განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.02.2018
საქმის ნომერი
330310016001437425
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
განაცდურის ანაზღაურება, სამუშაოზე აღდგენის შესახებ, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე , დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001437425

საქმე № 3ბ/1853-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

08 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობა;

წარმომადგენელი - ნ---- ნ------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ----- ჭ--–--ე;

წარმომადგენელი -ა--------------–---–ი;

 

მესამე პირი (16.1) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური

წარმომადგენელი - პ-----------ია

 

მესამე პირი (16.1) - მ-------–-------ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, მიყენებული ზიანის ანაზღაურება განაცდური ხელფასის სახით, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. თ----- ჭ--–--ისათვის შენიშვნის გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 16 ოქტომბრის N----რძანების ბათილად ცნობა;

1.2. თ----- ჭ--–--ის გათავისუფლების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 20 ოქტომბრის N4---რძანების ბათილად ცნობა;

1.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობისათვის თ----- ჭ--–--ის თანამდებობაზე დაუყონებლივ აღდგენის დავალება (მოსარჩელემ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა დავის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე და უარი თქვა მასზედ (იხ. 2018 წლის 18 იანვრის სხდომის ოქმი 17:25:57));

1.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობისათვის თ----- ჭ--–--ის სასარგებლოდ 2014 წლის 20 ოქტომბრიდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების დაკისრება (მოსარჩელემ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა დავის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე და მოითხოვა 2014 წლის 20 ოქტომბრიდან, ანუ სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან, 2016 წლის 30 დეკემბრამდე იძულებით განაცდური ხელფასის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება (იხ. 2018 წლის 18 იანვრის სხდომის ოქმი 17:25:57));

1.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის მხრიდან თ----- ჭ--–--ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და მისგან გამომდინარე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობისათვის თ----- ჭ--–--ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 3000 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

3. მესამე პირების პოზიცია:

 

3.1. მესამე პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი სარჩელში მითითებულ გარემოებებს არ დაეთანხმა.

 

3.2. მესამე პირი - მ-------–-------ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და სარჩელთან დაკავშირებით არც წერილობითი პოზიცია წარმოადგინა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თ----- ჭ--–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: 1.1. ბათილად იქნა ცნობილი ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 16 ოქტომბრის N----რძანება თ----- ჭ--–--ისათვის შენიშვნის გამოცხადების შესახებ; 1.2. ბათილად იქნა ცნობილი ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 20 ოქტომბრის N4---რძანება თ----- ჭ--–--ის გათავისუფლების თაობაზე; 1.3. ისნის რაიონის გამგეობას დაევალა, თ----- ჭ--–--ის აღდგენა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ტერიტორიული ერთეულის - ნ-----–----ის უბნის სამსახურის (განყოფილების) უფროსის თანამდებობაზე; 1.4. ისნის რაიონის გამგეობას თ----- ჭ--–--ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა; 1.5. ისნის რაიონის გამგეობას თ----- ჭ--–--ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით; 2. გადაწყვეტილება თ----- ჭ--–--ის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

5.1. თ----- ჭ--–--ე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობაში ისნის რაიონის ტერიტორიული ერთეულის ნ-----–----ის უბნის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა 2013 წლის 1 ოქტომბერს.(ტომი I, ს.ფ. 1-30; ტომი 2, ს.ფ. 1-10; ტომი 1, ს.ფ. 53, 54);

 

5.2. 2014 წლის 1 სექტემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ტერიტორიული ერთეულის ნ-----–----ის უბნის განყოფილების უფროსმა თ----- ჭ--–--ემ აპარატის უფროსს - ნ------- გ--------სა დ-------------------------–---–-----------–-----------–---–------------------–-----–--ლს ისნის რაიონის გამგეობის სარგებლობაში არსებული ავტომობილი კია პიკანტო (სანომრე ნიშნით (N-------) გადასცა, რაზეც მიღება- ჩაბარების აქტი შედგა. აქტის თანახმად, დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ავტომანქანას 62000 კმ ჰქონდა გავლილი, საბურავები 2 თვის გამოცვლილი იყო, კარებზე, კრილოზე, წინა ბამპერსა და მანქანის სახურავზე კი დაზიანებები ფიქსირდებოდა (ტომი 2, ს.ფ. 207).

 

5.3. 2014 წლის 8 სექტემბერს თ----- ჭ--–--ემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს განცხადებით მიმართა, რომლითაც ისნის რაიონის გამგეობაში არსებულ პრობლემებზე მიუთითა. განცხადების მიხედვით:

- ახალი გამგებელი ვ------- ქ----------–---–- არ ეკონტაქტებოდა გამგეობის თანამშრომელთა დიდ ნაწილს, მათ შორის, თ----- ჭ--–--ეს, არ ატარებდა თათბირებსა და შეხვედრებს, არ დაინტერესებულა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებით;

- გამგეობის თანამშრომლებს აპარატის მოთხოვნით ჩამოერთვათ ავტომობილები, რამაც ხელი შეუშალა გამგეობის ეფექტურ და ოპერატიულ მუშაობას;

- აპარატის უფროსმა - ვ------- გ--------მ სამსახურებრივ საკითხზე კომუნიკაციისას თ----- ჭ--–--ეს მიაყენა შეურაცხყოფა და დაემუქრა, რაზედაც თ----- ჭ--–--ემ გამგებელსა და არასამთავრობო სექტორს აცნობა(ტომი 2, ს.ფ. 99-101).

 

5.4. 2014 წლის 18 სექტემბრის N1-------------- წერილით ისნის რაიონის გამგებელმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს მიმართა ისნის გამგეობისათვის 2013 წლის 11 აპრილის N74 მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ავტომობილის - კია პიკანტოს (სახელმწიფო ნომრით N-----) არამართლზომიერი სარგებლობის საკითხის გამოსაკვლევად (ტომი 2, ს.ფ. 170-171).

 

5.5. 2014 წლის 7 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე გ------- ჯ----- თ----- ჭ--–--ეს 2014 წლის 8 ოქტომბრის 16:00 საათამდე მის სამოქმედო უბანზე შპს ,,თ---–----------------ს“ მუშაობასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე ინფორმაციის მიწოდება დაავალა. აღნიშნული დავალება თ----- ჭ--–--ემ 2014 წლის 8 ოქტომბერს 19:00 სთ-ზე შეასრულა N0----------- წერილის წარდგენით (ტომი 1, ს.ფ. 34, 49; ტომი 2, ს.ფ. 20-83).

 

5.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებლის მოადგილემ გ------- ჯ----- 2014 წლის 13 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებელს ვ------- ქ----------–---–ს მოხსენებითი ბარათი წარუდგინა, რომლითაც შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

- თ----- ჭ--–--ის N0----------- წერილზე დართულ ფოტოებს შორის იყო ნაგვის ურნის ფოტო, რომელზეც ნ-----–----ს მაჟორიტარი დეპუტატის სარეკლამო პლაკატი იყო განთავსებული. ამასთან დაკავშირებით თ----- ჭ--–--ემ განმარტა, რომ დასუფთავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დავალების შესრულებისას ორიენტირებული იყო ნაგვის ურნების დაზიანებების დაფიქსირებაზე და ყურადღება არ მიუქცევია წინასაარჩევნო პლაკატისათვის;

- ისნის რაიონის გამგეობის ტერიტორიული ერთეულის ნ-----–----ის უბნის სამსახურის უფროსი თ----- ჭ--–--ე დაპირისპირების რეჟიმში აგრძელებდა გამგეობის ხელმძღვანელებთან ურთიერთობას, ცრუ ბრალდებებით ცდილობდა გამგეობის ხელმძღვანელობის დისკრედიტაციას, ცდილობდა შეცდომაში შეეყვანა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი - დ----- ნ-------ა, რის მაგალითად თ----- ჭ--–--ის მიერ თბილისის მერთან 2014 წლის 8 სექტემბერს წარდგენილი განცხადება დასახელდა;

- თ----- ჭ--–--ემ 2014 წლის 3 სექტემბერს სამუშაო საათებში (13:00-14:00) სამუშაო ადგილი ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად მიატოვა და უ-------ს მხარდამჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა;

- თ----- ჭ--–--ე Facebook-ით და მედიასაშუალებებით სისტემატიურად ავრცელებდა სიცრუეს, რომელიც გამგეობის მოხელეების და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული (ტომი 2 ს.ფ. 17-19, 20-159).

 

5.7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებლის მოადგილის გ------- ჯ----ს 2014 წლის 13 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 16 ოქტომბრის N----რძანებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ტერიტორიული ერთეულის ნ-----–----ის უბნის სამსახურის (განყოფილება) უფროსს თ----- ჭ--–--ეს დისციპლინარული გადაცდომისათვის შენიშვნა გამოეცხადა. ბრძანების მიხედვით, მისი გამოტანისას გამგებელმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის „ბ“ და „ზ“ პუნქტებით, 731-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტებით, 732-ე მუხლის პირველი, მეორე და მე-6 პუნქტებით, 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით იხელმძღვანელა (ტომი 1, ს.ფ. 53).

 

5.8. 2014 წლის 20 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებლის მოადგილემ გ------- ჯ----- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებელს - ვ------- ქ----------–---–ს კიდევ ერთი მოხსენებითი ბარათი წარუდგინა. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის მიხედვით:

- შენიშვნის გამოცხადების მიუხედავად, თ----- ჭ--–--ე არ წყვეტდა ჭორების და ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებას, იბარებდა ტელევიზიებს, უკავშირდებოდა ქალაქის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს და აწვდიდა მათ ცრუ ინფორმაციას, თითქოსდა მასზედ მიმდინარეობდა ზეწოლა გამგეობის მხრიდან;

- თ----- ჭ--–--ეს არ ჰქონდა მართვის მოწმობა, მას სამსახურის ავტომანქანა მიღება- ჩაბარების აქტის გარეშე გადაეცა. 2014 წლის მარტში ადგილი ჰქონდა არასამუშო დროს სამსახურის ავტომანქანის ოჯახის წევრისათვის სამართავად გადაცემას;

- თ----- ჭ--–--ემ 2014 წელს 7 თვეში 932 ლ ბენზინი გაფლანგა;

- ნ-----–----ის მუნიციპალიტეტში განთავსებული 46 დასახელების ინვენტარიდან 7 დასახელების ინვენტარი არ აღმოჩნდა ადგილზე, რაზეც პასუხისმგებელი თ----- ჭ--–--ე იყო, როგორც სამსახურის უფროსი;

- თ----- ჭ--–--ემ პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად განცხადებით, 21 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, შვებულებაში გასვლა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო;

- თ----- ჭ--–--ემ 20 ოქტომბერს 1 დღით უხელფასო შვებულება მოითხოვა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. მიუხედავად უარისა, მან თვითნებურად მიატოვა სამსახური და სამუშაო საათების დასრულებამდე უკან არ დაბრუნებულა (ტომი 2, ს.ფ. 162, 163-168, 169-139).

 

5.9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებლის მოადგილის გ------- ჯ----ს 2014 წლის 20 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 20 ოქტომბრის N4---რძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ტერიტორიული ერთეულის ნ-----–----ის უბნის სამსახურის (განყოფილება) უფროსი თ----- ჭ--–--ე დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა. ბრძანების მიხედვით, მისი გამოტანისას გამგებელმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის „ა“ და „ზ“ პუნქტებით, 731-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 732-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებით იხელმძღვანელა. პირველი ინატანციის სასამართლომ მიუთითა მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებაზე და აღნიშნა, რომ გათავისუფლების საფუძველი გახდა მხოლოდ მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 9 ოქტომბრის დასკვნა და ამ დასკვნით დადგენილი ფაქტი 2014 წლის 23 მარტს ავტომანქანის გადაცემის შესახებ, რაც ჩაითვალა სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევად (ტომი 2, ს.ფ. 161; 2016 წლის 14 სექტემბერის სხდომის ოქმი, 16:45:02, 16:06:30-16:45:08).

 

5.10. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ბრძანებების გამოცემამდე თ----- ჭ--–--ე პოლიტიკურ ორგანიზაცია „ე----------–------–---------------ას“ ღიად უჭერდა მხარს (ტომი 1, ს.ფ. 30).

 

5.11. 2014 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში არასამთავრობო ორგანიზაციები (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩვენები და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოება) 2014 წლის აგვისტოდან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით მასობრივი გათავისუფლების პრობლემაზე საუბრობდნენ. მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით გაირკვა, რომ 2014 წლის 1 აგვისტოდან 2014 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში ქ.თბილისის მერიიდან 115 თანაშრომელი პირადი განცხადების საფუძველზე დაითხოვეს (ტომი 2, ს.ფ. 274-307; 378-399).

 

6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

6.1. დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ შენიშვნის გამოცხადების შესახებ ბრძანება და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ფაქტობრივად ერთდროულად გამოსცა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ საერთო ფაქტობრივი საფუძველი და საერთო მიზანი გააჩნდათ, რაც, დამდგარი შედეგის მიხედვით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება იყო. ორივე ბრძანების საფუძვლად მითითებულ მოხსენებით ბარათებში ძირითადი ყურადღება თ----- ჭ--–--ის მიერ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ღიად გამოთქმულ განცხადებებზე გამახვილდა და აღინიშნა, რომ განცხადებები ცილისმწამებლური და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული იყო, თუმცა ბუნდოვანია, ცილისწამებაზე დასკვნა რამ განაპირობა - როგორც სასამართლომ დაადგინა, თ----- ჭ--–--ე პრეტენზიას ხელმძღვანელთან კომუნიკაციის შეუძლებლობაზე, სამუშაო პირობების გაუარესებაზე - ავტომანქანის ჩამორთმევაზე, ზეწოლაზე, ასევე, შეურაცხყოფასა და მუქარის ფაქტზეც ამახვილებდა, ამასთან დაკავშირებული გარემოებები კი გამოკვლეული არ ყოფილა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ახალი ხელმძღვანელის პირობებში თ----- ჭ--–--ის საქმიანობით დაინტერესების, მისი ანგარიშის მოსმენის ნაცვლად დაიწყო მოკვლევა ყოფილი ხელისუფლების პირობებში შესაძლო დარღვევების მოსაძიებლად და შესაბამისი წარმოებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თ----- ჭ--–--ემ 7 თვეში 952 ლ ბენზინი გაფლანგა, 2014 წლის 23 მარტს სამსახურის ავტომანქანა უცხო პირს - მეუღლეს გადასცა სამართავად, ამას დაემატა ისიც, რომ ნ-----–----ის მუნიცილიტეტში არსებულ ინვენტარზე ვერ იქნა მოძიებული მიღება-ჩაბარების აქტები და 3 ინვენტარი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ბენზინის გაფლანგვის ფაქტის, როგორც დანაშაულის დადასტურება მხოლოდ სათანადო წარმოების საფუძველზე გამოტანილი განაჩენით არის შესაძლებელი. ამასთან, როგორც მოპასუხისა და მესამე პირის წარმომადგენლებმა განმარტეს, გათავისუფლების საფუძველი მხოლოდ აუდიტის დასკვნით დადასტურებული გარემოება - ავტომანქანის გადაცემის ფაქტი გახდა, რაც უხეშ დარღვევად და გათავისუფლების საფუძვლად შეფასდა.

 

შრომითი უფლების დაცვის სტანდარტებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ თ----- ჭ--–--ის მიერ 2014 წლის მარტში არასამუშაო დროს ავტომანქანის სამართავად მეუღლისათვის გადაცემის ერთი ფაქტი არ წარმოადგენს იმ სახის გადაცდომას, რაც ყველაზე მკაცრი სახდელის დაკისრების საფუძველი შეიძლება გახდეს, მით უმეტეს ისეთ პირობებში, როცა ხელმძღვანელს არ გააჩნია მოხელესთან უშუალოდ მუშაობის გამოცდილება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანებების გამოცემის პერიოდში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალი ხელმძღვანელობის პირობებში თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლების ფაქტების დაფიქსირების გათვალისწინებით, იქმნებოდა პრეზუმფცია თ----- ჭ--–--ის მიმართ სახდელის დადების შესახებ ბრძანებების გამოცემით მისი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციისა, რომლის გაქარწყლება მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ შეძლო, რამეთუ თ----- ჭ--–--ის გათავისუფლების სხვა გონივრული საფუძველი საქმის მასალებიდან არ ირკვევა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წარმოადგენს თ----- ჭ--–--ის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძველზე მიღებულ აქტებს, რომელმაც თ----- ჭ--–--ე არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისა თუ მისადმი სიმპათიის გამო ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან (ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის უპარტიო თუ სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებთან) შედარებით და ამგვარ მოპყრობას არ გააჩნდა ლეგიტიმური მიზანი.

 

დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა და განმარტა არაერთი ეროვნული და საერთაშორისო ნორმა, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-3 მუხლები, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლი, კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლი.

 

7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების 1.1, 1.2, 1.3, 1.4, 1.5 პუნქტების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილება.

 

7.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, სადაც აღნიშნულია, რომ განთავისუფლების საფუძველი გახდა მხოლოდ მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 9 ოქტომბრის დასკვნა და ამ დასკვნით დადგენილი ფაქტი ავტომანქანის გადაცემის შესახებ. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მხრიდან მოპასუხის პოზიციის გადმოცემისას ადგილი აქვს გარემოებების არასწორ ინტერპრეტაციას. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა, როგორც შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნა, ასევე მოხელის საქმიანობის სრული ანალიზი.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ გასაჩივრებული აქტების გამოცემას შორის არსებული დროის მოკლე შუალედი მიუთითებდა მოხელის განთავისუფლების წინასწარ განზრახვაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტი ქრონოლოგიურად მიუთითებს საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ ბრძანებებს შორის დროის მცირე პერიოდი განპირობებულია ობიექტური გარემოებებით.

 

ისნის რაიონის გამგეობა აღნიშნავს, რომ თ----- ჭ--–--ის საქმიანობის კვლევისას გამოიკვეთა მისი მხრიდან ბენზინის გაფლანგვის ფაქტი, რაც შესასწავლად გადაეცა უფლებამოსილ ორგანოს. გამგებლის მიერ ამ ეპიზოდზე არანაირი სამართლებრივი შედეგის მქონე ქმედება არ განხორციელებულა, თუმცა ვინაიდან თ----- ჭ--–--ის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარებამდე, უფლებამოსილმა პირმა მოითხოვა მოხელის საქმიანობის თაობაზე ვრცელი ანგარიში, მასში აისახა ეჭვი, თ----- ჭ--–--ის სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ თ----- ჭ--–--ის მიერ არასამუშაო დროს, ავტომანქანის მეუღლისთვის გადაცემის ერთი ფაქტი არ წარმოადგენს ყველაზე მკაცრი სახდელის დაკისრების საფუძველს, ისნის რაიონის გამგეობა არ იზიარებს და განმარტავს, რომ აღნიშნული მოქმედებით დარღვეულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის არაერთი ნორმა და პრინციპი. უდავოდ დადგენილია, რომ 1. მოსარჩელემ ნ-----–----ის ტერიტორიულ ერთეულზე სარგებლობაში გადაცემული ოპერატიული ავტომობილი გამოიყენა არასამსახურებრივი მიზნით; 2. ავტომობილით არასამუშაო მიზნებისთვის სარგებლობის დღე იყო არასამუშაო დღე; 3. ავტომობილი სამართავად გადასცა საკუთარ ოჯახის წევრს, რომელიც არ იყო გამგეობის თანამშრომელი; 4. ავტომობილის გამოყენება განხორციელდა არა გამგეობის სამოქმედო ტერიტორიაზე, არამედ ქალაქ გორში; 5. ავტომობილის მართვისას არაუფლებამოსილი პირის მიერ ჩადენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მოძრაობის წესების დარღვევის სახით. სასამართლოსგან განსხვავებით, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნაში ზემოაღნიშნული ქმედება შეფასდა კომპლექსურად და მათზე დაყრდნობით იქნა შემუშავებული რეკომენდაცია მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან, მოხელის განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას მის მიმართ უკვე მოქმედებდა დისციპლინური სახდელი ,,შენიშვნის“ სახით, რომლის კანონიერებაზეც სასამართლო გადაწყვეტილებაში საერთოდ არ მსჯელობს და ისე მიიჩნევს მას ბათილად.

 

ისნის რაიონის გამეგობა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის ნაწილში და განმარტავს, რომ მოხელის განთავისუფლებას საფუძვლად უდევს მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტი, რომელიც დაკვალიფიცირებულია, როგორც სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების უხეში დარღვევა. გარდა ამისა, არ არსებობს კომპარატორი, როდესაც ისნის რაიონის გამგებლის ანდა შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მხრიდან მსგავსი ხარისხის დისციპლინური გადაცდომის დადგენის შემთხვევაში, რეკომენდირებულია განსხვავებული შედეგი. სასამართლოს მხრიდან მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ თ----- ჭ--–--ე თავს მიაკუთვნებდა ოპოზიციური პარტიის რიგებს და აღნიშნული იყო აღიარებული და გაცხადებული ფაქტი, არ შეიძლება სასამართლოსათვის გახდეს დისკრიმინაციის არსებობის მტკიცების საფუძველი. მით უმეტეს, რომ სახეზეა გამოკვეთილი დისციპლინური გადაცდომის უტყუარი მტკიცებულებები, რისი რეაგირების გარეშე დატოვებაც სწორედაც რომ იქნებოდა სხვა თანამშრომლების მიმართ დისკრიმინაცია.

 

აპელანტი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, სადაც დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საფუძვლად მითითებულია არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები და განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული მოხელის შემთხვევაში, განთავისუფლების გარემოებები მოითხოვს დამოუკიდებელ კვლევას იმისათვის, რომ დასაბუთებულად დაიდოს რაიმე სახის დასკვნა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გარკვეული რაოდენობის თანამშრომლის განთავისუფლება, არანაირ შემხებლობაში არ არის თ----- ჭ--–--ის საქმესთან, რომელიც განთავისუფლდა კონკრეტული სამსახურებრივი პასუხისმგებლობის უხეში დარღვევის გამო.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ თ----- ჭ--–--ის მიმართ არ არსებობოს დისკრიმინაციული მოპყრობის არანაირი გარემოება, შესაბამისად, არ არსებობს მის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების რაიმე საფუძველი.

 

ისნის რაიონის გამგეობა მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არსებობს მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე გამოცემული ინდივიუდალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, აქტი უნდა დარჩეს ძალაში, შესაბამისად არ არსებობს მოხელისათვის განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველიც.

 

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

8.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასება სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ თ----- ჭ--–--ის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა მხოლოდ აუდიტის დასკვნა და მასში მოყვნილი ფაქტი - ავტომანქანის მესამე პირისთვის გადაცემა. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა ერთმნიშვნელოვნად განმარტა თ----- ჭ--–--ის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანების საფუძველი და მიუთითა მხოლოდ მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 9 ოქტომბრის დასკვნაზე და ამ დასკვნით დადგენილ ფაქტზე (იხ. 2016 წლის 14 სექტემბრის სხდომის ოქმი 16:45:02). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოება სწორად იქნა დადგენილი. თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტი სააპელაციო სასამართლოში სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად, ასევე, მიუთითებს თ----- ჭ--–--ის საქმიანობის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებს, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია შეისწავლოს და გამოიკვლიოს თ----- ჭ--–--ის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, როგორც სადავო აქტის გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი.

 

8.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

8.3.1. ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის შიდა აუდიტის განყოფილების მიერ განხორციელდა ისნის რაიონის გამგეობისათვის გადაცემული ავტომობილის კია პიკანტოს არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტის შესწავლა. შესწავლის შედეგებზე გამოიცა 2014 წლის 9 ოქტომბრის დასკვნა. დასკვნის თანახმად, ავტომობილი კია პიკანტო, სახელმწიფო ნომრით N------, ისნის რაიონის გამგეობამ სარგებლობაში გადასცა ნ-----–----ის ტერიტორიულ ერთეულს, რომლის ხელმძღვანელი იყო თ----- ჭ--–--ე. 2014 წლის 23 მარტს ავტომობილზე დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რისთვისაც დაჯარიმებულია გ------- ხ---------ია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თ----- ჭ--–--ემ განმარტა, რომ ავტომანქანა გამგეობის აპარატის უფროსთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე გამოიყენა პირადი აუცილებლობით გამოწვეული საჭიროებისათვის, ხოლო ვინაიდან თავად არ ჰქონდა მართვის მოწმობა, საჭესთან დაჯდა მისი მეუღლე გ------- ხ---------ია. შიდა აუდიტის განყოფილებამ მიიჩნია, რომ თ----- ჭ--–--ის მიერ ოპერატიული დანიშნულების ავტომობილის პირადი საჭიროებისათვის გამოყენება წარმოადგენდა სამსახურებრივ მოვალეობათა უხეშ დარღვევას (ტ.2, ს.ფ. 170-171).

 

8.3.2. ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამუშაო დღე იწყება 10:00 საათზე და მთავრდება 19:00 საათზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შესვენება იწყება 14:00 სთ-დან და გრძელდება 15:00 სთ-მდე (ტ.3, ს.ფ. 305-310).

 

8.3.3. 2014 წლის 5 სექტემბერს თ----- ჭ--–--ემ ახსნა-განმარტებით მიმართა ისნის რაიონის გამგებელს, სადაც აღნიშნა, რომ 3 სექტემბერს 13 საათიდან 14 საათამდე (შესვენების დროს), მხარი დაუჭირა ნ-----–----ის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის თხოვნას გაეკეთებინა უ-------ს მხარდასაჭერი აქცია და მათთან ერთად გამოხატა უ-------სადმი სოლიდარობა, როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ (ტ.1, ს.ფ. 31-32).

 

8.3.4. 2014 წლის 23 სექტემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საფინანსო განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა, აპარატის ექსპერტ-კონსულტანტმა და ინვენტარიზაციაზე პასუხისმგებელმა აპარატის მთავარმა სპეციალისტმა ჩაატარეს ინვენტარიზაცია ტერიტორიული ერთეულის ნ-----–----ის უბნის სამსახურში. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: შენობაში არ აღმოჩნდა 1. სათათბირო მაგიდა ნომრით 0116182; 2. პრინტერი 1020 ნომრით 0113115/7; 3. კომპიუტერი ლჯ ნომრით 01131226; 4. კომპიუტერი ლჯ ნომრით 01131232; 5. მაგიდის ერთი ტუმბო 0116054/17; 6. ტელევიზორის ტუმბო უნომრო; 7. პროექტორი ნომრით 01131237 (ტ.2, ს.ფ. 227).

 

2014 წლის 24 სექტემბერს თ----- ჭ--–--ემ მოხსენებითი ბარათით მიმართა ისნის რაიონის გამგებელს და მოახსენა, რომ იგი 2013 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა ნ-----–----ის უბნის სამსახურის უფროსად. ამავე სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მის მიერ აღწერილ იქნა მუნიციპალიტეტში არსებული ინვენტარი და აღნიშნული ინვენტარიზაციის შესახებ ინფორმაცია ეცნობა აპარატის უფროსს. თ----- ჭ--–--ემ მიუთითა ინვენტარზე, რომელიც დოკუმენტურად ეწერა მუნიციპალიტეტს, მაგრამ იმყოფებოდა გამგეობაში: 1. ტელევიზორის ტუმბო (მაგიდა) არის ისნის რაიონის გამგეობაში, გამგებლის ოთახში; 2. მაგიდის (0116054/17) ერთი ტუმბო არის ავლაბრის მუნიციპალიტეტში; 3. პრინტერი 1020 ერთი ცალი (0113115/7) არის ისნის რაიონის გამგეობაში; 4. კომპიუტერი LG შეცვალა გამგეობის აპარატმა და ამჟამად არის გამგეობაში, მის ნაცვლად კი აქვთ კომპიუტერი FUJITSU (01013431); 5. მონიტორი compaci შეცვალა გამგეობის აპარატმა და არის გამგეობაში, მის ნაცვლად კი აქვთ FUJITSU-ს მონიტორი (01013431); 6. სამი სკამი არის ატანილი გამგეობაში; 7. მის დანიშნვნამდე მუნიციპალიტეტში არსებული სათათბირო მაგიდა (0116182) მისი ინფორმაციით ატანილ იქნა გამგეობაში (ტ.2, ს.ფ. 228)

 

8.3.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგებლის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით, თ----- ჭ--–--ე 2017 წლის 3 იანვრიდან აღდგენილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის ნ-----–----ის საუბნო განყოფილების უფროსის - გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე, რისი საფუძველიც გახდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლად აღსასრულებლად გადაცემის შესახებ (ტ.3, ს.ფ. 315).

 

8.3.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგებლის 2017 წლის 13 თებერვლის ბრძანებით, თ----- ჭ--–--ე, პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (ტ.3, ს.ფ. 317).

 

8.4. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

8.4.1. დავის ძირითადი საგანია თ----- ჭ--–--ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - შენიშვნისა და სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება, იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ასევე თ----- ჭ--–--ის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და აღნიშნულის საფუძველზე მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას უკავშირებს შენიშვნისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების გამოცემას. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო აქტების კანონიერების შემოწმებამდე უნდა დადგინდეს დისკრიმინაციის ფაქტის არსებობა, რადგან აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში იქმნება სადავო აქტების ბათილად ცნობის უპირობო საფუძველი. ასეთი ფაქტის არარსებობის პირობებში კი სასამართლომ უნდა იმსჯელოს სადავო აქტების გამოცემის კანონიერებაზე სხვა სამართლებრივი საფუძვლებით.

 

8.4.2. ადამიანის უფლება - იყოს დაცული დისკრიმინაციის ყველა ფორმისგან, განმტკიცებულია როგორ ეროვნული კანონმდებლობით, ასევე არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტით.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დისკრიმინაციის აკრძალვის მარეგულირებელ ეროვნულ თუ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებზე მითითებას, მათ განმარტებას და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს. კანონის წინაშე თანასწორობა, უწინარესად, ყველასთვის თანაბარი უფლებებით, პრივილეგიებითა თუ იმუნიტეტით სარგებლობის უფლებას გულისხმობს, რომლებიც თანაბრადაა დაცული კანონის საფუძველზე. მოცემული კონსტიტუციური ნორმა განსაზღვრავს, თუ რა ნიშნების მიხედვით არ შეიძლება ადამიანებისადმი დიფერენცირებული მიდგომა და როდის იქნება იგი შეფასებული დისკრიმინაციად. თავის მხრივ დისკრიმინაცია კუმულაციურად მოიაზრებს, როგორც განსხვავებულ მოპყრობას, ასევე ასეთი მოპყრობის უკანონობას. თუკი განსხვავებული მოპყრობა ემსახურება სამართლიანობას, უთანასწორობის აღმოფხვრას, იგი არ შეიძლება შეფასდეს დისკრიმინაციად. ,,დისკრიმინაცია, ეს არის შედარებით მსგავს ვითარებაში მყოფ ადამიანთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე“ (Zarb Adami v Malta, hudoc (2006) 44 EHRR 49 para 71). ამდენად, თანასწორობის მოთხოვნა ირღვევა, როდესაც მსგავსი, ერთგვაროვანი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, ისევე როგორც, აშკარად განსხვავებული შემთხვევების ერთგვაროვანი განხილვა ასევე შეუთავსებელია თანასწორობასთან.

 

მითითებული კონსტიტუციური ნორმა კრძალავს დისკრიმინაციას, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით. პოლიტიკური შეხედულებები არ შეიძლება განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელი საფუძველი გახდეს, თუკი მათი გამოხატვა ზიანს არ აყენებს საჯარო ინტერესებს, ადამიანის უფლებებსა და სხვა დემოკრატიულ ღირებულებებს. სამსახურში აყვანისა თუ გათავისუფლების კრიტერიუმი არ შიძლება უკავშირდებოდეს ადამიანის პოლიტიკურ შეხედულებებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი, ასევე კრძალავს დისკრიმინაციას, თუმცა საკუთრივ კონვენციით გაცხადებული უფლებების მიმართ. იგი არ გამოიყენება დამოუკიდებლად და მისი დარღვევა ნაგულისხმევი უნდა იყოს რომელიმე სხვა უფლებასთან მიმართებაში. ,,მე-14 მუხლი არ არის დამოუკიდებელი იმ გაგებით, რომ ის გამოიყენება მხოლოდ კონვენციით განმტკიცებულ უფლებებსა და თავისუფლებებთან მიმართებით“ (Relating to certain aspects of the laws on the use of languages in Belgium v. Belgium, ECHR 24.04.1968). ამდენად, დამოუკიდებლად დისკრიმინაციის დადგენა დაუშვებელია, უკეთუ იგი არ ზღუდავს რომელიმე სხვა კონვენციით გარანტირებულ უფლებას.

 

საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულმა ზემოაღნიშნულმა უფლებამ ასახვა ჰპოვა ეროვნულ კანონმდებლობაშიც. კერძოდ, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

 

აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ დისკრიმინაცია სახეზეა, როდესაც პირს ხელი ეშლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას, არსებობს განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში მყოფი პირების მიმართ, არ არსებობს კანონით განსაზღვრული მიზანი, განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და იგი დასახული მიზნის არათანაზომიერია. პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას აქვს ადგილი, როდესაც პირის მიმართ ხდება ამგვარი მოპყრობა მისი პოლიტიკური შეხედულებებისა თუ მრწამსის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

 

განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითად მნიშვნელოვანია დადგინდეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები ჰქმნის თუ არა გონივრულ ეჭვს პოლიტიკური ნიშნით უთანასწორო მოპყრობაზე და წარმოიშვება თუ არა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გააქარწყლოს აღნიშნული ეჭვი. უთანასწორო მოპყრობის ფაქტის დადგენის მიზნით მნიშვნელოვანია დადგინდეს შესადარებელი პირი ან პირთა ჯგუფი, რომლებთან შედარებით მოსარჩელე, მსგავს პირობებში, განსხვავებულ მოპყრობას დაექვემდებარა.

 

დადგენილია, რომ თ----- ჭ--–--ე დასაქმებული იყო თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობაში ისნის რაიონის ტერიტორიული ერთეულის ნ-----–----ის უბნის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე 2013 წლის 1 ოქტომბრიდან. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელე კეთილგანწყობილი იყო პოლიტიკური გაერთიანება ,,ე-----------–------–----------------ის“ მიმართ და ღიად უჭერდა მას მხარს.

 

დადგენილია, რომ თ----- ჭ--–--ე, როგორც ნ-----–----ის უბნის განყოფილების უფროსი, სარგებლობდა ისნის რაიონის გამგეობის სარგებლობაში არსებული ავტომობილით, რომელიც 2014 წლის 1 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით ჩამოერთვა. ავტომანქანის ჩამორთმევის მიზეზად მიეთითა ავტომობილების ინვენტარიზაცია, ტექნიკური გამართულობა, ვიზუალური შემოწმება და სხვა საჭირო პროცედურების ჩატარება.

 

დადგენილია, რომ თ----- ჭ--–--ემ 2014 წლის 8 სექტემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს განცხადებით მიმართა, რომლითაც ისნის რაიონის გამგეობაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებდა. განცხადების მიხედვით: ახალი გამგებელი ვ------- ქ----------–---–- არ ეკონტაქტებოდა გამგეობის თანამშრომელთა დიდ ნაწილს, მათ შორის, თ----- ჭ--–--ეს, არ ატარებდა თათბირებსა და შეხვედრებს, არ დაინტერესებულა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებით; გამგეობის თანამშრომლებს აპარატის მოთხოვნით ჩამოერთვათ ავტომობილები, რამაც ხელი შეუშალა გამგეობის ეფექტურ და ოპერატიულ მუშაობას; აპარატის უფროსმა - ვ------- გ--------მ სამსახურებრივ საკითხზე კომუნიკაციისას მას მიაყენა შეურაცხყოფა და დაემუქრა, რაზედაც აცნობა როგორც გამგებელს, ასევე არასამთავრობო სექტორს.

 

2014 წლის 7 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე გ------- ჯ----- თ----- ჭ--–--ეს, 2014 წლის 8 ოქტომბრის 16:00 საათამდე, მის სამოქმედო უბანზე, შპს ,,თ---–----------------ს“ მუშაობასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე ინფორმაციის მიწოდება დაავალა. აღნიშნული დავალება თ----- ჭ--–--ემ შეასრულა 2014 წლის 8 ოქტომბერს 19:00 სთ-ზე N0----------- წერილის წარდგენით. წერილს დაერთო თ----- ჭ--–--ის სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებული ნაგვის ურნების ფოტოსურათები, სადაც ერთ-ერთ ურნაზე განთავსებული იყო ნ-----–----ის მაჟორიტარი დეპუტატის სარეკლამო პლაკატი. თ----- ჭ--–--ის განმარტებით, დავალებული სამუშაოს შესრულებისათვის მას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან არ ჰყავდა ავტომანქანა და მოუწია საკუთარი ხარჯებით გადაადგილება და დავალების ჯეროვნად შესრულება. ხოლო ფოტოსურთთან დაკავშირებით განმარტა, რომ იგი ორიენტირებული იყო ნაგვის ურნების დაზიანებების დაფიქსირებაზე და ყურადღება არ მიუქცევია წინასაარჩევნო პლაკატისათვის.

 

2014 წლის 13 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებლის მოადგილემ გ------- ჯ----- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებელს ვ------- ქ----------–---–ს მოხსენებითი ბარათი წარუდგინა, სადაც ყურადღება გაამახვილა თ----- ჭ--–--ის მიერ შესრულებულ სამუშაოზე, რომლის ფარგლებშიც წარდგენილ იქნა დასურათებული ნაგვის ურნები, ერთ-ერთ ურნაზე კი განთავსებული იყო ნ-----–----ის მაჟორიტარი დეპუტატის სარეკლამო პლაკატი; ხსენებულ ბარათში ასევე აღინიშნა, რომ თ----- ჭ--–--ე დაპირისპირების რეჟიმში აგრძელებდა გამგეობის ხელმძღვანელებთან ურთიერთობას, ცრუ ბრალდებებით ცდილობდა გამგეობის ხელმძღვანელობის დისკრედიტაციას, ცდილობდა შეცდომაში შეეყვანა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი - დ----- ნ-------ა, რომელსაც გაუგზავნა მოხსენებითი ბარათი; თ----- ჭ--–--ემ 2014 წლის 3 სექტემბერს სამუშაო საათებში (13:00-14:00) მონაწილეობა მიიღო უ-------ს მხარდამჭერ აქციაში ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად; თ----- ჭ--–--ე Facebook-ით და მედიასაშუალებებით სისტემატიურად ავრცელებდა სიცრუეს, რომელიც გამგეობის მოხელეების და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული.

 

გ------- ჯ----ს 2014 წლის 13 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 16 ოქტომბრის N----რძანებით, თ----- ჭ--–--ეს დისციპლინარული გადაცდომისათვის გამოეცხადა შენიშვნა.

 

ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის შიდა აუდიტის განყოფილების მიერ განხორციელდა ისნის რაიონის გამგეობისათვის გადაცემული ავტომობილის კია პიკანტოს არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტის შესწავლა. შესწავლის შედეგებზე გამოიცა 2014 წლის 9 ოქტომბრის დასკვნა. დასკვნის თანახმად, ავტომობილი კია პიკანტო, სახელმწიფო ნომრით N------, ისნის რაიონის გამგეობამ სარგებლობაში გადასცა ნ-----–----ის ტერიტორიულ ერთეულს, რომლის ხელმძღვანელი იყო თ----- ჭ--–--ე. 2014 წლის 23 მარტს ავტომობილზე დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რისთვისაც დაჯარიმებულია გ------- ხ---------ია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თ----- ჭ--–--ემ განმარტა, რომ ავტომანქანა გამგეობის აპარატის უფროსთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე გამოიყენა პირადი აუცილებლობით გამოწვეული საჭიროებისათვის, ხოლო ვინაიდან თავად არ ჰქონდა მართვის მოწმობა, საჭესთან დაჯდა მისი მეუღლე გ------- ხ----------ია. შიდა აუდიტის განყოფილებამ მიიჩნია, რომ თ----- ჭ--–--ის მიერ ოპერატიული დანიშნულების ავტომობილის პირადი საჭიროებისათვის გამოყენება წარმოადგენდა სამსახურებრივ მოვალეობათა უხეშ დარღვევას.

 

2014 წლის 20 ოქტომბერს ისნის რაიონის გამგებლის მოადგილემ გ------- ჯ----- მოხსენებითი ბარათით, კვლავ, მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებელს ვ------- ქ----------–---–ს, სადაც აღნიშნა, რომ შენიშვნის გამოცხადების მიუხედავად, თ----- ჭ--–--ე არ წყვეტდა ჭორების და ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებას, იბარებდა ტელევიზიებს, უკავშირდებოდა ქალაქის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს და აწვდიდა მათ ცრუ ინფორმაციას, თითქოსდა მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა გამგეობის მხრიდან; თ----- ჭ--–--ეს არ ჰქონდა მართვის მოწმობა, მას სამსახურის ავტომანქანა მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე გადაეცა. 2014 წლის მარტში ადგილი ჰქონდა არასამუშო დროს სამსახურის ავტომანქანის ოჯახის წევრისათვის სამართავად გადაცემას; თ----- ჭ--–--ემ 2014 წელს 7 თვეში 932 ლ ბენზინი გაფლანგა; ნ-----–----ის მუნიციპალიტეტში განთავსებული 46 დასახელების ინვენტარიდან 7 დასახელების ინვენტარი არ აღმოჩნდა ადგილზე, რაზეც პასუხისმგებელი თ----- ჭ--–--ე იყო, როგორც სამსახურის უფროსი; თ----- ჭ--–--ემ პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად განცხადებით 21 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით შვებულებაში გასვლა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო; მან 20 ოქტომბერს 1 დღით უხელფასო შვებულება მოითხოვა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. მიუხედავად უარისა, მან თვითნებურად მიატოვა სამსახური და სამუშაო საათების დასრულებამდე უკან არ დაბრუნებულა.

 

გ------- ჯ----ს 2014 წლის 20 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 20 ოქტომბრის N4---რძანებით, თ----- ჭ--–--ე დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა.

 

საქმეში წარმოდგენილია არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები, რომლებიც მიუთითებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალი ხელმძღვანელობის პირობებში თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლების ფაქტებზე.

 

თ----- ჭ--–--ე მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობად აფასებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ საჯაროდ მხარდაჭერის ფონზე, შრომითი უფლებების შეზღუდვას. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე მიუთითებს, რომ მასზედ მოხდა იმგვარი დავალებების დაკისრება, რომლებიც იყო რთულად შესასრულებელი, მას უსაფუძვლოდ ჩამოართვეს ავტომანქანა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა, სანაგვე ურნაზე გადაღებული ფოტო, სადაც განთავსებული იყო ნ-----–----ის მაჟორიტარი დეპუტატის სარეკლამო პლაკატი, გახდა მის მიმართ შენიშვნის გამოცხადების რეალური საფუძველი, ხოლო შენიშვნის ბრძანება კი თავის მხრივ გახდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანებების გამოცემის პერიოდში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლების ფაქტების დაფიქსირების გათვალისწინებით, იქმნებოდა პრეზუმფცია თ----- ჭ--–--ის მიმართ სახდელის დადების შესახებ ბრძანებების გამოცემით მისი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციისა, რომლის გაქარწყლება მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ შეძლო, რამეთუ თ----- ჭ--–--ის გათავისუფლების სხვა გონივრული საფუძველი საქმის მასალებიდან არ ირკვევა.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას და აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენა/დადგენა საჭიროებს კონკრეტული შემთხვევის კვლევას სხვა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტებისგან დამოუკიდებლად. დაუშვებელია ინდივიდუალური შემთხვევის შეფასება სხვა პირთა მიმართ განხორციელებული უთანოსწორო მოპყრობის გათვალისწინებით. მით უფრო პრეზუმფციის დადგენა მასზედ, რომ თუკი სხვა პირთა მიმართ განხორციელდა ამგვარი მოპყრობა, ანალოგიურ შემთხვევას ექნება ადგილი განსახილველ შემთხვევაშიც. პალატა განმარტავს, რომ სადავო აქტების გამოცემის გონივრული საფუძვლის არარსებობა წარმოადგენს მათი ბათილად ცნობის საფუძველს და არა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დამადასტურებელ გარემოებას. ამგვარი მოპყრობის ფაქტის დადგენა საჭიროებს შესადარებელ ჯგუფთა სწორ გამოვლენასა და მათ შორის უთანასწორო მოპყრობის დადასტურებას პოლიტიკური ნიშნით. პირველი ინსტანციის სასამართლო შესადარებელი ჯგუფების სახით მიუთითებს ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის უპარტიო თუ სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებზე და აღნიშნავს, რომ მათგან განსხვავებით თ----- ჭ--–--ე ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩააყენა არახელსაყრელ მდგომარეობაში. პალატა ვერც აღნიშნულ განმარტებას გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ უთანასწორო მოპყრობის დადგენის მიზნით, შესადარებელი ჯგუფების გამოვლენა უნდა განხორციელდეს ჯეროვნად. ,,განსხვავებული მოპყრობა ვერ ჩაითვლება დისკრიმინაციად, თუ ვითარება არ არის მსგავსი, ანალოგიური” (Burden v UK, hudoc (2008)). საგულისხმოა, რომ თ----- ჭ--–--ე იყო ნ-----–----ის უბნის განყოფილების უფროსი. განსახილველ საქმეში მსგავს ან/და ანალოგიურ თანამდებობაზე მყოფი და შესაბამისად ანალოგიური უფლება-მოვალეობების მქონე პირი ან პირთა ჯგუფი, რომელთაც განსხვავებული სირთულის დავალებების შესრულება ეკისრებოდათ, არ ყოფილა გამოვლენილი. ანალოგიური ან მსგავსი ქმედებები, რაც განხორციელდა თ----- ჭ--–--ის მიერ, არ განხორციელებულა სხვა პირთა მიმართ, შესაბამისად, არ არსებობს შესადარებელი ჯგუფი, რომელთა ქმედება განსხვავებულად შეფასდა ხელმძღვანელობის მხრიდან. კერძოდ, სამუშაო საათებში არასამსახურებრივი საქმიანობის განხორციელება და სამუშაო ადგილის მიტოვება, სამსახურებრივი მიზნით ავტომანქანის მესამე პირთათვის გადაცემა, ხელმძღვანელობის მიმართ უკმაყოფილების გამოთქმა და სამსახურებრივ პრობლემებზე საუბარი. არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განსხვავებული მოპყრობა უპარტიო ან/და სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერ თანამშრომელთა მიმართ, ამგვარი ჯგუფები საერთოდ არ ყოფილა გამოვლენილი და შესაბამისად შედარებული. გარდა აღნიშნულისა, განსახილველ საქმეზე არ იკვეთება თ----- ჭ--–--ის იმგვარი პოლიტიკური საქმიანობა, რაც შეიძლება დევნის ობიექტი გამხდარიყო განსხვავებული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერ პირთა მხრიდან. სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას იგი გარდა ცალკეული გადაცდომებისა, რაზეც აპელანტი მიუთითებს, გამოთქვამდა უკმაყოფილებას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და მისი განცხადებები მიზნად არ ისახავდა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას ან უარყოფითი დამოკიდებულების შექმნას. სოციალურ ქსელებში და სხვა საჯარო სივრცეში პოლიტიკური კუთვნილების დადასტურება ლოგიკურ ბმაში ვერ იქნება მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან. თ----- ჭ--–--ის მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრად მოაზრება არ წარმოადგენს მისი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საკმარის საფუძველს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება თ----- ჭ--–--ის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა.

 

დისკრიმინაციის ფაქტის არარსებობის პირობებში, არ არსებობს გაუმართლებელი უთანასწორო მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.

 

8.4.3. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის ფაქტის არარსებობა ვერ გახდება სადავო აქტების კანონიერების განმსაზღვრელი ერთადერთი კრიტერიუმი, საჭიროა შემოწმდეს სადავო აქტების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან. სადავო აქტებით შეიზღუდა მოსარჩელის - თ----- ჭ--–--ის შრომითი უფლება. მნიშვნელოვანია დადგინდეს უფლებაში ჩარევას ჰქონდა თუ არა სათანადო გამართლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი იცავს შრომის თავისუფლებას. დასახელებული ნორმით დაცულია არამარტო უფლება, პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/2-389,26.10.2007).

 

სქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს, დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა მიმართ ისეთი ზომების გამოყენება, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დისციპლინური ზომა გამოიყენოს მის მიმართ. საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით ანიჭებს ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. შესაბამისად, პალატამ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე თ----- ჭ--–--ის მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გამოყენება განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს: სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 732-ე მუხლით განსაზღვრულია საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები, კერძოდ, პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხება. საჯარო მოსამსახურე თავის სამსახურებრივ მოვალეობას უნდა ასრულებდეს მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად. ხოლო, მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურემ უნდა იმოქმედოს კოლეგიალობის პრინციპით, სამსახურებრივი ვალდებულების გათვალისწინებით, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობისას უნდა დაიცვას ამ კანონით დადგენილი ქცევის ზოგადი წესები, განსაკუთრებით იმ მოქალაქესთან ურთიერთობისას, რომელიც სარგებლობს მისი მომსახურებით.

 

ამავე კანონის 78-ე მუხლი ადგენს დისციპლინური გადაცდომის სახეებს, კერძოდ, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

 

ამავე მუხლის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა -არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. მე-2 პუნქტის თანახმად კი, ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.

 

ამავე კანონის 99-ე მუხლი ადგენს სამსახურიდან განთავისუფლებას დისციპლინური გადაცდომისათვის. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. ამდენად, მოხელის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა წარმოადგენს მისი სამსახურიდან განთავისუფლების წინაპირობას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გადაცდომა განეკუთვნება უხეშ დარღვევას. შესაბამისად, ყოველ ასეთ შემთხვევაში შეფასებულ უნდა იქნეს გადაცდომის ხასიათი, გადაცდომის შედეგად დამდგარი ან მოსალოდნელი ზიანის ფარგლები.

 

სადავო აქტების გამოცემის პერიოდში მოქმედი ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის გამგებელი თვითმმართველ თემში და მერი თვითმმართველ ქალაქში. გამგებელი/მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად.

 

ამავე კანონის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამგებელი/მერი: ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის მოსამსახურეებს; ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის/მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი ისნის რაიონის გამგეობის მიერ თ----- ჭ--–--ის მიმართ გამოცემული ორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - შენიშვნის გამოცხადებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები. თითოეულ მათგანს აქვს დამოუკიდებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც დამოუკიდებელი შეფასების საგანი უნდა გახდეს.

 

თ----- ჭ--–--ის მიმართ შენიშვნის გამოცხადების შესახებ ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 16 ოქტომბრის N----რძანების საფუძვლად მითითებულია გამგებლის მოადგილის 2014 წლის 13 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათი, სადაც თ----- ჭ--–--ის მიერ ჩადენილ სამსახურებრივ გადაცდომად დასახელდა 2014 წლის 3 სექტემბერს სამუშაო საათებში უ-------ს მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობის ფაქტი, ამავე სამსახურებრივ ბარათში მითითებულია თ----- ჭ--–--ის მიერ დასურათებული ნაგვის ურნების ფაქტი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენილი განცხადება და სოციალური ქსელის მეშვეობით სიცრუის გავრცელება, რომელიც გამგეობის მოხელეების და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული.

 

ისნის რაიონის გამგეობის შინაგანაწესით განსაზღვრულია შესვენების დრო 14:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე, მაშინ, როცა თ----- ჭ--–--ე 2014 წლის 3 სექტემბერს 13:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე იღებდა მონაწილეობას უ-------ს მხარდამჭერ აქციაში. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს თ----- ჭ--–--ის განცხადებაზე, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივ, სამსახური შესვენებით სარგებლობდა 13:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე, თუმცა აღნიშნულის აღრიცხვა არც ელექტრონული და არც სხვა საშუალებებით არ ხორციელდებოდა. ყურადსაღებია ასევე თ----- ჭ--–--ის მიერ გაჟღერებული ის გარემოებაც, რომ მოცემული პერიოდისათვის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებითა და მთავრობის შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით, საჯარო დაწესებულებებმა მუშაობა დაიწყეს მანამდე არსებულზე უფრო ადრე - 9:00 საათიდან; აღნიშნულ ფაქტს, როგორც საყოველთაოდ ცნობილს, სასამართლოც ადასტურებს. თუმცა, შესაბამისი ცვლილებები სამსახურის შინაგანაწესში არ ასახულა და ამდენად, ასევე საქართველოში არსებული სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მსგავსი და ასევე საყოველთაოდ ცნობილი პრაქტიკიდან გამომდინარე, სარწმუნოა თ----- ჭ--–--ის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი აქციაში მონაწილეობდა 13:00 საათიდან 14:00 საათამდე, ანუ სამსახურის პრაქტიკით დადგენილი შესვენების დროის პერიოდში; ეს კი გამორიცხავს თ----- ჭ--–--ის მიერ, ამ თვალსაზრისით გადაცდომის ჩადენას.

 

საგულისხმოა ასევე თავად მხარდასაჭერი აქციის გამართვის ადგილი. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ აქცია იმართებოდა უშუალოდ სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურის შენობის წინ, ტროტუარზე, რაც მოსარჩელეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობას მინიმუმამდე ამცირებდა. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემობაც, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ მიუთითებს თ----- ჭ--–--ის აქციაში მონაწილეობის პერიოდში (1 საათის განმავლობაში), მისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობით რა სახის ზიანი იქნა დამდგარი. ადმინსტაციული ორგანო ვერ ასაბუთებს დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების აუცილებლობას. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება არ უნდა გახდეს სადამსჯელო ხასიათის მატარებელი, არამედ იგი გონივრული და რაციონალური განსჯის შედეგად უნდა შეეფარდოს სამსახურებრივი მოვალეობის დამრღვევ პირს, რომლის მიმართ ასეთი ღონისძიების გამოუყენებლობით ვერ იქნება უზრუნველყოფილი სამსახურებრივი წესრიგი/დისციპლინა. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს თ----- ჭ--–--ის ძირითად ფუნქციურ მოვალეობაზე, რომლის შესრულება უმთავრესად უკავშირდება მოსახლეობასთან გასვლას, მათთან კომუნიკაციას, მათი საჭიროებების დადგენასა და ზრუნვას. ასეთი ვალდებულებების შესრულება ვერ განხორციელდება სამსახურის შენობაში. შესაბამისად, თ----- ჭ--–--ის მიერ სამუშაო საათების განმავლობაში სამსახურის შენობის გარეთ ყოფნა, მით უფრო სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვერ ჩაითვლება სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევად, იმ პირობებში როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ მიუთითებს მოხელეზე დაკისრებული კონკრეტული სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაზე. ამასთან, როგორც თ----- ჭ--–--ე განმარტავს, იგი აქციაში მონაწილეობას იღებდა მოსახლეობის თხოვნითა და მათთან ერთად. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----- ჭ--–--ის აქციაში მონაწილეობა 13:00 საათიდან 14:00 საათამდე არ წარმოადგენდა მის მიმართ შენიშვნის გამოცხადების საკმარის საფუძველს. რაც შეეხება მოხსენებით ბარათში დაფიქსირებულ სხვა გარემოებებს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არის გამოვლენილი და დასაბუთებული თ----- ჭ--–--ის კონკრეტული ქმედება, რომელიც მიმართული იქნებოდა სამსახურის დისკრედიტაციისაკენ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თ----- ჭ--–--ის მიმართ გამოცემული შენიშვნის ბრძანება უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგებაა კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

8.4.4. რაც შეეხება ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 20 ოქტომბრის N4---რძანებას თ----- ჭ--–--ის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, იგი დაეფუძნა გამგებლის მოადგილის 2014 წლის 20 ოქტომბრის მოხსენებით ბარათს. მოხსენებითი ბარათის შინაარსის გათვალისწინებით სამსახურებრივ გადაცდომად ჩაითვალა თ----- ჭ--–--ის მიერ შენიშვნის გამოცხადების მიუხედავად ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, მისი მხრიდან არასამუშო დროს სამსახურის ავტომანქანის ოჯახის წევრისათვის სამართავად გადაცემა, 2014 წელს 7 თვეში 932 ლ ბენზინის გაფლანგა, ნ-----–----ის მუნიციპალიტეტში განთავსებული 46 დასახელების ინვენტარიდან 7 დასახელების ინვენტარის არარსებობა, შვებულების აღებაზე უარის თქმის მიუხედავად, სამსახურში გამოუცხადებლობა.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებაზე, რომ თ----- ჭ--–--ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების საფუძველი არ გამხდარა მისი მხრიდან ბენზინის გაფლანგვის ფაქტი, აღნიშნული წარმოადგენს სისხლის სამართლის წესით გამოსაკვლევ გარემოებას. პალატას მიაჩნია, რომ თუკი ადმინისტრაციული ორგანო თ----- ჭ--–--ეს ედავება სამსახურის ქონების - ინვენტარის გაფლანგვა/დაკარგვას, აღნიშნულიც ანალოგიური წესით უნდა დაექვედებაროს კვლევას სისხლის სამართლის წესით. აქვე, სასამართლო მიუთითებს თ----- ჭ--–--ის ახსნა-განმარტებით ბარათზე, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ინვენტარი, რომელიც ვერ აღმოაჩინეს ნ-----–----ის უბანზე, განთავსებულია გამგეობაში. აღნიშნულის საპირწონედ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია რაიმე პოზიცია ან/და მტკიცებულება. პალატის მოსაზრებით, ხსენებული ორი საფუძველი ვერ გახდება თანამშრომლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

 

რაც შეეხება ავტომანქანის არასამსახურებრივი მიზნით გადაცემას ოჯახის წევრისთვის, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით იგი უსათუოდ წარმოადგენს დისციპლინური სახის გადაცდომას, თუმცა იმ პირობებში, როდესაც სატრანსპორტო საშუალება დასაქმებულს გადაცემული ჰქონდა კონკრეტული პირობის გარეშე და როგორც წესი, მას ჰქონდა საშუალება ესარგებლა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით, ამასთან აღნიშნული ქმედებით არ იკვეთება სამსახურისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, პალატა ასეთ დარღვევას ვერ მიიჩნევს პირის სამსახურიდან გათავისუფლების საკმარის გარემოებად. ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო გამოეყენებინა უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება, მათ შორის ნაკლებად მკაცრი დისციპლინური სახდელი, ჩამოერთვა ავტომანქანა, რაც მოგვიანებით განახორციელდა კიდეც, თუმცა სხვა საფუძვლით. ამასთან, სააპელაციო სასამართლო ვერც თ----- ჭ--–--ის მიერ, შვებულების მიღებაზე უარის თქმის შემდგომ, სამსახურში ერთი დღით გამოუცხადებლობას მიიჩნევს სამსახურიდან გათავისუფლების საკმარის საფუძვლად ამგვარი ქმედების მცირე მნიშვნელობის გამო.

 

პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლების არსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა; მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს; დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, დისციპლინური ზემოქმედების კანონით გათვალისწინებული ღონისძიება უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული. ასევე, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.

 

პალატა უხეშ დარღვევად ვერ მიიიჩნევს თ----- ჭ--–--ის მიერ სატრანსპორტო საშუალების მეუღლისთვის გადაცემას და ერთი დღით სამსახურში გამოუცხადებლობას, ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო არ უნდა დაყრდნობოდა თ----- ჭ--–--ის მიმართ გამოცემულ შენიშვნის ბრძანებას, ვინაიდან იგი არ წარმოადგენდა კანონიერ ძალაში შესულ აქტს და მისი გასაჩივრების ვადა არ იყო ამუწურული და რახან დავის პირობებში კი სასამართლომ აღნიშნული აქტი ცნო კანონსაწინააღმდეგოდ, პალატას თ----- ჭ--–--ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაც კანონსაწინააღმდეგო აქტად მიაჩნია.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ შენიშვნისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს საერთო ფაქტობრივი საფუძველი და საერთო მიზანი გააჩნდა, რაც, დამდგარი შედეგის მიხედვით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება იყო. შენიშვნის გამოცხადებასა და სამსახურიდან განთავისუფლების აქტებს შორის დროის შუალედი მხოლოდ და მხოლოდ 4 დღეა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი; ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო უკანონოდ მიიჩნევს შენიშვნისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს, აბათილებს მათ, ხოლო დისკრიმინაციის დადგენისა და აღნიშნულის საფუძველზე მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში პალატას მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8.4.5. მოსარჩელე თ----- ჭ--–--ემ სააპელაციო ინსტანციაში დავის განხილვის ეტაპზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაცვლად მოითხოვა ამავე განაცდურის ოდენობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, მოცემულ ეტაპზე მოსარჩელის ინტერესის საგანს აღარ წარმოადგენს სამსახურში აღდგენა, რადგან დადგენილია, რომ ისნის რაიონის გამგეობის 2016 წლის 30 დეკემბრის N--- ბრძანებით თ----- ჭ--–--ე აღდგენილ იქნა თანამდებობაზე, თუმცა 2017 წლის 13 თებერვლის ბრძანებით, პირადი განცხადების საფუძველზე, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამდენად, მოსარჩელე ითხოვს გათავისუფლების დღიდან - 2014 წლის 20 ოქტომბრიდან სამსახურში აღდგენამდე - 2016 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში იძულებით განაცდური ხელფასის ოდენობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული ნორმა ,,ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

 

პალატა ასევე განმარტავს, რომ ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ, მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №23/630 ,,საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) .

 

სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

 

სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებელობის წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, 208-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. 412–ე მუხლის შესაბამისად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის სახეზე უნდა იყოს ზიანი, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობს მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო მოსამსახურის ქმედებით ზიანის მიყენების საკითხის განხილვისას, ასევე, უნდა დადგინდეს, რომ ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, გამომდინარეობდა მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის სახეზე უნდა იყოს მითითებული კომპონენტები ერთდროულად, რომელიმეს არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების საფუძვლად უთითებს მოპასუხის მიერ უკანონო აქტების გამოცემის გამო შრომითი გასამრჯელოს მიუღებლობას.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე 2013 წლის 1 ოქტომბრიდან დასაქმებული იყო ისნის რაიონის ტერიტორიული ერთეულის ნ-----–----ის უბნის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 20 ოქტომბრის N4---რძანებით, ხოლო სამსახურში აღდგენილ იქნა ამავე გამგებლის 2016 წლის 30 დეკემბრის N--- ბრძანებით. ამასთან, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა ცნობილი. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დასტურდება მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი იძულებით განაცდური ხელფასის სახით, ასევე, დასტურდება ისნის რაიონის გამგეობის მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრივი კავშირი მათ შორის.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----- ჭ--–--ის სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და ისნის რაიონის გამგეობას დაეკისროს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თარიღიდან 2014 წლის 20 ოქტომბრიდან სამსახურში აღდგენამდე - 2016 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში მიუღებელი ხელფასის ოდენობით ზიანის ანაზღაურება.

 

9. პროცესის ხარჯები:

 

9.1. სააპელაციო ინსტანციაში დავის განხილვის ეტაპზე თ----- ჭ--–--ემ შუამდგომლობით მომართა სასამართლოს და მოითხოვა ადვოკატის მომსახურებისათვის გასაწევი ხარჯის - 2400 (ორი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით დაკისრება ისნის რაიონის გამგეობისთვის.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები სასამართლოს გარეშე ხარჯებს განეკუთვნება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

,,ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია“ (სუს 1330-1315(კ-11) 2012წ. 9.02 განჩინება).

 

საადვოკატო მომსახურების ხარჯთან დაკავშრებით სააპელაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, სასამართლო მაშინაც აკისრებს ხელმყოფ პირს ადვოკატის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურებას, როდესაც სამართალწარმოებაში მონაწილე პირს არ გადაუხდია ადვოკატის მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა ან თუნდაც წარმომადგენლობა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ქველმოქმედების სახით. საქმეში „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“ (Fadeyeva v. Russia) „სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არ წარმოუდგენია მასსა და მის ადვოკატებს შორის დადებული რაიმე წერილობითი ხელშეკრულება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს. ხელშეკრულება იურიდიული, საკონსულტაციო-საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ შეიძლება დაიდოს ზეპირი ფორმითაც და არაფერი აჩვენებს, რომ ეს ასე არ იყო განმცხადებელსა და წარმომადგენლების შემთხვევაში. მაშასადამე, ადვოკატების ჰონორარები ანაზღაურებადია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით და რეალურია. ამ დასკვნაზე გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, რომ განმცხადებელს არ ეკისრებოდა ამ თანხების წინასწარ გადახდის მოვალეობა“.

 

საერთაშორისო თუ ეროვნული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ანაზღაურებას ექვემდებარება ხარჯი, რომელიც ჯერ არ არის გაწეული, თუმცა დასტურდება საადვოკატო მომსახურება და არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი ხარჯის გაწევის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, თ----- ჭ--–--ე ითხოვს საადვოკატო მომსახურებისათვის მომავალში გასაწევი (ასანაზღაურებელი) ხარჯის ანაზღაურებას, შესაბამისად ცხადია, რომ სასამართლოში დავის მიმდინარეობის ეტაპზე, იგი ვერ წარმოადგენდა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელ მტკიცებულებას. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ თ----- ჭ--–--ე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი იყო ადვოკატით - ბატონი ა--------------–---–ის სახით. შესაბამისად, არსებობს თ----- ჭ--–--ის მხრიდან საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების მიზნით, ხარჯის გაწევის საფუძვლიანი მოლოდინი. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თ----- ჭ--–--ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, აპელანტს (მოპასუხეს) - ისნის რაიონის გამეგობას თ----- ჭ--–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1200 ლარის ოდენობით, ნაცვლად მოთხოვნილი 2400 ლარისა.

 

9.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ვინაიდან განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

3. თ----- ჭ--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 16 ოქტომბრის N----რძანება თ----- ჭ--–--ისათვის შენიშვნის გამოცხადების შესახებ;

 

5. ბათილად იქნას ცნობილი ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 20 ოქტომბრის N4---რძანება თ----- ჭ--–--ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;

 

6. ისნის რაიონის გამგეობას თ----- ჭ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება სამსახურიდან მისი გათავისუფლების დღიდან - 2014 წლის 20 ოქტომბრიდან, 2016 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდის თ----- ჭ--–--ის მიერ მისაღები ხელფასის ოდენობით;

 

7. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

8. ისნის რაიონის გამგეობას თ----- ჭ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1200 ლარის ოდენობით;

 

9. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -