გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.02.2020
საქმის ნომერი
010310118002539048
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/368-18წ.(010310118002539048)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი ქეთევან თურმანიძე

მოსარჩელე: - სს ,,საზღვაო ჰოსპიტალი"

მოსარჩელის წარმომადგენელი: - ი--------------

მოპასუხე: - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოპასუხის წარმომადგენელი: - (არ გამოცხადდა)

დავის საგანი: ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი - ს.ს. "საზღვაო ჰოსპიტალის"-ს მიერ წარმოდგენილი, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის შესახებ - სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის N2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტი.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 02 მაისის #04/25462 გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს „საზღვაო ჰოსპიტალი“-ს (ს/კ 255442695) 2018 წლის 09 თებერვლის და 2018 წლის 27 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივრები.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის #2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტის თანახმად შემოწმდა ს.ს. "საზღვაო ჰოსპიტალში" საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 1 ივნისამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმები კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმება დაიწყო 2017 წლის 31 ოქტომბერს და დამთავრდა 2017 წლის 30 ნოემბერს. თემატური შემოწმების შედეგად შემმოწმებელი ჯგუფის მიერ 10 პუნქტად "გამოვლენილი" ე.წ. დარღვევა/ნაკლოვანებებისათვის სს"საზღვაო ჰოსპიტალს" დაერიცხა საჯარიმო სანქციები ჯამურად - 276 660,53 ლარის ოდენობით. მათ შორის: უკან დაბრუნებას ექვემდებარება - 90000,95 ლარი; დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს - 186659,58 ლარს. სს "საზღვაო ჰოსპიტალი" არ დაეთანხმა ზემოაღნიშნული თემატური შემოწმების აქტს, ადმინისტრაციული საჩივრები შეიტანა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში და სს „საზღვაო ჰოსპიტალში“ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის შემოწმების 2017 წლის 20 დეკემბრის N2017/20/12/02 აქტის ბათილად ცნობა, მასში ცვლილებების შეტანა და ზედმეტად დარიცხული საჯარიმო სანქციების გაუქმება მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 02 მაისის #04/25462 გადაწყვეტილებით სს „საზღვაო ჰოსპიტალი“-ს (ს/კ 255442695) 2018 წლის 09 თებერვლის N13709 და 2018 წლის 27 თებერვლის N19734 ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო უფლებამოსილება განხორციელებულია სზაკ-ის 5.1 მუხლით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფით, მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ექვემდებარება ბათილად ცნობას.

 

2. მხარეთა პოზიციები

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. (იხ.27.01.2020 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი) .

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის N2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტით (შემდეგში "შემოწმების აქტი") ირკვევა, რომ საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N1-ის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-15 პრიმა მუხლის და საქართველოს შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის " - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის, "ვ" ქვეპუნქტის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 30 მაისის N04-184/მ ბრძანების შესაბამისად შემოწმდა ს.ს "საზღვაო პოსპიტალის მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2 ივნისის N04/35473 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. 2017 წლის 20 დეკემბრის თემატური შემოწმების აქტი N2017/20/12/02

 

3.2. შემოწმების აქტის მიხედვით დასტურდება, რომ შემოწმდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2 ივნისის N04/35473 წერილის საფუძველზე ს.ს. "საზღვაო ჰოსპიტალის"-ს მიერ წარმოდგენილი, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 1 ივნისამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმები კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმება დაიწყო 2017 წლის 31 ოქტომბერს და დამთავრდა 2017 წლის 30 ნოემბერს, ხოლო აქტის დამუშავება, შედგენა და გაცნობა განხორციელდა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს.თემატური შემოწმების შედეგად შემმოწმებელი ჯგუფის მიერ 10 პუნქტად "გამოვლენილი" დარღვევა/ნაკლოვანებებისათვის სს"საზღვაო ჰოსპიტალს" დაერიცხა საჯარიმო სანქციები ჯამურად - 276 660,53 ლარის ოდენობით. მათ შორის: უკან დაბრუნებას ექვემდებარება - 90000,95 ლარი; დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს - 186659,58 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იხ. 2017 წლის 20 დეკემბრის თემატური შემოწმების აქტი N2017/20/12/02

 

3.3. შემოწმების აქტის მიხედვით "გამოვლენილია" შემდეგი დარღვევა/ნაკლოვანებები: 7.1. პუნქტის თანახმად - შესამოწმებელ პერიოდში ს.ს "საზღვაო ჰოსპიტალ"-ს მიღება-ჩაბარების აქტებით მიღებული აქვს - 32550 ცალი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა, მათ შორის - 117 თანხმობის ფორმა გაუქმებულია სხვადასხვა მიზეზების გამო, ხოლო 2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილ საცავში შენახულია - 270 ერთეული მოსარგებლის შეუვსებელი თანხმობის ფორმა. შემოწმების აქტის 7.2. პუნქტის თანახმად - ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) 2017 წლის 1 ივნისის მდგომარეობით დაწესებულებაში რეგისტრირებული იყო - 38434 (სულ 82004 ჩანაწერი, მათ შორის აქტიური - 29321, პასიური - 52683) მოსარგებლე, მათ შორის ძირითადი კონტიგენტის (იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი მდებარეობს ქალაქში ან დაბაში) რაოდენობა - 14276 (29032 ჩანაწერი), დამატებითი კონტიგენტის (იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული ფაქტიური მისამართი მდებარეობს სოფელში) რაოდენობა - 24158 (52972 ჩანაწერი) აღნიშნული მონაცემების შემოწმებით დადგინდა, რომ ს.ს "საზღვაო პოსპიტალი"-ს მიერ საოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელწიფო პროგრამის გეგმიური ამბოლატორიული მომსახურეობის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურეობის საანგარიშგებო ფორმაში - 2422 ბენეფიციარი (3917 შემთხვევა) ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი (მათ შორის აქტიური პაციენტის შემთხვევების რაოდენობამ შეადგინა - 928, ხოლო პასიური პაციენტების შემთხვევების რაოდენობამ შეადგინა - 2989). აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხმამ შეადგინა - 35387,28 ლარი. პროგრამის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაში შესაბამის თვეში 2014 წლის 1 თებერვლამდე, 0,5%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა - 14,05 ლარი, ხოლო 2014 წლის 1 თებერვლიდან 2017 წლის 1 ივნისამდე საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზაღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობით, რამაც შეადგინა - 70197,04 ლარი. ამდენად, ს.ს "საზღვაო ჰოსპიტალ"-ს 2017 წლის 1 მაისამდე ჯარიმის სახით დაერიცხა - 70211,09 ლარი, ხოლო მაისის თვეში დარიცხულმა ჯარიმამ შეადგინა - 1689.04 ლარი, ასევე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანხმად - 35387,28 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. შემოწმების აქტის 7.3. პუნქტის თანახმად - 466 შემთხვევაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში მოსარგებლეები რეგისტრირებულ იყვნენ მოსარგებლის თანხმობის ფორმის შევსებამდე; 7.4. პუნქტის თანახმად - 713 შემთხვევა, რომელთა თანხმობის ფორმები არასრულყოფილადაა შევსებული; 7.5. პუნქტის თანახმად - 539 შემთხვევაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში და თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული მონაცემები (სახელი გვარი) ერთმანეთს არ შეესაბამება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებლის მიერ დარღვეულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანების (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესი) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი (გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებაში ბენეფიციარის რეგისტრაციის პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მკაცრი აღრიცხვის ფორმის სათანადო წესით შევსებისა და მის საფუძველზე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში რეგისტრაციის შემდეგ).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იხ. 2017 წლის 20 დეკემბრის თემატური შემოწმების აქტი N2017/20/12/02

 

3.4. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვალის N36 დადგენილების მე-20 მუხლი მე-2 პუნქტის (პროგრამებში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები) ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე (გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, არ აუნაზღაუროს სამედიცინო მომსახურების ღირებულება, ან მოსთხოვოს მიმწოდებელს ზედამხედველობის შედეგად გამოვლენილი არასწორად მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება და დაკისრებული საჯარიმო სანქიცების გადახდა და/ან დააკისროს დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა), მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება და დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდა), მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება 21939,81 ლარი, ხოლო ამავე დადგენილების მე-19 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე (დადგენილებაში 2014 წლის 7 თებერვალს შეტანილი ცვილებების თანახმად, "თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), რევიზიისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაში შესაბამის თვეში 2014 წლის 1 თებერვლამდე, 0,5% ოდენობით, ხოლო 2014 წლის 1 თებერვლიდან საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობით).ს.ს "საზღვაო ჰოსპიტალ-ს" ჯარიმის სახით დაერიცხა 2017 წლის 1 მაისამდე - 43879.62 ლარი, ხოლო მაისის თვეში დარიცხულმა ჯარიმამ შეადგინა - 1676,36 ლარი. 7.6. პუნქტის თანახმად - 784 შემთხვევა, რომელთა თანხმობის ფორმებზე განხორციელდა შესწორებები, მიმწოდებლის მიერ დარღვეულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების 01-50/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი (მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა შეივსოს სრულყოფილად. დაუშვებელია მასში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და/ან მოშორება კორექტორის დახმარებით) და ა.შ. ამდენად, 2017 წლის 20 დეკემბრის N#2017/20/12/02 თემატურის შემოწმების აქტის თანახმად საბოლოოდ მიმწოდებლის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ჯამურმა რაოდენობამ შეადგინა - 276660,53 ლარი. მათ შორის: უკან დაბრუნებას ექვემდებარება - 90 000,95 ლარი; დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს - 186 659,58 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იხ. 2017 წლის 20 დეკემბრის თემატური შემოწმების აქტი N2017/20/12/02

 

3.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის N2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტზე სს"საზღვაო ჰოსპიტალმა" 2018 წლის 09 თებერვალს (რეგ.#N13709) და 27 თებერვალს (რეგ.N19734) ადმინისტრაციული საჩივრები შეიტანა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში და მოითხოვა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება, სზაკ-ის მე-60 პრიმა მუხლის, 59-ე, 63-ე მუხლების თანახმად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის N2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტის ბათილად ცნობა, შემოწმების აქტში დაშვებული ცვლილების/შეცდომების გამოსწორება და ზედმეტად/არასწორად დარიცხული თანხების გაუქმება. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მოსაზრებით ადმინისტრაციულმა ორგანომ პროგრამის მიმწოდებელზე - სს"საზღვაო ჰოსპიტალი", უკან დასაბრუნებელი თანხა და დამატებითი ფინანსური ჯარიმის ოდენობები დაადგინა დაკისრებულია ჯარიმების ორმაგი ოდენობის არასწორი პრინციპით განსაზღვრის შედეგად, ზედმეტად. კერძოდ: თემატური შემოწმების 7.2 პუნქტის თანახმად - 3917 შემთხვევიდან (2422 ბენეფიციარი) და აქტის დანართი 1-ის შესაბამისად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტებით გათვალისწინებული მომსახურების საანგარიშო ფორმაში ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი, რომლის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება - 35387,28 ლარი, საჯარიმო სანქციის ორმაგი ოდენობა კი შეადგენს – 70211,09 ლარს. შემმოწმებელი ჯგუფის მიერ გამოვლენილი ე.წ. უსწორობები განპირობებული იყო პროგრამის არასრულყოფილებით და ტექნიკური ხარვეზებით, კლინიკის მიერ ბენეფიციარების დაზღვევა ხდებოდა პიროვნების პირადობის მოწმობის/პასპორტის შესაბამისად. ამასთან, საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის #4757-Iს დადგენილების შესაბამისად, რომელიც ადგენს, ერთი მხრივ, ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს და, მეორე მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლას, რაც განსაზღვრავს ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების და თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებს, რაც თავისთავად მოიაზრებს, რომ აღნიშნული პიროვნებები მიეკუთვნებიან ძირითად კონტიგენტს. ამდენად, კლინიკის მიერ მოსარგებლეების რეგისტრაცია განხორციელებულია სწორად შესაბამისად თემატური შემოწმების აქტი აღნიშნული დარღვევის გამო ფინანსური ჯარიმის დარიცხვისა და თანხის უკან დაბრუნების შესახებ არასწორია, კანონსაწინააღმდეგოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორი ასევე არ დაეთანხმა თემატური შემოწმების აქტის 7.3 პუნქტს, რომლის თანახმად 466 ბენეფიციარი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში რეგისტრირებულნი იყვნენ მოსარგებლის თანხმობის ფორმის შევსებამდე, რომლითაც ამავე აქტში მითითებულია, რომ დარღვეულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის #01-19/ნ ბრძანება. ჯარიმის ორმაგი ოდენობა შემოწმების აქტის საფუძველზე შეადგენს - 43879,60 ლარს, მაისის თვის ჯარიმა – 1676,36 ლარს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის #01-19/ნ ბრძანების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში ბენეფიციარის რეგისტრაციის პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მკაცრი აღრიცხვის ფორმის სათანადო წესით შევსებისა და მის საფუძველზე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში რეგისტრაციის შემდეგ. აქედან გამომდინარე, საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ დაკისრებული თანხის უკან დაბრუნება მოთხოვნილ უნდა იქნეს იმ კონკრეტული დღეების შესაბამისად, სანამ ბენეფიციარის რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მოხდებოდა და არა სტანდარტული საჯარიმო წესით. ძირითადი და დამატებით თანხები-ჯარიმები დაკისრებულია არასწორად, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული 2013 წლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა. აღნიშნული პროგრამის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ თემატური შემოწმების აქტში შემმოწმებელი ჯგუფის მხრიდან ამგვარად არასწორად დაფიქსირებული ფაქტები და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების უგულვებელყოფა იწვევს მიმწოდებლის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას, რაც მთლიანობაში არ ემსახურება პროგრამის სტაბილურობას, მიმწოდებლის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და განვითარებას, რაც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს და ურთიერთკავშირშია შემდგომში მკურნალობის ხარისხის გაზრდასთან, სამედიცინო სერვისზე პაციენტთა ხელმისაწვდომობასთან, ზოგადად მედიცინისა და ეკონომიკის განვითარებასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იხ. 2017 წლის 09 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივარი (რეგ.#N13709), 2018 წლის 27 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივარი(რეგ.N19734), საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის #4757-Iს დადგენილება.

 

3.6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 02 მაისის #04/25462 გადაწყვეტილებით სს „საზღვაო ჰოსპიტალი“-ს (ს/კ 255442695) 2018 წლის 09 თებერვლის N13709 და 2018 წლის 27 თებერვლის N19734 ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა. კომისიამ მიუთითა, რომ პროგრამის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის პროგრამაში მონაწილე დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება კაპიტაციური მეთოდით, რომლის დროსაც ძირითად კონტიგენტში (ფაქტობრივად ქალაქში ან დაბაში მცხოვრები) ერთი მოსარგებლის მომსახურების ფიქსირებული ღირებულება შეადგენს - 1,93 ლარს, ხოლო დამატებით კონტიგენტში (ფაქტობრივად სოფლად მცხოვრები მოსარგებლე) – 1,07 ლარს. მიმწოდებელი ვალდებულია შეასრულოს როგორც დადგენილების, ასევე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული ყველა შესაბამისი სამართლებრივი აქტები, შესაბამისად ნებისმიერი მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული (დადგენილი) პირობები. პროგრამის ამ პირობის დაცვის უზრუნველსაყოფად, პროგრამის მე-4 მუხლის საფუძველზე, მიმწოდებლისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი ძალა აქვს სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 12 აპრილს N04-185/ო ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენი ელექტრონული ანგარიშგების ფორმის“ (დანართი N2) მოთხოვნებს. ამ ბრძანების თანახმად, ძირითადი კონტინგენტის რაოდენობაში – იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომელთა „თანხმობის“ ფორმაში ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებულია ქალაქი ან დაბა, ხოლო დამატებითი კონტინგენტის რაოდენობაში – იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა, რომელთა „თანხმობის“ ფორმაში ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებულია სოფელი.რაც შეეხება თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას, საგულისხმოა პროგრამის 22-ე მუხლი. გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის მოსარგებლეთა ძირითად და დამატებით კონტიგენტად რეგისტრაცია არსებითად გამომდინარეობს პროგრამის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის გამონაკლისი დანაწესიდან, კერძოდ, მიმწოდებლის კაპიტაციური წესით დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, ხორციელდება თუ არა კონკრეტულ ტერიტორიაზე „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება.ზემოაღნიშნულისა და დებულებით დადგენილი კომპეტენციიდან გამომდინარე, კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გააჩნია უფლებამოსილება, გაათავისუფლოს მიმწოდებელი დადგენილებით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან ან/და მიმწოდებლის სასარგებლოდ შეცვალოს/შეამციროს იგი.

 

შემოწმების 7.3 პუნქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის პრეტენზიებთან დაკავშირებით კომისიამ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში ბენეფიციარის რეგისტრაციის პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მკაცრი აღრიცხვის ფორმის სათანადო წესით შევსებისა და მის საფუძველზე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში რეგისტრაციის შემდეგ. ამ ნორმიდან გამომდინარე კომისიამ დაასკვნა, რომ ჯერ უნდა მოხდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმის სათანადო წესით შევსება და შემდეგ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში რეგისტრაცია და არა პირიქით. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ბენეფიციარები ელექტრონულ მოდულში რეგისტრირებული იყვნენ მოსარგებლის თანხმობის ფორმის შევსებამდე, ასეთი რეგისტრაცია თანხმობის ფორმის შევსების შემდეგაც ვერ ჩაითვლება კანონით დადგენილი წესით დარეგისტრირებულად. შესაბამისად, საჯარიმო სანქცია გამოყენებულ იქნა დარღვევით რეგისტრირებულ ბენეფიციართა რეგისტრაციის მთელ პერიოდზე.აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ სადავო აქტში ცვლილებების შეტანისა და საჯარიმო სანქციების შემცირება ამ ნაწილშიც მიიჩნია უსაფუძვლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

იხ. კომისიის 2018 წლის 02 მაისის #04/25462 გადაწყვეტილება.

 

3.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის (№ბს-97-96(კ-17)) განჩინებით დადასტურებულია ფაქტობრივი გარემოება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბაზებში ხარვეზების არსებობის შესახებ - საკასაციო პალატის მოსაზრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 8 აგვისტოს #40/72915 წერილში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დადასტურებულ იქნა 2013 წლის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბაზებში ხარვეზების არსებობა, კონკრეტულად, იგი სრულად არ ასახავდა პროგრამით მოსარგებლეებს. სწორედ დასახელებული ხარვეზის არსებობის შესახებ მიუთითებდა მიმწოდებელი ადმინისტრაციულ საჩივარში, რომელიც ადმინისტრაციულმა ორგანომ საერთოდ არ გამოიკვლია და მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილებით მიიღო არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელის აზრით უნდა გაუქმდეს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,საზღვაო ჰოსპიტალის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ემუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის„დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან და დასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა უნდა შემოწმდეს მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის შერჩევითი შემოწმების აქტისN2017/20/12/02 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 02 მაისის #04/25462 გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის შემოწმება უნდა მოხდეს როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის თანახმად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი. აკრძალულია, პირმა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისაგან მოითხოვოს ამ კანონში მითითებული პრინციპებისა და საექიმო საქმიანობის ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო მოქმედება, მიუხედავად მომთხოვნი პირის თანამდებობისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, აგრეთვე აღმსარებლობისა.

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

6.3. ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ესკანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად კი სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებულ “საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი N1) ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით, საქართველოს მოსახლეობისათვის ფინანსურიუზრუნველყოფის შექმნა.

 

აღნიშნული დანართის მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო („განმახორციელებელი“), ხოლო 4.1 მუხლის თანახმად, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს („მიმწოდებელი“).

 

ამავე დანართის მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით. ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის სახეობები განისაზღვრება შემთხვევათა ტიპების შესაბამისად. თავის მხრივ, შემთხვევები კლასიფიცირდება შემდეგ ტიპებად: ა) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (ამბულატორიულიდა სტაციონარული); ბ) გეგმური ამბულატორიული მომსახურება; გ) გეგმური სტაციონარული მომსახურება. მე-5 პუნქტის „ა“, „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შემთხვევათა ზედამხედველობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული: ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია; თ) მიმწოდებლის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისას ამავე დადგენილების №1 დანართის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს ახორციელებს პროგრამის განმახორციელებელი, ხოლო „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპს - რეგულირების სააგენტო.

 

მითითებული დანართის 151.1 მუხლის თანახმად, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი მოიცავს: ა) გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისობის დადგენას დანართი №1-ის 21-ე მუხლით განსაზღვრული მომსახურების მოცულობასთან (მათ შორის, დიაგნოზის შესაბამისი პათანატომიური დასკვნის არსებობის შემოწმებას, იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ მოტივით შემთხვევა არ იყო/არის დასრულებული პროგრამით განსაზღვრულ ვადაში, ასევე დადგენილ ვადებში დახურულ შემთხვევებში მსგავსი დასკვნის არსებობას, ასეთის საჭიროებისას); ბ) გაწეული სამედიცინო მოსახურების თაობაზე პროგრამის განმახორციელებლის მიერ მიღებული ელექტრონული და/ან მატერიალური ინფორმაციის შედარებას მიმწოდებელთან არსებულ დოკუმენტაციასთან. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. შემოწმების აქტის შესაბამისად, მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა.

 

ზემოაღნიშნული დანართის 18.2 მუხლის თანახმად, გეგმიურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობა შედგება შემდეგი ეტაპებისაგან: ა) ანგარიშის წარდგენა; ბ) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება; გ) ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი; გ1) კონტროლი; დ) რევიზია. 18.3 მუხლის თანახმად, გეგმური ამბულატორიის შემთხვევაში, ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს მხოლოდ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ დამატებითი პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, 18.4 მუხლის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ1“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის „ა“ - „გ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს ახორციელებს პროგრამის განმახორციელებელი, ხოლო პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპს - რეგულირებისსააგენტო.

 

განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის შემოწმების აქტისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 01 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით შეამოწმა შპს „საზღვაო ჰოსპიტალის“მიერ წარდგენილი, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმები, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმება დაიწყო 2017 წლის 31 ოქტომბერს და დამთავრდა 2017 წლის 30 ნოემბერს. შემოწმების შედეგად შედგენილ 2017 წლის 20 დეკემბრის აქტში, 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 01 ივნისამდე პერიოდის გათვალიწინებით იქნა მითითებულ თანხმობის ფორმებთან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოვლენილი დარღვევების შესახებ.

 

მოქმედი რედაქციის საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული “საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი N1) 151.2 მუხლის შესაბამისად, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთ) კალენდარულ წელს. თუმცა საგულისხმოა, რომ 2015 წლის 26 ოქტომბრის დასახელებულ N552 ცვლილებამდე, მოცემული დანართის 151.2 მუხლის თანახმად, კონტროლის განხორციელების ვადად განსაზღვრული იყო შემთხვევის დასრულებიდან არა უმეტეს3 (სამი) კალენდარულიწელი.

 

6.4 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24.1 მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტი არ შეიცავს დათქმას, ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. „კანონის უკუძალის მინიჭება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს, რომლითაც დაუშვებელია აქტს უკუქცევითი ძალა მიენიჭოს, თუკი იგი აუარესებს პირის მდგომარეობას“ (იხ. სუს 13.07.2017წ. Nბს-698-691(კ-16) გადაწყვეტილება).

 

„საქართველოს კონსტიტუციის 31.9 მუხლის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული, კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა“ (იხ. სუს 03.10.2013წ. Nბს-57-52(კ-13) განჩინება).

 

საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიულიაქტით. უდავოა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების“ არც ერთი მუხლი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისი მუხლების ახალი რედაქცია ძველ ურთიერთობებზე არ უნდა გავრცელდეს, რადგან კანონის ახალ ნორმას არ აქვს მინიჭებული უკუქმედების ძალა (იხ.სუს 05.07.2011წ. Nბს-347-344 (კ-11)).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხუთწლიან ვადის დადგენასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში განხორციელებული 26.10.2015წ. N522 ცვლილებისათვის ადმინისტრაციულ ორგანოს (სააგენტოს) სამედიცინო დაწესებულების კონტროლის განხორციელებისას უკუძალა არ უნდა მიენიჭებინა, ხუთწლიანი შემოწმების ვადა უნდა გავრცელებულიყო 2015 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ მომხდარ შემთხვევებზე, ხოლო მანამდე ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს ნორმატიული აქტის ძველი რედაქციით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. მაშასადამე, სამწლიანი პერიოდის დარღვევის შემდეგ შემოწმებული შემთხვევები არ უნდა დაექვემდებაროს სანქცირებას.

 

საქართველოსმთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართის 151 მუხლი ადგენს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას, სანქციის დაკისრება შესაძლებელია ამ მუხლით დადგენილ ვადაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარის იურიდიული პასუხისმგებლობა, თუნდაც მას ჩადენილი ჰქონდეს კანონით დადგენილი ის ქმედება, რომლისთვისაც ნორმით გათვალისწინებულია სანქცია, ამ ვადის გასვლის შემდეგ არ დადგება.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან შემოწმების აქტი შედგენილია 2017 წლის 20 დეკემბერს, სოციალური მომსახურების სააგენტოს სწორედ ამ თარიღიდან უნდა დაეწყო კონტროლის განხორციელებისათვის ნორმატიული აქტის ძველი რედაქციით დადგენილი სამწლიანი ვადის უკუ ათვლა, ამასთანავე, ვინაიდან გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმების შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 01 ივნისამდე პერიოდს, 2014 წლის 20 დეკემბრამდე არსებულ შემთხვევებზე სააგენტოს სამედიცინო დაწესებულების მიმართ პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს, თუმცა სააგენტომ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 20 დეკემბრამდე შემთხვევებზეც განახორციელა შემოწმება და გამოიყენა სანქციები.

 

მითითებული გარემოების გათვალისწინებით სადავო 2017 წლის 20 დეკემბრის შემოწმების აქტით შპს „ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალისათვის“განსაზღვრული საჯარიმო სანქციების მართლზომიერება შემოწმება უნდა განხორციელდეს მხოლოდ 2014 წლის 20 დეკემბრიდან 2017 წლის 01 ივნისამდე პერიოდში სააგენტოს მიერ შემოწმებულ თანხმობის ფორმებთან მიმართებაში.

 

საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევად ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათა შეფარდება (იხ. სუსგ №ბს-1635-1589(კ-08),.

 

6.5. გასაჩივრებული აქტის მიხედვით სს“ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალის“ სანქცირების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართის მე-19, მე-20, 23-ემუხლები.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართის 19.1 მუხლის თანახმად, ზედამხედველობის ნების მიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოიყენება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძველი არსებობს, თუ პაციენტი არ არის ამ პროგრამის მოსარგებლე („გ.ა“ ქვეპუნქტი), ასევე თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს („ზ;ქვეპუნქტი). ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე: ა) ბენეფიციარის რეგისტრაციის (მ.შ., მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების) წესების დარღვევის გამო, საჯარიმო სანქციების ოდენობა ანაზღაურებულ შემთხვევებზე განისაზღვრება ამ ბენეფიციარზე დარღვევით რეგისტრაციის მთელ პერიოდში ანაზღაურებული თანხის ორმაგი ოდენობით; ხოლო ასანაზღაურებელი შემთხვევების დროს − პროგრამით გათვალისწინებული თანხის ორმაგი ოდენობით; ბ) სხვა სახის დარღვევების შემთხვევაში (გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), საჯარიმო სანქციის ოდენობა განისაზღვრება სარევიზიო/საკონტროლო პერიოდში ანაზღაურებული თანხის 2%-ით, თითოეული (ყოველი) იმ სახის დარღვევის გამოვლენისათვის, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის საჯარიმო სანქციებით; გ) ინდივიდუალური შემთხვევების კონტროლის/რევიზიისას საჯარიმო სანქციის ოდენობა შეადგენს დარღვევის არსებობის თვეში (თვეებში) მიმწოდებლისათვის ანაზღაურებული თანხის 2%-ს, თითოეული (ყოველი) იმ სახის დარღვევის გამოვლენისათვის, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის საჯარიმო სანქციებით. ამავე დანართის 20.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება ზედამხედველობის ეტაპ(ებ)ის მიხედვით, ამ დადგენილებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია, გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, არ აუნაზღაუროს სამედიცინო მომსახურების ღირებულება, ან მოსთხოვოს მიმწოდებელს ზედამხედველობის შედეგად გამოვლენილი არასწორად მიღებული და ფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება და დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდა და/ან დააკისროს დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. ამავე დანართის 23.1 მუხლის თანახმად,. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლედ ითვლება პირი, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის მიმწოდებელთან, ხოლო 23.4 მუხლის შესაბამისად, პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის (დადგენილიწესით) საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერით.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთანავე, სსკ-ის 105.1 მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

 

გასაჩივრებული შემოწმების აქტის შინაარსიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სადავო პერიოდში შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების ძირითადი ნაწილი უკავშირდება ტექნიკურ ხარვეზებს, რომელთა არსებობის მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულებაში აღირიცხა არა ერთი ბენეფიციარი და მათი დიდი ნაწილისათვის გაწეულ იქნა სამედიცინო მომსახურება. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული “საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ უმთავრეს მიზანს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის საქართველოს მოსახლეობის ფინანსური უზრუნველყოფის შექმნაწარმოადგენს, ხოლო სააგენტო სწორედ ამ მიზნის მიღწევის მიზნით შექმნილი ორგანოა, სადავო საკითხთან მიმართებაში, მას გააჩნია ვალდებულება, დაასაბუთოს, გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეული ისეთი ზიანის არსებობა, რამაც აუცილებლად უნდა წარმოშვას შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების სანქცირების საფუძველი, შემოწმების აქტში მხოლოდ გამოვლენილი ხარვეზების ფაქტების სახით ასახვა არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც თანხის დაკისრება განხორციელდა სამედიცინო დაწესებულებაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი - ს.ს. "საზღვაო ჰოსპიტალის"-ს მიერ წარმოდგენილი, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის შესახებ - სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის N2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტი. მოთხოვნის ამ ნაწილში არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.7. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 02 მაისის #04/25462 გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს „საზღვაო ჰოსპიტალი“-ს (ს/კ 255442695) 2018 წლის 09 თებერვლის და 2018 წლის 27 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივრები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში Nბს-180-177(კ-15) განმარტა, რომ ,,ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას''.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა მის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რომლის შესაბამისად უნდა იქნეს გამოკვლეულ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არსებობს სადაო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღნიშნულიყო შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების, იგნორირება წარმოადგენდა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა სწორად შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო სამართალურთიერთობა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის № ბს-301-292 (2კ-13) განჩინება). გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო, უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით. მას უნდა შეეძლოს, იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. ამასთან, სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის № ბს-201-199 (კ-14) განჩინება). სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი საფუძვლიანია, გასაჩივრებული სადაო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით და შესაბამისად არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია ბაჟი 100 ლარის ოდენობით, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი;

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა;

 

1. სს ,,საზღვაო ჰოსპიტალი"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი - ს.ს. "საზღვაო ჰოსპიტალის"-ს მიერ წარმოდგენილი, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის შესახებ - სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის N2017/20/12/02 თემატური შემოწმების აქტი.

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 02 მაისის #04/25462 გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს „საზღვაო ჰოსპიტალი“-ს (ს/კ 255442695) 2018 წლის 09 თებერვლის და 2018 წლის 27 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივრები.

 

4. მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის სს ,,საზღვაო ჰოსპიტალი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე კობა გოცირიძე