განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100119003157453
1/56-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 მარტი, 2020 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – არარატ ესოიან
სხდომის მდივანი– არმენ ქოსიან
ბრალდების მხარე
პროკურორი -გიორგი ორჯონიკიძე,დაცვის მხარე
ბრალდებული ნ------- ჯ----–ის ძე დ------ე; დაბადებული 196--–-–------------------ს; საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------; ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ახალქალაქის რაიონის სოფელი ა------;
ადვიკატი: ვასილ ბალახაძე;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური ძალადობის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანთან დაკავშირებით ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2019 წლის 07 ივლისის ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციონაწილი:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
1.1. ნ------- დ------ეს ბრალი ედება (საქ. სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ: ნ------- დ------ე, რომელიც ქორწინებაში იმყოფება მ-----–- დ------ესთან, 2013 წლიდან სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს - მ-----–- დ------ეს მათი არასრულწლოვანი შვილის - დ----- დ------ის თანდასწრებით, მათ შორის აგინებდა და ლანძღავდა მას, რის შედეგადაც მ-----–- დ------ემ განიცადა ტანჯვა.
1.2. ნ------- დ------ეს ბრალი ედება (საქ. სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, კერძოდ: 2019 წლის ზამთარში, ზუსტი დრო დაუდგენელია, ახალქალაქის რაიონის სოფელ ა------ში, ნ------- დ------ემ ხელის კისრის არეში დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის არასრულწლოვან შვილს - დ----- დ------ეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. ნ------- დ------ეს ბრალი ედება (საქ. სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, კერძოდ: 2019 წლის 7 ივლისს , დაახლოებით 18:00 საათზე, ახალქალაქის რაიონის სოფელ ა------ში, ნ------- დ------ესა და მის მეუღლეს - მ-----–- დ------ეს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, ნ------- დ------ემ სხეულის სხვადასხვა ადგილზე ფეხსაცმლის რამოდენიმეჯერ დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ-----–- დ------ეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ნ------- დ------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური ძალადობის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანთან დაკავშირებით ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2.2. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ------- დ------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2019 წლის 07 ივლისის ეპიზოდი), კერძოდ: 2019 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ახალქალაქის რაიონის სოფელ ა------ში, ნ------- დ------ესა და მის მეუღლეს - მ-----–- დ------ეს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, ნ------- დ------ემ სხეულზე ფეხსაცმლის დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ-----–- დ------ეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:
3.1. ფაქტების დადგენა:
3.1.1. ნ------- დ------ე და მ-----–- დ------ე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და ერთად ცხოვრობენ ახალქალაქის რაიონის სოფელ ა------ში მდებარე ნ------- დ------ის საცხოვრებელ სახლში.
მტკიცებულებები: ქორწინების მოწმობა და მხარეთა განმარტებები;
3.1.2. 2019 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ახალქალაქის რაიონის სოფელ ა------ში, ნ------- დ------ესა და მის მეუღლეს - მ-----–- დ------ეს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, კერძოდ კარ-ფანჯრების შეცვლასთან დაკავშირებით, ნ------- დ------ემ სხეულზე ფეხსაცმლის დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ-----–- დ------ეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მოწმე ზ------ გ--–--ემ აჩვენა, რომ როდესაც იყო ნ------- დ------ის სახლში (კარ-ფანჯრების შეცვლის მიზნით) 2019 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, მეუღლეთა შორის ადგილი ჰქონდა კონფლიქტს, რა დროსაც ნ------- დ------ემ ესროლა ფეხსაცმელი მ-----–- დ------ეს და მოხვდა მას.
ბრალდებულმა აღიარა კონფლიქტის ფაქტი, თუმცა არ აღიარა ძალადობის (ფეხსაცმლის სროლის) ფაქტი, ამასთან თვით მ-----–- დ------ემ უარი განაცხადა ჩვენებაზე.
მართალია ზ------ გ--–--ე ვერ შეძლებს მ-----–- დ------ის ნაცვლად დაადასტუროს ტკივილის ფაქტი, ანუ განიცადა თუ არა მ-----–- დ------ემ ტკივილი. თუმცა საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია, კერძოდ 2019 წლის 08 ივლისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სს „ევექსის ჰოსპიტალები“ - ახალქალაქის ჰოსპიტალი) პირნათლად ადასტურებს ტკივილის ფაქტს, კერძოდ ამ ცნობის მე-12 გრაფაში მითითებულია, რომ მარჯვენა ლოყის არეში აღენიშნება შეშუპება, ჰეპირემია და ტკივილები. ხოლო მე-11, მოკლე ანამნეზის გრაფაში - „თვითნებურად პაციენტი შემოვიდა საავადმყოფოში პოლიციის მიმართვით, ჩივილებით, ტკივილები მარცხენა წინა მხრის და მარჯვენა ლოყის და მარჯვენა მტევნის არეში. პაციენტის გადმოცემით დაზიანებები მიიღო გუშინ საღამოს, ქმართან ჩხუბის დროს“.
მართალია სამედიცინო დოკუმენტი არ წარმოადგენს პირდაპირი მტკიცებულებას თუ ვინ ჩაიდინა ძალადობა, თუმცა მოწმე ზ------ გ--–--ის ჩვენებიდან გამომდინარე, სამედიცინო ბარათი უკვე წარმოადგენს ტკივილის დამადასტურებელი მტკიცებულებას.
თავის მხრივ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 2019 წლის 07 ივლისს მ-----–- დ------ისთვის მიყენებული სხეულის დაზიანება წარმოადგენს მსუბუქ ხარისხის დაზიანებას, ჯანმრთელობის მოუშლელად.
მტკიცებულებები: მოწმის ზ------ გ--–--ის ჩვენებები (სხდომის ოქმი 25.11.2019), სამედიცინო ბარათი (ს.ფ. 101-102), სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 106-108);
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, საიდანაც ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა მაინც საჭირო არის (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.
3.3. მოცემულ შემთხვევაში, ნ------- დ------ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია: დაზარალებულ მ-----–- დ------ის, არასრულწლოვანი შვილის დ----- დ------ის; აგრეთვე მოწმეების: ზ------ გ--–--ის, თ------ი დ------ის, გ---- ჭ--–--ის, ა----- ჭ--–--ის, თვით ნ------- დ------ის გამოკითხვის ოქმები; ქორწინების და დ----- დ------ის დაბადების მოწმობები, სამედიცინო დოკუმენტაცია და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება 22.01.2015 N1/1/548).
ამავე კოდექსის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს (ნაფიც მსაჯულებს) არ უნდა წარედგინოს მტკიცებულება, თუ მხარეებს მისი უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის თანაბარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება: ა) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი; ბ) განაჩენი ნასამართლობაზე; გ) სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის; დ) ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ამავე კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 15-ე მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ჩვენება მისცეს საკუთარი თავის ან სხვა პირთა წინააღმდეგ, რომელთა წრეც განისაზღვრება ამ კოდექსით. ამავე კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება, თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ხოლო ამავე კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.
3.4. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ნ------- დ------ის მიერ მ-----–- დ------ის და დ----- დ------ის სავარაუდო ცემის ფაქტის დამდგენი პირდაპირი მტკიცებულება შეიძლება იყოს მხოლოდ მ-----–- დ------ის (თავისი ეპიზოდში), დ----- დ------ის (თავისი ეპიზოდში) და თვით ნ------- დ------ის ჩვენებები, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი დანარჩენი მოწმეები (გარდა ზ------ გ--–--ისა (ერთ ეპიზოდში)) არ არიან სავარაუდო ცემის (ძალადობის) თვითმხილველები და მათ მიერ გაცემული ინფორმაცია ეფუძნება სხვა პირების (მ-----–- დ------ის და დ----- დ------ის) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას; ასევე მ-----–- დ------ის და დ----- დ------ის სამედიცინი დოკუმენტების ინფორმაცია ეფუძნება სხვა პირების - მ-----–- დ------ის და დ----- დ------ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
3.5. საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ნ------- დ------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ.
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ ნ------- დ------ის ახლო ნათესავებმა, კერძოდ, მეუღლემ - დაზარალებულმა მ-----–- დ------ემ და ბრალდებულის არასრულწლოვანმა შვილმა - მოწმემ დ----- დ------ემ ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის, ბრალდებულ ნ------- დ------ის წინააღმდეგ. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული მათ მიერ გამოძიების დროს მიცემული ინფორმაცია.
სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა თ------ი დ------ემ, გ---- ჭ--–--ემ, ა----- ჭ--–--ემ არსებითად არაფერი არ აჩვენეს და არ დაადასტურეს ბრალდების არც ერთი გარემოება/ფაქტი.
3.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტის და ექიმის ჩვენება და სამედიცინო ბარათები, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის ჩვენება, ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, ადასტურებენ მხოლოდ დაზიანების და სავარაუდო ტკივილის არსებობას, და არა მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული.
რაც შეეხება ტკივილის განცდის ფაქტს, სასამართლო განმარტავს, რომ: ტკივილი არის ადამიანის ფიზიკური შეგრძნება და სუბიექტური ცნებაა, გამოიხატება სწორედ იმ პირის მხრიდან, რომელმაც განიცადა და რომლის ჩვენება წარმოადგენს ტკივილის განცდის ფაქტის პირდაპირ მტკიცებულებას. ხოლო მოწმეების ჩვენებები და სამედიცინო დასკვნები ფაქტის პირდაპირ მტკიცებულებას არ წარმოადგენენ (მხოლოდ ირიბი), ვინაიდან ეფუძნება მ-----–- დ------ის სიტყვებს, რომელიც სასამართლო სხდომაზე არ იყო დადასტურებული თვით მ-----–- დ------ის მიერ, ხოლო გამოძიების დროს მ-----–- დ------ის მიერ მიცემული ინფორმაცია არ იყო დეპონირებული. შესაბამისად ტკივილის განცდის ფაქტიც სასამართლოში არ იქნა დადგენილი, გარდა 2019 წლის 07 ივლისის ეპიზოდისა.
ამ, 2019 წლის 07 ივლისის ეპიზოდში, მართალია სამედიცინო დოკუმენტი არ წარმოადგენს ცემის (ძალადობის) ფაქტის პირდაპირი მტკიცებულებას, თუმცა მოწმე ზ------ გ--–--ის - ძალადობის პირდაპირი მოწმის ჩვენებიდან გამომდინარე, სამედიცინო ბარათი, ზ------ გ--–--ის ჩვენებასთან ერთობლიობაში, უკვე წარმოადგენს ტკივილის დამადასტურებელი მტკიცებულებას.
4. სასამართლოს დასკვნა:
4.1. გამამართლებლის თაობაზე:
4.1.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა ნ------- დ------ემ ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის თაობაზე, აღნიშნულ ეპიზოდებში.
4.1.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველ გვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ ნ------- დ------ის ახლო ნათესავებმა, კერძოდ, მეუღლემ - დაზარალებულმა მ-----–- დ------ემ, ბრალდებულის არასრულწლოვანმა შვილმა - მოწმემ: დ----- დ------ემ, ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის, ბრალდებულ ნ------- დ------ის წინააღმდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითონ კრიმინალიზაციაზე უარის უფლებას (nemotenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
4.1.3. საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად ნ------- დ------ე უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
4.1.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ ნ------- დ------ემ ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წამოყენებული დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური ძალადობის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანთან დაკავშირებით ეპიზოდი).
უფრო მეტიც, მხარეთა მიერ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, ნ------- დ------ის მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, ბრალდებული ნ------- დ------ე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური ძალადობის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანთან დაკავშირებით ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
4.2. რაც შეეხება 2019 წლის 07 ივლისის ეპიზოდს:
4.2.1. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ------- დ------ის მიერ მისი მეუღლის მ-----–- დ------ის მიმართ ჩადენილია ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, კერძოდ 2019 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ახალქალაქის რაიონის სოფელ ა------ში, ნ------- დ------ესა და მის მეუღლეს - მ-----–- დ------ეს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, ნ------- დ------ემ სხეულზე ფეხსაცმლის დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ-----–- დ------ეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, − რაც ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4.2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, კერძოდ: ზ------ გ--–--ის ჩვენება, ქორწინების მოწმობა, 2019 წლის 08 ივლისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სს „ევექსის ჰოსპიტალები“ - ახალქალაქის ჰოსპიტალი) და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მ-----–- დ------ის მიმართ, მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ნ------- დ------ის ბრალეულობას, 2019 წლის 07 ივლისის ეპიზოდში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4.2.3. მართალია ზ------ გ--–--ე ვერ შეძლებს მ-----–- დ------ის ნაცვლად ტკივილის ფაქტის დადასტურებას, ანუ განიცადა თუ არა მ-----–- დ------ემ ტკივილი. თუმცა საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია - 2019 წლის 08 ივლისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სს „ევექსის ჰოსპიტალები“ - ახალქალაქის ჰოსპიტალი) პირნათლად დაადასტურებს ტკივილის ფაქტს, კერძოდ ამ ცნობის მე-12 გრაფაში მითითებულია, რომ მარჯვენა ლოყის არეში აღენიშნება შეშუპება, ჰეპირემია და ტკივილები. ხოლო მე-11, მოკლე ანამნეზის გრაფაში - „თვითნებურად პაციენტი შემოვიდა საავადმყოფოში პოლიციის მიმართვით, ჩივილებით, ტკივილები მარცხენა წინა მხრის და მარჯვენა ლოყის და მარჯვენა მტევნის არეში. პაციენტის გადმოცემით დაზიანებები მიიღო გუშინ საღამოს ქმართან ჩხუბის დროს“.
ამ, 2019 წლის 07 ივლისის ეპიზოდში, მართალია სამედიცინო დოკუმენტი არ წარმოადგენს პირდაპირი მტკიცებულებას თუ ვინ ჩაიდინა ძალადობა, თუმცა მოწმე ზ------ გ--–--ის - ძალადობის პირდაპირი მოწმის ჩვენებიდან გამომდინარე, სამედიცინო ბარათი, ზ------ გ--–--ის ჩვენებასთან ერთობლიობაში, უკვე წარმოადგენს ტკივილის დამადასტურებელი მტკიცებულებას.
შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილი ქმედებასა და შედეგს შორის, კერძოდ არსებული კონფლიქტისას ბრალდებულმა ესროლა ფეხსაცმელი მ-----–- დ------ეს, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად. მაშინ ნ------- დ------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად.
შესაბამისად სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ------- დ------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2019 წლის 07 ივლისის ეპიზოდი), კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ბრალდებულმა, 2019 წლის 07 ივლისის ეპიზოდში, არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, რაც ითვლება დამამძიმებელ გარემოებად.
5.2. დაზარალებულისათვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, მაგრამ იგი სხდომაზე არ გამოცხადდა, ამასთან დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ბრალდებული დაზარალებულთან შერიგებულია და ერთად ცხოვრობენ, რაც არ უარყო ბრალდების მხარემ.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
6.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
6.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.
6.4. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, ამასთან გასათვალისწინებელია ბრალდებულის ოჯახური მდგომარეობა და 5.2.-ე პუნქტით დადგენილი გარემოება.
შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 07 ივლისის ეპიზოდი) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
ხოლო 5.1.-ე პუნქტით დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადა უნდა განესაზღვროს 150 საათით.
ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებული უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად აღნიშნული სასჯელი სავსებით აკმაყოფილებს არამარტო რეპრესიის და რესოციალიზაციის პრინციპებს, ასევე პრევენციის პრინციპსაც.
6.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო (შემდგომ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო). ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ... დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება შინაპატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – შინაპატიმრობის ერთი დღე, თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
სასჯელის ვადის გამოანგარიშება და სასჯელის ჩათვლა რეგულირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლით, რომლის 1-ლი - მე-3 ნაწილების თანახმად, 1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის, გამასწორებელი სამუშაოს, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის, შინაპატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის ვადა გამოიანგარიშება თვეებითა და წლებით, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადა – საათებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელთა შეცვლისა და შეჯამების დროს, აგრეთვე სასჯელის ჩათვლისას შეიძლება სასჯელის ვადის გამოანგარიშება დღეებით. 3. სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაითვლება სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე, შინაპატიმრობის ორი დღე, გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.
შესაბამისად გასათვალისწინებელია ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადა, კერძოდ 2019 წლის 08 ივლისიდან - 2019 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით, ანუ - 141 დღე, ბრალდებული იმყოფებოდა პატიმრობაში, რაც თანაბარია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 705 საათის (141X5=705).
შესაბამისად ნ------- დ------ის პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, ის უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-e, 269-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ნ------- დ------ე (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური ძალადობის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანთან დაკავშირებით ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
2. გამართლებულ ნ------- დ------ეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3. ნ------- დ------ე (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 07 ივლისის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
ნ------- დ------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2020 წლის 09 მარტიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა 2019 წლის 08 ივლისიდან - 2019 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით;
ნ------- დ------ის პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით ის გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
4. ნ------- დ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ემუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე არარატ ესოიან