გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2020
საქმის ნომერი
611210019003295492
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #611210019003295492

საქმე #2/629-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი :

25 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბოლნისი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დევი დევიძე

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

მოსარჩელე - გი------------–-ძე;

წარმომადგენელი - ემ-------------–--ლი;

მოპასუხე - სა----------------ვი;

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა;

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. სა----------------ვის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს მოსარჩელე გი------------–-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელი--------ი, ს/კოდით 83.11.0-.--- (მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 862 კვ.მ., შენობ-ნაგებობა #1, ფართობით 95.4 კვ.მ.), და აღნიშნული უძრავი ქონება დაუბრუნდეს მოსარჩელეს;

2. მოპასუხეთა პოზიცია:

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ სცნო. მან განმარტა, რომ მხარეთა შორის უძრავო ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება ითვალისწინებდა დებულებას, რომ მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელი იყო გამოსყიდვის 6-თვიანი ვადის გაგრძელება. მოპასუხემ შესთავაზა მოსარჩელის მამას ამ პირობაზე შეთანხმება, თუმცა ამის სანაცვლოდ, მან ქონება აჩუქა მის შვილს, ამჟანდელ მოსარჩელეს;

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების (მდებარე: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი--------ი, ს/კოდით 83.11.0-.--- (მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 862 კვ.მ., შენობ-ნაგებობა #1, ფართობით 95.4 კვ.მ.) მესაკუთრე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

3.1.2. ამჟამად, აღნიშნულ უძრავ ქონებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს მოპასუხე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.3. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება 2019 წლის 24 აპრილის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ეკუთვნოდა მოსარჩელის მამას რევაზ აბულაძეს, რომელმაც 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ქონება გადასცა თავის შვილს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება და ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოპასუხისათვის არც წინა და არც ამჟამინდელი მესაკუთრის მიერ არ მომხდარა გამოსყიდვის ვადის გაგრძელება ან ახალი ვადის დადგენა. მხარეების ამაზე არ შეთანხმებულან;

· 2019 წლის 24 აპრილის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების 1-ლი პუნქტი შეიცავდა დებულებას, რომ „...მხარეთა შეთანხმებით გამოსყიდვის ვადად დადგენილია 6 თვე - 2019 წლის 24 ოქტომბერი. მხარეებს ურთიერთშეთანხმებით შეუძლიათ გააგზძელონ მითითებული ვადა“;

· მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ასეთი შეთანხმების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება;

სამოტივაციო ნაწილი :

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სამართლებრივი პოზიციების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუციის (შემდეგ - „კონსტიტუცია“) მე-19 მუხლი; „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ (შემდეგ - „კონვენცია“) 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგ - „სსკ“) 162-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 312-ე, 328-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - „სსსკ“) მე-3-მე-4, 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-მე-4 და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე თავად განსაზღვრავს, თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ამასთან მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები;

მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი);

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს;

· მოსარჩელეს მტკიცების ტვირთში შედის ვალდებულება, დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა, ასევე ფაქტი იმისა, რომ ამ ნივთის ფლობს მოპასუხე;

· რაც შეეხება მფლობელს (მოპასუხე), მისი მტკიცების ტვირთი გულისხმობს ვალდებულებას, დაამტკიცოს, რომ ის ნივთს ფლობს მართლზომიერად ან რომ მესაკუთრის საკუთრების უფლება არ ემყარება ნამდვილ იურიდიულ ფაქტს;

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ მან ითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, სანაცვლოდ კი მიიღო ქონების გასხვისება და ვინდიკაციური სარჩელი. სსკ-ის სსკ-ის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. იმავე კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამდენად, კანონი უძრავი ქონების გასხვისებისათვის ადგენს წერილობით ფორმას. შესაბამისად, წერილობითი ფორმის დაცვაა აუცილებელი ამ ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს შორის მიღწეული ნებისმიერი შეთანხმებისათვის;

ასეთი შეთანხმების არსებობა იქნებოდა მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება, რაც გამოიწვევდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას;

6.2. კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია;

კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის, პირველი მუხლი იცავს საკუთრების უფლებას, კერძოდ, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით;

· ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,მარქსი ბელგიის’’ წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი #6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი);

6.3. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება.

· საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით;

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება;

· უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე;

სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის;

იმავე კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას;

· განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით მოსარჩელე არის მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელი--------ში, ს/კოდით 83.11.0-.--- (მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 862 კვ.მ., შენობ-ნაგებობა #1, ფართობით 95.4 კვ.მ.) მდებარე უძრავი ქონების მ,ესაკუთრე, ხოლო მოპასუხე არის ამ ქონების მფლობელი (ის რეალურად ცხოვრობს ამ ბინაში), - ამდენად, მოსარჩელემ გაართვა თავის თავისი მტკიცების ტვირთს. მოპასუხემ კი ვერ წარმოადგინა არგუმენტი იმის თაობაზე, თუ რატომ არ უნდა მომხადრიყო სარჩელის დაკმაყოფილება;

6.4. სსკ-ის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში მის კუთვნილებად ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი;

· ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება. მოსარჩელემ შეძლო მოპასუხისათვის დასაბუთებული პრეტენზიის წაყენება;

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - „სსსკ“) 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს;

იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა;

სსსკ-ის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, მაგისტრატი მოსამართლე პირველი ინსტანციით განიხილავს ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;

სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა...;

· განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. შესაბამისად, დავის საგნის ფასი 4000 ლარია, რის 1,5 პროცენტი შეადგენს - 60 ლარს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს 2019 წლის 14 ნოემბერს გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის სახით 120 ლარი. ამიტომ, მას უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 60 ლარი;

· რაც შეეხება ადვოკატის დახმარებისათვის გაწეულ პროცესის ხარჯს, ის ექვემდებარება დაკმაყოფილებას დავის საგნის ღირებულების 4000 ლარის 4%-ის მოცულობით (სასამართლო ითვალწინებს მოსარჩელის ადვოკატის მიერ გაწეულ სამუშაოს, კერძოდ, სარჩელის შედგენა და ორ სხდომაზე მოსარცელის წარმომადგენლობა). ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 160 ლარის გადახდა;

სარეზოლუციო ნაწილი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, მე-8, მე-10, მე-39-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გი------------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. სა----------------ვის (პ/ნ 2----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს მოსარჩელე გი------------–-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელი--------ი, ს/კოდით 83.11.0-.--- (მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 862 კვ.მ., შენობ-ნაგებობა #1, ფართობით 95.4 კვ.მ.), და აღნიშნული უძრავი ქონება დაუბრუნდეს მოსარჩელეს;

3. სა----------------ვს გი------------–-ძის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზრაურება 60 ლარის ოდენობით;

4. სა----------------ვს გი------------–-ძის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის (წარმომადგენლის) დახმარებისათვის გაღებული ხარჯის ანაზღაურება 160 ლარის ოდენობით;

5. გი------------–-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2019 წლის 14 ნოემბერს სს „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით (საგადახდო დავალება #867------1), გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ზედმეტი ნაწილი - 60 ლარი;

6. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს (მის.: ქ. ბოლნისი, სულხან-საბას ქ. #113) მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე: /დევი დევიძე/