორიცხა სს „თი----------ს“ მოთხოვნის დაკმაყოფილება. საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმებულ პროცენტის ნაწილში, როგორც ხელშეკრულების სტანდარტულ პირობაზე შეთანხმება, მიიჩნია ბათილ პირობად, ვინაიდან წლიური 33%-ის ოდენობით საპროცენტო განაკვეთი იყო კაბალური და სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენდა ბათილ პირობას. ასევე კაბალურად მიიჩნია პირგასამტეხლოს ოდენობა. გარდა ამისა, მოპასუხემ განმარტა, რომ სარჩელი იყო ხანდაზმული, ვინაიდან ბანკს გაშვებული ჰქონდა მამკვიდრებლის მემკვიდრეების მიმართ თავისი მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის ექვსთვიანი ვადა, კერძოდ:
საქართველოს უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში (ას-1796-2018) განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი ადგენს, რომ ექვსთვიანი ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, რაც მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის მემკვიდრეებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. ამდენად, მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლისთვის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სამკვიდრო გაიხსნა, საკმარისი არაა და კრედიტორებმა ასევე უნდა იცოდნენ იმ მემკვიდრეთა ვინაობა, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, რათა მათ წარუდგინონ მოთხოვნა. კანონი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ორ გზას ადგენს, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და ნოტარიუსისათვის განცხადების წარდგენის გზით. სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი, შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ, უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება - მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია მიიღოს კრედიტორის წერილობითი განცხადება. ამასთან, ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან კრედიტორისთვის ცნობილი იყო მსესხებლის გარდაცვალების შესახებ, მას ნოტარიუსისთვის უნდა მიემართა მსესხებლის გარდაცვალების შესახებ შეტყობინებიდან 6 თვის ვადაში.
მოსარჩელის მიერ წარდგენილი გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ იგი გაცემულია 2018 წლის 15 ივნისს. შესაბამისად, ამ დროისთვის მოსარჩელისთვის ცნობილი იყო ჯო-----------–-–---–ის გარდაცვალების შესახებ და ამ პერიოდიდან 6 თვის ვადაში ბანკს უნდა მიემართა ნოტარიუსისთვის და შემდგომში წარედგინა მემკვიდრისთვის პრეტენზია, რაც მას არ განუხორციელებია. ამიტომ მან დაკარგა მემკვიდრის მიმართ მოთხოვნის უფლება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 15 სექტემბერს სს „თი----------ა“ და ჯო-----------–-–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათი სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 3 200 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. ხელშეკრულება დაიდო შემდეგ ძირითად პირობებზე შეთანხმებით:
წლიური საპროცენტო განაკვეთი - 18% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, ხოლო 33% - კრედიტის სს „თი----------ს“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას (გარდა სესხის წინსწრებით დაფარვისა) და დავალიანების 0,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. აუცილებელი მინიმალური დასაფარი თანხა, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რაც უნდა დაიფაროს დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს.
საკრედიტო ლიმიტის ათვისება მსესხებლის მიერ სრულად განხორციელდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 15.09.2017 წლის ხელშეკრულება საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ;
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
- ამონაწერი ანგარიშიდან;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.2. მსესხებელი ჯო-----------–-–---–ი 2017 წლის 17 ოქტომბერს გარდაიცვალა. გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: მეუღლე - მა-----------–-–---–ი და შვილები - შა-–-------------------–-–---–ები.
გარდაცვლილის დანაშთ ქონებაზე კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა გაიცა 2018 წლის 22 ივნისს, რომლის თანახმად ჯო-----------–-–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონება მიიღო მეუღლემ - მა-----------–-–---–მა, ხოლო შვილებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე დედის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა;
- 22.06.2018 წლის სამკვიდრო მოწმობა.
3.1.3. მემკვიდრეობის საფუძველზე მა-----------–-–---–მა მამკვიდრებლის, ჯო-----------–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა 2018 წლის 28 დეკემბერს და საკუთრების რეგისტრაცია 2019 წლის 8 იანვარს განხორციელდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინფორმაცია განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ეროვნული წიგნიდან;
- განცხადების მიღების ბარათი;
- 08.01.2019 წლის გადაწყვეტილება;
3.1.4. მსესხებლის, ჯო-----------–-–---–ის გარდაცვალების შესახებ კრედიტორის - სს „თი----------სთვის“ ცნობილი გახდა 2018 წლის 11 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფოსტის უკუგზავნილი;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.5. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ 2017 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების მოთხოვნით სს „თი---------მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯო-----------–-–---–ის მიმართ სარჩელი 2018 წლის 8 მაისს წარადგინა. ხოლო მსესხებლის უფლებამონაცვლეების (მა-----------–-–---–ის, ნა----------–-–---–ის და ლა–-------–-–---–ის) მიმართ იმავე სასარჩელო წარმოების ფარგლებში დაზუსტებული სარჩელით სასამართლოს მიმართა 2018 წლის 10 ივლისს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განჩინებით სს „თი----------“ უარი ეთქვა დაზუსტებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე, ხოლო 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით ჯო-----------–-–---–ის მიმართ აღძრული სარჩელი დარჩა განუხილველად, ვინაიდან აღძრული იყო არაუფლებაუნარიანი (გარდაცვლილი) პირის მიმართ.
სს „თი---------მა“ ჯო-----------–-–---–ის უფლებამონაცვლის მა-----------–-–---–ის მიმართ სარჩელი საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 25 ივნისს აღძრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 08.05.2018 წელს აღძრული სარჩელის ასლი;
- დაზუსტებული სარჩელის ასლი;
- 17.07.2018 წლის განჩინება;
- 18.07.2018 წლის განჩინება;
- სარჩელი.
3.1.6. სს „თი----------“ გარდაცვლილის ჯო-----------–-–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა/არგაცემის საკითხის დადგენის მიზნით არ მიუმართავს საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის (ან რომელიმე ნოტარიუსისთვის) და სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან, ან ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.7. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა და სს „თი---------მა“ დავალიანება განსაზღვრა: ძირითადი თანხა - 3196,50 ლარით, პირგასამტეხლო - 1764,99 ლარით, ხოლო საპროცენტო სარგებელი - სამკვიდრო მოწმობის გაცემის თარიღიდან (22.06.2018 წლიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირითადი თანხის 18%-ით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან;
- სესხის დაფარვის ისტორია;
- მოთხოვნის დაზუსტების განცხადება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სს“თი----------ს“ მიმართ დავალიანება 2017 წლის 15 სექტემბრის საკრედიტო ბარათის სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს: სესხის ძირითადი თანხა 3196.50 ლარს, პირგასამტეხლო - 1 764.99 ლარს. აღნიშნული თანხების გარდა სამართლიანია ბანკის მოთხოვნა წლიური საპროცენტო სარგებლის სახით 2018 წლის 22 ივნისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე 18%-ის დაკისრების შესახებ, რაც ყოველთვიურად შეადგენს 47.94 ლარს.
დავალიანების ოდენობასთან დაკავშირებით მოპასუხემ შედავება განახორციელა წლიური საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში. იგი არ უარყოფს, რომ კრედიტის ძირითადი დავალიანება 3196.50 ლარს შეადგენს. მოპასუხემ განმარტა, რომ წლიური საპროცენტო სარგებელი მაღალი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე ფიზიკური პირებისთვის სესხებისთვის დადგენილი წლიური 20.06%-იან საპროცენტო განაკვეთებზე, ხოლო პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეს 0,5% იყო შეუსაბამოდ მაღალი, რასაც ემატებოდა თითოეულ ვადაგადაცილებაზე 20 ლარი. აღნიშნული შედავება მოპასუხის მიერ განხორციელდა ძირითად სარჩელზე, სადაც ბანკის საპროცენტო სარგებლის სახით ითხოვდა 1207.66 ლარის, ხოლო მიუღებელი შემოსავლის სახით - წლიური 33% სარგებლის დარიცხვას.
აღსანიშნავია, რომ სს „თი---------მა“ მოთხოვნა წლიური საპროცენტო სარგებლის ნაწილში დააზუსტა, როგორც წლიური საპროცენტო განაკვეთის, ასევე ოდენობასთან მიმართებით და მოითხოვა სამკვიდროს გაცემიდან ვალდებულების შესრულებამდე (მიუღებელი შემოსავლის სახით) ძირითადი თანხის წლიური 18%-ის ანაზღაურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- მოთხოვნის დაზუსტების განცხადება.
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სს „თი----------ს“ მხრიდან არ არის დაცული მამკვიდრებლის მემკვიდრის, მა-----------–-–---–ის, მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის სავალდებულო ექვსთვიანი ვადა.
დასაბუთება იხილეთ გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, არ არსებობს სს „თი----------ს“ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 867-ე, 868-ე, 1421-ე, 1484-ე, 1487-ე, 1488-ე, 1499-ე მუხლები
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანება
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. ხოლო 418-ე მუხლის თანახმად, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 628-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.
სს „თი----------ა“ და ჯო-----------–-–---–ს შორის 2017 წლის 15 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, გაიცა საკრედიტო ბარათი 3200 ლარიანი ლიმიტით და ხელშეკრულებით შეთანხმდა წლიური საპროცენტო სარგებლის, ხოლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების, ან შეუსრულებლობის შემთხვევაში - პირგასამტეხლოს დაკისრების პირობა. საკრედიტო ლიმიტი მსესხებლის მიერ სრულად არის ათვისებული.
საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მსესხებელი -ჯო-----------–-–---–ი გარდაიცვალა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს “თი----------ს“ მიმართ დავალიანება 2017 წლის 15 სექტემბრის საკრედიტო ბარათის სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს: სესხის ძირითადი თანხა 3196.50 ლარს, პირგასამტეხლო - 1764.99 ლარს. აღნიშნულ თანხას ემატება ბანკის მოთხოვნა წლიური საპროცენტო სარგებლის სახით 2018 წლის 22 ივნისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე 18%-ის დაკისრების შესახებ, რაც ყოველთვიურად შეადგენს 47.94 ლარს.
უდავოა, რომ მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს მოპასუხე მა-----------–-–---–ი, მის სასარგებლოდ გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, რომელსაც კრედიტორის მიმართ მამკვიდრებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ, ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ.
უდავოა, რომ მოპასუხე მა-----------–-–---–ი წარმოადგენს მსესხებლის, ჯო-----------–-–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეს - მის სასარგებლოდ გაცემულია კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა. მამკვიდრებლის მიერ სს „თი----------ს“ მიმართ ნაკისრი ფულადი ვალდებულება მოპასუხე მა-----------–-–---–ს შესრულებული არ აქვს. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ სს „თი----------ს“ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი გამორიცხა სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლზე მითითებით, ვინაიდან კრედიტორს არ ჰქონდა დაცული მის მიმართ მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის ექვსთვიანი ვადა. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია, გაშვებულია თუ არა მოსარჩელის მიერ მოვალის მემკვიდრის მიმართ მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის ვადა, რაც თავის მხრივ სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის თანახმად, 1. მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. 2. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. 3. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირები საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტების თანახმად, სსკ-ის 1488-ე მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება. მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე” (იხ. სუსგ-ები საქმე №ას-143-136-2010, 07.10.2010წ.; საქმე №ას-968-1269-2007, 22.02.2008წ.; საქმე № ას-171-160-2017, 18.04.2017 წ.).
პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488.1 მუხლით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, რაც მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის მემკვიდრეებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. ამდენად, მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლისთვის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სამკვიდრო გაიხსნა, საკმარისი არაა, მამკვიდრებლის კრედიტორებმა უნდა იცოდნენ, ასევე, იმ მემკვიდრეთა ვინაობა, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, რათა მათ წარუდგინონ მოთხოვნა. კანონი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ორ გზას ადგენს, კერძოდ, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და ნოტარიუსისათვის განცხადების წარდგენით (სსკ-ის 1421-ე მუხლი).
სსკ-ის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება – მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება, კრედიტორის პრეტენზიების შესახებ, განცხადება უნდა შედგეს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით, განცხადება მიიღება მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ („სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლი)(სუსგ 18.04.2017წ. საქმე №ას-171-160-2017).
მხარეებს შორის არაა სადავო ის ფაქტი, რომ სს „თი---------მა“ მოვალე ჯო-----------–-–---–ის გარდაცვალების შესახებ 2018 წლის 11 ივნისს შეიტყო. შესაბამისად, მას აღნიშნული თარიღიდან 6 თვის განმავლობაში ნებისმიერი ნოტარიუსისათვის უნდა მიემართა მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით, ნოტარიუსი კი ვალდებული იქნებოდა მამკვიდრებლის კრედიტორის განცხადების მიღების პარალელურად პრეტენზიის შესახებ ეცნობებინა მემკვიდრისათვის. სამკვიდრო მოწმობა მა-----------–-–---–ის სასარგებლოდ 2018 წლის 22 ივნისს გაიცა. სს „თი----------“ გარდაცვლილი ჯო-----------–-–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა/არგაცემის საკითხის დადგენის მიზნით საერთოდ არ მიუმართავს საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის (ან რომელიმე ნოტარიუსისთვის) და სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან, ან ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან. მოსარჩელემ ჯერ სარჩელი აღძრა გარდაცვლილი ჯო-----------–-–---–ის მიმართ, ხოლო მას შემდეგ რაც საფოსტო შეტყობინებით მისთვის ცნობილი გახდა მოვალის გარდაცვალების შესახებ, სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისს წარუდგინა დაზუსტებული სარჩელი გარდაცვლილის სავარაუდო უფლებამონაცვლეების, მათ შორის მა-----------–-–---–ის მიმართ, მათი გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ ცნობისა და დავალიანების დაკისრების შესახებ. აღნიშნული დროისთვის კი, გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უკვე დადგენილი იყო ჯო-----------–-–---–ის მემკვიდრის ვინაობა, რომლის შესახებ მოსარჩელისთვისაც იქნებოდა ცნობილი, თუკი იგი მიმართავდა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას (ან რომელიმე ნოტარიუსისთვის) შესაბამისი განცხადებით.
მოსარჩელემ მემკვიდრის მიმართ პრეტენზიის წარდგენის ვადა დაუკავშირა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების მემკვიდრის სახელზე რეგისტრაციას და განმარტა, რომ მხოლოდ ამ ფაქტის შემდგომ გახდა ცნობილი მისთვის მემკვიდრის ვინაობა და 2018 წლის 28 დეკემბრიდან დაცული აქვს ექვსთვიანი ვადა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ისევდაისევ მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე და 1499-ე მუხლების შინაარსზე, სადაც კონკრეტულად განიმარტა ის სავალდებულო პირობა, რომლის დაუცველობა გამორიცხავს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. თუკი მოხდება მოსარჩელის პოზიციის გაზიარება, მემკვიდრეების მიერ სამკვიდრო მოწმობის საჯარო რეესტრში წარუდგენლობა, ან სამკვიდრო მასაში უძრავი ქონების არარსებობა, არაგონივრულად გაახანგრძლივებს კრედიტორის უფლებას, მოთხოვნა წარადგინოს მამკვიდრებლის მემკვიდრეების მიმართ. სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის მიზნებიდან გამოდინარე, მისი შინაარსი არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ კრედიტორს, მოვალის გარდაცვალების შესახებ შეტყობინების მომენტიდან ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად შეუძლია მოვალის სამკვიდროს მიმღები მემკვიდრის ვინაობა გამოარკვიოს, ხოლო გაგებიდან 6 თვის განმავლობაში - მას მოთხოვნა წაუყენოს. ამით სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, კეთილსინდისიერი მემკვიდრისა და მესამე პირების ინტერესებს საფრთხე შეექმნება. გამსესხებლის მიერ მოვალის მემკვიდრეებისთვის მოთხოვნის წარდგენა კანონით დადგენილ ვადაში უნდა განხორციელდეს, რასაც სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი აწესრიგებს.
რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, რომ მან დაზუსტებული სარჩელის წარდგენით განახორციელა 1488-ე მუხლით მემკვიდრისათვის პრეტენზიის წარდგენის ვადის დაცვა, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რომ ექვსთვიანი ვადის ათვლა უნდა მოხდეს დავალიანების ამოსაღებად საქმისწარმოების დაწყების მომენტიდან. დაზუსტებული სარჩელი სს „თი---------მა“ წარადგინა 2018 წლის 10 ივლისს, სავარაუდო უფლებამონაცვლეების მიმართ, მოითხოვა მათი უფლებამონაცვლედ ცნობა და საკრედიტო დავალიანების მემკვიდრეებისთვის დაკისრება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განჩინებით სს „თი----------“ უარი ეთქვა დაზუსტებული სარჩელის მიღებაზე. შესაბამისად, აღნიშნული სარჩელის აღძვრის შესახებ მამკვიდრებლის მემკვიდრისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა. სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილი კი პირდაპირ უთითებს, რომ კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ მამკვიდრებლის მემკვიდრეებს.
გარდა ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, ამ დროისთვის უკვე გაცემული იყო სამკვიდრო მოწმობა და არსებობდა კონკრეტული მემკვიდრე, რომლის მიმართაც წარდგენილი სარჩელით ბანკი უფლებამოსილი იქნებოდა მოეთხოვა მემკვიდრისაგან მისი, როგორც კრედიტორის ინტერესის დაკმაყოფილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრებათ და თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე და მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისთვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს მათთვის არახელსაყრელ შედეგს. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაადასტუროს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელემ მოვალის გარდაცვალების შეტყობინებიდან - 2018 წლის 11 ივნისიდან 6 თვის ვადაში მიმართა მოპასუხეებს ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, თუმცა მან ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა, რაც სარჩელი საფუძვლიანობას გამორიცხავს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 280 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარი. საქმის განხილვის მთავარ ეტაპზე მოსარჩელემ ნაწილობრივ უარი თქვა მოთხოვნაზე, რის საფუძველზე მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 196,95 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლით.
მოპასუხის მიერ მისთვის გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურების მიზნით გადახდილია 300 ლარი. ვინაიდან სს „თი----------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა აღნიშნული ხარჯის ანაზღაურება მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
8.სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განჩინებით მოპასუხე მა-----------–-–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომელთა რეკვიზიტებია: ქ. თბილისი, ქუჩა გომბორი №17 (2/10 ნაწილი ლიტ ,,ა’’ საერთო სასარგებლო ფართობით 131.6-------------–---------–----------–----------------------------------------------------------------------------------.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „თი----------ს“ სარჩელი მა-----------–-–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;
3. სს „თი----------“ დაუბრუნდეს მის მიერ 20/06/2019 წელს სს „თი---------ში“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 280.00 ლარიდან - 196,95 ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება N2), რაც განთავსებული იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე N3000733150; ბანკის კოდი TRESGE22.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფა, რომლითაც სს „თი----------ს“ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხემ მა-----------–-–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალოს მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომელთა რეკვიზიტებია:
- ქ. თბ--–------------------------ (2/10 ნაწილი ლიტ „ა“ საერთო სასარგებლო ფართობით 131.6--------------–---------–----------–---------------------------------------------------------------------------------.
5. სს „თი----------“ მა-----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად - 300 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე