განაჩენი

სისხლის სამართლის 04.02.2020
საქმის ნომერი
150100119003026228
დავის ტიპი
341 , 180 3 ა , 180 2 ბ
თარიღი
04.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100119003026228

№1/38-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

04 თებერვალი, 2020 წელი ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე – არარატ ესოიან

სხდომისმდივანი–ა----- ქოსიან

 

ბრალდების მხარე

პროკურორი -ლაშა მერაბიშვილი,დაცვის მხარე

ბრალდებული ა----- ა-----აკის ძე ა-------- (დაბადებული 198--–-–------------–ს; საქართველოს მოქალაქე; პირადი ნომარი 3----------; ნასამართლობის არმქონე; რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ნინოწმინდის რაიონის სოფელი დ-----------–ი);

ადვოკატი: პაატა მანველიშვილი;

თარჯიმანი: გალაქტიონ გავრელიშვილი;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა) და 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე);

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. ა----- ა--------ი 2016 წლის მაისში მუშაობდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად ხ-----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში და იყო საჯარო მოხელე, რა დროსაც განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდა და ესარგებლა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---------ში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთს (ს/კ 65.14.35.0--), რომელზეც არანაირი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა. აღნიშნულის განსახორციელებლად 2016 წლის 23 მაისს, მან, როგორც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ხ-----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში, შეადგინა შინაარსობრივად ყალბი ცნობა N--, ვითომდა მამამისის ა------- ა--------ის კომლის მიერ მიწის რეფორმის დროს მიღებული მიწის ნაკვეთი, ასევე მის მიერვე დამოწმებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, როგორც რეფორმის პერიოდში განაწილებული მიწების იდენტური.

1.2. ასევე ა----- ა--------მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდა და ესარგებლა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---------ში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთს (ს/კ 65.14.35.0--), რომელზეც არანაირი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა. რის განსახორციელებლად 2016 წლის მაისში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა განცხადება და თანდართული დოკუმენტები, მათ შორის მის მიერ 2016 წლის 23 მაისს გაცემული შინაარსობრივად ყალბი ზემოთ აღნიშნული ცნობა N--, და მის მიერვე დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი ზემოთ აღნიშნული აზომვით ნახაზი და მოითხოვა აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირება.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა მისი მოთხოვნა და 2016 წლის 25 მაისს ა----- ა--------ს და მის კომლს საკუთრებაში დაურეგისტრირა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი. ა----- ა--------ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სახელმწიფოს მიადგა 5600 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1. ფაქტების დადგენა:

2.1.1. 2015 წლის 10 აგვისტოს ა----- ა--------ი დანიშნულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე ხ-----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში. მართალია ის არ წარმოადგენს საჯარო რეესტრის შესაბამის თანამდებობრივ პირს, თუმცა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად არის მუნიციპალური სამსახურის ის თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია დაამოწმოს საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთების იდენტურობა.

მტკიცებულებები: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 აგვისტოს N------ ბრძანება, მხარეთა ახსნა-განმარტება;

2.1.2. 2016 წლის 23 მაისს, ა----- ა--------ი, როგორც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ხ-----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში, შეადგინა ცნობა N--, რომ მამამისის ა------- ა--------ის კომლის მიერ მიწის რეფორმის დროს მიღებული მიწის ნაკვეთია - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---------ში მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ასევე მის მიერვე დამოწმებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, როგორც რეფორმის პერიოდში განაწილებული მიწების იდენტური.

სინამდვილეში კი დადგენილია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---------ში მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთი არ შედიოდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დიდ ხ-----–ის რეფორმის მიწებში. აღნიშნული დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ახალქალაქის რეგიონულ არქივში დაცული: ნინოწმინდის რაიონის სოფელი დ. ხ-----–ის მაცხოვრებელთა საერთო კრების 1992 წლის 15 მაისის N3 ოქმის, ნინოწმინდის რაიონის სოფელი კ---------ს მაცხოვრებელთა საერთო კრების 1992 წლის 20 ივლისის N3 ოქმის; ნინოწმინდის რაიონის სოფელი კ---------ს მაცხოვრებელთა საერთო კრების 1992 წლის 10 ივლისის N1 ოქმის; ნინოწმინდის რაიონის სოფელი დ. ხ-----–ის რაიონულ ფონდში მიწის ნაკვეთის ფართობის არჩევის 1997 წლის 15 მაისის აქტის; ნინოწმინდის რაიონის სოფელი კ---------ს რაიონულ ფონდში მიწის ნაკვეთის ფართობის არჩევის 1997 წლის 10 ივნისის აქტის; ნინოწმინდის რაიონული მიწის რეფორმების კომისიის სხდომის კომისიის 1998 წლის 16 ნოემბრის N1 ოქმის ქსეროასლებით, სადაც ფიქსირებულია სოფელ კ---------ს და სოფელ დ-----------–ის რეფორმის პერიოდში მიწის განაწილების მონაცემები. აღნიშნული დოკუმენტებით დასტურდება, რომ სოფელ კ---------ს მიწის ფონდებიდან სოფელ დიდ ხ-----–ის მაცხოვრებლებზე რეფორმის პერიოდში მიწები არ იყო განაწილებული.

თვით ბრალდებულის აღიარებითაც დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი მამამისის კომლზე არ იყო განაწილებული, რაც ასევე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულის მამამ ა------- ა--------მა. ბრალდებულმა აღიარა, რომ განიზრახა მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა და ესარგებლა მიწის ნაკვეთით, ანუ ჰქონდა ანგარების მიზანი.

ამდენად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---------ში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 65.14.35.0--), ა----- ა--------ს და მის ოჯახს არანაირი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდათ. შესაბამისად დადგენილია, რომ აღნიშნული ცნობა N-- შინაარსობრივად ყალბია და შედგენილია ანგარებით.

მტკიცებულებები: მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, 2019 წლის 18 მარტის ახალქალაქის რეგიონულ არქივის N-------- მიმართვა და თანდართული დადგენილებები; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 23 მაისის N-- ცნობა; მოწმეების ა------- ა--------ის და რ-----------ის ჩვენებები, ბრალდებულის აღიარება; საქართველოს შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო -კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 25 მარტის გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა N5------; ჰ---–------------ის, მ--------------------ის, გ-----------–---ის, ს-----------–--------ის, მ---------------ის, ა--------------–-----ის, შ--–----------------ის, ა---------–-----ის, შ-------------–---ის და ა---------------ის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია.

2.1.3. ბრალდებულმა 2016 წლის მაისში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა განცხადება (ბოლო განცხადება 13 მაისს) და მოითხოვა სოფელ კ---------ში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 65.14.35.0--) საკუთრებაში დარეგისტრირება.

განცხადების განხილვის პერიოდში ბრალდებულმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურში თავის განცხადებაზე დასართავად წარადგინა მის მიერ 2016 წლის 23 მაისს გაცემული შინაარსობრივად ყალბი ცნობა N--, ვითომდა მამამისის ა------- ა--------ის კომლის მიერ მიწის რეფორმის დროს მიღებულია მიწის ნაკვეთი, ასევე მის მიერვე დამოწმებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი აზომვით ნახაზი, სადაც ასახულია მიწის ნაკვეთის იდენტურობა, როგორც რეფორმის პერიოდში განაწილებული მიწების იდენტური.

მტკიცებულებები: ა----- ა--------ის N-------- განცხადება, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 23 მაისის N-- ცნობა; მოწმეების ა------- ა--------ის, ა--------------–--ის (საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი) ჩვენებები; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საკადასტრო გეგმით; ბრალდებულის აღიარება; ჰ---–------------ის, მ--------------------ის, გ-----------–---ის, ს-----------–--------ის, მ---------------ის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია.

2.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა ა----- ა--------ის მოთხოვნა და 2016 წლის 25 მაისს ა----- ა--------ს და მის კომლს საკუთრებაში დაურეგისტრირა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი (ს/კ 65.14.35.0--).

მტკიცებულებები: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საკადასტრო გეგმით.

2.1.5. ა----- ა--------ის ქმედების შედეგად სახელმწიფოს მიადგა 5600 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, რაც არ უარყო დაცვის მხარემ.

მტკიცებულებები: საქართველოს შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო - კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 15 მარტის ექსპერტის დასკვნა N4-/ს; ბრალდებულის აღიარება.

2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა----- ა--------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 341-ე მუხლით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: ა----- ა--------ის, ა------- ა--------ის, ა--------------–--ის, რ-----------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები; ჰ---–------------ის, მ--------------------ის, გ-----------–---ის, ს-----------–--------ის, მ---------------ის, ა--------------–-----ის, შ--–----------------ის, ა---------–-----ის, შ-------------–---ის და ა---------------ის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია; საქონელმცოდნეობითი და გრაფიკული ექსპერტიზების დასკვნები; საჯარო რეესტრის არქივიდან გამოთხოვილი ინფორმაცია მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა----- ა--------ის ბრალეულობას.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა (იხ. სხდომის ოქმი 28.01.2020 წ.), ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ინანიებს და ითხოვს პატიებას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ა----- ა--------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. და 1.2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა----- ა--------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

3.2. საქართველოსსისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, ითვალისწინებს - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს - იგივე ქმედება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლი ითვალისწინებს - სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანა, ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენა ან გაცემა, აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის საქმეში არსებული ოფიციალური ან კერძო დოკუმენტის გაყალბება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით.

3.2.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი და მე-3 შენიშვნების თანახმად: 1. კოდექსის ამ (XXV) თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. 3. კოდექსის ამ (XXV) თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი შედის ამ კოდექსის XXV თავში, შესაბამისად180-ე მუხლით ჩადენილი დანაშაული, რამაც 150 ლარზე მეტი ზიანი გამოიწვია, ითვლება მნიშვნელოვან ზიანად.

3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითობის საგანს წარმოადგენს არა მარტო ქონება (როგორც ქურდობის შემთხვევაში), არამედ მასზე უფლების მოპოვება. თაღლითობის ობიექტიური მხარე შედგება მოტყუებით ქმედების ჩადენაში, სხვისი ნივთის ან ქონებაზე უფლების უკანონო გზით მითვისების მიზნით, მათ შორის დაზარალებულის ნდობის ბოროტად გამოყენებით. მოტყუება ან ნდობის ბოროტად გამოყენება როგორც დაზარალებულის შეცდომაში შეყვანის საშუალება გამოიხატება ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის დამახინჯებაში, ცრუ მონაცემების ან ყალბი დოკუმენტის წარდგენაში. თაღლითობა ითვლება დამთავრებულად სხვისი ნივთის დამნაშავის მფლობელობაში გადასვლის მომენტიდან ან სხვის ნივთზე განკარგვის უფლების მიღებისთანავე.

საქ. სსკ-ის 180 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თაღლითობის ჩადენის შემთხვევაში, სუბიექტი არის პირი, რომელიც იკავებს თანამდებობას სახელმწიფო ან მუნიციპალურ სამსახურში. სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებაში იგულისხმება სამსახურეობრივი მდგომარეობის ფარგლებში, აგრეთვე მოტყუების გამოყენებისას სამსახურეობრივი დოკუმენტების, პირადობის დამადასტურებელი, სხვა სამსახურეობრივი დოკუმენტების, უნიფორმის გამოყენება.

ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს არა მხოლოდ კონკრეტული სამსახურის თანამდებობის პირი, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების ან სხვა სამსახურის საჯარო მოხელე, რომელსაც შეუძლია და უფლებამოსილია განახორციელოს გარკვეული ქმედებები, დაკავშირებული ამ კონკრეტულ სამსახურთან. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში ბრალდებული არ არის საჯარო რეესტრის შესაბამისი თანამდებობრივი პირი, თუმცა არის მუნიციპალური სამსახურის ის თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია დაამოწმოს საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთების იდენტურობა.

თაღლითობის სუბიექტური მხარე გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში, ანგარების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა მიწის ნაკვეთს და ისარგებლა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---------ში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 2800 კვ.მ მიწის ნაკვეთით (ს/კ 65.14.35.0--), რომელზეც არანაირი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა.

3.2.3. სამსახურებრივი სიყალბე, (საქ. სსკ-ის 341-ე მუხლი), აღნიშნული დანაშაულის ობიექტი არის სახელმწიფო ორგანოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, საწარმოების და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმალური საქმიანობა, ოფიციალური დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებით. საგანი - დოკუმენტები, ესე იგი ოფიციალური ხასიათის მქონე ინფორმაციის მატარებლები, გამოსახული წერილობით, დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით.

დოკუმენტს უნდა ჰქონდეს დადგენილი ფორმალური რეკვიზიტები (სპეციალური ბლანკი, შტამპი, ბეჭედი) და უნდა იყოს ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ. დოკუმენტი ხელმოწერის მომენტიდან იღებს ოფიციალურ ხასიათს. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიური ქმედებებით: ა) ოფიციალურ დოკუმენტში ცრუ ინფორმაციის შეყვანა; ბ) ოფიციალური დოკუმენტის შესწორება, რაც ამახინჯებს დოკუმენტის არსებულ შინაარსს.

სამსახურეობრივი სიყალბის შემადგენლობა ფორმალურია და ითვლება დასრულებულად ფიქტიური ოფიციალური დოკუმენტის შექმნის, დოკუმენტში ცრუ ინფორმაციის შეტანის, შესწორების (რომლებიც მის შინაარსს ამახინჯებს) მომენტიდან. შედგენილი ყალბი დოკუმენტის ფაქტობრივი გამოყენება არ ქმნის სამსახურებრივი სიყალბის დანაშაულის შემადგენლობას.

სამსახურებრივი სიყალბის სუბიექტური მხარე ხასიათდება პირდაპირი განზრახვით. სუბიექტი აცნობიერებს, რომ მის მიერ შედგენილი ან შექმნილი დოკუმენტი არ შეესაბამება სინამდვილეს და მაინც სურს შექმნას ასეთი დოკუმენტი. ანუ ამ დანაშაულის სუბიექტური მხარის სავალდებულო ნიშანი არის მოტივი. სამსახურებრივი სიყალბე ხორციელდება მიკერძოებული ან სხვა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ანგარებიანი მოტივი გულისხმობს საკუთარი თავისთვის ან ახლობლებისთვის მატერიალური სარგებელის მიღებას. იმ შემთხვევაში თუ ანგარების მიზნით სამსახურებრივი სიყალბის ჩადენა დაკავშირებულია მოტყუებით სხვისი ქონების მითვისებასთან, ჩადენილი ქმედება ქმნის სამსახურებრივ სიყალბის და თაღლითობის დანაშაულთა ერთობლიობას.

მოცემულ შემთხვევაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხ-----–ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის - ბრალდებულის ა----- ა--------ის მიერ 2016 წლის 23 მაისს, შედგენილია შინაარსობრივად ყალბი ცნობა, შეგნებულად და ანგარების მიზნით (იხ. 2.1.1). შესაბამისად 2016 წლის 23 მაისს N-- ცნობის შედგენისას დამთავრებულია საქ. სკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - სამსახურებრივი სიყალბე.

3.2.4. ხოლო შემდეგ როდესაც ბრალდებულმა განცხადების განხილვის პერიოდში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურში 2016 წლის 13 მაისის თავის განცხადებაზე დასართავად წარადგინა მის მიერ 2016 წლის 23 მაისს გაცემული შინაარსობრივად ყალბი ცნობა N-- და მის მიერვე დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი აზომვითი ნახაზი, რითაც ჩაიდინა (დაიწყო) საქ. სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - თაღლითობა, რომელიც დაამთავრა 2016 წლის 25 მაისს, მიწის ნაკვეთის თავის სახელზე რეგისტრაციით, ანუ საკუთრების უფლების მითვისებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

3.2.5. მოცემულ შემთხვევაში ანგარების მიზნით სამსახურებრივი სიყალბის ჩადენა დაკავშირებულია სხვისი ქონების მოტყუებით მიღებასთან, შესაბამისად ქმნის დანაშაულთა ერთობლიობას სამსახურებრივ სიყალბეს და თაღლითობას.

შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 341-ე მუხლით, გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ასევე მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ ა----- ა--------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად.

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4.1. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ითხოვს პატიებას, გამოხატა უკანონო გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების სურვილი, რაც ითვლება შემამსუბუქებელ გარემოებად.

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 341-ე მუხლის დეფინიცია უკვე ისედაც მოიცავს სამსახურებრივი/თანამდებობრივი დანაშაულის ნიშნებს, რისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები. შესაბამისად სამსახურებრივი/თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენება არ შეიძლება ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებად. შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში დამამძიმებელი გარემოებები არ იქნა დადგენილი.

4.3. დაზარალებულისათვის კანონის დადგენილი წესით ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, მაგრამ იგი სხდომაზე არ გამოცხადდა, ამასთან დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში არის მითითება, რომ სახელმწიფოსათვის დასაბრუნებელია უკანონო გზით მოპოვებული ქონება.

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

5.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

5.4. დაცვის მხარემ მოითხოვა, რომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად არ შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა (მათ შორის პირობითად), მხოლოდ დაეკისროს ჯარიმა, იმ მოტივით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ითანამშრომლა სასამართლოსთან, ითხოვს პატიებას, მზად არის სახელმწიფოს დაუბრუნოს მოპოვებული ქონება, ჰყავს ოჯახი, მცირეწლოვანი შვილები, ამასთან ბრალდებულის მეუღლე ავად არის და მკურნალობს, ხშირად მიჰყავთ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ბრალდებულმა აღნიშნა, რომ შესაძლებლობა აქვს გადაიხადოს ჯარიმა, თუნდაც დიდი ოდენობით.

5.5. მოცემულ შემთხვევაში მართალია ჩადენილია მძიმე დანაშაული, ამასთან გასათვალისწინებელია მე-4 პუნქტით დადგენილი გარემოებები, ასევე ბრალდებულის ოჯახური მდგომარეობა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, ა----- ა--------ს, უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ამავე კოდექსის 341-ე მუხლის სანქციებით გათვალისწინებული ძირითადი სასჯელის სახით - ჯარიმა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - სახელმწიფო ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

კერძოდ:

ა----- ა--------ი (პ/ნ 3----------) ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 10.000 ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე ა----- ა--------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს სახელმწიფო ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით;

ასევე, ა----- ა--------ი (პ/ნ 3----------) ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე ა----- ა--------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს სახელმწიფო ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

შესაბამისად ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობით და საბოლოოდ, ა----- ა--------ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 10.000 ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე ა----- ა--------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს სახელმწიფო ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით.

5.6. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებული უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად აღნიშნული სასჯელი სავსებით აკმაყოფილებს არამარტო რეპრესიის და რესოციალიზაციის პრინციპებს, ასევე პრევენციის პრინციპსაც.

5.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

შესაბამისად სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმეულ უნდა იქნეს მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 65.14.35.0--, მდებარე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---------ში. აღნიშნულით კომპენსირებული იქნება მიყენებული ზიანი.

5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტამდე.

შესაბამისად, მოცემული განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ მოსამართლის 2019 წლის 05 მარტის N12/3-19 განჩინებით დადებული ყადაღა მიწის ნაკვეთებზე, მდებარე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---------ში, საკადასტრო კოდებით 65.14.35.0-- და 65.14.35.0--, უნდა მოიხსნას.

6.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული ნივთმტკიცებები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივიდან 2019 წლის 20 მარტს ამოღებული, მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდებით 65.14.35.0-- და 65.14.35.0-- რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დედანი დოკუმენტები, (ინახება შსს ნინოწმინდის რაიონული სამმართველოში) უნდა დაუბრუნდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 158-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ემუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა----- ა--------ი (პ/ნ 3----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10.000 ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე ა----- ა--------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს სახელმწიფო ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით;

ასევე,ა----- ა--------ი (პ/ნ 3----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე ა----- ა--------სდამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს სახელმწიფო ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა----- ა--------ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10.000 ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე ა----- ა--------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს სახელმწიფო ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით;

2. ა----- ა--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში მოიხსნას ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის N1/38-19 განჩინებით დადებული ყადაღა მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 65.14.33.---, მდებარე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხ-----–ში;

3. ა----- ა--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2020 წლის 04 თებერვლიდან;

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმეულ იქნეს მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 65.14.35.0-- მდებარე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---------ში;

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის საფუძველზე, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ მოსამართლის 2019 წლის 05 მარტის N12/3-19 განჩინებით დადებული ყადაღა მიწის ნაკვეთებზე, მდებარე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---------ში, საკადასტრო კოდებით 65.14.35.0-- და 65.14.35.0--, მოიხსნას;

6. საქმეში არსებული ნივთმტკიცებები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივიდან 2019 წლის 20 მარტს ამოღებული, მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდებით 65.14.35.0-- და 65.14.35.0-- რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დედანი დოკუმენტები, (ინახება შსს ნინოწმინდის რაიონული სამმართველოში) დაუბრუნდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ;

7. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე არარატ ესოიან