გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2020
საქმის ნომერი
031210019003290736
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, სხვა სახის დავები
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №031210019003290736

საქმე№2/686-2019 წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი 2020 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო

ქობულეთის მუნიციპალიტეტში

 

მოსამართლე - კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი - ხათუნა ლორთქიფანიძე

 

მოსარჩელე - მ----–--------------

წარმომადგენელი-ნ---------------–---–-

მოპასუხე - ჯ------–---------

წარმომადგენელი-შ--–-------------

 

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

 

წარმომადგენელი - თ------------–---

 

დავის საგანი - განქორწინება, არასრულწლოვანი შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შეწყდეს მ----–--------------ს (დაბ: 27.02.1992 წ.; პ/ნ - 61010017193) და ჯ------–---------ს (დაბ: 13.10.1986 წ. პ/ნ - 61004047739) შორის 16.03.2011 წ. რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის №70201130102) სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ; ქორწინების მოწმობის №77191003801); ასევე განესაზღვროს მის შვილთან კ----------------- (დაბადებული 2011 წლის 22 ივნისს) ნახვის დღეები ყოველი კვირის პარასკევის, 18;00 საათიდან კვირის 18;00 საათამდე ღამის თევით, ასევე საახალწლო არდადაგების პირველი ერთი კვირა 7 ღრე და საზაფხულო არდადაგების პირველი საწყისი თვე ნახევარი 45 დღე. (იხ დაზუსტებული მოთხოვნა 2020 წლის 28 თებერვლის სხდომის ოქმი)

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე - ჯ------–---------მ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და აღნიშნა, რომ განქორწინებაზე თანახმაა ხოლო შვილის ნახვას რაც შეეხება, შვილის აღზრდაში დედას არ მიუღია არანაირი მონაწილეობა, რამაც გამოიწვია ბავშვის დედისადმი გაუცხოება, მოსარჩელეს აქვს სხვა ოჯახი და ღამის თევით ბავშვის გაშვება დედასთან დააზიანებს ბავშვის ფსიქიკას. ამ ეტაპისთვის თანახმაა, რომ დედას შვილთან ურთიერთობა ქონდეს ღამისთევის გარეშე. შესაბამისად თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია

 

2.2.1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ დედას ურთიერთობა უნდა ჰქონდეს შვილთან. ბავშვისათვის აუცილებელია როგორც დედასთან, ასევე მამასთან ურთიერთობა, თქვენი შვილის მომავლისათვის ეს აუცილებელი ფაქტორია, მას სახლში ყველა პირობა აქვს ბავშვის ნორმალური აღზრდა განვითარებისათვის, აქვს სათანადო უნარ-ჩვევები, რომ თავის საცხოვრებელ სახლში სათანადოდ მოუაროს არასრულწლოვან შვილს.

 

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.მოსარჩელე რეგისტრირებული ქორწინებაში იმყოფება მოპასუხესთან. მ----–--------------ს და ჯ------–---------ს 2011 წლის 22 ივნისს შეეძინათ შვილი კახა ირემაძე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

იხ. ქოწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა.

 

3.1.2. ჯ------–--------- და მ----–-------------- ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ხოლო მათი არასრულწლოვანი შვილი კახა ირემაძე ცხოვრობს მამასთან და მოპასუხე მხარე არ აძლევს შესაძლებლობას ინახულოს თავისი არასრულწოვანი შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_ მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ 2019 წლის 11 დეკემბრის სოციალური მუშაკის #2104 დასკვნა;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს მიერ საქმის განხილვით ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება რაც ხელს შეუშლის მ----–--------------ს შვილთან კ----------------- ურთიერთობაში; არ გამოკვეთილა გარემოებები, რომ ის მიუხედავად ბავშვის ასაკისა, ვერ შეძლებს მის სათანადო მოვლას;

 

საქმეზე წარმოდგენილი - 2019 წლის 11 დეკემბრის სოციალური მუშაკის #2104 დასკვნა; დასკვნის მიხედვით ბავშვი ვიზიტის დროს იყო კონტაქტური აზროვნებს ადეკვატურად, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სკოლის პედაგოგმა ბავშვი დაახასიათა დადებითად და განმარტა რომ სკოლაში დადის მომზადებული და მოწესრიგებული, არის მხიარული, ზრდილობიანი და დამჯერი, ითვალისწინებს პედაგოგის რჩევას, არის მეგობრული, ბებიის გადმოცემით ექვსთვეში ერთხელ ბავშვს უტარდება სამედიცინო კვლევები. ბავშვი განიცდის ამჯამინდელ მდგომარეობას. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მშობელმა გონივრულად მიუდგნენ ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, არ გამოიყენონ მანიპულაციური მოქმედებები, გოგას უნდა ქონდეს დადებითი მიდგომებით და საჭირო მზრუნველობით მიმდინარე ურთიერთობები ორივე მშობელთან, ბავშვისათვის დედ-მამა უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტი.

 

3.2.2. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება ბავშვის (კ-----------------) ნახვას პარასკევი, შაბათი და კვირა ღამისთევით, ის თანახმაა მხოლოდ მოხდეს კ----------------- მონახულება და მასთან ურთიერთობა ღამისთევის გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში ჯ------–---------ს მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

 

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- ბავშვის უფლებათა კონვენცია.

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომში - სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეები 2011 წლის 16 მარტიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლით განსაზღვრულია ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, დასახელებული მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის შესაბამისად განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

ხსენებული ნორმების სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო.

 

დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ორმხრივ ნებას ოჯახის შენარჩუნებისათვის ადგილი არ აქვს. კერძოდ, მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას, რასაც ასევე ეთანხმება მოპასუხე მხარე ამდენად, სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებიდან და საქმის მასალებიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნევს, რომ მ----–--------------სა და ჯ------–---------ს ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რაც მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს წრამოადგენს.

 

6.3. სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო აქტების შესახებ კანონონს, რომლის 58-ე მუხლის თანახმად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. განქორწინების შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას. ამავე კანონის 61-ე მუხლის თანახმად, განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

ხსენებულ საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ მხოლოდ, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისი მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეწყვეტისათვის. ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ 1994 წლის 21 აპრილიდან საქართველო მიერთებულია ბავშვის უფლებათა კონვენციაზე, რომლის პრეამბულაშიც ნათქვამია, რომ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებაა განუხრელად ზრუნავდნენ ბავშვთა უფლებების დაცვაზე და ქმნიდეს გარანტიებს მათი ინტერესების დასაცავად. მასზე ზრუნვამ უნდა განაპირობოს ის, რომ ბავშვი სრულყოფილად იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და ზოგადსაკაცობრიო იდეალების, განსაკუთრებით კი მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით. ბავშვის ასეთი განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა ჟენევის 1924 წლის დეკლარაციით, 1959 წლის 20 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მისი 23-ე და 24-ე მუხლებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მე-10 მუხლით), აგრეთვე ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზებული დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი დოკუმენტებით. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით. საქართველო აღიარებს ბავშვის უფლებათა კონვენციას და ქმნის ყველა პირობას ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში.

 

6.5. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლიტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

6.6. გარდა საერთაშორის აქტებისა, მშობელისა და შვილების ურთიერთობები, დარეგულირებულია შიდა კანონმდებლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის /მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

6.7. ”ბავშვთა უფლებათა კონვენციის” მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

6.8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ”ჭეშმარიტი ინტერესი” მოცემულ შემთხვევაში არის ის, რომ კახა ირემაძეს ორივე მშობელთან ჰქონდეს ერთნაირი ურთიერთობა და ამასთან მათთან ურთიერთობის დროს არ უნდა იქნეს დარღვეული მისი, როგორც ბავშვის უფლებები. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ორივე მშობელი თანაბარწილად არის ვალდებული შვილის აღზრდა-განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. შესაბამისად უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რაც ბავშვს საშუალებას მისცემს იყოს ორივე მშობელთან მჭიდრო ურთიერთობაში. სწორედ აღნიშნულით მოხდება ბავშვის სათანადო აღზრდა და ჩამოყალიბება. ბავშვს, რაც უფრო მეტი ურთიერთობა ექნება ორივე მშობელთან, მით უფრო მეტად მოხდება მისი პიროვნების სრულფასოვანი ჩამოყალიბება და განვითარება.

 

ერთი მშობლის მიერ მეორისათვის, შვილთან ურთიერთობის აკრძალვა, არა მარტო მშობლის უფლების დარღვევაა, არამედ იგი ლახავს თვით შვილის უფლებებს ცალკე მცხოვრებ მშობელთან ურთიერთობის სფეროში, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის აღზრდის ინტერესებს. შვილს უფლება აქვს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს იმ მშობელთან ვისთანაც არ ცხოვრობს და არ იზრდება (ამ შემთხვევაში თავის დედასთან). თავის მხრივ მამაც უნდა მონაწილეობდეს მის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში და ასევე რჩენაში. ეს უფლება მამას მინიჭებული აქვს არამარტო კანონით, არამედ ზნეობის ნორმებით, ადათებითა და ჩვეულებებით.

 

შიდა კანონმდებლობით ზ/ხსენებული სამართლებრივი ნორმები უკრძალავს იმ მშობელს შეზღუდოს მეორე მშობლის ურთიერთობა ბავშვთან, რომელიც მასთან ცხოვრობს.

 

6.9. მშობლის უფლების შეზღუდვის წინაპირობები საქმეში წარმოდგენილი სოციალური სამსახურის კვლევით არ დასტურდება, გარდა ამისა, გასათვალისწინებელ ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ კვირის დღეებში მამას ნება უნდა დაერთოს ინახულოს ბავშვი, რაც, ბუნებრივია, მშობლების უალტერნატივო ვალდებულებაა და მან საკუთარი უფლება-მოვალეობები უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ ამით არ შეილახოს ბავშვის ინტერესი, მისი ცხოვრების ჩვეული რეჟიმი.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება უნდა მიეცეს ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან კ-----------------. ასეთი ურთიერთობის არ ქონა, ან ხელშეშლა პირველ რიგში დააზარალებს არასრულწლოვანის ინტერესებს, რაც დაუშვებელია და უნდა აღმოიფხვრას სასწრაფოდ. თუ გამოვლინდება შემთხვევა, რა დროსაც ერთერთი მშობელი მართლსაწინააღმდეგოდ შეეცდება მეორე მშობელმა არ ინახულოს ბავშვი, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია დაავალდებულოს ერთ-ერთი მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს, ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის დადგენილი ის გარემოება, რომ ბავშვის ნახვით და წაყვანით მოსარჩელე მ----–-------------- მიაყენებს ზიანს ბავშვის კეთილდღეობას. სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, ბავშვების უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კახა ირემაძე აღიზარდოს ოჯახურ გარემოში, მშობლებმა თანაბრად გადაინაწილონ პასუხისმგებლობა ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილებისა და სრულფასოვანი ზრდა-განვითარების ხელშეწყობისთვის.

 

6.10. ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ კახა ირემაძე არის მცირეწლოვანი და მას ბოლო პერიოდში დედასთან ურთიერთობა არა აქვს, შესაბამისად საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს მისი ასაკი, ოჯახის წევრებზე მიჩვევის, თანატოლებთან ურთიერთობის, დედის გარეშე სხვაგან დარჩენისას ფსიქოლოგიური განცდები და სხვა აუცილებელი გარემოებები. ამდენად სასამართლო მიიჩნევს ბავშვის კ----------------- ურთიერთობისათვის მოსარჩელეს განუსაზღვროს კვირაში ერთი დღე ღამე; აღნიშნული სახით დასკვნის მიღების საფუძველს წარმოადგენს ასევე საქმის განხილვისას სოციალური მუშაკის განმარტებები, რა დროსაც ის მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასურველია მშობლებმა დავა გადაწყვიტონ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით,თავდაპირველად

 

სასამართლო თვლის, რომ ნახვის დღეების ამდაგვარი განსაზღვრა მაქსიმალურად შესაბამისია, როგორც მშობლის ისე შვილის უფლებების რეალიზებისათვის. ბუნებრივია ყოველდღიური ურთიერთობა უკეთესია, მაგრამ ცალკე მცხოვრები შვილისა და მშობლისათვის ყოველდღიური ურთიერთობის დაწესება შეუძლებელია, ამიტომ პირველ რიგში შვილის უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე შერჩეული უნდა იქნას ოპტიმალური დრო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული დრო კი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით ოპტიმალური დროა.

 

6.11. შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა დაუდგინდეს ბავშვთან ურთიერთობის პერიოდი (ვინაიდან მხარეთა შეთანხმება ვერ მოხდა) მათ შორის წაყვანის უფლებით, ღამისთევით, კერძოდ, რომ დედას არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის კ-----------------, მიეცეს უფლება: ყოველი კვირის განმავლობაში 1 დღით წაყვანის უფლებით - შაბათს დღის 11:00 საათიდან კვირა დღის საღამომდე 18:00 საათამდე და დააბრუნოს ბავშვის საცხოვრებელ ადგილას, ჯამბულ ირემაძის ოჯახში. ასევე საახალწლო არდადეგებზე პირველი კვირის 5 დღე და საზაფხულო არდადეგებზე თვის დასაწყისში15 დღით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში ძირითად სარჩელზე წინასწარ გადახდილია 100 ლარი ქორწინების შეწყვეტასა და შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნაზე (მაგისტრატ მოსამართლის განსჯადობის გამო). მ----–--------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, ჯ------–---------ს მადლენა გოგიტიძის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 100 ლარი, მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მადლენა გოგიტიძის სარჩელი დაზუსტებული მოთხოვნით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მ----–--------------ს (პ/ნ. 61010017193) მიეცეს შვილთან კ----------------- (პ/ნ. 61351003580 დაბ. 22.06.2011 წელი) ურთიერთობის უფლება შემდეგი სახით: ყოველი კვირის განმავლობაში 1 დღით წაყვანის უფლებით - შაბათს დღის 11:00 საათიდან კვირა დღის საღამომდე 18:00 საათამდე და დააბრუნოს ბავშვის საცხოვრებელ ადგილას, ჯამბულ ირემაძის ოჯახში. ასევე საახალწლო არდადეგებზე პირველი კვირის 5 დღე და საზაფხულო არდადეგებზე თვის დასაწყისში15 დღით.

 

3. შეწყდეს მ----–--------------ს (დაბ: 27.02.1992 წ.; პ/ნ - 61010017193) და ჯ------–---------ს (დაბ: 13.10.1986 წ. პ/ნ - 61004047739) შორის 16.03.2011 წ. რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის №70201130102) სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ; ქორწინების მოწმობის №77191003801);

 

4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

5. ჯ------–---------ს მადლენა გოგიტიძის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის სანაცვლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მეშვეობით (ქ. ქობულეთი, თავისუფლების ქ. №21) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ქობულეთის მუნიციპალიტეტში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე კობა გოცირიძე