გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/861-17 (140210017001975288)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი
სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური
მოსარჩელე - სს „ტ---------“
წარმომადგენელი - ლ--------------
მოპასუხეები - გ------- ს------–--ე, თ----- ს------–--ე, ნ---- ს------–--ე, მ------ ს------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს გ------- ს------–--ეს, მ------ ს------–--ესა და ნ---- ს------–--ეს სს „ტ---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 17 271,05 (ჩვიდმეტი ათას ორას სამოცდათერთმეტი აშშ დოლარისა და ხუთი ცენტის) აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 15 715,99 (თხუთმეტი ათას შვიდას თხუთმეტი აშშ დოლარი და ოთხმოცდაცხრამეტი ცენტი) აშშ დოლარი, პროცენტი - 631,68 (ექვსას ოცდათერთმეტი აშშ დოლარი და სამოცდარვა ცენტი) აშშ დოლარი, ჯარიმა - 923,38 (ცხრაას ოცდასამი აშშ დოლარი და ოცდათვრამეტი ცენტი) აშშ დოლარი;
1.2. მოპასუხეებს გ------- ს------–--ეს, მ------ ს------–--ესა და ნ---- ს------–--ეს სს „ტ---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 15 715,99 აშშ დოლარზე წლიური 14%-ის სარგებლის გადახდა, 2017 წლის 11 მაისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა;
1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთები:
გ------- ს------–--ის, თ----- ს------–--ისა და ნ---- ს------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე, გორის რაიონის სოფელ თ---------აში (ს-------------------------5--0--0--);
გ------- ს------–--ის, თ----- ს------–--ისა და ნ---- ს------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე, გორის რაიონის სოფელ თ---------აში (ს-------------------------5--05.---);
გ------- ს------–--ის, თ----- ს------–--ისა და ნ---- ს------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე, გორის რაიონის სოფელ თ---------აში, ზ---- ს------–--ის ქუჩა № 32 (ს-------------------------5--0--0--);
1.4. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი სს „ტ---------ს“ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მოხდეს გ------- ს------–--ის, ნ---- ს------–--ის და მ------ ს------–--ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებიდან.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე გ------- ს------–--ემ სარჩელი ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში 14 000 აშშ დოლარის ფარგლებში ცნო, ხოლო პირგასამტეხლოს შემცირება 0,01 %-მდე მოითხოვა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. მოპასუხე ნ---- ს------–--ემ სარჩელი ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში 14 000 აშშ დოლარის ფარგლებში ცნო, ხოლო პირგასამტეხლოს შემცირება 0,01 %-მდე მოითხოვა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. მოპასუხე მ------ ს------–--ემ სარჩელი ძირითადი თანხის ნაწილში ცნო 14 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებს არ დაეთანხმა.
2.4. მოპასუხე თ----- ს------–--ემ სარჩელი ძირითადი თანხის ნაწილში ცნო 14 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებს არ დაეთანხმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 7 ივნისს ერთის მხრივ, სს „ტ--------სა (ყ------–-------------------------------) და მერეს მხრივ, გ------- ს------–--ეს შორის დაიდო №TB.0329488.001 გენერალური ხელშეკრულება საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ შემდეგი პირობებით: მაქსიმალური ლიმიტის თანხა - 200 000 აშშ დოლარი; მაქსიმალური ლიმიტის მოქმედების ვადა 07.06.2036 წლის ჩათვლით; საპროცენტი განაკვეთის ფარგლები არანაკლებ 1 % და არაუმეტეს 36 %. პირგასამტეხლოს ოდენობა შეთანხმდებოდა მხარეთა შორის დამატებითი ხელშეკრულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გენერალური ხელშეკრულება №TB.0329488.001.
3.1.2. გენერალური ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაფორმებული სხვა შემადგენელი ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ერთის მხრივ სს „ტ--------სა“ და მეორეს მხრივ, გ------- ს------–--ეს, თ----- ს------–--ეს და ნ---- ს------–--ეს შორის 2016 წლის 7 ივნისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, რომელთა საკადასტრო კოდებია: 66.5--0--0--; 66.5--05.---; 66.5--0--24.
ხელშეკრულებების მე-13 მუხლის მიხედვით, უზრუნველყოფის საგნის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას მოთხოვნა იპოთეკარის მიმართ დაკმაყოფილებულად ჩაითვლებოდა რეალიზაციის შედეგად იპოთეკარის მიერ მიღებული თანხის ნაწილში და იპოთეკარს უფლება ჰქონდა მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გამოეყენებინა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების კანონმდებლობით დადგენილი სხვა ზომები და საშუალებები მსესხებლის მიმართ და გადახდა მოეთხოვა მსესხებლის სხვა ნებისმიერ ქონებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულება №TB.0329488.001/01;
- იპოთეკის ხელშეკრულება №TB.0329488.001/02;
- იპოთეკის ხელშეკრულება №TB.0329488.001/03.
3.1.3. გენერალური ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს „ტ--------სა“ და მ------ და ნ---- ს------–--ეებს შორის 2016 წლის 14 ივნისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც თავდებებმა სოლიდარულად და სრულად იკისრეს პასუხიმგებლობა, შეესრულებინათ გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თითიეული თავდების მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 200 000 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №TB.0329488.001/01;
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №TB.0329488.001/02.
3.1.4. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის 14 ივნისს ერთის მხრივ, სს „ტ--------სა“ და მეორეს მხრივ, გ------- ს------–--ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა 16 500 აშშ დოლარი; საბანკო კრედიტის ვადა 14.06.2016-დან 15.03.2021 წლამდე ვადით; წლიური საპროცენტო განაკვეთი 14 %; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №TB.0329488.001-001.
3.1.5. მსესხებელს საბანკო კრედიტი უნდა დაებრუნებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, რაც არ შეასრულა. ბანკმა მსესხებელს, თავდებებსა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეებს შეტყობინებები გაუგზავნა, რომლითაც აცნობა, რომ მსესხებელს დავალიანება ერიცხებოდა და იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინების ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში არ იქნებოდა დაფარული დავალიანება, ბანკი თანხის გადახდისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილების წერილები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ არ შეადგენს 17 271.05 აშშ დოლარს, ვინაიდან თანხის გარკვეული ნაწილი დაფარული აქვთ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების შესახებ ცნობა;
- გ------- ს------–--ის, თ----- ს------–--ის, ნ---- ს------–--ის, მ------ ს------–--ის შესაგებელი;
- გ------- ს------–--ისა და ნ---- ს------–--ის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე მუხლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის საპროცესო ვალდებულებაა, სათანადო წერილობითი მტკიცებულებების წარდგენით დაამტკიცოს, რომ მან მსესხებელს სესხის სახით გადასცა თანხა, ხოლო ამ უკანასკნელის ვალდებულებაა სათანადო მტკიცებულებები წარმოადგინოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად.
მოპასუხეებმა სასარჩელო მოთხოვნა 14 000 აშშ დოლარის ფარგლებში ცნეს და მიუთითეს, რომ თანხის გარკვეული ნაწილი დაფარული აქვთ, რის დასადასტურებლად სასამართლოს მხოლოდ ახსნა-განმარტებები წარმოუდგინეს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების მიჩნევა სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ დავალიანება მოსარჩელის მიმართ 14 000 აშშ დოლარზე მეტს არ შეადგენს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას მასზე სასამართლო სამართლებრივ შეფასებაში გაამახვილებს ყურადღებას, კერძოდ, მისი საპროცენტო ოდენობა შეუსაბამოდ მაღალს წარმოადგენს თუ არა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, მე-400, 405-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 898-ე, 417-ე, 418-ე, 411-ე, 414-ე, 412-ე, 286-ე, 301-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 7 ივნისს და 2016 წლის 14 ივნისს მოსარჩელესა და გ------- ს------–--ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და მათ უზრუნველსაყოფად სს „ტ--------სა“ და მოპასუხეებს შორის დადებული თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელებიც ხელშემკვრელ მხარეებს ანიჭებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და აკისრებს კონკრეტულ ვალდებულებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სს ,,ტ--------სა” და მოპასუხე გ------- ს------–--ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 7 ივნისს გაფორმებული საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებით, რომლის ფარგლებში მხარეებს შორის 2016 წლის 14 ივნისს გაფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრილებით მოსარჩელემ გასცა და მოპასუხემ მიიღო სესხი შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა 16 500 აშშ დოლარი; საბანკო კრედიტის ვადა 14.06.2016-დან 15.03.2021 წლამდე ვადით; წლიური საპროცენტო განაკვეთი 14 %; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5 %.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
ამავე კოდექსის 40--1 მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს დავალიანების სრულად დაფარვა.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 463-ე და 464-ე მუხლების თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
მოპასუხეები მ------ ს------–--ე და ნ---- ს------–--ე წარმოადგენენ რა 2016 წლის 7 ივნისის საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალურ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულ თავდებებს, მათ გ------- ს------–--ესთან ერთად სს „ტ---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად ეკისრებათ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა.
6.3. მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლოს კონკრეტული ოდენობა და მისი გადახდის ვალდებულება, მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ვინაიდან, სასამართლომ მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი დააგინა, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისაგან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდა. შესაბამისად, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის - 923.38 აშშ დოლარის დაკისრება ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით კანონიერია და იგი არც შეუსაბამოდ მაღალია.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანხმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას.
აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს, საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, ვინაიდან როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება მოპასუხეზე გაიცა სარგებლიანი სესხი და მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სწორედ სარგებლის მიღება. შესაბამისად, სახეზეა მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი, რაც ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.
შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ მითითებული სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ტ---------“ უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისაგან მიუღებელი შემოსავალი, სესხის ძირითადი თანხის წლიური 14 %, ვალდებულების სრულად შესრულებამდე მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის, რასაც ითხოვს სარჩელით. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო ვერ გაზიარებს მოპასუხეების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ სხვა თანხის მოთხოვნის უფლება აღარ აქვს.
რაც შეეხება მოპასუხეების პოზიციას გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობით ხელშეკრულების ყოველგვარი წინაპირობის გარეშე შეწყვეტასთან დაკავშირებით, არის სამართლებრივ საფუძველს მოკლებული. ამასთან, სასამართლოს წარმოდენილი სარჩელის ფარგლებში მიზანშეწონილად არ მიაჩნია მიმოიხილოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
გენერალური ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაფორმებული სხვა შემადგენელი ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ერთის მხრივ სს „ტ--------სა“ და მეორეს მხრივ, გ------- ს------–--ეს, თ----- ს------–--ეს და ნ---- ს------–--ეს შორის 2016 წლის 7 ივნისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, რომელთა საკადასტრო კოდებია: 66.5--0--0--; 66.5--05.---; 66.5--0--24.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი და პირველი პრიმა ნაწილების თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის კრედიტორს, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილება ენიჭება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ნივთის რეალიზაციის გზით. ამასთან, კანონმდებლის მიერ დადგენილია შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება თუნდაც მაშინ, როდესაც იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა საკმარისი არ არის ამ მოთხოვნის დასაფარად, თუკი კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მითითებული ნორმა მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ შეთანხმდნენ სტანდარტულ წესზე. კერძოდ, იმ საკითხზე, რომ რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ნაკლებობისას მოთხოვნის უფლება არ გაუქმდება. ამდენად, მითითებული ნორმა ითვალისწინებს შესაძლებლობას, მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა და მოთხოვნის ოდენობას შორის მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.
დადგენილია, რომ სს „ტ---------“ და მოპასუხე გ------- ს------–--ე შეთანხმებულები არიან დავალიანების დასაფარად აღსრულების იმგვარ წესზე, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არასაკმარისი იქნება დავალიანების დასაფარად, ბანკი უფლებამოსილია აღსრულება მოითხოვოს მოვალის სხვა ქონებიდან. აღნიშნული შეთანხმება სოლიდარულ თავდებებთან არ ყოფილა, შესაბამისად, ნ---- ს------–--ისა და მ------ ს------–--ის ქონებებიდან თანხის აღსრულების ნაწილში სარჩელი ვერ დაკმაყოფილდება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება გადასახდელი თანხით.
სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოსარჩელემ სარჩელის ფასად 47 450 ლარი მიუთითა, რისთვისაც სახელმწიფო ბაჟის სახით 1 423 ლარი გადაიხადა.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს 14 000 აშშ დოლარის ნაწილში, რაც სარჩელის შემოტანის პერიოდისათვის ეროვნულ ვალუტაში არის 33 731,60 ლარი (14 000 X 2,4094=33731,60).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სარჩელი 14 000 აშშ დოლარის ნაწილში მოსამზადებელ სხდომაზე ვინაიდან ცნეს მოპასუხეებმა, ამასთან სს „ტ--------მა“ სახელმწიფო ბაჟი ზედმეტი გადაიხადა მას ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1 027,53 (ათას ოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაცამეტი თეთრი) ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
გ------- ს------–--ეს, მ------ ს------–--ეს, ნ---- ს------–--ესა და თ----- ს------–--ეს სს „ტ---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 395,47 (სამას ოთხმოცდათხუმეტი ლარისა და ორმოცდაშვიდი თეთრის) ლარის გადახდა, ვინაიდან სარჩელი სხვა მოთხოვნების ნაწილში (5471,29X2,4094=13182,52 ლარი) არ ცნეს, რომელიც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ”ტ---------ს” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეებს გ------- ს------–--ეს, მ------ ს------–--ესა და ნ---- ს------–--ეს სს „ტ---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 17 271,05 (ჩვიდმეტი ათას ორას სამოცდათერთმეტი აშშ დოლარისა და ხუთი ცენტის) აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 15 715,99 (თხუთმეტი ათას შვიდას თხუთმეტი აშშ დოლარი და ოთხმოცდაცხრამეტი ცენტი) აშშ დოლარი, პროცენტი - 631,68 (ექვსას ოცდათერთმეტი აშშ დოლარი და სამოცდარვა ცენტი) აშშ დოლარი, ჯარიმა - 923,38 (ცხრაას ოცდასამი აშშ დოლარი და ოცდათვრამეტი ცენტი) აშშ დოლარი;
3. მოპასუხეებს გ------- ს------–--ეს, მ------ ს------–--ესა და ნ---- ს------–--ეს სს „ტ---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 15 715,99 აშშ დოლარზე წლიური 14%-ის სარგებლის გადახდა, 2017 წლის 11 მაისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა;
4. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთები:
4.1. გ------- ს------–--ის, თ----- ს------–--ისა და ნ---- ს------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე, გორის რაიონის სოფელ თ---------აში (ს-------------------------5--0--0--);
4.2. გ------- ს------–--ის, თ----- ს------–--ისა და ნ---- ს------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე, გორის რაიონის სოფელ თ---------აში (ს-------------------------5--05.---);
4.3. გ------- ს------–--ის, თ----- ს------–--ისა და ნ---- ს------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე, გორის რაიონის სოფელ თ---------აში, ზ---- ს------–--ის ქუჩა № 32 (ს-------------------------5--0--0--);
5. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს გ------- ს------–--ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე;
6. მოპასუხეებს გ------- ს------–--ეს, მ------ ს------–--ეს, ნ---- ს------–--ესა და თ----- ს------–--ეს სს „ტ---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 395,47 (სამას ოთხმოცდათხუმეტი ლარისა და ორმოცდაშვიდი თეთრის) ლარის გადახდა;
7. მოსარჩელე სს „ტ--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1027,53 (ათას ოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაცამეტი თეთრი) ლარი, რაც 2017 წლის 12 ივნისს №6 საკრედიტო საგადასახადო დავალებით განთავსებულ იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე. სახაზინო კოდი: 300833150, ბანკის კოდი: TRESGE22;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი