გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/26258-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17.01.2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე
მოსარჩელე ნ--- ჩ------ე,წარმომადგენელი მ--–---- პ---------,მოპასუხე შპს თ---–---- ზ----- ჰ---------–ი,წარმომადგენელი თ----- მ-------,დავის საგანი: სახელფასო დავალიანების, გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაციის და პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს თ---–---- ზ----- ჰ---------–ს დაეკისროს მოსარჩელე ნ--- ჩ------ის სასარგებლოდ 2018 წლის ნოემბრის, დეკემბრის თვეების, ასევე 2019 წლის იანვრის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 8900 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე შპს თ---–---- ზ----- ჰ---------–ს დაეკისროს მოსარჩელე ნ--- ჩ------ის სასარგებლოდ გამოუყენებელი შვებულების (2 კვირა) ფულადი კომპენსაციის სახით დასაბეგრი 1483 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე შპს თ---–---- ზ----- ჰ---------–ს დაეკისროს მოსარჩელე ნ--- ჩ------ის სასარგებლოდ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დაყოვნების ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს 0.07%-ის ოდენობით გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სასარჩელო მოთხოვნები, თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ სახელფასო დავალიანების 7342 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ნ--- ჩ------ე დასაქმებული იყო შპს თ---–---- ზ----- ჰ---------–ში 2017 წლის აგვისტოდან 2019 წლის 13 თებერვლამდე ექიმის პოზიციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
შრომითი ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 17-20.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.2. მოსარჩელე შრომით ვალდებულებას ასრულებდა ცვლიანობის განრიგით განსაზღვრულ სამორიგეო დღეების მიხედვით. მიმღებში სამორიგეო დღის ხანგრძლივობა შეადგენდა 24 საათს, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებაში - 16 საათს გარდა დასვენებისა და უქმე დღეებისა, რომლის დროსაც სამორიგეო დღის ხანგრძლივობა შეადგენდა 24 საათს. ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრებოდა კუმულაციურად სამორიგეო დღეების ჯამური ღირებულებით, დღეში 16/24 საათიანი მორიგეობის სისტემით საათში დასაბეგრი 12.50 ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
შრომითი ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 17-20.
დანართის ასლი ს. ფ. 21.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.3. მოპასუხის მიერ ხელფასის გაცემა უნდა მომხდარიყო ყოველთვიურად, თვეში ერთხელ, არაუგვიანეს თვის ბოლო რიცხვისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
შრომითი ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 17-20.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.4. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37.1. მუხლის ,,ბ“ პუნქტის საფუძველზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.5. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება. მოპასუხე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელს ცნო ნაწილობრივ დავალიანების 7342 ლარის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
15.01.2020 წლის ცნობის ასლი ს. ფ. 77.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.6. მოსარჩელემ 2018 წლის სექტემბერში ისარგებლა ყოველწლიური ფასიანი შვებულების 2 კვირით, ხოლო დარჩენილი 2 კვირით არ უსარგებლია და არც გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არ მიუღია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება სარჩელში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.7. მოსარჩელემ 2018 წლის ნოემბერში მიმღებ განყოფილებაში იმორიგევა 8 სამორიგეო დღე 24 საათის განმავლობაში (1,5,9,13,17,21,25,29 ნოემბერი), რის გამოც მას უნდა მიეღო ხელფასის სახით 2400 ლარი. მოსარჩელემ რეანიმაციაში იმორიგევა 2 სამორიგეო დღე (დასვენების და უქმე დღეები 3,23 ნოემბერი) 24 საათი, რის გამოც მას უნდა მიეღო 600 ლარი და 2 ჩვეულებრივი სამორიგეო დღე (7,15 ნოემბერი) 16 საათი, რის გამოც მას უნდა მიეღო 400 ლარი. სულ ნოემბრის თვის სამორიგეო დღეები განისაზღვრა 12 დღით, რომლის ანაზღაურების სახით მოპასუხეს უნდა გადაეხადა მოსარჩელისათვის საერთო ჯამში 3400 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სამორიგეო ცხრილის ასლი ს. ფ. 82-83.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.8. მოსარჩელემ 2018 წლის დეკემბერში მიმღებ განყოფილებაში იმორიგევა 4 სამორიგეო დღე 2,11,22,30 დეკემბერი) 24 საათის განმავლობაში, რის გამოც მას უნდა მიეღო ხელფასის სახით 1200 ლარი. მოსარჩელემ რეანიმაციაში იმორიგევა 3 სამორიგეო დღე (დასვენების და უქმე დღეები 15, 23, 29 დეკემბერი) 24 საათი, რის გამოც მას უნდა მიეღო 900 ლარი და 5 ჩვეულებრივი სამორიგეო დღე (3,7,11,19,27 დეკემბერი) 16 საათი, რის გამოც მას უნდა მიეღო 1000 ლარი. სულ დეკემბრის თვის სამორიგეო დღეები განისაზღვრა 12 დღით, რომლის ანაზღაურების სახით მოპასუხეს უნდა გადაეხადა მოსარჩელისათვის საერთო ჯამში 3100 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სამორიგეო ცხრილის ასლი ს. ფ. 80-81.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.9. მოსარჩელემ 2019 წლის იანვარში მიმღებ განყოფილებაში იმორიგევა 5 სამორიგეო დღე (8,12,16,23,28 იანვარი) 24 საათის განმავლობაში, რის გამოც მას უნდა მიეღო ხელფასის სახით 1500 ლარი. მოსარჩელემ რეანიმაციაში იმორიგევა 1 სამორიგეო დღე (დასვენების დღე 13 იანვარი) 24 საათი, რის გამოც მას უნდა მიეღო 300 ლარი და 3 ჩვეულებრივი სამორიგეო დღე (17,21,29 იანვარი) 16 საათი, რის გამოც მას უნდა მიეღო 600 ლარი. სულ დეკემბრის თვის სამორიგეო დღეები განისაზღვრა 9 დღით, რომლის ანაზღაურების სახით მოპასუხეს უნდა გადაეხადა მოსარჩელისათვის საერთო ჯამში 2400 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სამორიგეო ცხრილის ასლი ს. ფ. 78-79.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. სამართლის წყაროები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია.
საქართველოს კონსტიტუცია.
ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ კონვენცია.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის N158 კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“; 1982 წლის N166 რეკომენდაცია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ (Termination of employment recomandation).
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასდეს ყოვლისმომცველად.
სამართლებრივი სახელმწიფოს თანამედროვე განვითარების ეტაპი მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია იმ ფუძემდებლური, საერთაშორისო ხასიათის მქონე რეგულაციების შექმნით, როგორებიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ და სხვა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე - ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.
საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში - LOIZIDOU vs. TURKEY აღნიშნული კონვენცია დაახასიათა „ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციურ დოკუმენტად“.
აღნიშნული დოკუმენტის მე-4 მუხლი შეიცავს რეგულაციას, რომელიც კრძალავს იძულებით შრომას. კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან, კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე რთულია კონვენციის დებულებათა სწორად განმარტება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული სასამართლოს მიერ, როგორც მინიმუმ აღქმულ უნდა იქნეს სამართლის შემეცნების წყაროდ (თუ უშუალოდ სამართლის წყაროდ არა). აღნიშნულის ვალდებულება (პრეცედენტული სამართლის გამოყენების ვალდებულება) გამომდინარეობს როგორც უშუალოდ კონვენციიდან, ასევე ეროვნული (ქართული) კანონმდებლობის რიგი სამართლებრივი აქტებიდან (მაგ: "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონი, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (CASE OF SILIADIN V. FRANCE), კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი მოცემულობა, რომელშიც გარანტირებული იქნება ეფექტური დაცვა დასაქმებულისათვის გაწეული სამუშაოს შესაბამისი შრომის ანაზღაურებისა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, შრომის უფლების გარკვეულ გამოვლინებებს, გარკვეულწილად აქცევს კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მოქმედების სფეროში. საქმეში - I.B. v. GREECE, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: „სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ „პირადი ცხოვრების“ ცნება ფართო კონცეფციაა და არ ექვემდებარება ამომწურავ განმარტებას; ის მოიცავს ადამიანის ფიზიკურ და მორალურ ხელშეუხებლობას და ასევე ხშირად მოიცავს ადამიანის ფიზიკური და სოციალური იდენტობის ასპექტებს“; ასევე დაიცვა ევროპულმა სასამართლომ შრომითი უფლებანი საქმეებში - OBST v. GERMANY; SCHUTH v. GERMANY;
საქმეში - IVANOVA v. BULGARIA, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებელი (ქალბატონი ივანოვა), გარკვეული იურიდიული ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა შეხედულებების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან; გარკვეული ტექნიკის გამოყენება უკავშირდებოდა იმ გარემოებას, რომ დამსაქმებელმა, შეგნებულად და სავსებით თვალთმაქცურად შეცვალა სამსახურებრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელსაც ფორმალურად დასაქმებული ივანოვა ვეღარ აკმაყოფილებდა; თუმცა, რეალური დათხოვნის მიზეზი სავსებით სხვა საკითხი გახლდათ. გასაგებია, რომ ამ მსჯელობას პირდაპირი კავშირი იგივეობა განსახილველ საქმესთან არ აქვს, მაგრამ ის გვაჩვენებს იმ სტანდარტს, რომლითაც სხვა უფლებათა ჭრილში, ასევე დაცულია შრომის უფლება. ასევე, საქმეში BAKA v. HUNGARY, სასამართლომ არ შეიწყნარა მოსამართლის სამსახურიდან დათხოვნა, რამეთუ ფორმალური ხასიათის მქონე რეორგანიზაციით, შეიფუთა რეალური მიზეზი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა.
სასამართლო აქვე მოიხსენიებს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის რიგი რეგულაციები (მუხლი 1, მუხლი 4, ) აწესებენ მონაწილე მხარეთა ვალდებულებას ეფექტურად დაიცვან მუშაკის მიერ ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესარულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება, ასევე აღიარონ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოვრების ღირსეულ დონეს;
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ არასრული იქნება შრომით სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მის ფარგლებში შემუშავებული სამართლის სხვადასხვა წყაროების მოხსენიების გარეშე;
1919 ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში - შსო) ფილადელფიის დეკლარაციით (1944 წ.), განმარტებულია დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს შემთხვევაშიც, ეროვნული კანონმდებლობის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს ეროვნულმა სასამართლომ, როდესაც ის შრომითსამართლებრივ ურთიერთობას შეაფასებს წმინდა ჰორიზონტალური - სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის ჭრილში; აღნიშნული დეკლარაციით, საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, რომ „შრომა არ წარმოადგენს საქონელს“. მართლაც, შრომა არ ჰგავს საქონელს (უძრავ ან მოძრავ ნივთს), უსულო პროდუქტს, რომელზეც შესაძლებელია მოლაპარაკება მაქსიმალური მოგების ან მინიმალური ფასის მიღების მიზნით. შრომა, თითოეული ინდივიდის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მისი როლი არსებითია პიროვნების ღირსებისა და კეთილდღეობისათვის და ინდივიდის, როგორც ადამიანის ჩამოყალიბებისათვის. სწორედ ამ ჭრილში უნდა გავიგოთ ეკონომიკური განვითარების დადებითი ასპექტები; ერთი სიტყვით, ეკონომიკური განვითარება ხდება არა საკუთრივ განვითარებისათვის, არამედ ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებისათვის.
თვითონ შსო-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს ის, რომ შეუძლებელია არსებობდეს გრძელვადიანი მშვიდობა სოციალური სამართლიანობის გარეშე („ჩვენ არ შეგვიძლია განვითარება სოციალური სამართლიანობის გარეშე და ასევე ადამიანური სტანდარტების მინიმალური დონის გარეშე“).
სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1949 წლის N95 კონვენციას „შრომის ანაზღაურების დაცვის შესახებ“ (protection of wages convention). აღნიშნული დოკუმენტის მე-6 მუხლი, უკრძალავს დამქირავებელს ნებისმიერი სახით შეზღუდოს თანამშრომელი მისი კუთვნილი შრომის ანაზღაურების თავისუფალ განკარგვაში. სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსათვის მითითებული საერთაშორისო ხასიათის მქონე დოკუმენტი ძალაში არ არის (და შესაბამისად მისი გამოყენება სამართლის პირდაპირ წყაროდ ეროვნული სასამართლოს მიერ ვერ მოხდება), საკმაოდ საყურადღებოა მისი მოთხოვნები სამოსამართლო სამართლებრივი მოსაზრებების განმარტებისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შიდა კანონმდებლობა არსებითად არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციის შესაბამის რეგულაციებს.
სასამართლო განსაკუთრებით გაამახვილებს ყურადღებას დეკლარაციის 24-ე მუხლის რეგულაციაზე, რომლის თანახმადაც, ყოველ ადამიანს აქვს დასვენებისა და მოცალეობის უფლება სამუშაო დღის გონივრული შეზღუდვისა და ანაზღაურებული პერიოდული შვებულების უფლების ჩათვლით. სასამართლოსათვის ცალსახაა, რომ შრომის უფლება ვერავითარ შემთხვევაში იქნება „უფლება“, თუ შრომითი ურთიერთობის აუცილებელ შემცველ ელემენტად არ განვიხილავთ ისეთ სიკეთეებს, რომლებსაც დასაქმებულისათვის შრომის შესაბამისი ანაზღაურებისა და ასევე გონივრული დასვენების უფლება (მათ შორის შვებულების გამოყენების უფლება) წარმოადგენს.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა. ასევე, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტი ადგენს ანაზღაურებადი შვებულების უფლებას.
სამართლის საერთაშორისო წყაროთა აღნიშნული ჩამონათვალი და მათი შესაბამისი ნორმები, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ საერთაშორისო სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით - მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ (სახელმწიფომ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროპის საბჭოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულყოფილი წევრია), მდგომარეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. ამავე დროს, ადვილია გამოყო ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლების ერთ-ერთი პოსტულატი - შრომის ანაზღაურების მიღების უფლება; სასამართლოსათვის ცალსახაა, რომ შრომის უფლება ვერ იქნება სრულყოფილი „უფლება“, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ განხორცილებული სამუშაოს სანაცვლოდ სამართლიანი შედეგის მიღების საშუალება, რომელიც რათქმაუნდა ძირითადად გამოხატული უნდა იყოს ამ შრომის სამართლიანი და ადეკვატური ანაზღაურების არათუ მიღების, არამედ დროულად მიღების შესაძლებლობაში. საწინააღმდეგო შემთხვევაში, შრომის უფლება შესაძლოა გარკვეულწილად გარდაიქმნას ვალდებულებად და იძულებით ღონისძიებად, რაც ეჭვსგარეშეა წინააღმდეგობაში მოვა თანამედროვე კაცობრიობის მონაპოვართან - თავისუფალი და ლიბერალური საზოგადოების არსებობის პრინციპებთან.
სამართლის ეროვნული წყაროების მიმოხილვას სასამართლო რათქმა უნდა დაიწყებს საქართველოს კონსტიტუციით.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რა თქმა უნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. ჩვენი აზრით, გამორიცხულია იმსჯელო შრომის თავისუფლებაზე, ისეთ პირობებში როდესაც გარანტირებული არ იქნებოდა შრომის შესრულებისათვის შესაბამისი ანაზღაურების უფლება. ზედმეტია საუბარი თავისუფლებაზე, თუ ის გამყარებული არ იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტით - გასამრჯელოს მიღების უფლებით. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ორგანული კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე სამართალწარმოებაც უნდა გადაწყდეს იმის მიხედვით თუ რამდენად დადასტურდა მოსარჩელის მიერ ჯერ შესაბამისი სადავო პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების გარემოება, შემდგომ შრომის კუთვნილი ანაზღაურების მიუღებლობის გარემოება;
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ უდაოდ დადგენილად მიიჩნია სადაო პერიოდში 01.11.2018-01.02.2109 წლამდე მოსარჩელის მუშაობის ფაქტი მოპასუხე დაწესებულებაში. მოცემული პერიოდის შესაბამისი უკუგება შრომის ანაზღაურების სახით არ განხორციელებულა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხე მხარემ სასამართლო მთავარ სხდომაზე ცნო სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ სახელფასო დავალიანების 7342 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საპროცესო სამართლებრივ საფუძველს.
შესაბამისად, ვინაიდან დასტურდება სადავო პერიოდში მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ შრომითი ურთიერთობის განხორციელების გარემოება, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მას სახელფასო დავალიანება გადახდილი აქვს მოსარჩელისათვის, იმ თანხის ზევით, რა ნაწილშიც მან ცნო სასარჩლო მოთხივნა მაშასადამე საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა შრომის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-31 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
მოსარჩელის მოთხოვნა იძულებით განაცდურზე ყოველი დაყოვნებული დღისათვის 0,07%-ის დაკისრების თაობაზე, ემყარება ზემოაღნიშნულ ნორმას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს არსებული ფულადი ვალდებულებიდან და არა იმ თანხიდან, რომელიც სასამართლომ დააკისრა ან შეიძლება დააკისროს პირს არსებული ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის იძულებითი განაცდურის, როგორც ზიანის ანაზღაურების სახით.
ამავე კოდექსის 31.3 მუხლის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ, სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების განუხორციელებლობა, ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში (საქმე №ას-268-255-2016), განმარტა, რომ იძულებითი განაცდურის ანგარიშსწორების დაყოვნების გამო მოპასუხისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს (დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%) საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან და 31-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც: ა) მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი; ბ) შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს; გ) დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ შვიდღიან ვადას (საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლი).
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი ვრცელდება მხოლოდ არსებული შრომითი ურთიერთობების იმ სფეროზე, როდესაც შრომის ანაზღაურება (ხელფასი, საშვებულებო ანაზღაურება და სხვა) ყოვნდება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი შრომითი ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს, განაცდური თანხის 0,07%-ის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, პირგასამტეხლოს დაკისრება უნდა დაიწყოს ყოველი გაუცემელი თვის ხელფასის თანხის დაყოვნების დღიდან, კერძოდ 01.12.2018 წლიდან, 01.01.2019 წლიდან და 01.02.2019 წლიდან.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 2 კვირის საშვებულებო თანხის კომპენსაციის შესახებ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი მოითხოვოს 2018 წლის გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაცია მოპასუხისაგან.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის (აქვე სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციისა, საქართველოს შრომის კოდექსის მუხლები შედგებიან „პუნქტებისაგან“, და არა „ნაწილებისაგან“) თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ-თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, ყოველთვიური ფიქსირებადი შრომის ანაზღაურების შემთხვევაში, დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.
სასამართლო განმარტავს, რომ გამოუყენებელი შვებულება შესაძლოა არსებობდეს მხოლოდ მაშინ, თუ მუშაკს წარმოეშვა შვებულების უფლება შრომითი ურთიერთობის 11 თვის შემდეგ ან მხარეები სხვა რამეზე შეთანხმდნენ, დასაქმებული მოითხოვს შვებულებაში გასვლას, ვინაიდან შვებულების უფლება დასაქმებულის უფლებაა და დასაქმებულს მხოლოდ კანონით გათავალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებში შეუძლია უარი უთხრას მის გამოყენებაზე, ან უფლების ბოროტად გამოყენებით არამართლზომიერად არ მისცემს საშუალებას დასაქმებულს გამოიყენოს კანონით გარანტირებული დასვენების უფლება, რაც თავისთავად შექმნის „გამოუყენებელი შვებულების“ ცნებას, შვებულების გამოყენება ეს არის დასაქმებულის უფლება და არა ვალდებულება.
შვებულების უფლება წარმოიშობა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პირობებში. განსახილველი ნორმით (სშკ-ის 21.4. მუხლი) გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, დასაქმებულს უფლება აქვს მოითხოვოს მუშაობის ბოლო წელს გამოუყენებელი შვებულებისათვის კომპენსაცია, რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ურთიერთობის შეწყვეტით არ შეიძლება დასაქმებულს წაერთვას შვებულების უფლება, რომელსაც იგი სავარაუდოდ გამოიყენებდა, მასთან შრომითი ურთიერთობა რომ არ შეწყვეტილიყო.
სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1936 წლის N52 კონვენციას „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ (holidays with pay convention). აღნიშნული დოკუმენტი, იმის გათვალისწინებით, რომ ის რატიფიცირებული აქვს საქართველოს პარლამენტს, სამართლის პირდაპირ წყაროს წარმოადგენს და შესაბამისად სახელმძღვანელო დოკუმენტია, როგორც შრომითი ურთიერთობების წარმოებისას დამსაქმებლებისათვის, ასევე სამართალწარმოების დროს სასამართლოსათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ გვაქვს კონვენციის გამოყენებისაგან თავის შეკავების ის გარემოებანი, რომლებსაც ადგენს დოკუმენტის პირველი მუხლი.
კონვენციის რიგი რეგულაციები შეიცავენ დებულებებს, რომელთა თანახმადაც ყოველ პირს აქვს უფლება ისარგებლოს ყოველწლიური ფასიანი (ანაზღაურებადი) შვებულებით (an annual holiday with pay). მე-3 მუხლის შესაბამისად, ყოველი პირი, რომელიც შვებულებაში გადის, შვებულების მთელი პერიოდისათვის იღებს ან ეროვნული კანონებითა და წესებით განსაზღვრული ხერხით გამოთვლილ თავის ჩვეულებრივ ჯილდოს ნატურის სახით ჯილდოს შესაბამისი ფულადი ექვივალენტის დამატებით, თუ ასეთი არსებობს, ან ჯილდოს რომელიც განსაზღვრულია კოლექტიური შეთანხმებით.
კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც გამორიცხავს ყოველწლიური ფასიანი შვებულების უფლებას, ან არ იძლევა ასეთი შვებულების უფლებას, ითვლება ბათილად.
სადავო საკითხთან მიმართებაში, უმნიშვნელოვანესია „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის მე-6 მუხლი შემდეგი რეგულაცია: „პირი, რომელიც გათავისუფლებულია მეწარმის მიზეზით, მაგრამ ვიდრე იგი გამოიყენებდა კუთვნილ შვებულებას, შვებულების ყოველი დღისათვის ამ კონვენციის შესაბამისად იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ჯილდოს“.
სამართლის საერთაშორისო წყაროთა ზემოაღნიშნული ჩამონათვალი და მათი შესაბამისი ნორმები, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ საერთაშორისო სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით - მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ (სახელმწიფომ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროპის საბჭოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულყოფილი წევრია), მდგომარეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. ამავე დროს, ადვილია გამოყო ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლების ერთ-ერთი პოსტულატი - უფლება ანაზღაურებად შვებულებაზე.
სასამართლოს აზრით, თუ სამუშაოს მოპოვების, შენარჩუნებისა თუ დათმობის პოსტულატი მნიშვნელოვანია და დაცულია სამართლებრივი სახელმწიფოს მიერ, ასევე მნიშვნელოვანი და დაცულია უკვე სამუშაოს განხორციელებისას, მუშაკის სხვადასხვა უფლების, მათ შორის დასვენების, სამუშაო საათებისა და დღეების გონივრული განსაზღვრისა და ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების შესაძლებლობაც. თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუ ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება ვერ ხორციელდება დამსაქმებლის მიერ მიღებული თუნდაც კანონიერი, ლეგიტიმური და მიზანშეწონილი გადაწყვეტილების გამო, დასაქმებული, არ უნდა დარჩეს დაუცველი; ის უნდა აღდგეს ზემოაღნიშნულ უფლებაში სწორედ გამოუყენებელი შვებულების პროპორციული ანაზღაურების გზით.
მოცემულ შემთხვევაში საქმის გადაწყვეტილების 3.1.4. პუნქტით დადგინდა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37.1. მუხლის ,,ბ“ პუნქტის საფუძველზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო.
საქართველოს შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობის 37.1. მუხლის ,,ბ“ პუნქტით შეწყვეტის შემთხვევაში საშვებულებო თანხის კომპენსაციას, რაც განპიროვნებულია იმით, რომ მხარეებისათვის წინასწარ ცნობილია შრომითი ურთიერთობის დასრულების თარიღი და დასაქმებულს შესაძლებლობა აქვს მის დასრულებამდე გამოიყენოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება, ხოლო რაც შეეხება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1936 წლის N52 კონვენციას „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ (holidays with pay convention), აღნიშნულ კონვენციას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შრომის კოდექსთან მიმართებით, თუმცა მისი მე-6 მუხლი ჩამოყალიბებულია შემდეგი რეგულაციით: „პირი, რომელიც გათავისუფლებულია მეწარმის მიზეზით, მაგრამ ვიდრე იგი გამოიყენებდა კუთვნილ შვებულებას, შვებულების ყოველი დღისათვის ამ კონვენციის შესაბამისად იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ჯილდოს“.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ გვაქვს დასაქმებულის გათავისუფლება მეწარმის მიზეზით როდესაც დასაქმბული წინასწარ ვერ განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის ვადას და მისი დამსაქმებლის მხრიდან ვადაზე ადრე შეწყვეტის შესაძლებლობას. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი არის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას არც საშვებულებო თანხის კომპენსაციის და არც ამ თანხის დაყოვნების პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის I ნაწილის ,,ა” პუნქტით თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან, ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს, ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა გადახდეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 3%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 361.52 ლარს. მოპასუხეს ასევე უნდა გადახდეს მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის ნაწილის 338.24 ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე. 248-249-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე შპს თ---–---- ზ----- ჰ---------–ს დაეკისროს მოსარჩელე ნ--- ჩ------ის სასარგებლოდ 2018 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 3400 ლარის გადახდა.
2. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე შპს თ---–---- ზ----- ჰ---------–ს დაეკისროს მოსარჩელე ნ--- ჩ------ის სასარგებლოდ 2018 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 3400 ლარის დაყოვნებისათვის 01.12.2018 წლიდან, ყოველდღიურად, დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის.
3. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე შპს თ---–---- ზ----- ჰ---------–ს დაეკისროს მოსარჩელე ნ--- ჩ------ის სასარგებლოდ 2018 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 3100 ლარის გადახდა.
4. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე შპს თ---–---- ზ----- ჰ---------–ს დაეკისროს მოსარჩელე ნ--- ჩ------ის სასარგებლოდ 2018 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 3100 ლარის დაყოვნებისათვის 01.01.2019 წლიდან, ყოველდღიურად, დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის.
5. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე შპს თ---–---- ზ----- ჰ---------–ს დაეკისროს მოსარჩელე ნ--- ჩ------ის სასარგებლოდ 2019 წლის იანვრის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 2400 ლარის გადახდა.
6. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე შპს თ---–---- ზ----- ჰ---------–ს დაეკისროს მოსარჩელე ნ--- ჩ------ის სასარგებლოდ 2019 წლის იანვრის თვის სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 2400 ლარის დაყოვნებისათვის 01.02.2019 წლიდან ყოველდღიურად დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის.
7. დარჩენილი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი.
8. მოპასუხე შპს თ---–---- ზ----- ჰ---------–ს დაეკისროს მოსარჩელე ნ--- ჩ------ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის ნაწილის 338.24 ლარის გადახდა.
9. მოპასუხე შპს თ---–---- ზ----- ჰ---------–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 361.52 ლარის გადახდა.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი