გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2020
საქმის ნომერი
120210019003110169
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
21.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3110169-2/465-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 თებერვალი 2020 წელი ქ.ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

მოსარჩელე - გ------- მ-------–--–---–ი, ი--- ბ----–---–ი,ლ----- ჯ--------ე, ნ--- გ----------–---–ი, თ---------- კ-----ე,წარმომადგენელი - თ----- რ------

მოპასუხე - შპს ,,ა---------ი’’

წარმომადგენელი - დ----- მ----–--ე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე შპს ,,ა---------ს’’ მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 197790.56 ლარის ოდენობით.

1.2. სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე შპს ,,ა---------ს’’ მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით თვიურად 9250 ლარის გადახდა, რაც 3 წელზე ჯამურად შეადგენს 333000 ლარს.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2019 წლის 31 მარტს ხანძარი გაჩნდა ბორჯომის რაიონი დაბა ბ---------ში მდებარე სასტუმრო ,,ბ---------ი რ---------ში’’ (ს/კ 6-----------). ხანძარმა ძირითადად დააზიანა შენობის ზედა სართული (სასხვენო გადახურვა). მოსარჩეელებიც სწორედ შენობის ზედა სართულზე არსებული ფართების მესაკუთრეები არიან. შპს ,,ა---------ი’’ არის სამშენებლო კომპანია, რომელმაც ააშენა და მიყიდა ,,ბ---------ი რ---------ი’’, რომელიც არის სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი. მეესაკუთრეები ბინას იყენებენ ძირითადად საცხოვრებლად და გაქირავების მიზნით. შენობის პირველ სართულზე არსებულ ფართში, რომლის მესაკუთრეც გახლავთ მოპასუხე შპს ,,ა---------ი’’ არის განთავსებული რესტორანი (სამწვადე). ვერტიკალურად მე-5 სართულზე განთავსებულია მოსარჩელეთა ბინები. რესტორანის მიზნებისთვის დამონტაჟებული იყო საკვამური მილი, რომელიც არ იყო აყვანილი შენობის სახურავს ზემოთ, არამედ იგი სრულდებოდა სწორედ ბოლო სართულზე და შედეგად, მილიდან ამომავალი კვამლი და ნაპერწკლები ხვდებოდა შენობის ბოლო სართულის კედლებს.

შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხვედველობის დეპარტამენტმა, 2019 წლის 12 აპრილს ჩაატარეს დაბა ბ---------ში, დ----- ა----–-----–-- ქუჩა N2--ში, სასტუმროს ტიპის კომპლექს ,,ბ---------ი რ---------ი’’-ს A, B, C და D ბლოკების სახანძრო-ტექნიკური შემოწმება (გამოკვკლევა). შემოწმების შედეგად გამოვლინდა სახანძრო უსაფრრთხუების მოთხოვნების მთელი რიგი დარღვევები (16-17 დარღვევა დაფიქსირდა) და დარღვევათა აღმოფხვრის მიზნით განისაზღვრა შესაბამისი ღონისძიებების შესრულება.

ხანძრის დღეს, 2019 წლის 31 მარტს, რესტორნის ტერიტორიაზე იწვებოდა მწვადი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, რასაც თან ახლდა ინტესიური სუნი, ბოლი და კვამლი. ქეთი ნინუამ (იგი არის მოსარჩელე თ---------- კ-----ის მეუღლე) არაერთხელ მიმართა პატრულს და შპს ,,ა---------ი’’-ს ადმინისტრაციას (რომელიც ამავე შენობის პირველ სართულზეა განთავსებული) მილის დემონტაჟის მოთხოვნით. არაერთი მოთხოვნისა და შენიშვნის შემდგომ, შპს,,ა---------მა’’ ჩამოხსნა საკვამური მილი, თუმცა მხოლოდ მცირე პერიოდით, შემდგომ კი, კვლავ დაამონტაჟა ზუსტად იგივე მილი, რომელიც კვლავ უქმნიდა საფრთხეს შენობის ზედა სართულს.

ხანძრის გამო მოსარცელეებმა განიცადეს ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახითაც. ვინაიდან მოსარჩელეები ბინას ასევე იყენებდნენ გაქირავების მიზნითაც და მათ შეეძლოთ მიეღო გარკევული შემოსავალი ფართის გაქირავებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე შპს ,,ა---------ის’’ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ დასტურდება მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით მოსარჩელეთათვის ზიანის მიყენების ფაქტი. მართალია მოპასუხე წარმოადგენს უძრავი ქონების მესაკუთრეს, თუმცა იგი არ ახორციელებს მფლობელობას. ფართი იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული აქვს მოიჯარეს - მ------- კ------ეს. შესაბამისად, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მოიჯარეს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მომხდარ ხანძართან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპასუხე ცნობილია დაზარალებულად. შესაბამისად მის მიმართ მოთხოვნა უსაფუძვლოა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ბორჯომის რაიონი დაბა ბ---------ში, დ----- ა----–-----–-- ქ. N2--ში მდებარე სასტუმროს ტიპის კომპლექსში ,,ბ---------ი რ---------ი’’, მოსარჩელეები გ------- მ-------–--–---–ი, ი--- ბ----–---–ი, ლ----- ჯ--------ე, ნ--- გ----------–---–ი და თ---------- კ-----ე საკუთრების უფლებით ფლობენ უძრავ ქონებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 11.05.2017წ. ამონაწერი საჯარო რეეტსრიდან, ს/კ 6-----------.01.102;

- 11.05.2017წ. ამონაწერი საჯარო რეეტსრიდან, ს/კ 6-----------.01.107;

- 11.05.2017წ. ამონაწერი საჯარო რეეტსრიდან, ს/კ 6-----------.01.106;

- 11.05.2017წ. ამონაწერი საჯარო რეეტსრიდან, ს/კ 6-----------.01.104;

- 11.05.2017წ. ამონაწერი საჯარო რეეტსრიდან, ს/კ 6-----------.01.103;

 

3.1.2. ბორჯომის რაიონი დაბა ბ---------ში, დ----- ა----–-----–-- ქ. N2--ში, 1 სართულზე, A ბლოკი, მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე არის შპს ..ა---------ი’’.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 05.07.2019წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს/კ 6-----------.01.500;

 

3.1.3. 2019 წლის 01 იანვარს შპს ,,ა---------მა’’ ბორჯომი, დაბა ბ---------ი, ა----–-----–-- ქ. N2--ში, 1 ბლოკი A, სართული 1 (ს/კ 6-----------.01.500) მდებარე ობიექტი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მოიჯარე ი/მ მ------- კ------ეს, რომელმაც ფართში მოაწყო კვების ობიექტი (რესტორანი). მხარეთა შორის 2019 წლის 01 იანვარს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 3.1.3 პუნქტის თანახმად, მოიჯარემ იკისრა ვალდებულება ,,მოუაროს იჯარის ობიექტს, მკაცრად დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ტექნიკური უსაფრთხოების წესები, სანიტარული მოთხოვნები, შენობაში არსებული მოწყობილობების და ინვენტარის, აგრეთვე არსებული საინჟინრო კომუნიკაციებისა და ქსელის ექსპლოატაციის წესები".

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 01.01.2019წ. უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება N2;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.4. 2019 წლის 31 მარტს ბორჯომის რაიონი დაბა ბ---------ში, დ----- ა----–-----–-- ქ. N2--ში მდებარე სასტუმროს ტიპის კომპლექსი ,,ბ---------ი რ---------ში’’ გაჩნდა ხანძარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 31.03.2019წ. აქტი ხანძრის გაჩენის შესახებ;

 

3.1.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 0---------წ. დასკვნით დადგენილია, რომ დაბა ბ---------ში, ა----–-----–-- ქ. N2--ში სასტუმროს ტიპის კომპლექს ,,ბ---------ი რ---------ის’’ A ბლოკის შენობაში ხანძარის გაჩენის უშუალო მიზეზია, სასხვენო სათავსში ხორცპროდუქტების შესაწვავი მოწყობილობის (ე.წ. მაყალის) თუნუქის საკვამური მილის ერთმანეთთან გადაბმის ადგილას არსებული ღრიჭოებიდან გამოყოფილი ნაპერწკლების გახურებული გაზებისა და სითბური რადიაციის ზემოქმედება სასხვენო სათავსის ხის კონსტრუქციებზე. შემთხვევის ადგილის გამოკვლევით, ხანძრის განვითარების დინამიკის გათვალისწინებით და ხანძრის ინტენსიური თერმული ზემოქმედების ლოკალური ნიშნების (კვლევის) გაანალიზების შედეგებიდან გამომდინარე, ხანძრის გაჩენის კერა ანუ არაკონტროლირებადი წვის პირელადი წარმოშობის ადგილი დაფიქსირდა სასტუმროს შენობის A ბლოკის სასხვენო სათავსისი უკანა შუა ნაწილში, ხორცპროდუქტების შესაწვავი მოწყობილობის (ე.ეწ მაყალის) საკვამური თუნუქის მილის განთავსების ზონაში. ხანძრის გაჩენა სასტუმროს შენობაში ცეცხლის განზრახ წაკიდებით, ელ ქსელში ელექტრო-ტექნიკური, ნივთიერებებისა და მასალების თვითაალების მიზეზების გამო მოცემულ შემთხვევაში გამორიცხულია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამარტლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 0---------წ. სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა.

 

3.1.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამარტლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 1---------წ. დასკვნით დადგენილია, რომ დაბა ბ---------ში, ა----–-----–-- ქ. N2--ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ,,ა’’ ბლოკში ხუთივე სართულზე განლაგებული საცხოვრებელი ბინები და სხვა დანიშნულების ფართები (საცოხბი, რეტორანი0, ხანძრის ზემოქმედებით და მისი ჩაქრობის შედეგად მიიღო სხვადასხვა დაზიანებები. აღნიშნული დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭირო ჩასატარებელი სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვო ღირებულება განისაზღვრება საორიენტაციოდ: ბინა N102-18582.59 ლარით, ბინა N103 – 34432.41 ლარით, ბინა N104 – 18803.34ნ ლარით, ბინა N106 – 25521.45 ლარით და ბინა N107 – 31860.77 ლარით, ნორმატიული დარიცხვების ჩათვლით. აღნიშნულ სახარჯთაღრიცხვო ღირებულებებში არ არის შესული სახურავის მოწყობა-აღდგენის სამუშაობი, სამგზავრო ლიფტის აღდგენა-მოწყობის ღირებულება და სავენტილაციო ჰაერსატარების აღდგენა-მოწყობის ღირებულება, ასევე ელ. სამონტაჟო სამუშაოები აღებულია პირობითად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამარტლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 1---------წ. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა.

 

3.1.7. 2019 წლის 31 მარტს ბორჯომის რაიონი დაბა ბ---------ში, დ----- ა----–-----–-- ქ. N2--ში მდებარე სასტუმროს ტიპის კომპლექსი ,,ბ---------ი რ---------ში’’ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. სისხლის სამართლის საქმეზე შპს ,,ა---------ი’’ ცნობილი იქნა დაზარალებულად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 07.08.2019წ. დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ;

 

3.1.8. სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 8 აგვისტოს მ------- კ------ეს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი/მ მ------- კ------ეს, შპს ,,ა---------ისაგან’’ იჯარით ჰქონდა აღებული კომეციული ფართი, მდებარე ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------ში, ა----–-----–-- ქ. N2--ში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი ,,რ---------ის’’ A ბლოკის 1 სართულზე, სადაც ფუნქციონირებდა რესტორანი ,,ბ------ი’’. მიუხედავად იმისა, რომ მ------- კ------ე ვალდებული იყო იჯარის ობიექტზე დაეცვა ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები, მან უკანონოდ ყოველგვარი ნებართვის გარეშე, სახანრო უსაფრთხოების წესების დარღვევით, დაამონტაჟა რესტორანი ,,ბ------ი’’ მწვადის შესაწვავი მოწყობილობის საკვამლე მილი და უწევდა ექსპლოატაციას. 2019 წლის 31 მარტს საკვამლე მილიდან გაჩნდა ცეცხლი, რაც მოედო სახურავის ხის კონსტრუქციას, გადავიდა საცხოვრებელ ბინებზე და დაზიანდა მთლიანი საცხოვრებელი კორპუსი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 08.08.2019წ. დადგენილება პირის ბრალდების შესახებ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ხანძრის გაჩენის დროისათვის ბორჯომი, დაბა ბ---------ი, ა----–-----–-- ქ. N2--ში, 1 ბლოკი A, სართული 1 (ს/კ 6-----------.01.500) მდებარე ობიექტის, რესტორნის მფლობელს არ წარმოადგენდა შპს ,,ა---------ი".

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი პრინციპია.

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე Nას-1206-1166-2016).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბორჯომის რაიონი დაბა ბ---------ში, დ----- ა----–-----–-- ქ. N2--ში (1 სართული, A ბლოკი), მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე არის შპს ..ა---------ი’’. 2019 წლის 01 იანვარს შპს ,,ა---------მა’’ ბორჯომი, დაბა ბ---------ი, ა----–-----–-- ქ. N2--ში, 1 ბლოკი A, სართული 1 (ს/კ 6-----------.01.500) მდებარე ობიექტი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მოიჯარე ი/მ მ------- კ------ეს, რომელმაც ფართში მოაწყო კვების ობიექტი (რესტორანი). შესაბამისად, აღნიშნული ფართის მფლობელს წარმაოდგენდა ი/მ მ------- კ------ე. 2019 წლის 31 მარტს სასტუმროში გაჩნდა ხანძარი, რომლის შედეგად დაზიანდა მოსარჩელეთა საცხოვრებელი ფართი და მათში არსებული ნივთები. დადგენილია, რომ ხანძრის გაჩენის უშუალო მიზეზი იყო ხორცპროდუქტების შესაწვავი მოწყობილობის (ე.წ. მაყალის) თუნუქის საკვამური მილის არასათანდო წესით მოწყობა, რომელიც განკუთვნილი იყო რესტორნის მუშაობისათვის. უდავოა ის გარემოება, რომ აღნიშნული ფართი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ა---------მა’’ გადასცა ი/მ მ------- კ------ეს. მხარეთა შორის 2019 წლის 01 იანვარს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 3.1.3 პუნქტის თანახმად, მოიჯარემ იკისრა ვალდებულება ,,მოუაროს იჯარის ობიექტს, მკაცრად დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ტექნიკური უსაფრთხოების წესები, სანიტარული მოთხოვნები, შენობაში არსებული მოწყობილობების და ინვენტარის, აგრეთვე არსებული საინჟინრო კომუნიკაციებისა და ქსელის ექსპლოატაციის წესები". შესაბამისად, იმ ნაგებობის მფლობელს, რომლის ექსპლოატაციის შედეგად გაჩნდა ხანძარი და რის შედეგადაც მოსარჩელეებს მიადგათ ზიანი, არ წარმოადგენს მოპასუხე შპს ,,ა---------ი".

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალქო კოდექსის 115-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 385-ე, 408-ე, 412-ე, 414-ე, 991-ე, 976-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საფუძვლებიდან გამომდინარე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებ შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომელბიც კანონით გათვალისიწნებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ, მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. პირს ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები. ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ დავა გამომდინარეობს დელიქტური ურთიერთობიდან;

ამდენად, ზიანის მიმყენებელ პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას - ე.წ. გენერალურ დელიქტს (სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი). კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ზიანის მიმყენებელს შეიძლება დაეკისროს ვალდებულება, აანაზღაუროს ზიანი „გენერალური დელიქტის“ არარსებობის შემთხვევაშიც, კერძოდ კი, მის ქმედებაში ბრალისა და მართლწინააღმდეგობის არქონის დროსაც.

ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის კანონით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მულის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვათვალისწინებული შემთხვევები. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.

ზემოხსენებული კანონი მიუთითებს მომეტებულ საფრთხეზე, რომელიც გამომდინარეობს ნაგებობიდან ან ნივთიდან. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას იმის გამო, რომ შეუძლებელია მასზე ადამიანის მხრივ სრული კონტროლის განხორციელება. სასამართლო განმარტავს, რომ მომეტებული საფრთხის წყაროს პრაქტიკული განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი ეკისრება იმ ნაგებობის მფლობელს, რომელშიც მოთავსებულია მომეტებული საფრთხის გამომწვევი ნივთიერებანი. ნაგებობის მფლობელი შეიძლება არც იყოს ზიანის უშუალო მიმყენებელი. მომეტებული საფრთხის წყაროს შემცველი ნაგებობის ფლობა უნდა ხორციელდებოდეს კანონის საფუძველზე (მაგ: საკუთრების ან სხვა სანივთო უფლება). საკასაციო სასამრთლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მფლობელობა შეიძლება იყოს როგორც მართლზომიერი, ისე არამართლზომიერი, თუმცა მე-1000 მუხლის განმარტებისათვის მნიშვნელობა არა აქვს მფლობელობა მართლზომიერია, თუ არამართლზომიერი. აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის მნიშვნელოვანია, თუ ვინ ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას მომეტებული საფრთხის წყაროზე.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბორჯომის რაიონი დაბა ბ---------ში, დ----- ა----–-----–-- ქ. N2--ში (1 სართული, A ბლოკი), მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე არის შპს ..ა---------ი’’. აღნიშნული უძრავი ქონება შპს ,,ა---------მა’’ 2019 წლის 01 იანვარს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დროებით სარგებლობაში გადასცა ი/მ მ------- კ------ეს, რომელმაც ფართში მოაწყო კვების ობიექტი, დაამონტაჟა მწვადის შესაწვავი მოწყობილობის საკვამლე მილი და უწევდა ექსპლოატაციას. ამასთან, მოიჯარემ იკისრა ვალდებულება ,,მოუაროს იჯარის ობიექტს, მკაცრად დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ტექნიკური უსაფრთხოების წესები". სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადგენილია, ხანძრის გაჩენის უშუალო მიზეზი იყო ხორცპროდუქტების შესაწვავი მოწყობილობის (ე.წ. მაყალის) თუნუქის საკვამური მილის არასათანდო წესით მოწყობა, კერძოდ, ,,ხანძრის გაჩენის უშუალო მიზეზია, სასხვენო სათავსში ხორცპროდუქტების შესაწვავი მოწყობილობის (ე.წ. მაყალის) თუნუქის საკვამური მილის ერთმანეთთან გადაბმის ადგილას არსებული ღრიჭოებიდან გამოყოფილი ნაპერწკლების გახურებული გაზებისა და სითბური რადიაციის ზემოქმედება სასხვენო სათავსის ხის კონსტრუქციებზე. შემთხვევის ადგილის გამოკვლევით, ხანძრის განვითარების დინამიკის გათვალისწინებით და ხანძრის ინტენსიური თერმული ზემოქმედების ლოკალური ნიშნების (კვლევის) გაანალიზების შედეგებიდან გამომდინარე, ხანძრის გაჩენის კერა ანუ არაკონტროლირებადი წვის პირელადი წარმოშობის ადგილი დაფიქსირდა სასტუმროს შენობის A ბლოკის სასხვენო სათავსისი უკანა შუა ნაწილში, ხორცპროდუქტების შესაწვავი მოწყობილობის (ე.ეწ მაყალის) საკვამური თუნუქის მილის განთავსების ზონაში. ხანძრის გაჩენა სასტუმროს შენობაში ცეცხლის განზრახ წაკიდებით, ელ ქსელში ელექტრო-ტექნიკური, ნივთიერებებისა და მასალების თვითაალების მიზეზების გამო მოცემულ შემთხვევაში გამორიცხულია.’’

ამდენად, 2019 წლის 31 მარტს გაჩენილი ხანძრის უშუალო მიზეზს წარმოადგენდა ხორცპროდუქტების შესაწვავი მოწყობილობის (ე.წ. მაყალის) თუნუქის საკვამური მილის არასათანდო წესით მოწყობა. ამასთან, დადგენილია, რომ ნაგებობაზე, რომლიდანაც გამომდინარეობდა მომეტებული საფრთხე, მფლობელობას არ ახორციელებდა მესაკუთრე შპს ,,ა---------ი’’. იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ნაგებობაზე ფაქტობრივ ბატონობას ახორციელებდა ი/მ მ------- კ------ე. მან იჯარის ხელშეკრულების დადების შემდეგ მოაწყო მწვადის შესაწვავი მოწყობილობა, რაც შემდგომში საფრთხის წყარო აღმოჩნდა. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით, რაიმე დამატებითი პირობა იჯარის ობიექტის დაცვის თაობაზე არ ყოფილა შეთანხმებული, თავად იჯარა კი, ასეთ ქმედებას მეიჯარის მხრიდან არ ითვალისწინებს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს რაიმე ვალდებულება, რომლის დარღვევის გამოც შეიძლებოდა დამდგარიყო მოპასუხის პასუხისმგებლობის საკითხი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქონების ექსპლუატაცია ან მისი სხვა ფორმით გამოყენება წარმოადგენს ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის გამოხატვის ერთერთ ყველაზე უფრო ტიპიურ ფორმას. ნივთით სარგებლობა უშუალოდ არის დაკავშირებული ნივთის ფლობასთან. შესაბამისად, იმ ნაგებობის მფლობელს, რომლის ექსპლოატაციის შედეგად გაჩნდა ხანძარი და რის შედეგადაც მოსარჩელეებს მიადგათ ზიანი, წარმოადგენს ი/მ მ------- კ------ე. ხოლო ის გარემოება, რომ ხანძრის გაჩენა განპირობებული იყო მეიჯარის, როგორც შენობის მესაკუთრის დაუდევრობით, ან უყურადღებობით არ დადასტურებულა.

სსკ-ის მე-1000 მუხლი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის წესს ადგენს და, განსხვავებით დელიქტური ვალდებულების ზოგადი დანაწესისაგან, ნივთის მფლობელს, ბრალის მიუხედავად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას უდგენს, თუკი მომეტებული საფრთხის წყაროს განხორციელებამ ადამიანის სხეულისა და ჯანმრთელობის, ასევე, ნივთის დაზიანება გამოიწვია. (იხ. სუსგ-ები # ას-40-37-2015, 24.12.2015; # ას-1295-1215-2017, 23.10.2017წ; # ას-55-55-2018, 31.03.2018წ).

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მომეტებული საფრთხის მქონე ნაგებობის ექსპლოატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომეტებული საფრთხის წყაროს გამოყენების დროს, ბრალის გარეშეც, ასეთი საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობაა მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სწორედ, მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელი აგებს პასუხს იმ ზიანისათვის, რაც ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა შედეგად. საქმეზე კი უდავოდ დადგენილია, რომ შპს ,,ა---------ი’’ არ წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით მოსარჩელემ მოცემულ შემთხვევაში ვერ გაართვა თავი მისთვის კანონით დაკისრებულ მტკიცების ტვირთს, ვინაიდან ამ შემთხვევაში არ დასტურდება სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის კერძოდ შპს ,,ა---------ის’’ მიერ მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელობის ფაქტი.

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ზიანის არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს. მოსარჩელე მხარემ კი ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც უზრუნველყოფდა მის მიერ მითითებული გარემოებების დადასტურებას.

6.2. სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისასა კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმდებეს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალადებულებელი გარემოება.

ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმდების უშუალო შედეგს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების, როგორც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებაში, სწორედ იმ ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენა იგულისხმება, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის ხარიხსი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია. სასამართლო აღნიშნავს, რომ სული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმადოგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს ითხოვს ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და განმარტავს, რომ მას ზიანი მიადგა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნაგეობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხის პრაქტიკული განხორციელების შედეგად. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე ვერ იქნა დადგენილი, ის გარემოება რომ მომეტებული საფრთხის წყაროს პრაქტიკული განხორციელებით მიყენებული ზიანის პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს შპს ,,ა---------ი’’.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს და რომელიც არ დადგებოდა მოპასუხეს ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინა. ზიანი არის დანაკარგი, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ სახეზე იყოს ზიანი, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. (ას-307-291-2011, 24.10.2011წ).

იმის გათვალისწინებით, რომ მომეტებული საფრთხის წყაროს განხორციელებით მიყენებული ზიანის პასუხისმგებელ პირს არ წარმოადგენს შპს ,,ა---------ი’’, შესაბამისად არ იკვეთება მოპასუხისათვის ზიანის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გ------- მ-------–--–---–ის, ი--- ბ----–---–ის, ლ----- ჯ--------ის, ნ--- გ----------–---–ის და თ---------- კ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის N3---------------წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შპს ,,ა---------ისათვის’’ მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის თაობაზე:

1. მისამართი: ბორჯომი, დაბა ბ---------ი, თ-----–---ის ქ. ს.კ. 6---------------------;

2.მისამართი: ქ. თბილისი, ა-------–-----------ას ქ. N34, ს.კ. 0-------------------------;

3. მისამართი: ბორჯომი, დაბა ბ---------ი, დ----- ა----–-----–-- ქ.N66 ს.კ. 6------------------;

4. მისამართი: ბორჯომი, დაბა ბ---------ი, თ-----–---ის ქ. ს.კ. 6---------------------;

5. მისამართი: ბორჯომი, დაბა ბ---------ი, თ-----–---ის ქ. ს.კ. 6---------------------;

6. მისამართი: ბორჯომი, დაბა ბ---------ი, დ----- ა----–-----–-- ქ. N2- ს.კ. 6-----------.01.500;

7. მისამართი: ბორჯომი, დაბა ბ---------ი, თ-----–---ის ქ. ს.კ. 6---------------------;

8. მისამართი: ბორჯომი, დაბა ბ---------ი, დ----- ა----–-----–-- ქ. N66 ს.კ. 6------------------;

9. მისამართი: ბორჯომი, დაბა ბ---------ი, თ-----–---ის ქ. ს.კ. 6---------------------;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი