გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2020
საქმის ნომერი
190210119003042341
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1093-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25.02.2020 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი სალომე არევაძე

მოსარჩელე ე-–----- კ--------ა

წარმომადგენელი გელა ჯალიაშვილი

მოპასუხე ა---- კ--------ი

წარმომადგენელი დარეჯან ზანგურაშვილი

დავის საგანი ქორწინების დროს შეძენილი ქონების გაყოფა

აღწერილობითი ნაწილი

1. ტარანა მამედოვას სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ა---- კ--------ს დაეკისროს ე-–----- კ--------ასათვის 20 სული მეწველი ძროხიდან 8 სული ძროხის გადაცემა და 4 სული ძროხის ღირებულების 8000 ლარის დაკისრება;

1.2. ა---- კ--------ს დაეკისროს ე-–----- კ--------ასათვის 17 სული სახორცე მოზარდეულიდან 1 სული ხბოს გადაცემა და 9 ხბოს ღირებულების 7200 ლარის გადახდა;

1.3. ა---- კ--------ს დაეკისროს ე-–----- კ--------ასათვის 25 ცხვრიდან 14 ცხვარი ღირებულების 2800 ლარის გადახდა.

 

(19.02.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

სარჩელის გარემოებები

 

2010 წლის 8 ოქტომბერს დარეგისტრირდა მხარეებს შორის ქორწინება და ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი. მათი განქორწინება მოხდა გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით. შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში და ყოველთვიურად იღებენ საარსებო შემწეობას. ქორწინების პერიოდში მეუღლეები ერთად ეწეოდნენ საოჯახო სამეურნეო საქმიანობას, უწევდა ფიზიკური შრომა, არამარტო სახლში, არამედ საქონლის ფერმაში. ეხმარებოდა მოპასუხეს ნახირის მწყემსვაში, რძის სხვადასხვა ნაწარმის (ყველი, კარაქი და სხვა პროდუქციის) დამზადებაში. ყიდულობდნენ და ასუქებდნენ გარკვეულ კონდიციამდე გასაყიდ ხბოებს. თანაცხოვრების განმავლობაში მხარეებს ჰყავდათ 20 სული მეწველი ძროხა ღირებულებით 40000 ლარი, 17 სული სახორცე მოზარდეული ღირებულებით 13600 ლარი და 25 ცხვარი ღირებულებით 5000 ლარი. საქონლის ნაწილი მოპასუხემ დატოვა სახლში, ნაწილი ჰყავს ფერმაში სოფელ ქესალოში, სადაც ის არის მწყემსად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

ა---- კ--------მა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2-3 სულზე მეტი შინაური მსხვილფეხა ცხოველი ოჯახში არასდროს ჰყოლიათ. პერიოდულად უწევდა მეუღლესთან ერთად მწყემსად მუშაობა ფერმაში, სადაც ფერმის კუთვნილ საქონელს უვლიდნენ და იღებდნენ ხელფასს, ხოლო პერიოდულად ხელფასის ნაცვლად ნატურით იღებდნენ გასამრჯელოს რძის პროდუქტების სახით. ამჟამად ცხოვრობს მშობლებთან და ძმის ოჯახთან ერთად, მას შინაური ცხოველები არ ჰყავს, ხოლო მის ძმას ჰყავს ორი ძროხა. პერიოდულად მუშაობს ფერმაში, სადაც საკუთარი საქონელი არ ჰყავს და ფერმაში მიბარებულ საქონელს მწყემსავს. მოსარჩელეს არ სურდა სოფლად ცხოვრება და მოითხოვდა ქალაქში ბინის ყიდვას, რის გამოც დაახლოებით 20 ძროხა გაყიდეს, მათ შორის მოსარჩელის დის მოცემული ძროხებიც, თუმცა საკმარისი თანხა ვერ შეგროვდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ელმარა კ--------ასა და ა---- კ--------ს შორის ქორწინება დარეგისტრირდა 2008 წლის 15 აპრილს, ხოლო განქორწინდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის რუსთავის საქალაქო სასამართლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით. მათ ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი - 2010 წლის 7 ნოემბერს დაბადებული ჯ--–--– კ--------ი და 2012 წლის 16 იანვარს დაბადებული ჯ---- კ--------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 3-6. ტომი 1)

- გადაწყვეტილების ასლი

- ქორწინების და დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 16. 271-272. ტომი 1)

 

3.1.2. მშობლების დაშორების შემდეგ მხარეთა არასრულწლოვანი შვილები დედასთან ერთად ცხოვრობენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში მოსარჩელის მშობლებთან ერთად. მოსარჩელე და მისი არასრულწლოვანი შვილები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ოჯახის სარეიტინგო ქულაა 56 270.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 3-6. ტომი 1)

- ამონაწერი ( ს.ფ. 17. ტომი 1 )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ა---- კ--------ის და ე-–----- კ--------ას ქორწინების პერიოდში ჰყავდათ 20 სული მსხვილფეხა შინაური ცხოველი - ძროხა. მეუღლეებს არ ჰყოლიათ 25 ცხვარი და 17 სული ხბო.

 

მოსარჩელის განმარტებით, ქორწინების პერიოდში მეუღლესთან ერთად ჰქონდა საოჯახო მეურნეობა, სადაც ჰყავდათ 20 სული მსხვილფეხა საქონელი - 20 სულ მეწველი ძროხა. 17 სული ხბო და 25 ცხვარი. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის ცნობილია, რომ საქონლის ნაწილი მოპასუხემ დატოვა სახლში, ხოლო ნაწილი ჰყავს ფერმაში სოფელ ქესალოში, სადაც ის მწყემსად მუშაობს ფერმაში, რომლის მეპატრონეა აკიფ მუსაევი მეტსახელად ვიდოშა.

 

მოსარჩელის მიერ ამ გარემოებების დასადასტურებლად მითითებულია მოწმეების - ზამინ ისმაილოვის, რაფიკ სულეიმანოვის ჩვენებები. ასევე წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულება - ა---- კ--------ის სარჩელის ასლი განქორწინების შესახებ.

 

თავის მხრივ მოპასუხემ მისი შესაგებლის დასაბუთების მიზნით მიუთითა მოწმეების ჩვენებები. კერძოდ, მისი შუამდგომლობით დაიკითხნენ მოწმეები - ელჩინ კ--------ი, აკიფ მუსაევი, კაზრაბამ კურბანოვი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, 1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 3. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ამ ნორმის საფუძველზე, სასამართლო საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს აფასებს ამ გარემოების შესახებ ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების გზით. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს ინდივიდუალური მნიშვნელობა უტყუარობის თვალსაზრისით არ გააჩნია, და თითოეული მტკიცებულება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებებში მითითებული გარემოებების ანალიზის საფუძველზე ფასდება. ამ შემთხვევაში ორივე მხარის მიერ სადაო გარემოებების შესახებ მითითებულია მოწმეთა ჩვენებები. არცერთი მხარის ინიციატივით დაკითხული მოწმეების ჩვენებებიდან არ გამომდინარეობს, რომ მეუღლეებს ჰქონდათ დიდი საოჯახო მეურნეობა და ჰყავდათ რამდენიმე ათეული სული მსხვილფეხა შინაური ცხოველი. მოსარჩელის განმარტებით, იგი მეუღლესთან ერთად მუშაობდა აკიფ მუსაევის ფერმაში, რომლის ჩვენებითაც არ დასტურდება მის ფერმაში მხარეების კუთვნილი რამდენიმე ათეული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის არსებობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ მეუღლეები პერიოდულად მუშაობდნენ აკიფ მუსაევის ფერმაში, ხოლო მოპასუხე განქორწინების შემდეგაც აგრძელებს ამ ფერმაში მუშაობას. აკიფ მუსაევის ჩვენებით იგი ხელფასის სახით მათ უხდიდა 300-400 ლარს, ხოლო მათი სურვილის შემთხვევაში ფულის ნაცვლად გასამრჯელოს სახით მიჰქონდათ ნამეტი პროდუქტები- რძის ნაწარმი. მოწმეს არ დაუდასტურებია, რომ ე-–----- და ა---- კ--------ები ფერმაში საკუთარ რამდენიმე ათეულ შინაურ საქონელს უვლიდნენ. მოწმის ჩვენებით, მოსარჩელე და მისი მეუღლე ფერმაში უვლიდნენ ფერმის საქონელს და მათ თავიანთი რამდენიმე ათეული საქონელი არ ჰყოლიათ.

 

საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეების განმარტებებიდან არ გამომდინარეობს აკიფ მუსაევის ჩვენების უსწორობა, არც მათ მიუთითებიათ მხარეების მიერ რამდენიმე ათეული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ყოლა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განქორწინების შესახებ სარჩელის შინაარსით და მის საფუძველზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ქორწინების პერიოდში მხარეებს ჰყავდათ 20 სული მსხვილფეხა საქონელი - ძროხა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება სარჩელში მითითებული სხვა შინაური ცხოველების - 17 ცალი ხბოს და 25 სული ცხვრის არსებობა მეუღლეთა განქორწინებამდე. სარჩელში განქორწინების საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა შემდეგი გარემოებები: მხარეები ქორწინებაში იმყოფებიან 2010 წლის 08 ოქტომბრიდან და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. ბოლო რამდენიმე წელია მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა. მოპასუხე ცდილობს თავი აარიდოს საოჯახო საქმეებს. მას აღარ სულ სოფლად ცხოვრება და მეუღლისაგან მოითხოვს ქალაქში ბინის ყიდვას, რაზეც მოსარჩელე არ არის თანახმა. ამის გამო გაყიდა დაახლოებით 20 სული საქონელი, აღარ თვლის სხვა მეურნეობას , მაგრამ სახლის საყიდელი თანხა მაინც ვერ მოაგროვა, ამის შემდეგ ე-–----- კ--------ამ მოითხოვა მშობლების სახლის გაყიდვაც, რაზეც არ დათანხმდა, რადგან მისი ოჯახის სოფლად მცხოვრები გლეხის ოჯახია და სოფლის გარეშე ვერ იარსებებენ. უარის შემდეგ ერთ შვილთან ერთად სახლიდან წავიდა თავის მშობლებთან. ამჟამად მეორე შვილი მოსარჩელესთან იზრდება. მიუხედავად მოსარჩელის რამდენიმე მცდელობისა, მათ შორის ურთიერთობა ვერ აღდგა. დღეის მდგომარეობით მოსარჩელეს აღარ სურს ოჯახის აღდგენა, მოპასუხე კი უარს აცხადებს ნებაყოფლობით სამოქალაქო რეესტრში განქორწინების რეგისტრაციაზე.

 

გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი გარემოებები - მხარეები ქორწინებაში იმყოფებიან 2010 წლის 08 ოქტომბრიდან და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. ბოლო რამდენიმე წელია მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა. მოპასუხე ცდილობს თავი აარიდოს ოჯახს და საოჯახო საქმეებს. მას აღარ სულ სოფლად ცხოვრება და მეუღლისაგან მოითხოვს ქალაქში ბინის ყიდვას, რაზეც მოსარჩელე არ არის თანახმა. აღნიშნულის გამო, ე-–----- კ--------ამ მოაწყო სკანდალი და წავიდა სახლიდან. მიუხედავად მოსარჩელის რამდენიმე მცდელობისა, მათ შორის ურთიერთობა ვერ აღდგა. დღეის მდგომარეობით მოსარჩელეს აღარ სურს ოჯახის აღდგენა, მოპასუხე კი უარს აცხადებს ნებაყოფლობით სამოქალაქო რეესტრში განქორწინების რეგისტრაციაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა---- კ--------ის მოთხოვნას წარმოადგენს მასსა და ე-–----- კ--------ას შორის 2010 წლის 08 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში ა---- კ--------ის მიერ მითითებული გარემოებები ამ დავისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობისაა და დადასტურებულად ითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად. ამ ნორმის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფის სარჩელში მოსარჩელეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ სარჩელში მითითებული გასაყოფი ქონება მეუღლეთა საერთო ქონებაა და მეუღლეთა მიერ არის შეძენილი. მოსარჩელე არის ვალდებული, მიუთითოს დამფუძნებელი ნორმის წინაპირობები და იმის მიხედვით, თუ რომელ ფაქტებს შეედავება მოპასუხე, განისაზღვრება მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები, რომლებიც უტყუარად უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ. შესაბამისად, საქმეზე მტკიცების საგანში არსებული გარემოებების დადგენისათვის მნიშვნელოვანია მოპასუხის შედავების ანუ მოპასუხის მიერ სარჩელის საწინააღმდეგოდ მითითებული გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსი.

 

მოპასუხის მხრიდან ფაქტის მხოლოდ უარყოფა _ მარტივი შედავება შესაძლოა, მტკიცების საგანზე გავლენას არც ახდენდეს, ხოლო კვალიფიციური შედავების დროს სასამართლო ვალდებულია ამ შედავების ფარგლებში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლიოს მტკიცებულებები და საკუთარ შინაგან რწმენაზე დაყრდნობით დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი განსაზღვრავს იმ ფაქტებს, რომლებიც მტკიცებას არ საჭიროებენ, რადგან ეს გარემოებები უკვე დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც ამავე მხარეებს შორის წამოჭრილი სხვა დავაა გადაწყვეტილი და ამ გარემოების მტკიცებისათვის სხვა მტკიცებულების წარმოდგენა აუცილებელი არ არის. ფაქტებისათვის პრეიდიუციული მნიშვნელობის მინიჭებისათვის განმსაზღვრელია დავის საგანი, სადაო სამართლებრივი ურთიერთობის არსი და დავის სუბიექტები, რადგან პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს, თუ დავაში ერთიდაიგივე მხარეები მონაწილეობენ და საქმეების ფაქტობრივი გარემოებები ურთიერთდაკავშირებულია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭებისათვის განმსაზღვრელია რა ფაქტებს ეფუძნება თავად გადაწყვეტილება და განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის რა ფაქტებია მნიშვნელოვანი.

 

2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების პრეიუდიციული მნიშვნელობისათვის უნდა შეფასდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების არსი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის მიხედვით, იმისათვის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, უმთავრესი პირობაა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს სარჩელის მოთხოვნას. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე დამტკიცებულად მიიჩნევა.

 

განქორწინების საფუძვლად მოსარჩელემ თავად მიუთითა მეუღლეების მიერ 20 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენის გარემოება. განსახილველ საქმეში დავის საგანია მეუღლეთა მიერ შეძენილი საერთო ქონების - კერძოდ, შინაური მსხვილფეხა პირუტყვის გაყოფა, რის გამო განქორწინების სარჩელში მითითებულ ამ გარემოებას, წინამდებარე დავისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება განქორწინების სარჩელში მითითებულ გარემოებას ცხოველების გასხვისების შესახებ. მოსარჩელემ ამ საქმის განხილვის დროს აღნიშნა, რომ მისმა დამ 4 სული ძროხა დახმარების მიზნით გადასცა, რომლის თანხაც მას გადაუხადეს, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ მიუთითებია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები არ დასტურდება მეუღლეთა მიერ სარჩელში მითითებული რაოდენობის მსხვილფეხა პირუტყვის ყოლა, ა---- კ--------ის განქორწინების სარჩელიდან გამომდინარე დასტურდება რომ მეუღლეებს ჰყავდათ 20 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - ძროხა, რის გამოც ამ მტკიცებულების საფუძველზე ეს გარემოება დადასტურებულად ითვლება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთმითითებული რაოდენობის მეწველი ძროხების არსებობა წარმოშობს იმის ვარაუდსაც, რომ შესაძლებელია მათი ნამეტიც გააჩნდა ოჯახს ხბოების სახით. თუმცა, დავის საგნის გათვალისწინებით საქმისათვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, მეუღლეებს ქორწინების შეწყვეტის დროისათვის ჰყავდათ თუ არა ამ ოდენობის შინაური ცხოველები, რადგან მოსარჩელე მოითხოვს მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფას შინაური ცხოველებს ნატურით გადაცემის გზით და მოსარჩელე არ მოითხოვს ქორწინების პერიოდში შეძენილი საერთო ქონების - ცხოველების რეალიზაციით მიღებული სარგებლის გაყოფას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით კი არ დასტურდება, რომ ქორწინების შეწყვეტის დროისათვის ამ რაოდენობის საქონელი ჰყავდათ მხარეებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- განქორწინების სარჩელის ასლი (ს.ფ. 3-6. ტომი 1)

- დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი (ს.ფ. 266-269. ტომი 1)

- სააღსრულებო წარმოების მასალები ( ს.ფ. 83-106. ტომი 1 )

- ვეტერინარის ცნობის ასლები (ს.ფ.107-112. ტომი 1 )

- მოწმეთა ჩვენება (05.12.2019 სხდომის ოქმი, 30.01.2020წ სხდომის ოქმი CD დისკები)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მეუღლეებს შორის უნდა გაიყოს 20 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხოლო მოსარჩელესთან მცხოვრები არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გამო მოსარჩელის წილი უნდა გაიზარდოს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე, 1158-ე,1164-ე, 1168-ე, 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილი

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 253-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის საფუძველზე მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

1158-ე მუხლის საფუძველზე ქორწინების პერიოდში მეუღლეთა ან ერთერთი მეუღლის მიერ შეძენილი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაა, თუ იგი შეძენილია მეუღლეთა საერთო შრომით, საერთო სახსრებით, რადგან ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში მეუღლეთა საქმიანობის მიზანია ოჯახის საერთო მეურნეობის განვითარება, ამ საკითხში საერთო პასუხისმგებლობის გაზიარება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამდენად, კანონის თანახმად თითოეული მეუღლის წილი ქორწინების განმავლობაში შეძენილი საერთო ქონებაში თანაბარია და თითოეული მათგანი ითვლება ამ ქონების 1/2½ ნაწილის მესაკუთრედ.

 

ამავე მუხლით გათვალისწინებულია ასევე წილთა თანაბრობის პრინციპისგან განსხვავებულად მეუღლეებს შორის ქონების განაწილება. კერძოდ, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს წილთა თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლი განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფისას იმ მეუღლის ინტერესების დაცვას, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები. კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მიხედვით სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს შვილების საცხოვრებელი ადგილად რომელიც მშობლის საცხოვრებელი ადგილია განსაზღვრული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 20-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის მიხედვით, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი; ამ შემთხვევაში მხარეთა არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან ერთად, ბავშვების საცხოვრებელი ადგილი მშობლებს შორის სადაო არ არის. ამდენად, მხარეებს შორის ქორწინების შეწყვეტის შემდეგ მათი შვილები იმყოფებიან დედის მზრუნველობაში, ცხოვრობენ დედის მიერ შერჩეულ საცხოვრებელ ადგილას.

 

სასამართლო ამ ნორმის 1168-ე მუხლის მე-2 ნაწილის განმარტებისათვის მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

 

„საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც სსკ-ის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს საკუთრების უფლების მოპოვების განსხვავებულ რეჟიმს, რაც მხოლოდ ამავე ნორმით გათვალისწინებული განსაკუთრებულ შემთხვევებშია დასაშვები...... საკასაციო სასამართლომ იმსჯელა იმაზე რა ფაქტობრივი გარემოებები უნდა იქნას გათვალისწინებული არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების შემოწმების დროს. კერძოდ, ერთერთ მეუღლესთან არასრულწლოვანი შვილები ცხოვრების ფაქტი; მის შრომისუუნარობის ფაქტი; მეორე მეუღლის მიერ საერთო ქონების ოჯახის ინტერესების საზიანოდ ხარჯვის ფაქტი; არასათანადო საბინაო პირობები; არასაკმარისი საცხოვრებელი ფართი და სხვა ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც არასრულწლოვანის ინტერესშია და მის ნორმალურ აღზრდას ხელს უშლის. ამდენად, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, რომ არასრულწლოვანი შვილი და მასთან მცხოვრები მშობლები უფრო მეტად საჭიროებენ საცხოვრებელ ფართს, ვიდრე მეორე მშობელი“ (იხ.,სუსგ №ას-752-703-2017, 31 ივლისი, 2017 წელი).

 

2018 წლის 11 ივლისის განჩინებაში საქმე №ას-733-733-2018 საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „საგულისხმოა, რომ განსახილველ დავაში, განხორცილებულად მიიჩნევა საგამონაკლისო ნორმით დადგენილი აუცილებელი წანამძღვრები, რაც მხარეთა არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების არსებობასა და მოსარჩელის - მეუღლის ყურადსაღებ ინტერესებში გამოიხატება. კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელე მეუღლესთან მუდმივ საცხოვრებლად იმყოფება არასრულწლოვანი ბავშვი, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მუდმივ მეთვალყურეობას, ზრუნვას, მკურნალობას და სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. ამასთან, დადგენილია, რომ არსრულწლოვანი ბავშვი დედასთან - მოსარჩელესთან ერთად რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რაც მოწმობს, რომ მათ მძიმე სოციალური პირობები აქვთ საცხოვრებლად“.

 

ამდენად, მეუღლეთა თანასაკუთრებიდან ერთი მეუღლის წილის გაზრდის მნიშვნელოვანი საფუძველია ბავშვის ინტერესები, რადგან წილი გაიზრდება მეუღლესთან ბავშვის ცხოვრების გამო, რათა ამით უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის განვითარების სათანადო პირობები. შესაბამისად, ამ ნორმის გამოყენების დროს უნდა შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის საფუძველზე ბავშვის სათანადო საცხოვრებელი და საარსებო პირობები.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს,უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“.

 

მოსარჩელე და მასთან მცხოვრები არასრულწლოვანი შვილების რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ოჯახის სარეიტინგო ქულაა 56 270. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების მე-5 მუხლის მიხედვით, 1. საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი). დადგენილების მე-6 მუხლის მიხედვით, 1. საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, . „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: შემდეგნაირად - ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; მოსარჩელის ოჯახის სარეიტინგო ქულაა 56 270, ქულა მინიჭებული აქვს სარჩელის აღძვრის წინა თვეს - 2019 წლის 2 მაისს. მთავრობის დადგენილების მიხედვით ეს ქულა საარსებო შემწეობის ზღვრული ქულაა, ნაკლებია 57001 ქულაზე და მოსარჩელის ოჯახისათვის საარსებო შემწეობის ოდენობა შეადგენს 50 ლარს ოჯახის თითოეულ წევრზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება მოსარჩელის და მისი შვილების მძიმე სოციალური პირობები, რადგან მოსარჩელე შვილებთან ერთად იღებს ყოველთვიურ ფულად საარსებო შემწეობას. ამასთან, მოსარჩელეს საკუთარი საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია, შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლებთან. მოსარჩელე ბავშვებთან ერთად მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს, მათ არა აქვთ დიდი სასოფლო შიდა მეურნეობა, რის გამოც გამართლებულია ბავშვების ინტერესების გამო, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესების ინტერესების გამო მოსარჩელის წილი მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გაიზარდოს და მას მიეკუთვნოს 20 სული მეწველი ძროხიდან 12 სული ძროხა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.

 

მოსარჩელე მოითხოვს მისთვის შინაური მსხვილფეხა პირუტყვის ნატურით გადაცემას, თუმცა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების დროს სარჩელში მითითებული რაოდენობის ცხოველი მოსარჩელესთან არ აღმოჩნდა. ამასთან, შესაძლებელია გადაწყვეტილების შესრულების დროს ობიექტური გარემოებების გამო არც აღმასრულებლის მიერ მოძიებული ოდენობის ცხოველები აღმოჩნდეს მოპასუხესთან (მაგალითად ცხოველის სიკვდილის ან სხვა მიზეზის გამო). შესაბამისად, უნდა განისაზღვროს მოპასუხის მიერ გადასახდელი სანაცვლო თანხა, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 253-ე მუხლის მიხედვით, ქონების ნატურით მიკუთვნების დროს სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ ქონების ღირებულებაზე, რომელიც უნდა გადახდეს მოპასუხეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული ქონება მას არ აღმოაჩნდება.

 

მოპასუხეს გასაყოფი შინაური ცხოველების ღირებულება სადაოდ არ გაუხდია, შესაბამისად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 20 მეწველი ძროხის ღირებულებაა 24 000 ლარი. სასამართლო აღნიშნავს, რომ განქორწინების შესახებ სარჩელში მოსარჩელემ მიუთითა, რომ განქორწინებამდე 20 ძროხა გასხვისდა, თუმცა ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების დროს მოპასუხის საცხოვრებელ ადგილზე აღწერილია 2 ძროხა და 1 ხბო, ხოლო აკიფ მუსაევის ფერმაში სარჩელის უზრუნველყოფით დაწესებული შეზღუდვა გავრცელებულია 6 მსხვილფეხა პირუტყვზე. მოპასუხის განმარტებით, აღმასრულებლის მიერ მის საცხოვრებელ სახლში აღწერილი საქონელი არის მისი ძმის ელჩინ კ--------ის, ხოლო ფერმაში აღწერილი საქონელი ეკუთვნის ამლეტ ალიევს. ამის დასადასტურებლად მოპასუხემ წარმოადგინა ვეტერინარის მიერ შედგენილი აღრიცხვის ჟურნალი, სადაც ამლეტ ალიევის სააღრიცხვო ბარათში მითითებულია სამი სული თეთრი და წითელი ფერის ძროხის შესახებ, რომელთა ასაკია 8-8 და 6 წელი. ელჩინ კ--------ის ბარათში მითითებულია ასევე სამი ერთეული თეთრი, წითელი და შავი ფერის ძროხების აღრიცხვის შესახებ, რომელთა ასაკია 8 და 7-7 წელი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ელჩინ კ--------ს და ამლეტ ალიევს ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება არ მოუთხოვიათ იმ მოტივით, რომ ეს ღონისძიება მათ ქონებაზე გავრცელდა. ამასთან, ვეტერინარის მიერ გაცემული ცნობებში მითითებულია თითოეულის სახელზე სამი ძროხის აღრიცხვა, ხოლო აღმასრულებლის მიერ მოპასუხის საცხოვრებელ სახლში აღწერილია ორი სული ძროხა და 1 სული ხბო, ხოლო ფერმაში აღწერილია 6 სული ძროხა, რის გამო ვეტერინარის მიერ შედგენილი დოკუმენტით უტყუარად არ დასტურდება რომ აღმასრულებლის მიერ მოძიებული საქონელი მოპასუხეს არ ეკუთვნის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 253-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს სადაო ქონებიდან აღმასრულებლის მიერ აღწერილი ქონება სულ 8 სული ძროხა უნდა მიეკუთვნოს ნატურით, ხოლო დანარჩენი 4 სული მეწველი ძროხის ღირებულება უნდა აუნაზღაურდეს თანხით, რომლის ფასია 8000 ლარი. სსსკ 253-ე მუხლის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დროს 8 სული ძროხის გადაცემა შესაძლებელი არ იქნება, მოპასუხემ უნდა გადაიხადოს მათი ღირებულება - 16 000 ლარი.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით ამ ნორმის საფუძველზე მოსარჩელე სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია, რის გამოც ამ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაიხადოს მოპასუხემ იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც დაკმაყოფილდა, რადგან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელში განისაზღვრება ამ ნივთის (ქონ6ების) საბაზრო ღირებულებით;

 

გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა 12 სული შინაური ცხოველის მიკუთვნების შესახებ, რომლის ღირებულებაა 24 000 ლარი. სსსკ 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა დავის საგნის ღირებულების 3% მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის თანხაა 720 ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში მოპასუხემ უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 253-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ე-–----- კ--------ას სარჩელი;

 

1.1. ა---- კ--------ს დაეკისროს ე-–----- კ--------ასათვის 8 ერთეული მეწველი ძროხის გადაცემა და დაეკისროს 4 სული მეწველი ძროხის ღირებულების 8000 ლარის გადახდა, ხოლო თუკი 4 სული მეწველი ძროხა მოპასუხეს არ აღმოაჩნდება, ა---- კ--------ს დაეკისროს მოსარჩელისათვის მათი ღირებულების 16 000 ლარის გადახდა ;

1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა 17 სული ხბოს და 14 სული ცხვრის გაყოფის შესახებ;

 

2. ა---- კ--------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 720 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი