გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ 180210018002-19933 ( 2/719-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2020 წელი ქ. მცხეთა
მცხეთის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე სოფიო ლეჟავა
სხდომის მდივანი ზაზა შველიძე
მოსარჩელე - თ------–-----------–ი
წარმომადგენელი - თ--------–--–---–ი, ა------------–---–ი
მოპასუხე - ი-----–-----------–ი
წარმომადგენლები - თ------------------ე, ი---------------ე
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულებისა და სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2005 წლის 05 აპრილის ნოტარიუს ლ---------------–---–-ს მიერ, ლ----------–-----------–-ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა 1/3 ნაწილში, 2002 წლის 31 დეკემბერს გარდაცვლილი ა-–-----------–-----------–-ს სამკვიდრო ქონებაზე.
1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ლ----------–-----------–სა და ი-----–-----------–ს შორის 2017 წლის 27 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება 1/3 უძრავ ქონების წილზე (484 კვ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელ სახლი, მდებარე: ქ. დ--–---ი, წ------------ს ქუჩა #3-, ს/კ 7-----------);
1.3 . თ------–-----------–ი ცნობილი იქნეს ლ----------–-----------–-ს სამკვიდრო ქონების - (484 კმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის (მდებარე: ქ. დ--–---ი, წ------------ს ქუჩა #3-, ს/კ 7-----------) 1/3 მაწილის თანამესაკუთრედ;
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 21 ივნისს მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2002 წლის 31 დეკემბერს გარდაცვლილი დედის - ა-–-----------–-----------–-ს სამკვიდრო ქონებაზე (მდებარე: ქ. დ--–---ი, წ------------ს ქუჩა #3-, ს/კ 7-----------) 2005 წლის 05 აპრილს ნოტარიუს ლ---------------–---–-ს მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა მამის, ლ----------–-----------–-ს სახელზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში დაცული ინფორმაციით დგინდება, რომ აღნიშნული ქონება ლ----------–-----------–სა და ი-----–-----------–ს შორის 2017 წლის 27 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია მოპასუხე - ი-----–-----------–ის სახელზე. მოსარჩელის განმარტებით მამის, ლ----------–-----------–-ს სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემისას მას უარი არ უთქვამს დედის სამკვიდროდან მისი კუთვნილი წილის მიღებაზე; მართალია, ნოტარიუსისთვის არ მიუმართავს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, თუმცა სამკვიდრო ქონებას (მდებარე: ქ. დ--–---ი, წ------------ს ქუჩა #3-, ს/კ 7-----------) დედის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა ფაქტობრივად და ფლობს დღესაც, აქვს სადავო სახლის გასაღები, სადაც განლაგებულია მისი კუთვნილი ნივთები. მამა, ლ----------–-----------–- გარდაიცვალა 2017 წლის 09 ნოემბერს; შესაბამისად, პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ თ----- და ი-----–-----------–ები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელის წილი დედის სამკვიდრო ქონებიდან შეადგენს 1/3 წილს;
2. მოპასუხე მხარის პოზიცია:
მოპასუხე ი-----–-----------–მა შესაგებლით არ ცნო სარჩელი, ხოლო სასამართლო სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან სარჩელი დაუსაბუთებელი და ბუნდოვანია. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ა-–---------ა ც-----------–ს გარდაცვალების შემდეგ დარჩა ოთხი კანონისმიერი მემკვიდრე ლ----------–-----------–-, თ------–-----------–ი, ი-----–-----------–ი და ძმა - ბ---კ ც-----------–ი. სამივე შვილი ცხოვრობდა თბილისში; მშობლები ცხოვრობდნენ ქ. დ--–---ში, წ------------ს ქუჩა #3--ში, (ს/კ 71.51.01.368). ამას გარდა ქ. დ--–---ში, შალიკიანთ დასახლებაში მშობლებს ჰქონდათ ორი 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც დედის ა-–-----------–-----------–-ს სიცოცხლეშივე აჩუქეს ბ---კ ც-----------–სა და თ------–-----------–ს, ხოლო ი-----–-----------–ს არ მიუღა არც მიწის ნაკვეთი, არც რაიმე ფულადი თანხა მშობლებისგან, სწორედ იმის გამო, რომ ი-----–-----------–ი მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად ქ. თბილისიდან ბავშვთან ერთად და უვლიდა ლოგინად ჩავარდნილ დედას, რომელიც გარდაიცვალა 2002 წლის 31 დეკემბერს; დედის დაკრძალვის და სასაფლაოს მოწყობის ხარჯი სრულად გაიღო მოპასუხე ი-----–-----------–მა, გადაიხადა ორმოცი და წლისთავი; დედის გარდაცვალებიდან 11 თვის შემდეგ თ------–-----------–მა, მამას ლ----------–-----------–ს და დას ი-----–-----------–ს კატეგორიულად მოსთხოვა დედის დანაშთი ქონებიდან ქ. დ--–---ში, წ------------ს ქუჩა #2--ში ლ----------–-----------–-ს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც მამამ გადასცა თ------–-----------–ს, ირიცხება მის სახელზე და ამჯერადაც მოპასუხეს არანაირი ქონება მამისგან არ მიუღია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თ------–-----------–ი მამას ძალიან ცუდად ექცეოდა, გარდაცვალებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არც უნახავს და არც მის დაკრძალვას დასწრებია. საგულისხმოა ასევე ისიც, რომ სარჩელს არ ახლავს არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება, რომ თ------–-----------–ი შეუდგა დედის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ ფლობას. აღნიშნული ეხება მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღებულ ქონებას, რომელიც მდებარეობს ქ. დ--–---ში, შალიკიანთ დასახლება, წ------------ს ქუჩა #2--ში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა დედის დანაშთი სამკვიდროს 1/3 წლის მესაკუთრედ ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. შესაგებელი და სხდომის ოქმი);
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1 დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.1.1. მამკვიდრებელი ა-–-----------–-----------–- გარდაიცვალა 2002 წლის 31 დეკემბერს, რომლის სამკვიდრო მასაში შედიოდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. დ--–---ი, წ------------ს ქუჩა #3-, ს/კ 7-----------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2005 წლის 05 აპრილის სამკვიდრო მოწმობა;
3.1.2. ა-–---------ა ც-----------–ს გარდაცვალების შემდეგ დარჩა ოთხი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შვილები - ბ---კ ც-----------–ი, თ------–-----------–ი და ი-----–-----------–ი; მეუღლე - ლ----------–-----------–-; ბ---კ ც-----------–ი გარდაიცვალა 2016 წლის 02 ნოემბერს, ლ----------–-----------–- - 2017 წლის 10 ნოემბერს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლ----------–-----------–-ს გარდაცვალების მოწმობა;
- ბ---კ ც-----------–ის გარდაცვალების მოწმობა;
- 2005 წლის 05 აპრილის სამკვიდრო მოწმობა;
- თ------–-----------–ის დაბადების მოწმობა;
3.1.3. უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრის შესახებ აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქ. დ--–---ი, წ------------ს ქუჩა #3-, (ს/კ 7-----------) მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 38 611.01 ლარით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 18 აგვისტოს შპს ,,ე----- აუდიტის’’ დასკვნა ქონების ღირებულების განსაზღვრის შესახებ (ს.ფ. 2--29).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2005 წლის 05 აპრილს ნოტარიუს ლ---------------–---–-ს მიერ აწგარდაცვლილ ა-–-----------–-----------–-ს სამკვიდრო ქონებაზე გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა მეუღლის, ლ----------–-----------–-ს სახელზე, რომლის თანახმად ლ----------–-----------–მა, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო ა-–-----------–-----------–-ს სამკვიდრო ქონება მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით, კერძოდ, უძრავი ქონება 484 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით, მდებარე ქ. დ--–---ი, წ------------ს ქუჩა #3-, ს/კ 7-----------; ამის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ლ----------–-----------–-ს მოთხოვნა უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2005 წლის 05 აპრილის სამკვიდრო მოწმობა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.80-81 ).
3.2.2. უძრავი ქონება (ქ. დ--–---ი, წ------------ს ქუჩა #3-; 484 კვ.მ ს/კ 7-----------) 2017 წლის 27 ივნისს ლ----------–-----------–მა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა შვილს ი-----–-----------–ს, რომელიც 2017 წლის 03 ივლისს საჯარო რეესტრში აღრიცხული იქნა მოპასუხის სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2017 წლის 27 ივნისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2.3. მხარეებს შორის სადავოდ არის გამხდარი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ა-–-----------–-----------–-ს სამკვიდროში შემავალი სადავო უძრავი ქონება თანაბარწილად ეკუთვნოდა პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს; მიუხედავად ამისა, სადავო უძრავი ქონება ამჟამად რეგისტრირებულია მხოლოდ მოპასუხე ი-----–-----------–ის სახელზე, რომელიც ჩუქების ხელშეკრულებით მიიღო მამისგან.
მხარეების შორის სადავოდ არის გამხდარი ფაქტობრივი გარემოება ასევე იმის შესახებ, რომ თ------–-----------–ი, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე დედის, ა-–-----------–-----------–-ს გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივი ფლობით დაეფლა მის კუთვნილ წილს დედის სამკვიდროდან, (მდებარე ქ. დ--–---ი, წ------------ს ქუჩა #3-; 484 კვ.მ ს/კ 7-----------);
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ მემკვიდრეობით-სამართლებრივი ნორმები სამკვიდროს მიღებას უკავშირებს მამკვირებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრის მიერ სამკვიდროს დაუფლების სურვილს, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაცაა დანაშთი ქონების ფაქტობრივად მიღება და მართვა. შესაბამისად, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ელემენტები: სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვს თვეში გამოვლენა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.
3.2.5. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
3.2.6. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ თ------–-----------–ი დედის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა დედის დანაშთ სამკვიდროს, რაც გამოიხატებოდა სადავო უძრავი ქონების მოვლა-პატრონობაში, სარემონტო სამუშაოების წარმოებაში; აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშჯერების საფუძველზე; კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით დაიკითხა ოთხი მოწმე, რომლებმაც დაადასტურეს თ------–-----------–ის მიერ დედის გარდაცვალებამდე და გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდროს მიღების ფაქტი.
კერძოდ, მოწმე თ---------–-–---–-ა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ იცნობდა თ------–-----------–ის მშობლებს. ა-–-----------–-----------–- გარდაიცვალა 2002 წლის დეკემბერში, ახალი წელი მოდიოდა, იყო პანაშვიდზეც და დაკრძალვაზეც; მოწმის განმარტებით, გარდაცვალებამდე ბოლო პერიოდში დედას თ-----ი უვლიდა. არაერთხელ არის ნამყოფი ა-–-----------–-----------–-ს დანატოვარ სახლში, სადაც თ-----ი ხშირად მიდიოდა როგორც ოჯახის წევრი, როგორც დედის გარდაცვალებამდე, ასევე დედის გარდაცვალების შემდეგაც, იქ თავისი ოთახიც ჰქონდა, სადაც ღამეს ათევდა. მოწმის განმარტებით, თ-----ს თითქმის ყოველ წელს სტუმრობდა დ--–---ში, დედისეულ სახლში; როგორც ახსოვს, თ-----ი ნახა 2003 წლის გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულზეც დ--–---ში; ზაფხულისა და ზამთრის არდადეგებზეც ხშირად ხედავდა თ-----ს ოჯახის წევრებთან ერთად დედისეულ აგარაკზე;
მოწმე ე---------------–-–---–-ა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ იცნობს თ----- და ი-----–-----------–ებს და ორივესთან აქვს კარგი ურთიერთობა. იცნობდა ა-–---------ა ც-----------–საც; 2003 წლის გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით იყვნენ თუ არა დები დ--–---ში, ზუსტად ვერ იხსენებს, რადგან დიდი დროა გასული, თუმცა ზუსტად იცის, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ როგორც თ-----ი, ასევე ი---- მოდიოდნენ და რჩებოდნენ დედისეულ სახლში, როგორც ამ ოჯახის შვილები.
მოწმე მ---------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ა-–-----------–-----------–- 2002 წლის ზამთარში, დეკემბერში თუ იანვარში გარდაიცვალა; გარდაცვალებამდე ბოლო პერიოდში დედას ძირითადად თ-----ი უვლიდა. ზუსტად არ ახსოვს ორმოცამდე თუ ორმოცის შემდეგ მოინახულა თ------–-----------–ი დ--–---ში, დედისეულ სახლში, სადაც ეს უკანასკნელი ხშირად რჩებოდა და მიუსამძიმრა დედის გარდაცვალების გამო, რადგან დაკრძალვას არ დასწრებია;
მოწმე ფ-------------–-----მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ თ------–-----------–ის დედა ,,ს-–----’’, იგივე ა-–---------ა, მის მეზობლად ცხოვრობდა; ეს უკანასკნელი ავადმყოფობდა და გარდაცვალებამდე ბოლო პერიოდი თ-----თან ცხოვრობდა თბილისში; ზუსტად ახსოვს, რომ იგი 2003 წლის პირველ იანვარს სწორედ თ------–-----------–მა ჩამოასვენა თბილისიდან, რადგან ამ დღეს მისი დაბადების დღეა. ასევე ზუსტად ახსოვს, რომ ა-–---------ას დაკრძალვის შემდეგ, თებერვლის თვე იქნებოდა, თ-----ს დედისეული სახლის დალაგებაში მისი მეუღლე მიეხმარა; მოწმის განმარტებით, 2003 წლის აპრილში, აღდგომის დღესასწაულის უქმეებამდე თ-----ი შვილთან, ლ-------ნ ერთად იყო ჩასული დედისეულ სახლში; წვიმიანი დღეების გამო, იმ ოთახში, სადაც ღუმელი ედგათ, წყალი ჩამოდიოდა და სახლის სახურავზე ,,კრამიტები’’ გაასწორა თ-----ის დავალებით; მოწმემ დაადასტურა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ ყოველ წელს რაღაცას არემონტებდა თ-----ი დედისეულ სახლში, უვლიდა ეზოს, რა დროსაც ხშირად დახმარებია ამ უკანასკნელს ეზოს გათიბვაში ანაზღაურების სანაცვლოდ; როგორც საკუთარს, ისე უვლიდა და არემონტებდა თ-----ი დედისეულ სახლს; ა-–---------ას გარდაცვალებამდეც ასე იყო და შემდეგაც; მოწმის განმარტებითვე, თ-----ს რომ არ ეზრუნა სახლის მოვლაზე, აქამდე ჩამოინგრეოდა; მოწმემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ასევე დაადასტურა, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ლ----------–-----------–- ავადმყოფობდა, სახლში მარტო ვერ რჩებოდა, ამიტომ 2003 წლის აპრილის თვეში თ-----მა წაიყვანა თბილისში მოსავლელად, უკან კი მაისის თვის ბოლოს დაბრუნდნენ;
3.2.7. სასამართლო განმარტავს, რომ მატერიალური სამართლის არცერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადასტურების სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი, მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. 147-148-ე მუხლების თანახმად, მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე, რომელიც თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის ამ გარემოებათა შესახებ.
მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ. ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტს მოწმე ფ-------------–-----ის ჩვენების არასანდოობასთან დაკავშირებით, იმ საფუძვლით, რომ იგი წლებია დაავადებულია ,,ეპილეფსიით’’ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წლებია იღებს შესაბამის პენსიას, ვინაიდან, დასახელებული არგუმენტი და მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს მოწმის მხრიდან მოვლენების არასწორად აღქმის, ასევე დამახსოვრებისა და გადმოცემის ფაქტს; მოწმე ფ-------------–-----მა სასამართლო სხდომაზე საკმაოდ ნათლად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად გასცა პასუხები მხარეთა შეკითხვებს, სასამართლოს მისცა განმარტებები საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით, რაც არ ბადებს ეჭვს მისი ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით;
ამდენად, მოწმეთა ჩვენებებით მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელის მიერ განხორციელებული აქტიური მოქმედებები მიუთითებენ მემკვიდრის, თ------–-----------–ის სამკვიდროს მიღების სურვილზე, რომლითაც ვლინდება მისი ნება გახდეს სამკვიდრო ქონებიდან მისი კუთვნილი წილის მესაკუთრე. მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ ქონების ფაქტობრივი პყრობა, მოვლა-პატრონობა დედის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში მოსარჩელე მხარეს არ შეუწყვეტია. კანონით განსაზღვრულ ვადაში თ------–-----------–ის, როგორც პირველი რიგის მემკვიდრის უფლების რეალიზაცია ადასტურებს იმას, რომ მან კანონით დადგენილი წესით (ფაქტობრივად დაუფლების გზით) სადავო სამკვიდრო მიიღო. ამასთან, დადასტურებულია, რომ ეს უკანასკნელი დღეის მდგომარეობითაც ფლობს სადავო სახლის გასაღებს, სადაც განთავსებულია მისი კუთვნილი ნივთები;
ამდენად, პროცესზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებისა და მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------–-----------–მა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოხატა სამკვიდროს მიღების ნება და ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა კიდეც დედის სამკვიდროს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;
3.2.8. ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად; (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.2-; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, ამასთან მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ მოსარჩელეს აქვს მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით თანასაკუთრების აღიარების მოთხოვნის უფლება სადავო უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე. შესაბამისად, სარჩელი სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ასევე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონტიტუციის მე-19 მუხლი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 129-ე, 130-ე 524-ე, 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1320-ე, 1324-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლება და მსგავსად სხვა ძირითადი უფლებებისა, არ არის აბსოლუტური და ამავე ნორმის მე-2 პუნქტით ამ უფლებაში ჩარევა დაშვებულია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ ლეგიტიმური საფუძვლით. მემკვიდრეობის გზით ქონების მიღებისა და საკუთრების მოპოვების სპეციალურ წესს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1433-ე მუხლი, კერძოდ, პირი, რომელიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს შეასრულებს, ხდება ქონების სრულუფლებიანი მესაკუთრე სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, 1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდესის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. ამავე კოდექსის 1324-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის, – სამკვიდროს ადგილსამყოფელი;
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.
მართალია, მოსარჩელეს კანონი განიხილავს მემკვიდრეთა წრეში, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო;
6.3.ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.
ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში, დანაშთი ქონების მოვლა-პატრონობაში და ა.შ. სამკვიდროს დაუფლებით მემკვიდრეს წარმოეშობა საკუთრების უფლება მიღებულ სამკვიდროზე, შესაბამისად, სამკვიდროს მიღება ნიშნავს ისეთი მოქმედებების განხორციელებას, რომელიც მიუთითებს სამკვიდრო ქონებით, როგორც საკუთარი ქონებით სარგებლობაზე, სამკვიდრო ქონების მიმართ მესაკუთრის უფლებამოსილებების განხორციელებას და კონკლუდენტურად გამოხატავს მემკვიდრის ნებას, მიიღოს სამკვიდრო.
6.4. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-–-----------–-----------–-ს გარდაცვალებით 2002 წლის 31 დეკემბერს გაიხსნა სამკვიდრო. ა-–-----------–-----------–-ს გარდაცვალებისას სამკვიდრო მასას წარმოადგენდა უძრავი ქონება 484 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით, მდებარე ქ. დ--–---ი, წ------------ს ქუჩა #3-, ს/კ 7-----------; დადგენილია ასევე, რომ ა-–---------ა ც-----------–ს დარჩა 4 პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, მეუღლე- ლ----------–-----------–- და შვილები - თ-----ი, ი---- და ბ---კი ც-----------–ები; ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 2016 წლის 2 ნოემბერს და პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები არ დარჩენია;
სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ცნების განმარტების მიზნებისათვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება გულისხმობს აღნიშნულ სამკვიდროში შემავალი ქონების ან მისი ნაწილის პერიოდულად ფლობას, გამოყენებას. სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებულ მოქმედებად მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში ანდა გარკვეული პერიოდულობით ამ სახლის, როგორც საკუთარის, ფლობა და მართვა;
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ თ------–-----------–მა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში გამოხატა სამკვიდროს მიღების ნება და ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა კიდეც დედის სამკვიდროს, რაც გამოიხატა დედისეული სახლის, როგორც საკუთარის მოვლა-პატრონობაში; ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების მიზნებისათვის მნიშვნელობა ენიჭება მემკვიდრის სუბიექტურ დამოკიდებულებას სამკვიდრო მასაში არსებული ქონების მიმართ. კერძოდ, გარემოებებს იმის შესახებ, რომ მემკვიდრე გარკვეულ ზომებს იღებდა სამკვიდროს დაცვის, შენარჩუნების მიზნით და თუ აშკარად გამოკვეთილი არ არის, რომ აღნიშნული ვინმეს სასიკეთოდ, საჩუქრის სახით კეთდებოდა, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე იგულისხმება, რომ მემკვიდრე ქონებას თავისად მიიჩნევდა და გარკვეულ ქმედებებს ახორციელებდა საკუთარ ქონებაზე.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პროცესზე წარმოდგენილ მოწმეთაგან არცერთი მათგანი არ შესწრებია დებს შორის ქონების გაყოფაზე რაიმე სახის მსჯელობას, სხვა უტყუარი მტკიცებულება კი იმის დასადასტურებლად, რომ თ------–-----------–მა რაიმე ფორმით უარი განაცხადა დედის დანაშთი სამკვიდროდან თავისი კუთვნილი წილის მიღებაზე, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია; შესაბამისად, მოპასუხის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ თ------–-----------–ი არ დაუფლებია დედის სამკვიდროს, რის გამოც არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი, არ არის სარწმუნო, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ აღნიშნული უტყუარად არ დასტურდება მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით. აღნიშნულის დადასტურება კი მოპასუხის მტკიცების საგანში შედიოდა;
სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე მხარის არგუმენტზე იმასთან დაკავშირებით, რომ თ------–-----------–ს მამამ აჩუქა მიწის ნაკვეთი, მდებარე დ--–---ი, წ------------ს ქ. #2-; თუმცა, ეს არ შეიძლება გახდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისთვის არგუმენტი, რადგან დასახელებული მიწის ნაკვეთი არ შედის ა-–-----------–-----------–-ს დანაშთ სამკვიდრო მასაში (იხ. სამკვიდრო მოწმობა), რაც მოცემული დავის საგანია. ამასთან, მართალია მოპასუხე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილია მთელი რიგი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენჯერ იყო სადავო უძრავი ქონება დატვირთული იპოთეკით და რამდენჯერ შეიცვალა მესაკუთრე, თუმცა აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, დასახელებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებებს კავშირი არ აქვს მხარეთა მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებთან; შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია იმსჯელოს დასახელებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით;
6.5. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის იმ ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას, რომ ქონების დაუფლებით, როგორც ოჯახის წევრის იქ სურვილისამებრ მისვლით, სახლის მოვლითა და იქ სარემონტო სამუშაოების ჩატარებით მოსარჩელე, სადავო სახლსა და ქონებას მიიჩნევდა თავისად, დედის დანატოვარ სამკვიდროდ. შესაბამისად, მის მიერ უძრავ ნივთთან მიმართებით განხორციელებული ქმედებები, მოიცავდა სამკვიდროს დაუფლებისაკენ მიმართულ ნებას. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ თ------–-----------–ს არ ჰქონია ნება მიეღო დედის სამკვიდრო ქონება. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებელ ა-–-----------–-----------–-ს პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ ი-----–-----------–მა ვერ შეძლო უტყუარი მტკიცებულების წარმოდგენა იმის დასადასტურებლად, რომ ასევე პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ თ------–-----------–მა რაიმე ფორმით უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე, მოსარჩელის წილი სადავო ქონებიდან უნდა განისაზღვროს უძრავი ნივთის 1/3 ნაწილით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
ჩუქების ხელშეკრულება განეკუთვნება ცალმხრივად მავალდებულებელ გარიგებათა რიცხვს და თავისი შინაარსით საკუთრების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ჩუქების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების პირველივე მუხლი მიუთითებს, რომ იგი მიმართულია ქონებაზე დასაჩუქრებულის საკუთრების უფლების წარმოშობისაკენ.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე მუხლების თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს. საჯარო წესრიგში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებშიც მოიაზრება ასევე საკუთრების ხელშეუხებლობა. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს. გარიგება, რითაც უარყოფილი იქნება საკუთრების ხელშეუხებლობის სოციალური ფუნქცია, უნდა ჩაითვალოს საჯარო წესრიგის დამრღვევ გარიგებად. ამ შემთხვევაში მხედველობაშია სოციალური და ეკონომიკური საჯარო წესრიგი.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, გარიგების დადების შედეგად, საკუთრების უფლება გადაეცა მოპასუხე ი-----–-----------–ს, მაგრამ გარიგების საცილოობის შემთხვევაში უნდა დადგინდეს რამდენად წარმოადგენს ის კეთილსინდისიერ შემძენს. ზოგადად, კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვის საკითხს სამოქალაქო კოდექსი წყვეტს სამოქალაქო ბრუნვის სიმყარისა და სტაბილურობის ინტერესების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება დასაჩუქრებულის, როგორც საკუთრების კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის მექანიზმი, ვინაიდან სადავო გარიგება წარმოადგენს ლ----------–-----------–-ს მიერ შვილთან - ი-----–-----------–თან დადებულ ხელშეკრულებას, რომელთათვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ თ------–-----------–იც ასევე იყო მამკვიდრებელ ა-–-----------–-----------–-ს პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე და ისიც იყო უფლებამოსილი პირი იმ სამკვიდრო ქონებაზე, რომელიც სრულად გადაიფორმა თავიდან ლავრენტი, შემდეგ კი - ი-----–-----------–მა. შესაბამისად, დასახელებული ჩუქების გარიგების დადებით მათ დაარღვიეს და ხელყვეს სხვა პირის საკუთრების უფლება, დაარღვიეს საქართველოს მატერიალური სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი საჯარო წესრიგი.
საკუთრება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, რომელიც დაცული და გარანტირებულია კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. შესაბამისად, როდესაც სარჩელი შეეხება საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლის ბათილად ცნობას, საქმის მასალებით უტყუარად უნდა დასტურდებოდეს ეს ფაქტი.
6.7. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ ფატობრივ გარემოებას, რომ ი-----–-----------–ი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს. სასამართლომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, შემძენის გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შეეძლო თუ არა სცოდნოდა მოპასუხეს სადავო ფაქტი. სწორედ ამ გარემოებათა გამოკვლევას უნდა ეფუძნებოდეს დასკვნა შენაძენის (თუ ჩუქების) ნამდვილობასა და მისი დაცვის მიზანშეწონილობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც გარიგება იდება ნათესავებს ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილი იყო ქონების ნაკლის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ოჯახის წევრებს (მოცემულ შემთხვევაში მამა-შვილს) შორის გარიგების გაფორმების დროს, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვითარება. მით უფრო მემკვიდრეობით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მეორე მხარისათვის ცნობილი იყო, რომ არსებობდა სხვა პირველი რიგის მემკვიდრეც (მათ შორის თ------–-----------–ი), რომლის უფლებაც ირღვეოდა სადავო გარიგების დადებით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დასაჩუქრებული ი-----–-----------–ი ვერ მიიჩნევა კეთილსინდისიერ შემძენად.
ამდენად, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლივად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ უტყუარად დასტურდება თ------–-----------–ის, როგორც მემკვიდრის მხრიდან იმგვარი მოქმედების განხორცილება, რაც მიმართულია სამკვიდროს მიღებისაკენ მიმართული ნებელობითი მოქმედებისკენ. თ------–-----------–ი დედის გარდაცვალების შემდეგ მართალია მუდმივად არ აგრძელებდა სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრებას, თუმცა მისი ქმედებებიდან გამომდინარე დასტურდება, რომ ქონებას საკუთრად განიხილავდა, ეპყრობოდა მას, როგორც საკუთრების საგანს, რაც მის მოვლა-პატრონობაში გამოიხატება. ყოველივე აღნიშნული ქმედება მიუთითებს, რომ თ------–-----------–მა ფაქტობრივად ქონების დაუფლების წესით მიიღო სამკვიდრო ქონება სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილ ვადაში. მოპასუხე მხარემ მოცემული დავის ფარგლებში ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ პირველი რიგის მემკვიდრემ თ------–-----------–მა უგულვებელყო კანონის დანაწესი და დაარღვია სამკვიდროს მისაღებად ნების გამოსავლენად დადგენილი წესი. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა კვლევისა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ორივე პირველი რიგის მემკვიდრე, როგორც თ-----ი, ასევე ი-----–-----------–ი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში შეუდგა სამკვიდრო ქონების მართვას და ფლობას.
6.8. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-1500 მუხლების თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. მემკვიდრეებს სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. სადავო სამკვიდრო მოწმობა გაიცა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მხოლოდ მეუღლის -ლ----------–-----------–-ს სახელზე 2005 წლის 05 აპრილს. სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, იმავე რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ თ------–-----------–მა განახორციელა თავისი უფლებები და სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ, რაც მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. მოსარჩელე მემკვიდრეობითი საფუძვლით სამართლებრივ პრეტენზიას აცხადებს სადავო სამკვიდრო ქონების ერთ მესამედ ნაწილზე იმავე რიგის მემკვიდრის ინტერესების გათვალისწინებით. შესაბამისად, არსებობს საფუძველი, თ------–-----------–ის, როგორც ა-–-----------–-----------–-ს პირველი რიგის მემკვიდრის სახელზე გაცემული სადავო სამკვიდრო მოწმობის შესაბამის ნაწილში ცვლილებების შეტანისთვის.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხე მხარის არგუმენტზე მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს შემდეგს: როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, მოსარჩელისათვის უფლების დარღვევის თაობაზე ცნობილი გახდა 2018 წლის ივნისის თვეში, სასამართლოს კი სარჩელით მომართა 2018 წლის ივლისის თვეში; სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა; ამავე კოდექსის 1450-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პი---- შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი.
მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით აპელირებული სამართლებრივი ნორმა (1450-ე მუხლი) ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ 30.10.2015 წ. Nას-111-104-2015, სუსგ 8.04.2013 წ. Nას-72-68-2013). სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდროს მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. სამკვიდროს მიღება წინ უსწრებს სამკვიდროს მოწმობის გაცემას. სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა მემკვიდრეობითი უფლების მოწმობის გასაჩივრების ვადას. განსახილველ შემთხვევაში, უტყუარად დადასტურებულია, რომ მოსარჩელე თ------–-----------–მა სამკვიდრო ქონება მიიღო ფაქტობრივი დაუფლების წესით კანონით დადგენილ ვადაში და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მოპასუხის მითითება, უსაფუძვლოა და სასამართლო ვერ გაიზიარებს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პი---- შეიტყოა ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადასთან მიმართებით, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნა უკავშირდება დარღვევის ფაქტის შეტყობას. შეუძლებელია მემკვიდრეს მოეთხოვოს სარჩელის შეტანა სამკვიდროს გახსნიდან გარკვეულ პერიოდში, როცა ამ პერიოდში მისთვის უცნობია მისი უფლებების დარღვევის შესახებ. მით უფრო, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სამკვიდრო გაიხსნა 2002 წლის 31 დეკემბერს, ხოლო სადავო სამკვიდრო მოწმობა ლ----------–-----------–-ს სახელზე გაიცა 2005 წლის 05 აპრილს.
6.9. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე თ------–-----------–ი წარმოადგენს რა ა-–-----------–-----------–-ს პირველი რიგის მემკვიდრეს, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო ფაქტობრივი ფლობით დადგენილ ვადაში და წესით, შესაბამისად, არსებობს საფუძველი მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე მისამართზე, ქ. დ--–---ი, წ------------ს ქუჩა #3-, ს/კ 7-----------, ერთ მესამედ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარებისა, რაც წარმოადგენს ლ----------–-----------–-ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის შესაბამის ნაწილში ცვლილებების შეტანის საფუძველს;
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------–-----------–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 370 (სამას სამოცდაათი) ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე ი-----–-----------–ს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ------–-----------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ნაწილობრივ 1/3 ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ლ---------------–---–-ს მიერ ლ----------–-----------–-ს სახელზე 2005 წლის 05 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის №7-----------) უძრავ ქონებაზე მდებარე მისამართზე: ქ. დ--–---ი, წ------------ს ქ. #3--ში.
3. ნაწილობრივ 1/3 ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი ლ----------–-----------–სა და ი-----–-----------–ს შორის უძრავ ქონებაზე - მდებარე, ქ. დ--–---ი, წ------------ს ქ. #3--ში. (საკადასტრო კოდი N7-----------), 2017 წლის 27 ივნისს გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრაციის №8------------.
4. თ------–-----------–ი ცნობილ იქნეს ქ. დ--–---ი, წ------------ს ქ. #3--ში. (საკადასტრო კოდი N7-----------) მდებარე 484 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის 1/3 წილის თანამესაკუთრედ.
5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 370 (ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოშიდა ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოფიო ლეჟავა