გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.03.2020
საქმის ნომერი
330310019003349327
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/9830-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

30 მარტი, 2020 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე

მოსარჩელე - რ------------ძე

წარმომადგენელი - დ------–--–---–---

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - სო---------------ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 დეკემბრის MES 2------------ გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოხდა რ------------ძის სახელზე გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის SHSSA №0----- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრება;

 

1.2. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რ------------ძის სახელზე გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის SHSSA №0----- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2017 წლის 13 ივლისს, რ------------ძემ განცხადებით მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა მის სახელზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ 2006 წელს გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის SHSSA №0----- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.

 

განცხადებას თან დაერთო დიპლომირებული სპეციალისტის SHSSA №0----- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომი, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ოპერატიულ-საგამოძიებო ფაკულტეტის 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, რ------------ძეს მიენიჭა სამართალმცოდნეობის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-2017 წლის 13 ივლისის განცხადება დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე (ს.ფ. 30-31);

-დიპლომირებული სპეციალისტის SHSSA №0----- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომი (ს.ფ. 33);

 

3.1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის 18 ივლისს, ME--------------- წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, დანართის სახით წარუდგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ რ------------ძის სახელზე გაცემული დიპლომის ასლი და სთხოვა, რომ კორესპონდენციის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, მიეწოდებინა ინფორმაცია დიპლომის მფლობელის სწავლის (საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან მისი დასრულების ჩათვლით) პერიოდის და საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ დიპლომის მფლობელს საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ გაუვლია აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აკადემიას ეთხოვა ინფორმაციაში მიეთითებინა როდის და რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოვიდა იგი.

 

აღნიშნული წერილის პასუხად, სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორმა 2017 წლის 28 ივლისს მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და აცნობა, რომ რ------------ძემ 2006 წელს ნამდვილად დაამთავრა საქართველოს შსს აკადემია, მიენიჭა სამართალმცოდნეობის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი და მასზე გაიცა დიპლომი SHSSA №0----- (სარეგისტრაციო №0-----).

 

ამავე წერილში მიეთითა, რომ რ------------ძე 2003 წლის 08 სექტემბერს ჩაირიცხა საქართველოს შსს აკადემიის ბათუმის ფაკულტეტზე, რომელიც აკადემიის 2004 წლის 14 სექტემბრის N255 ბრძანების საფუძველზე გაუქმდა, ხოლო სტუდენტები გადმოვიდნენ ქ. თბილისში - საქართველოს შსს აკადემიაში. ასევე, აღნიშნა, რომ რ------------ძის აკადემიაში სამართალმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა მოიცავდა 4 (ოთხი) წელს, რომელიც მან გაიარა დაჩქარებული პროგრამით 3 (სამი) წელში.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 18 ივლისის ME--------------- წერილი (ს.ფ. 40);

-სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 2019 წლის 28 ივლისის M---------------- წერილი (ს.ფ. 43);

 

3.1.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 11 აგვისტოს MES-------------- გადაწყვეტილებით, რ------------ძეს უარი ეთქვა დიპლომირებული სპეციალისტის SHSSA №0----- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ოქტომბრის N3/4619-19 გადაწყვეტილების შესაბამისად, ცენტრის მიერ 2019 წლის 18 დეკემბერს მიღებული იქნა MES 2------------ გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაადასტურა დიპლომირებული სპეციალისტის SHSSA №0----- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომის ნამდვილობა.

 

ამავე გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-82 პუნქტიდან გამომდინარე, 2005-2006 სასწავლო წლის დასასრულს 4წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან. ამდენად, რ------------ძის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდება ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 11 აგვისტოს MES-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 44-47);

-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 დეკემბრის MES 2------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 58-59).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის პირველი დამატებითი ოქმი; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის - რ------------ძის უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 დეკემბრის MES 2------------ გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების უფლებაზე. ნებისმიერი ფუნქციის განხორციელებისას, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებით, ის პატივს სცემს მშობელთა უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამის განათლება და სწავლება.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უნდა უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება განმარტებული იყოს ისე, რომ დაკნინდეს ცალკეულ პირთა და დაწესებულებათა თავისუფლება შექმნან სასწავლებლები და უხელმძღვანელონ მათ იმ უცვლელი პირობით, რომ დაიცავენ ამ მუხლის 1 პუნქტში ჩამოყალიბებულ პრინციპებს და მოთხოვნას, რომ ასეთ სასწავლებლებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს მოთხოვნების იმ მინიმუმს, რომელიც შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებულია განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს, ყოველი პირისათვის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას. აგრეთვე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

 

6.3. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ხოლო მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (შემდგომ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 დეკემბრის MES 2------------ გადაწყვეტილებით ცენტრმა დაადასტურა დიპლომირებული სპეციალისტის SHSSA №0----- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომის ნამდვილობა, თუმცა ამავე გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ რ------------ძის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდება ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს.

 

6.4. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასამართლო განმარტავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ 2004 წლის საქართველოს კანონით განისაზღვრა უმაღლესი განათლების საფეხურთა განსხვავებული კლასიფიკაცია, განსხვავებით მანამდე მოქმედი სისტემისა, რამაც დღის წესრიგში დააყენა აღნიშნულ სისტემაზე გადასვლამდე მიღებული განათლების გათანაბრების საკითხის დადგენა. მითითებული კანონის პირველადი რედაქციის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დადგინდა, რომ უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სწავლების საფეხურებია: ა) ბაკალავრიატი — საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს სამ წელიწადზე ნაკლები და ოთხ წელიწადზე მეტი; ბ) მაგისტრატურა - საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს ორ წელიწადზე ნაკლები; გ) დოქტორანტურა - საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს სამ წელიწადზე ნაკლები.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ რ------------ძემ გაიარა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამა და კვალიფიკაცია მიიღო უმაღლესი სასწავლებლის მიერ დაგეგმილი სასწავლო პროცესის შესაბამისად. შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ოპერატიულ-საგამოძიებო ფაკულტეტის 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, რ------------ძეს მიენიჭა სამართალმცოდნეობის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სახელზე დიპლომის გაცემით დადასტურებულია სასწავლო გეგმის, პროგრამის შესაბამისობა იმ პერიოდში სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ გაიარა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა.

ამასთან, სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია მიუთითოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლზე, რომლის მე-8 პუნქტის თანახმად, 2005 - 2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან (კანონში ცვლილება შესულია 2005 წლის 13 მაისს).

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, თუ რა ვადაში იყო გაწერილი საგანმანათლებლო პროგრამა თავად უმაღლესი სასწავლებლის მიერ. უმაღლესი განათლების ხუთწლიანი სასწავლო პროგრამის ამა თუ იმ ვადაში დასრულება, რაც გამოწვეულია სასწავლებლის მიერ დაგეგმილი სასწავლო პროცედურის 4 წელზე გადანაწილებით, ვერ იქნება გამოყენებული დიპლომის მფლობელი პირის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, მით უფრო, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმა, რომელმაც გამიჯნა აკადემიური ხარისხი (ბაკალავრის, მაგისტრის) ამოქმედდა მას შემდეგ, რაც მოსარჩელე უკვე სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში, სასწავლებლის მიერ წინასწარ გაწერილი პროგრამის შესაბამისად და აღნიშნული ნორმის განსახილველ ურთიერთობაზე გავრცელება, დამდგარი სამართლებრივი შედეგის შეცვლასა და მოსარჩელის საუარესოდ მის შემობრუნებას გამოიწვევს.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში პროფესიული საქმიანობის უფლებას, ბიზნესის სამართალმცოდნე მენეჯერის კვალიფიკაციით. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლო კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ადგილი არ აქვს აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია. მოსარჩელე ენდობოდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 დეკემბრის MES 2------------ გადაწყვეტილება (გასაჩივრებულ ნაწილში) ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 დეკემბრის MES 2------------ გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოხდა რ------------ძის სახელზე გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის SHSSA №0----- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრება და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რ------------ძის სახელზე გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის SHSSA №0----- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამდენად, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს - რ------------ძის სარჩელთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 დეკემბრის MES 2------------ გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოხდა რ------------ძის სახელზე გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის SHSSA №0----- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრება;

 

3. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რ------------ძის სახელზე გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის SHSSA №0----- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების შესახებ.

 

4. დაეკისროს მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მოსარჩელის - რ------------ძის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე - თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე მერი გულუაშვილი