გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2019
საქმის ნომერი
330210119003065889
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/15092-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი შორენა აბჟანდაძე

მოსარჩელე - თე-------------–---ი

წარმომადგენელი - მა-–-------------–---–ი, მა-----------–----ა

მოპასუხე - რო------–-–---–ი

წარმომადგენელი - თე-----------------–---–ი

დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გასვლა, მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელე თე-------------–---ი ცნობილ იქნეს უძრავი ქონების მდებარე: ქ. თ---–------------–------------------------- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0--------------- მესაკუთრედ (დააზუსტა მოთხოვნა, იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

მოსარჩელე მხარის მითითებით, მოსარჩელე თე-------------–---ი და მოპასუხე რო------–-–---–ი არიან უახლოესი ნათესავები. რო------–-–---–მა ბიძას თე-------------–---ს სთხოვა მისთვის მიეყიდა მიწის ნაკვეთი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, თანხის შემდგომში გადახდით. 2014 წლის 1---------- ნასყიდობის ხელშეკრულებით თე-------------–---მა რო------–-–---–ს გადაუფორმა მიწის ნაკვეთის ნაწილი და ამ ნასყიდობის ხელშეკრულების და გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე რო------–-–---–ი ირიცხება #0--------------- უძრავი ქონების მესაკუთრედ. ნასყიდობის ფასად განისაზღვრა 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. მოსარჩელე მხარის მითითებით, მოპასუხეს არ გადაუხდია ნასყიდობის საფასური და აიღო ვალდებულება, რომ ნასყიდობის თანხას გადაიხდიდა მალევე. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულის შემდგომ გავიდა ხუთი წელი და მოპასუხე არ ასრულებს ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, არ იხდის ნასყიდობის საგნის საფასურს, რის საფუძველზეც მან მოთხოვა ქონების უკან დაბრუნება მისგან თუმცა უშედეგოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე რო------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან თე-------------–---თან 2014 წლის 1--------- გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება დიღომში მდებარე 450 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნახევარზე 225 კვ.მ. ფართზე. ნასყიდობის ღირებულებამ შეადგინა 7000 აშშ დოლარი, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაუხადა მოსარჩელეს. თე-------------–---ის თხოვნით, ვინაიდან იყო მოპასუხის ახლობელი, რო------–-–---–მა საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა 199 კვ.მ. რამოდენიმე წლის მერე, როდესაც მოპასუხემ ქ. თბილისის მერიიდან აიღო მშენებლობის ნებართვა და აპირებდა მშენებლობის დაწყებას, თ. ვ--–----ა უთხრა, რომ შეცდა მიწის გაყიდვის დროს მის ფასში (რადგან მიწის ფასმა აიწია) და მოპასუხეს მოსთხოვა 1 კვ.მ. მიწის ფართი მთლიანად დაეთმო მისთვის, რაზეც მოპასუხემ უარი უთხრა. სწორედ ამ უარს მოყვა უსიამოვნება და მხარეებს შორის დაიძაბა ურთიერთობა.

მოპასუხე მხარის მითითებით, მხარეები არიან ერთმანეთის ნათესავები და შესაბამისად ნდობის გამო რაიმე სახის წერილობითი ხელწერილი არ შედგენილა ფულის გადახდასთან დაკავშირებით.

მოპასუხემ მიუთითე, რომ მას გააცნია მუდმივი შემოსავალი. სწორედ იმ პერიოდში აქვს შეძენილი სხვა ქონებები და მას ყოველთვის გააჩნდა ფინანსური რესურსი არ დაეტოვებინა ვინმეს ვალი. მას სრულად გადაიხადა ნასყიდობის საფასური და შესაბამისად ქონების დაბრუნების რაიმე წინაპირობა არ არსებობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2014 წლის 1---------, თე-------------–---ს და რო------–-–---–ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თე-------------–----ა რო------–-–---–ს მიყიდა კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი, მდებარე: ქ. თ---–------------–----------------------------------------------–--------------------------------------------- (შემდგომში ,,ნასყიდობის საგანი“), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0--------------5.

ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 7000 აშშ დოლარად, შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში.

ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, გამყიდველმა აიღო ვალდებულება ნასყიდობის საგანი გადაეცა მყიდველისთვის წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 1---------- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-17);

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.1.2. 1--------- წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე: თ---–------------–---------------------------------–-- (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0---------------, ფართი 450 კვ.მ. თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა თე-------------–---ზე და რო------–-–---–ზე, კერძოდ, 225/00 კვ.მ. დარეგისტრირდა თე-------------–---ზე, ხოლო 225.00 კვ.მ. რო------–-–---–ზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1--------- წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 50-51).

 

3.1.3. 0--------- წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული 0--------- წლის გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება მდებარე: თ---–------------–---------------------------------–-- (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0---------------, ფართი 199.00 კვ.მ., საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხე რო------–-–---–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 0--------- წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.1.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე რო------–-–---–ს, მოსარჩელე თე-------------–---თან 2014 წლის 1--------- გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, ვალდებულება შესრულებული არ აქვს. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება მოპასუხე რო------–-–---–ის მიერ ნასყიდობის საგნის ფასის მოსარჩელე მხარისთვის გადახდის ფაქტი.

 

სასამართლო მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათი ერთობლიობაში შეფასება.

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხესთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული არ აქვს, რომელიც შეადგენს 7000 აშშ დოლარს. თავის მხრივ, მოპასუხე მხარემ აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინა შესაგებელი და მიუთითა, რომ მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული. მან გადაიხადა ნასყიდობის საფასური 7000 აშშ დოლარის ოდენობით, შესაბამისად, მოსარჩელე მხარის პრეტენზიები მის მიმართ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასაბუთების მიზნით მოპასუხემ წარმოადგინა მტკიცებულებები, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერები, სალაროს შემოსავლის ორდერები, იმ ვითარების დასადასტურებლად, რომ მან სადავო უძრავი ქონების გარდა, დროის სხვადასხვა მონაკვეთში შეიძინა სხვა ქონებებიც, რომელთა ღირებულება კეთილსინდისიერად აქვს ანაზღაურებული.

 

სასამართლომ მოისმინა მხარეთა განმარტებები, გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სხვა ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში მოპასუხე მხარის კეთილსინდისიერებას, არ წარმოადგენენ მის მიერ თე-------------–---ის მიმართ, 2014 წლის 1---------- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებებს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-431-ე მუხლებში საუბარია ვალდებულების შესრულების მიღების ფორმებზე. კერძოდ, 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ

ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. უფრო მეტიც, არაკეთილსინდისიერ კრედიტორს შეუძლია, ასეთი დოკუმენტის გაუცემლობის შემთხვევაში, განმეორებით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. სწორედ, ამიტომ კანონი მას ავალდებულებს სათანადო დოკუმენტის გაცემას.

 

სასამართლოს განმარტებით, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე. არსებობს უამრავი ფაქტორი, რამაც შესაძლოა განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედაობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. იგივე შეიძლება ითქვას სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლზეც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია მოითხოვოს სავალო დოკუმენტის დაბრუნება ან გაუქმება. ასეთი დოკუმენტის გაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, მოვალეს უფლება აქვს, მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია. ყველა მითითებულ შემთხვევაში კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ურთიერთობასთან მიმართებაში, მოპასუხის მიერ სხვა ქონებების ყიდვასთან დაკავშირებული სალაროს შემოსავლის ორდერების და საჯარო რეესტრის ამონაწერების წარმოდგენით, არ დასტურდება რო------–-–---–ის მიერ, თე-------------–---თან 2014 წლის 1--------- დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, რო------–-–---–ის, როგორც აღნიშნული ქონების მყიდველის მიერ, ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 1---------- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-17);

- საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს.ფ. 77-78, 79-80);

- სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 81-83);

- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 96-99);

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი;

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 317.1, 352-ე, 405-ე, 477-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს გააჩნიათ კონკრეტული უფლებები და აკისრიათ შესაბამისი ვალდებულებები. წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გამყიდველის მიერ სრულად იქნა შესრულებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოწინააღმდგე მხარის - მყიდველის მიერ არ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული ნასყიდობის ფასი გადახდილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შედეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მითითებით მოპასუხე არ ასრულებს ფულად ვალდებულებას, ხოლო მას აღარ გააჩნია ხელშეკრულების მიმართ ინტერესი და შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლით ითხოვს საკუთრების უკან დაბრუნებას.

გადაწყვეტილების დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მოპასუხე მხრის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულება შესრულების ფაქტი არ დასტურდება. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარე არ ეთანხმება ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს და მოსარჩელე მხარის მიერ დამატებითი გონივრული ვადის მიცემა ამ კუთხით უშედეგოა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული უძრავი ქონების ნაწილის (ასევე, მოგვიანებით გამიჯვნის ხელშეკრულებით დაკორექტირებული) მოსარჩელის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირისათვის არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

ვინაიდან, წარმოდგენილ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა და ამასთანავე, მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, მოპასუხე რო------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 586.85 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--------- წლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, თე-------------–---ის განცხადება დაკმაყოფილდა. მოპასუხე რო------–-–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თ---–------------–-----------------------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 199.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0--------------- გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 38-ე, 39-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 248, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე თე-------------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. თე-------------–---ი ცნობილ იქნეს უძრავი ქონების მდებარე: ქ. თ---–------------–------------------------- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0--------------- მესაკუთრედ.

 

2. რო------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 586.85 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე