გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.03.2020
საქმის ნომერი
421210019003319670
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
16.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმნე N421210019003319670

N2/247-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომია მდივანი - ალიკა ლეგაშვილი

12.03.2020 წ. ქ. ყვარელი

მოსარჩელე: გი------ სი-------–-–--ლი;

წარმომადგენელი: თა---- ჭუ---–--ლი;

მოპასუხე: ლო---- დე-–----–--ლი;

წარმომადგენელი: ბი---- პა-----–--ლი;

დავის საგანი: მავთულღობის მოშლა, გადატანა და ხელშეშლის აღკვეთა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნები:

1.1 მოპასუხე ლო---- დე-–----–--ლს დაევალოს მიჯნაზე არსებული მავთულღობე მოშალოს, გადაიტანოს მოსარჩელის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან და აეკრძალოს მოსარჩელის მიმართ სასაზღვრო ღობის აღმართვაში ხელშეშლა.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთი მოპასუხის მფლობელობაშია. მოსარჩელის საკუთრებაში ცხოვრობს მისი მამა რე---- სი-------–-–--ლი.

მხარეებს შორი არსებობს მუდმივი მიჯნა გალავნის სახით, ასევე ე.წ. ნაყორალი, ანუ ყოფილი ღობის ნარჩენი.

დაახლოებით ოთხი წლის წინ მოსარჩელემ და მოპასუხემ გაავლეს მავთულის ღობე, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში არსებობდა.

მოპასუხემ დაარღვია შეთანხმება და ღამით ფარნის შუქზე გადმოსწია მავთულღობე მოსარჩელის კუთვნილ მიწაზე.

მოსარჩელემ სპეციალისტის დახმარებით საკადასტრო ნახაზის თანახმად მოახდინა დაკვალვა( გამიჯნვა) და აღმოჩნდა, რომ მავთულღობე მოქცეულია მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთში და იგივე ღობე მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს ჩრდილო აღმოსავლეთით კვეთს 70 სანტიმეტრით, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით 50 სანტიმეტრით.

2. მოპასუხე მხარის პოზიცია:

წარმოდგენილი შესაგებელით მოპასუხემ სარჩელი არ სცნო შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელემ ისე რომ მოპასუხე სახლშიც არ იყო თვითონ აღმართა მავთულღობე, ძველი ნაყორალიც კი მის ეზოშია მოქცეული. მას ღობისათვის ხელი არ უხლია და იმავე მდგომარეობაშია, როგორც მოსარჩელემ აღმართა. მოპასუხეს აქვს მფლობელობაში დიდი ეზო და 70 და 50 სამტიმეტრი არაფერში სჭირდება. მოპასუხემ მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი, რადგან იგი უსაფუძვლოა.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მოსარჩელე გი------ სი-------–-–--ლის საკუთრებაშია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 5-----------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან ;

3.1.2. მოპასუხის მფლობელობაშია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. ეს უძრავი ქონება მოსარჩელე გი------ სი-------–-–--ლის კუთვნილი და 3.1.1 ფაქტობრივ გარემოებაში მითითებული უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარეობს და მათ შორის არსებული მავთულღობე მოქცეულია გი------ სი-------–-–--ლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში. აღნიშნული ღობე გი------ სი-------–-–--ლის მიწის ნაკვეთს ჩრდილო აღმოსავლეთით კვეთს 70 სანტიმეტრით, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით 50 სანტიმეტრით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი;

- 2019 წლის 17 ნოემბრის სპეციალისტ ინდმეწარმე დავით ღონიაშვილის დასკვნა;

- საჯარო რეესტრის ამონაწერი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ მოსარჩელე შემოჭრილია მის ფართში და მავთულღობით არ არის დარღვეული სასაზღვრო მიჯნა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა დანაწესი მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს ადგენს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს რომელიმე ფაქტობრივ გარემოებას აფუძნებს, მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება. ამასთან, გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება საკმარისი არ არის და ზეპირი განმარტება გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. როდესაც მხარეები ფაქტობრივ გარემოებაზე დავობენ, მხარის ვალდებულებაა სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება წარმოადგინოს, რაც სასამართლოს ანალიზის საშუალებას მისცემს და შეუქმნის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად ჩაითვალოს, თუ იგი საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად დასტურდება.

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმის წარმოებისას დადგენილია პრინციპი, რომლის მიხედვით, როგორც წესი, მტკიცების ტვირთი იმ მხარეს აკისრია, რომელიც ფაქტის არსებობაზე მიუთითებს და არა იმას, რომელიც უარყოფს. განსახილველ შემთხვევაშიც მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს ეკისრება, ვინაიდან სწორედ იგი უთითებს, რომ მოსარჩელე შეჭრილია მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. თუმცა მოპასუხე მხარეს, გარდა ახსნა-განმარტებისა, რაიმე მტკიცებულება რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს ნამდვილად მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთშია შეჭრილი არ წარმოუდგენია. მოსარჩელე მხარემ კი უარყო მოპასუხის მიწის ნაკვეთში შეჭრის ფაქტი, რაც დასტურდება წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით, სპეციალისტის დასკვნით და სალარო რეესტრის ამონაწერით.

ამდენად, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული გარემოების დადასტურება და სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის განმარტება მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიწის ნაკვეთში შეჭრის შესახებ ფაქტი უსაფუძვლოა.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი; მოსარჩელის მოსაზრება; საჯარო რეესტრის ამონაწერი, სპეციალისტის დასკვნა.

- შესაგებელი ;

სამოტივაციო ნაწილი :

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გამოიკვლია და შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, (1) საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება კონსტიტუციითა და შიდა საკანონმდებლო აქტებით დაცული უფლებაა, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური უფლება და შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და პირობების მიხედვით. ამავე დროს, საკუთრების უფლების შეზღუდვა მკაცრად დაცული წინაპირობების არსებობის შემთხვევებშია შესაძლებელი და ამისათვის მართლზომიერი საფუძველი უნდა არსებობდეს.

საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. მაგრამ ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 18.05.2007 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/1-370).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს მონაწილეობის მიღება მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში, ან უკვე არსებული, მაგრამ წაშლილი ან დაზიანებული მიჯნის აღდგენაში. გამიჯვნის ხარჯები მეზობლებს შორის თანაბრად ნაწილდება, თუ ურთიერთშეთანხმებით ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. რეესტრის მონაცემთა მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად - მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია ე.ი. რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება იმის საწინააღმდეგოდ, რომ მოსარჩელე შეჭრილია მის საკუთრებაში და არსებობს რაიმე გარემოება, რომელიც სასაზღვრო მიჯნის აღმართვის უფლებას წაართმევდა მოსარჩელეს მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, გარდა ზეპირსიტყვიერი მოსაზრებისა.

რაც შეეხება მოპასუხის მოწმეებს ემ------ იმ----–--ლს, რომელიც ადასტურებს, რომ მან და აწ გარდაცვლილმა მისმა მეგობარმა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული ღობე აღმართეს გი------ სი-------–-–--ლის მითითებით და მოპასუხის მეუღლის ლი--- დე-–----–--ლის ჩვენება, რომ ღობე მათ არ გადაუწევიათ და მიჯნაზე არსებული ტუალეტიც მრავალი წელია ამ ადგილას დგას, ვერ გამოდგება იმის სამტკიცებლად, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი უზუსტოა.

სასამართლო იზიარებს მოწმედ დაკითხული სპეციალისტის დავით ღონიაშვილის დასკვნას, რომლის მიხედვით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული მავთულღობე მოქცეულია გი------ სი-------–-–--ლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში. აღნიშნული ღობე გი------ სი-------–-–--ლის მიწის ნაკვეთს ჩრდილო აღმოსავლეთით კვეთს 70 სანტიმეტრით, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით 50 სანტიმეტრით.

გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის ისეთი გარემოება, რაც მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მხრიდან სასაზღვრო ღობის გადატანასა და ღობის აღმართვის ხელშეშლის მართლზომიერი საფუძველი გახდებოდა.

საქმის განხილვის შედეგად არ გამოვლენილა ისეთი ობიექტური გარემოება, რაც მოსარჩელის უფლებასთან მიმართებით მოპასუხე მხარის უფლების უპირატესი დაცვის აუცილებელი გარემოება გახდებოდა. გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის აღკვეთის და აღმართული ღობის გადატანის თაობაზე დასაბუთებულია და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად- მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე მუხლის თანახმად - მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს:

ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;

ბ) უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 5000 ლარს;

გ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად, დავის საგანი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა), სადაც შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, დავის საგნის ფასი 4000 ლარს შეადგენს.

მოცემული საქმე მაგისტრატი განსჯადია და დავის საგანი 4000 ლარით განისაზღვრება.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეშლის აღკვეთა, რისთვისაც წინასწარ გადახდილია სახ. ბაჟი 60 ლარი. აგრეთვე, მოსარჩელემ საადვოკატო მომსახურებისთვის გადაიხადა 700 ლარი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, გაღებული ხარჯის სახელმწიფო ბაჟის და საადვოკატო ხარჯის მოპასუხეზე დაკისრების საფუძველი არსებობს.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 37-ე, 39-ე, მე-40, 41-ე, 53-ე, 230-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოსარჩელე გი------ სი-------–-–--ლის სარჩელი მოპასუხე ლო---- დე-–----–--ლის მიმართ დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე ლო---- დე-–----–--ლს (პ/ნ 4----------- დაევალოს მოსარჩელე გი------ სი-------–-–--ლის (პ/ნ 4----------- საკუთრებაში არსებულ ნაკვეთსა და მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს შორის არსებული მავთულღობის მოშლა და გადატანა N5----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან და აეკრძალოს მოპასუხე ლო---- დე-–----–--ლს მოსარჩელე გი------ სი-------–-–--ლის მიმართ სასაზღვრო ღობის აღმართვაში ხელშეშლა.

3. მოპასუხე ლო---- დე-–----–--ლს მოსარჩელე გი------ სი-------–-–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 60 (სამოცი) ლარის და საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის 700 (შვიდასი) ლარის ანაზღაურება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ყვარლის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე