გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180210018002700092 ( 2/896-18 )
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 თებერვალი, 2020 წელი ქ.მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე სოფიო ლეჟავა
სხდომის მდივანი ზაზა შველიძე
მოსარჩელე - გ---–--- ე-–----- ჰ------–--; ე--–--- ა---- ჰ------–--;
წარმომადგენელი - ლ-----------------–---–ი; მ-------------–---–ი
მოპასუხე - დ------------–ი
წარმომადგენელი - ბ-----------–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 მოპასუხე დ------------–ს მოსარჩელეების გ---–--- ე-–----- ჰ------–--ისა და ე--–--- ა---- ჰ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ტურისტული მოგზაურობის ხარვეზით გამოწვეული მატერიალური ზიანის სახით 1425 აშშ დოლარის - 4205 ლარის გადახდა;
სარჩელის საფუძვლები:
2017 წლის ივნისის თვეში მოსარჩელეები, ისრაელის მოქალაქეები მამა-შვილი გ---–--- და ე--–--- ჰ------–--ები ტურისტული მომსახურების მიღების მიზნით ინტერნეტსაიტის საშუალებით დაუკავშირდნენ დ------------–ს, როგორც სამთო ველოტურის ტუროპერატორსა და სპეციალისტს. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მოსარჩელეებმა შეიძინეს 5 დღიანი სამოგზაურო ტური, 03 აგვისტოდან 08 აგვისტოს ჩათვლით, წინასწარ გაწერილი მარშრუტით, ყოველდღიური სამოგზაურო ადგილების და გასავლელი გზის კილომეტრაჟის გათვალისწინებით. მომსახურების ანაზღაურება დ------------–მა მიიღო წინასწარ ნაღდი ანგარიშსწორების გზით. ველოტურის პირველივე დღე დაიწყო ხარვეზებით, კერძოდ, მოპასუხე დაგვიანებით გამოცხადდა შეხვედრის ადგილზე, ამასთან, ველოსიპედები იყო უხარისხო, ძველი და გაუმართავი, რის გამოც მოგზაურობა არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ ხარისხს. აღნიშნული ვითარება გაგრძელდა მთელი ველოტურის განმავლობაში. მიუხედავად პრეტენზიებისა, მოპასუხეს არ აღმოუფხვრია ეს ხარვეზები (იხ. დაზუსტებული სარჩელი).
2. მოპასუხე მხარის პოზიცია:
მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და მიაჩნია, რომ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები. პირველ რიგში, მოპასუხის განმარტებით, ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება დადებულია არა ფიზიკურ პირთან დ------------–თან, არამედ შპს „ჯ----------------“. დ------------–ი კი ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორია. შესაბამისად, იგი არასათანადო მოპასუხეა, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. რაც შეეხება ტურისტული მომსახურებისას გამოვლენილ ხარვეზებს, მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული არ დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ტურისტული მომსახურება გაწეულია შეთანხმებული პირობებით, მოგზაურობის დროს არ გამოვლენილა იმ ხარისხის ხარვეზები, რაც გახდებოდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა გაუგებარია რა პრინციპით მოხდა მიყენებული ზიანის გამოანგარიშება მოსარჩელე მხარის მიერ; მათ მთელი ტურის განმავლობაში არ გამოუთქვამთ პრეტენზია, პირიქით საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება და მხარეც არ უარყოფს, რომ მოსარჩელეებმა ბოლომდე მიიღეს ტურისტული მომსახურება;.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.1.1 მოსარჩელე მხარე 2017 წლის ივნისის თვეში ვებგვერდის georaidersmtb.com-ის მეშვეობით დაუკავშირდა დ------------–ს, როგორც სამთო ველოტურის ტუროპერატორსა და სპეციალისტს და აწარმოებდა მასთან მოლაპარაკებებს ტურისტული მომსახურების მიღების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა მიმოწერა ს.ფ. 16-30;
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.2. ტურისტებმა შეიძინეს 5 დღიანი სამოგზაურო ტური 03-08 აგვისტოს ჩათვლით, წინასწარ მკაცრად გაწერილი მარშრუტით, ყოველდღიური სამოგზაურო ადგილების და გასავლელი გზის კილომეტრაჟის გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- 5 დღიანი MTB ტური ს.ფ.
3.1.3. მოსარჩელეებმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ უშუალოდ დ------------–ს ნაღდი ანგარიშსწორებით გადაუხადეს ტურისტული მომსახურებისა და ველოსიპედების ქირავნობის საფასური ჯამში - 2200 აშშ დოლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.2.1. დ------------–მა სადავო გახადა მისი, როგორც ფიზიკური პირის მონაწილეობა ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებაში. მისი განმარტებით, მოსარჩელეებმა გარიგება დადეს შპს „ჯ----------------’’; შესაბამისად, იგი არასათანადო მოპასუხეა. ასევე მხარის მიერ სადავოდაა გახდილი ხარვეზიანი ტურისტული მომსახურების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა და მისი დაანგარიშების წესი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ს.ფ.
3.2.2. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სწორედ მითითებულ არგუმენტზე, რომლითაც სადავოდაა გამხდარი დ------------–ის, როგორც ფიზიკური პირის, მონაწილეობა ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებაში. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადეობაში ხელმძღვანელობის უფლება აქვს დირექტორს. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან უტყუარად დასტურდება, რომ დ------------–ი შპს „G--------”-ის ერთ-ერთი დირექტორია და მას შეეძლო მესამე პირებთან მოლაპარაკება ეწარმოებინა, როგორც კომპანიის წარმომადგენელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104.1-ე მუხლის მიხედვით, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ (104.3-ე მუხლი). სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული ნორმა ისეთი გარემოების დაზუსტებას ეხება, როდესაც მეორე მხარის ვარაუდი და წარმომადგენლობის საკითხი ლოგიკურ ბმაში უნდა იყოს სავარაუდო ობიექტურ წარმოდგენასთან და აღნიშნულის საფუძველზე დადგეს შედეგი. კერძოდ, მეორე მხარეს უნდა გააჩნდეს გარკვეული მოლოდინი, გარკვეული ვარაუდი, რომ წარმომადგენლობა შეიძლება ნამდვილი იყოს. წარმომადგენლობის უფლებამოსილების მიუთითებლობამ რომ კანონიერი მოლოდინი შექმნას, გარიგება უნდა დაიდოს შესაბამის ადგილას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მხარეთა მიმოწერით მართალია არ დგინდება, რომ დ------------–ი მოლაპარაკებებს აწარმოებდა, როგორც კომპანიის წარმომადგენელი, თუმცა შპს „G--------”-ის’’, როგორც სამთო ველოტურის კომპანიის შესახებ მოსარჩელეებისთვის ცნობილი იყო; აღსანიშნავია, რომ პირველი პრეტენზია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელე მხარეს წარდგენილი აქვს სწორედ სამთო ველოტურის კომპანია ,,ჯეორაიდერსის’’ დირექტორის სახელზე და მხოლოდ ის არგუმენტი, რომ მოთხოვნა ვერ ჩაბარდა ადრესატს ვებგვერდზე მითითებულ მისამართზე, არ შეიძლება გახდეს იმის მტკიცების საფუძველი, რომ ასეთი კომპანია არ არსებობდა და მასთან მოლაპარაკება მოსარჩელეებს არ უწარმოებიათ, რის გამოც, კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ფიზიკურ პირს, დ------------–ს; საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, მიმოწერა ველოტური მომსახურების მიღების თაობაზე მხარემ აწარმოა ინტერნეტგვერდის ,,georaidersmtb.com-ის’’ მეშვეობით. ამასთან, მოპასუხე მხარის განმარტებით, ველოტურის შესახებ პროგრამის შეთავაზება მოსარჩელე მხარისთვის მოხდა სწორედ კომპანიიის მეილის მეშვეობით და შემდეგ, უფრო სწრაფი კომუნიკაციისთვის შეტყობინებების გაგზავნა მხარეებმა გააგრძელეს ,,whatsapp.com’’-ის მეშვეობით; შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელეებმა ტურისტული მომსახურების მიღების მიზნით მოლაპარაკებები აწარმოეს დ------------–თან, რომელიც ამ ურთიერთობაში გამოდიოდა, როგორც ტურისტული კომპანია შპს „G--------”-ის ერთ-ერთი დირექტორი, რომელსაც ჰქონდა უფლებამოსილება მესამე პირებთან ეწარმოებინა მოლაპარაკებები უშუალოდ კომპანიის სახელით; საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს, გარდა ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ არასწორად მიუთითა მოპასუხე მხარე საქმეში და პრეტენზია წაუყენა მხოლოდ დ------------–ს, როგორც ფიზიკურ პირს, ვინაიდან ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით; შესაბამისად, მოცემულ დავაში დ------------–ი არასათანადო მოპასუხეა, რაც გამორიცხავს მის მიმართ დაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ,რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ზემოთ მითითებული ნორმა სასამართლოს ავალდებულებს გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი (მოპასუხე), რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს, რათა დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელიც არ შეიძლება გახდეს ერთპიროვნულად მოსარჩელის კანონიერი უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი.
3.2.3. აღსანიშნავია, რომ მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელე მხარეს არაერთხელ მიეცა წინადადება დაეზუსტებინა მოპასუხე მხარე, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელემ მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა (იხ. დაზუსტებული სარჩელი); აღნიშნული არგუმენტის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. მიუხედავად ამისა, სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საქმეში არსებულ არასაკმარის მტკიცებულებებზე - კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნა დაფუძნებულია მოგზაურობის მომწყობის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობაზე, კერძოდ, იმ არსებით ხარვეზებზე, რამაც ტურისტული მომსახურების გაუფასურება გამოიწვია. მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, ეს განპირობებული იყო როგორც თავიდანვე არასწორად დაგეგმილი ტურით, განსაკუთრებით ე--–--- ჰ------–--ისთვის, ასევე მთელი ტურის განმავლობაში არსებული ხარვეზებით, რაც უკავშირებოდა ყოველდღიურად შეთანხმებულ დროზე გვიან ტურის დაწყებას, უხარისხო ველოსიპედებს, კვების ვალდებულების შეუსრულებლობასა და გასავლელი გზის მარშრუტში მუდმივ ცვლილებას, ძირითადად მანძილის შემოკლებას;
მოპასუხე, თავის მხრივ აღიარებს და სადავოდ არ ხდის ტურის მიმდინარეობისას სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ ხარვეზებს, თუმცა მიუთითებს ობიექტურ გარემოებებზე, რაც დამახასიათებელია სამთო ველოტურისთვის და გამორიცხავს მის ბრალეულობას. რაც შეეხება ველოსიპედების გაუმართაობას, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეებმა თავად აარჩიეს მათთვის სასურველი ველოსიპედები, ხოლო ველოტურის პროცესში წარმოშობილ ხარვეზებთან დაკავშირებით, როგორც თავად დ------------–ი, ასევე დანარჩენი თანმხლები პირებიც ყველა ზომას იღებდნენ ტურისტების უსაფრთხო და ნაყოფიერი ტურის უზრუნველსაყოფად; ამასთან აღსანიშნავია, რომ მამა-შვილს პრეტენზია არ გამოუთქვამთ მოგზაურობის მთელი პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულად მიიღეს ხუთდღიანი ტურისტული მომსახურება და დაბრუნდნენ სამშობლოში, წამოაყენეს მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე მხარის ასეთი ქცევა მისთვის მოულოდნელი და ამასთან გულდასაწყვეტი იყო, რადგან მისმა კომპანიამ ყველაფერი გააკეთა ტურისტებისთვის საინტერესო და ნაყოფიერი ველოტურის ორგანიზებისთვის.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
3.2.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს უტყუარი მტკიცებულება, რომელიც სარწმუნოდ დაადასტურებდა ტურისტული მომსახურებისას წარმოშობილ არსებით ხარვეზებს, რამაც მოგზაურობის გაუფასურება გამოიწვია, სასამართლოსათვის არ წამოუდგენია. აღნიშნული ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრება მოსარჩელეს, რომელმაც სარწმუნო ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითებით უნდა დაადასტუროს იგი.
3.2.6. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი, მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. 147-148-ე მუხლების თანახმად, მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე, რომელიც თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის ამ გარემოებათა შესახებ.
3.2.7. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის შუამდგომლობით დაიკითხა ორი მოწმე - მ--------------ა და ბ-----------–-–---–ი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ველოტურში როგორც გიდები, ტურისტების უსაფრთხო და საინტერესო მოგზაურობის უზრუნველსაყოფად; მათ სარწმუნოდ დაადასტურეს, რომ მამა-შვილი ჰ------–--ები მთელი ველოტურის განმავლობაში იყვნენ კმაყოფილები; მართალია, ტურის დროს ადგილი ჰქონდა გარკვეულ ხარვეზებს, რაც მითითებულია სარჩელში, თუმცა ასეთი ხარვეზები დამახასიათებელია ამ ტიპის ტურებისთვის. ველოტური ხასიათდება თავისებურებით, რადგან საქართველოს ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით მთაგორიან ადგილებში ველოსიპედით გადაადგილებისას შეიძლება წარმოიშვას მთელი რიგი წინაღობები, რისი წინასწარ განსაზღვრაც პრაქტიკუალდ შეუძლებელია; მთავარია, ტურის ორგანიზატორებმა შეძლონ დროულად წინაღობების დაძლევა და ხარვეზების აღმოფხვრა უმოკლეს ვადებში. მოწმეთა განმარტებით ველოტურის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია იმგვარ ხარვეზს, რისი აღმოფხვრაც შეუძლებელი გახდა და რამაც მოგზაურობის მნიშვნელობის შემცირება და ტურის გაუფასურება გამოიწვია. რაც შეეხება მარშრუტის ცვლილებას, ეს ყველა შემთხვევაში წინასწარ შეთანხმებული იყო მოსარჩელეებთან მათივე ინტერესების გათვალისწინებით, რაზეც იმ დროისთვის პრეტენზია არ გამოუხატავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ხუთი დღის გასვლას არ დაელოდებოდნენ, ხელშეკრულების შეწყვეტას და გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვნდნენ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება მოსარჩელეების პრეტენზიას სირთულის გათვალისწინებით ე--–--- ჰ------–--ისთვის არასწორად შერჩეულ მარშრუტთან დაკავშირებით, მოწმეებმა განმარტეს, რომ ტურის შერჩევა ხდება საიტის მეშვეობით თავად ტურისტების ინტერესების გათვალისწინებით, და მოცემულ შემთხვევაშიც შერჩეული იქნა საშუალო სირთულის ველოტური, რისთვისაც მოსარჩელეები მოუმზადებლები აღმოჩნდნენ და სწორედ ამის გათვალისწინებით მოხდა გარკვეული ცვლილებების შეტანა ტურით გათვალისწინებულ გასავლელ კილომეტრაჟთან დაკავშირებით;
3.2.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ა----იანის უფლებათა ევროპული კონვენციის’’ მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად; (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32). დასახელებული კონვენციის მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გა----წყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, ამასთან მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და წერილობითი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 104-ე, 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 657-ე, 659-ე, 660-ე და 662-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ორმხრივი ნების გამოვლენის კლასიკური მაგალითია ხელშეკრულება, რომელიც წარმოიშობა ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენის საფუძველზე. ამასთან, დაცული უნდა იყოს, როგორც გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილი ზოგადი წესები, ასევე, ნორმები, რომლებიც კონკრეტულ ხელშეკრულებას არეგულირებენ. ხელშეკრულება დადებულად რომ ჩაითვალოს, მხარეები სკ-ის 327-ე მუხლის შესაბამისად, უნდა შეთანხმდნენ არსებით პირობებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 657-ე მუხლის თანახმად, ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება. ტურისტი მოვალეა მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის. ტურისტული მომსახურების პაკეტი (შემდგომში – პაკეტი) ტურისტული მომსახურების ორი ან ორზე მეტი კომპონენტისაგან (კვება, ღამის თევა, სატრანსპორტო მომსახურება და სხვა) შემდგარი კომპლექსია, რომელთა ღირებულება შედის პაკეტის ფასში.
მოცემული ნორმა პირდაპირ მიუთითებს, რომ ტურიზმი მომსახურების ერთ-ერთი სახეა, რომელზეც ვრცელდება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი (319-ე მუხლი). აქვე უნდა ითქვას, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა მოგზაურობის მომწყობის მიმართ არ ითვალისწინებს რაიმე შეზღუდვას. იგი შეიძლება იყოს ფიზიკური პირიც. რაც შეეხება ტურისტის ცნებას, მასში უნდა მოვიაზროთ ნებისმიერი სუბიექტი, ვინც ტურისტული პაკეტის შესყიდვის მიზნით, მოგზაურობის მომწყობთან გააფორმებს ხელშეკრულებას. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ტურისტი, როგორც მომსახურების მიმღები, მომხმარებელია და მასზე მთლიანად ვრცელდება ყველა ის პრივილეგია თუ სპეციალური დაცვის გარანტია, რაც მომხმარებლებს კანონმდებლობით აქვთ მინიჭებული. ამდენად, უდავოა, რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება ტურისტული მომსახურების შესახებ. სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ საფუძვლად კი უნდა მივიჩნიოთ სკ-ის 662-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ მოგზაურობის ხარვეზები წარმოიშვა იმ გარემოებათა შედეგად, რომლებზედაც პასუხს აგებს მოგზაურობის მომწყობი, ტურისტს შეუძლია ხარვეზების გამო ანაზღაურების შემცირების ან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების შეუზღუდავად მოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
6.3. დადგენილია, რომ მხარეებს შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება ტურისტული მომსახურების შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელე მხარემ დ------------–ს გადაუხადა ტურისტული მომსახურების საფასური 2200 აშშ დოლარი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 659.1-ე მუხლის თანახმად, მოგზაურობის მომწყობი მოვალეა იმგვარად მოაწყოს მოგზაურობა, რომ მას არ ჰქონდეს ისეთი ხარვეზები, რომლებსაც შეუძლიათ გააუფასურონ ან შეამცირონ მოგზაურობის მნიშვნელობა ჩვეულებრივი ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხარვეზის სამართლებრივად შეფასებისათვის, აუცილებელია, რომ მის წარმოქმნაში მოგზაურობის მომწყობის მოქმედების ან უმოქმედობის პირდაპირი შედეგი იკვეთებოდეს. მოგზაურობის მნიშვნელობის შემცირება ან გაუფასურება ობიექტურად უნდა დგინდებოდეს. გაუფასურება იმ შედეგების სრული არარსებობაა, რომლის მიღწევაც ტურისტს მოგზაურობაში მონაწილეობის მიღებით სურდა. შესაბამისად, შემცირება მოსალოდნელი სიკეთისა თუ სარგებლის მხოლოდ ნაწილობრივ მიღებას გულისხმობს. ამასთან, ხარვეზი შეიძლება წარმოიშვას უშუალოდ მოგზაურობისას ან მის შემდგომ.
სამოქალაქო კოდექსის 660-ე მუხლის თანახმად, თუ მოგზაურობა ხარვეზიანია, მაშინ მისი ღირებულება მცირდება იმ დროის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც არსებობდა ხარვეზები.
მოპასუხე მხარე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ტურის დროს ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის ხარვეზებს, რაც ხშირ შემთხვევაში გაუთვალისწინებელი და ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული და რაც დამახასიათებელია ველოტურისთის მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, განსხვავებით ჩვეულებრივი სამოგზაურო ტურებისაგან;
6.4 ამასთან, როგორც მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, ტურისტული მოგზაურობა შეთანხმებული პირობების შესაბამისად არ განხორციელებულა, თუმცა აღნიშნული განპირობებული იყო მოსარჩელეების, განსაკუთრებით ე--–--- ჰოხვერდის გამოუცდელობით; მოწმეების მ--------------ას და ბ-----------–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ველოტური შერჩეული იყო ტურისტების ინტერესების გათვალისწინებით, მიუხედავად ამისა შვილს, ე--–--- ჰოხვერდს გაუჭირდა შერჩეული მარშრუტის დაძლევა, რამაც განაპირობა ველოტურში ცვლილებების შეტანა და ტურის მოწყობა შედარებით მარტივი მარშრუტით ისევ და ისევ ტურისტების თხოვნითა და მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით, თუმცა ამას ტურის მნიშვნელობის გაუფასურება არ გამოუწვევია; მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დასტურდება მცირე მნიშვნელობის გამოსწორებადი ხარვეზები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთმოყვანილი ხარვეზები არ უნდა ჩაითვალოს სამოქალაქო კოდექსის 659.2-ე მუხლით გათვალისწინებულ ხარვეზებად, ვინაიდან დასახელებული ხარვეზები არ აუფასურებს და არ ამცირებს ველოტურის მნიშვნელობას და რაც მთავარია, იგი მოგზაურის მომწყობის ბრალით არ წარმოშობილა. ამ უკანასკნელს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობის მოწყობისას ვერ უზრუნველყო ისეთი ხარვეზების თავიდან აცილება, რაც მის კომპეტენციაში შედიოდა, ასეთი კი არც მოწმეთა ჩვენებებით და არც მხარეთა ახსნა-განმარტებით არ დასტურდება;
საქართველოს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია (სუსგ N ას-155-145-2017)
6.5. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მას ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო მიადგა მატერიალური ზიანი. საქართველოს სკ-ის 394.1-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. მოცემული ნორმა განსაზღვრას ვალდებულების დამრღვევის პირის ბრალეულობის პრინციპს, ხოლო მისი გამოყენებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მართლწინააღმდეგო, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი.
ქონებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა. სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს. ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია“ (სუსგ N ას-155-145-2017, 26.10.2018წ.).
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით, არ დგინდება ტურისტული მომსახურების არსებითი ხარვეზი, რაც გამოიწვევდა მოგზაურობის გაუფასურებას ან ღირებულების შემცირებას. მართალია, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები ზედმიწევნით არ შესრულდა, თუმცა დარღვევები იყო უმნიშვნელო. ამასთან, მოსარჩელის ახსნა-განმარტებით (ამასვე ადასტურებენ მოწმეები და მოპასუხე მხარეც არ უარყოფს) მალევე გამოსწორდა ხარვეზები. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ ადასტურებს მოწინააღმდეგე მხარის ქმედებებში მართლწინააღმდეგობის არსებობას, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზიანის მიყენების ფაქტს.
აქვე, დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელი წარუმატებელი იქნებოდა ვალდებული პირის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის დამტკიცების შემთხვევაშიც. სამოქალაქო კოდექსი ტურისტული ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხებს ცალკე, სპეციალურად არ აწესრიგებს. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ზიანის ანაზღაურების ზოგადი ნორმებით და პრინციპებით, რაშიც მტკიცების ტვირთის გადანაწილებაც მოიაზრება. ის, ვინც უთითებს ზიანის მიყენებაზე, მანვე უნდა დაადასტუროს ზიანის ოდენობა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ეფუძნება მხოლოდ გ---–--- ე-–----- ჰ------–-- და ე--–--- ა---- ჰ------–--ების ახსნა-განმარტებას, რომელსაც მოპასუხე უპირისპირდება იმავე მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებით. საქმეში არაა წარმოდგენილი არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი და უტყუარი მტკიცებულება, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ქონებრივი ზიანის მიყენებაში სარჩელში მითითებული ოდენობით. მხარის მიერ დაზუსტებულ სარჩელში წარმოდგენილი ცხრილი და პროცენტული გაანგარიშება ვერ გახდება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. აღნიშნული წარმოადგენს სარჩელის ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით, რაც მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი;
6.7. საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევით, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებების გაანალიზების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეებმა ვერ უზრუნველყვეს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი ფარემოებების დადასტურება შესაბამისი მტკიცებულეებით, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 127 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, დარჩენილი 299 ლარი კი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-8, 53-ე,55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ---–--- ე-–----- ჰ------–--ის და ე--–--- ა---- ჰ------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გ---–--ნ ე-–----- ჰ------–--ს და ე--–--ნ ა---- ჰ------–--ს დაუბრუნდეთ 2018 წლის 30 ოქტომბერს სს ,,საქართველოს ბანკში“ ლ-----------------–---–ის (პ/ნ 0----------) მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 299 ლარის ოდენობით, თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ბანკის კოდი TRESGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის სახაზინო კოდი: 300783150, საგადახდო დავალება #4;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოფიო ლეჟავა