გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.01.2020
საქმის ნომერი
330210019003175221
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
27.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21984-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.01.2020 წელი ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი

სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე

მოსარჩელე ააიპ ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–-- - ქ---------- უ---–------ კ---–--------- ს---------–--- მ---------–- ო---------–-ა,წარმომადგენელი მ----- შ-----–--,მოპასუხე შ--------------ის 15

წარმომადგენელი კ------- ა--–---–---–-, თ----- ს-------–---–-, რ--------- ბ----------,დავის საგანი : სალიცენზიო შეთანხმებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე შ--------------ის 15-ს დაეკისროს 2019 წლის 01 მაისიდან 2019 წლის 01 აგვისტომდე პერიოდისათვის 2018 წლის 01 სექტემბრის N4138 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული საავტორო ჰონორარის დავალიანების 191.16 ლარის ს----------–--- ს----------- უ---–------ ასოციაციისათვის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე შ--------------ის 15-ს დაეკისროს 2018 წლის 01 სექტემბრის N4138 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 2019 წლის 01 მაისიდან 2019 წლის 01 აგვისტომდე პერიოდისათვის დავალიანების 191.16 ლარის 0.1% -ს ს----------–--- ს----------- უ---–------ ასოციაციისთვის გადახდა.

 

1.3. მოპასუხე შ--------------ის 15-ს დაეკისროს 01.08.2019 წლიდან მაგრამ არა უმეტეს #4170 სალიცენზიო შეთანხმების მოქმედების ვადისა 01.09.2018 წლის N4138 სალიცენზიო შეთანხმებიდან გამომდინარე ყოველთვიური გადასახდელი საავტორო ჰონორარის 63.72 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და ითხოვა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ააიპ ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–-- - ქ---------- უ---–------ კ---–--------- ს---------–--- მ---------–- ო---------–-ასა და შ--------------ის 15-ს შორის, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე 01.09.2018 წელს დაიდო N4138 სალიცენზიო შეთანხმება, ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების და მათი ფონოგრამების საჯაროდ შესრულების შესახებ. შეთანხმების საგანს წარმოადგენდა მოსარგებლის მფლობელობაში არსებულ შემდეგ ობიექტზე - კაფე-ბარი ,,მ---- ც---------“ მდებარე: ქ. თ---–---, ა---–-------- #-- ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების საჯაროდ შესრულება, რისთვისაც მოპასუხეს მოსარჩელისათვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა ჰონორარი 63.72 ლარი (დღგ-ს ჩათვლით). ვალდებულების შესრულება უნდა მომხდარიყო ყოველი თვის ბოლომდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

01.09.2018 წლის N4138 სალიცენზიო შეთანხმების ასლი ს. ფ. 22-25.

მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.2. მხარეთა შორის დადებული 01.09.2018 წლის N4138 სალიცენზიო შეთანხმების 4.10 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს გადახდაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

19.10.2018 წლის N4170 სალიცენზიო შეთანხმების ასლი ს. ფ. 22-25.

მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.3. მხარეთა შორის დადებული 01.09.2018 წლის N4138 სალიცენზიო შეთანხმების 8.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეს ლიცენზია ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ერთი წლის ვადით. შეთანხმების 8.2. პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდება ყოველი მომდევნო ერთწლიანი პერიოდით, ვიდრე ერთ-ერთი მხარე წერილობითი ფორმით არ აუწყებს მეორე მხარეს ლიცენზიის შეწყვეტის და/ან შეცვლის შესახებ (მიზეზის მითითებით), მაგრამ არაუგვიანეს 2 კვირით ადრე იმ თარიღამდე, საიდანაც ლიცენზია ექვემდებარება შეწყვეტას ან შეცვლას. შეთანხმების 8.3. პუნქტის თანახმად, ლიცენზია შეიძლება შეწყდეს მოსარგებლის ინიციატივით ვადაზე ადრე, საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის, საავტორო და/ან მომიჯნავე უფლებით დაცული ნაწარმოებების გამოყენებისგან უარი თქმის და/ან სხვა ისეთი გარემოებების არსებობისას, რაც ათავისუფლებს მას ჰონორარის გადახდისაგან, რა შემთხვევაშიც მან წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ასოციაციას არაუგვიანეს ორი კვირით ადრე ამ თარიღამდე, საიდანაც ლიცენზია ექვემდებარება შეწყვეტას. ლიცენზიის შეწყვეტა მხარეთა შორის ფორმდება ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

19.10.2018 წლის N4170 სალიცენზიო შეთანხმების ასლი ს. ფ. 22-25.

მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.4. მოპასუხე შ--------------ის 15 წარმოადგენს საქართველოში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ მეწარმე იურიდიულ პირს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. ს. ფ. 20-21

მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.5. მოპასუხე სალიცენზიო შეთანმების დადებიდან 2019 წლის აპრილის თვემდე ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რის შემდგომაც იგი აღარ შეუსრულებია. მოპასუხეს სალიცენზიო შეთანხმების შესაბამისად გააჩნია დავალიანება 2019 წლის მაისის თვის 63.72 ლარის ოდენობით, 2019 წლის ივნისის თვის 63.72 ლარის ოდენობით. მოპასუხეს ასევე გააჩნია პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი დავალიანება, 2019 წლის ივნისის თვის - 1.91 ლარი ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

დავალიანების ცნობის ასლი ს. ფ. 31.

მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.6. 21.06.2019 წელს მოსარჩელემ მოპასუხისაგან მიიღო წერილობითი შეტყობინება ცალმხრივად ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა მოპასუხისათვის გაგზავნილი 02.07.2019 წლით დათარიღებული წერილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

21.06.2019 წლის ცნობის ასლი ს. ფ. 27.

02.07.2019 წლის წერილის ასლი ს. ფ. 29-30.

მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.7. მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხე არ ასრულებს მასზედ დაკისრებულ ვალდებულებებს ჰონორარის გადახდის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.8. მოსარჩელე საქართველოში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ როგორც არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის სახით როგორც ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–-- - ქ---------- უ---–------ კ---–--------- ს----------- მ---------–- ორგანოზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. ს. ფ. 18-19.

მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 მხარეთა შორის 01.09.2018 წელს დადებული N4138 სალიცენზიო შეთანხმება შეწყდა 05.07.2019 წლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მულხით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

ამავე კოდექსის 327-ე მუხლით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლით ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. თუ ხელშეკრულების პირობები მხარეების მიერ დეტალურად არის განსაზღვრული, მაშინ ეს არ მიიჩნევა ხელშეკრულებათა სტანდარტულ პირობად. უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს უპირატესობა ენიჭება სტანდარტულ პირობებთან შედარებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლით, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩია, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე 01.09.2018 წელს დადებული N4138 სალიცენზიო შეთანხმებით, რომლითაც მხარეებმა გამოხატეს მისი დადების ნება, რაც ხელმოწერით დაადასტურეს შეთანხმების პირობებზე. აღნიშნული სალიცენზიო შეთანხმების 8.1 პუნქტით ლიცენზია ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდანვე და მოქმედებს ერთი წლის ვადით. ხოლო 8.2 პუნქტის თანახმად ლიცენზიის ვადა ავტომატურად გრძელდება ყოველი მომდევნო ერთწლიანი პერიოდით, ვიდრე ერთ-ერთი მხარე წერილობითი ფორმით არ აუწყებს მეორე მხარეს ლიცენზიის შეწყვეტის და/ან შეცვლის შესახებ (მიზეზის მითითებით), მაგრამ არაუგვიანეს 2 კვირით ადრე იმ თარიღამდე საიდანაც ლიცენზია ექვემდებარება შეწყვეტას ან შეცვლას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის საფუძველზე 01.09.2018 წლის მხარეთა შორის დაიდო N4138 სალიცენზიო შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმება დაიდო 1 წლის ვადით, თუმცა შეთანხმების 8.3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზია შეიძლება შეწყდეს მოსარგებლის ინიციატივით ვადაზე ადრე, საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის, საავტორო და/ან მომიჯნავე უფლებით დაცული ნაწარმოების გამოყენებისაგან უარის თქმის და/ან სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რაც ათავისუფლებს მას ჰონორარის გადახდისაგან, რა შემთხვევაშიც მან წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ასოციაციას არაუგვიანეს ორი კვირით ადრე იმ თარიღამდე საიდანაც ლიცენზია ექვემდებარება შეწყვეტას. ლიცენზიის შეწყვეტა მხარეთა შორის ფორმდება ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით.

 

მოპასუხე მხარის ახსნა -განმარტებით, მხარეთა 01.09.2018 წლის N4138 სალიცენზიო შეთანხმება შეწყვეტილია მოპასუხის მიერ 21.06.2019 წელს მოსარჩელისადმი გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. შეთანხმებით განსაზღვრულია შეწყვეტასთან დაკავშირებით ხელშეკრულების შეწყვეტის სპეციალური წესი, რომელიც გულისხმობს, რომ მოსარგებლემ წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ასოციაციას არაუგვიანეს ორი კვირით ადრე იმ თარიღამდე, საიდანაც ლიცენზია ექვემდებარება შეწყვეტას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 21.06.2019 წელს მოსარჩელემ მიიღო წერილობითი შეტყობინება შეთანხმების შეწყვეტის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლში კანონმდებელი არ აკონკრეტებს ხელშეკრულებიდან გასვლისათვის გამოსახატი ნების ფორმას რის გამოც იგი მხარეთა შეთანხმების საგანი შეიძლება გახდეს, თუ მხარეებს აღნიშნულზე დამატებითი შეთანხმება არ აქვთ მიღწეული იგი შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობით ასევე ზეპირად და ელექტრონულად, ხოლო როდესაც მხარეებმა აღნიშნულზე სპეციალურ შეთანხმებას მიაღწიეს რაც წერილობით ხელშეკრულებაში აისახა, როგორც ამ შემთხევაში, მაშინ მხარის მიერ მეორე მხარისადმი გამოვლენილი ნების ფორმა ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ უნდა შეესაბამებოდეს მხარეთა მიერ შეთანხმებულ ფორმას ამ შემთხვევაში წერილობით ფორმას.

 

ამავე კოდექსის 356-ე მუხლით თუ ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა არ არის დადგენილი, მაშინ შეიძლება გამსვლელ პირს ხელშეკრულების მეორე მხარისაგან განესაზღვროს ასეთი ვადა. ვადა უნდა იყოს გონივრული. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ქარწყლდება, თუ უარი ვადის გასვლამდე არ იქნება გაცხადებული.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარგებლის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის ყველა პირობა დაცულია, მიუხედავად ხელშეკრულების პირობებისა, მხარე არ არის ვალდებული დაასაბუთოს ხელშეკრულებიდან გასვლა რაც ხელშეკრულების დადების თვისუფლების პრინციპიდან გამომდონარეობს, ხოლო იძულებით კონტრაჰირება დაუშვებელია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით სპეციალური გამონაკლისი შემთხვევებისა მაგალითისათის: შრომითი ურთიერთობების დროს, მონოპოლიური მდგომარეობაში ყოფნისას და ა.შ. ასეთი შემთხვევა კი ამ შემთხევაში სახეზე არ გვაქვს რადგან დავის საგანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ 21.06.2019 წლიდან მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული ხელშეკრულებიდან გასვლის 2 კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ 05.07.2019 წლიდან მხარეთა შორის დადებული შეთანხმება შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს.

 

3.2.2 N4138 სალიცენზიო შეთანხმებიდან გამომდინარე მოპასუხის გადაუხდელი სალიცენზიო ჰონორარი შეთანხმების შეწყვეტის დროისათვის შეადგენს 137.71 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შეთანხმებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელისათვის ყოველთვიური ჰონორარის სახით უნდა გადაეხადა 63.72 ლარი. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა 2019 წლის მაისის, ივნისის და არც ივლისის თვეში. უდაოდ დადგენილია, რომ მოსარგებლეს 2019 წლის მაისის თვეში ჰონორარის სახით უნდა გადაეხადა 63.72 ლარი, ივნისის თვეში ასევე 63.72 ლარი, ხოლო ივლისის თვეში მის მიერ გადასახდელი ჰონორარის თანხა უნდა განისაზღვროს 10.27 ლარით, ვინაიდან შეთანხმება შეწყვეტილად ჩაითვალა 05.07.2019 წლიდან. ამ პრინციპით უნდა დაანგარიშდეს ასევე მოსარჩლის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 405-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე მუხლები

 

საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ პირველი, მე-4, მე-5, მე-18-ე, 63-ე, 65-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლით, ეს კანონი არეგულირებს ა) იმ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას (საავტორო უფლებები); ბ) შემსრულებლის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის საავტორო უფლებების მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს (შემდგომში – მომიჯნავე უფლებები); გ) მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის ”რ” ქვეპუნქტის თანახმად, ,,საჯარო შესრულება“ არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის წარმოდგენა დეკლამაციის, თამაშობის, სიმღერის, ცეკვის ან სხვა სახით, უშუალოდ (ცოცხალი შესრულება) ან ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით, ადგილზე (ადგილებზე), სადაც საჯარო შესრულება შეიძლება აღქმულ იქნეს საჯარო გადაცემის აუცილებლობის გარეშე და სადაც ესწრებიან ან შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს. აუდიოვიზუალური ნაწარმოების საჯარო შესრულებად ითვლება ნაწარმოების გამოსახულებათა ჩვენება თანამიმდევრობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სალიცენზიო შეთანხმების საგანს წარმოადგენდა მოსარგებლის მფლობელობაში არსებულ შემდეგ ობიექტზე - კაფე-ბარი ,,მ---- ც---------“ მდებარე: ქ. თ---–---, ა---–-------- #-- ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების საჯაროდ შესრულება. იმ გარემოების გათვალისწინებით რომ ,,მ---- ც---------“ წარმოადგენს კაფე-ბარს, სადაც ხორციელდება ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის წარმოდგენა დეკლამაციის, თამაშობის, სიმღერის, ცეკვის ან სხვა სახით, უშუალოდ (ცოცხალი შესრულება) ან ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით საჯარო გადაცემა, რაც განკუთვნილია არა ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრის მიმართ, არამედ ფართო საზოგადოებისადმი სამეწარმეო მიზნებიდან გამომდინარე, ცალსახაა რომ, სახეზეა საჯარო შესრულება.

 

აღნიშნულის შემდგომ, მნიშვნელოვანია დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა მოსარჩელე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას და აქვს თუ არა ამ უკანასკნელს უფლება მოითხოვოს ნებისმიერი საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევი პირისაგან ქმედების აკრძალვა.

 

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების მართვას საქართველოში ახორციელებენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები, რომლებმაც ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადეს ხელშეკრულებები უმრავლესი ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან.

 

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს: ა) მოსარგებლესთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა და ლიცენზიის სხვა პირობები; ბ) გასცეს ლიცენზია იმ უფლების გამოყენების შესახებ, რომელსაც ის მართავს; გ) მოსარგებლესთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა, როდესაც ის ჰონორარს აგროვებს ლიცენზიის გაცემის გარეშე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; დ) შეაგროვოს ლიცენზიით გათვალისწინებული ჰონორარი ან/და ჰონორარი, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით; ე) გაანაწილოს და გადაუხადოს შესაბამისი ჰონორარი საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს; ვ) შეასრულოს ქმედება, რომელიც საჭიროა მისთვის სამართავად გადაცემული უფლებების დასაცავად ან განსახორციელებლად, მათ შორის, წარმოადგინოს უფლების მფლობელი სასამართლოში და ისარგებლოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით; ზ) განახორციელოს სხვა საქმიანობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ორგანიზაცია, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უფლებამოსილია აგრეთვე წარმოადგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა მისთვის უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ჩართოს მათი ნაწარმოებები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში. ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება კინემატოგრაფიულ და სხვა ნაწარმოებებზე, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით. დასახელებული მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, აგრეთვე ჩართულია გადაცემაში, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაში, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება კინემატოგრაფიულ და სხვა ნაწარმოებებზე, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით.

 

საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ირკვევა რომ მოსარჩელე დარეგისტრირებულია, როგორც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, შესაბამისად, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტია.

 

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა (მოშლა) აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს, კერძოდ, დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების აღმოცენების სამართლებრივი საფუძველია პირველადი მოთხოვნის შეუსრულებლობა. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლების საბაზისო, მატერიალური წინაპირობაა, მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების შეუსრულებლობა. შეუსრულებლობა გარკვეული ობიექტური მასშტაბით იზომება. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ხელმისაწვდომია მხოლოდ მაშინ, როცა მეორე მხარის მიერ ვალდებულების დარღვევა სერიოზულობის განსაზღვრულ დონეს აღწევს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით განმარტებულია, რომ ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ მეორე მხარის მიერ ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა. ხელშეკრულებიდან გასვლის მეორე წინაპირობაა მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის დამატებითი ვადის დაწესება, ანუ მხარეები ერთხელ მაინც უნდა შეეცადონ გადაარჩინონ ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობებია: ნამდვილი ორმხრივი ხელშეკრულების არსებობა; ხელშეკრულების დარღვევა (მნიშვნელოვანი დარღვევა); დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება); ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვა, ხოლო ხელშეკრულების დადებ ან/და ვალდებულების დარღვევის გარეშე გასვლა ეს ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპის გამოვლინებაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის, 01.09.2018 წელს დადებული N4138 სალიცენზიო შეთანხმების 4.4. პუნქტის თანახმად, მოსარგებლეს კაფე-ბარ ,,მ---- ც---------ში“ 20 დასაჯდომ ადგილზე, ,,ასოციაციას‘’ მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოების მხოლოდ ტექნიკური საშუალებით საჯაროდ შესრულებაში, საავტორო ჰონორარის სახით ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 42.48 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო ამავე ობიექტზე 20 დასაჯდომ ადგილზე მუსიკალური ნაწარმოების ფონოგრამის საჯაროდ შესრულებაში - 21.24 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), სულ ჯამში მოსარგების მიერ ყოველთიური ჰონორარი შეადგენა 63.72 ლარს (დღგ-ს ჩათვლით). სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხემ განახორციელა გარკვეული პერიოდის სალიცენზიო ჰონორარის გადახდა, ხოლო 2019 წლის მაისის, ივნისის და ივლისის თვის (შეწყვეტამდე) სალიცენზიო ჰონორარის გადახდა არ განხორციელებულა.

 

ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 01.09.2018 წელს დადებული N4138 სალიცენზიო შეთანხმება შეწყდა 05.07.2019 წლიდან. შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია გადაუხდელი ჰონორარის დავალიანება საერთო ჯამში 137.71 ლარის ოდენობით (იხ. გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტი).

 

რაც შეეხება მხარეთა შორის შეთანხმებულ პირგასამტეხლოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, ხოლო 419-ე მუხლით კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

01.09.2018 წლის N4138 სალიცენზიო შეთანხმების 4.10 პუნქტის თანახმად, ჰონორარის გადახდის და/ან ამ ლიცენზიით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვადების დარღვევისათვის, ასევე არასწორი და/ან არასრული ინფორმაციის წარდგენისათვის ასოციაციას უფლება აქვს მოსთხოვოს მოსარგებლეს პირგასამტეხლოს გადახდა მიმდინარე პერიოდში გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც არ ათავისუფლებს მოსარგებლეს ამ ლიცენზიით ნაკისრი ჰონორარისა და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენისა ვალდებულებისაგან.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული სალიცენზიო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, მის მიერ არ განხორციელდა სალიცენზიო ჰონორარის გადახდა, შესაბამისად მას უნდა დაეკისროს გადაუხდელი ჰონორარის 0.1%-ის გადახდა, რაც ჯამში შეადგენს 3.95 ლარს. ამასთან სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა იმდენად მცირეა, რომ არ არსებობს მისი მოპასუხის მითითების მიუხედავად მისი შემცირების საფუძველი, ამიტომაც პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილ თანხას სასამართლო გონივრულად მიიჩნევს.

 

რაც შეეხება სასასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მითითებას, რომ არსებითი შეცდომის საფუძველზე დაიდო მხარეებს შორის გარიგება და იგი ბათილია, სასამართლო მოპასუხის მიერ მთავარ სხდომაზე მითითებულ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე ვერ იმსჯელებს, ვინაიდან მას შესაგებელი სასამართლოში არ წარუდგენია და შესაგებლით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებითი შედავება არ განუხორციელებია, ამიტომაც მის მიმართ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოპასუხეს არც შეგებებული სარჩელით მოუმართავს სასამართლოსათვის და სალიცენზიო შეთანხმების დადებიდან 2019 წლის მაისამდე ნებაყოფლობით ასრულებდა სალიცენზიო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების საგანში ან არსებით შეცდომას უფლებაში ადგილი არ ააქვს, რადგან მოპასუხის მიერ მთავარ სხდომაზე იქნა მითითებული სხვა იმავე უფლებამოსილების განმახორციელებელი ასოციაციის არსებობის შესახებ რასაც მოსარჩელე ახორციელებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს, ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან მოსარჩელე კანონით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სასარჩლო მოთხოვნის პროპორციულად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხე შ--------------ის 15-ს მოსარჩელე ააიპ. ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–-- - ქ---------- უ---–------ კ---–--------- ს---------–--- მ---------–- ო---------–-ის სასარგებლოდ 01.09.2018 წლის N4138 სალიცენზიო ხელშეკრულების ს---------–--- დაეკისროს 2019 წლის მაისიდან 05.07.2019 წლამდე პერიოდისათვის გადასახდელი ჰონორარის 137.71 ლარის გადახდა.

 

2. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხე შ--------------ის 15-ს მოსარჩელე ააიპ. ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–-- - ქ---------- უ---–------ კ---–--------- ს---------–--- მ---------–- ო---------–-ის სასარგებლოდ 01.09.2018 წლის N4138 სალიცენზიო ხელშეკრულების ს---------–--- დაეკისროს 2019 წლის მაისიდან 05.07.2019 წლამდე პერიოდისათვის გადასახდელი ჰონორარის 137.71 ლარზე დარიცხული პირგასამტეხლოს 3.95 ლარის გადახდა.

 

3. დარჩენილ ნაწილში მოსარჩლეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

4. მოპასუხე შ--------------ის 15-ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი