გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2590-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
6.04.2020 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
მოსარჩელე შ------- ე--------ი
მოპასუხეები ნ----------–- ე--------ი
ე-–--- ჯ-----ა
წარმომადგენელი დარეჯან ბუცხრიკიძე
დავის საგანი ყადაღისაგან მოძრავი ქონების გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2019 წლის 19 აგვისტოს შედგენილ დაყადაღების აქტში მითითებული ნივთი - სარეცხი მანქანა ,,INDEZIT’’-ის ფირმის, ნაცრისფერი, 8 კილოგრამიანი;
სარჩელი გარემოებები:
2019 წლის 19 სექტემბერს ჩაბარდა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს შეტყობინება, რომლის მიხედვით ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი 2-566-15 სადაც მოვალეა ნ----------–- ე--------ი, ხოლო კრედიტორია ე-–--- ჯ-----ა. კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე დაყადაღდა მოძრავი ნივთი. კერძოდ - სარეცხი მანქანა ,,INDEZIT", რომელიც მოსარჩელის განმარტებით მან 2019 წლის 2 მაისს შეიძინა განვადების ხელშეკრულებით.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხე ე-–--- ჯ-----ამ 2020 წლის 23 იანვარს წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო.
მოპასუხე ნ----------–- ე--------ს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადდა.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე ე-–--- ჯ-----ას წარმომადგენელმა დარეჯან ბუცხრიკიძემ განმარტა, რომ მოპასუხე ცნობს სარჩელს და სადაო ნივთების რეალიზაციის გზით აღსრულება არ სურს. ასევე თანხმობა განაცხადა საქმეზე გადაწყვეტილება გამოტანილი იქნას ზეპირი მოსმენის გარეშე.
მოსარჩელე შ------- ე--------მა თანხმობა განაცხადა, რომ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული იქნას ზეპირი მოსმენის გარეშე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალე ნ----------–- ე--------ისთვის დაკისრებული თანხის იძულებით გადახდევინების მიზნით დაყადაღებულია საყოფაცხოვრებო დანიშნულების მოძრავი ნივთი - სარეცხი მანქანა ,,INDEZIT’’-ის ფირმის, ნაცრისფერი, 8 კილოგრამიანი, რომლებიც განთავსებულია მისამართზე რუსთავი, მე-14 მ/რ, კორპ 44, ბინა 45.
სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სარჩელი (ს.ფ. 25-28. ტომი 1)
- დაყადაღების აქტის ასლი (ს.ფ. 7-8. ტომი 1 )
- შესაგებელი (ს.ფ. 63-65. ტომი 1 )
3.1.2. დაყადაღების აქტში მითითებული ნივთი - სარეცხი მანქანა ,,INDEZIT’’-ის ფირმის, ნაცრისფერი, 8 კილოგრამიანი; შ------- ე--------მა შეიძინა 2019 წლის 2 მაისს სამომხმარებლო განვადების ხელშეკრულებით. შ------- ე--------მა ნივთის შეძენისათვის სესხი აიღო სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალისგან 885 ლარის ოდენობით.
სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სარჩელი (ს.ფ. 25-28. ტომი 1)
- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 10-16. ტომი 1)
- მოპასუხის განმარტება (17.03.2020წ სხდომის ოქმი CD დისკი )
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე, 151-ე, 324-ე, 170-ე, 172-ე მუხლები
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17, 32-ე, 40-ე, 44-ე მუხლები.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 207-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 208-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
განსახილველ საქმეში დავის საგანია მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება, ხოლო ნივთები წარმოადგენს იძულებითი აღსრულების საგანს და აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულია მოვალე ნ----------–- ე--------ისათვის დაკისრებული ფულადის ვალდებულების იძულებით აღსასრულებლად.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის ”ა.ა” ქვეპუნქტის თანახმად იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით.
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
სადაო ნივთები დაყადაღებულია ნ----------–- ე--------ის მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების მიმდინარეობისას, ხოლო იძულებითი აღსრულება დაწყებულია კრედიტორის ე-–--- ჯ-----ას სასარგებლოდ თანხის გადახდევინების მიზნით. ამდენად, სააღსრულებო წარმოებაში მოვალე არის ნ----------–- ე--------ი. შესაბამისად, იძულებითი აღსრულება შეიძლება მიექცეს მხოლოდ მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მიხედვით თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. განსახილველი სარჩელი არის მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილ მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, რადგან მოსარჩელეები აცხადებენ პრეტენზიას დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შესახებ. შესაბამისად, უნდა შეფასდეს დაყადაღებული ნივთებზე საკუთრების უფლება ეკუთვნის თუ არა მოვალეს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით დაცულია იმ პირთა უფლებები, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენის საფუძვლები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 186-ე მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
საქმეში წარმოდგენილია სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შ------- ე--------ის მიერ 2019 წლის 2 მაისს აღებულია სამომხმარებლო სესხის 885 ლარი სპეციალური განვადებით ნივთის შესაძენად.
მოპასუხე ე-–--- ჯ-----ას უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ მოპასუხე ცნობს სარჩელს. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში იგი ეთანხმება სარჩელში მითითებულ სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლებს და თანხმობას აცხადებს, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელში სავალდებულია მოპასუხეებად კრედიტორისა და მოვალის ჩაბმა, შესაბამისად, მათი საპროცესო თანამონაწილეობა სავალდებულო ხასიათისაა. ამ შემთხვევაში სარჩელი ცნო მოპასუხე ე-–--- ჯ-----ამ, ხოლო მეორე მოპასუხეს ნ----------–- ე--------ს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია (მისთვის გაგზვნილი სარჩელი ჩაიბარა დისშვილმა ჟანა ძიძარიამ 2020 წლის 10 იანვარს). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2311-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამ ნორმის საფუძველზე ნ----------–- ე--------ის მიერ სარჩელზე წერილობითი შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო რადგან მოპასუხეების თანამონაწილეობა სავალდებულოა და მეორე მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს წერილობითი შესაგებელი, საქმეზე სასამართლო მიიღებს საერთო გადაწყვეტილებას მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე და არა სარჩელზე წერილობითი შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო.
სარჩელში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით და მოპასუხე ე-–--- ჯ-----ას განმარტების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთი შეიძინა მოსარჩელე შ------- ე--------მა. სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის საფუძველზე, მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის საკმარისია მესაკუთრის მიერ ნივთის შემძენის მფლობელობაში გადაცემა. ამ შემთხვევაში სახეზეა მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის 158-ე და 186-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა გარემოება, რაც სადაო ნივთებზე მოსარჩელეების საკუთრების უფლებას ადასტურებს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). ეს ნორმა ითვალისწინებს იმ პრეზუმფციას, რომ მოვალესთან აღმოჩენილი მოძრავი ნივთები არის მოვალის საკუთრება. თავის მხრივ ეს პრეზუმფცია გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლიდან, რომლის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამდენად, ეს ნორმა სასამართლო აღმასრულებელს აძლევს უფლებას მოვალის საკუთრებად მიიჩნიოს მოვალის მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთები და არ ავალდებულებს თითოეულ ნივთზე საკუთრების უფლება დოკუმენტურად შეამოწმოს.
ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების სარჩელის არსი სწორედ ამ პრეზუმფციის წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან მოსარჩელე საკუთრების უფლების პრეტენზიას აცხადებს დაყადაღებულ ნივთებზე. მოსარჩელის დასაბუთებული პრეტენზიის შემთხვევაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ 44-ე მუხლით გათვალისწინებული პრეზუმფცია გარწყლდება და დაყადაღებული ნივთი მოსარჩელეს უბრუნდება.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაყადაღებული ნივთი შეძენილია მოსარჩელის მიერ, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია განახორციელოს მასზე მესაკუთრის ყველა უფლებამოსილება. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს ან სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად იძულებითი აღსრულება შეიძლება მიექცეს მოვალის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. ასეთ გარემოებას ამ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, რადგან დაყადაღებული ნივთები არის მოსარჩელეების საკუთრება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთი უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
2020 წლის 17 მარტის სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დარეჯან ბუცხრიკიძემ, რომელსაც მინდობილობით მინიჭებული აქვს სარჩელის ცნობის უფლებამოსილება, განაცხადა, რომ მოპასუხე სრულად ცნობს სარჩელს. ამდენად, მოპასუხემ დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე განაცხადა სარჩელის ცნობის შესახებ, რაც ზემოთაღნიშნული გარემოებების გამო მის წინააღმდეგ წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე მხარეთა თანხმობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც გამოაქვს მოტივირებული განჩინება. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე სასამართლომ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. ამ ნორმის შესაბამისად 2020 წლის 17 მარტის განჩინებით დადგენილია საქმის ზეპირის მოსმენის გარეშე განხილვა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოპასუხე ე-–--- ჯ-----ამ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე იგი თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, მოსარჩელეს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ხოლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ძალას კარგავს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 1991-ე, 207-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შ------- ე--------ის სარჩელი;
1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2019 წლის 19 აგვისტოს შედგენილ დაყადაღების აქტში მითითებული ნივთი - სარეცხი მანქანა ,,INDEZIT’’-ის ფირმის, ნაცრისფერი, 8 კილოგრამიანი;
2. შ------- ე--------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2019 წლის 19 დეკემბერს სარჩელის უზრუნველყოს შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (საგადახდო დავალება N0) და სარჩელზე 2019 წლის 27 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (საგადასახადო დავალება N1). თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე ანგარიშზე: ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში რუსთავის საქალაქო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის გზით.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი