განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001794564
საქმე №2ბ/5447-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი 2017 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი _ ლალი აბაშმაძე
აპელანტი – შპს „ ლ--–---ი“
წარმომადგენელი - დიმიტრი გაბუნია
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ---- ხ-------–---–ი
წარმომადგენელი _ პავლე ბერია
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის განჩინება
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება.
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ---- ხ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შ.პ.ს. ,,ლ--–---ს” (ს/კ 404879663) ზ---- ხ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 73750 (სამოცდაცამეტიათასშვიდასორმოცდაათი) ლარის გადახდა. შ.პ.ს. ,,ლ--–---ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის_ 2 212 (ორიათასორასთორმეტი) ლარის და 50 (ორმოცდაათი) თეთრის გადახდა.
2017 წლის 07 თებერვალს ზ---- ხ-------–---–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შ.პ.ს. ,,ლ--–---ი“-ს მიმართ გამოუყენებელი შვებულების თანხის და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების, კომპენსაციის დაკისრების, ყოველი დღისთვის 0,07%-ის ოდენობით თანხის ანაზღაურების, შპს ,,ლ--–---ი“-ს 2016 წლის 28 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის და 2017 წლის 3 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 01 მაისიდან დაინიშნა შ.პ.ს. ,,ლ--–---ი“-ს დირექტორის პირველ მოადგილედ, იმავე წელს 1 აგვისტოდან დაინიშნა საზოგადოების გენერალურ დირექტორად. ასრულებდა ფ.ჯეირანლის (კომპანიის 50% წილის მფლობელი) მიერ განსაზღვრულ, მასთან შეთანხმებულ საქმიანობას და მის მიერ გაცემულ ყოველდღიურ დავალებებს. 2016 წლის 21 დეკემბერს, ვინაიდან, არ ჰქონდა გამოყენებული 2015 წლის კუთვნილი შვებულება, ითხოვა შვებულებაში გასვლა და მიმდინარე სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. განცხადების პასუხად, 2017 წლის 3 იანვარს შპს ,,ლ--–---ისგან“ მიიღო წერილი, რომ შპს ,,ლ--–---ი“-ს 2016 წლის 28 ოქტომბრის კრების ოქმით გათავისუფლებული იყო გენერალური დირექტორის თანამდებობიდან, რაც თითქოსდა მისთვის უკვე ცნობილი იყო, კერძოდ, დილის კონფერენციაზე მან წარადგინა დ.შავდია, როგორც ახალი გენერალური დირექტორი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. პარტნიორთა კრების შესახებ მისთვის არავის უცნობებია და არც პარტნიორთა კრების ოქმი მოთხოვნის მიუხედავად დღემდე არ ჩაბარებია. მან დილის კონფერენციაზე თანამშრომლებს უთხრა, რომ დ.შავდია მასთან ერთად გააგრძელებდა კლინიკაში მუშაობას. მისთვის სამსახურიდან გათავისუფლება მოულოდნელი იყო. სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა კეთილსინდისიერად, რისი დამადასტურებელია ისიც, რომ 2015 წლის 1 აგვისტოს დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე 3 თვეში სახელფასო ანაზღაურება გაეზარდა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების განმავლობაში არ მიუღია არც ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობა. მოსარჩელისთვის უცნობია რა საფუძვლით გაათავისუფლეს იგი.
მოპასუხე შ.პ.ს. ,,ლ--–---მა“ წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო.
2017 წლის 20 მარტს, სასამართლო სხდომაზე, ზ---- ხ-------–---–ის სარჩელი შ.პ.ს.
,,ლ--–---ი“-ს მიმართ დაყოვნებული ხელფასის თანხის 0,07%-ის ოდენობით ანაზღაურების, შპს ,,ლ--–---ი“-ს 2016 წლის 28 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის და 2017 წლის 3 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში დატოვებული იქნა განუხილველად სარჩელის გამოხმობის გამო.
2017 წლის 20 მარტს, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლომ განიხილა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ მიღებული უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელს 2017 წლის 07 მარტს ეცნობა სასამართლო სხდომის შესახებ (ს.ფ. 80), მაგრამ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ზ---- ხ-------–---–ის სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად უნდა ჩათვლილიყო. კერძოდ, დამტკიცებულად უნდა ჩათვლილიყო, რომ ზ---- ხ-------–---–ს შ.პ.ს. ,,ლ--–---ი”-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მიუღებელი ჰქონდა 2016 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების ხელფასი სულ _ 33 750 ლარის ოდენობით, გამოუყენებელი შვებულების თანხა შეადგენდა 20000 ლარს და შ.პ.ს. ,,ლ--–---ი”-ს მიერ გენერალურ დირექტორის თანამდებობიდან ზ---- ხ-------–---–ის გათავისუფლებისას დარღვეული იყო ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა, რის გამოც ზ.ხ-------–---–ის მიმართ კომპენსაციის სახით ასანაზღაურებელი თანხა შეადგენდა 20000 ლარს (მოპასუხის გადასახდელი თანხა შეადგენს სულ 73750 ლარს). სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7, მე-71 და მე-72 პუნქტების, საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას, რის გამოც, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ---- ხ-------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და შ.პ.ს. ,,ლ--–---ს“ ზ---- ხ-------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისრებოდა სულ 73750 ლარის გადახდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
2017 წლის 30 მარტს შპს ,,ლ--–---ის“ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმაზე მითითებით, რომ 2017 წლის 20 მარტს დანიშნული სხდომის შესახებ ეცნობა ნინო ხაჩიძეს 2017 წლის 7 მარტს, თუმცა ამ დროისათვის ის უკვე აღარ იყო კლინიკის წარმომადგენელი. კერძოდ, 2016 წლის 6 მარტს მას გაუუქმდა რწმუნებულება და ამავე დღეს გაიცა ახალი მინდობილობა დიმიტრი გაბუნიას სახელზე, შესაბამისად სასამართლო შეტყობინება მოხდა არაუფლებამოსილი პირის მიმართ. საჩივრის ავტორის განმარტებით, დიმიტრი გაბუნია 20 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით მივლინებული იყო ქუთაისში და იმ შემთხვევაში თუ მისთვის ცნობილი იქნებოდა 20 მარტს დანიშნული სხდომის შესახებ, ის წარმოადგენდა სხდომის გადადების შესახებ შუმადგომლობას. მისივე განმარტებით, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას, კერძოდ ზ---- ხ-------–---–ს შვებულების მოთხოვნის უფლება ჰქონდა 2016 წლის 1 აპრილიდან, ვინაიდან მან მუშაობა დაიწყო 2015 წლის 1 მაისს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით, შპს „ ლ--–---ის“ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლის მიხედვით მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლზე, რომლის თანახმად მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას.
სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი იყო 2016 წლის 6 მარტის ბრძანება ნინო ხაჩიძის სახელზე გაცემული მინდობილობის გაუქმების შესახებ, სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2017 წლის 20 მარტს. სატელეფონო შეტყობინების შესახებ აქტით დადგენილი იყო, რომ წერილობითი შესაგებელში მოპასუხის წარმომადგენლად მითითებულ ნინო ხაჩიძეს 2017 წლის 07 მარტს ეცნობა სხდომის თარიღი კანონით დადგენილი წესით (ს.ფ. 80). მას სატელეფონო საუბრისას არ განუცხადებია მინდობილობის გაუქმების შესახებ, არც შ.პ.ს. ,,ლ--–---ს“ მოუმართავს წერილობით აღნიშნულის თაობაზე, რასაც არ უარყოფს საჩივრის ავტორი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის შესაბამისად ევალებოდა შ.პ.ს. ,,ლ--–---ს“, თუკი მინდობილობა მოპასუხემ 2017 წლის 06 მარტს გააუქმა, რაც არ განუხორციელებია. მიუხედავად აღნიშნულისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნინო ხაჩიძეს მინდობილობა გაუქმებული ჰქონდა, სასამართლო უწყება მოპასუხისათვის ჩაბარებულად ითვლება, ვინაიდან ნინო ხაჩიძე არის ამ ორგანიზაციის თანაშრომელი (ს.ფ. 103).
რაც შეეხება საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლომ აღნიშნული დაუსაბუთებელად მიიჩნია, რადგან სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7, მე-71, მე-72 პუნქტების, საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას და გადაწყვეტილება შესაბამისობაში იყო ამ კატეგორიის საქმეებზე დადგენილ სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკასთან, რის გამოც საჩივარში მითითებული გარემოებები არ შეიძლება საფუძვლად დადებოდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.
ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
-მოსარჩელე 2015 წლის 01 მაისიდან დაინიშნა შ.პ.ს. ,,ლ--–---ი“-ს დირექტორის პირველ მოადგილედ, იმავე წელს 1 აგვისტოდან დაინიშნა საზოგადოების გენერალურ დირექტორად. ასრულებდა ფ.ჯეირანლის (კომპანიის 50% წილის მფლობელი) მიერ განსაზღვრულ, მასთან შეთანხმებულ საქმიანობას და მის მიერ გაცემულ ყოველდღიურ დავალებებს. 2016 წლის 21 დეკემბერს, ვინაიდან, არ ჰქონდა გამოყენებული 2015 წლის კუთვნილი შვებულება, ითხოვა შვებულებაში გასვლა და მიმდინარე სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. განცხადების პასუხად, 2017 წლის 3 იანვარს შპს ,,ლ--–---ისგან“ მიიღო წერილი, რომ შპს ,,ლ--–---ი“-ს 2016 წლის 28 ოქტომბრის კრების ოქმით გათავისუფლებული იყო გენერალური დირექტორის თანამდებობიდან, რაც თითქოსდა მისთვის უკვე ცნობილი იყო, კერძოდ, დილის კონფერენციაზე მან წარადგინა დ.შავდია, როგორც ახალი გენერალური დირექტორი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. პარტნიორთა კრების შესახებ მისთვის არავის უცნობებია და არც პარტნიორთა კრების ოქმი მოთხოვნის მიუხედავად დღემდე არ ჩაბარებია. მან დილის კონფერენციაზე თანამშრომლებს უთხრა, რომ დ.შავდია მასთან ერთად გააგრძელებდა კლინიკაში მუშაობას. მისთვის სამსახურიდან გათავისუფლება მოულოდნელი იყო. სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა კეთილსინდისიერად, რისი დამადასტურებელია ისიც, რომ 2015 წლის 1 აგვისტოს დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე 3 თვეში სახელფასო ანაზღაურება გაეზარდა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების განმავლობაში არ მიუღია არც ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობა.
ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, ზ---- ხ-------–---–ის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას თანხის გადახდევინების თაობაზე და არ არსებობდა 2017 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სხვა საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “ლ--–---ის’ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩენილიყო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის მითითებით, სასამართლოს არ უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და შემდგომ არ უნდა დაეტოვებინა ის ძალაში, რადგან აპელანტის მიერ მითითებული იყო გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რომელიც არ აძლევდა საშუალებას სასამართლოს ასეთი რთული კატეგორიის დავაზე, მხარეთა მოსმენის გარეშე გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აპელანტი უთითებს, რომ სასამართლომ იხელმძღვანელა იმ გარემოებით, რომ 2017 წლის 7 მარტს მოპასუხის წარმომადგენელს ეცნობა სასამართლო სხდომის შესახებ. თუმცა ყურადღება გასამახვილებელია იმ გარემოებაზე, რომ სატელეფონო შეტყობინება სხდომის შესახებ ეცნობა შპს „ლ--–---ის“ წარმომადგენელ-ნინო ხაჩიძეს, რომელიც იმდროისთვის უკვე არ იყო რწმუნებული პირი. აღნიშნულს მოწმობს ის ფაქტი, რომ 2017 წლის 6 მარტს გაუუქმდა მინდობილობა, სადაც ნინო ხაჩიძე იყო რწმუნებული პირი და იმავე დღეს გაიცა ახალი მინდობილობა დიმიტრი გაბუნიას სახელზე (იხ. სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა). შესაბამისად, სასამართლო შეტყობინება მოხდა არაუფლებამოსილი პირისთვის, რამაც გამოიწვია ის შედეგი რომ უფლებამოსილი პირი-რწმუნებული დიმიტრი გაბუნია არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის თარიღთან და დროსთან დაკავშირებით. ასევე არ იყო ინფრომირებული თვითონ მხარე - შპს "ლ--–---ი", რომელსაც უწყება უნდა ჩაბარებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103 -ე მუხლით დადგენილი წესით, ორგანიზაციის კანცელარიაში, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - უფლებამოსილი პირისთვის.
აპელანტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 21 მარტს დიმიტრი გაბუნია წარმომადგენლის სტატუსით დაბარებული იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (იხ. სასამართლო უწყება). შესაბამისად, დიმიტრი გაბუნია მივლინებულ იქნა ქალაქ ქუთაისში, 2017 წლის 20 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით (იხ. სამივლინებო ბრძანების დამოწმებული ასლი). შესაბამისად, შეტყობინების შემთხვევაშიც კი ის ვერ მოახერხებდა 2017 წლის 20 მარტს დანიშნულ პროცესზე დასწრებას, ვინაიდან სასამართლო უწყება ქუთაისის პროცესთან დაკავშირებით უფრო ადრე 2017 წლის 21 თებერვალს ჩაბარდა. თუკი, დიმიტრი გაბუნია შესაბამისად იქნებოდა ინფორმირებული, შეიცვლებოდა ის გარემოება რომ, იგი მოახერხებდა სასამართლოსთვის ეცნობებინა მისი გამოუცხადებლობის მიზეზი, რაც პროცესის გადადების საფუძველი იქნებოდა.
აპელანტს მიაჩნია, რომ გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები რომც არ არსებობდეს, საქალაქო სასამართლოს არ უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან საქმის მასალებიდან და სასარჩელო მოთხოვნებიდან აშკარად ჩანს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნებს; ეს ნათლად ჩანს თუნდაც იმაშიც, რომ სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა გაუგებარია რა მოტივებზე დაყრდნობით მოახდინა აშკარად ხანდაზმული სარჩელის სხვა ნაწილში დაკმაყოფილება.
აპელანტი განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ ნიშნავს ფაქტობრივ გარემოებებს აცდენილი, იურიდიულ საფუძვლებს მოკლებული სარჩელის დაკმაყოფილებას. მოსარჩელე ითხოვს თანხის დაკისრებას ისეთი ოდენობით რაც შეუსაბამოა არსებული რეალობიდან გამომდინარე და არ შეიძლება გახდეს მხარისთვის სავალდებულო. ქმედება არის არაკეთილსინდისიერი - ისარგებლო მხარის პროცესზე გამოუცხადებლობით, მით უმეტეს, რომ კანონი არ ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აუცილებლობით მოსარჩელის შეუსაბამოდ მაღალი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
აპელანტი უთითებსა საქართველოს საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. აპელანტს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მოსამართლეს არ გაუთვალისწინებია მოცემული მუხლი. კერძოდ, გადაწყვეტილებაში არ არის მხედველობაში მიღებული ის გარემოება, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
კერძოდ, აპელანტი განმარტავს, რომ მოსარჩელეს მოთხოვნილი ჰქონდა გამოუყენებელი შვებულების თანხა. შვებულება კი მას არ ეკუთვნობა, ვინაიდან საქართველოს შრომის კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. ვინაიდან სარჩელში მხარეს თავადაც აქვს მითითებული რომ მუშაობა დაიწყო 2015 წლის 1 მაისს, კანონის ჩანაწერიდან გამომდინარე შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდა 2016 წლის 1 აპრილიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ ზ---- ხ-------–---–ის მოთხოვნა იყო კანონმდებლობასთან შეუსაბამო, შესაბამისად ის ფაქტი, რომ მოპასუხე მხარე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა პროცესზე ავტომატურად არ გულისხმობს ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
აპელანტი უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, "თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.“ აპელანტის განმარტებით, აღწერილი გარემოებებიდან ნათლად იკვეთება, რომ მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო დაეყრდნო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც წარმომადგენელმა უნდა აცნობოს სასამართლოს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმომადგენლობის შეწყვეტა არ იწვევს სხდომის გადადებას. აპელანტის მითითებით, პირველ რიგში წარმომადგენლისთვის არ იყო განმარტებული კანონით დადგენილი წესით გამოუცხადებლობის შედეგები, მით უფრო წარმომადგენლობის შეწყვეტის დროს სხდომის გადადების შედეგების თაობაზე, მეორეც, სსსკ -ის 233-ე მუხლი ნათლად განსაზღვრავს იმ შემთხვევას, როცა სასამართლოსთვის შემდგომში ცნობილი გახდა გამოუცხადებლობის შესახებ და ამ მიზეზებზე უნდა ემსჯელა, თუ რამდენად იყო საპატიო მეორე წარმომადგენლის - დიმიტრი გაბუნიას მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც ის სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა - ეს გარემოება კი დეტალურად არის დასაბუთებული პირველ ფაქტობრივ გარემოებაში.
აპელანტი დამატებით აღნიშნავს, რომ ასევე არ იყო ინფრომირებული თვითონ მხარე - შპს "ლ--–---ი", რომელსაც უწყება უნდა ჩაბარებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103 -ე მუხლით დადგენილი წესით, ორგანიზაციის კანცელარიაში, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - უფლებამოსილი პირისთვის.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ შპს „ლ--–---ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს „ლ--–---ის“ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ (სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ დაადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ სადავოდ არის გამხდარი, მოპასუხისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 20 მარტს დანიშნული სხდომის შესახებ ეცნობა ნინო ხაჩიძეს 2017 წლის 7 მარტს. პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან ნინო ხაჩიძეს 2016 წლის 6 მარტს გაუუქმდა რწმუნებულება და ამავე დღეს გაიცა ახალი მინდობილობა დიმიტრი გაბუნიას სახელზე, შესაბამისად სასამართლო შეტყობინება განხორციელდა არაუფლებამოსილი პირის მიმართ.
პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მხარეთა გაფრთხილება სასამართლო სხდომის თაობაზე ხდება მათ მიერ მითითებული მისამართისა თუ საკონტაქტო მონაცემებზე დაყრდნობით. შპს „ლ--–---ის“ მიერ სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხის წარმომადგენელად მითითებულია ერთადერთი პირი - ნინო ხაჩიძე. შესაგებელზე თანდართულია ასევე კომპანიის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლის თანახმადაც, ნინო ხაჩიძეს ენიჭებოდა უფლებამოსილება, წარმოედგინა შპს „ლ--–---ის“ ინტერესები სასამართლოში 2017 წლის 2 ოქტომბრამდე. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემობა, რომ ნინო ხაჩიძე დღემდე მუშაობს შპს „ლ--–---ში.“
დადგენილია, რომ 2017 წლის 7 მარტს სატელეფონო შეტყობინებით შპს „ლ--–---ის“ წარმომადგენელს ნინო ხაჩიძეს ეცნობა 2017 წლის 20 მარტს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ნინო ხაჩიძემ სასამართლოს აცნობა, რომ იგი აღარ წარმოადგენდა შპს „ლ--–---ის“ ინტერესებს. ამდენად, სასამართლო ვერ დაუშვებდა აღნიშნული ფაქტის არსებობას, თუკი თავად მოპასუხე მხარე არ მიაწვდიდა ამის თაობაზე ინფორმაციას. მსგავსი ინფორმაცია მხარეს არ მიუწვდია სასამართლოსათვის შეტყობინების მიღების შემდეგაც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს.
პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარე ვალდებულია საქმის მიმდინარეობისას განხორციელებული ცვლილებების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სასამართლოს ამის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია შპს „ლ--–---ის“ 2017 წლის 6 მარტის ბრძანება ნინო ხაჩიძეზე გაცემული მინდობილობის გაუქმების შესახებ, თუმცა პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგანაც მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა აღნიშნულის თაობაზე დროულად ეცნობებინა სასამართლოსთვის, რაც მის მიერ არ განხორციელდა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ შპს „ლ--–---ის“ მიერ გაუქმებული იქნა ნინო ხაჩიძეზე გაცემული მინდობილობა, შესაგებელსა და თავად 2017 წლის 6 მარტის ბრძანებაში მინდობილობის გაუქმების შესახებ აღნიშნულია, რომ ნინო ხაჩიძე წარმოდგენს შპს „ლ--–---ის“ თანამშრომელს, რითაც გამოირიცხება მისი, როგორც არაუფლებამოსილ პირად მიჩნევა, ამრიგად, უწყება შპს „ლ--–---ისთვის“ ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს.
პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა და გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელი იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას, სასამართლო ვერ გაიზიარებს. პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში სასამართლო ამოწმებს მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებსა და სასარჩელო მოთხოვნას შორის ურთიერთკავშირს, რა დროსაც არ ხდება საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა. სასამართლოს მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები იმის თაობაზე, რომ იგი შპს „ლ--–---ში“ მუშაობდა დირექტორის პოზიციაზე, მის ხელფასს წარმოადგენდა 10 000 ლარი და კომპანიას მის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება, შეესაბამება მის სასარჩელო მოთხოვნას, რომლითაც იგი ითხოვს 2015 და 2016 წლებში გამოუყენებელი კუთვნილი შვებულების თანხის ანაზღაურებას და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას. ამდენად, შრომის კოდექსის 34-ე, 38-ე მუხლების, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, დასახელებული გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოსარჩელის მოთხოვნას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ შპს „ლ--–---ის“ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 2950 ლარის ოდენობით წინასწარ იქნა გადახდილი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ლ--–---ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მ. სულხანიშვილი