გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.12.2019
საქმის ნომერი
330210119003021213
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
31.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/12323-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

ს----------–ოს სახელით

 

31 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

 

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

 

მოსარჩელე (მოპასუხე შეგეგებული სარჩელით) - შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ა“

წარმომადგენელი - ი-----–ი ყ-----–---–ი

 

მოპასუხე (მოსარჩელე შეგეგებული სარჩელით) - შ-- „მ---------ი X--”

წარმომადგენელი - ნ-----–------------–---–-

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იჯარით გადაცემული ქონების დაბრუნება,ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ას“ სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1.1. მოპასუხისათვის საიჯარო ქირის - 15 000 ლარის გადახდის დაკისრება;

 

1.1.2. მოპასუხისათვის 2018 წლის პირველი ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს - 15 000 ლარის 0,03%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდის დაკისრება;

 

1.1.3. მოსარჩელისათვის დაბრუნება იჯარის ხელშეკრულებებით მოპასუხისათვის გადაცემული მოძრავი ნივთებისა;

 

1.1.4. 2018 წლის 01 ივლისიდან ყოველთვიურად მიუღებელი შემოსავლის სახით თვეში 3317,14 ლარის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

1.2. შ-- „მ---------ი X--”-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნები:

 

1.2.1. შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ასათვის“ კუთვნილი მოძრავი ქონების (დანადგარების) გატანის დავალება თბილისში, გ-------–---–ის გამზ. №----ში არსებულ შ-- „მ---------ი X--“-ის კუთვნილი ფართიდან და აღნიშნული ფართის მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა;

 

1.2.2. შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ასათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ - 105 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 ოქტომბრამდე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ქონების (დანადგარების) მოპასუხის კუთვნილი ფართიდან გატანამდე ყოველთვიურად - 5000,00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელე შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ამ“ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 2017 წლის 01 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 2017 წლის 01 ივლისამდე, ყოველთვიური - 1 000 ლარის საიჯარო ქირის გადახდის პირობით. მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა ხელშეკრულების №- დანართში ჩამოთვლილი საიჯარო ქონება, 218 034,09 ლარის ღირებულების. მოპასუხეს გადაეცა იჯარის საგანი სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, რასაც იგი იყენებდა თავისსავე ფართში, თბილისში, გ-------–---–ის გამზირზე მოქმედ კინოთეატრ „ს----------–ოში“.

 

ხელშეკრულებით (2.5 პუნქტი) მხარეებმა გაითვალისწინეს საიჯარო ქირის გადაუხდელობისას პირგასამტეხლოს 0,03%-ის გადახდის ვალდებულება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2017 წლის 01 ივლისს მხარეებს შორის დაიდო კიდევ ერთი იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის საიჯარო ურთიერთობა გაგრძელდა ჯერ 2018 წლის 01 იანვრამდე, შემდეგ - 2018 წლის ივნისის ჩათვლით.

 

მოპასუხეს საიჯარო ქირა არ გადაუხდია და არც ქონება დაუბრუნებია. მოპასუხე ადასტურებდა ანგარიშ-ფაქტურებს (სულ - 15 000 ლარზე) 2017 წლის 01 აპრილიდან 2018 წლის 01 ივნისის ჩათვლით, თუმცა მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია.

2018 წლის 01 ივლისიდან მხარე უკანონოდ ფლობს მოძრავ ქონებას. მოპასუხისათვის გადაცემული ერთი თვის მოძრავი საიჯარო ღირებულება, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, შეადგენს - 3 317,14 ლარს, რაც არის მიუღებელი შემოსავალი, რასაც მიიღებდა მესაკუთრე ნივთის იჯარით გაცემის შემთხვევაში.

 

შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:

 

შეგებებულ სარჩელში მითითებულია, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 1-ლ აპრილს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გაფორმებული ახალი იჯარის ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 1-ლ იანვრამდე. შ-- „მ---------ი X--”-ს ხელი ეშლება იმ ფართის კომენრციული მიზნით გამოყენებაში, რომელიც დაკავებულია შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ას“ კუთვნილი ქონებით. მოსარჩელე წლების განმავლობაში იჯარით გასცემდა კუთვნილ ფართს, რაც დასტურდება შ-- „ფ----–--- ჯ-------ასთან“ დადებული იჯარის ხელშეკრულებით.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, შ-- „მ---------ი X--”-ის კუთვნილი ფართის (მდებარე, თბილისი, გ-------–---–ის №-----ში) ყოველთვიური საიჯარო ღირებულება 2018 -2019 წლებში საორიენტაციოდ შეადგენს 5 000 აშშ დოლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შ-- „მ---------ი X--”-ის პოზიცია შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ას“ სარჩელთან დაკავშირებით:

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შესაგებელში განმარტებულია, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მიუხედავად, მოსარჩელეს მოძრავი ქონება არ წაუღია და არც გადაცემა მოუთხოვია. მოსარჩელის ქონებას მოპასუხე იყენებდა მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ას“ არც პირგასამტეხლო მოუთხოვია. 2018 წლის ანგარიშფაქტურები დადასტურებული იქნა შეცდომით. ამ ანგარიშფაქტურების ჩათვლა შ-- „მ---------ი X--”-მა გააუქმა შემოსავლების სამსახურშიც.

 

მოპასუხის დავალიანება შეადგენს - 9 000 ლარს, რა ნაწილში მოპასუხემ ცნო სარჩელი.

 

2.2. შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ას“ პოზიცია შ-- „მ---------ი X--”-ის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:

 

შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ას“ წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა მოთხოვნათა დაუსაბუთებლობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის პირველ აპრილს შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ას“ (მეიჯარე) და შ-- „მ---------ი X--”-ს (მოიჯარე) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მეიჯარე გადასცემდა, ხოლო მოიჯარე იღებდა დროებით სარგებლობაში (ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით) ხელშეკრულების №- დანართში ჩამოთვლილ ქონებას (საიჯარო ქონება, დანადგარების ნუსხა, ინვენტარის ჯამური ღირებულება - 218 034,09 ლარი), რაც მდებარეობდა მისამართზე: თბილისი, გ-------–---–ის გამზირი №---.

 

ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრა - 1 000 ლარით (დღგ-ის ჩათვლით).

 

ხელშეკრულების 2.5 პუნქტის თანახმად, მეიჯარეს უფლება ჰქონდა წერილობით მოეთხოვა მოიჯარისათვის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,03% (ხოლო ასეთი გადაუხდელობის გაგრძელების შემთხვევაში მეიჯარეს შეეძლო მოეთხოვა ხელშეკრულების მოშლა). პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებდა მოიჯარეს საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ხელშეკრულების 2.6 პუნქტის თანახმად, მოიჯარემ იკისრა ვალდებულება იჯარის პერიოდში საიჯარო ქონების დაზიანების ან რემონტის საჭიროების შემთხვევაში თავის თავზე აეღო შესაბამისი ხარჯები, ხოლო იჯარის ვადის გასვლის შემდეგ საიჯარო ქონება გადაეცა მეიჯარისათვის იმავე მდგომარეობაში, რომელშიც ქონება იმყოფებოდა ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღისათვის.

 

ხელშეკრულების 4.2 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მოიჯარეს უფლება ჰქონდა, ხელშეკრულების ვადის გასვლისას მეიჯარის მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში მოეხდინა ინვენტარიზაცია და ჩაებარებინა ქონება მეიჯარისათვის იმავე მდგომარეობაში, როგორშიც მიიღო.

 

მხარეები შეთანხმდნენ საიჯარო ქონების დაბრუნების პირობებზე: საიჯარო ქონების გადაცემა ხორციელდებოდა მხარეთა მიერ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მეშვეობით, რომელსაც ხელს აწერდნენ მხარეები. აქტში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ქონების მდგომარეობა და, არსებობის შემთხვევაში, მხარეთა შენიშვნები; საიჯარო ქონება მოიჯარეს გადაეცემოდა ხელშეკრულების დადების დღიდან; ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ საიჯარო ქონება უნდა დაბრუნებულიყო იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იმყოფებოდა ქონება მიღების მომენტში, შესაბამისი ცვეთის გათვალისწინებით; ქონების დაბრუნება ხორციელდებოდა ხელშეკრულების შეწყვეტისას მეიჯარის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში და ფორმდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით.

 

ხელშეკრულება ძალაში იყო სამი თვის ვადით - 2017 წლის პირველი აპრილიდან 2017 წლის პირველ ივლისამდე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 1 აპრილის იჯარის ხელშეკრულება, დანართი 1 (ს.ფ. 16-22).

 

3.1.2. 2017 წლის პირველ ივლისს შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ას“ (მეიჯარე) და შ-- „მ---------ი X--”-ს (მოიჯარე) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო 2017 წლის პირველი აპრილის ხელშეკრულებაში, ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრა ისევ 1 000 ლარით (დღგ-ის ჩათვლით).

 

ხელშეკრულება ძალაში იყო სამი თვის ვადით - 2017 წლის პირველი ივლისიდან 2018 წლის პირველ იანვრამდე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 1 ივლისის იჯარის ხელშეკრულება, დანართი 1 (ს.ფ. 23-29).

 

3.1.3. სადავო არ არის გარემოება იმის შესახებ, რომ მოიჯარეს, შ-- „მ---------ი X--”-ს მეიჯარისათვის იჯარის საგანი (დანადგარები) არ დაუბრუნებია და საიჯარო ქონება განთავსებულია შ-- „მ---------ი X--”-ის მფლობელობაში არსებულ ფართში, მისამართზე: თბილისი, გ-------–---–ის №---.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ას“ ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).

შ-- „მ---------ი X--”-ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 186-192).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შ-- „მ---------ი X--”-ის მიერ შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ასათვის“ გადასახდელი საიჯარო ქირის ოდენობა შეადგენს - 15 000 ლარს (საიდანაც მოპასუხე აღიარებს - 9 000 ლარს).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ზემოთდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის პირველ აპრილს მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 3 თვის ვადით, 2017 წლის პირველი აპრილიდან ამავე წლის პირველ ივლისამდე, ხოლო 2017 წლის პირველი ივლისის ხელშეკრულებით მხარეებმა იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელეს 2018 წლის პირველ იანვრამდე.

 

მოთხოვნის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ანგარიშ-ფაქტურები, სადაც გამყიდველს წარმოადგენს შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ა“, მყიდველს - შ-- „მ---------ი X--“, ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია ყოველთვიურად, 1000 ლარზე, ჯამურად - 15 000 ლარზე და დადასტურებულია მყიდველის მიერ, 2017 წლის 05 მაისიდან 2018 წლის 02 ივლისამდე.

 

მოპასუხე მხარემ სადავოდ გადახადა ანგარიშ-ფაქტურები და მიუთითა, რომ ისინი გაუქმებულია შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით.

 

მოსარჩელე შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ას“ წარმომადგენელმა მოპასუხის მიერ მითითებული გარემოების საწინააღმდეგოდ წარმოადგინა 2019 წლის 04 სექტემბრის შემოსავლების სამსახურის წერილი (------------, რომლითაც შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ას“ განემარტა, რომ 2018 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისი და ივნისის თვეების ოპერაციებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები დადასტურებულია მყიდველის მიერ, 01.09.2019 წლის მდგომარეობით გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში უფიქსირდება სტატუსი: „გამოწერილი (დადასტურებულია) და გამომწერის მხრიდან წარდგენილია შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციებთან ერთად“.

 

ს----------–ოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით - ,,საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის ს----------–ოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს ს----------–ოს ფინანსთა მინისტრი. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და საქონლის/მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას. ანგარიშ-ფაქტურა საგადასახადო-სამართლებრივ ურთიერთობებში ცვლის როგორც სასაქონლო ზედნადებს, ისე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას (მათ შორის, სპეციალურ საგასადახადო ანგარიშ-ფაქტურებს) და მისი გამოწერის/გამოუწერლობის შემთხვევაში დგება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რომლებიც სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალურ საგასადახადო ანგარიშ-ფაქტურების) გამოწერის/გამოუწერლობისას. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურა, იგულისხმება, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საგასადახადო ანგარიშ-ფაქტურების სერვისი მოიცავს საქონლისა და მომსახურების მიწოდების რთული პროცესების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ლოგიკური ჯაჭვით. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას იღებს, როგორც სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი (გამყიდველი), ასევე, მიმღები (მყიდველი) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი. ანგარიშ-ფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა, ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურა იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს. ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრასპორტირების დაწყების თარიღს, აღიარებენ საქონლის მიწოდებას და მის მიღებას’’ (იხ. სუსგ საქმე #ას-599-574-2016, 23 სექტემბერი, 2016 წელი, ასევე სუსგ საქმე # ას-381-381-2018, 04 მაისი 2018 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მართალია 2018 წლის პირველი იანვრიდან მხარეებს ხელშეკრულების მოქმედების ვადა წერილობითი შეთანხმებით არ გაუგრძელებიათ, თუმცა მოიჯარე ყოველჯერზე ადასტურებდა მეიჯარის მიერ გადაგზავნილ ანგარიშ-ფაქტურებს, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა გაგრძელდა იმავე პირობებით 2018 წლის ივნისის ჩათვლით. ასევე, სადავო არ არის, რომ იჯარით გადაცემული ქონება ისევ იმყოფება მოიჯარის მფლობელობაში, რაც ასევე იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოიჯარე სარგებლოს გადაცემული ქონებით და მისი დავალიანება უნდა განისაზღვროს არა ხელშეკრულების მოქმედების ვადით, არამედ 2018 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდზე, რაც საერთო ჯამში შეადგენს - 15 000 ლარს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ას“ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შ-- „მ---------ი X--”-ის შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 417-ე, 420-ე, 581-ე, 591-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით. იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზეც. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-ე - 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იჯარის ხელშეკრულება თავისთავად არის კონსენსუალური და სასყიდლიანი ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ხელშეკრულების ერთი მხარე - მეიჯარე კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულების მეორე მხარეს - მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება და ხელშეკრულების ვადის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა; ხოლო მოიჯარე, თავის მხრივ, ვალდებულია გადაუხადოს მეიჯარეს ხელშეკრულებით შეთანხმებული საიჯარო ქირა, რომელიც შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულადი თანხით, ისე ნატურით. იჯარა კონსენსუალური ხელშეკრულებაა და იგი დადებულად ითვლება მხარეთა მიერ მის არსებით პირობებზე შეთანხმების მიღწევის მომენტიდან (ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილი); ხელშეკრულების დადებისათვის იჯარის საგნის რეალური გადაცემა აუცილებელი არ არის, თუმცა, ეს ფაქტობრივი მოქმედება თავისთავად წარმოადგენს მეიჯარის ძირითად ვალდებულებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 2017 წლის 01 აპრილსა და 2017 წლის 01 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებები. დადგენილია, რომ მეიჯარემ მოიჯარეს გადასცა იჯარის საგანი - ხელშეკრულების დანართით შეთანხმებული მოძრავი ქონება. შესაბამისად, მხარეებს წარმოეშვათ კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.

 

მხარეებმა საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრეს ჯერ 2017 წლის პირველი აპრილიდან 2017 წლის 01 ივლისამდე, ხოლო შემდგომ 2018 წლის პირველ იანვრამდე. მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელდა 2018 წლის ივლისის თვემდე (იმავე პირობებით: ყოველთვიური საიჯარო ქირა 1000 ლარი). დადგენილია, რომ საიჯარო ურთიერთობის ფარგლებში მოიჯარის მიერ მეიჯარისათვის გადასახდელმა საიჯარო ქირის ღირებულებამ შეადგინა - 15 000 ლარი, 2017 წლის მაისიდან 2018 წლის ივლისამდე (იხ. 3.2.1. პუნქტი).

ამდენად, სსკ-ის 581-ე მუხლის თანახმად, შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ა“ უფლებამოსილია მოსთხოვოს, ხოლო შ-- „მ---------ი X--” ვალდებულია გადაუხადოს მოსარჩელეს - 15 000 ლარი.

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სარჩელი 9000 ლარის ნაწილში.

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ა“ ითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს (გადასახდელი თანხის 0,03%-ის) გადახდის დაკისრებას 2018 წლის პირველი ივლისიდან.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 2.5 პუნქტების თანახმად, მეიჯარეს უფლება ჰქონდა წერილობით მოეთხოვა მოიჯარისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,03%.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგებები, რომლებიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა საიჯარო ქირა ხელშეკრულებით შეთანხმებული წესის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა (გადაუხდელი თანხის 0,03%) არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს გადაუხდელი თანხის 0,01%-ით.

 

6.3. შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ა“ ასევე ითხოვს საიჯარო ქონების დაბრუნებას და მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეზე ყოველთვიურად - 3 317,14 ლარის დაკისრებას 2018 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის; მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლის ადგენს საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ იჯარის საგნის უკან დაბრუნების დაყოვნებისათვის მოიჯარის მიერ (ზიანის ანაზღაურების სახით) საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებას და მისი მიზანია მეიჯარის ინტერესების დაცვა ამ უკანასკნელისათვის მოიჯარისაგან საიჯარო ქირისა და სხვა სახის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მინიჭებით.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია დააბრუნოს იჯარის საგანი. ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლია შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე. თუმცა განსახილველ შემთხვევაში ამგვარი შეთანხმება მხარეებს შორის არ ყოფილა. შესაბამისად, გამოყენებული უნდა იქნას სსკ 591-ე მუხლის რეგულაცია.

 

ქირავნობის საგნის დაბრუნების მტკიცების ტვირთი სსკ-ის 591-ე მუხლის შესაბამისად (ისევე როგორც 564-ე და 567-ე მუხლების შესაბამისად), ეკისრება დამქირავებელს.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მეიჯარე უფლებამოსილია ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს - 1 000 ლარს. ამდენად, სსკ 591-ე მუხლის შესაბამისად, შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ა“ უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო შ-- „მ---------ი X--” ვალდებულია: დაუბრუნოს მოსარჩელეს იჯარის ხელშეკრულებებით შეთანხმებული დანადგარები და ასევე გადაუხადოს მოსარჩელეს 2018 წლის პირველი ივლისიდან (სახელშეკრულებო ურთიერთობის ფაქტობრივად შეწყვეტის დროიდან) იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული ნივთების დაბრუნებამდე ყოველთვიურად - 1 000 ლარი.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის, თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, ასევე, თავად „მიუღებელი შემოსავლის“ განმარტება. სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ეს არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული, თუმცა თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად“ საქმე №ას-1018-979-2016, 21 აპრილი, 2017 წელი).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ას“ მიერ მიუღებელი შემოსავლის დასადასტურებლად წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 ივლისის დასკვნა, რომლის თანახმადაც შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ას“ მიერ წარმოდგენილი ინვენტარისა და დანადგარების ერთი თვის საიჯარო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს - 3 317,41 ლარს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია წარმოდგენილი დასკვნა განსაზღვრავს საიჯარო ღირებულებას, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის კვალიფიკაციისთვის მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება არ ქმნის ობიექტურ სურათს ამ ოდენობის შემოსავლის მიღებისათვის. სამოქალაქო ბრუნვისა და მეწარმე სუბიექტის კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე საიჯარო ფასი მერყევია და წინამდებარე საქმეში წარმოდგენილი საიჯარო ფასი ამის მაგალითია. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის საიჯარო ფასი შეთანხმდა - 1 000 ლარი, რაც არსებითად განსხვავდება ექსპერტის მიერ განსაზღვრული საორიენტაციო ფასიდან. შესაბამისად, სასამართლო მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებითა და ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლის რეგულაციის ფარგლებში მიიჩნევს, რომ მოპასუხეს ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის უნდა დაეკისროს საიჯარო ქირის გადახდა, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს - 1 000 ლარს.

 

6.4. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შ-- „მ---------ი X--” ითხოვს დაევალოს შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ასათვის“ კუთვნილი მოძრავი ქონების (დანადგარების) გატანა თბილისში, გ-------–---–ის გამზ. №----ში არსებულ შ-- „მ---------ი X--“-ის კუთვნილი ფართიდან და აღნიშნული ფართის მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა და შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ასათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ - 105 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 ოქტომბრამდე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ქონების (დანადგარების) მოპასუხის კუთვნილი ფართიდან გატანამდე ყოველთვიურად - 5000,00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება.

 

შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შ-- „მ---------ი X--”-ის პირველ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელის შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ას“ პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება გამორიცხავს შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შ-- „მ---------ი X--”-ის პირველი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

რაც შეეხება შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შ-- „მ---------ი X--”-ის მეორე მოთხოვნას სასამართლო მიუთითებს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორი ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ ფაქტზე მითითებით, რომ შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ას“ კუთვნილი ნივთები განლაგებულია მის ფართში, რის გამოც შ-- „მ---------ი X--” ვეღარ გასცემს ფართს იჯარით, რაც ზიანს აყენებს შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს. სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე დავის განხილვისას სასამართლომ დაადგინა, რომ საიჯარო ქონების დაბრუნების ვალდებულება ჰქონდა მოიჯარეს, ანუ თვით შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს.

 

სასამართლო მიუთითებს ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის რეგულაციაზე, რომლის თანახმად - თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

 

იმ პირობებში როდესაც, საიჯარო ქონება შ-- „მ---------ი X--”-ს განთავსებული აქვს მის მფლობელობაში არსებულ ფართში და საიჯარო საგნის დაბრუნება წარმოადგენს მოიჯარის ვალდებულებას სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სსკ 415-ე მუხლის კვალიფიკაციის წინაპირობები, ვინაიდან მოიჯარემ არ შეასრულა იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და თავისივე უმოქმედობით (საიჯარო ქონების დაუბრუნებლობით) გამოიწვია ზიანი, რაც გამორიცხავს მეიჯარის ბრალეულობას ზიანის დადგომაში.

 

შესაბამისად, ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება გამორიცხავს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო - 9 000 ლარის ნაწილში, რისი შესაბამისი ბაჟიც - 270 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ას“ მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 5 000 ლარის ოდენობით. სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნებიდან გამომდინარე დავის საგნის მოცულობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს - 4 300.33 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელეს ზედმეტად აქვს გადახდილი - 699.67 ლარი, რაც ასევე უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

მოპასუხეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად მოსარჩელე შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ას“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 1 429,27 ლარი.

შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შ-- „მ---------ი X--”-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადანაწილების პროცესუალური საფუძველი არ არსებობს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ას“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შ-- „მ---------ი X--”-ს მოსარჩელე შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს - 15 000 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხე შ-- „მ---------ი X--”-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 15 000 ლარის 0,01%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის პირველი ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

4. შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ას“ დაუბრუნდეს მოპასუხისათვის იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული მოძრავი ქონება.

 

5. მოპასუხე შ-- „მ---------ი X--”-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის პირველი ივლისიდან იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული ნივთების დაბრუნებამდე ყოველთვიურად - 1 000 ლარის ანაზღაურება.

 

6. შ-- „მ---------ი X--”-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

7. შ-- „მ---------ი X--”-ს მოსარჩელე შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 1 429.27 ლარის ანაზღაურება.

 

8. მოსარჩელე შ-- „რ------– კ-------– ჯ-------ას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 0--------- წელს საგადახდო დავალება #---------- გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 5 000 ლარიდან ზედმეტად გადახდილი - 969.67 ლარი. ასევე, დაუბრუნდეს 2--------- წელს, საგადახდო დავალება #--- გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 150 ლარიდან ზედმეტად გადახდილი - 100 ლარი.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე