განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.01.2018
საქმის ნომერი
210210016001682984
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
08.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210210016001682984

საქმე №2ბ/5273-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 დეკემბერი, 2017 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი

მოსამართლეები _ ბესარიონ ტაბაღუა

გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი _ ლალი აბაშმაძე

 

აპელანტი _ დ----- ლ------–---–ი

 

წარმომადგენელი - ალექსანდრე ხუციშვილი

 

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ----– ლ------–---–ი

 

წარმომადგენელი - შალვა ხვთისავრიშვილი

 

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, საკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

მოსარჩელე დ----- ლ------–---–ის მოთხოვნა მოპასუხე ვ----– ლ------–---–ის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 18 მარტს გაცემული №160256531 სამკვიდრო მოწმობა და უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი საგარეჯო, რუსთაველის ქუჩა №139-ში (ამჟამად№127), საკადასტრო კოდი: 55.12.76.149, 1/2 წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნა ვ----– ლ------–---–ი (პ/№36001031946).მოპასუხე დ----- ლ------–---–ს მოსარჩელე ვ----– ლ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 480 (ოთხას ოთხმოცი) ლარის სარჩელის ბაჟის და100 (ასი) ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის) ბაჟის ანაზღაურება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1 დავის საგანს (სამკვიდროს) წარმოადგენს დ----- ლ------–---–ის საკუთრებაში 2016 წლის 18 მარტს აღრიცხული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი საგარეჯო, ქუჩა რუსთაველი №139, (დღევანდელი მისამართი ქალაქი საგარეჯო, ქუჩა რუსთაველი №127), მიწის ნაკვეთი 912.00 კვ.მ და მასზე არსებული შენობა–ნაგებობა, საკადასტრო კოდი: 55.12.76.149. აღნიშნული ქონება იყო მხარეების პაპის, აწ გარდაცვლილი დ----- ვ----–ისძე ლ------–---–ის საკუთრება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ახნა-განმარტება; სამკვიდრო მოწმობა;

 

2.2 1990 წლის მაისში დ----- ლ------–---–ის მიერ შედგენილი იქნა ანდერძი, რომლის მიხედვით მთელი თავისი უძრავ–მოძრავი ქონება დაუტოვა შვილიშვილს დ----- ლ------–---–ს.

 

დ----- ვ----–ის ძე ლ------–---–ი (დ----- და ვ----–ი ლ------–---–ების პაპა) გარდაიცვალა 1993 წლის 11 ივლისს. მისი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე იყო ამირან ლ------–---–ი (მხარეების მამა), რომელიც გარდაიცვალა 2009 წლის 13 მაისს. ამირან ლ------–---–ს გარდაცვალების შემდეგ დარჩა პირველი რიგის ორი კანონისმიერი მემკვიდრე: შვილი დ----- ლ------–---–ი (დაბადებული 17.06.1969წ) და შვილი ვ----– ლ------–---–ი (დაბადებული 22.01.1955წ).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

- დაბადების და გარდაცვალების მოწმობები; სამკვიდრო მოწმობა; ანდერძი;

 

2.3 მოსარჩელე დ----- ლ------–---–ი და მოპასუხე ვ----–ი ლ------–---–ი დაბადებიდან დღემდე ცხოვრობენ სადავო სახლში (საგარეჯო, ქუჩა რუსთაველი №139, ამჟამად №127). ამავე სახლში გარდაცვალებამდე ცხოვრობდნენ მათი მამა ამირან ლ------–---–ი და პაპა დ-----ი ლ------–---–ი.

 

დ----- ვ----–ის ძე ლ------–---–ის გარდაცვალებამდე (1993 წელს) მითითებული უძრავი ქონება გამიჯნული იქნა კედლით. იზოლირებულ ფართებს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელები, ცალცალკე განთავსებულია საკომუნიკაციო ქსელები, დენის და გაზის მრიცხველები. ნაგებობის ერთ ნაწილში ცხოვრობს დ----- ლ------–---–ი თავის ოჯახთან ერთად მეორე ნაწილში კი მოპასუხე ვ----–ი ლ------–---–ი და მისი ოჯახი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

- სარჩელი; შესაგებელი; ახსნა-განმარტებები; გადახდის ქვითრები, მოწმეთა ჩვენებები;

 

2.4 2016 წლის 18 მარტს მოსარჩელე დ----- ლ------–---–ის წარმომადგენელმა მიმართა ნოტარიუსს, რომელმაც მასზე გასცა სამკვიდრო მოწმობა №160256531. სამკვიდრო მოწმობაში ნოტარიუსმა მიუთითა: საკვიდროს გახსნის ადგილია ქალაქი საგარეჯო, ქუჩა რუსთაველი №139. დ----- ლ------–---–ი არის მამკვიდრებლის ამირან ლ------–---–ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე – შვილი. დ----- ლ------–---–მა სამკვიდრო მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით – ფაქტობრივი დაუფლების გზით. სამკვიდროში ასევე შედის ამირან ლ------–---–ის მამის 1993 წელს გარდაცვლილი დ----- ლ------–---–ის კუთვნილი სამკვიდრო ქონებაც, რომელიც ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღო ამირან ლ------–---–მა, მაგრამ გარდაიცვალა ისე, რომ არ გაიფორმა სამკვიდრო. ამ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დ----- ლ------–---–მა საჯარო რეესტრში თავის სახელზე დაირეგისტრირა მითითებული სადავო ქონება, მდებარე ქალაქი საგარეჯო, ქუჩა რუსთაველი №139.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

- სარჩელი; სამკვიდრო მოწმობა; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

დადაგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.5 დ----- ლ------–---–ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო, რომელსიც შედიოდა საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, მდებარე ქალაქ საგარეჯოში, რუსთაველის ქ.№139–ში, ს/კ:55.12.76.149. მთელ სამკვიდრო ქონებას ფაქტიური ფლობით დაეუფლა მისი შვილი ამირან ლ------–---–ი, რომლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს ფაქტიური ფლობით დაეუფლა მისი პირველი რიგის მემკვიდრეები დ----- ლ------–---–ი და ვ----–ი ლ------–---–ი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

- სარჩელი; სამკვიდრო მოწმობა; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; მოწმეთა ჩვენებები;

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6 სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული სამართლებრივი დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანი იყო დადგენილიყო ის ფაქტი, ქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელეების მხრიდან სამკვიდრო ქონების მიღებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე გათვალისწინებული წესით. სასამართლომ აღნიშნა, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნები აღიარებით სარჩელთა კატეგორიას განეკუთვნებოდა და მათი დაკმაყოფილება დამოკიდებული იყო იმაზე, რამდენად ქონდა მოსარჩელეს ამ მოთხოვნების მიმართ იურიდიული ინტერესი, კონკრეტულ შემთხვევაში კი შეძლებდა თუ არა ის ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებით სამკვიდროს მიღების უფლების რეალიზაციას.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებელის სიკვდილის მომენტისათვის.

 

სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 1336-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. ხოლო მამკვიდრებელის შვილიშვილები ითვლებიან მემკვიდრეებად, თუკი სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებელის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო.

 

ამდენად,სასამართლომ მიუთითა, რომ დ----- ლ------–---–ის გარდაცვალების შემდეგ პირველი რიგის მემკვიდრე იყო მისი შვილი ამირან ლ------–---–ი.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ხოლო 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონმდებლობა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობას უკავშირებს არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს, არამედ ადგენს პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებისათვის სამკვიდროს მიღების წესს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1424-ე მუხლებით. იმისთვის, რომ სამკვიდრო ან მისი ნაწილი მემკვიდრის გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. არ შეიძლება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობების წამოყენებით. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა (სამოქალაქო კოდექსის 50-51-ე მუხლი), რომელიც გამოხატავს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს, კერძოდ მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებელის საცხოვრებელ სახლში, სამკვიდრო ქონების მოვლა- პატრონობით, მამკვიდრებელის ნივთების როგორც საკუთარის მიღებითა და განკარგვით, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვით, მამკვიდრებელის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო ანგარიშების დაუფლებით, სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით, სამკვიდრო ქონების გაქირავებით და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადგენილად მივიჩნიოთ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, აუცილებელია მემკვიდრემ მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე (ძირითად სარჩელში) დ----- ლ------–---–ის წარმომადგენლის მტკიცება, რომ მისმა მარწმუნებელმა პაპის მთელი ქონება მიიღო ანდერძის საფუძველზე. სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ მამკვიდრებელის დ----- ლ------–---–ის გარდაცვალების შემდეგ სანოტარო ორგანოში დ----- ლ------–---–ს არ წარუდგენია ანდერძი და არ შეუტანია განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ. საჯარო რეესტრში დ----- ლ------–---–ზე უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძველი გახდა 2018 წლის 18 მარტის სამკვიდრო მოწმობა №160256531, რომელშიც ნოტარიუსი ადგენს (ადასტურებს), რომ „ დ----- ლ------–---–ი არის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე – შვილი გარდაცვლილი ამირანი ლ------–---–ისა, რომელიც გარდაცვალების მომენტში ცხოვრობდა მისამართზე საგარეჯო, რუსთაველის ქუჩა №139 და რომელმაც, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ – შვილმა ათას ცხრაას ოთხმოცდაცამეტი წლის თრამეტ მაისს გარდაცვლილი დ-----ი ლ------–---–ისა, ფაქტობრივად მიიღო, მაგრამ არ გაიფორმა დ-----ი ლ------–---–ის კუთვნილი სამკვიდრო ქონება. ამრიგად, სამკვიდრო მოწმობა გაცემული იქნა არა დ----- ლ------–---–ის სამკვიდროზე ანდერძის საფუძველზე, არამედ ამირან ლ------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე ფაქტობრივი დაუფლების გზით ქონების მიღების გამო. ამდენად სასამართლომ მიიჩნია, რომ სამკვიდრო მოთხოვნის ნაწილობრის ბათილად ცნობა და ვ----–ი ლ------–---–ის მესაკუთრედ აღიარება ქონების ½ ნაწილში საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს რომ გაეზიარებინა კიდეც მტკიცება, რომ ქონება მიღებული იქნა პაპის ანდერძით, დ----- ლ------–---–ის გარდაცვალების შემდეგ მის კანონისმიერ მემკვიდრეს ამირან ლ------–---–ს მაინც ეკუთვნოდა სავალდებულო წილი (ქონების ნახევარი) და შესაბამისად ვ----– ლ------–---–იც მაინც იქნებოდა მამის მემკვიდრე და წილის მესაკუთრე. იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული უძრავი ქონება ჯერ კიდევ დ----- ლ------–---–ის სიცოცხლეში გამიჯნული და იზოლირებული იქნა კედლით დ----- ლ------–---–ს და ვ----–ი ლ------–---–ს შორის, მხარეები ცალ-ცალკე იზოლირებულად ცხოვრობდნენ და ამირან ლ------–---–ის გარდაცვალების შემდგომ ვ----– ლ------–---–ი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და ფლობდა სახლის ½ ნაწილს, შესაბამისად ქონების 1/2 ნაწილს ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მხოლოდ ვ----– ლ------–---–ი და მას ამ შემთხვევაშიც ეკუთვნოდა სადავო უძრავი ქონების ½ წილი.

 

2.7 მოსარჩელე დ----- ლ------–---–ის მოთხოვნაზე ნივთის გამოთხოვის თაობაზე სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლოს მიუთითა, რომ აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე არა მფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ვ----–ი ლ------–---–ს მიღებული ჰქონდა სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით და შესაბამისად გააჩნდა ან ნივთის 1/2 წილის ფლობის უფლება და აქედან გამომდინარე მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტი უთითებს, რომ სასამართლოს უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიჩნეული აქვს ის რომ სადაო უძრავი ქონება 912.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი ზედ გაშენებული შენობა-ნაგებობა ს/კ 55.12.76.149 წარმოადგენდა მხარეების პაპის (მამკვიდრებლის) დ----- ვ----–ის ძე ლ------–---–ის საკუთრებას. ამრიგად, აღნიშნული გარემოების უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიჩნევას უნდა მოჰყოლოდა მისი სწორად შეფასება, რომელიც შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის საფუძველი უნდა ყოფილიყო, შემდგომი გარემოებების მიმართებით, რადგან მხარეების პაპის დ----- ლ------–---–ის სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ მიჩნევის შემდგომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა დ----- ლ------–---–ის ანდერძი, რომელზეც მთელი სასამართლო საქმის განხილვისა თუ შესაგებელით აპელირებდა მხარე. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ანდერძი კი არ იყო გაუქმებული, გააჩნდა იურიდიული ძალა და მან დ----- ლ------–---–ის გარდაცვალებისთანავე წარმოშვა იურუდიული შედეგი მემკვიდრის (მოსარჩელის და ასევე მოპასუხის შეგებებულ სარჩელზე) დ----- ლ------–---–ის მიმართ, რადგან იგი პაპის (ანდერძისმიერი მემკვიდრის) გარდაცვალებიდან დღემდე ცხოვრობდა და სარგებლობდა სამკვიდრო ქონებით.

 

აპელანტი არ ეთანხმება, რომ გადაწყვეტილების 3.1.2 ასევე უდავო ფაქტობრივ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს, რომ 1990 წლის მაისში აწ გარდაცვლილმა დ----- ლ------–---–მა (ანდერძისმიერმა მამკვიდრებელმა) მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც ასევე ნახსენებია გადაწყვეტილების 3.1.1. დაუტოვა მის შვილიშვილს დ----- ლაფაჩიშვლს. აპელანტის მტკიცებით, აღნიშნული გარემოება როგორც გადაწყვეტილების 3.1.1. პუნქტში მითითებული გარემოება სწორედ არის მიჩნეული უდავო ფაქტობრივ გარემოებად, მაგრამ, მას არ აქვს სწორი შეფასება და იგი არ აისახა როგორც საფუძველი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად. რადგან თუ მივიჩნევთ, რომ და სასამართლო ადგენს ანდერძის არსებობას, მის იურუდიულ ძალას, მაშინ იგი მიჩნეული უნდა ყოფილიყო როგორც იურუდიული შედეგის სამართლებრივი შედეგის მომტანად და ანდერძის საფუძველზე ფაქტობრივი ფლობის საფუძველზე, რაც ასევე მიჩნეულია სასამართლოს მიერ, მთლიანი ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობილი უნდა ყოფლიყო ძირითადი სარჩელის ავტორი დ----- ამირანის ძე ლ------–---–ი. ხოლო აღნიშნულს უნდა მოჰყოლოდა ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება. ხოლო ამავე 3.1.2 პუნქტში მითითებული უდავო ფაქტობრივი გარემოება, მხარეთა მამის ამირან ლ------–---–ის პირველი რიგს მემკვიდრეობა, მამის აწ გარდაცვლილი დ----- ლ------–---–ის თაობაზე არ უნდა გამოეღო სამართლებრივი შედეგი, რადგან არსებობდა ანდერძი, რომელსაც გააჩნია იურუდიული ძალა და რომელმაც დააყენა იურუდიული შედეგი, არამარტო დ----- ლ------–---–ის გარდაცვალებისთანავე, რამაც წარმოშვა ანდერძისმიერი ქონების ფლობის შედეგად ქონების ანდერძით მიღების შედეგი მოსარჩელე დ----- ლ------–---–ის მიმართ, არამედ მან გამოიწვია ახალი სამკვიდრო მოწმობის გაცემა 2017 წლის 11 მაისს.

 

აპელანტი განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.3 პუნქტი ნაწილობრივ არასწორად არის დადგენილი და შეფასებული, რადგან ვ----– ლ------–---–ს დაბადებიდან დღემდე უწყვეტად არ უცხოვრია სადავო ქონებაში, რადგან დადგინდა, არამარტო მოწმეებით არამედ თავად მოპასუხე ვ----– ლ------–---–ის წარმომადგენლების ახსნა-განმარტებით, რომ მათ პაპის დ----- ლ------–---–ის სიცოცხლეშივე დატოვეს აღნიშნული ბინა და ისინი საცხოვრებლად მხოლოდ დაბრუნდნენ პაპის დ----- ლ------–---–ის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდგომ.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების ამავე პუნქტში მიჩნეულია უდავო ფაქტობრივ გარემოებად, ის რომ საცხოვრებელი ბინა გამიჯნულია ორ ნაწილად. თუმცა სასამართლოს არ მიუთითებია, რომ მისი გაყოფა მხარეთა შორის არ მომხდარა და იგი ამ სტილით აშენებული ქონდა თავად, აწ გარდაცვლილ დ----- ლ------–---–ს და მისი ასე გამიჯვნა არ მომხდარა მოდავე მხარეთა შორის. აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება არ უნდა დაედოს საფუძვლად ვ----– ლ------–---–ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

აპელანტის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.4 პუნქტში აღნიშნული გარემოებას ვერ უნდა მოეხდინა სამართლებრივი შედეგი და არ უნდა დასდებოდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად, რადგან ძალაში იყო და არსებობდა ანდერძი რამაც უკვე 1993 წელს გამოიწვია სამართლებრივი შედეგი. ამავე ანდერძს ნებისმიერ დროს შესწევს იურიდიული ძალა დაადგინოს და გამოიწვიოს ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემა, რაც მოხდა კიდეც.

 

აპელანტი უთითებს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში მითითებული გარემოება უსწოროა, რადგან ამირან ლ------–---–ის მიერ მისი მამის დ----- ლ------–---–ის ქონების დაუფლება ვერ გამოიწვევდა იურუდიულ შედეგს, რადგან არსებობდა დ----- ლ------–---–ის მეირ 1990 წელს გაცემული ანდერძი მხარის (მისი შვილიშვილის) დ----- ლ------–---–ის მიმართ, რომელიც 1993 ლიდან, ანუ მამკვიდრებლის პაპის გარდაცვალებიდანვე დაეუფლა აღნიშნულ ქონებას როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრე, რამაც უკვე ავტომატურად წარმოშვა ანდერძისმიერი მეკვიდრეობით ქონების მიღება. ხოლო ამავე ანდერძმა გამოიწვა 2017 წლის 11 მაისის სამკვიდრო მოწმობის გაცემა.

 

აპელანტი უთითებს, რომ არსებულმა ანდერძმა უკვე 1993 წელსვე გამოიწვია იურუდიული შედეგი, როდესაც გარდაიცვალა დ----- ლ------–---–ი. ხოლო მისი ანდერძისმიერი მემკვიდრე ძირითადი მოსარჩელე დაეუფლა მისი გარდაცვალებისთანავე ქონებას. ასეც რომ არ იყოს ანდერძს გააჩნდა იურიდიული ძალა და ყოველგვარი რაიმე საგანგებო პროცედურების გარეშე მის საფუძველზე შესაძლო იყო სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ამრიგად 2017 წლის 10 მაისს, ნოტარიუს მაია ილაურთან წარდგენის საფუძველზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა #.... როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრეობა 1993 წელს გარდაცვლილი დ----- ლ------–---–ის დანაშთ ქონებაზე, რომელმაც მოიცვა სწორედ სადავო უძრავი ქონება მთლიანად, რადგან აღნიშნული ქონება ეკუთვნოდა ანდერძისმიერ მამკვიდრებელს დ----- ლ------–---–ს. რაც ასევე სასამართლოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების 3.1.2. პუნქტში უდავო ფაქტობრივ გარემოებად აქვს დადგენილი. აღნიშნული მტკიცებულება, მისი ნოტარიუსის მიერ გამოცემის დღეს, რომელიც დაემთხვა გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს, წარდგენილი იქნა სასამართლოში გამოცხადებამდე დაახლოებით ერთი საათის წინ.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 10 მაისს ასევე, ძირითადი მოსარჩელის დ----- ლ------–---–ის განცხადების საფუძველზე, ცვლილება შევიდა სადავო სამკვიდრო მოწმობაში რის საფუძველზეც, ფაქტურად დაკმაყოფილებული იქნა ნაწილობრივ, შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და ამირან ლ------–---–ის დანაშთ ქონების ნახევარზე გაიცა დ----- ლ------–---–ის სახელზე სამკვიდრო მოწმობა ზოგადი სახით, რადგან ამირან ლ------–---–ის სახელზე არ ირიცხებოდა რაიმე სახის კონკრეტული ქონება. მითუფრო სადავო ქონება, რადგან თავადვე სასამართლოს დადგენილი ჰქონდა, რომ სადავო ქონება ირიცხებოდა აწ გარდაცვლილ ანდერძიმიერ მამკვიდრებელ 1993 წელს გარდაცვლილ დ----- ლ------–---–ზე. ამრიგად თუ რაიმე ქონება გააჩნია ამირან ლ------–---–ს, რაც ჩაითვლება მის დანაშთ ქონებად, დაცული შესაბამის დაწესებულებებში, მოწინააღმდეგე მხარეს აქვს უფლება მიიღოს მისი ნახევარი. ასეთი გარემოება კი სასამართლო სხდომაზე არ დადასტურებულა. აპელანტი უთითებს, რომ აღნიშნული მტკიცებულება სასამართლოს წარუდგინა მისი გამოცემის დღეს 2017 წლის 10 მაისს, რაც დაემთხვა სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს. აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ მტკიცებულების წარდგენა პირველ ინსტანციის სასამართლოში მოსამზადებელ სხდომაზე, საპროცესო ნორმის თანახმად, ვერ იქნებოდა წარდგენილი, რადგან, აღნიშნული მტკიცებულება და დოკუმენტი შეიქმნა სანოტარო აქტის სახით როგორც სამკვიდრო მოწმობა 2017 წლის 10 მაისს. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციების საფუძველზე, საჯარო რეესტრის სარეგისსტრაციო ჩანაწერებში მოხდა ცვლილების შეტანა და ის კვლავ დარეგისტრირდა დ----- ლ------–---–ის სახელზე უკვე ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს ყველა სამართლებრივი საფუძველი არასწორად არის გამოყენებული ზემოაღნიშული ფაქტობრივი გარემოებათა გათვალისწინებით. მისი მტკიცებით, სახეზეა ანდერძი, რომელსაც გააჩნია იურიდიული ძალა და რომელმაც უკვე გამოიღო შედეგი 2017 წლის 11 მაისის სანოტარო აქტის სახით, რითაც აპელნტმა მიიღო ანდერძისმიერი სამკვიდრო დანაშთი ქონება.

აპელანტი უთითებს საქ.სსკ 546- ე მუხლზე, რომელიც ადგენს ანდერძისმიერი მემკვიდრეობის გაცემის საკითხს. როგორც მამკვიდრებლის მხრიდან, თავისუფალი ნების გამოხატვისა და ანდერძისმიერი მემკვიდრის დასახელების, და ასევე წილის განსაზღვრის თვალსაზრისით. იგი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში წარმოდგენილი ანდერძის თანახმად, დასახელებულია დ----- ლ------–---–ი. ასევე განსაზღვრულია წილი, რომელიც შეადგენს დანაშთი ქონების მთლიან სამკვიდროს. ამრიგად, დ----- ლ------–---–ი ანდერძისმიერი მემკვიდრეა. აპელანტი აღნიშნავს, რომ რომც არ არსებობდეს გასაჩივრებული სამკვიდრო მოწმობა. უფრო მეტიც, აღნიშნული მოწმობა სასამართლოს მიერ მთლიანადაც რომ იყოს ბათილად ცნობილი, სახეზე გვაქვს ანდერძი, რომელიც ძალაშია შესული და რომელმაც განსაზღვრა აწ გარდაცვლილი დ----- ლ------–---–ის სამკვიდრო დანაშთი ქონების ანდერძისმიერი მემკვიდრე.

 

აპელანტი უთითებს, რომ ანდერძის არსებობა და ანდერძისმიერი სამკვიდრო ქონების ფლობა როგორც მოქმედი კოდექსისის 1421-ე მუხლით ისე ანდერძის შედგენის დროს არსებული სამოქალაქო კოდექსის 556-ე მუხლის მიხედვით, ადგენს სამკვიდროს მიღებას და ითვლება რომ სამკვიდრო მიღებულია. ამრიგად, ანდერძით დ----- ლ------–---–მა მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდანვე მიიღო სამკვიდრო დანაშთი ქონება და ეს ანდერძი უნდა იყოს, და არის საფუძველთა საფუძველი, რომ მოსარჩელემ მამკვიდრებლის დ----- ლ------–---–ის გარდაცვალების დღიდანვე მიიღო დანაშთი სამკვიდრო ქონება დაუბრკოლებლივ, ქონების ფაქტობრივი დაუფლებით, რომელსაც ვერანაირი ფაქტი და საფუძველი ვერ შეეხიდება. დ----- ლ------–---–ის მეტი, როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრე, ვერ მიიღებდა ქონებას ვერც კანონისმიერი მემკვიდრეობით, რადგან არსებობდა ანდერძი და ვერც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ანდერძის არსებობისას სავალდებულო წილის მიღების უფლების თვალსაზრისით.

 

აპელანტი უთითებს ასევე, რომ ანდერძის შედგენის დროს არსებული მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 547-ე მუხლი ადგენს სავალდებულო წილის კონკრეტულ გარემოებებს, კერძოდ, სამკვიდროს დამტოვებლის არასრულწლოვანი ან შრომის უუნარო შვილები, ასევე გარდაცვლილის შრომისუუნარო მეუღლე. აპელანტი აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნორმით განსაზღვრული დადგენილი წესის მიხედვით არ არსებობს გარემოება, რომელიც რომელიმე პირველი რიგის მემკვიდრეზე წარმოშობდა სავალდებულო წილის მიღების უფლებას. სასამართლოში განსახილველ საქმეში დევს ანდერძი, რომელსაც თან ახლავს სანოტარო პალატის ინფორმაცია, აღნიშნული ანდერძის არსებობის თაობაზე. არ არის სავალდებულო ანდერძის რაიმე ფორმით ნოტარიუსტთან წარდგენა, რადგან მისი არსებობა, და ამ ანდერძით განსაზღვრული წილის ფაქტობრივად ფლობის დადასტურება წარმოშობს პირდაპირ მასზე საკუთრებას და კანონიერებას, რომელიც ნებისმიერ დროს საფუძველია დაედოს საკუთრების უფლების რეგისტრაციას, როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტი.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ დ----- ლ------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1’’პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ეს გარემოება კი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- დავის საგანს (სამკვიდროს) წარმოადგენს დ----- ლ------–---–ის საკუთრებაში 2016 წლის 18 მარტს აღრიცხული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი საგარეჯო, ქუჩა რუსთაველი №139, (დღევანდელი მისამართი ქალაქი საგარეჯო, ქუჩა რუსთაველი №127), მიწის ნაკვეთი 912.00 კვ.მ და მასზე არსებული შენობა–ნაგებობა, საკადასტრო კოდი: 55.12.76.149. აღნიშნული ქონება იყო მხარეების პაპის, აწ გარდაცვლილი დ----- ვ----–ის ძე ლ------–---–ის საკუთრება.

 

- 1990 წლის მაისში დ----- ლ------–---–ის მიერ შედგენილი იქნა ანდერძი, რომლის მიხედვით მთელი თავისი უძრავ–მოძრავი ქონება დაუტოვა შვილიშვილს დ----- ლ------–---–ს.

დ----- ვ----–ის ძე ლ------–---–ი (დ----- და ვ----–ი ლ------–---–ების პაპა) გარდაიცვალა 1993 წლის 11 ივლისს. მისი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე იყო ამირან ლ------–---–ი (მხარეების მამა), რომელიც გარდაიცვალა 2009 წლის 13 მაისს. ამირან ლ------–---–ს გარდაცვალების შემდეგ დარჩა პირველი რიგის ორი კანონისმიერი მემკვიდრე: შვილი დ----- ლ------–---–ი (დაბადებული 17.06.1969წ) და შვილი ვ----– ლ------–---–ი (დაბადებული 22.01.1955წ).

 

- მოსარჩელე დ----- ლ------–---–ი და მოპასუხე ვ----–ი ლ------–---–ი დაბადებიდან დღემდე ცხოვრობენ სადავო სახლში (საგარეჯო, ქუჩა რუსთაველი №139, ამჟამად №127). ამავე სახლში გარდაცვალებამდე ცხოვრობდნენ მათი მამა ამირან ლ------–---–ი და პაპა დ-----ი ლ------–---–ი.

 

დ----- ვ----–ის ძე ლ------–---–ის გარდაცვალებამდე (1993 წელს) მითითებული უძრავი ქონება გამიჯნული იქნა კედლით. იზოლირებულ ფართებს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელები, ცალ-ცალკე განთავსებულია საკომუნიკაციო ქსელები, დენის და გაზის მრიცხველები. ნაგებობის ერთ ნაწილში ცხოვრობს დ----- ლ------–---–ი თავის ოჯახთან ერთად, მეორე ნაწილში კი მოპასუხე ვ----–ი ლ------–---–ი და მისი ოჯახი.

 

- 2016 წლის 18 მარტს მოსარჩელე დ----- ლ------–---–ის წარმომადგენელმა მიმართა ნოტარიუსს, რომელმაც მასზე გასცა სამკვიდრო მოწმობა №160256531. სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, საკვიდროს გახსნის ადგილია ქალაქი საგარეჯო, ქუჩა რუსთაველი №139. დ----- ლ------–---–ი არის მამკვიდრებლის ამირან ლ------–---–ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე – შვილი. დ----- ლ------–---–მა სამკვიდრო მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით – ფაქტობრივი დაუფლების გზით. სამკვიდროში ასევე შედის ამირან ლ------–---–ის მამის 1993 წელს გარდაცვლილი დ----- ლ------–---–ის კუთვნილი სამკვიდრო ქონებაც, რომელიც ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღო ამირან ლ------–---–მა, მაგრამ გარდაიცვალა ისე, რომ არ გაიფორმა სამკვიდრო. ამ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დ----- ლ------–---–მა საჯარო რეესტრში თავის სახელზე დაირეგისტრირა მითითებული სადავო ქონება, მდებარე ქალაქი საგარეჯო, ქუჩა რუსთაველი №139.

 

- დ----- ლ------–---–ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო, რომელშიც შედიოდა საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, მდებარე ქალაქ საგარეჯოში, რუსთაველის ქ.№139–ში, ს/კ:55.12.76.149. მთელ სამკვიდრო ქონებას ფაქტიური ფლობით დაეუფლა მისი შვილი ამირან ლ------–---–ი, რომლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს ფაქტიური ფლობით დაეუფლა მისი პირველი რიგის მემკვიდრეები დ----- ლ------–---–ი და ვ----–ი ლ------–---–ი.

 

4.2 პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დ----- ლ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ვ----– ლ------–---–ის უკანონო მფლობელობიდან დ----- ლ------–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების (მდებარე, ქალაქი საგარეჯო, რუსთაველის ქ.№139) გამოთხოვა, ხოლო, ვ----– ლ------–---–ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს 2016 წლის 18 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობას და სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ----- ლ------–---–ი წარმოადგენს უძრავი ქონების, მდებარე, ქალაქი საგარეჯო, რუსთაველის ქ.№139, მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, დადგენილია, რომ ვ----– ლ------–---–ი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ვ----– ლ------–---–მა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერების დადასტურებისა და სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის გამორიცხვის მიზნით, წარმოადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა 2016 წლის 18 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობას და სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ----– ლ------–---–ს, როგორც ამირან ლ------–---–ის კანონისმიერი მემკვიდრეს - მისი შვილს, წარმოეშობოდა უფლება, ყოფილიყო მისი სამვკიდრო ქონების ½ წილის მესაკუთრე, რის გამოც სამკვიდრო მოწმობა ნაწილობრივ ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი და ვ----– ლ------–---–ი უნდა ყოფილიყო სადავო უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრე.

 

4.3 პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტ დ----- ლ------–---–ის მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვისას წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 10 მაისის სანოტარო აქტი, რომლითაც დგინდება, რომ დ----- ლ------–---–ი არის მამკვიდრებლის დ----- ლ------–---–ის ანდერძისმიერი მემკვიდრე, რომელსაც გადაეცა სადავო უძრავი ქონება. აპელანტის მიერ წარმოდგენილია, ასევე, საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმად, სწორედ აღნიშნული სამკვიდრო მოწმობა გახდა დ----- ლ------–---–ისთვის სადავო უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის საფუძველი.

 

პალატამ აღნიშნული მტკიცებულება დაუშვა მტკიცებულებად საქმის განხილვის ამ ეტაპზე, რადგან წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობა მთლიანად ცვლის დავის არსს. შეიძლება ითქვას, რომ მითითებული მტკიცებულების წარმოდგენით მთლიანად შეიცვალა როგორც არსებული რეალობა, ისე მხარეთა წილები სადავო ქონებაში. შესაბამისად, გაურკვეველია შექმნილი მოცემულობის გათვალისწინებით უკვე არსებული სარჩელის ბედი.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დ----- ლ------–---–ის მიერ 2017 წლის 10 მაისის სამკვიდრო მოწმობისა და მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ამონაწერში ცვლილებების შეტანით, რადიკალურად შეიცვალა სამართლებრივი მდგომარეობა, რადგანაც აღნიშნული ამონაწერის თანახმად, აწ გარდაცვლილი დ----- ლ------–---–ის სამკვიდროს მიღება დ----- ლ------–---–ის მხრიდან უკავშირდება ანდერძისმიერ მემკვიდრეობას.

 

ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ ვ. ლ------–---–ის მიერ შეგებებული სარჩელით სადავოდ არის გამხდარი 2016 წლის 18 მარტის სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დ----- ლ------–---–მა, როგორც ამირან ლ------–---–ის კანონისმიერმა მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო სადავო უძრავი ქონება, თუმცა დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, დ----- ლ------–---–ი სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ითვლება, როგორც დ----- ლ------–---–ის ანდერძისმიერი მემკვიდრე. ამდენად, გაურკვეველია, ვ----– ლ------–---–ის იურიდიული ინტერესი შეგებებული სარჩელის მიმართ, რომლითაც იგი ითხოვს 2016 წლის 18 მარტის სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობასა და უძრავი ნივთის ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობას, რადგანაც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სადავო ქონება ვერ აღმოჩნდება მისი ავტორის ხელში, რადგანაც სადავო უძრავ ქონებაზე დ----- ლ------–---–ის საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველი მისი ანდერძისმიერი მემკვიდრეობაა, შესაბამისად, გაურკვეველია შეგებებული სარჩელით მოსარჩელის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.

 

შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა გაარკვიოს, აქვს თუ არა შეგებებული სარჩელის ავტორს 2016 წლის 18 მარტის სამკვიდრო მოწმობის ბათილობის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შეგებებული სარჩელთან მიმართებით უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ და შემდეგომ იმსჯელოს სადავო ქონებაზე ვ. ლ------–---–ის მართლზომიერ მფლობელობასთან დაკავშირებით სარჩელის საფუძვლიანობაზე.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი იურიდიული ინტერესი შეგებებულ სარჩელთან მიმართებაში;

 

4.3 უდავოა, რომ განსახილველი შეგებებული სარჩელის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი მოთხოვნაა.

 

მითითებული ნორმის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამ განმარტებიდან ცხადი ხდება, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა და რაც ყველაზე მთავარია, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებელი უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის.

 

საქართველოს სსკ-ის 249-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მოკლედ უნდა მიეთითოს მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, 1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 3. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ამდენად, აღიარებითი მოთხოვნის არსებითი დამახასიათებელი ნიშანია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, ანუ სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც სურს დაინტერესებულ პირს. იმ შემთხვევაში, თუ აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგი ვერ დადგება, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება (მოცემულ შემთხვევაში სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა) გაუმართლებელია.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვ----– ლ------–---–ი შეგებებულ სარჩელში მიუთითებდა მის იურიდიულ ინტერესზე, კერძოდ, იგი განმარტავდა, რომ შეგებებული სარჩელის იურიდიული ინტერესი მდგომარეობდა სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილობის გზით სადავო ქონებაზე საკუთრების მოპოვებაში.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ----- ლ------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთათვის დაკისრების საკითხი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- ლ------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები ბესარიონ ტაბაღუა

 

გოდერძი გიორგიშვილი