გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2020
საქმის ნომერი
330210019003109738
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/17880-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 მარტი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - ნა------------–--ე

წარმომადგენელი - გი-----------–---–ი

 

მოპასუხეები - მე-------------, თა---------------–ი, თა------–----------

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეების მე------------ის, თა------–---------ისა და თა---------------–ისთვის ნა------------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად 32 863,27 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2016 წლის 16 აგვისტოს ნა------------–--ეა და შპს „სა-------------------------------–--ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულებები: №1---- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „სა-------------------------------–--მ“ ნა------------–--ისაგან სესხის სახით მიიღო 22 600,00 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, წლიური 33%-ის დარიცხვით, საპროცენტო სარგებლის - 7085,10 აშშ დოლარის გატანა მოხდებოდა სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლისას;

 

№1---- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „სა-------------------------------–--მ“ ნა------------–--ისაგან სესხის სახით მიიღო 3 000,00 აშშ დოლარი, 4 თვის ვადით, წლიური 25%-ის დარიცხვით; საპროცენტო სარგებლის გატანა მოხდებოდა ყოველთვიურად - 59,37 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა, შპს „სა-------------------------------–--მ“ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა სესხის ძირი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაუბრუნებლობაში (ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე).

 

შპს „სა-------------------------------–--ს“ ნა------------–--ის მიმართ №1---- და №1---- სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გააჩნია დავალიანება 32 922,64 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 25 600 აშშ დოლარი წარმოადგენს სესხის ძირითად თანხების ჯამს (22 600,00+3 000,00), ხოლო 7 322,64 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელს (4*59,37 + 7085,10). მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა (№1---- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დასარიცხი პროცენტი) 59,37 აშშ დოლარის ოდენობით (იხ. 2019 წლის 04 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი 15:46:37).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით საქმეზე №1/7---17 დამნაშავედ იქნენ ცნობილი თა------–----------, მე------------- და თა---------------–ი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად, რაც არ საჩივრდება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეებმა მე-------------მ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნო და არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაგებელში მითითებულია, რომ სესხის ხელშეკრულებების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელეს კომპანიისაგან თანხის გადახდა არ მოუთხოვია. მოსარჩელემ თანხა კომპანიისაგან მიიღო და განსახილველი სარჩელით ცდილობს თანხის ხელმეორედ მიღებას. სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნა არ წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძველს.

 

თა---------------–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნო და არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

მოპასუხე თა------–----------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, ამასთან, არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, ამდენად, სარჩელთან დაკავშირებით მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2016 წლის 16 აგვისტოს ნა------------–--ესა (გამსესხებელი) და შპს „სა-------------------------------–--ს“ (მსესხებელი) შორის გაფორმდა №1---- სესხი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „სა-------------------------------–--მ“ სესხის სახით მიიღო 22 600,00 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით. მხარეთა მიერ განისაზღვრა სარგებელი წლიური 33%-ის ოდენობით (7085,10 აშშ დოლარი), პროცენტის გატანა მოხდებოდა სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლისას.

2016 წლის 16 აგვისტოს ნა------------–--ესა (გამსესხებელი) და შპს „სა-------------------------------–--ს“ (მსესხებელი) შორის გაფორმდა №1---- სესხი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „სა-------------------------------–--მ“ სესხის სახით მიიღო 3 000,00 აშშ დოლარი, 04 თვის ვადით. მხარეთა მიერ განისაზღვრა სარგებელი წლიური 25%-ის ოდენობით (თვეში 59,37 აშშ დოლარი), პროცენტის გატანა მოხდებოდა ყოველთვიურად წლიური დარიცხული სარგებლის პროპორციულად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-9).

2016 წლის 16 აგვისტოს №1---- სესხის ხელშეკრულება და შპს „სა-------------------------------–--ს“ სალაროს შემოსავლის ორდერი №1---- (ს.ფ. 24-28).

2016 წლის 16 აგვისტოს №1---- სესხის ხელშეკრულება და შპს „სა-------------------------------–--ს“ სალაროს შემოსავლის ორდერი №1---- (ს.ფ. 29-33).

 

3.1.2. შპს „სა-------------------------------–--ს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაბრუნების შესახებ არ შეუსრულებია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით (საქმეზე №1/7---17) დამნაშავედ იქნენ ცნობილი თა------–----------, მე------------- და თა---------------–ი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენის შესაბამისად მოსარჩელე ნა------------–--ე არის დაზარალებულად ცნობილი. კერძოდ, დაზარალებულთა სიაში ნა------------–--ე 965-ე ნომრადაა დაფიქსირებული.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი საქმეზე №1/7---17 გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-9).

2017 წლის 31 ივლისის განაჩენი (ს.ფ. 34-157).

2018 წლის 16 მაისის განაჩენი (ს.ფ. 158-163).

2018 წლის 12 დეკემბრის განჩინების ასლი (ს.ფ. 164-166).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, მე------------ის, თა------–---–----ის და თა---------------–ის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ნა------------–--ისათვის 25 600,00 აშშ დოლარის ოდენობით ფაქტობრივი დანაკლისის სახით ზიანის მიყენების ფაქტი.

 

სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, მასა და შპს „სა-------------------------------–--ს“ შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები და შპს „სა-------------------------------–--ს“ სალაროს შემოსავლის ორდერი (იხ. 3.1.1. ფაქტობრივი გარემოება).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დგინდება, რომ თა------–----------მ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებდა მართლზომიერ გამგებლობაში; მე-------------მ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; თა---------------–მა ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში. მათ მიერ განხორციელებული ქმედებები კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში: შპს „სა-------------------------------–--“ (ს/ნ 433101895) რეგისტრირებულ იქნა 2013 წლის 14 აგვისტოს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი ინვესტირება. კომპანიის ერთპიროვნულ დამფუძნებელს წარმოადგენდა თა---------------–ი, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებდა თა------–----------. შპს „სა-------------------------------–--ს“ საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავდა თა---------------–ის მეუღლე - მე-------------. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ შეიტანა გარკვეული თანხა, კერძოდ: 2013-2016 წლებში შპს ''სა-------------------------------–--მ'' მოქალაქეებისაგან ჯამურად სესხის სახით აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. თანხები შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „სა-------------------------------–--ს“ დირექტორმა თა------–----------მ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მე------------ის წაქეზებით და თა---------------–ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მე------------ის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამურად სესხის სახით მე-------------ზე გაიცა მსესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს "გა-------ზე"- 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც უკან არ დაუბრუნებიათ და მე-------------მ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე შპს „სა-------------------------------–--მ“ ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2343 მოქალაქეს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მიზეზობრივ კავშირს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

შესაბამისად, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მე------------ის, თა------–---------ის, თა----------------–ის მიერ დაზარალებულის (მოსარჩელის) კუთვნილი ფულადი სახსრების არამართლზომიერად დაუფლების, განაჩენით დადასტურებული ფაქტი, მოპასუხეების ქმედებაში დელიქტური ვალდებულების წინაპირობების (ბრალის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ელემენტების) არსებობის საფუძველია.

 

რაც შეეხება დანაშაულით მიყენებული ზიანის ოდენობას, სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, მოსარჩელემ სხვა მტკიცებულების წარმოდგენით უნდა დაადასტუროს ზიანის ოდენობა. სწორედ, აღნიშნულის გამო, სასამართლომ საქმე არ განიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი წესით, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია, რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნული ფაქტი სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულების (ხელშეკრულების) საფუძველზე აპრიორი (წინასწარ დადასტურებული, შემდგომი კვლევის გარეშე) დადასტურებულად არ ითვლება და სასამართლო მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად აფასებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულება და სალაროს შემოსავლის ორდერი, რითიც დასტურდება შპს „სა-------------------------------–--სათვის’’ მოსარჩელის მიერ 25 600,00 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი. ამასთან, გარემოება, რომ თანხა დაბრუნებულია მოსარჩელისათვის მოპასუხეთა მიერ არ დგინდება სათანადო მტკიცებულებით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლების გათვალისწინებით, ნა------------–--ის მიერ შპს „სა-------------------------------–--სათვის“ გადაცემული თანხის - 25 600,00 აშშ დოლარის ოდენობიდან გამომდინარე, მოპასუხეების მიერ მოსარჩელისათვის 25 600,00 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულია. მოპასუხეებმა კვალიფიციური შედავება არ განახორციელეს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნა------------–--ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს კერძოდ, მოპასუხეებს - მე-------------ს, თა------–----------ს და თა---------------–ს მოსარჩელის ნა------------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სესხის ძირი თანხების - 25 600,00 აშშ დოლარისა და პროცენტის 7263,21 აშშ დოლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე, 408-ე, 411-ე, 992-ე, 998-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. განსახილველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით დადგენილია მოპასუხეთა ბრალეულობა მოსარჩელის მიმართ დამდგარ ზიანში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით - “…ვალდებულების დარღვევა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, რომელიც იურიდიული პასუხისმგებლობის სახეა. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმათაგან ზიანის ანაზღაურებას აქვს უნივერსალური მნიშვნელობა და გამოიყენება სამოქალაქო უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევაში, მაშინ როცა სხვა ფორმების გამოყენებაზე პირდაპირ უთითებს კანონი ან ხელშეკრულება კონკრეტული სამართალდარღვევისას. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა ერთი კონტრაჰენტისა მეორეს წინაშე, სამართალდამრღვევისა – დაზარალებულის წინაშე, დაკავშირებულია არა პიროვნული თავისუფლების ბოჭვასთან, როგორც ისტორიულ წარსულში, არამედ მოვალის მხოლოდ ქონების შემცირებასთან“ (საქმე №ას-1281-2018, 7 მარტი, 2019 წელი).

 

წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანს. არასახელშეკრულებო ზიანის უზოგადესი და ცენტრალური ნორმაა სსკ-ის 992-ე მუხლი, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.

 

ქონებრივი პასუხისმგებლობის ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ჰქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართალდარღვევის ბრალი.

 

სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.

 

ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას.

 

მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როდესაც კრედიტორი თავადაც არის პასუხისმგებელი დამდგარი შედეგისათვის (სსკ-ის 415-ე მუხლი). პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.

 

ბრალი სამართალდარღვევის შემადგენლობის უმნიშვნელოვანესი სუბიექტური ელემენტია. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ბრალის ორ ფორმას: განზრახვა (dolus) და გაუფრთხილებლობა (culpa), რომლებიც პირის ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტებია (იხ. სუსგ №ას-1322-2018, 4 აპრილი 2019 წელი).

 

როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ უზრუნველყო დადასტურება მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების შედეგად მისთვის ფაქტობრივი დანაკლისის სახით ზიანის 25 600,00 აშშ დოლარის ოდენობით მიყენებისა; მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: 1. ზიანი - დადგენილია, რომ ნა------------–--ეს მიადგა ზიანი, ქონებრივი დანაკლისი 25 600,00 აშშ დოლარის ოდენობით; 2. სახეზეა მართლწინააღმდეგობა - დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა მოპასუხეთა მიერ დანაშაულის ჩადენა, ნა------------–--ეს არ მიადგებოდა ზიანი. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოპასუხეთა მიერ დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძვლით ზიანის ანაზღაურების ყველა წინაპირობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 998-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების - მე------------ის, თა------–---------ის და თა---------------–ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად სესხის ძირითადი თანხების ჯამის - 25 600,00 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს ნა------------–--ისა და შპს „სა-------------------------------–--ს“ შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მისაღები პროცენტის (7263,21 აშშ დოლარის) მოპასუხეთათვის სოლიდარულად გადახდის დაკისრებას.

 

სასამართლოს კვლევის საგანია დელიქტური ურთიერთობიდან გამომდინარე დაზარალებულის მოთხოვნის საფუძვლიანობა მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ანაზღაურების შესახებ 7263,21 აშშ დოლარის (საპროცენტო სარგებლის) მოთხოვნის ნაწილში, სსკ-ის 992-ე, 326-ე, 394-ე და 411-ე მუხლების შესაბამისად.

 

სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სსკ-ის 362-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილის პრაქტიკული მნიშვნელობა იმაში ვლინდება, რომ იგი შეიცავს ისეთ დებულებებსაც, რომელთა გავრცელება შესაძლებელია არასახელშეკრულებო ვალდებულებზედაც: საზიარო უფლებებზე, დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულებაზე, უსაფუძვლო გამდიდრებასა და დელიქტური ვალდებულებზედაც, თუ ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ასეთ წესებს კი შეიძლება მივაკუთვნოთ ზიანის ანაზღაურების, ვალდებულების შესრულების, სოლიდარული ვალდებულებების მომწესრიგებელი და სხვა ნორმები. სახელშეკრულებო ნორმები ვერ იქნება გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ თავისი არსით ეს ნორმები მხოლოდ ხელშეკრულებისთვისაა დამახასიათებელი. არასახელშეკრულებო ვალდებულებაზე სახელშეკრულებო წესის გავრცელება არა სისტემურად შესაბამის თავზე მსჯელობით, არამედ კონკრეტული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. მაგალითად, ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი მეორადი მოთხოვნებიდან ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ნორმები ვრცელდება დელიქტურ მოთხოვნებზე.

 

საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: ,,...მიუღებელი შემოსავალი, წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში.

 

სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ, №ას-945-895-2015, 14 მარტი, 2016 წელი; აგრეთვე შდრ: სუსგ-ები №ას-307-291-2011, 24 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-899-845-2012, 22 ნოემბერი, 2012 წელი).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომიდინარე, მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა; ამასთან, მიუღებელი შემოსავლის გამოვლენისათვის მნიშვნელოვანია კუმულატიური ხასითიას ელემენტებით შემდგარი ზიანის გამოვლენა და დადგენა. კერძოდ, ეს ელემენტებია: 1) ქმედება 2) მართლწინააღმდეგობა, 3) დამდგარი ზიანი, 4) მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის და 5) ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა). შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე, სსკ-ის 326-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი მეორადი მოთხოვნის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ნორმები უნდა გავრცელდეს დელიქტურ მოთხოვნაზე, ამ შემთხვევაში დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე.

 

აღნიშნული კრიტერიუმთა მოცემულობის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ უზრუნველყო მტკიცება მოპასუხეთა ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის კავშირის არსებობისა, რაც შეიძლება შემოწმდეს „რომ არა“ ტესტით - conditio sine qua non - ძირითადი, შეუცვლელი პირობა, მოქმედება, შემადგენელი ნაწილი რომლის გარეშეც რაღაც არ მოხდებოდა: 2016 წლის 16 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, რაც ითვალისწინებდა სესხის თანხის მსესხებლისათვის გადაცემის სანაცვლოდ გამსესხებლის მიერ სარგებლის მიღებას, ნა------------–--ესა და შპს „სა-------------------------------–--ს“ ურთიერთობის ნორმალური განვითარების პირობებში, მოსარჩელეს ნამდვილად შეეძლო მიეღო შემოსავალი შპს „სა-------------------------------–--სათვის“ გადაცემულ სესხის თანხაზე საპროცენტო სარგებლის (ერთ შემთხვევაში წლიური 33%-ის ოდენობით, მეორე შემთხვევაში - წლიური 25%-ის ოდენობით, 4 თვის განმავლობაში) დარიცხვით (რაც სწორედ წარმოადგენდა ნა------------–--ის კომპანიასთან სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლის მიზანს), მოპასუხეთა მიერ დანაშაულის ჩადენის არარსებობის პირობებში; განსახილველ შემთხვეში, რომ არა მოპასუხეთა მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი (საპროცენტო სარგებლის მიუღებლობით) არ მიადგებოდა.

 

ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე, რაც დამატებით გულისხმობს „მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანს“, რაც სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, სავალდებულო პირობაა იმ ზიანისათვის, რომელზედაც ანაზღაურების მოვალეობა ვრცელდება.

 

ამდენად, ნინო სხირტლაძეს, შპს „სა-------------------------------–--სათვის“ გადაცემული თანხაზე 22 600,00 აშშ დოლარზე წლიური 33%-ის დარიცვით, 12 თვის ვადაში შეეძლო მიეღო სარგებელი 7085,10 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო გადაცემულ 3 000,00 აშშ დოლარზე წლიური 25%-ის დარიცხვით, 03 თვის ვადაში მოსარჩელე მიიღებდა 178,11 აშშ დოლარს, რაც მოსარჩელემ მოპასუხეთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ვერ მიიღო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების - მე------------ის, თა------–---------ის და თა---------------–ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად (სსკ-ის 998-ე მუხლის შესაბამისად) 7263,21 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით საერთო ჯამში - 2843,91 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (22/07/2019; 2,8845 ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალური კურსი).

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა საპროცესო ხარჯებისა და იურიდიული (საადვოკატო) მომსახურების ხარჯის ანაზღაურება. მხარის მიერ წარმოდგენილია 2018 წლის 09 ივლისის ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ, გაფორმებული ნა------------–--ესა და შპს „Le------------------------- იუ---------–--------------------------------“-ის დირექტორს გი-----------–---–ს შორის. ხელშეკრულების თანახმად, იუდიული მომსახურების საფასურის 1000,00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი გადახდილი იქნებოდა საქმეზე სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების ჯანონიერ ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში. საქმეში წარმოდგენილია ასევე „დავალება საადვოკატო საქმის წარმოებაში გადაცემის შესახებ“.

 

იურიდიული ხარჯების ანაზღაურებაზე მსჯელობისას, გარდა სსკ-ის 53-ე და 37-ე მუხლებისა, სასამართლო დაეყრდნო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებას მხარის მიერ პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით (იხ, Fadeyeva v. Russia, 30/11/2005), რომლის თანახმადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იურიდიული მომსახურებისათვის ფაქტობრივად გაწეულად ჩათვალა ადვოკატის ხარჯები, იმის მიუხედავად, რომ საქმეში რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება (არც ხელშეკრულება და არც გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება) წარმოდგენილი არ ყოფილა და შემდეგ მიიჩნია რა ეს ხარჯები აუცილებლად, აუნაზღაურა მხარეს ისინი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით დაადგინა სტანდარტი: სასამართლომ პირველ რიგში, უნდა დაადგინოს განმცხადებლის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება თუ არა ადვოკატის მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასებით და მეორე, იყო თუ არა ისინი აუცილებელი.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს გაადვილებული აქვს მტკიცების ტვირთი, ვინაიდან წარმოდგენილი აქვს წერილობითი ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ, რომლის შეფასების საფუძველზეც სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის ხარჯის გაწევის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ შესრულებული სამართლებრივი და ტექნიკური სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით, სსსკ-ის 53.1 მუხლის ბოლო წინადადებით განსაზღული ოდენობის ფარგლებში (4%), მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი თანხა უნდა განისაზღვროს 1000,00 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში.

 

მოპასუხეები მოსარჩელეს აუნაზღაურებენ საფოსტო ხარჯს - 90,3 ლარის ოდენობით (ს.ფ. 182-204).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნა------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

1.1. მოპასუხეებს მ----- ფ-----ეს, თა------–----------სა და თა---------------–ს მოსარჩელის ნა------------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 32 863,21 აშშ დოლარის გადახდა.

2. მოპასუხეებს მე-------------ს, თა------–----------ს და თა---------------–ს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 2843,91 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. მოპასუხეებს მე-------------ს, თა------–----------ს და თა---------------–ს სოლიდარულად დაეკისროთ საფოსტო ხარჯის 90,3 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.

4. მოპასუხეებს მე-------------ს, თა------–----------ს და თა---------------–ს სოლიდარულად დაეკისროთ იურიდიული მომსახურების ხარჯის 1 000,00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე