გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.02.2020
საქმის ნომერი
330210119003031902
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
17.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/13054-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

მოსარჩელე - თე---------------–ი

წარმომადგენელი - ემზ-----------–--ლი

მოპასუხეები - შპს ,,ნი-----------ი“, შპს „სტ-----------------ა“

მოპასუხე შპს ,,ნი-----------ის“ წარმომადგენელი - თე--------–--–---–ი

მოპასუხე შპს „სტ-----------------ას“ წარმომადგენელი წარმომადგენელი - გოგიტა გაბაიძე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე თე---------------–ის სასარგებლოდ მოპასუხე - შპს ,,ნი-----------ს“ და შპს „სტ-----------------ას“ ზიანის ანაზღაურების მიზნით სოლიდარულად დაეკისროთ 1 473.47 ლარი.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

2017 წლის თებერვლის ბოლოს ქ. ათ------ნ მოსარჩელეს დედამ გამოუგზავნა ამანათი მოპასუხე შპს „ნი-----------ის“ მეშვეობით.

 

ამანათის მოსალოდნელ ვადაში, 4-5 დღეში, მიუღებლობის გამო, დაუკავშირდა მოპასუხე შპს ,,ნი-----------ს“. მოპასუხის წარმომადგენელმა აცნობა, რომ ამანათის მიტანას აჭიანურებდა მეორე მოპასუხე. 2017 წლის 1 აპრილს შპს ,,ნი-----------მა“ მოსარჩელე დაიბარა ოფისში ამანათის ჩასაბარებლად. გახსნისას, დეკლარაციაში მითითებული ნივთებიდან ამანათში არ აღმოჩნდა ოქროს სამკაულები: ბეჭედი, სამაჯური, ყელსაბამი და ჯვარი, რომელთა საერთო სატარიფო ღირებულება შეადგენდა 1 473.47 ლარს.

 

ამანათისას გახსნისას ორივე კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოქროს ნივთების შესახებ არაფერი იცოდნენ. აღნიშნულის თაობაზე შედგა ოქმი და მოსარჩელემ საჩივრით მიმართა პროკურატურას. თბილისის დი----------------------–--------------–------ განყოფილებაში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე შპს „სტ-----------------ამ“ წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნო; განმარტა, რომ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ არაფერი იცის და სრულად გამორიცხა შპს „სტ-----------------ას“ პასუხისმგებლობა ზიანის მიყენებაში.

 

სასამართლო სხდომაზე კი განმარტა, რომ მის მარწმუნებელს არ ჩაუდენია რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება და, მისი ქმედება არ არის მიზეზობრივ კავშირში შესაძლო ზიანთან.

 

შპს „ნი-----------ის“ წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შპს „ნი-----------ს“ გადაეცა ამანათი და ერთი დღის დაგვიანებით – მასთან დაკავშირებული საბაჟო დეკლარაცია. დეკლარაციის მიხედვით, ამანათში მოთავსებული იყო ოქროს ნივთები, მაგრამ გახსნის დროს ისინი ამანათში არ აღმოჩნდა; სამკაულების დაკარგვაში შპს „ნი-----------ის“ ბრალულობა არ დგინდება. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2017 წლის 19 თებერვალს სა---------ის ქ. ათ------ნ მოსარჩელის დედის მიერ მოსარჩელეს გამოეგზავნა ამანათი, რომელშიც სხვა ნივთებთან ერთად მოთავსებული იყო ოქროს სამკაულები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 11-15);

- მოსარჩელის და მოპასუხის წარმომადგენელთა ახსნა-განმარტება (17.02.2020 სხდომის ოქმი);

- გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია (ს.ფ. 22).

 

3.1.2 ამანათი ჩაბარდა შპს „ნი-----------ს“, რომელიც ახორციელებდა ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებას. ამ მომსახურების გზით არაერთხელ უსარგებლია მოსარჩელეს.

 

ამანათში ოქროს სამკაულების არსებობა მოსარჩელისთვის გამოგზავნის მომენტიდან ცნობილი იყო. ეს გარემოება მოპასუხეებს სადავო არ გაუხდიათ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 11-15);

- მოსარჩელის და მოპასუხის წარმომადგენელთა ახსნა-განმარტება (17.02.2020 სხდომის ოქმი);

 

3.1.3 შპს „ნი-----------მა“ გადაზიდვა აწარმოა შპს „სტ-----------------ას“ მეშვეობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 11-15);

- მოსარჩელის და მოპასუხის წარმომადგენელთა ახსნა-განმარტება (17.02.2020 სხდომის ოქმი);

 

3.1.4 საბაჟო ტერმინალში ამანათის შემოწმების დროს დადასტურდა, რომ მასში სხვა ნივთებთან ერთად, მოთავსებული იყო ოქროს სამკაულები.

 

გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის თანახმად, ამანათში მოთავსებული ოქროს სამკაულების სატარიფო ღირებულება შემდეგი ფასებით განისაზღვრა: ოქროს ბეჭედი - 75.67 ლარი, ოქროს სამაჯური - 502.75 ლარი, ოქროს ყელსაბამი - 718.21 ლარი, ოქროს ჯვარი - 176.84 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 11-15);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (17.02.2020 სხდომის ოქმი);

- გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია (ს.ფ. 22).

 

მოპასუხეებს საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ. მოპასუხეების შესაგებელი და ახსნა-განმარტება ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ მათ არ მიუძღოდათ ბრალი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შედეგად მოსარჩელისთვის ზიანის მიყენებაში.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 668-ე, 669-ე, 701-ე, 998-ე, მუხლები.

სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივი ურთიერთობის თითოეულ მხარეს, სარგებლობს რა ნების ავტონომიით, შეუძლია, საკუთარი პასუხისმგებლობით შეთანხმდეს მისთვის სასურველ სახელშეკრულებო პირობაზე, მხოლოდ იმ დათქმით, რომ ხელშეკრულება კანონით აკრძალული ურთიერთობის წარმოშობისკენ არ იქნება მიმართული. ეს უზოგადესი პრინციპი, ხელშეკრულების თავისუფლების სახელით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლშია ასახული. ხელშეკრულების თავისუფლება, ასევე, გულისხმობს ხელშეკრულების ფორმის თავისუფლებას. ამასთან საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა ხელშეკრულების ფორმასთან მიმართებით მკაცრ მოთხოვნებს არ აწესებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მხარეებს შორის დადებული იყო ზეპირი ფორმით გაფორმებული გადაზიდვის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სა---------ის ქ. ათენში მოპასუხე შპს „ნი-----------ს“ ჩაბარდა ამანათი, რომელშიც, სხვა ნივთებთან ერთად მოთავსებული იყო ოქროს ნივთები.

 

შპს „ნი-----------მა“ იკისრა ამ ამანათის ტრანსპორტირების ვალდებულება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის დედასა და შპს „ნი-----------ს“ შორის გაფორმებული იყო გადაზიდვის ხელშეკრულება. მოსარჩელე წარმოადგენდა ამანათის მიმღებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ... დანიშნულების ადგილზე.

 

ამრიგად, გადაზიდვის ხელშეკრულება ორმხრივმავალდებულებელი ხელშეკრულებაა. ის სასყიდლიანია და გადამზიდავს ავალდებულებს ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანას.

 

ამ ხელშეკრულების პირობებით ტვირთის გადაზიდვისას ტვირთზე პასუხისმგებლობა მთლიანად გადამზიდველს ეკისრება. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის 1-ლი ნაწილში ჩამოყალიბებული ნორმის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე – მიტანის ვადის გადაცილებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების წარმოშობის თავისებურ წესს ადგენს. ტვირთის დაკარგვისას გადამზიდველის ბრალეულობის მტკიცების ტვირთი გამარტივებულია. კოდექსის 992-ე მუხლისგან განსხვავებით, რომელიც ზიანის მიყენებისას პასუხისმგებლობის ზოგად წესს ადგენს და მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ვალდებული პირის ქმედებაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების და ბრალის არსებობა, გადაზიდვის ხელშეკრულებაში გამგზავნს მხოლოდ იმის მტკიცება ევალება, რომ მისი ტვირთი გადამზიდველს მიღებული ჰქონდა.

 

მხარეებს არ შეუძლიათ შეთანხმდნენ გადამზიდველის პასუხისმგებლობის შეზღუდვაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 669-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადამზიდველის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით.

 

ამრიგად, ტვირთის მიღების შემდეგ ტვირთის დაზიანებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება გადამზიდველს. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარდგენისას გამგზავნი არ არის ვალდებული, ამტკიცოს გადამზიდველის ბრალეულობა.

 

სამოქალაქო ურთიერთობებში გადაზიდვის გავრცელებული ფორმაა გადაზიდვა რამდენიმე გადამზიდველის მეშვეობით.

 

დადგენილია, რომ ამანათი გამგზავნმა ჩააბარა შპს ,,ნი-----------ს“, ხოლო საბაჟო პროცედურის გავლის შემდეგ, ეს ამანათი გადაეცა შპს „სტ-----------------ას“, რომელიც მონაწილეობდა გადაზიდვაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 701-ე მუხლის თანახმად, თუ გადაზიდვა ერთი ხელშეკრულებით ხორციელდება ერთმანეთის მიმდევარი სხვადასხვა გადამზიდველების მიერ, თითოეული მათგანი პასუხს აგებს მთლიანი გადაზიდვის განხორციელებისათვის; მეორე და ყოველი მომდევნო გადამზიდველი ტვირთისა და ზედნადების მიღების გზით ხდება ხელშეკრულების მხარე.

 

ამ ნორმიდან გამომდინარე, შპს „სტ-----------------ა“ ტვირთის მიღების მომენტიდან გახდა შპს ,,ნი-----------“-თან დადებული გადაზიდვის ხელშეკრულების მონაწილე და პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნისთვის, ვალდებულ პირად ორივე მათგანი მიიჩნევა.

 

ამასთან, ორივე მოპასუხის პასუხისმგებლობა სოლიდარულია, რაც გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის დანაწესიდან. ამ მუხლის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

ამგვარად, ზიანის ანაზღაურების მიზნით, პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრების საკითხის გადაწყვეტისთვის საკმარისია დადგინდეს რამდენიმე პირის ერთობლივი მონაწილეობა ზიანის გამომწვევ ქმედებაში; ზიანის მიყენებაში თითოეულის როლს, ქმედების ხასიათს და მოცულობას მნიშვნელობა არ ენიჭება.

 

სასამართლო ასკვნის, რომ ამანათში მოთავსებული ნივთების დაკარგვის გამო მოსარჩელემ განიცადა ქონებრივი ზიანი. ამ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა სოლდარულად ეკისრება ორივე მოპასუხეს.

 

6.2. ზიანის ოდენობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

 

ზიანის მოცულობის დადგენის ზოგადი წესი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილით არის განსაზღვრული. ამ ნორმის მიხედვით, ზიანის მიმყენებელი მოვალეა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამასთან, კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

ზიანის მოცულობის დადგენისას, სასამართლო მსჯელობს მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში. მოცემულ საქმეში მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის ფულით ანაზღაურება და ქონებრივი ზიანის ღირებულება განსაზღვრა გადაზიდვის დროის მონაკვეთში დაკარგული ნივთების სატარიფო ღირებულებით. ეს ღირებულება მოპასუხეებს სადავო არ გაუხდიათ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებული და კანონიერია; მოსარჩელე თე---------------–ის სასარგებლოდ მოპასუხე - შპს ,,ნი-----------ს“ და შპს „სტ-----------------ას“ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ზიანის ანაზღაურების მიზნით 1 473.47 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8.სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-365-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თე---------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. თე---------------–ის სასარგებლოდ მოპასუხე - შპს ,,ნი-----------ს“ და შპს „სტ-----------------ას“ ზიანის ანაზღაურების მიზნით სოლიდარულად დაეკისროთ 1 473.47 ლარი.

 

3. მოპასუხე - შპს ,,ნი-----------ს“ და შპს „სტ-----------------ას“ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2 000 ლარს, გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე